ფეხბურთელებს უყვართ ტატუ. ზოგი უბრალოდ იხატავს ტანს, ზოგი კი სვირინგში აზრს აქსოვს. “სანი” წერს, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავების მოხატულ ტანს მიღმა ხანდახან გულში ჩამწვდომი ისტორიები გვხვდება. მაგალითად…

სერხიო რამოსი

“რეალის” ვარსკვლავს მთელი ტანი მოხატული აქვს, მარჯვენა და მარცხენა ბიცეფსზე კი ხელიდან ხელზე გარდამავალი წარწერა იკითხება: “დაღუპულთა სულები ცოცხალთა ხსოვნაში ბუდობენ”. ეს ნიუ იორკისა (9/11/2001) და მადრიდის (3/11/2004) ტერაქტების მსხვერპლთა უკვდავსაყოფადაა.

კიდევ, 31 წლის მცველის მარცხენა მცველის მკლავს დავითის ვარსკვლავი ამშვენებს. ეს ტრაგიკულად წასული მეგობრის, ანტონიო პუერტას მოსაგონარია. პუერტა რამოსთან ერთად “სევილიაში” გამოდიოდა. ის 22 წლისა იყო, როდესაც 2007 წელს, “ხეტაფესთან” თამაშის დროს ცუდად გახდა და გარდაიცვალა.

არტურო ვიდალი

“ბაიერნის” ჩილელ ნახევარმცველსაც უამრავი სვირინგი აქვს, რომელთაგან ზოგი შეიძლება გულუბრყვილოდ და ბავშვურადაც კი მოგეჩვენოთ, მაგრამ არის ერთი ნახატი, რომელიც გულგრილს ვერავის დასტოვებს — ეს გახლავთ ინსულინის პომპა. ის ფეხბურთელმა შარშან დაიხატა. მიზეზი: მის შვიდი წლის ვაჟს, ალონსოს დიაბეტი აღმოაჩნდა.

მაურო იკარდი

“ინტერის” არგენტინელმა თავდამსხმელმა საოცარი ტატუ გაიკეთა: ლომის თავი, რომლის ზემოთ და ქვემოთ მისი ქალიშვილების სახელები, ფრანჩესკა და ისაბელა იკითხება. და მაინც, იკარდის სამი წლის წინანდელი სვირინგი მსუბუქად რომ ვთქვათ, უფრო თავისებურია. იკარდის აწერია: “მე მიყვარს ეს სამი პატარა ანგელოზი” — ლაპარაკია სამ გერზე, რომელიც მის მშვენიერ მეუღლეს, ვანდას მოჰყვა. ბავშვებს ჰქვიათ ვალენტინო, კონსტანტინო და ბენედიქტო ლოპესები. მშვენიერი ვანდა, არც მეტი არც ნაკლები, გულშემატკივართათვის კარგად ცნობილი არგენტინელი ფორვარდის, მაქსი ლოპესის ცოლი იყო. იკარდი და ლოპესი “სამპდორიაში” თამაშობდნენ ერთად. სწორედ იქ მოხიბლა მაურომ მაქსის ცოლი.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

შვედ სუპერვარსკვლავს 2015 წელს ტანზე 50 ადამიანის გვარ-სახელი ეწერა. ეს ხალხი შიმშილობდა. პროტესტის გამო კი არა, საჭმელი არ ჰქონდათ. ამ აქციით ზლატანმა გაზულუქებული ევროპელების ყურადღების მიპყრობა სცადა. სვირინგი დროებითი იყო.