მარნეულში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ილჰამ ახიევი პირადი ცხოვრების კადრებით ქალის შანტაჟისა და გამოძალვის ბრალდებით არის დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა. ბრალდებულის მამამ ჟურნალისტს დაუდასტურა, რომ მისი შვილი უსაფრთხოების სამსახურში 20 წელი მუშაობდა და ის ორი თვის წინ დააკავეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, საქმეში ორი ბრალდებული ფიგურირებს - ილჰამ ახიევი და უძრავი ქონების აგენტი ქალი. მათ დაზარალებულს, რომელსაც რუსეთში აქვს ბიზნესი, ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე შეძენილი ძვირადღირებული ბინა პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟისა და ცეცხლსასროლი იარაღით მუქარის გზით უძრავი ქონების აგენტის სახელზე გადააფორმებინეს.

„თბილისში, ფონიჭალის ერთ-ერთ სასტუმროში დაიქირავეს სასტუმროს ორი ნომერი. ბრალდებული დახვდა დაზარალებულს, ტაქსით მიიყვანა ზემოაღნიშნული სასტუმროს ნომერში. ნომერში შესვლისთანავე დაუწყო მოფერება და წელს ზემოთ ტანსაცმლის გახდა ამ პროცესში მეორე ბრალდებულმა საკუთარი მობილურის ტელეფონით გადაიღო პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალა. სასტუმროს ნომრის კარი ჩაკეტეს და დაზარალებულს აიძულებდნენ, რომ საცხოვრებელი ბინა მათთვის გადაეფორმებინათ“, - განაცხადა საქმის პროკურორმა.

ბინის გადაფორმების შემდეგ, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით, ბიზნესმენ ქალს თანხა ორჯერ გამოსძალეს. პროკურორის განცხადებით, დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, დაზარალებულს დაახლოებით 188 000 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

ბრალდებული ილჰამ ახიევის მამა ფიქრობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა. „მგონი, მოუწყვეს. კარგად მუშაობდა, ჯილდოები ჰქონდა, მაიორი კაცი იყო“,- ამბობს ის „პირველთან“ ინტერვიუში.

მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა აცხადებს, რომ დაკავებამდე ილჰამ ახიევმა სამსახურში მის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტთან დაკავშირებით მიმართა და ამ საკითხზე სასაუბროდ შეხვედრას სთხოვდა. ბაირამოვას თქმით, ახიევი მას ეუბნებოდა, რომ „უსმენდნენ“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).