fbpx

25
აპრ

0

როგორ გავაკეთოთ ეფექტური პრეზენტაცია

ამ სტატიაში ჩვენ თავი მოვუყარეთ ექსპერტების რჩევებს მათთვის, ვინც ახლა იწყებს პრეზენტაციის მომზადების პრინციპებში გარკვევას, ან აქვს გარკვეული გამოცდილება და უნარების დახვეწა უნდა.  მაშ ასე, გაეცანით იდეებს ეფექტური პრეზენტაციის მოსამზადებლად:

 

აჩვენეთ ენთუზიაზმი და მაყურებელთან დაამყარეთ ემოციური კავშირი.

როდესაც ვნერვიულობთ რთულია ვიყოთ ის, ვინც ვართ და ვაჩვენოთ თავდეჯერებულობა, თუმცა ეს აუცილებელია. აჩვენეთ ენთუზიაზმი, ღიად წარმოაჩინეთ თქვენი დამოკიდებულება საკითხის მიმართ და იყავით გულწრფელი. ასე ბევრად უფრო გაგიმარტივდებათ აუდიტორიასთან ურთიერთობა.

 

მეტად კონცენტრირდით მსმენელთა სურვილებზე – რისი გაგონება სურთ მათ და არა საკუთარ სურვილზე რისი თქმა გსურთ თავად.

თქვენს მიერ წარმოდგენილი თემა უნდა ეხმაურებოდეს აუდიტორიის ინტერესის საგანს. ხოლო პრეზენტაციის მსვლელობისას დააკვირდით როგორ რეაგირებენ მსმენელები ამა თუ იმ საკითხზე, გაითვალისწინეთ და საჭიროების შემთხვევაში განავრცეთ, ან პირიქით, ამოიღეთ სამსჯელო საკითხებიდან. ასე შეძლებთ მიაღწიოთ მსმენელების კმაყოფილებას.

 

კონცენტრირდით ძირითად საკითხებზე.

პრეზენტაციის დაგეგმვისას გაეცით შემდეგ კითხვას პასუხი: რა არის ის საკვანძო საკითხი რისი გადმოცემაც გსურთ პრეზენტაციის მეშვეობით? თქვენ უნდა შეგეძლოთ ამ კონკრეტული მესიჯის ლაკონურად გადმოცემა. ზოგი ექსპერტის რეკომენდაციით, იდეალურ შემთხვევაში 30 წამში უნდა შეგეძლოთ მისი ჩამოყალიბება. ზოგი ექსპერტი კი მიიჩნევს, რომ უნდა შეძლოთ ამ მესიჯის სავიზიტო ბარათზე დატევა (მაქსიმუმ 15 სიტყვა). ნებისმიერ შემთხვევაში, შეინარჩუნეთ ლაკონურობა ძირითადი მესიჯის ფორმულირებისას. ხოლო თუ თქვენი სათქმელი არ ემსახურება ამ ძირითადი მესიჯის გავრცობას, ნუ იტყვით.

 

გაიღიმეთ და ნუ დაგავიწყდებათ თვალებით კონტაქტი აუდიტორიასთან.

რაც არ უნდა მარტივად ჟღერდეს, როგორც აღმოჩნდა, პრეზენტატორების უმეტესი ნაწილი ვერ ახერხებს ამ ჟესტების საუბრისას გამოყენებას. რაც სამწუხაროა, რადგან  მეცნიერულად დადასტურებულია, რომ  თვალებით კონტაქტი და ღიმილი გვეხმარება დაძაბულობის განმუხტვასა და დადებითი ემოციური კავშირის დამყარებაში. ამიტომ, სანამ ყველა ნათურას გამოვრთავდეთ, რომ მხოლოდ სლაიდები იყოს აუდიტორიისთვის ხილული, ხომ არ სჯობს გავიხსენოთ თუ რამხელა გავლენას ახდენს ჩვენი ჟესტები მსმენელთ მიერ პრეზენტაციის აღქმაზე.

 

დაიწყეთ მტკიცედ.

დასაწყისი მნიშვნელოვანია. როგორ დავიწყებთ პრეზენტაციას დიდწილად გავლენას ახდენს პრეზენტაციის შემდგომ მიმდინარეობაზე, ამიტომ ნუ გაუშვებთ ამ შანსს ხელიდან. თავდაპირველად მსმენელები დაგითმობენ რამდენიმე წუთს რათა აჩვენოთ მათ „რა შეგიძლიათ“.  ნუ დაიწყებთ იმის ახსნით თუ ვინ ხართ და რას წარმოადგენთ, დაიწყეთ მათი ყურადღების მიპყრობა თუნდაც პატარა ისტორიის მოყოლით, ან საინტერესო სურათის/სლაიდის ჩვენებით.

 

დაიმახსოვრეთ სლაიდების 10-20-30 – ის წესი.

ეს წესი ეკუთვნის გაი კავასაკის, რომლის მიხედვითაც:

  1. პრეზენტაცია უნდა მოიცავდეს არაუმეტეს 10 სლაიდს,
  2. არ უნდა გაგრძელდეს 20 წუთზე მეტ ხანს და
  3. სლაიდზე გამოიყენებული უნდა იყოს 30 ფონტის ზომა.

მე-3  წესი გვაჩვენებს, რომ თავიდან უნდა ავირიდოთ ზედმეტი ინფორმაციის ჩატევა ერთ სლაიდზე რათა არ მივაღწიოთ “Death by Powerpoint” (ტერმინი აღნიშნავს შემთხვევას, როდესაც ერთ სლაიდზე დატანილი ტექსტი, აიქონები, სურათების ერთობლიობა ჭარბია და არასასურველი).

 

მოყევით ისტორია.

ისტორიები ძლიერ გავლენას ახდენს ადამიანების ემოციებზე, მარტივად იპყრობს ყურადღებას და ხანგრძლივად რჩება გონებაში. ამიტომაც აღვნიშნეთ, რომ ისტორიის მოყოლა კარგი დასაწყისია პრეზენტაციისთვის. თუმცა რატომ არ შეიძლება თავად პრეზენტაცია აქციოთ ისტორიად? იფიქრეთ რის მოყოლას აპირებთ აუდიტორიისთვის, რაც შემდგომ მთლიანი პრეზენტაციის აწყობაში დაგეხმარებათ.

ისტორიის მოყოლისას ორი ძირითადი პრინციპი შეიძლება გამოიყენოთ :

  1. ფოკუსირდით ისტორიაში მონაწილე პერსონაჟებზე – ვინაიდან ისტორიები აქვთ ადამიანებს და არა საგნებს. მოყევით ისტორია, სადაც მთავარი ადამიანებია, და არა მაგალითად მანქანები, აღჭურვილობები და მათი მონაცემები. მანქანა შექმნილია ხალხისთვის, ვინც ეძებს სიჩქარესა და თავგადასავალს; ინჟინრებმა ყველა გზა მოსინჯეს სანამ შექმნიდნენ წარმოუდგენლად ეკონომიურ მანქანას;
  1. დინამიური მოყოლა – ისტორია უნდა შეიცავდეს ცვლილებას, გარდამტეხ მომენტს. დაუსვით თავს კითხვა – რა იყო საჭირო ცვლილების განსახორციელებლად ? ახლის შესაქმნელად? რას აპირებთ / რა გააკეთეთ? მაგალითად – იყო თუ არა კლიმატის ცვლილებები მიზეზი ელექტრონულ ძრავზე მომუშავე მანქანების შესაქმნელად? რატომ გახდა საჭირო რთულად წაკითხვადი ეტიკეტების ნაცვლად მომხმარებლებისთვის მარტივად აღსაქმელი ინდექსების შემუშავება? რა სარგებელს მოიტანს ეს?

 

გამოიყენეთ ხმის ტემბრი სწორად.

დინამიური ხმა, რომელიც მიიღწევა საჭირო დროს ტონალობების ცვლილებით, იწვევს ინტერესს და სათქმელის უკეთ აღქმას უწყობს ხელს.

 

გამოიყენეთ სხეულის ენა.

არავერბალური კომუნიკაცია ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ვერბალური. იმისათვის რომ არ გამოვიწვიოთ არასწორი მესიჯის გადაცემა, აუცილებელია გავაკონტროლოთ სხეულის ენა. მაგალითად, ხელების გადაჯვარედინება მიუთითებს რომ პრეზენტატორი შებოჭილია, ან არ არის ღია აუდიტორიისთვის; ჯიბეებში ხელების ჩაწყობა არაეთიკურია და არასერიოზულობის განცდას აჩენს. გამოიყენეთ ჟესტები, რომელიც თქვენს თავდაჯერებულობას უსვამს ხაზს.

 

ამოისუნთქეთ, მოდუნდით და ისიამოვნეთ პროცესით.

სუნთქვითი ვარჯიშები დაგეხმარებათ მოეშვათ და დაძლიოთ შფოთვა, რომელიც პრეზენტაციას ახლავს თან. ნელა ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ, ღრმად შეუშვით ფილტვებში ჰაერი. არ დაგავიწყდეთ პრეზენტაციის მსვლელობისას ისუნთქოთ სწორად.

თავდაჯერებული ადამიანი უკეთ წარმართავს კომუნიკაციის პროცესს, ეცადეთ მოიხსნათ ნერვიულობა და ისიამოვნოთ პროცესით. დროსთან ერთად ყველფერი ბევრად უკეთესად გამოგივათ და თავდაჯერებულობაც მოგემატებათ.

 

წყარო: skillsyouneed.com

თარგმანი: მირანდა ხიზანიშვილის.