You are on page 1of 186

ონორე დე ბალზაკი

ვუძღვნი ლუი ბულანჟეს, მხატვარს.

I. პირველი შეცდომები

1813 წლის აპრილის თვის დამდეგს ერთი ასეთი კვირადღე გათენდა, რომელიც
პარიზელებს ჰპირდებოდა, ქუჩებზე არც ტალახი იქნება და ცაც გადაიკამარებსო. ჯერ
შუადღეც არ იყო, რომ კაბრიოლეტმა, რომელშიც ორი ფიცხი ცხენი ება, კასტილიონეს
ქუჩიდან რივოლის ქუჩაზე გადმოუხვია და იმ ეკიპაჟის უკან გაჩერდა, ფეიანების მოედანზე
ახლად გაკეთებულ მესერთან რომ იყვნენ ჩამწკრივებულნი. ეს მსუბუქი ეტლი ავადმყოფური
გარეგნობისა და მჭმუნვარე სახის კაცს მიჰყავდა. შევერცხლილი თმა, ძლივს რომ უფარავდა
ჩაყვითლებულ თავის კანს, ნაადრევად აბერებდა. კაცმა სადავე ეტლის გამყოლ ლაქიას
გადაუგდო და ქვაფენილზე გადავიდა, რათა ხელით გადმოეშვა სანდომიანი სახის
ქალიშვილი, რომელმაც მაშინვე მიიზიდა მოედანზე უქმად მოხეტიალეთა ყურადღება.
ქალიშვილმა ეტლის კიბეზე ფეხი ჩამოდგა და თავის მეგზურს მკლავები ყელზე შემოხვია,
მან კი ისე ნაზად გადაიყვანა ქვაფენილზე, რომ ოდნავადაც არ დაუჭმუჭნია ქალის მწვანე
რეპსის კაბის მორთულობა. შეყვარებულსაც კი გაუჭირდებოდა ესოდენა ნაზი მზრუნველობის
გამოჩენა. უცნობი, ეტყობა, ქალიშვილის მამა იყო; მან კაცს მადლობაც კი არ გადაუხადა,
შინაურულად ხელი მკლავში გაუყარა და აჩქარებული ნაბიჯით ბაღისაკენ წაიყვანა. ხანში
შესულმა მამაკაცმა შეამჩნია, როგორი აღტაცებული თვალებით შესცქეროდნენ ქალს
ახალგაზრდა კაცები და მის სახეზე ერთი წუთით წარიშალა სევდის კვალი. გაეღიმა კიდეც,
თუმცა უკვე დიდი ხანი იყო იმ ასაკში შევიდა, როცა ადამიანი მხოლოდ პატივმოყვარეობის
მოჩვენებით სიხარულს უნდა დასჯერდეს.

— ჩემი ცოლი ჰგონიხართ, — ყურში ჩასჩურჩულა ახალგაზრდა ქალს მამაკაცმა, წელში


გასწორდა და ფეხი შეანელა. ამ საქციელმა ქალიშვილი სასოწარკვეთილებაში ჩააგდო.

კაცს ეტყობოდა თავს იწონებდა გოგონათი და უთუოდ თვით მასზე მეტად უხაროდა,
ცნობისმოყვარე ყმაწვილი კაცები რომ თვალს არ აშორებდნენ მის პაწია წაბლისფერი

1 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


პრიუნელის ფეხსაცმელებით შემოსილ ფეხებს, გულისპირიან კაბაში გამოწყობილ წერწეტა
წელს და ქორფა ყელს, რომელსაც მთლიანად ვერ ფარავდა მოქარგული საყელო. სწრაფი
სიარულის დროს ქალს დროდადრო კაბა მაღლა ეწეოდა და მის ქვეშ გამჭირვალე
აბრეშუმის წინდაში ნატიფად ჩამოსხმული ფეხის მოყვანილობას აჩენდა. რამდენიმე
მოსეირნემ განზრახ წინ გაასწრო კიდეც წყვილს, რომ ერთხელ კიდევ დამტკბარიყო
წაბლისფერი კულულებით გარშემოვლებული ქალიშვილის სახით. მის თეთრყირმიზ სახეზე
ირეკლებოდა და უფრო აღაჟღაჟებდა კოხტა კაპიუშონზე გამოკრული ვარდისფერი
აბრეშუმი. მის სახეს უფრო მეტად აცხოველებდა ის მოუთმენელი სურვილი, ამ ლამაზი სახის
ყოველ ნაკვთში რომ გამოკრთოდა. უწყინარი ეშმაკობა ესახებოდა მშვენიერ, შავ ნუშისებურ
თვალებში, ლამაზად გადაკალმული წარბებით და გრძელი წამწამებით თითქოს წყალში რომ
ცურავდნენ. სიცოცხლე და სიყმაწვილე თავიანთი საუნჯით თავს იწონებდნენ ახალგაზრდა
ქალის გიჟმაჟ სახეზე და სხეულზე, მის ნარნარ ტანზე, თუმცა მაშინვე მოდის მიხედვით ქამარი
ზედ მკერდქვეშ ჰქონდა შემოჭერილი. ქალიშვილი ყურადღებას არ აქცევდა აღტაცებით
მოჩერებულ ხალხს და ერთგვარი შეშფოთებით გაჰყურებდა ტიულრის სასახლეს, საითაც
აშკარად მიიჩქაროდა. თორმეტს თხუთმეტი წუთი აკლდა. თუმცა ჯერ ადრე იყო, მაგრამ
ბევრი მანდილოსანი, რომელთაც ჩაცმულობით უნდოდათ თავის გამოჩენა, სასახლიდან
ბრუნდებოდა, თან წარამარა უკმაყოფილოდ უკან იყურებოდნენ, უთუოდ ნანობდნენ, რომ
სანახაობაზე დაიგვიანეს, რომლითაც ასე ეწადათ დატკბობა. ახალგაზრდა ქალი
განსაკუთრებით ააღელვა იმედგაცრუებული გამოპრანჭული მანდილოსნების ნასროლმა
რამდენიმე შენიშვნამ. მოხუცი მამა უფრო ცნობისმოყვარეობით ადევნებდა თვალს
მოუთმენლობისა და შიშის ნიშნებს ქალიშვილის მშვენიერ სახეზე, ვიდრე დამცინავად და,
შესაძლებელია მეტისმეტი მზრუნველობითაც აკვირდებოდა, რაც უთუოდ რაღაც მამობრივი
ფარული აზრების მაჩვენებელი იყო.

ეს იყო მეცამეტე კვირადღე 1813 წლისა. ერთი დილის შემდეგ ნაპოლეონი იმ


საბედისწერო ლაშქრობაში მიდიოდა, რომლის დროსაც ერთმანეთის მიყოლებით უნდა
დაეკარგა ბესიერი 1 და დიუროკი 2, მოეგო ღირსსახსოვარი ბრძოლები ლუცერთან და
ბაუცენთან, ეწვნია ღალატი ავსტრიასა, საქსონიასა, ბავარიასა და ბერნადოტისაგან, და ბედმა
არგუნა თავი დაეცვა სასტიკ ბრძოლაში ლაიფციგთან. თვითონ იმპერატორის სარდლობით
გამართული ეს ბრწყინვალე აღლუმი უკანასკნელი უნდა ყოფილიყო იმ აღლუმთა შორის,

1ბესიერი, ჟან-ბატისტი (1768-1813) - საფრანგეთის მარშალი, ნაპოლეონის ერთ- ერთი საუკეთესო სარდალი. მოკლულ იქნა ლუცენთან
ბრძოლის წინა დღით. (შენიშვნები მთარგმნ.).
2 ლუდოვიკო, ჟერო-კრისტოფ-მიშელი (1772-1813) - საფრანგეთის გენერალი, დიდი მარშალი იმპერიის დროს.

2 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


რომლებიც ასე ხანგრძლივად იწვევდნენ პარიზელთა და უცხოელთა აღტაცებას. ძველი
გვარდია უკანასკნელად გამოდიოდა იმ ოსტატური მანევრების შესასრულებლად, რომელთა
საზეიმო ხასიათი და სიზუსტე ხანდახან თვით იმ გოლიათსაც აკვირვებდა, სულ მალე
ევროპასთან რომ აპირებდა შერკინებას. სევდიანი გრძნობა იზიდავდა ტიულრიში
ბრწყინვალე და ცნობისმოყვარე ხალხს. თითქოს ყოველი მათგანი ადრევე ჭვრეტდა
მომავალს და შესაძლებელია, წინასწარაც გრძნობდა, რომ კიდევ არაერთგზის აღსდგება
მათს წარმოდგენაში სურათი იმ სცენისა, როცა საფრანგეთის გმირული დრონი, თითქმის
ლეგენდარულ იერს მიიღებენ, როგორც ეს დღეს ხდება.

— ფეხს აუჩქარეთ, მამიკო, — ეუბნებოდა ახალგაზრდა ქალი და ცქვიტად მიაქანებდა


მოხუცს. — უკვე დოლების ხმა ისმის.

— ჯერ ჯარი ტიულრიში შედის, — მიუგო მამამ.

— ვაითუ უკვე გაიარეს საზეიმო მარშით! უკვე ყველა უკან ბრუნდება! — თქვა ქალმა
ნაწყენი ბავშვის კილოთი, რამაც მამას ღიმილი მოჰგვარა.

— პარადი მხოლოდ პირველის ნახევარზე იწყება, — შენიშნა მამამ, რომელიც ძლივს


ეწეოდა თავის დაუდგრომელ შვილს.

რომ დაგენახათ, როგორ იქნევდა მარჯვენა ხელს ქალიშვილი, იფიქრებდით, სირბილში


იხმარიებსო. პატარა ხელთათმნიანი ხელით მოუთმენლად ჭმუჭნიდა ცხვირსახოცს და
წააგავდა ნიჩაბს, რომლითაც მენავე ტალღებს აპობს. მოხუცს ხან ეღიმებოდა, ხან კი მის
მოთელილ სახეზე გაიელვებდა სევდისა და ჭმუნვის გამომეტყველება. ეს მშვენიერი არსება
მას ისე უყვარდა, რომ თუ აწმყოთი ასე ტკბებოდა, მომავლის შიშიც ეუფლებოდა მის გულს.
ის თითქოს თავის თავს ეუბნებოდა: „დღეს კი ბედნიერია ჩემი ქალი, მაგრამ ყოველთვის ასე
ბედნიერი იქნება?“ მოხუცები ხომ მუდამ განწყობილნი არიან ახალგაზრდებს თავიანთი ჭირ
— ვარამი თავზე მოახვიონ.

როცა მამა-შვილი პავილიონის პერისტილში შევიდნენ, რომელზეც სამფეროვანი დროშა


ფრიალებდა და სადაც მოსეირნენი ტიულრის ბაღსა და კარუსელის მოედანს შორის მიდი-
მოდიოდნენ, მათ გუშაგთა მკაცრი შეძახილი შემოესმათ: — შეშვება შეწყვეტილია!

გოგონა ფეხის წვერებზე შედგა და მხოლოდ გამოპრანჭულ მანდილოსანთა ჯგუფს


მოჰკრა თვალი, რომლებიც ძველი მარმარილოს თაღის ორივე მხარეს იდგნენ, რადგან

3 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


იმპერატორი აქედან უნდა გამოსულიყო.

— ხედავ, მამაჩემო, დავიგვიანეთ.

მისი გაბუტული სახე მოწმობდა, რაოდენ დიდ მნიშვნელობას აძლევდა ამ პარადზე


დასწრებას.

— მაშ დავბრუნდეთ, ჩემო ჟიული, შენ ხომ არ გიყვარს მუჯლუგუნები.

— დავრჩეთ, მამაჩემო! აქედან მაინც დავინახავ იმპერატორს. ომში რომ დაიღუპოს,


მაშინ ხომ ჩემს დრეში ვეღარ ვიხილავ.

მამას ტანში ჟრუანტელმა დაუარა, რადგან შენიშნა, რომ გოგონა ცრემლნარევი ხმით
ლაპარაკობდა. მან შვილს შეხედა და მოეჩვენა, რომ მის დახრილ წამწამებზე ცრემლებმა
გაიელვეს, და ეს გამოწვეული იყო არა იმდენად წყენით, არამედ იმ პირველი მწუხარებით,
რომლის საიდუმლოება მოხუცი მამისთვის ადვილი გამოსაცნობია. უეცრად ჟიული
გაწითლდა და ისეთი წამოძახილი აღმოხდა, რომლის მნიშვნელობას ვერც გუშაგები
მიხვდნენ და ვერც მამამისი. ამ შეძახილზე ვიღაც ოფიცერი, სასახლის კიბისაკენ რომ
გარბოდა, სწრაფად მოტრიალდა, თაღისკენ წამოვიდა, იცნო ახალგაზრდა ქალი, რომელიც
ერთ წუთს გრენადელთა ბანჯგვლიანმა ქუდებმა დაფარეს და იმწამსვე მამა-შვილის
სასარგებლოდ შეცვალა ბრძანება, რომელიც ცოტა ხნის წინათ თვითონვე გასცა. მერე,
არავითარი ყურადღება არ მიუქცევია გამოპრანჭული ხალხის ბუტბუტისთვის და
აღტაცებული ქალიშვილი ნაზად თავისკენ მიიზიდა.

— ახალა აღარ მიკვირს, ჟიული რომ ასე ღელავდა და ჩქარობდა, თურმე დღეს შენ
მორიგეობ, — უთხრა მოხუცმა ოფიცერს ხუმრობანარევი სერიოზულობით.

— ბატონო, — მიუგო ყმაწვილმა კაცმა, — თუ მოხერხებულად გნებავთ დაჯდომა,


საუბარში დროს ნუღარ დავკარგავთ. იმპერატორს ლოდინი არ უყვარს; მარშალმა
დამავალა ვაცნობო, რომ ყველაფერი მზადაა.

ლაპარაკისას მან ერთგვარად შინაურულად მოჰკიდა ჟიულის ხელი და კარუსელის


მოედნისკენ წაიყვანა სწრაფი ნაბიჯით. გაკვირვებულმა ჟიულიმ შენიშნა, რომ სასახლის რუხ
კედლებსა და ჯაჭვებით ერთმანეთზე გადაბმულ ქვის კვარცხლბეკებს შორის ტიულრის ეზოს
შუა, ვეებერთელა ქვიშიან ოთხკუთხედს რომ ხაზავენ, მდებარე სივრცე მთლად ხალხით იყო
გაჭედილი. გუშაგთა კორდონს, დაყენებულს იმისთვის, რომ იმპერატორისა და მისი
4 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE
შტაბისთვის გზა თავისუფალი ყოფილიყო, საკმაოდ უჭირდა მოზღვავებული ბრბოს შეკავება,
ფუტკრის გუნდივით რომ ბზუოდა.

ძალიან ლამაზი სანახაობა იქნება, არა? — იკითხა ჟიულიმ ღიმილით.

— ფრთხილად! — შესძახა ოფიცერმა, ჟიულის ღონიერი ხელები ჩაავლო და სწრაფად


გადაიყვანა ერთ-ერთ სვეტთან.

ოფიცერს ეს სიმარდე რომ არ გამოეჩინა, მის ცნობისმოყვარე თანამგზავრს მიწაზე


დასცემდა ოქრომკერდით ნაკერი მწვანე ასალ გადაფარებული თეთრი რაში, რომელიც
თაღის ქვეშ ათი ნაბიჯის მანძილზე აღვირით ეჭირა ნაპოლეონის მამელუკს იქავე
მომლოდინე იმპერატორის ამალის წარჩინებულ ოფიცერთა აღჭურვილი ცხენების უკან.
ყმაწვილმა კაცმა მამა და ქალიშვილი მოათავსა პირველ კვარცხლბეკთან მარჯვნივ
შეჯგუფული ხალხის პირდაპირ და ორ ძველ გრენადერს, რომელთა შუა ისინი აღმოჩდნენ,
თავით ანიშნა, მიხედეთო. როცა ოფიცერი სასახლისკენ მიდიოდა, მის სახეზე ერთმანეთს
ცვლიდა სიხარულისა და ბედნიერების გამომეტყველება, ნაცვლად შიშისა, რასაც წეღან მისი
სახე ამჟღავნებდა, როცა ცხენმა კინაღამ წიხლი ჰკრა ქალიშვილს. ჟიულიმ მაშინ მალულად
ხელი მოუჭირა. ვინ იცის, იმ წუთს გაწეული სამსახურისთვის გადაუხადა მადლობა, თუ
უნდოდა ეთქვა: „როგორც იქნა, ვეღირსე თქვენს ნახვასო“. ქალმა პასუხად ოდნავ თავი
დახარა, როცა ოფიცერმა მასა და მამამისს პატივისცემით თავი დაუკრა, ვიდრე საჩქაროდ
უკან გაბრუნდებოდა. მოხუცს თითქოს განზრახ დაენებებინა ახალგაზრდებისთვის თავი და
ოდნავ უფრო უკან იდგა თავის ქალზე. მაგრამ ფარულად უთვალთვალებდა მას და
ცდილობდა თავი ისე მოეჩვენებინა, თითქოს სავსებით გატაცებული იყო დიდებული
სანახაობით, რომელიც კარუსელის მოედანზე მზადდებოდა. როცა ჟიულიმ მამას
შეშფოთებით გადახედა, როგორც მოუსვენარმა მოწაფემ მასწავლებელს, მოხუცმა
გულკეთილი, მხიარული ღიმილით უპასუხა. მაგრამ მისი გამჭვალავი მზერა ოფიცერს გაჰყვა,
ვიდრე თაღს უკან არ გაუჩინარდა. მამას არ გამორჩენია ამ სწრაფი სცენის არც ერთი
წვრილმანი.

— რა საუცხოო სანახაობაა! — თქვა ჟიულიმ ჩურჩულით და მამას ხელი მოუჭირა.

თვალწარმტაცმა და დიადმა შესახედაობამ, ამ დროს კარუსელის მოედანს რომ ჰქონდა,


ათასობით მნახველს წარმოათქმევინა ეს აღტაცებული სიტყვები. ხალხით იყო გაჭედილი ის
ადგილიც, სადაც მოხუცი იდგა თავისი ქალით და მოპირდაპირე მხარეც, ვიწრო ქვაფენილი
სასახლის გასწვრივ, რომელიც სასახლესა და კარუსელის მოედანს ერთმანეთისგან ჰყოფდა.
5 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE
ეს ხალხი ქალთა ფერად-ფერადი ჩაცმულობით თითქოს ამთავრებდა იმ ვეებერთელა
გრძელი ოთხკუთხედის ნახაზს, რომელსაც ტიულრის შენობები და იმ დროს ახლად
გაკეთებული მესერი ქმნიდა. დათვალიერებისათვის მომზადებული ძველი გვარდიის
პოლკები ავსებდნენ ამ ვრცელ მოედანს. ესენი სასახლის პირდაპირ ათმწკრივიან დიდ
ცისფერ ზოლებად იყვნენ დაწყობილნი.

გალავანს გადაღმა და კარუსელის მოედანზე მათს პარალელურად ერთ ხაზზე იყო


გამწკრივებულნი რამდენიმე ქვეითი და კავალერიის პოლკი, ისინი მზად იყვნენ ცერემონიული
მარშით გაევლოთ მესერის შუაში აგებული ტრიუმფალური თაღის ქვეშ, რის თავსაც იმ დროს
საუცხოო ანტიკური ცხენები ამშვენებდა. ლუვრის გალერეაში მოთავსებულ პოლკის
ორკესტრებს ფარავდა პოლონელ ულანთა მორიგე რაზმი. ქვიშიანი ოთხკუთხედის დიდი
ნაწილი ცარიელი იყო, როგორც ასპარეზი გამზადებული იმისთვის, რომ მასზე მდუმარედ
გაევლო სამხედრო ხელოვნების ყველა კანონის მიხედვით დაწყობილ ჯარს. ათი ათას
სამწახნაგიან ხიშტზე ირეკლებოდა და ცეცხლივით ენთო მზის ათინათები. ქარი ისე არხევდა
ჯარისკაცთა ჩაჩქანებზე ჯიღებს, როგორც ქარიშხალი ხრის ტყეში ხეებს. ძველ მეომართა
უძრავად მდგარი კაშკაშა მწკრივები თვალს ახარებდა მუნდირების, ძაღარების, იარაღისა და
აქსელბანდების ათასნაირი კონტრასტული ფერებით. ამ თვალუწვდენელ სურათს, რომელიც
ყველა თავისი წვრილმანითა და თავისებურებით წარმოადგენდა მინიატურულ ბრძოლის
ველს შეტაკების დაწყებამდე, ლამაზად გარს ევლებოდა დიდებული მაღალი შენობები,
რომელთა უძრავ დუმილს თითქოს ბაძავდნენ ჯარისკაცები და ოფიცრები. მაყურებელი
თავისდა უნებურად ერთმანეთს ადარებდა ადამიანებსა და ქვის კედლებს. მზე უხვად ღვრიდა
შუქს ახლახან აგებულ თეთრ კედლებსა და საუკუნეობით მდგარ გალავნებზე და ანათებდა
გარუჯულ ურიცხვ სახეებს, რომლებიც წარსულ ხიფათებზე და მომავალ საშიშროებათა
ვაჟკაცურ მოლოდინზე მოგვითხრობდნენ მდუმარედ. მხოლოდ მეთაურები მიდი —
მოდიოდნენ თავიანთი პოლკების წინ, რომლებიც გმირი მეომრებისაგან შედგებოდა. უფრო
იქით კი, ამ ვერცხლით, ლაჟვარდისფერი, ძოწითა და ოქროთი მოკრიალე ჯარის
შენაერთების უკან, ცნობისმოყვარე თვალი შეამჩნევდა დაუცხრომელი პოლონელი
კავალერისტების შუბებზე მიბმულ სამფეროვან ალმებს. ესენი, მსგავსად მეცხვარის
ძაღლებისა, საძოვარზე ფარას რომ ურბენენ გარშემო, განუწყვეტლივ დააჯირითებდნენ ჯარსა
და ცნობისმოყვარე ხალხს შუა, რათა ამ უკანასკნელთათვის საშუალება არ მიეცათ იმ ვიწრო
ადგილიდან გამოსულიყვნენ, მათთვის რომ იყო განკუთვნილი სასახლის მესერთან. თუ არა
ესენი, ადამიანი წარმოიდგენდა, მძინარე მზეთუნახავის სამეფოში მოვხვდიო. გრენადერთა
გრძელბეწვიან ქუდებში მონავარდე გაზაფხულის ნიავი ჯარისკაცთა უძრაობას უფრო

6 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


თვალსაჩინოს ხდიდა და ხალხის ყრუ ჩურჩული თითქმის კიდევ უფრო აძლიერებდა
დუმილს. დროდადრო ეჟვანი გაიჟღარუნებდა ჩინურ საკრავზე ორკესტრში, ანდა შემთხვევით
ვინმე ხელს დაჰკრავდა თურქულ დოლს. მაშინ იმპერატორის სასახლეში გახმიანებული ეს
გუგუნები იმ შორეულ ჭექა-ქუხილს მოგაგონებდათ, გრიგალს რომ მოასწავებს. ხალხის
მოლოდინში რაღაც ენით აუწერელი აღტაცება იგრძნობოდა. საფრანგეთი ნაპოლეონთან
გამოსამშვიდობებლად ემზადებოდა იმ ლაშქრობის წინ, რომლის საშიშროებას ყოველი
მოქალაქე წინასწარ ჭვრეტდა. ამჯერად საქმე ეხებოდა თვით საფრანგეთის იმპერიის
არსებობას. ეს აზრი ეტყობა ყველას აღელვებდა, მოქალაქეებსაც და სამხედრო პირთაც,
ხალხის მთელ ამ ტალღას, ახლა მდუმარედ რომ შეკრებილიყო ამ პატარა მიწის ნაკვეთზე,
სადაც ნაპოლეონის დროშები და მისი გენია ფრიალებდა. ეს ჯარისკაცები — სასოება
საფრანგეთისა და მისი უკანასკნელი სისხლის წვეთი, — მშფოთვარე ცნობისმოყვარეობას
იწვევდნენ აქ მყოფთა შორის. მოქალაქეთა და ჯარისკაცთა უმრავლესობა, შესაძლებელია
სამუდამოდაც ემშვიდობებოდა ერთმანეთს. მაგრამ ყველას გულები, თვით მათიც კი, ვინც
ყველაზე მტრულად იყვნენ განწყობილნი იმპერატორისადმი, მხურვალედ შესთხოვდნენ
ღმერთს სამშობლოს გამარჯვებას. მათაც, ვინც დიდად იყო განაწამები საფრანგეთსა და
ევროპას შორის გაჩაღებული ომით, ტრიუმფალური თაღის ქვეშ გავლისას სძლიეს
სიძულვილს, რადგან ესმოდათ, რომ განსაცდელის ჟამს ნაპოლეონი იყო მთელი
საფრანგეთი. სასახლის კურანტებმა ნახევარი საათი დარეკა. ბრბომ მაშინვე სული განაბა და
ისეთი ღრმა დუმილი ჩამოვარდა, რომ ბავშვის ტიტინსაც კი გაიგონებდა კაცი. მოხუც კაცსა
და მის ქალიშვილს, რომელთა ცხოვრების აზრი თითქმის ისღა იყო, რაც შეიძლება მეტი
დაენახათ, სასახლის პერისტილის მჟღერი თაღებიდან დეზების წკარუნი და ხმლების
ჟღარუნი შემოესმათ.

და უეცრად გამოჩნდა საკმაოდ სრული, დაბალი ტანის მწვანე მუნდირიანი კაცი, თეთრი
ტყავის შარვლით, ფეხებზე ტყავისავე პაჭიჭებით და თავისი განუყრელი სამკუთხა ქუდით,
რომელიც ისეთივე მომაჯადოებელი ძალით იყო დაჯილდოებული, როგორითაც თვით ეს
კაცი. მას მკერდზე საპატიო ლეგიონის ფართო წითელი ლენტი უფრიალებდა, გვერდზე
პატარა ხმალი ეკიდა. ეს კაცი მაშინვე ყველა კუთხიდან შეამჩნიეს. იმწამსვე ლოდებზე
„ლაშქრული“ დაჰკრეს, ორივე ორკესტრმა ერთი და იგივე მუსიკალური ფრაზა წამოიწყო და
ყველა ინსტრუმენტმა უნაზესი ფლეიტიდან თურქულ დოლამდე, საომარი მელოდია
გააგრძელა. ამ მებრძოლ მოწოდებაზე ყველას გული აუჩქროლდა, დროშები დახარეს,
ჯარისკაცები სმენაზე გაიჭიმნენ და ერთობლივი ზუსტი მოძრაობით თოფები მხარზე მოიგდეს.
კარუსელის მოედანზე ბრძანების სიტყვები მწკრივიდან მწკრივს ექოსავით მოედო.

7 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


„გაუმარჯოს იმპერატორს!“ გაისმა მრავალრიცხოვანი ენთუზიასტის შეძახილი. ბოლოს
ყველაფერი დაიძრა, ყველაფერი ამოძრავდა, შეტორტმანდა. ნაპოლეონი ცხენს მოახტა. ამ
მოძრაობამ მდუმარე მაშებს სიცოცხლე ჩაჰბერა, საკრავებს ხმა გამოაცემინა, ალმები და
დროშები ცაში აატყორცნინა, მღელვარება მოჰგვარა ყველა სახეს, თითქოს ძველი სასახლის
მაღალი გალერეების კედლებიც გაჰყვიროდნენ: „გაუმარჯოს იმპერატორს!“ ამაში იყო რაღაც
ზებუნებრივი, ეს იყო რაღაც გრძნეულება, მსგავსება ღვთაებრივი სიძლიერისა, ან, უფრო
სწორად, წარმავალი ანარეკლი ამ წარმავალი მეფისა. ესოდენ დიდი სიყვარულით,
ენთუზიაზმით, ერთგულებით, კეთილი სურვილებით გარშემორტყმული ადამიანი, ადამიანი,
რომლისთვისაც მზემ ღრუბლები გაფანტა ცაზე, ცხენზე იჯდა მისი მხლებლებისგან შემდგარი
ოქროსფერ მუნდირებში გამოწყობილ პატარა ამალაზე სამი ნაბიჯით წინ წამოწეული. მას
ხელმარცხნივ ობერჰოფმარშალი ედგა, ხელმარჯვნივ კი — მორიგე მარშალი. არც ერთი
ნაკვთი არ შემკრთალა თვით ამ კაცის სახეზე, ესოდენ რომ ააღელვა ურიცხვი ხალხი.

— ო, ღმერთო ჩემო, განა საკვირველია, რომ ვაგრამის შუაცეცხლშიც, მოსკოვში


დახოცილთა გვამებს შორისაც ეს კაცი მუდამ ერთნაირად მშვიდია!.. — ეს პასუხი
მრავალრიცხოვან შეკითხვაზე იქვე, ქალიშვილის გვერდით მდგარმა ერთმა გრენადერმა
გასცა. ჟიული ერთხანს მთლად გაიტაცა ამ სახის ცქერამ, რომლის სიმშვიდე საკუთარი
ძალის რწმენას გამოხატავდა. ნაპოლეონმა მადმუაზელ შატიონეს მოჰკრა თვალი,
დიუროკისკენ დაიხარა და რაღაც გადაულაპარაკა. ამაზე დიდმა მარშალმა ჩაიცინა. აღლუმი
დაიწყო. თუ მანამდე ახალგაზრდა ქალი თავის ყურადღებას ნაპოლეონის აღუშფოთველ
სახეს და ჯარის ლურჯ, მწვანე და წითელ მწკრივებს უნაწილებდა, ახლა თითქმის
თვალმოუშორებლად შესცქეროდა ახალგაზრდა ოფიცერს, რომელიც თავისი ცხენით ხან
სწრაფად და ზუსტად მოძრავ ძველი ჯარისკაცების რაზმებში გაიელვებდა, ხან კი თითქოს
თავდავიწყებით მიჰქროდა იმ ჯგუფისკენ, რომლის სათავეშიც ნაპოლეონი ბრწყინავდა თავისი
სისადავით. ეს ოფიცერი საუკეთესო შავრა ცხენს დააჭენებდა და იმპერატორის ადიუტანტის
ლაჟვარდისფერი მუნდირით შემოსილი მკვეთრად გამოირჩეოდა ჭრელაჭრულად
გამოწყობილი ხალხის ფონზე. ოფიცრის მუნდირის მოქარგულობა ისე კაშკაშებდა მზის
სხივებზე, ისე ძლიერად ირეკლებოდა მზის შუქი მის ვიწრო, მაღალი კივერის ჯიღაზე, რომ
მაყურებელი მას უთუოდ შეადარებდა მოციმციმე ალს, რაღაც უხილავ ძალას, რომელსაც
იმპერატორისაგან ნაბრძანები ჰქონდა სული ჩაებერა, ადგილიდან დაეძრა ეს ბატალიონები.
ესენი კი თავიანთ მოელვარე იარაღის ცეცხლსა ჰყრიდნენ და ოფიცრის თვალების მხოლოდ
ერთ ნიშანზეც კი ხან გაიჭრებოდნენ, ხან ისევ შეერთდებოდნენ, ხან მორევის ზვირთებივით
დატრიალდებოდნენ, ხან მის წინაშე წამოიმართებოდნენ, მსგავსად ვეებერთელა, ყალყზე

8 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


შემდგარი ტალღებისა, რომელთაც განრისხებული ოკეანე ნაპირებისკენ მოაქანებს.

როცა აღლუმი დამთავრდა, ადიუტანტმა თავქუდმოგლეჯით მიაჭენა ცხენი


იმპერატორთან და მის წინ ბრძანების მოლოდინში გაიჭიმა. ამ დროს ჟიულისგან ოც ნაბიჯზე
იყო იმპერატორისა და მისი ამალის პირდაპირ და მისი პოზა სავსებით წააგავდა გენერალ
რაპის 3 პოზას, რომელიც ჟერარმა 4 გამოსახა სურათში „ბრძოლა აუსტერლიცთან“.
ახალგაზრდა ქალს შესაძლებლობა მიეცა დამტკბარიყო თავისი გულის სწორით, რომელიც
მთელი სამხედრო ბრწყინვალებით იდგა მის წინაშე.

პოლკოვნიკი ვიქტორ დ’ეგლემონი მაღალ-მაღალი, ტანადი, მოხდენილი მამაკაცი,


ოცდაათი წლისაც არ იქნებოდა. მისი საუცხოო პროპორციები განსაკუთრებით მაშინ იყო
თვალსაჩინო, როცა უნაგირზე ჯდომისას იჩენდა სიჩაუქეს. კოხტა, მოქნილი ცხენის ზურგი
თითქოს იზნიქებოდა მის ქვეშ. ვაჟკაცური შავგვრემანი სახე იმ გამოუცნობ მიმზიდველობას
დაეჯილდოებინა, ნაკვთების სრული სისწორე რომ აძლევს ახალგაზრდა სახეებს. ფართო და
მაღალი შუბლი ჰქონდა. ხშირი წარბებით შემორკალული და გრძელი წამწამებით
დაჩრდილული ცეცხლოვანი თვალები შავჩარჩოიან ორ თეთრ ოვალს მიუგავდა. ოდნავ
კეხიანი, არწივისებური ცხვირი უმშვენებდა. ძოწისფერ ტუჩებს ხვეული ულვაშები
უჩრდილავდა. ხორბლისფერ შესუქებულ ლოყებზე მოთამაშე სიწითლე ამ კაცის
არაჩვეულებრივ ძალას ამჟღავნებდა. მის სახეს სიმამაცის ბეჭედი აჩნდა და იმ ტიპს
განეკუთვნებოდა, რომლებსაც დღეს მხატვრები ეძებენ, როცა ნაპოლეონის დროინდელი
საფრანგეთის გმირის გამოხატვას ოცნებობენ. გაქაფული ცხენი განუწყვეტლივ თავს იქნევდა
და საშინელ მოუთმენლობას იჩენდა, მაგრამ ერთ ადგილზე იდგა ფეხებგაწეული და
მხოლოდ გრძელ სქელ კუდს იქნევდა. მისი პატრონისადმი თავდადება ერთგულების იმ
ცოცხალ განსახიერებას წარმოადგენდა, რომელსაც თვითონ ვიქტორ დ’ეგლემონი
განიცდიდა თავისი იმპერატორისადმი. როცა ჟიულიმ შეამჩნია რარიგ ცდილობდა მისი
მიჯნური ნაპოლეონის მზერის დაჭერას, ერთ წუთს შეშურდა, აქამდე ერთხელაც როგორ არ
მომხედაო. უეცრად მონარქმა რაღაც თქვა, ვიქტორმა ცხენს დეზი ჰკრა და გააჭენა, მაგრამ
კვარცხლბეკიდან დაცემულმა ჩრდილმა ცხენი შეაკრთო, ის დაიბნა, უკან დაიხია და ყალყზე
შედგა. ეს ისე სწრაფად ხდება, რომ მხედარს თითქოს საფრთხეც კი ელის. ჟიული შეჰყვირებს,
გაფითრდება, ადამიანები გაკვირვებით შესცქერიან, თვითონ კი გარშემო ვერაფერს ხედავს,
მისი თვალები არ შორდება გაცეცხლებულ რაშს, რომელსაც გაჭენებული მხედარი გზადაგზა

3 რაპი, ჟან (1772-1821) - საფრანგეთის გენერალი. იყო ლუი XVII- ის კამერჰერი.


4 ჟერარი, ფრანსუა (1770-1877) - ფრანგი მხატვარი, ლუი დავიდის მოწაფე. სახელი გაითქვა სურათით „ბრძოლა აუსტერლიცთან“.

9 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


აშოშმინებს, რათა ნაპოლეონის ბრძანებები დანიშნულებისამებრ საჩქაროდ გადასცეს. ამ
არაჩვეულებრივმა სურათმა იმდენად გააოგნა ჟიული, რომ ანგარიშმიუცემლად ჩააფრინდა
მამის ხელებს და ისე მოუჭირა თითები, რომ უნებლიედ გაუმხილა თავისი ფიქრები. როცა
ვიქტორი ის-ის იყო უნდა გადმოეგდო ცხენს, ჟიული მაგრად ჩაებღაუჭა მამას, თითქოს
თვითონ მას ემუქრებოდა საფრთხე. მანამდე კი მოხუცი ქალიშვილის მომღიმარ სახეს
დაღვრემილი შეჰყურებდა და ყოველ მის ნაოჭში გამოსჭვიოდა სიბრალულის, მამობრივი
ეჭვიანობისა და სევდის გრძნობა. ხოლო როდესაც ჟიულის თვალების უჩვეულო ბრწყინვამ,
შეყვირებამ და თითების კრუნჩხვითმა მოძრაობამ საბოლოოდ გამოამჟღავნა ფარული
სიყვარული, მამას უეჭველია თვალწინ წარმოუდგა ქალიშვილის მომავლის სევდიანი სურათი,
რადგან სახეზე პირქუში გამომეტყველება გამოეხატა. ამ წუთებში ჟიულის სული თითქმის
ოფიცრის სულს შეერწყა. მოხუცის ტანჯული სახე კი უფრო მეტად მოიღუშა რაღაც უფრო
მწარე ფიქრებით, ვიდრე იმით, რაც აქამდე გულს უსერავდა. მამამ შენიშნა, რომ როცა
დ’ეგლემონმა მათ წინ გაიარა, ჟიულიმ და მან ერთმანეთს მრავალმნიშვნელოვნად შეხედეს,
ხოლო ჟიულის თვალებზე ცრემლი მოადგა, ლოყები კი უჩვეულოდ აუღაჟღაჟდა. მოხუცმა
ქალიშვილი ტიულრის ბაღისკენ წაიყვანა აჩქარებით.

— მამაჩემო, — მიმართა ქალმა, — კარუსელის მოედანზე ხომ კიდევ დგანან პოლკები.


აღლუმი უთუოდ გაგრძელდება.

— არა, ჩემო შვილო, ახლა მთელი ჯარი მიდის.

— მამა, მე მგონია, ცდებით. ბატონმა დ’ეგლემონმა უნდა წაიყვანოს ისინი...

— თავს ცუდად ვგრძნობ, ჩემო შვილო და აღარ მინდა დარჩენა.

როცა ჟიულიმ მამას შეხედა, ადვილად დაუჯერა. მოხუცს სახეზე მამობრივი მწუხარება
აღებეჭდა.

— ძალიან ცუდად ხომ არა ხართ? — ჰკითხა ქალმა მამას გულგრილად, იმდენად იყო
გართული თავისი ფიქრებით.

— განა ახლა ყოველი დღე ჩემთვის მოწყალება არ არის? — მიუგო მოხუცმა.

— თქვენ მუდამ სიკვდილზე ლაპარაკით გინდათ თავი შემაწყინოთ. მე კი მხიარულად


ვიყავი. თუ ღმერთი გწამთ, მოიშორეთ ეგ საძაგელი შავი ფიქრები.

10 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


— ეჰ, ნებიერო ბავშვო, — ამოიოხრა მამამ, — ვხედავ, თვით უკეთესი გულებიც კი
სასტიკნი არიან ხანდახან. ჩვენს ცხოვრებას თქვენ გწირავთ, მხოლოდ თქვენზე ვფიქრობთ,
თქვენს კეთილდღეობაზე ვზრუნავთ, ჩვენი სიმშვიდე თქვენი ჟინის მსხვერპლად მოგვაქვს,
გაღმერთებთ, მზად ვართ საკუთარი სისხლიც დაგითმოთ, თქვენ კი ამას არაფრად აგდებთ.
ვაი, რომ ყველაფერ ამას ძალიან უზრუნველად ეკიდებით. ზეციერი ღმერთის
ყოვლისშემძლეობა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ სამუდამოდ მოიპოვოს თქვენი ღიმილი და
ზერელე სიყვარული. ბოლოს სხვა მოდის! შეყვარებული, ქმარი, და თქვენს გულს გვართმევს.

ჟიული გაკვირვებული შეჰყურებდა მამას, რომელიც ნელა მიდი-მოდიოდა და დრო და


დრო ჩამქრალი თვალებით გადახედავდა ხოლმე შვილს.

— თქვენს გულისპასუხს მუდამ გვიმალავთ, — განაგრძო მან, — მაგრამ მგონი, საკუთარ


თავსაც არ უტყდებით...

— რაზე ლაპარაკობთ, მამაჩემო?

— მე მგონია, ჟიული, რაღაც საიდუმლო გაქვს და არ მიმხელ, შეყვარებული ხარ, —


განაგრძო მოხუცმა ფიცხლად და შეამჩნია, რომ ქალი გაწითლდა. — ეეხ! იმედი მქონდა
ბებერი მამაშენის ერთგული დარჩებოდი მის სიკვდილამდე. იმედი მქონდა, ჩემს გვერდით
კმაყოფილი და ბედნიერი იქნებოდი, მე კი გავიხარებდი იმ ჟიულით, როგორიც სულ ცოტა
ხნის წინათ იყავი. შენს ბედს რომ არ ვჭვრეტდე, იქნებ კიდევ მეოცნება შენს მშვიდ მომავალზე.
მაგრამ ახლა უკვე შეუძლებელია იმაზე ფიქრი, რომ შენი ბედნიერი ცხოვრების იმედი თან
წამყვეს... დ’ეგლემონი, როგორც ბიძაშვილი კი არა, როგორც პოლკოვნიკი გიყვარს. ახლა
ეს ჩემთვის უკვე ცხადია.

— რატომ არ შეიძლება რომ მიყვარდეს? — შესძახა ქალმა ცხოველი


ცნობისმოყვარეობით.

— ახ, ჩემო ჟიული, შენ მე ვერ გამიგებ, — მიუგო მამამ და ამოიოხრა.

— და მაინც, მითხარით, — უთხრა ისევ ქალმა ჟინიანად.

— მაშ კარგი, შვილო, ყური მიგდე. ახალგაზრდა ქალები ხშირად თავისთვის


წარმოდგენას იქმნიან კეთილშობილ, მომაჯადოებელ სახეებზე, სრულყოფილ არსებებზე და
განუხორციელებელი ოცნებებით იკვებებიან მამაკაცებზე, გრძნობებზე, მაღალ საზოგადოებაზე.
შემდეგ ისინი თავიანთი ოცნების მამაკაცის სრულყოფილ თვისებებს მიამიტად სრულიად
11 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE
ჩვეულებრივ ადამიანს მიანიჭებენ და მთლიანად მიენდობიან. მათ თავიანთ რჩეულში უყვართ
საკუთარ წარმოდგენაში შექმნილი არსება. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, როცა
უბედურებისთვის თავის არიდება უკვე გვიანაა, ის მაცდუნებელი მომხიბლაობა, რითაც
თავიანთი სათაყვანებელი კერპი დააჯილდოეს, საშინელ მოჩვენებად იქცევა. ჟიული, მე
მირჩევნია ვინმე ბებერ კაცს გაჰყვე ცოლად, ვიდრე პოლკოვნიკ დ’ეგლემონს. ო, შენ რომ
შეგეძლოს წინასწარ განჭვრეტა, რა დღეში ჩავარდები ათი წლის შემდეგ, მაშინ მიუგებდი
ჯეროვანს ჩემს გამოცდილებას. ვიქტორს კარგად ვიცნობ: მას მხიარული ხასიათი აქვს,
მაგრამ ეს ყაზარმის მხიარულებაა. იგი მოკლებულია გონებამახვილობას, უნიჭოა და
მფლანგველი. ეს ერთ-ერთი იმ მამაკაცთაგანია, ვინც ზეცამ იმისათვის შექმნა, რომ მათ დღეში
ოთხჯერ მაძღრისად ჭამონ და საჭმელი მოინელონ, იძინონ, პირველსავე შემხვედრ ქალთან
დაწვნენ, და იომონ. ამ კაცს ცხოვრებისა არაფერი ესმის. თავისი გულკეთილობით, — გული
მართლაც კეთილი აქვს, — თავის ქისას გლახას ან რომელიმე ამხანაგს გადაულოცავს.
უზრუნველი ხასიათი აქვს და არ გააჩნია ის სიფაქიზე გულისა, რაც ჩვენ, მამაკაცებს ქალის
ბედნიერების მონად გვხდის. ამასთან უვიციცაა, ეგოისტი... ერთი სიტყვით, ბევრი „ამასთან“
ახლავს...

— და მაინც, მამაჩემო, ალბათ, არც ნიჭი აკლია და არც ჭკუა, რაკი პოლკოვნიკი გახდა...

— ჩემო გოგო, ვიქტორი თავის დღეში პოლკოვნიკობას ვერ გასცდება. ჯერ არ მინახავს
ისეთი მამაკაცი, ვინც ჩემის აზრით შენი ღირსი იქნება, — განაგრძო მამამ ერთგვარი
აღფრთოვანებით. ის ერთხანს შეჩერდა, შვილს შეხედა და დასძინა, — ასეა, ჩემო პატარა
ჟიული, შენ ჯერ მეტისმეტად ახალგაზრდა ხარ, მეტისმეტად სუსტი და ალალი, რათა
ცოლქმრობის მთელი ტვირთი ზიდო. დ’ეგლემონი ისევე გაანებივრეს მისმა მშობლებმა,
როგორც შენ გაგანებივრეთ დედაშენმა და მე. აბა, რა იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ
ერთმანეთს შეეთვისებით? ორივეს საკუთარი ხუშტურები გაქვთ, ხუშტურები კი ულმობელი
ტირანები არიან! ან თვითონ გახდები ტირანი, ან ტირანიის მსხვერპლი შეიქნები. ქალის
ცხოვრებაში ორივე შედეგს ერთნაირად მოაქვს უბედურება. მაგრამ შენ ნაზი და
გულმართალი ბუნებისა ხარ, ამიტომ უმალ თვითონ მოიდრიკები. და ბოლოს, შენში არის,
— დასძინა მან მთრთოლვარე ხმით, — გრძნობების სიფაქიზე, რომელსაც ის ვერ გაიგებს,
და მაშინ... — მამას ყელში ცრემლი მოადგა და სათქმელი ვეღარ დაამთავრა, — ვიქტორი
დაკოდავს შენს უმწიკვლო გულს, — განაგრძო მან ცოტა ხნის შემდეგ. — მე კარგად ვიცნობ
სამხედროებს, ჩემო ჟიული, მიცხოვრია მათ შორის. იშვიათად ხდება, რომ ასეთი ადამიანის
გულმა შესძლოს გადალახოს ჩვევები წარმოქმნილი ხიფათითა და შემთხვევითობებით, რაც
ლაშქრულ ცხოვრებაში ყოველ ნაბიჯზე ხვდებათ.
12 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE
— ესე იგი, მამაჩემო, — შეესიტყვა ჟიული ნახევრად სერიოზულად, ნახევრად
ხუმრობით, — თქვენ გსურთ წინ აღუდგეთ ჩემს გრძნობებსა და გამათხოვოთ არა ჩემი
ბედნიერებისათვის, არამედ თქვენი საკუთარი ბედნიერებისათვის.

— გაგათხოვოთ ჩემი ბედნიერებისათვის? — შეჰყვირა მამამ და გაკვირვებით გააქნია


ხელები. — განა მე ჩემს ბედნიერებაზე ვფიქრობ, ჩემო გოგონი? შენ ხომ სულ ცოტა ხანში
ჩემს მეგობრულად მობუზღუნე ხმას ვეღარც გაიგონებ. ბევრჯერ ვყოფილვარ იმის მოწმე,
რომ ბავშვები მათი მშობლების მიერ გაღებულ მსხვერპლს ეგოიზმს მიაწერენ. გაჰყვები
ვიქტორს, ჩემო ჟიული. დადგება დღე, როცა მწარედ იგრძნობ მის არარაობას, მის
დაუდევრობას, მის ეგოიზმს, მის სიტლანქეს, მის ახირებულ აზრებს სიყვარულზე და კიდევ
ათას სხვა გულისტკივილს, რომელსაც ის მოგაყენებს. მაშინ გაიხსენე, რომ აი, ამ ხეებქვეშ
სეირნობის დროს მოხუცმა მამაშენმა ეს ყველაფერი გიწინასწარმეტყველა, მაგრამ მისი ხმა
გაისმა, როგორც ღაღადება უდაბნოსა შინა!

მოხუცი დადუმდა, რადგან დაინახა, რომ მისი ქალიშვილი ჯიუტად იქნევდა თავს. ისინი
ნელი ნაბიჯით წავიდნენ მესერისაკენ, სადაც მათი ეტლი იყო გაჩერებული. უსიტყვოდ
მიდიოდნენ, ქალიშვილი ფარულად შეჰყურებდა მამას და სახიდან თანდათან უქრებოდა
წყრომის გამომეტყველება. მამის დახრილ შუბლზე აღბეჭდილმა უღრმესი კაეშნის ნიშანმა
ჟიულიზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა.

— მამაჩემო, გპირდებით, — უთხრა მან მამას ალერსიანი, ათრთოლებული ხმით, —


აღარასოდეს დაგელაპარაკებით ვიქტორზე, სანამ თვითონვე არ უარყოფთ თქვენს
ცრურწმენას მასზე.

მოხუცმა შვილს გაკვირვებით შეხედა. თვალთაგან ორი ცრემლი ჩამოუგორდა


დაღარულ ლოყებზე. გარშემო ბევრი ხალხი იყო და საჯაროდ ვერ აკოცა შვილს, მაგრამ
ნაზად მოუჭირა ხელი. როცა ეტლში ჩასხდნენ, კუშტი ნაოჭები შუბლს რომ უღარავდნენ,
სრულიად გაქრნენ. თავისი ქალის ოდნავ სევდიანი შესახედაობა ისე არ აწუხებდა, როგორც
ის უშუალო სიხარული, რომლის საიდუმლო მიზეზი ჟიულიმ აღლუმის დროს გამოამჟღავნა.

1814 წლის მარტის პირველ დღეებში, ნაპოლეონის იმ აღლუმის თითქმის ერთი წლის
თავზე, ამბუაზისა და ტურის გზაზე ერთი ეტლი მიჰქროდა. ეტლი ის იყო გამოვიდა კაკლის
ხეების მწვანე გუმბათიდან, რომელიც საფოსტო სადგურს ფრილიერს ფარავდა და ისეთი
სისწრაფით წავიდა, რომ თვალის დახამხამებაში მიაღწია ხიდს, მდინარე სიზზე რომ არის
გადებული იმ ადგილას, სადაც იგი ლუარას ერთვის. ისე გაშმაგებით მიაქანებდა ყმაწვილი
13 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE
მეეტლე თავისი პატრონის ბრძანებით ოთხი ფოსტის ცხენით შებმულ ეტლს, რომ ღვედი
გასწყდომოდა. ამ შემთხვევის წყალობით ეტლში მყოფმა ორმა მგზავმა გაიღვიძა და შესძლო
დამტკბარიყო ერთ-ერთი იმ საუცხოო ლანდშაფტით, რასაც ლუარას თვალწარმტაცი
ნაპირები სთავაზობს მოგზაურს. მარჯვნივ თვალწინ იშლება მდინარე სიზის მთელი მიხვეულ-
მოხვეული კალაპოტი, რომელიც ვერცხლის გველივით მიიკლაკნება მდელოებზე, სადაც იმ
დროს გაზაფხულის პირველი მოლი ფირუზისფრად ლივლივებს. მარცხნივ ლუარა მთელი
თავისი დიდმშვენიერებით წარმოუდგება მოგზაურის თვალს. დილის გრილი ნიავი ქროდა
და ამ დიდებული მდინარის გაშლილ ზედაპირზე არეკლილი მზის სხივები ციმციმებდნენ. აქა-
იქ გლუვ წყალზე ჯაჭვივით გადაბმულან ამწვანებული კუნძულები ყელსაბამში აკინძული
ზურმუხტი ქვებით. მდინარის მეორე ნაპირზე გადაშლილან ტურენის ულამაზესი სოფლები
და თვალუწვდენელი ნაყოფიერი ველები. კიდევ უფრო შორს მზერა ჩერდება შერის
ბორცვებზე, რომელთა მწვერვალები ამ დროს მკაფიო კონტურებით ისახებიან გამჭირვალე
ლაჟვარდოვან ცაზე. როცა ამ სურათს კუნძულთა ნაზ ფოთლიანში გახედავ, გეჩვენება,
თითქოს ტური მსგავსად ვენეციისა, წყლის წიაღიდან არის ამოზიდული. მისი ცაში აწვდილი
ძველისძველი კათედრალური ტაძრის სამრეკლოები იმ დროს უცნაური მოხაზულობის
მოთეთრო ღრუბლებს ერწყმოდნენ. ხიდის მეორე თავში, სადაც ეტლი გაჩერდა, მოგზაური
მის წინ შეამჩნევს ლუარის გასწვრივ თვით ტურამდე გადაჭიმულ კლდეთა ჯაჭვს და ადამიანს
ეგონება, ბუნებამ განზრახ შექმნა ნაპირის გასამაგრებლად, რომელსაც ზვირთები
განუწყვეტლივ ძირს უთხრიანო. ეს სანახაობა ყოველთვის გაკვირვებას იწვევს მოგზაურში.
სოფელი ვუვრე ბუდესავით ჩამჯდარა კლდოვანი ჯაჭვის ჩამონაზვავებში, სიზის ხიდთან რომ
კლაკნილს ქმნის. უფრო შორს კი ვუვრედან დაწყებული, ამ გამოფიტული მთების საშიში
მორღვეული ფერდობები მთლად მევენახეებითაა დასახლებული. ალაგ-ალაგ სახლები
კლდეში სამ წყებადაა გამოკვეთილი და ერთმანეთთან შეერთებულია ფრიად საშიში
კლდეებშივე გამოჭრილი კიბეებით. აგერ, წითელქვედატანიანი გოგონა პირდაპირ სახლის
სახურავიდან თავის ბაღში მირბის. ბუხრის კვამლი ვაზის ყლორტებსა და ახლად ამოხეთქილ
ფოთლებში მიიკლაკნება. მეიჯარეები დამრეც ფერდობებზე შეფენილ მიწებს ხნავენ. ერთ
ჩამოქცეული კლდის პირზე დედაბერი მშვიდად ზის აყვავებული ნუშის ხის ძირში, ძაფს
ართავს და იღიმება შიშით შემყურე გამვლელის დანახვაზე. სრულიად არ აწუხებს არც
ნაპრალები მიწაში, არც ის, რომ ძველი, დრომოჭმული კედელი, რომლის ქვის წყობას
მარტოოდენ სუროს საბურველი იკავებს თავისი დახლართული ფესვებით, სადაცაა
ჩამოინგრევა. ჰაერში დაკიდებული მღვიმის თაღებში ყრუდ გაისმის მეკასრეთა ჩაქუჩების
კაკუნი. მიწა ყველგან დამუშავებულია და ყველგან მოსავლიანია, თუმცა ბუნებას ადამიანი აქ
მიწით არ გაუნებივრებია. მთელი ლუარის ნაპირებზე ერთი კუთხეც არ მოიძებნება ისეთი,

14 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


როგორსაც ტურენის თვალწარმტაცი ლანდშაფტი სთავაზობს მოგზაურს. ამ სანახაობის
სამმაგი გამოსახულება, რომელიც ჩვენ სრულიადაც ვერ აღვწერეთ ზუსტად, უდიდეს
შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველთა სულში და სამუდამოდ რჩება მის მეხსიერებაში. და თუ
პოეტი ერთხელ დატკბა ამ პეიზაჟით, მას კიდევ ხშირად ეწვევა ეს სურათი ოცნებაში, ხოლო
შემდეგ ცხადში არაჩვეულებრივ რომანტიკულ ეფექტად იქცევა.

იმ დროს, როცა ეტლი სიზის ხიდს მიადგა ლუარას კუნძულებიდან წყალზე თეთრი
იალქნები მოცურავდნენ და ამ მშვენიერ ადგილს უფრო შემატეს სილამაზე. ტენიან ნიავს
მოჰქონდა მძაფრი სუნი ტირიფებისა, მდინარის გასწვრივ რომ აფრქვევდნენ სურნელს.
ჩიტებს ნაირხმოვანი გალობა ჰქონდათ გამართული. მწყემსის მონოტონური სიმღერა მას
ერთგვარ მელანქოლიას მატებდა, ხოლო მენავეთა შეძახილები მოწმობდნენ, რომ სადღაც,
შორს, სიცოცხლე დუღდა. თვალუწვდენელ ველში აქა-იქ მდგარ ხეებზე უცნაურად
შემოხვეული ნისლის ნაფლეთებით გვირგვინდებოდა ეს მომხიბლავი სურათი. ეს იყო ტურენი
მთელი თავისი ბრწყინვალებით, ეს იყო გაზაფხული მთელი თავისი დიდმშვენიერებით.
საფრანგეთის ამ ნაწილში, ერთადერთ ადგილას, რომლის სიმშვიდის დარღვევა უცხოელ
ჯარებს არ ეწერათ, — ამ დროს სიწყნარე სუფევდა და იფიქრებდით ტურენს არ ეშინია
არავითარი შემოსევისაო.

როგორც კი ეტლი გაჩერდა, ფანჯრიდან მაშინვე გამოჩნდა ვიღაცის ქუდიანი თავი.


სამხედრო კაცმა თვითონვე მოუთმენლად გააღო ეტლის კარი და გზაზე გადმოხტა, რათა
მეეტლესთან მისულიყო და დაეტუქსა, მაგრამ ტურენელი ისე საქმიანად აკეთებდა გაწყვეტილ
ღვედს, რომ პოლკოვნიკი კონტ დ’ეგლემონი დამშვიდდა, გაიზმორა, დაბუჟებული ხელები
მოისრისა და უკანვე წავიდა კარისკენ. მერე დაამთქნარა, მიდამო შეათვალიერა და ბეწვის
ქურქში საგულდაგულოდ გახვეულ ახალგაზრდა ქალს მხარზე ხელი დაადო.

— ჟიული, გაიღვიძე, — უთხრა მან ხრინწიანი ხმით, — გამოიხედე, რა მშვენიერი


სანახაობაა!

ჟიულიმ ეტლიდან თავი გამოყო. თავზე კვერნის ქუდი ეხურა, ხოლო ბეწვის ქურქის
ნაოჭები ისე უფარავდნენ სხეულს, რომ მარტო სახე მოუჩანდა. ჟიული დ’ეგლემონი ახლა
აღარ გავდა იმ მხიარულ და ბედნიერ ქალიშვილს, რომელიც ამას წინათ ტიულრის ბაღისკენ
მიიჩქაროდა აღლუმის სანახავად. მის ძველებურად ნაზ ლოყებს ახლა აღარ ამშვენებდა ის
საუცხოო ვარდის ფერი, ოდესღაც ესოდენ უხვ ელვარებას რომ ანიჭებდა მის სახეს: ღამის
სინესტისაგან ჩამოშლილი შავი თმის რამდენიმე კულული ხაზს უსვამდა მისი სახის მქრქალ

15 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


სითეთრეს, რომელზეც თითქოს ჩამქრალიყო უწინდელი მგზნებარება. მაგრამ ქალის
თვალები რაღაც ზებუნებრივად ელვარებდნენ, თვალებს ქვეშ კი ლილისფერი ლაქები
გასწოლოდა ჩაცვივნულ ლოყებზე. მან გულგრილად მოავლო თვალი შერის სოფლებს,
ლუარასა და მის კუნძულებს, ტურსა და ვუვრეს ჯაჭვივით გადაბმულ გრძელ კლდეებს. ხოლო
სიზის საუცხოო ხეობისთვის შეხედვა აღარ მოისურვა, საჩქაროდ ეტლის სიღრმეში უკან
გადაწვა და გამჭირვალე ჰაერში ძლივს გასაგონად გაისმა საშინლად მისუსტებული ხმა: —
ჰო, მართალია, საუცხოო სანახაობაა!

როგორც მკითხველი ხედავს, მან თავისდასაუბედუროდ სძლია მამას.

— ჟიული, აქ ცხოვრებას ხომ არ მოისურვებდი?

— რა ვიცი, აქ იქნება თუ სხვაგან, სულ ერთი არ არის?

— რა არის, ვერა ხარ კარგად? — ჰკითხა პოლკოვნიკმა დ’ეგლემონმა.

— როგორ არა, მიუგო უეცრად გამოცოცხლებულმა ახლაგაზრდა ქალმა. მერე ქმარს


ღიმილით შეხედა და დასძინა, — მეძინება, მეტი არაფერი.

მოულოდნელად ცხენის თქარათქური გაისმა. ვიქტორ დ’ეგლემონმა ქალის ხელს თავი


მიანება და გზის მოსახვევისკენ გაიხედა, რომელიც სწორედ ამ ადგილზეა. როგორც კი
პოლკოვნიკმა მზერა ქალიდან გზაზე გადაიტანა, ჟიულის ფერმკრთალ სახეზე მხიარული
გამომეტყველება გაქრა, თითქოს ჩაქრა შუქი, რომელიც მას შიგნიდან ანათებდა. ქალს არ
სურდა არც პეიზაჟის დანახვა, არც ის აინტერესებდა, თუ ვინ იყო მხედარი ასე გაშმაგებით
რომ მოაგელვებდა ცხენს. ჟიული ეტლის კუთხეში მიიყუჟა და უგრძნობლად მიაშტერდა
ცხენებს. ქალს ისეთივე არაფრისმთქმელი სახე ჰქონდა, როგორიც ბრეტონელ გლეხს აქვს,
როცა თავისი ხუცესის ქადაგებას უსმენს. უეცრად ვერხვისა და აყვავებული კუნელის ჭალიდან
ჯიშიან ცხენზე მჯდარი ახალგაზრდა კაცი გამოვიდა.

— ინგლისელია, — წარმოთქვა პოლკოვნიკმა.

— მე და ჩემმა ღმერთმა, მართალი ბრძანდებით, თქვენო უმაღლესობავ, — ანიშნა


მეეტლემ, — მაგ ყმაწვილებს ვინ არ იცნობს, ლამის გადაჭამონ საფრანგეთი.

უცნობი ახალგაზრდა ერთ-ერთი ის მოგზაური იყო, ვინც იმ დროს კონტინენტზე


იმყოფებოდა, როცა ნაპოლეონმა ბრძანა ყველა ინგლისელი დაეჭირათ, რათა სამაგიერო

16 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


გადაეხადათ ფრანგთა უფლებების ხელყოფისათვის, როცა ინგლისურმა კაბინეტმა ამიენის
ხელშეკრულება დაარღვია 5 იმპერატორის ჟინის წყალობით ეს ინგლისელები არ დატოვეს
არც იქ, სადაც ისინი დატყვევებულნი იყვნენ, არც იქ, სადაც მათ თავდაპირველად ცხოვრების
ნება მისცეს. მათი უმრავლესობა იმპერიის ყოველი კუთხიდან ტურენში იქნა გადაგზავნილი,
რადგანაც ფიქრობდნენ, სხვაგან მათი ცხოვრება ზიანს მოუტანდა კონტინენტური პოლიტიკის 6
ინტერესებს. ახალგაზრდა ტყვე, რომელიც იმ დილას სევდის გასაქარვებლად გამოსულიყო
სასეირნოდ, ამ ბიუროკრატიული ღონისძიების მსხვერპლი გახლდათ. ორი წლის წინათ
საგარეო ურთიერთობათა სამინისტროს მიერ გამოშვებულმა ბრძანებამ ამ კაცს მონპელიეს
საუცხოო ჰაერი დაატოვებინა, სადაც საზავო ხელშეკრულების დარღვევამ მოუსწრო და
სადაც იმედი ჰქონდა ფილტვების დაავადებისაგან განიკურნებოდა. როგორც კი ყმაწვილმა
კაცმა კონტ დ’ეგლემონში სამხედრო კაცი შეიცნო, შეეცადა თვალი მოერიდებინა და სწრაფად
სიზის ნაპირზე გადაშლილი ველებისკენ მიბრუნდა.

— ეს ინგლისელები ისე გათავხედდნენ, გეგონებათ მთელი დედამიწა მათი საკუთრება


იყოს, წაიბუზღუნა პოლკოვნიკმა, — დაიცადონ, აჩვენებს მაგათ სულტი 7 სეირს.

როცა ტყვემ ეტლს გვერდით ჩაუარა, შიგ შეიხედა. თუმცა წუთიერად შეავლო თვალი
იქ მჯდომ ქალს, მაგრამ გააკვირვა სევდიანმა გამომეტყველებამ, რაც კონტესის ჩაფიქრებულ
სახეს გამოუცნობ მიმზიდველობას ანიჭებდა. ბევრია ისეთი მამაკაცი, ვისაც ქალის ტანჯული
სახის დანახვაზე დიდად უჩვილდება გული. მათ ეჩვენებათ, რომ სევდა ერთგულებისა თუ
სიყვარულის თავმდებია. ჟიული ეტლის ბალიშის ერთ წერტილს მისჩერებოდა და სრულიად
არ მიუქცევია ყურადღება არც ცხენისთვის არც მხედრისთვის. ღვედი სწრაფად და კარგად
შეაკეთეს. კონტი ეტლში ჩაჯდა. მეეტლე შეეცადა დაკარგული დრო აენაზღაურებინა, ცხენები
გარეკა და მგზავრები სწრაფად წაიყვანა მდინარის მარცხენა ნაპირით გზაზე
გადმოკიდებული კლდეების გასწვრივ, რომლის დამრეც ფერდობებზე ვენახები
აყვავებულიყო და უამრავი ლამაზი სახლი შეფენილიყო, სადაც შორიდანვე მოჩანდა
ცნობილი სააბატო მარმუტიეს წმინდა მარტინის სავანის ნანგრევები.

5 ამიენის ხელშეკრულება - 1802 წელს დადებული საზავო ხელშეკრულება ერთი მხრიდან საფრანგეთსა და მის მოკავშირე ესპანეთს
ჰოლანდიასა და მეორე მხრიდან ინგლისს შორის. ეს ხელშეკრულება არსებითად დაზავება იყო. 1803 წ. ინგლისმა ისევ გამოუცხადა ომი
საფრანგეთს.
6 კონტინენტური პოლიტიკა, ანუ კონტინენტური ბლოკადა - ეკონომიური ომი, რომელსაც ნაპოლეონი ინგლისის წინააღმდეგ
აწარმოებდა, რათა ინგლისური საქონელი გაედევნა საფრანგეთისა და საფრანგეთზე დამოკიდებული ევროპის სახელმწიფოთა
ბაზრებიდან.
7 სულტი, ნიკოლა (1769-1851) - საფრანგეთის მარშალი, დიდი როლი ითამაშა აუსტერლიცის ბრძოლის მოგებაში. იყო სამხედრო
მინისტრი და პრემიერ მინისტრი ივლისის მონარქიის დროს.

17 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


— რას აგვეკიდა ეს გაცრეცილი ლორდი? — შესძახა პოლკოვნიკმა, როცა თავი უკან
იბრუნდა და დარწმუნდა, რომ მხედარი, რომელიც უკან მოსდევდათ, ის ინგლისელი იყო,
წეღან ხიდთან რომ შეხვდათ.

მაგრამ რაკი ინგლისელი ნაპირის მიწაყრილს მოჰყვებოდა და ზრდილობის წესებს არ


არღვევდა, პოლკოვნიკმა ერთი კი შეუბღვირა მუქარით, და შემდეგ საჯდომის საზურგეს
მიეყრდნო. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მტრულად განეწყო, მაინც შეამჩნია, რომ ცხენიც
ლამაზი იყო და მხედარიც მოხდენილი ყმაწვილი ჩანდა. ყმაწვილ კაცს ერთი ის ბრიტანული
ტიპის პირისახე ჰქონდა, რომელიც ყირმიზი ფერით, თხელი, თეთრი კანით გამოირჩევა და
ხანდახან ადამიანი შეიძლება დაეჭვდეს კიდეც, მამაკაცის სახეა ეს თუ რომელიმე ნაზი
ქალიშვილისა. ყმაწვილი ქერა იყო, გამხდარი და მაღალ-მაღალი. მის ტანისამოსს
დახვეწილობისა და სინატიფის ის კვალი აჩნდა, რაც ესოდენ დამახასიათებელია პირკუშტი
მოკოხტავე ინგლისელებისთვის. კონტესის შეხედვაზე კაცი წითლდებოდა, მაგრამ არა
სიამოვნებისაგან, არამედ სირცხვილისაგან. ჟიულიმ მხოლოდ ერთხელ შეავლო მზერა
უცხოელს და ისიც იმიტომ, რომ ქმარი ჩააცივდა მაინც და მაინც შეეხედა ჯიშიანი ცხენის
ფეხებისთვის. მაშინ ჟიულის თვალები მოკრძალებული ინგლისელის თვალებს შეხვდა. იმ
წუთიდან მხედარმა გადაწყვიტა გვერდით აღარ მოჰყოლოდა ეტლს, უკან ჩამორჩა და
შორიახლო მისდევდა. კონტესმა ძალდატანებით შეხედა უცნობს. მას ყურადღება არ
მიუქცევია არც მხედრის გარეგნობისთვის, არც ჯიშიანი ცხენისთვის, ქმარმა რომ დაინახა.
წარბის ოდნავი შერხევით მეუღლეს ნათქვამი დაუდასტურა და სავარძლის ზურგზე გადაწვა.
პოლკოვნიკს ისევ ჩაეძინა და ცოლ-ქმარი ტურში ისე მივიდნენ, რომ მთელ გზაზე არც ერთი
სიტყვა არ დასცდენიათ. ჟიულის არც იმ თვალწარმტაცი ადგილების ცვალებადი
პეიზაჟისთვის მიუქცევია ყურადღება, ყოველი მხრიდან რომ იშლებოდა. ვიდრე ქმარს ეძინა,
ქ-მა დ’ეგლემონმა რამდენჯერმე გაიხედა ფანჯარაში. უკანასკნელ გახედვაზე ეტლი შეხტა,
ქალს ყელიდან შავ სამგლოვიარო ლენტზე ჩამოკიდებული მედალიონი მოვარდა და
მუხლებზე დაეცა. ჟიულის უეცრად მამამისის სახე წარმოუდგა თვალწინ. ამაზე ქალს
თვალთაგან ესოდენ დიდხანს შეკავებული ცრემლები წამოსცვივდა. თუმცა ქარმა სწრაფად
შეუშრო. მაგრამ ინგლისელს არ გამოპარვია ცრემლების სველი, ბრწყინავი კვალი ქალის
გაფითრებულ სახეზე. პოლკოვნიკი დ’ეგლემონი იმპერატორმა ბრძანებით გააგზავნა მარშალ
სულტთან, რომელსაც საფრანგეთი უნდა დაეცვა ინგლისელების შემოტევისგან, რაც ბეარნში
მოახდინეს. მან ეს დავალება გამოიყენა, ცოლი პარიზში მოსალოდნელ საშიშროებას
განარიდა და ერთ თავის მოხუც ნათესავთან გახიზნა ტურში. მალე ეტლი ტურში შევიდა,
ხიდი გადაიარა, მერე მთავარ ქუჩას გაჰყვა და ერთ ძველისძველ განცალკევებულად მდგარ

18 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


სახლთან შეჩერდა, სადაც ყოფილი მარკიზის მეუღლე დე ლისტომერ-ლანდონი ცხოვრობდა.

მარკიზის მეუღლე დე ლისტომერ-ლანდონი ერთ-ერთი ის ლამაზი, ფერმკრთალი,


ჭაღარათმიანი მოხუცი ქალი იყო, რომელთაც სახიდან ნატიფი ღიმილი არ შორდება, თავს
უცნაური თავსაბურავებით იმკობენ და დღემდე კრინოლინს ატარებენ. ეს მოხუცი
მანდილოსნები, ლუი XV-ის ეპოქის ეს სამოცდაათწლიანი პორტრეტები თითქმის ყოველთვის
ალერსიანი არიან, თითქოს ჯერ კიდევ შესწევდეთ სიყვარულის უნარი. მაგრამ ნაკლებ
ღვთისმოსავნი არიან, ვიდრე მორწმუნენი, და საერთოდ, არც იმდენად ღვთისმოსავნი,
როგორც ჩანს. ასეთი ქალები ერთთავად პუდრ „მარეშალის“ სურნელს აფრქვევენ გარშემო,
კარგად ყვებიან ამბებს, კიდევ უფრო უკეთესად იციან საუბარი და თავიანთ მოგონებებზე
უფრო ეცინებათ, ვიდრე რაიმე ხუმრობაზე. თანამედროვეობა არ მოსწონთ.

როცა ბებერმა მოახლემ მარკიზის მეუღლეს მოახსენა (ეს ტიტული მისთვის მალე უნდა
დაებრუნებინათ) ძმისწული, რომელიც ესპანეთთან ომის დაწყების შემდეგ აღარ ენახა,
გეწვიათო, ქალმა სათვალე ცხვირიდან მოიხსნა და თავისი საყვარელი წიგნი „ძველი მეფის
კარის გალერეა“ დახურა. მერე მისი ასაკისთვის საოცარი სიმკვირცხლით სწორედ იმ წუთში
ჩაირბინა კართან, როცა ცოლ-ქმარი კიბეზე ამოდიოდა. მამიდამ და რძალმა ერთმანეთს
სწრაფად შეავლეს თვალი.

— გამარჯობა, ძვირფასო მამიდა! — შესძახა პოლკოვნიკმა, გამალებული ეცა მოხუც


ქალს და გადაეხვია. — ვიღაც მოგგვარეთ სამეთვალყურეოდ. ეს ჩემი საუნჯე თქვენ უნდა
მოგანდოთ. ჩემი ჟიული არც კეკლუცი ქალია, არც ჭკვიანი. ანგელოზივით სათნოა... და იმედი
მაქვს, აქ არ წახდება... — დაასრულა მან მოულოდნელად.

— ოჰ, რა საძაგელი ხარ! — მიუგო მარკიზის მეუღლემ და დამცინავად შეხედა.

მოხუცმა პირველმა დააპირა ჟიულის კოცნა ერთგვარი მოხდენილი გულითადობით.


ჟიული კი ფიქრებში იყო წასული და უფრო შემკრთალი ჩანდა, ვიდრე ცნობისმოყვარე.

— მოდით, გავიცნოთ ერთმანეთი, ჩემო სულიკო, — წამოიწყო მარკიზის მეუღლემ. —


ძალიან ნუ შეგეშინდებათ ჩემი. როცა ახალგაზრდებთან ვარ, ყოველთვის ვცდილობ ბებერი
არ გამოვჩნდე.

როგორც პროვინციაშია მიღებული, სასტუმრო დარბაზში შევლამდე მარკიზის მეუღლემ


განკარგულება გასცა ორი სტუმრისთვის საუზმე მოემზადებინათ, მაგრამ კონტმა მამიდამისის

19 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


მჭევრმეტყველების ნაკადი შეწყვიტა და სერიოზული კილოთი განუცხადა, სულ არა მაქვს
მოცდის დრო და მხოლოდ იმდენ ხანს დავრჩები, რამდენიც საფოსტო სადგურში ახალი
ცხენების შებმას დასჭირდებაო. ამიტომ სამივემ სასტუმრო დარბაზში მიაშურა. პოლკოვნიკმა
რამდენიმე წუთში ძლივს მოასწრო ეამბნა მამიდისათვის იმ პოლიტიკურ და სამხედრო
მოვლენათა შესახებ, რამაც აიძულა ახალგაზრდა ცოლი აქ შეეფარებინა. მამიდა კი ამ დროს
ხან თავის განუწყვეტლად მოლაპარაკე ძმისწულს შეხედავდა, ხან რძალს, და გადაწყვიტა,
ეტყობა, მისი სიფერმკრთალისა და მოწყენილობის მიზეზი მათი იძულებითი განშორება
არისო. მოხუცი მანდილოსნის სახის გამომეტყველება ამბობდა: „ესენი შეყვარებულნი
არიანო“. უცებ ძველ, მიყუჩებულ, ქვით მოკირწყლულ ეზოში, სადაც აქა-იქ ბალახს ბუჩქებად
ამოეყო თავი, მათრახის ტყლაშუნი გაისმა. ვიქტორმა მარკიზის მეუღლეს საჩქაროდ აკოცა
და გასასვლელისაკენ გაიქცა.

— ნახვამდის, ჩემო ძვირფასო, — გადაეხვია ცოლს, რომელმაც ეტლამდე მიაცილა.

— ვიქტორ, შენი ჭირიმე, ნება მომეცი ცოტა უფრო შორს გაგაცილო, — უთხრა ქალმა
ქმარს ალერსიანი ხმით. — ისე მიმძიმს განშორება...

— რა საჭიროა!

— მაშ, კარგი, ნახვამდის, — უთხრა ჟიულიმ, — თუ არ გინდა... ეტლი დაიძრა და მალე


თვალს მიეფარა.

— მაშასადამე, თქვენ ჩემი კარგი ვიქტორი გიყვართ? — ჰკითხა რძალს მარკიზის


მეუღლემ და ისეთი მრავალნაცადი თვალით შეხედა, როგორითაც მოხუცი ქალბატონები
საერთოდ ახალგაზრდებს უყურებენ.

— ვაი, რომ ასეა, ქალბატონო, — მიუგო ჟიულიმ, — განა შეიძლება არ გიყვარდეს


კაცი, რომელსაც ცოლად მიჰყვები?

უკანასკნელი ფრაზა ჟიულიმ მიამიტი კილოთი წარმოთქვა, რაც უთუოდ მაჩვენებელი


იყო მისი ალალმართალი გულისა ან რაღაც უღრმესი საიდუმლოებისა.

ხოლო დიუკლოსა 8 და მარშალ რიშელიეს 9 მეგობარ ქალს გული როგორ გაუძლებდა

8 შარლ პინო-დიუკლო (1704-1772) - მეორეხარისხოვანი ფრანგი ისტორიკოსი და მწერალი.


9 მარშალი რიშელიე (1696-1788) - ლუი XIII- ს მინისტრი კარდინალ რიშელიეს ბიძაშვილის შვილი.

20 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


რომ არ გამოეცნო ამ ახალგაზრდა ცოლ-ქმრის საიდუმლოება. ამ დროს ორივე ქალი
ალაყაფის კართან იდგა და მიმავალ ეტლს უყურებდა. ჟიულის მზერა არ გამოხატავდა
სიყვარულს იმ აზრით, როგორც ეს მარკიზის მეუღლეს ესმოდა. ეს პატივსაცემი მანდილოსანი
წარმოშობით პროვანსიდან იყო და მგზნებარე ვნებიანობა ახასიათებდა.

— როგორ გაებით ჩემი ცუღლუტი ძმისწულის მახეში? — ჰკითხა მან რძალს.

ჟიული უნებურად შეკრთა, რადგან ამ მოკეკლუცო ბებერს კილოსა და გამოხედვაზე


შეატყო, რომ ვიქტორის ხასიათს უფრო კარგად იცნობდა, ვიდრე თვითონ ჟიული.
შეშფოთებული ქალბატონი დ’ეგლემონი უგერგილოდ ცდილობდა გულჩათხრობილი
ყოფილიყო, რაიცა უპირველესი თავშესაფარია ყველა უმწიკვლო და ტანჯული სულისათვის.
ქ-ნი ლისტომერი ჟიულის პასუხს დასჯერდა, მაგრამ სიხარულით გაიფიქრა, რომ ამ
მარტოობაში სიყვარულის საიდუმლოებით გაერთობოდა, რადგან ფიქრობდა, ამ ჩემს რძალს
უთუოდ რაღაც თავშესაქცევი სამიჯნურო კავშირი ექნება გაბმულიო. ქ-ნი დ’ეგლემონის სევდა
კი ვერ გაფანტა ვერც დიდმა სასტუმრო დარბაზმა, რომელსაც მოოქრულ ჩარჩოებში
ჩასმული შპალერი ჰქონდა გაკრული და ვერც მოგიზგიზე ბუხართან ჯდომამ, ჩინური შირმა
რომ ჰქონდა აფარებული გამკრავი ქარისგან თავდასაცავად. ან რა გაამხიარულებდა ამ
ბათქაშგადაცლილი ძველი ჭერის მორთულობისა და საუკუნოვანი ავეჯის შემყურეს. მაგრამ
ახალგაზრდა პარიზელმა ქალმა ერთგვარი სიხარული იგრძნო ამ განმარტოებულ კუთხეში
და პროვინციის ესოდენ დიდ სიწყნარეში რომ მოხვდა. ჟიული რამდენიმე სიტყვით
გამოესაუბრა მამიდას, რომელთანაც დაქორწინების შემდეგ წერილი ჰქონდა მიწერილი,
როგორც ეს მიღებული იყო. შემდეგ კი დადუმდა და ისე იჯდა, თითქოს ოპერის მუსიკას
უსმენდა. მხოლოდ ორი საათის დუმილის შემდეგ, რაიცა ტრაპისტ ბერების ღირსეული
საქციელი თუ იქნებოდა, მიხვდა, რა უზრდელად მოიქცა მამიდის წინაშე. გაიხსენა, რომ
მამიდას ყველა შეკითხვაზე საკმაოდ მშრალი პასუხი გასცა. ქვრივმა მარკიზის მეუღლემ კი
კეთილმოსურნეობის ინსტინქტის კარნახით, რაც ძველი დროის ადამიანებისათვის ესოდენ
დამახასიათებელია, ჟიულის უცნაურ საქციელს ანგარიში გაუწია და ქსოვას მიჰყო ხელი. ამ
ხანში რამდენჯერმე გავიდა ოთახიდან, რათა მიეხედა, როგორ უმზადებდნენ კონტესს „მწვანე
ოთახს“, ან როგორ ალაგებდნენ მსახურნი ბარგს. ახლა კი მოხუცი მანდილოსანი დიდ
სავარძელში იჯდა და ქვეშ-ქვეშ უყურებდა ახალგაზრდა ქალს. ჟიულიმ უხერხულობა იგრძნო,
რომ ამდენ ხანს დუმდა და ფიქრებში იყო წასული, ამიტომ შეეცადა ეს თავისი თავის
დაცინვით გამოესწორებინა.

— ჩემო გოგო, — მიუგო მამიდამ, — ჩვენ, ქვრივებს დარდის მეტი რა გვცოდნია!

21 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


შუახნისა უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომ მოხუცი მანდილოსნის მიერ გამოთქმული
აზრის ირონიას ჩასწვდომოდა. მეორე დღეს კონტესი თავს ბევრად უკეთესად გრძნობდა. მან
ენა ამოიდგა და ქ-ნ დე ლისტომერს უკვე ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ მალე მოიშინაურებდა
პატარძალს, რომელიც თავდაპირველად მიუკარებელი და გონებაშეზღუდული ეჩვენა. იგი
ესაუბრებოდა ქალაქის გასართობებზე; მეჯლისებზე და იმ ოჯახებზე, სადაც სტუმრობა
შეეძლოთ. იმ დღეს მარკიზის მეუღლის ყველა შენიშვნა უბრალო მახე იყო, რადგან მეფის
კარის ძველი ჩვეულების მიხედვით მას არ შეეძლო ნათესავი ქალის ხასიათის გამოსაცნობად
ყოველგვარი ხრიკები არ აემოქმედებინა. მარკიზის მეუღლე რამდენიმე დღეს დაჟინებით
თხოვდა ჟიულის, სადმე წავიდეთ გასართობადო, მაგრამ ქალი გადაჭრით უარზე იყო. და
თუმცა მოხუც მანდილოსანს დიდი სურვილი ჰქონდა ლამაზი რძლით საზოგადოებაში თავი
მოეწონებინა, ბოლოს უარი თქვა ამ განზრახვაზე. მარტოობის სურვილი და სევდიანი
განწყობილება მამიდამ იმით ახსნა, რომ ჟიულის მამა ახალი გარდაცვლილი ჰყავდა და ჯერ
ისევ ძაძებს ატარებდა. ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ ქვრივი მამიდა უკვე აღტაცებული
იყო ჟიულის ანგელოზისებური სინაზით, დიდებული უბრალოებით და შემწყნარებელი
ხასიათით. ამიტომ უფრო დიდი სურვილი გაეღვიძა გაეგო, რა იყო მიზეზი იმ იდუმალი
სევდისა, რაც ახალგაზრდა ქალის გულს ღრღნიდა. ჟიული ერთ-ერთი იმ ქალთაგანი იყო,
ვინც იმისთვისაა გაჩენილი, რომ ყველას მოსიყვარულე იყოს და ყველას ბედნიერება
მოუტანოს. მასთან ყოფნა ისეთი სასიამოვნო და ისეთი ძვირფასი გახდა ქ-ნ
ლისტომერისთვის, რომ ამ ქალმა გაგიჟებამდე შეიყვარა რძალი და უკვე ოცნებობდა
აღარასოდეს მოეშორებინა გვერდიდან: ერთი თვე საკმარისი გახდა, რათა ორ ქალს შორის
სამუდამო მეგობრობა დამყარებულიყო. მოხუცი ქალი გაოცდა ქ-ნი დ’ეგლემონის სახეზე
ცვლილებები რომ შენიშნა. თანდათანობით გაუქრა ქალს კანის ცხოველი ფერები და სახე
გაეცრიცა. თუმცა ჟიულიმ თავისი პირვანდელი მშვენიერება დაკარგა, სამაგიეროდ უფრო
მხიარული გახდა. ხანდახან ქვრივი მანდილოსანი ახერხებდა ახალგაზრდა ნათესავი ქალის
გამხიარულებას და მაშინ ჟიული გულიანად კისკისებდა, მაგრამ ისევ სწრაფად ეუფლებოდა
გულის გადამლევი რაღაც ფიქრები. მარკიზის მეუღლე მიხვდა, რომ არც გარდაცვლილი
მამის მოგონება და არც ვიქტორთან განშორება არ იყო მიზეზი იმ უღრმესი მელანქოლიისა,
მისი რძლის არსებობას რომ ამძიმებდა. ბოლოს იმდენი ცუდი ეჭვი დაებადა, რომ საერთოდ
გაუჭირდა მწუხარების ნამდვილი მიზეზის აღმოჩენა, რამეთუ ჭეშმარიტებას, შესაძლებელია,
მხოლოდ შემთხვევით მივხვდებით ხოლმე. ბოლოს, ერთ მშვენიერ დღეს, ჟიულის თითქოს
მთლად გადაავიწყდა, რომ გათხოვილი ქალი იყო და ისე გამხიარულდა, რომ მამიდა
განცვიფრებაში მოიყვანა ახალგაზრდული გულუბრყვილობით, სულიერი სიფაქიზით,
ბავშვური სიანცით, მთელი იმ დახვეწილი მახვილგონიერებით და ღრმა აზროვნების უნარით,

22 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


რითაც ფრანგი ქალიშვილები გამოირჩევიან. მაშინ კი ქ-მა დე ლისტომერმა გადაწყვიტა
გამოეცანცლა საიდუმლო ამ უცნაური ახალგაზრდა ქალისათვის, ვისი ესოდენ
ძალდაუტანებელი ქცევაც სრულიად მიუწვდომელ გულჩახვეულობას ეთანხმებოდა. საღამო
იყო. ქალები ფანჯარასთან ისხდნენ და ქუჩაში იყურებოდნენ. ჟიული ისევ ოცნებებში იყო
წასული. ქუჩაში იმდღევანდელმა მხედარმა ჩაიარა.

— აი, ესეც ერთ-ერთი თქვენი მსხვერპლია, — წარმოთქვა მოხუცმა მანდილოსანმა.


შეშფოთებულმა ქ-მა დ’ეგლემონმა მამიდას გაკვირვებით შეხედა.

— ეს გახლავთ ახალგაზრდა ინგლისელი, აზნაურიშვილი, პატივსაცემი არტურ ორმონი,


ლორდ გრენვილის უფროსი ვაჟი. საკმაოდ საინტერესო წარსული აქვს. 1802 წელს ექიმების
რჩევით მონპელიეში ჩამოვიდა და იმედი ჰქონდა, ამ ადგილის ჰავა მოარჩენდა ფილტვების
დაავადებისაგან, რამაც თითქმის სიკვდილის პირზე მიიყვანა. მაგრამ ომის დაწყებისთანავე,
როგორც ყველა მისი თანამემამულე, ისიც დააპატიმრეს ნაპოლეონის ბრძანებით. იმ
მტარვალს ხომ ისე არ შეუძლია ცხოვრება, რომ ერთთავად ომსა და დავიდარაბაში არ
იყოს. ყმაწვილმა კაცმა მოწყენილობისაგან თავის დასაღწევად თავისი ავადმყოფობის
შესწავლა დაიწყო, რომელიც განუკურნებლად მიაჩნდათ. თანდათან გაიტაცა ანატომიამ,
მედიცინამ და საერთოდ ასეთმა მეცნიერებებმა. ეს მეტად გასაკვირია წარჩინებული ადამიანის
მხრიდან, თუმცა სხვა მაგალითიც გვაქვს: რეგენტიც ხომ გაიტაცა ქიმიამ! ერთი სიტყვით, ბ-მა
არტურმა დიდ წარმატებას მიაღწია, რითაც მონპელიეს პროფესორებიც კი გააკვირვა.
მუშაობამ ამ კაცის ტყვეობაში ნუგეში სცა და თავიც სავსებით განიკურნა. ამბობენ, თითქოს
ორ წელიწადს არავის ელაპარაკებოდა, ცდილობდა თანაბრად ესუნთქა, ბოსელში ეძინა,
შვეიცარიიდან ჩამოყვანილი ძროხის რძეს სვამდა და წიწმატის მეტს არაფერს ჭამდაო. ახლა
ტურში ცხოვრობს და არსად არ დადის. ფარშავანგივით ამპარტავანია. მაგრამ თქვენ
ნამდვილად დაიპყარით მისი გული, რადგან, ცხადია, ჩემთვის არ აივლის და ჩაივლის ხოლმე
ჩვენი ფანჯრების ქვეშ დღეში ორჯერ მას მერე, რაც აქ ხართ... რა თქმა უნდა, შეყვარებულია
თქვენში!

ამ სიტყვებმა რაღაც ჯადოსნური ძალით იმოქმედა ჟიულიზე. მან ისე გაშალა ხელები
და ჩაიცინა, რომ საშინლად გააკვირვა მარკიზის მეუღლე. ჟიულის ჩამქრალ, ცივ მზერას
უნებურადაც კი არ გამოუხატავს არავითარი სიამოვნება, რასაც თვით ყველაზე მკაცრი
შეხედულების ქალი განიცდის იმის გაგონებაზე, რომ მისი სიყვარულით ვიღაც იტანჯება.
ჟიულის სახეზე ზიზღის გრძნობა გამოეხატა ძალიან მსგავსი შიშის ზარისა. ეს არ გავდა
სამყაროდან განდგომილებას ერთი საყვარელი ადამიანის გულისთვის. ასეთ შემთხვევაში

23 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


ქალი კიდევაც იცინის და კიდევაც ხუმრობს. არა, ჟიული ამ წუთში მოგაგონებდათ ადამიანს,
რომელშიც ჯერ ისევ ცოცხალია მოგონება ამასწინანდელი ხიფათისა და ეს უფლეთს გულს.
მამიდა უკვე მიმხვდარიყო, რომ რძალს არ უყვარდა მისი ძმისწული და დიდად განცვიფრდა,
როცა აღმოაჩინა, რომ მას საერთოდ არავინ უყვარდა. მარკიზის მეუღლე შეაძრწუნა იმ
აზრმა, რომ ჟიული უკვე იმედგაცრუებული იქნებოდა, რომ მისთვის, ალბათ, საკმარისი იყო
ერთი დღე, და შესაძლებელია, ერთი ღამეც, რათა დარწმუნებულიყო, როგორი არარაობაა
ვიქტორი.

„თუ კარგად გაიცნო, მისთვის უკვე ყველაფერი თავისთავად ცხადია, — ფიქრობდა


მარკიზის მეუღლე, — ჩემი ძმისწული მალე იგრძნობს ცოლ-ქმრობის ყველა სიძნელესო“.

მაშინ ქ-მა დე ლისტომერმა გადაწყვიტა მოექცია ჟიული და მისთვის ლუი XV-ის


საუკუნის შეხედულებები შთაეგონებინა. მაგრამ რამდენიმე საათის შემდეგ მიხვდა, რომ
ჟიულის იმ გარემოებათა გამო დაეუფლა სევდა, რომელნიც ესოდენ ხშირად გვხვდებიან
მაღალ საზოგადოებაში. ჟიული უეცრად ისევ ფიქრს მიეცა და ჩვეულებრივზე ადრე წავიდა
თავის ოთახში. როცა მოახლე ქალმა გახდა უშველა და ყველაფერი მიულაგა, იგი ბუხართან
მდგარ ყვითელ ხავერდგადაკრულ ტახტზე წამოწვა. ეს ის ძველებური ტახტი იყო, რომელიც
ადამიანისთვის ერთნაირად მოსახერხებელია, როგორც სიხარულში, ისე მწუხარებაში. ბევრი
იტირა, ბევრი იოხრა და იფიქრა. შემდეგ მაგიდა მიიწია, ქაღალდი ამოიღო და წერას შეუდგა.
სწრაფად გაიქცნენ საათები. ხვაშიადი, ამ წერილით რომ ვიღაცას ანდობდა, ეტყობოდა
ძვირად უჯდებოდა, რადგან ყოველ წინადადებაზე დიდხანს იჯდა ჩაფიქრებული. უეცრად
ცრემლები წასკდა და წერა შეწყვიტა. საათმა ორი დარეკა. დამძიმებული თავი
მომაკვდავივით მკერდზე ჩამოუვარდა. ხოლო, როცა თავი ასწია, მამიდა ისე მოულოდნელად
დაადგა თავზე, თითქოს რომელიღაც პერსონაჟი გადმოსულიყოს კედლის გობელენიდან.

— რა დაგემართათ, ჩემო გოგონა, — მიმართა მამიდამ, — რატომ არ გძინავთ აქამდე,


ან რისთვის ღვრით ცრემლებს მარტოდმარტო თქვენს ასაკში?

ქ-ნი ლისტომერი უბოდიშოდ ჩამოჯდა იქვე, რძალთან და დაწყებულ წერილს ხარბად


დაუწყო თვალებით ჭამა.

— თქვენს ქმარსა სწერთ?

— აბა, რა ვიცი, სად არის ჩემი ქმარი! — მიუგო კონტესმა.

24 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


მამიდამ წერილი აიღო და კითხვას შეუდგა. სათვალეც წინასწარი განზრახვით ჰქონდა
წამოღებული. მიამიტმა ქალმა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაანება მამიდას
წერილი. იმიტომ კი არ მოდუნებულა, რომ ღირსების გრძნობა არ გააჩნდა, ან რაიმე
დანაშაულის იდუმალი აზრები ქენჯნიდა. არა! მამიდამისი სწორედ იმ წუთში გაჩნდა მასთან,
როცა მისი სული სრულიად გამოფიტული იყო და როცა მისთვის ყველაფერი სულ ერთი
იყო, როგორც ცუდი, ისე კარგი, როგორც უთქმელობა, ისე გულის გადაშლა. ჟიულიმაც,
მსგავსად იმ სათნოებით აღსავსე ქალიშვილისა, ვინც საყვარელ კაცს ათვალისწუნებით
ექცევა, საღამოობით კი თავს მიტოვებულად გრძნობს და სევდიანია, მას ნატრულობს და
ოცნებობს ვინმეს გაანდოს თავისი განცდები, მოხუც მანდილოსანს უსიტყვოდ დაანება
მოეძრო ბეჭედი, რომელსაც ზრდილობის წესები დაუბეჭდავ წერილს ადებს. სანამ მარკიზის
მეუღლე კითხულობდა, ჟიული ჩაფიქრებული იჯდა.

„ჩემო ძვირფასო ლუიზა, საკვირველია, რომ ასე დაჟინებით მთხოვ პირობის


შესრულებას, რომელიც, შეიძლება, დაუფიქრებლად მივეცით ერთმანეთს ორმა
გულუბრყვილო ქალიშვილმა! მწერ, ვერ გამიგია, რატომ არაფერს მიპასუხებ ჩემს კითხვებზე
აგერ უკვე ექვსი თვეა. თუ შენთვის გაუგებარი იყო ჩემი დუმილი, დღეს ამას უსათუოდ
მიხვდები, როცა შეიტყობ საიდუმლოებას, რომელიც უნდა გაგიმჟღავნო. ამ საიდუმლოებას
სამუდამოდ ჩემს გულში დავმარხავდი, შენ რომ არ მოგეწერა, ამ ცოტა ხანში ვთხოვდებიო.
ესე იგი, თხოვდები, ლუიზა? ამის გაფიქრებაზე ტანში ჟრუანტელი მივლის. ჩემო საცოდავო,
გათხოვდი. გაივლის რამდენიმე თვე და მწარე სინანულად დაგრჩება მოგონება იმაზე, თუ
რანი ვიყავით ჩვენ უწინ. მაგალითად იმ საღამოს, როცა ეკუენში ორივენი მთაზე ავძვერით
იმ დიდ მუხებთან. გახსოვს, როგორ ვტკბებოდით იქიდან ჩვენს ფეხრთ გადაშლილი ველის
ცქერით, აღტაცებულნი შევყურებდით მზის ჩასვლას და მის სხივებში ვბანაობდით. მერე
ვეებერთელა ლოდზე ჩამოვსხედით. მაშინ ჩვენი გულები აღფრთოვანებამ მოიცვა, ხოლო
შემდეგ წყნარმა სევდამ შეცვალა. შენ პირველმა თქვი, ეს შორეული მზე მომავალზე
გვესაუბრებაო. რა ცნობისმოყვარენი, რა უგუნურნი ვიყავით მაშინ! გაგონდება თუ არა,
როგორ ვგიჟობდით? „შეყვარებულებივით ერთმანეთს გადავეხვიოთო“, — ვთქვით.
ერთმანეთს შევფიცეთ, რომ ვინც ჩვენგან პირველი გათხოვდებოდა, მეორეს გულახდილად
უამბობდა ჰიმენეის ყველა საიდუმლოებას იმ სიხარულზე, ჩვენს ბავშვურ სულს მაშინ ასე
წარმტაცად რომ ესახებოდა. იმ საღამოს მოგონება შემდგომში მუდამ გულს დაგისერავს,
ლუიზა. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, ლამაზი, უზრუნველი, ბედნიერიც კი იყავი. ქმარი სულ
ცოტა ხანში გადაგაქცევს იმად, რაც მე უკვე ვარ, — მახინჯ, სნეულ და მობერებულ ქალად.

სისულელეა ახლა იმაზე გელაპარაკო, თუ როგორ ვამაყობდი, თავს ვიწონებდი და


25 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE
მიხაროდა, რომ პოლკოვნიკ დ’ეგლემონს მივყვებოდი ცოლად. ვერც მოვახერხებდი ამის
მოყოლას, მაშინ ხომ საკუთარი თავიც კი აღარ მახსოვდა! სულ ცოტა ხანში ეს ჩემი ბავშვური
ოცნებანი სიზმრად იქცა. ჩვენი შეუღლების იმ საზეიმო დღეს, რომლის მთელი სიმძიმეც მაშინ
არ მესმოდა, საყვედურებიც კი მივიღე. მამაჩემმა არა ერთხელ მიმითითა თავი შემეკავებინა
სიხარულისაგან, რადგან მართლა დიდ სიხარულს ვამჟღავნებდი: ეს შეუფერებლად მიიღეს,
ხოლო ჩემი ლაქლაქი ულამაზო საქციელად ჩამითვალეს, სწორედ იმიტომ, რომ მასში
არაფერი იყო ცუდი. ათას ოინს ვიგონებდი საქორწინო კაბით, ლეჩაქით და ყვავილებით.
საღამოთი საწოლ ოთახში დიდის ამბით შემიყვანეს და როცა მარტო დავრჩი, ვფიქრობდი,
რა ოინი მომეგონებინა ვიქტორის გასაცინებლად. მის მოლოდინში გული ისე მიძგერდა
როგორც ბავშვობაში ამძგერებია, როცა ახალი წლის წინა ღამეს სასტუმრო ოთახში
ქურდულად შევპარულვარ იქ დახვავებული საახალწლო საჩუქრების სანახავად. ჩემი ქმარი
რომ შემოვიდა და ძებნა დამიწყო, საქორწინო ლეჩაქით ჩახშული ჩემი სიცილი უკანასკნელი
გაელვება იყო იმ შეუმღვრეველი მხიარულებისა ჩვენი ბავშვობის თამაშებს რომ
ასხივოსნებდა...“

როცა ქვრივმა მანდილოსანმა დაასრულა ამ წერილის კითხვა, რომელიც ალბათ,


მრავალ სამწუხარო დაკვირვებას შეიცავდა, სათვალე და წერილი აუჩქარებლად მაგიდაზე
დადო და რძალს მიაპყრო თავისი მწვანე თვალთა ნათელი მზერა, რომელიც მის ასაკს ჯერ
არ ჩაექრო.

— ჩემო პატარავ, — უთხრა მან, — უხერხულია, ქმრიანმა ქალმა ქალიშვილს ასეთი


წერილი მისწეროს, არ არის მიღებული...

— მეც აგრე ვფიქრობდი, — გააწყვეტინა ჟიულიმ მამიდას, — სანამ თქვენ წერილს


კითხულობდით, ჩემი თავისა მრცხვენოდა...

— თუ სუფრაზე რომელიმე კერძი არ მოგწონს, სხვას არ უნდა შევაზიზღოთ იგი, ჩემო


გოგონა, — განაგრძო მოხუცმა ქალმა გულკეთილად, — მით უმეტეს, რომ დაწყებული ევადან
ჩვენამდე ცოლ-ქმრობა საუცხოო რამედ ითვლება. დედა არა გყავთ? — ჰკითხა მან ჟიულის.

კონტეს ტანში გააჟრჟოლა. მერე თავი მშვიდად ასწია და მიუგო: — ბარემ ბევრჯერ
ვინანე ამ ერთ წელიწადში უდედობა. მე მაშინ შევცდი, მამაჩემის რჩევას ყური რომ არ
ვათხოვე, როცა ის წინააღმდეგი იყო ვიქტორს გავყოლოდი!

მან მამიდას შეხედა და როცა შეამჩნია, რომ მის მოხუც სახეს სიკეთის შუქი მოეფინა,

26 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


სიხარულისაგან ცრემლი შეუშრა. ქალმა მარკიზის მეუღლეს ხელი გაუწოდა, ისიც თითქოს
ამას ელოდა. როცა მათი თითები გადაეჭდნენ, მაშინ მიუხვდნენ ერთმანეთს.

— ჩემო საწყალო ობოლო გოგო!

ეს სიტყვები უკანასკნელი სინათლის შუქი იყო ჟიულისთვის. მას მოეჩვენა, თითქოს მამის
წინასწარმეტყველური ხმა შემოესმა.

— როგორ გიხურთ ხელები! ყოველთვის ასე გაქვთ? — ჰკითხა მოხუცმა მანდილოსანმა.

— ერთი კვირა იქნება, რაც ციებ-ცხელება მომეშვა, — მიუგო ჟიულიმ.

— როგორ ციებ-ცხელება გქონდათ და მე დამიმალეთ?

— უკვე ერთი წელიწადია ეს მჭირს, — თქვა ჟიულიმ და მის ხმაში რაღაც მორიდებული
წუხილი გაისმა.

— ესე იგი, ჩემო პატარა ანგელოზო, — განაგრძო მამიდამ, — ცოლ-ქმრობა თქვენთვის


დაუსრულებელი ჭირის თმენა ყოფილა!

ახალგაზრდა ქალმა პასუხი ვერ გაბედა, მაგრამ დასტურის ნიშნად თავი დახარა, რითაც
გამოამჟღავნა, როგორ წამებაში იყო.

— ალბათ უბედური ხართ?

— ოჰ, არა, მამიდაჩემო. ვიქტორს ვუყვარვარ, მაღმერთებს, მეც გაგიჟებით მიყვარს,


ვიქტორი ძალიან კეთილია!

— ჰო, გიყვართ, მაგრამ გაურბიხართ, ასრე არ არის?

— დიახ... ხანდახან... ხშირად ძალიან აგზნებულია.

— და ალბათ, როცა მარტო რჩებით, გეშინიათ ხოლმე უეცრად თავს არ დაგესხათ.

— ვაი, რომ ეგრეა, მამიდაჩემო, მაგრამ გარწმუნებთ, ვიქტორი ძალიან მიყვარს.

— თქვენ ალბათ, თავს აბრალებთ, რომ არ იცით, ან არ შეგიძლიათ გაინაწილოთ მისი


სურვილები? ალბათ, იმასაც ფიქრობთ ხანდახან, რომ კანონიერი სიყვარულის ტვირთი უფრო

27 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


მძიმეა, ვიდრე დანაშაულებრივი ვნებები.

— ჰო, სწორედ ეგრეა, — წარმოთქვა ჟიულიმ ტირილით. — თქვენ ყველაფერს


ხვდებით, რაც მე გამოცანად მეჩვენება. გრძნობები დამიჩლუნგდა, თავში აზრი აღარ
მიტრიალებს. ცხოვრება ჩემთვის სამძიმო გახდა. სულიერად დამაბეჩავა გაურკვეველმა შიშმა,
რაც გრძნობებს მიყინავს და მუდმივ გაოგნებაში მამყოფებს. ძალა არ შემწევს დავიჩივლო,
სიტყვა არ მყოფნის ჩემი დარდის გამოსახატავად. ვიტანჯები, მაგრამ მრცხვენია ჩემი ტანჯვისა,
როცა ვხედავ, რომ ვიქტორი ბედნიერია იმით, რაც მე მკლავს.

— სისულელეა, მიქარვაა ეგ ყველაფერი! — შესძახა მამიდამ, რომლის გამხმარი სახე


უეცრად სიხარულის ღიმილმა, მისი ახალგაზრდობის გარდასული სიხარულის ანარეკლმა
გამოაცოცხლა.

— თქვენც, თქვენც იცით! — შესძახა სასოწარკვეთით ახალგაზრდა ქალმა.

— მეც თქვენისთანა ვიყავი, — მკვირცხლად განაგრძო მარკიზის მეუღლემ. — კი


მაგრამ, ახლა, როცა ვიქტორს დაშორდით, ხომ ისევ დაწყნარდით. აღარც სიხარული გაქვთ,
მაგრამ აღარც იტანჯებით.

ჟიულის თვალები გაუფართოვდა, დაბნეულმა შეხედა მოხუც ქალს.

— ვხედავ, რომ ვიქტორი ძალიან გიყვართ, მაგრამ არჩევდით მისი და ყოფილიყავით,


ვიდრე ცოლი. გათხოვებამ არავითარი სიკეთე არ მოგიტანათ.

— დიახ, დიახ, მამიდა, მაგრამ რატომ იღიმებით ასე?

— ო, მართალი ხართ, ჩემო ბავშვო, რა დროს სიცილია. თქვენ შეიძლება მომავალში


ბევრი უბედურება გადაგხდეთ, თუ ჩემი მფარველობის ქვეშ არ აგიყვანეთ და თუ ჩემმა
გამოცდილებამ ვერ ამოხსნა თქვენი დარდების საკმაოდ უწყინარი მიზეზი. ის სულელი ჩემი
ძმისწული არ იმსახურებს თავის ბედნიერებას. ჩვენი სანუკვარი ლუი XV-ის მეფობაში
ახალგაზრდა ქალი თქვენს მდგომარეობაში რომ აღმოჩენილიყო, დაუყოვნებლივ
მოარჯულებდა თავის ქმარს. ეს ეგოისტი კი ხეპრესავით იქცევა! ამ გვირგვინოსანი ტირანის
სამხედრო პირნი ხომ ყველა გაუთლელები არიან! სიტლანქე დიდ თავაზიანობად მიაჩნიათ,
ქალებს არ იცნობენ, სიყვარული არ შეუძლიათ. ასე ჰგონიათ, აქაოდა, ხვალ შეიძლება
სიკვდილს პირისპირ შევხვდეთ, მოდი დღეს თავს ნება მივცეთ ბრიყვულად და უყურადღებოდ
მოვიქცეთო. უწინდელ დროში სიყვარულიც კარგი იცოდნენ და სიკვდილიც, თუ ეს საჭირო
28 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE
იყო. ჩემო რძალო, მე მას გარდავქმნი თქვენი გულისთვის. ბოლოს მოვუღებ იმ სამწუხარო,
მაგრამ, უნდა გითხრათ, საკმაოდ ბუნებრივ უთანხმოებას, რაც იქამდე მიგიყვანთ, რომ
ერთმანეთი შეგჯავრდებათ და გაყრას მოისურვებთ. ოღონდ თუ ეს ყველაფერი უფრო ადრე
არ მოგიღებთ ბოლოს, ვიდრე სასოწარკვეთილებამდე მიხვალთ.

ჟიული გაოცებული, გაშტერებული უსმენდა მოხუც ქალს. ის გააკვირვა სიტყვებმა,


რომელთა სიბრძნეს წინასწარ უფრო გრძნობდა, ვიდრე ესმოდა. იმან შეაკრთო, რომ ამ
მრავალნაცადმა ნათესავმა მისივე განაჩენი გაიმეორა ვიქტორის მიმართ გამოთქმული,
ოღონდ უფრო რბილ ფორმებში. შესაძლებელია, ქალი რაღაც წინათგრძნობით ხვდებოდა,
რა ელოდა მომავალში და უეჭველია, იმასაც გრძნობდა, რაოდენ მძიმე უბედურება
შეიძლებოდა დასტყდომოდა თავს. მან ცრემლები გადმოყარა და მოხუც ქალს ყელზე
შემოეხვია: — გთხოვთ, დედობა გამიწიოთ!

მამიდას არ უტირია, რადგან რევოლუციამ ძველი მონარქიის მომხრე ქალებს ცრემლი


აღარ დაუტოვა. ოდესღაც სიყვარულმა, ხოლო უფრო გვიან კი ტერორმა შეაჩვია ეს ქალები
ცხოვრების უმწვავეს პერიპეტიებს. ამიტომ ისინი ცხოვრების ყველა გარდატეხებში
ინარჩუნებდნენ ღირსების გრძნობას, და თუმცა ყველაფერს ღრმად განიცდიდნენ, გრძნობების
გადაშლას ერიდებოდნენ და ამის გამო ყოველთვის ეხერხებოდათ ეტიკეტის დაცვა, და ის
ერთგვარი კეთილშობილური თავშეკავება, რაზეც თანამედროვე ზნე-ჩვეულებებმა სულ ამაოდ
თქვეს უარი. ქვრივი მანდილოსანი ახალგაზრდა ქალს მოეხვია, შუბლზე ისე ნაზად და
კოხტად აკოცა, რაც უფრო ხშირად ასეთი ქალების ქცევის წესებიდან და ჩვეულებიდან
მომდინარეობს, ვიდრე მათი გულიდან; ტკბილი სიტყვებით მიეფერა რძალს, ბედნიერი
მომავალი უსურვა, დაეხმარა ლოგინში ჩაწოლილიყო, და სიყვარულის ათასგვარი
დაპირებით დააწყნარა საკუთარი, ძვირფასი შვილივით, რომლის იმედები და დარდები მისი
საკუთარიც არის. ახლა ის რძალში თავის თავს ხედავდა, — ახალგაზრდა, გამოუცდელ
ლამაზ ქალს. კონტესმა ბედნიერი გრძნობით ჩაიძინა იმიტომ, რომ შეხვდა მეგობარს, დედას,
რომელსაც დღეის შემდეგ ყველაფერს გაუზიარებდა. მეორე დილას, სწორედ იმ დორს, როცა
რძალი და მამიდა ერთმანეთს გადაეხვივნენ იმ უღრმესი გულითადი გრძნობითა და იმ
სიამტკბილობით, რაც ამოწმებდა, თუ რაოდენ გაძლიერდა გრძნობა, რა დიდი სულიერი
დაახლოება მოხდა ორ ადამიანს შორის, — ცხენის თქარათქური გაისმა; ორივემ ერთად
გაიხედა ფანჯარაში და დაინახეს ახალგაზრდა ინგლისელი, რომელმაც ჩვეულებისამებრ
აუჩქარებლად ჩაიარა სახლის წინ. მას თითქოს შეესწავლა ამ ორი განდგომილი ქალის
დღის წესრიგი და ყოველთვის მაშინ გამოჩნდებოდა ხოლმე, როცა საუზმობდნენ ან
სადილობდნენ. მის ცხენს გაფრთხილებაც არ სჭირდებოდა, თვითონვე ანელებდა ნაბიჯს.
29 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE
როცა ცხენი სასადილო ოთახის ორ ფანჯარას შუა მოექცეოდა, არტური ფანჯრებს სევდიანად
ახედავდა. ჟიული კი უმეტეს შემთხვევაში გულგრილად უყურებდა და საერთოდ არავითარ
ყურადღებას არ აქცევდა. მარკიზის მეუღლე ცნობისმოყვარეობას აეტანა, პროვინციაში ყველა
წვრილმანს ასე უთვალთვალებენ მოსაწყენი არსებობის ოდნავ გამოსაცოცხლებლად. ამ
ცთუნებას თვითონ ამაღლებული ჭკუის ადამიანებიც კი ვერ სძლევენ, მარკიზის მეუღლეს
ართობდა ინგლისელის მიერ უსიტყვოდ გამოხატული მოკრძალებული და ალალი
სიყვარული. არტურის დანახვა განსაზღვრულ საათებში მისთვის ჩვეულებად გადაიქცა და
მის გამოჩენას ყოველდღე ახალ-ახალი ოხუნჯობით აღნიშნავდა. სუფრასთან დაჯდომისას
ორივე ქალმა ერთდროულად შეხედა კუნძულის მცხოვრებს. ჟიულისა და არტურის თვალები
ერთმანეთს შეხვდა და ქალმა კაცის მზერაში იმდენი გრძნობა ამოიკითხა, რომ საშინლად
გაწითლდა. ინგლისელმა ცხენს მაშინვე დეზი ჰკრა და გააჭენა.

— ქალბატონო, — მითხარით, რა ვქნა? — მიმართა ჟიულიმ მამიდას, — მაგ


ინგლისელს ხალხი აქ ყოველ ცისმარე დღეს ხედავს და ეგონებათ, რომ მე...

— თავისთავად ცხადია, — გააწყვეტინა მამიდამ.

— ხომ არ ვუთხრა, მოიშალეთ ამ ქუჩაზე სეირნობა-მეთქი?

— ამით ვაფიქრებინებთ, რომ სახიფათო კაცად ვთვლით. ეგეც არ იყოს, რა უფლება


გვაქვს კაცს მისვლა-მოსვლა ავუკრძალოთ, სადაც მას მოეპრიანება? ხვალ ამ ოთახში ნუღარ
ვისადილებთ. როცა ეგ ყმაწვილი აქ ვეღარ დაგვინახავს, ფანჯრების საშულებით თქვენთან
მიჯნურობასაც შეწყვეტს. აი, ჩემო კარგო, ასე იქცევიან გამოცდილი მაღალი წრის ქალები.

მაგრამ ჟიულის ვაი-ვაგლახი ამით არ დამთავრებულა. ის იყო ორივე ქალი სუფრიდან


წამოდგა, რომ ოთახში მოულოდნელად ვიქტორის კამერდინერი შემოვიდა. ის მოვლითი
გზებით ბურჟიდან ჩამოსულიყო სასწრაფოდ და კონტესისთვის ქმრის წერილი ჩამოეტანა.
ვიქტორი ნაპოლეონის ჯარს განშორებოდა და ცოლს ატყობინებდა, იმპერატორის რეჟიმი
დაეცა პარიზი აღებულია და მთელი საფრანგეთი დიდის აღფრთოვანებით ზეიმობს
ბურბონთა დაბრუნებასო. მაგრამ თვითონ არ იცოდა, როგორ მიეღწია ტურამდე და ცოლს
სთხოვდა, რაც შეიძლება საჩქაროს წამოსულიყო ორლეანში, სადაც იმედი ჰქონდა საშვებს
უშოვიდა. კამერდინერს, ყოფილ სამხედრო კაცს, ჟიული ტიურიდან ორლეანში უნდა
გაეცილებინა იმ გზით, რომელიც ვიქტორის აზრით ჯერ თავისუფალი იყო.

— ქალბატონო, წუთის დაკარგვა არ შეიძლება, — მიმართა კამერდინერმა ჟიულის, —

30 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


პრუსიელები, ავსტრიელები და ინგლისელები აგერ-აგერ ბლუასთან ან ორლეანთან
შეერთდებიან...

ჟიული რამდენიმე საათში მოემზადა და გზას გაუდგა ძველი ეტლით რომელიც მამიდამ
ათხოვა.

— მოდით, თქვენც წამოდით პარიზში ჩვენთან ერთად, — უთხრა მან მოხუც ქალს
გამომშვიდობებისას. — ახლა, როცა ბურბონები ბრუნდებიან, თქვენ იქ იპოვით...

— ასე მოულოდნელად რომ არ დაძრულიყავით, იქნებ კიდეც წამოვსულიყავი, ჩემო


გოგონა, ვინაიდან ჩემი რჩევა-დარიგება თქვენთვისაც და ვიქტორისთვისაც ძალიან საჭიროა.
ამიტომ ყოველგვარ ღონეს ვიხმარ, რაც შეიძლება ჩქარა დაგეწიოთ.

ჟიული გაემგზავრა თავისი მოახლისა და მოხუცი ჯარისკაცის თანხლებით, რომელიც


ქალბატონის უსაფრთხოების დასაცავად ეტლს შორიახლო მიჰყვებოდა. ღამით, როცა
ბლუამდე მდებარე საფოსტო სადგურზე მივიდნენ, ჟიული შეაშფოთა ეტლის ხმაურმა,
რომელიც ამბუაზიდან მოყოლებული მის ეტლს მისდევდა. მან სარკმელში გაიხედა რომ
დაენახა, ვინ იყვნენ მისი მხლებლები. მთვარის შუქზე ჟიულიმ არტური დაინახა, რომელიც
კარეტისგან სამ ნაბიჯზე იდგა და თვალს არ აშორებდა. შიშისგან აკანკალებულმა კონტესმა
საჩქაროდ ეტლის სიღრმეში გადაიწია. როგორც თითქმის ყველა ნამდვილი სუფთა და
გამოუცდელი ქალი, ჟიული თავის თავს დამნაშავედ თვლიდა, რომ მამაკაცში
თავისდაუნებურად სიყვარული აღძრა. ინსტინქტურად შიშს გრძნობდა, რასაც მასში, ალბათ,
იმის შეგნება იწვევდა, თუ რაოდენ უძლურია ასეთი თავგანწირული შემოტევის წინაშე.
მამაკაცის ერთ-ერთ უძლიერეს იარაღს ქალისათვის საშიში უპირატესობა წარმოადგენს, რომ
საკუთარი პიროვნებით შეუძლია ქალის აზრები მთლიანად დაიპყროს. თუ თავისი ბუნებით
ესოდენ ცოცხალი ქალის ფანტაზია უკან დევნით არის შეშინებული ან შეურაცხყოფილი.
კონტესმა მამიდამისის რჩევა გაიხსენა და გადაწყვიტა მოგზაურობის დროს ეტლიდან თავი
არ გამოეყო. მაგრამ მას ყოველ სადგურზე ესმოდა, როგორ უვლიდა გარშემო ინგლისელი
ორივე ეტლს. გზაში კი მისი ეკიპაჟის აბეზარი ხმაური განუწყვეტლივ ყურში ედგა. ჟიული
თავს იმით იმშვიდებდა, რომ მალე ქმარს შეხვდებოდა და ის დაიცავდა ამ ახირებული
მდევნელისაგან.

„იქნებ, ეს კაცი სულაც არ არის ჩემში შეყვარებული?“

ეს აზრი ყველაზე ბოლოს დაებადა ჟიულის. ორლეანში მისვლისას მისი საფოსტო

31 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


ეტლი პრუსიელებმა შეაჩერეს, ერთი ფუნდუკის ეზოში შეიყვანეს და ჯარისკაცები დაუყენეს
ყარაულად. წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელი იყო. პრუსიელები მოგზაურთ ხელით
ანიშნებდნენ, სასტიკი ბრძანება გვაქვს მიღებული, არც ერთი კაცი არ გამოვუშვათ
ეტლებიდან. კონტესმა თითქმის ორი საათი ტირილით გაატარა ამ ტყვეობაში. მას გარს
ეხვივნენ ჯარისკაცები, რომლებიც თამბაქოს სწევდნენ, იცინოდნენ და წამდაუწუმ
შეურაცხმყოფელი ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდნენ. უეცრად ჟიულიმ დაინახა, რომ
ჯარისკაცები მოწიწებით გაშორდნენ მის ეტლს, რადგან ცხენების თქარათქური გაისმა. მალე
ეტლს გარს შემოეხვივნენ მაღალი წოდების პრუსიელი ოფიცრები, რომელთაც გენერალი
მეთაურობდა.

— ქალბატონო, — მიმართა გენერალმა ჟიულის, — მოგვიტევეთ. გაუგებრობა მოხდა.


შეგიძლიათ დაუბრკოლებლად განაგრძოთ გზა. აი, საშვი, რაც ამას იქით ყოველგვარ
უსიამოვნებას აგარიდებთ...

კონტესმა ქაღალდი აცახცახებული ხელით გამოართვა და რაღაც გაუგებარი სიტყვები


წაილუღლუღა. გენერლის გვერდით მან ინგლისელი ოფიცრის ტანისამოსში არტური
დაინახა, ეჭვს გარეშე იყო, ასე სწრაფად მისი წყალობით გაათავისუფლეს. ინგლისელის სახე
სიხარულსა და სევდას ერთნაირად გამოხატავდა, როცა მან ჟიულის მალვით თვალი
შეაპარა და მერე თავი იბრუნა.

საშვის მეშვეობით ქ-მა დ’ეგლემონმა პარიზს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე


მიაღწია; იქ შეხვდა ქმარს, რომელიც იმპერატორის ერთგულების ფიცისგან
გათავისუფლებულიყო და დიდის მოწონებით მიეღო მეფის ნაცვლად დანიშნულ კონტ
დ’არტუას, ლუი XVIII-ის ძმას. ვიქტორ დ’ეგლემონმა მეფის მცველთა ამალაში მაღალი
თანამდებობა დაიკავა და გენერლის ჩინიც მიიღო.

მაგრამ იმ გაცხარებულ დღესასწაულებში, რითაც ბურბონთა დაბრუნება აღინიშნებოდა,


ერთი დიდი უბედურება დაატყდა ჟიულის თავს, რამაც მთელ მის ცხოვრებაზე იქონია
გავლენა: მან დაკარგა მარკიზის მეუღლე დე ლისტომერ-ლანდონი. მოხუცი მანდილოსანი
სიხარულმა გადაიტანა, როცა ტურში ჩასულმა ანგულემის დიუკი ისევ დაინახა, ტვინში
სისხლი ჩაექცა. ამგვარად, ადამიანი, ვისაც ასაკი ჯერ ისევ ნებას აძლევდა ჭკუაზე მოეყვანა
ვიქტორი, ერთადერთი ადამიანი, ვისაც ჭკვიანური რჩევებით შეეძლო თანხმობა დაემყარებინა
ცოლსა და ქმარს შორის,

— ახლა აღარ არსებობდა. ჟიულიმ დიდად განიცადა ამ დანაკარგის მთელი სიმძიმე.


32 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE
პირისპირ შერჩნენ ერთმანეთს ისა და მისი ქმარი. მაგრამ ახლაგაზრდა და მოკრძალებულ
ქალს ერჩია ტანჯვა მდუმარედ აეტანა და გამუდმებით არ ეწუწუნა. სრულყოფილი ხასიათი
ნებას არ აძლევდა თავიდან აეცილებინა ვალდებულებანი, ანდა ცდილიყო გამოერკვია
მწუხარების მიზეზი, რადგან ამ მწუხარების ბოლოს მოღება მეტად საჩოთირო საკითხების
შეხებას გამოიწვევდა: ჟიულის ეშინოდა, მისი ქალური კდემამოსილება არ შებღალულიყო.

რამდენიმე სიტყვა უნდა ითქვას იმაზე, თუ როგორ წარიმართა ბ-ნი დ’ეგლემონის


ცხოვრება რესტავრაციის დროს.

განა ჩვენ არ შევხვედრივართ ისეთ ადამიანს, ვისი სრული არარაობაც ამოუცნობ


საიდუმლოდ რჩება მის ნაცნობთა უმრავლესობისათვის? მაღალი მდგომარეობა,
წარჩინებული წარმოშობა, დიდი თანამდებობა, გარეგნული თავაზიანობა, თავშეკავებული
რჩევა, ან სიმდიდრის მომაჯადოებელი ძალა, — ეს ყველაფერი ისეთი საბურველია, რაც
დამკვირვებელს ხელს უშლის მის ინტიმურ სამყაროს ჩასწვდეს. ეს ადამიანები იმ მეფეებს
ჰგვანან, რომელთა ჭეშმარიტ სიდიადეს, ხასიათსა და ზნეს ვერასოდეს ვერავინ ამოიცნობს
და ვერ შეაფასებს, რადგან მათ ან ძალიან შორიდან, ან ძალიან ახლოდან ხედავენ. ეს
მოჩვენებითი ღირსებებით დაჯილდოებული პიროვნებანი იმის მაგივრად, რომ გესაუბრონ,
თქვენ გეკითხებიან, მათ უნარი აქვთ სხვები წამოსწიონ ავანსცენაზე, რათა თვითონ აარიდონ
თავი სხვას. ისინი განსაცვიფრებელი ხელოვნებით ამოძრავებენ ყოველ ადამიანს მისი
ვნებებისა და პატივმოყვარეობის ძაფებით და ამგვარად თამაშობენ ამ ადამიანებით. მათგან
თოჯინებს ქმნიან, ხოლო, როცა საკუთარ დონემდე დაამდაბლებენ, არარაობად მიიჩნევენ,
თუმცა სინამდვილეში ეს ადამიანები მათზე მაღლა დგანან. ასე აღწევს გამარჯვების ზეიმს
დაბალი, მაგრამ საკმარისად ურყევი გონება დიად, მჩქეფარე ჭკუაზე. ამგვარად, თუ გვინდა
ვიმსჯელოთ ამ არარაობათა შესახებ და ავწონოთ მათი უარყოფითი ფასი, უფრო ფაქიზი
ჭკუა უნდა გაგვაჩნდეს, ვიდრე ამაღლებული, უფრო მეტი მოთმინება გვქონდეს, ვიდრე
შორსხედვის უნარი, მეტი დახვეწილობა და ტაქტი, ვიდრე აზრთა კეთილშობილება და
სიდიადე. მაგრამ, მიუხედავად ამისა, რომ ეს უზურპატორები ათასნაირი ხრიკებით კარგად
ფარავენ თავიანთ სუსტ მხარეებს, მათთვის ფრიად ძნელია მოტყუება საკუთარი ცოლისა,
დედისა, შვილებისა და ახლო მეგობრებისა. ხოლო უკანასკნელნი მუდამ საიდუმლოდ
ინახავენ ამას, რადგან ეს სისუსტე ერთგვარად მათ საერთო ღირსებებსაც ეხება.

ხშირად ახლობლები ასეთ ადამიანებს ხელსაც უწყობენ, რათა საზოგადოებაში მათ


სასარგებლოდ ილუზია შეიქმნას. ასეთი ოჯახური შეთანხმების წყალობით მრავალ რეგვენს
აქვს მაღალი გონების ადამიანის სახელი, და ამით ხდება მათი გათანაბრება ჭეშმარიტად

33 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


მაღალი გონების ადამიანებთან, ვისაც ხშირად რეგვენის სახელი აქვს დამკვიდრებული.
ამგვარად, საზოგადოებაში ყოველთვის არის განსაზღვრული რაოდენობის მოჩვენებითი
ტალანტი. ახლა წარმოიდგინეთ, რა როლს თამაშობს ჭკუითა და გრძნობებით
დაჯილდოებული ქალი ამ ჯიშის მამაკაცთა წარმომადგენლის გვერდით. განა არ
შეგვიმჩნევია დარდით დამძიმებული და თავგანწირულებით აღსავსე ქალები, რომელთაც ამ
ქვეყანაზე არაფერი შეუცვლის სიყვარულითა და სინაზით სავსე გულს? როცა ასეთ საშინელ
მდგომარეობაში ძლიერი ნებისყოფის ქალი მოხვდება, მან შეიძლება დანაშაულში ჰპოვოს
გამოსავალი, როგორც ეკატერინე II-მ, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა ეკატერინე დიდად
არის წოდებული. მაგრამ რაკი ყველა ქალი მეფის ტახტზე არა ზის, მათი უმრავლესობა
განწირულია ოჯახური ვაი-ვაგლახის ასატანად, რაც ხშირად დაფარულია სხვისი
თვალისაგან, მაგრამ ამით კიდევ უფრო ძნელი ხდება. ხოლო ის ქალები, ვინც მიწიერ ნუგეშში
ჰპოვებენ გამოსავალს თავიანთი უბედურებიდან და ამავე დროს უნდათ ვალდებულებათა
ერთგულნიც დარჩნენ, ეს ხშირად მათთვის ერთი ჭირის მეორეთი შეცვლაა; ესენი ხშირად
გამოუსწორებელ შეცდომებს უშვებენ და თავიანთი სიამოვნებისთვის კანონებს არღვევენ. ეს
მოსაზრებანი შესანიშნავად ეფარდება ჟიულის ცხოვრების იდუმალებით მოცულ ამბავს.
ვიდრე ნაპოლეონის ძალაში იყო, კონტი დ’ეგლემონი, ისეთივე პოლკოვნიკი, როგორიც ბევრი
სხვა, ეს რიგიანი ადიუტანტი, რომელიც სახიფათო დავალებებსაც კი შესანიშნავად
ასრულებდა, უნიჭო რაიმე მნიშვნელოვანი სარდლობის გაწევაში, არავის შურს არ იწვევდა,
ჰქონდა მამაცი მეომრის სახელი, იმპერატორი მოწყალე თვალით უყურებდა და როგორც
სამხედროები იტყვიან ხოლმე უბრალოდ „კაი ბიჭი“ იყო. რესტავრაციამ მას მარკიზის ტიტული
დაუბრუნა და ისიც არ დარჩენილა უმადური: კონტი ბურბონებთან ერთად გენტში 10 გაიქცა.
მეფისადმი ამ თანმიმდევრულმა ერთგულებამ უარყო ჰოროსკოპი, რომელიც ერთ დროს
მისმა სიმამრმა უწინასწარმეტყველა ვიქტორს, ეგრე დარჩება სამუდამოდ პოლკოვნიკადო.

ბურბონთა მეორედ დაბრუნების შემდეგ გენერალ-ლეიტენანტის წოდებიანი, მარკიზის


ტიტულით, ბ-ნი დ’ეგლემონი ფრიად პატივმოყვარე განზრახვით განიმსჭვალა და პირობის
მიღება მოისურვა. მან გაზეთ „კონსერვატორის“ მრწამსი და პოლიტიკური მიმართულება
გაიზიარა, თუმცა დასამალი არაფერი ჰქონდა, საიდუმლოებაში გაეხვია, გაყოყოჩდა, ყველას
რაღაცას ეკითხებოდა, თვითონ კი ნაკლებს ლაპარაკობდა, და ყველამ ღრმად მოაზროვნე
კაცად ჩათვალა. თავი საკმაოდ თავაზიანად ეჭირა, მაღალი საზოგადოების ადამიანის
მანერებით აღიჭურვა, იჭერდა და იმეორებდა მზამზარეულ ფრაზებს, რაც მუდმივად იბეჭდება

10 1815 წელს, როცა ნაპოლეონი კუნძულ ელბადან საფრანგეთში დაბრუნდა, ლუი XVIII თვის დაახლოებულ პირთა თანხლებით
ფლანდრიაში, ქ. გენტში გაიქცა, სადაც ნაპოლეონის ტახტიდან მეორე გადადგომამდე დარჩა.

34 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


პარიზში და ხურდა ფულის როლს ასრულებს მაღალი იდეებისა და მოვლენების შეფასების
დროს. მაღალმა საზოგადოებამ ბატონი დ’ეგლემონი განათლებულ და გემოვნების მქონე
კაცად მიიჩნია. როგორც უაღრესად არისტოკრატიულ კაცს, მას ღირსეულ პიროვნებადაც
ასახელებდნენ. ზოგჯერ, თუ უწინდელივით უზრუნველი და მხიარული გახდებოდა ხოლმე,
ბევრს ეგონა ამ უაზრო და სულელურ ლაპარაკში რაღაც სერიოზული დიპლომატიური აზრი
იმალებაო.

— ეგ ხომ მხოლოდ იმას ლაპარაკობს, რისი თქმაც საჭიროდ მიაჩნია! — ამბობდნენ


ყოვლად წესიერი ადამიანები.

მარკიზ დ’ეგლემონი თავისი ნაკლოვანებებით ისევე კარგად სარგებლობდა, როგორც


თავისი ღირსებებით. მისმა სიმამაცემ საკმაოდ დიდი სახელი მოუტანა, რაც არასოდეს
დაკნინებულა, რადგან ჯარის სარდალიც არასოდეს ყოფილა. მისი ვაჟკაცური კეთილშობილი
გამომეტყველების სახე ყველას ჭკვიანური ეჩვენებოდა, მხოლოდ მისი ცოლი ხედავდა ამ
სახეზე ფარისევლობას. ყველა რომ ასე აქებდა მის მოჩვენებით ტალანტებს, მარკიზმა
დ’ეგლემონმა ბოლოს და ბოლოს თვითონაც დაიჯერა, რომ ყველაზე თვალსაჩინო
პიროვნება იყო; მეფის კარზე, სადაც თავისი გარეგნობის წყალობით შესძლო ყველასთვის
მოეწონებინა თავი, მისი სხვადასხვა ღირსებანი უყოყმანოდ იქნა მიღებული.

უნდა ითქვას, რომ საკუთარ ოჯახში ბ-ნ დ’ეგლემონს რიდით ეჭირა თავი, რადგან
ინსტინქტურად გრძნობდა ცოლის უპირატესობას, თუმცა ქალი გაცილებით ახალგაზრდა იყო.
ძალაუნებურმა პატივისცემამ გამოიწვია უჩინარი გავლენა და მარკიზის მეუღლეც
იძულებული გახდა ეს ეკისრა, თუმცა დიდხანს ცდილობდა აეცდინა ასეთი ტვირთი. იგი
თავისი ქმრის ერთადერთი მრჩეველი გახდა, განაგებდა მის საქმეებსა და მის ქონებას. ასეთი
გავლენა საწინააღმდეგო იყო ქალის ბუნებისა, მასში ერთგვარი დამცირების გრძნობას
იწვევდა და მისი წამების წყარო გახდა, რაც ქალმა გულში ჩაიმარხა. ჯერ ერთი, ჟიულის
ფაქიზი, წმინდა ქალური ინსტინქტი უკარნახებდა, რომ ბევრად უმჯობესია თვითონ
დამორჩილდე ნიჭიერ კაცს, ვიდრე რეგვენს უხელმძღვანელო, რომ ახალგაზრდა ცოლი,
რომელიც იძულებულია ქმრის მაგივრად იფიქროს და იმოქმედოს, არც კაცია და არც ქალი.
გარდა ამისა, ასეთი ქალი თავისი წმინდა ქალური ნიშნების უარყოფით ყველა ქალურ
ღირსებას კარგავს, სამაგიეროდ კი ვერ იღებს იმ პრივილეგიებს, რომელთაც ძლიერი სქესის
წარმომადგენლები კანონით ფლობენ. ქალის არსებობაში რაღაც მწარე დაცინვა იმალება.
ის ხომ იძულებული იყო თაყვანი ეცა უგულო კერპისთვის, მფარველობა გაეწია თავისი
მფარველისთვის, უბადრუკი არსებისთვის, რომელიც მისი დაუსრულებელი

35 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


თავგანწირულების სანაზღაუროდ მხოლოდ ქმრის ეგოისტურ სიყვარულს სთავაზობდა, მასში
მარტოოდენ ქალს ხედავდა და რომელმაც, კეთილი არ ინება თუ ვერ მოახერხა, — რაც
აგრეთვე მძიმე შეურაცხყოფაა, — თავის თავისთვის ეკითხა, რა შეადგენდა ცოლის სიხარულს
ან რა იყო მიზეზი ამ ქალის მწუხარებისა, ესოდენ მისი სულიერი გამოფიტვისა. როგორც
უმრავლესობა იმ ქმრებისა, რომლებიც მათზე ამაღლებული გონების უღელს გრძნობენ,
მარკიზიც თავისი თავმოყვარეობის ხსნას იმაში ეძებდა, რომ ცდილობდა ჟიულის სულიერი
სისუსტე მისი ფიზიკური სისუსტით აეხსნა. ყველას თანდასწრებით სიბრალულს გამოხატავდა
და ბედს უჩიოდა, ცოლად ჯანგატეხილი ქალი რად მარგუნაო. ერთი სიტყვით, თავი ისე
ეჭირა, თითქოს მსხვერპლი იყო, სინამდვილეში კი თვითონ გახლდათ ჯალათი. თავისი
უღიმღამო არსებობით გულდამძიმებული მარკიზის მეუღლე კი იძულებული იყო მუდამ
მომღიმარი სახით შეხვედროდა თავის სულელ მბრძანებელს, სევდის მომგვრელი სახლი
ყვავილებით შეემკო და ფარული ტანჯვისაგან გაფითრებულ სახეზე ბედნიერება გამოეხატა.
ამ ღირსების პასუხისმგებლობის გრძნობამ, ამ დიდსულოვანმა თვითგანდგომამ ახალგაზრდა
მარკიზის მეუღლეს შეუმჩნევლად გაუზარდა ქალური ღირსება, შეგნება სათნოებისა, რაც
თავდაცვის საშულებად გამოადგა მაღალი საზოგადოების საშიშროებათა წინააღმდეგ და
ბოლოს, თუ ჩვენ ამ არსების სულის ნაოჭებში შევაღწევთ, დავინახავთ, რომ შესაძლებელია
იმ გულის სიღრმეში ჩამარხულმა დარდმა, მისი პირველი სუფთა სიყვარული რომ
დააგვირგვინა, ვნებებისადმი სიძულვილი ჩაუნერგა. იქნებ, სწორედ ამიტომ ვერ შეიცნო
ჟიულიმ ვერც გატაცება, ვერც რაიმე აკრძალული, მაგრამ დამატკბობელი სიხარული, რაც
ზოგიერთ ქალს გონიერების კანონებს და სათნოების საფუძვლებს ავიწყებს, რასაც
საზოგადოება ემყარება. ჟიულიმ ხელი აიღო ყოველგვარ სიამოვნებაზე, როგორც აუხდენელ
ოცნებაზე და სასოწარკვეთა იმ წყნარი ჰარმონიის მოპოვებაზე, რაც ცხოვრების სიბრძნეში
გამოცდილმა ქ-მა დე ლისტომერ-ლანდონმა უწინასწარმეტყველა. ის მორჩილებით ელოდა
თავისი ტანჯვის დასასრულს იმ იმედით, აქაოდა, ახალგაზრდობაშივე მოვკვდებიო. ტურენში
დაბრუნების შემდეგ ჟიულის ჯანმრთელობა თანდათან უარესდებოდა და ეჩვენებოდა, რომ
ცხოვრება მწუხარების მეტი არაფერია. მაგრამ მის მწუხარებაში რაღაც სილაზათეც იყო, მისი
ავადმყოფობა კი, ერთი შეხედვით განცხრომას ჰგავდა და ზერელე ადამიანებს შეიძლებოდა
მოსჩვენებოდათ, რომ ეს მოკეკლუცო ქალის ჟინიანობა იყო. ექიმებმა მარკიზის მეუღლეს
ადგომა აუკრძალეს და ისიც დივანზე მწოლიარე მის გარშემო მყოფი ყვავილებივით
ყოველდღიურად ზეზეულად ჭკნებოდა. ისე დასუსტდა, რომ შინიდან ვერ გადიოდა სუფთა
ჰაერზე სასეირნოდ. მხოლოდ დახურული ეტლით გამოდიოდა. გარშემორტყმული
ფუფუნებისა და თანამედროვე წარმოების ყველა საოცარი მიღწევებით, ის უფრო
ყველაფრისადმი გულგრილ დედოფალს წააგავდა, ვიდრე ავადმყოფს. მეგობრები

36 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


თანაგრძნობით ეპყრობოდნენ მის მწუხარებას და უძლურებას, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ
მუდამ შინ იყო, მისი მდგომარეობის გაუმჯობესების იმედი ჰქონდათ, ხშირად ნახულობდნენ
და ათასნაირი წვრილ-წვრილი ამბები მოჰქონდათ, რაც ასე რიგად ამრავალფეროვნებს
პარიზულ ცხოვრებას. და თუმცა მისი შავი სევდა ღრმა და ნამდვილი იყო, ეს მაინც უფრო
ფუფუნების მელანქოლია გახლდათ. მარკიზ დ’ეგლემონის მეუღლე იმ მშვენიერ ყვავილს
წააგავდა, რომლის ფესვსაც შავი ჭია გასჩენოდა. ხანდახან ისიც გადიოდა საზოგადოებაში,
მაგრამ არა იმისთვის, რომ თვითონ უნდოდა, არამედ იმიტომ, რომ მისი ქმრის პატივმოყვარე
ზრახვებისთვის იყო საჭირო. ხშირად, იმის გამო, რომ კარგად მღეროდა, ტაშიც დაუკრავთ
მისთვის, რაც ესოდენ ეამება ხოლმე ახალგაზრდა ქალს; მაგრამ რაში სჭირდებოდა
წარმატებები, რაც ვერ ანუგეშებდა ვერც მის გრძნობებს და ვერც მის იმედებს? მის ქმარს
მუსიკა არ უყვარდა. ჟიული ყოველთვის თავს უხერხულად გრძნობდა სასტუმრო დარბაზებში,
სადაც მისი სილამაზის გამო აღტაცებითა და ინტერესით შეჰყურებდნენ. ჟიულის
მდგომარეობა მაღალ საზოგადოებაში ერთგვარ მკაცრ სიბრალულსა და სევდიან
ცნობისმოყვარეობას აღვიძებდა. ისეთი სენი შეეყარა, რაც ხშირად მომაკვდინებელია და
ქალები ერთმანეთს ჩურჩულით გაანდობდნენ ხოლმე. ამ სენის სახელწოდება ჩვენს ენაში
ჯერ არ არის მოგონილი. მიუხედავად იმისა, რომ ჟიულის ცხოვრება დუმილის საბურველით
იყო დაფარული, მაინც არავისთვის იყო საიდუმლო მისი ტანჯვის მიზეზი. ეს გათხოვილი
ქალი მუდამ ქალიშვილივით მორცხვობდა, როცა უყურებდნენ გაწითლება რომ არ შეემჩნია,
ცდილობდა ეცინა, მხიარული ყოფილიყო, თუმცა ეს მხიარულება არაბუნებრივი იყო. ყველას
არწმუნებდა თავს კარგად ვგრძნობო, ან წინასწარვე, ვიდრე მის ჯანმრთელობას იკითხავდნენ,
რაიმე მიამიტი ტყუილით სიტყვას ბანზე უგდებდა მოსაუბრეს. ამასობაში, 1817 წელს ერთმა
მოვლენამ დიდად შეუწყო ხელი ჟიულის სავალალო მდგომარეობის გამოსწორებას. მას
გოგონა შეეძინა და მოისურვა თვითონვე მიეცა ძუძუ ბავშვისთვის. ორი წლის განმავლობაში
თავდავიწყებულმა, სასიხარულო მღელვარებამ, რაც დედობრივ მზრუნველობას მოაქვს
ქალისთვის, ჟიულის თავისი უბედურება ცოტათი გადაავიწყებინა. ძალაუნებურად დაშორდა
ქმარს. ექიმებმა ჯანმრთელობის გაუმჯობესება უწინასწარმეტყველეს, მაგრამ მარკიზის
მეუღლემ ეს სავარაუდო წინასწარმეტყველება არ ირწმუნა. როგორც ცხოვრებით
გულგატეხილი ყველა ადამიანი, ისიც მხოლოდ სიკვდილში ელოდა ბედნიერ დასასრულს.

1819 წლის დამდეგს ჟიულის ცხოვრება ისეთი სამძიმო გახდა, როგორც არასოდეს. იმ
დროს, როცა ჟიული შედარებით სიმშვიდით ხარობდა, რისი მოპოვებაც შესძლო, მის წინაშე
საშინელი უფსკრული გაიხსნა: ქმარი თანდათან გადაეჩვია. ამ ისედაც უკვე საკმაოდ
შენელებული ეგოისტური გრძნობების მთლად გაციებას შეიძლებოდა ბევრად უფრო დიდი

37 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


უბედურება დაეტეხა ჟიულისთვის, ვიდრე თავისი ალღოთი და კეთილგონიერებით
შესძლებდა გაეთვალისწინებინა. თუმცა დარწმუნებული იყო სამუდამოდ ვიქტორის
მბრძანებელი იქნებოდა და საბოლოოდ ჰქონდა მოპოვებული მისი პატივისცემა, მაგრამ
მაინც იმის შიშში იყო, ვაითუ ვნებებმა ბოლოს და ბოლოს დასძლიოს ესოდენ უშინაარსო
და წინდაუხედავი ამპარტავანიო. მეგობრებს ჟიული ხშირად ღრმა ფიქრებში წასული
ხვდებოდა. ნაკლებად გამჭრიახი ხუმრობით ეკითხებოდნენ მოწყენილობის მიზეზს, თითქოსდა
ყმაწვილი ქალი ყოველთვის მხოლოდ ფუქსავატ რამეებზე ფიქრობდა, თითქოს ოჯახის
დედას არ შეუძლია ჰქონდეს რაიმე ღრმა დამაფიქრებელი აზრები. მაგრამ უბედურებაცა და
ბედნიერებაც ხომ ერთნაირად ჰგვრის ადამიანს ოცნებებს. თავის პატარა ელენთან თამაშის
დროს ჟიული ბავშვს ხშირად პირკუშტად შეჰყურებდა და დუმილით უპასუხებდა მის ბავშვურ
შეკითხვებს, რაც ჩვეულებრივად ესოდენ დიდ სიხარულს ჰგვრის დედებს; რადგან ერთთავად
იმაზე ფიქრობდა, თუ რა ცხოვრებას უმზადებდა მის შვილს აწმყო და მომავალი. თვალები
ცრემლით ევსებოდა, როცა რაიმე მოგონება ტუილრის ბაღის აღლუმს გაახსენებდა. მამამისის
წინასწარმეტყველური სიტყვები ისევ და ისევ ყურში ედგა და სინდისი ქენჯნიდა, რომ თავის
დროზე ეს ბრძნული სიტყვები არ იწამა. მთელი მისი უბედურება იმ ერთი ურჩობიდან
მომდინარეობდა და ხშირად ვერც კი გაეგო, რომელი ჭირი იყო უარესი. ახლა არამცთუ მისი
საუცხოო სულიერი სიმდიდრე არ იყო დაფასებული, არამედ ისიც კი ვერ მოახერხა
ვერასოდეს, ქმრისთვის თვით ყველაზე უბრალო ცხოვრებისეული ამბები გაეგებინებინა. იმ
დროს, როცა მის სულში იფურჩქნებოდა და მაგრდებოდა სიყვარულის ძალა, დიდი
მორალური და ფიზიკური განცდები კლავდნენ მასში ნებადართულ, ცოლ-ქმრულ
სიყვარულს. გარდა ამისა, ქმარი მას იმ სიბრალულს უღვიძებდა, რაც ძალიან წააგავს ზიზღს.
ეს კი თანდათან ასუსტებს ყველა სხვა გრძნობას. ბოლოს, მეგობრებთან საუბარს ან იმ
მაგალითებს, რომელთაც მაღალი საზოგადოება ყოველ ნაბიჯზე სთავაზობდა, რომ არ
დაერწმუნებინა, თუ რა დიდი ბედნიერების მოტანა შეუძლია სიყვარულს, — მისი საკუთარი
ტკივილებიც მიახვედრებდნენ, რაოდენ ღრმა და სპეტაკია სიხარული, რომელმაც მონათესავე
სულები უნდა შეახვედროს. მის მეხსიერებაში აღბეჭდილი წარსულის სურათებში არტურის
ალალი სახე ყოველდღე უფრო მშვენიერად და უფრო სპეტაკად ესახებოდა, მაგრამ
სწრაფწარმავალი იყო, რადგან ამ მოგონებაზე შეჩერებას ვერ ბედავდა. ახალგაზრდა
ინგლისელის მშვიდი და უსიტყვო სიყვარული მისი გათხოვების დღიდან ერთადერთი
მოვლენა იყო, რამაც მის დარდიან ობოლ გულში ნეტარების კვალი დატოვა. შესაძლებელია,
ყველა გაცრუებული იმედები, ყველა აუსრულებელი ოცნებანი, თანდათანობით რომ
ანაღვლიანებდნენ ჟიულის სულს, ერთგვარი ფანტაზიის წყალობით ამ კაცისაგან
მომდინარეობდა, ვისი მანერები, გრძნობები და ხასიათი თითქოს ასე წააგავდნენ მისას.

38 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


მაგრამ ფიქრები მასზე სიზმარს ჰგავდნენ, ჰგავდნენ ოცნებას. ეს აუცხადებელი სიზმრები
მუდამ ოხვრით მთავრდებოდა და ჟიული კიდევ უფრო უბედური იღვიძებდა და კიდევ უფრო
მწვავედ განიცდიდა ამ გაუმჟღავნებელ დარდებს, რადგან ისინი მოჩვენებითი ბედნიერების
ფრთის ქვეშ თვლემდნენ. ხანდახან მის ჩივილში თავაწყვეტილი, გაბედული კილოც ისმოდა
და მაშინ მას ცხოვრებით სურდა დატკბობა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა ეს. კიდევ უფრო
ხშირად ხდებოდა, რომ საოცრად უგულისყუროდ უსმენდა მოსაუბრეს, არაფერი ესმოდა და
ან ისეთი ბუნდოვანი არეულ-დარეული აზრები უტრიალებდა თავში, რომ მათ გამოსახატავად
სიტყვებსაც ვერ პოულობდა. თავის ყველაზე სანუკვარ სურვილებს, ზნეობრივ წარმოდგენებსა
და ქალწულებრივ ოცნებებში შებღალული ქალი იძულებული იყო ცრემლები დაეღვარა.
რომ ეჩივლა, ვისთან ეჩივლა? ვინ გაუგებდა რამეს? ესეც არ იყოს, ჟიული იმ უკიდურესი
ქალური სინატიფით, გრძნობათა იმ სისპეტაკით იყო დაჯილდოებული, რაც ქალს უფლებას
არ აძლევს ზედმეტად იწუწუნოს, თავისი უპირატესობით ისარგებლოს, თუ გამარჯვება
გამარჯვებულისთვისაც და დამარცხებულისთვისაც ერთნაირადაა დამამცირებელი. ჟიული
ცდილობდა თავისი ნიჭი, თავისი საკუთარი უპირატესობანი ბ-ნი დ’ეგლემონისთვის მიეწერა
და დიდად თავს იწონებდა არარსებული ბედნიერებით. მთელ თავის ქალურ ეშმაკობას იმას
ახმარდა, რომ ვიქტორის თავმოყვარეობა არ შეელახა, მაგრამ ამაოდ, ეს მხოლოდ
აძლიერებდა ქმრის დესპოტიზმს. დრო და დრო თითქოს ისე ათრობდა უბედურება, რომ
აღარაფერზე ფიქრობდა, თავგზას კარგავდა; საბედნიეროდ, ჭეშმარიტი ღვთისმოსაობა მუდამ
ზეამაღლებულ იმედებს უნერგავდა. ის შვებას პოულობდა მომავალ ცხოვრებაზე ოცნებაში
და მთელი რწმენა ისევ და ისევ უმსუბუქებდა მძიმე უღელს. არავის ესმოდა ეს საშინელი
ბრძოლა, ეს შინაგანი ტკივილები, არავინ გამხდარა მოწმე მისი დაუსრულებელი კაეშნისა.
ძეხორციელს არ უნახავს ჟიულის დაბინდული მზერა, მარტოობაში ფარულად დაღვრილი
მწარე ცრემლები.

კრიტიკული მდგომარეობის საშინელება, სადამდისაც მარკიზ დ’ეგლემონის მეუღლე


გარემოებამ მიიყვანა, მისთვის განსაკუთრებულად ცხადი გახდა 1820 წლის იანვრის ერთ
საღამოს. როცა ცოლ-ქმარი ზედმიწევნით კარგად იცნობენ ერთმანეთს, როცა მათ
ერთმანეთისადმი ხანგრძლივი ჩვევა აკავშირებს, როცა ქალს უნარი შესწევს განმარტოს
თავისი ქმრის თვით უმცირესი მოძრაობაც და შეუძლია ჩასწვდეს ქმრისგან დამალულ
გრძნობებსა და ფიქრებს, მაშინ ხშირად ხდება, რომ თუნდაც შემთხვევით და
წინასწარგანუსაზღვრელი ჩაფიქრებისა და ერთგვარი დაკვირვების გარეშე, უეცრად
ყველაფერს ახალი შუქი მოეფინება. ქალი ხშირად დაინახავს, რომ მოულოდნელად
უფსკრულის პირად ან უფსკრულის ფსკერზე აღმოჩნდა. და აი, მარკიზის მეუღლეც, რომელიც

39 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


ხანგრძლივი დროის განმავლობაში ბედნიერად თვლიდა თავს მარტო, მიხვდა თავის
მარტოობის საიდუმლოს: მისდამი ცვალებადი თუ გულმოყირჭებული, სულგრძელი თუ
სიბრალულით აღსავსე ქმარი მას აღარ ეკუთვნოდა. ამ წუთში ჟიული თავის თავზე აღარ
ფიქრობდა, აღარ ფიქრობდა თავის განცდებზე, თავის მსხვერპლზე. ახლა დედა იყო და
თავისი პირმშოს მომავლით, მისი ბედნიერებით ცხოვრობდა. ის სულდგმულობდა თავისი
გოგონათი, მისი გულის გამხარებელი ერთადერთი არსებით. პატარა ელენი, მხოლოდ ის
იყო საუნჯე ცხოვრებასთან რომ აკავშირებდა. ჟიულის ამიერიდან იმისთვის სწადდა
ცხოვრება, რომ შვილი საშინელი ხვედრისაგან დაეცვა: ფიქრობდა, დედინაცვალი დაღუპავს
ამ ძვირფას არსებასო. პირქუში მომავლის ახალმა წინათგრძნობამ ჟიული ისეთ მტანჯველ
ფიქრებში ჩააგდო, რის შედეგადაც ადამიანი შეიძლება რამდენიმე დღით დაბერდეს. ამის
შემდეგ მასა და მის ქმარს შორის ფიქრთა მთელი სამყარო იშლებოდა, და ამ ტვირთის
ზიდვა მხოლოდ ჟიულის აწვებოდა ზურგზე. მანამდე დარწმუნებული იყო, ვიქტორს იმდენად
ვუყვარვარ, რამდენადაც ამის უნარი შესწევსო და თავს სწირავდა ბედნიერებას, რომელსაც
თვითონ არ ინაწილებდა. და აი, დღეს ჟიული უკვე აღარ გრძნობდა კმაყოფილებას იმით,
რომ მისი ცრემლები სიხარულს ანიჭებდა მის ქმარს, ის მარტო იყო მთელს ქვეყანაზე და
ერთადერთი ისღა დარჩენოდა, — ამდენ ჭირთაგან უმცირესი აერჩია. იმ დროს, როცა
შუაღამის სიმშვიდესა და დუმილში სასოწარკვეთილებამ მოიცვა და მთლად მიეხადა ღონე,
როცა თითქმის უკვე ჩაღველფილ ბუხართან მჯდომი სავარძლიდან ადგა, თვალი შეიმშრალა
და ლამპის შუქზე თავისი გოგონას დასახედად გაემართა, ბ-ნი დ’ეგლემონი ძალიან მხიარულ
გუნებაზე დაბრუნდა შინ. ჟიულიმ ქმარი მძინარე ელენთან მიიყვანა, რათა მისი ცქერით
გაეხარებინა, მაგრამ მან ცოლის აღფრთოვანებას გაცვეთილი ფრაზებით უპასუხა: — მაგ
ასაკში ყველა ბავშვი მშვენიერია.

მერე შვილს შუბლზე გულგრილად აკოცა, აკვნის ფარდა ჩამოუშვა, ჟიულის შეხედა,
ხელი მოკიდა და იმ დივანთან მიიყვანა, სადაც ქალი იჯდა საზარელ ფიქრებში ჩაფლული.

— რა მშვენიერი ხარ დღეს, ქალბატონო დ’ეგლემონ — შესძახა ვიქტორმა მხიარულად,


რასაც ჟიული უკვე ვეღარ იტანდა, რადგან მისთვის კარგად იყო ნაცნობი ქმრის ფუჭი
სიტყვები.

— სად გაატარეთ საღამო? — ჰკითხა ჟიულიმ ქმარს მოჩვენებითი გულგრილობით.

— ქალბატონ სერიზისთან.

ვიქტრომა ბუხრის თავიდან გამჭირვალე ეკრანი აიღო და ყურადღებით დაუწყო


40 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE
თვალიერება. მას ცოლის სახეზე არ შეუმჩნევია ცრემლების კვალი. ჟიული შეკრთა.
შეუძლებელია ენით აიწეროს, როგორ მოზღვავდა გრძნობები მის გულში. მაგრამ
იძულებული იყო თავი შეეკავებინა.

— მომავალ ორშაბათს ქალბატონი სერიზი კონცერტს მართავს და დიდი სურვილი


აქვს თავის სალონში გნახოს. ამდენი ხანია საზოგადოებაში არ გამოჩენილხარ. უნდა
აუცილებლად დაესწრო მის საღამოს. ქალბატონი სერიზი ხომ შესანიშნავი ადამიანია. შენ
ძალიან უყვარხარ. თუ წამოხვალ, ძალიან გამახარებ. თითქმის თანხმობა მივეცი შენს
მაგივრად...

— წამოვალ, — მიუგო ჟიულიმ.

მარკიზის მეუღლის ხმა, კილო და მზერა ისეთი არაჩვეულებრივი, ისეთი


გულშიჩამწვდომი იყო, რომ ვიქტორმა მიუხედავად ცოლისადმი გულგრილი
დამოკიდებულებისა, გაკვირვებით შეხედა. ყველაფერი ცხადი იყო. ჟიული მიხვდა, რომ ქ-ნი
სერიზი ის ქალია, ვინც ქმრის გული მოსტაცა. სასოწარკვეთილი ქალი გაირინდა
მოზღვავებულ ფიქრებზე, თითქოს ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლის ალს დააშტერდა. ვიქტორი
ისევ ეკრანს ატრიალებდა მოწყენილი და ისეთი კაცის იერი ჰქონდა, რომელიც სხვაგან
ბედნიერი იყო, შინ კი ამ ბედნიერებით მოქანცული დაბრუნებულიყო. მან რამდენჯერმე
დაამთქნარა, ცალი ხელით შანდალი აიღო, მეორე კი უხალისოდ ცოლს ყელზე მოხვია
საკოცნელად, მაგრამ ჟიული დაიღუნა და შუბლი მიუშვირა. მის შუბლზე აღიბეჭდა ეს
ჩვეულებრივი, მექანიკური, ფარისევლური კოცნა, რაც მუდამ ზიზღს იწვევდა ქალში. როცა
ვიქტორმა კარი გაიხურა, მარკიზის მეუღლეს ფეხები მოეკვეთა, ცრემლები წასკდა. ის
სავარძელში ჩაეშვა. ამგვარი სცენების სიმწარე ადამიანმა თვითონვე უნდა გამოსცადოს, რომ
მიხვდეს, რაოდენ ხანგრძლივ, საშინელ დრამას წარმოშობს იგი. მოკლე და უშინაარსო
ფრაზებმა, დუმილმა ცოლ-ქმარს შორის, მოძრაობამ, მზერამ, ბუხართან მდგომი ბატონი
დ’ეგლემონის თვით პოზამ, მისმა შესახედაობამ, როცა ცოლს ყელზე საკოცნელად
მიუახლოვდა, ყველაფერმა ბიძგი მისცა, რომ იმ საღამოს ტრაგიკული გარდატეხა
მომხდარიყო ჟიულის განმარტოებულ, მწუხარებით აღსავსე ცხოვრებაში. სასოწარკვეთილმა
ქალბატონმა იატაკზე ჩაიმუხლა, დივანში თავი ჩარგო, რომ აღარაფერი დაენახა და ცას
შესთხოვა ხსნა. ჟიულიმ ყოველდღიური ლოცვის სიტყვები ისე გულმხურვალედ წარმოსთქვა
და იმდენი ახალი აზრი ჩააქსოვა შიგ, მის ქმარს ეს რომ გაეგონა, სიბრალულით გული
დაეფლითებოდა. მთელი ერთი კვირის განმავლობაში ჟიული მომავალზე ფიქრით იყო
გართული, საშინლად იტანჯებოდა, თავის უბედურებას სწონიდა და ცდილობდა საშუალება

41 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


გამოენახა ისევ მოეპოვებინა ქმარზე გავლენა. თან ეს ისე გაეკეთებინა, რომ თავისი გული
არ მოეტყუებინა და შვილის ბედნიერების საკეთილდღეოდ დიდხანს ეცოცხლა. მან
გადაწყვიტა ბრძოლა გაეჩაღებინა თავის მეტოქესთან, საზოგადოებაში ხშირად
გამოჩენილიყო, იქ ებრწყინა, თავი ისე მოეჩვენებინა, თითქოს ქმარი უყვარს, თუმცა
სიყვარულს არ განიცდიდა, ყოველგვარი ქალური ხრიკებით მოეჯადოებინა, მერე კი, როცა
მის გულს მოინადირებდა, ისე ეტარებინა თავის ჭკუაზე, როგორც ამას ჭირვეული ქალები
სჩადიან, როცა თავიანთი საყვარლების წვალებაში უნდათ ჰპოვონ სიამოვნება. ეს საძაგელი
ფანდი ერთადერთი ხერხი იყო მისი სნეულების განსაკურნავად. ამგვარად, ჟიული
გახდებოდა თავისი განცდების ბატონ-პატრონი, საქმეს თავის ჭკუაზე წაიყვანდა, ნაკლებად
აჰყვებოდა გრძნობას. თან ქმარსაც ალაგმავდა, თავისი დესპოტური ნებისყოფით
დათრგუნავდა. ჟიულის არავითარი სინდისის ქენჯნა არ აწუხებდა, როცა ქმარს ესოდენ მძიმე
ყოფას უმზადებდა. თავისი ქალიშვილის გადასარჩენად ჟიული ერთბაშად გადაეშვა ცივსა
და უგრძნობელ ანგარიშებში. უეცრად ჩასწვდა ვერაგობას, სიცრუეს იმ ქალებისა, რომელთაც
არ უყვართ. ის მიხვდა, თუ რაოდენ მაცდური და არაადამიანურია ვერაგობა, რომელიც
მამაკაცს ქალის მიმართ უღრმეს სიძულვილს უღვივებს და ფიქრობს, თანდაყოლილი
მანკიერება აქვსო. ჟიული თვითონაც არ აძლევდა ანგარიშს თავს, რომ მის დედობრივ
სიყვარულს ქალური პატივმოყვარეობა, საკუთარი ინტერესი, სამაგიეროს გადახდის
ბუნდოვანი სურვილიც ერთვოდა. ეს ყველაფერი მას უბიძგებდა ახალ გზაზე, სადაც ახლა
სხვა უბედურებაც ელოდა. მაგრამ მისი ფაქიზი სული, დახვეწილი გონება და, რაც მთავარია,
ალალმართალი ბუნება ნებას არ მისცემდა დიდხანს ყოფილიყო საკუთარი სიცრუის მოზიარე.
ქალი შეჩვეული იყო, ყოველივე თავის თავში ამოეკითხა და როგორც კი ბიწიერებაში
პირველ ნაბიჯს შესდგამდა, — რამეთუ ეს ხომ სწორედ ბიწიერება იყო, — მასში ხმას
აიმაღლებდა სინდისი და აუცილებლად ჩაახშობდა ვნებებსა და ეგოიზმს. სინამდვილეში,
ახალგაზრდა ქალს ჯერ ისევ წმინდა გული აქვს, ხოლო სიყვარულის გრძნობა შეურყვნელი,
მისი დედობრივი გრძნობაც კდემამოსილების ხმას ექვემდებარება. და განა ქალი მთლიანად
კდემამოსილება არ არის? მაგრამ ჟიულის არ უნდოდა შეემჩნია არავითარი საფრთხე,
არავითარი შეცდომა თავისი ახალი ცხოვრების გზაზე. ჟიული ქ-ნ დე სერიზისთან მივიდა.
მეტოქეს ეგონა ფერმილეულ, დაუძლურებულ ქალს ნახავდა. მარკიზის მეუღლემ კი
ფერუმარილი წაისვა და მის წინაშე თავისი სილამაზის მთელი ბრწყინვალებით წარსდგა,
რასაც კიდევ უფრო მშვენიერს ხდიდა მისი საუცხოო ჩაცმულობა.

კონტეს დე სერიზი იმ ქალთა რიცხვს ეკუთვნოდა, რომელთაც წარმოდგენილი აქვთ,


რომ ისინი არიან პარიზის მოდისა და მაღალი საზოგადოების ტონის მიმცემნი. იმ წრეში,

42 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


სადაც ის იყო დედოფალი, უსიტყვოდ მისდევდნენ მის მიერ ნაკარნახევ კანონებს, და ეს
ქალიც ფიქრობდა, რომ მისი კანონები ყველგან სრულდებოდა. მას ეგონა, დახვეწილი
გონების პატრონი და უზენაესი მსაჯული იყო. ლიტერატურა იქნებოდა ეს, პოლიტიკა, ქალი
თუ კაცი, ყველას და ყველაფერს აკრიტიკებდა, ხოლო თავად ქ-ნი სერიზი თითქოს არაფრად
მიიჩნევდა სხვათა აზრს. მისი სახლი ყოველ მხრივ მაღალი გემოვნების ნიმუშს
წარმოადგენდა. კონტესის ელეგანტურსა და ლამაზი ქალებით სავსე დარბაზებში ჟიულიმ
გაიმარჯვა. გონებამახვილ, გამოცოცხლებულ, მხიარულ ჟიულის იმ საღამოს ყველა
გამოჩენილი მამაკაცი გარს შემოეხვია. მანდილოსნები დიდად გულნაკლულნი დარჩნენ,
როცა დაინახეს, რომ მისი ჩაცმულობა უზადო იყო. ყველამ შურით შეხედა, როგორი თარგის
კაბა ეცვა, რა მოყვანილობის კორსაჟი, რასაც ქალები ჩვეულებრივ რომელიმე უცნობი
მკერავის გენიას მიაწერენ, რადგან ურჩევნიათ უმალ მკერავის ოსტატობა ირწმუნონ, ვიდრე
იმ ქალთა მოხდენილობა და ტანადობა, ვინც ამ კაბებს ატარებს. როცა ჟიული წამოდგა და
როიალს მიუახლოვდა, რათა დეზდემონას არია შეესრულებინა, მამაკაცებმა ყველა
ოთახებიდან მოირბინეს მისი მშვენიერი, ამდენ ხანს მდუმარე ხმის გასაგონად და დარბაზებში
სრული სიმშვიდე ჩამოვარდა. მარკიზის მეუღლე საშინლად აღელდა, როცა დაინახა, რომ
ყველა კარში ხალხი იჭედებოდა და ყველა თვალი მისკენ იყო მიმართული. მან თვალებით
ქმარი მონახა, კეკლუცად თვალი ჩაუკრა და დიდად კმაყოფილი დარჩა, როცა შეამჩნია, რომ
მისი წარმატება ქმრის თავმოყვარეობას ესალბუნებოდა. ამ გამარჯვებით ბედნიერმა ჟიულიმ
მსმენელნი აღტაცებაში მოიყვანა Al piu salice-z 11 პირველი ნაწილით. არც მალიბრანს და
არც პასტას 12 ასეთი გრძნობითა და ასეთი სრულყოფილად არ შეუსრულებიათ ეს სიმღერა.
მაგრამ, როცა რეპრიზამდე მივიდა, ჟიულიმ დამსწრეთ თვალი მოავლო და უეცრად არტური
შენიშნა, რომელიც თვალმიშტერებით უყურებდა. ქალი შეკრთა და ხმა ჩაუწყდა.

ქ-ნი დე სერიზი ადგილიდან წამოხტა და ჟიულისკენ გაემართა.

— რა დაგემართათ, ჩემო კარგო? ოჰ, საცოდავი, რა ცუდად არის! ტყუილად კი არ


შევშინდი, როცა ისეთ საქმეს შეუდგა, რაც მის ძალას აღემატება...

არია შეწყდა. ჟიულიმ საშინლად იწყინა მარცხი, გაგრძელება ვეღარ გაბედა და


მოთმინებით მოისმინა ვერაგი მეტოქის თანაგრძნობის სიტყვები. მანდილოსნები ერთმანეთში
ჩურჩულს მოჰყვნენ. შემდეგ ეს შემთხვევა კარგად განიხილეს და დაასკვნეს, რომ ბრძოლა

11 „ტირიფის ქვეშ“ (იტალ.). - დეზდემონას არიის სიტყვები როსინის ოპერიდან „ოტელო“.


12 დეზდემონას პარტიას ბალზაკის დროს წარმატებით ასრულებდნენ იტალიელი მომღერალი ჯუდიტა პასტა (1798-1865) და ფრანგი
მომღერალი მალიბრანი (1808- 1836).

43 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


მარკიზის მეუღლესა და ქ-ნ სერიზის შორის დაიწყო, და დაუნდობელ ავყიობას მოჰყვნენ.
უეცრად აცხადდა ის უცნაური წინათგრძნობა, რაც ასე ხშირად აფორიაქებდა ჟიულის სულს.
როცა არტურზე ფიქრობდა, მას ახარებდა რწმენა, რომ ასეთი სანდომიანი და კეთილი სახის
კაცი თავისი პირველი სიყვარულის ერთგული რჩებოდა. ხშირად ისიც სიამოვნებას ჰგვრიდა,
რომ ლამაზი ვნების საგანი გახდა, ახალგაზრდა კაცის წმინდა და ნამდვილი ვნებისა,
რომლის ყველა აზრი საყვარელი არსებისადმია მიმართული, ყოველი წუთი მისთვისაა
მიძღვნილი, მუდამ გულმართალია, წითლდება ყველაფერზე, რაზეც ქალი წითლდება, ისევე
ფიქრობს, როგორც ქალი, არ ღალატობს და მასზეა მინდობილი, რომ სრულიად არ ზრუნავს
არც თავის პატივმოყვარეობაზე, არც სახელზე, არც სიმდიდრეზე. ჟიულის ოცნებაში ასე
წარმოედგინა არტური, რათა თავი გაერთო, ჟინი მოეკლა, ახლა კი უეცრად იგრძნო, რომ
მისი ოცნება ახდა. ჟიულიმ ახალგაზრდა ინგლისელის ქალურად ნაზ სახეზე ღრმა ფიქრის,
წყნარი სევდის და ბედისადმი მორჩილების ის მტანჯველი კვალი შენიშნა, რისი მსხვერპლი
თვითონაც იყო. მან თავისი თავი შეიცნო არტურში. გულგატეხილობა და ნაღველი
სიყვარულის ყველაზე მჭევრმეტყველი გამოხატულებაა და ერთი ტანჯულიდან მეორეს
არაჩვეულებრივი სისწრაფით გადაედება. შეყვარებულებს განვითარებული აქვთ ერთგვარი
შინაგანი მხედველობა, ზუსტად და სრულად კითხულობენ ერთმანეთის აზრებს და
ერთნაირად აღიქვამენ ყველა შთაბეჭდილებას. მაგრამ მარკიზის მეუღლე შეაძრწუნა იმ
აზრმა, თუ რა საშიშროება ელოდა მომავალში. ის მოხარული იყო, რომ შეეძლო თავისი
მღელვარება ჩვეულებისამებრ უქეიფობისთვის მიეწერა და წინააღმდეგობა აღარ გაუწევია
ქ-ნ დე სერიზის ცბიერი, თავშესაწყენი თანაგრძნობის შემოტევისთვის. სიმღერის შეწყვეტა
სტუმართა თვალში ისეთი მოვლენა იყო, რომ მასზე ათასნაირი მითქმა-მოთქმა დაიწყო.
ერთნი ჟიულის ბედს დასტიროდნენ და ჩიოდნენ, რომ ასეთი შესანიშნავი ქალი დაკარგულია
საზოგადოებისათვის, მეორენი კი ცდილობდნენ გამოეცნოთ მიზეზები მისი მწუხარებისა და
განმარტოებული ცხოვრებისა.

— ხედავ, საყვარელო რონკეროლ, — უთხრა მარკიზმა ქ-ნი დე სერიზის ძმას, — შენ


შეგშურდა ჩემი ბედნიერება, როცა ქ-ნი დ’ეგლემონი ნახე, და მისი ღალატი მისაყვედურე.
მაგრამ ჩემს ბედს ნაკლებ სახარბიელოდ ჩათვლიდი, ჩემსავით ორი წელიწადი რომ
გაგეტარებინა ამ ლამაზი ქალის გვერდით, ვისი ხელზე კოცნაც ვერ გამიბედია იმის შიშით,
ხელი არ მოვტეხო-მეთქი. ნუ გამოედევნები ფაქიზსა და ნაზ ნივთებს, რომლებიც მხოლოდ
შუშის ქვეშ გამოიყურებიან კარგად და ისეთი დღემოკლე და ძვირი არიან, რომ მუდამ უნდა
შევციცინებდეთ. განა შენი საუცხოო ბედაური, რომელსაც, როგორც ხალხი ლაპარაკობს,
დაჰკანკალებ, ეგრეთ ხშირად გამოგყავს თავსხმასა და თოვლში? ჩემი მდგომარეობაც ასეთია.

44 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


მართალია, ჩემი მეუღლის მაღალზნეობრიობაში სავსებით დარწმუნებული ვარ, მაგრამ ჩემი
ქორწინება ფუფუნების საგანია და თუ გგონია, რომ ცოლიანი კაცი ვარ, — ძალიან ცდები.
ამიტომ, ღალატი კანონიერადაც კი მეჩვენება. საინტერესო იყო მცოდნოდა, თქვენ როგორღა
მოიქცეოდით ჩემს ადგილზე, ბატონო მქირდავო? ცოტა ვინმე თუ მოუვლიდა ჩემსავით თავის
ცოლს. დარწმუნებული ვარ, — განაგრძო მან ხმამაღლა, ქ-ნ დ’ეგლემონს არაფერში შესდის
ეჭვი. რასაკვირველია, ჩივილი ჩემთან უმადურობა იქნებოდა, ძალიან ბედნიერი ვარ... თუმცა
იმაზე უფრო ძნელი ასატანიც არაფერია მგრძნობიარე კაცისათვის, როგორც იმის ცქერა თუ
როგორ სტანჯავს სნეულება საცოდავ არსებას, რომელთანაც წლების განმავლობაში
დაკავშირებული ხარ...

— გეტყობა, ძალიან მგრძნობიარე ადამიანი ხარ, თუ ასე იშვიათად ზიხარ ხოლმე შინ...

— ჩაურთო ბ-მა რონკეროლმა.

ამ მეგობრულ ხუმრობაზე დამსწრეთ მხიარულად გაიცინეს. მაგრამ არტური ისე ცივი


და მშვიდი იყო, როგორც ჯენტლმენი, რომელიც ფიქრობს, რომ მისი ხასიათის მთავარი
თვისება სიდარბაისლე უნდა იყოს. მარკიზის უცნაურმა სიტყვებმა, ეტყობოდა იმედის
ნაპერწკალი გაუღვივა ახალგაზრდა ინგლისელს, რომელიც მოთმინებით ელოდა იმ წუთს,
როცა ბ-ნ დ’ეგლემონს მარტოდ მოიხელთებდა. და ეს შემთხვევაც მალე მიეცა.

— ბატონო მარკიზო, — მიმართა არტურმა დ’ეგლემონს, — უსაზღვრო გულისტკივილს


განვიცდი, როცა თქვენს მეუღლეს ასეთ მდგომარეობაში ვხედავ. თქვენ რომ იცოდეთ, რა
ტანჯვით მოელის სიკვდილი, თუ განსაკუთრებული მოვლენა არ ექნა, ვფიქრობ, ასე აღარ
აიგდებდით მის ავადმყოფობას. იმიტომ გიბედავთ ამის თქმას, რომ სავსებით დარწმუნებული
ვარ, მოვახერხებ ქ-ნი დ’ეგლემონის გადარჩენას და მისთვის სიცოცხლისა და ბედნიერების
დაბრუნებას. თითქოს დაუჯერებელია, რომ ჩემი წრის ადამიანი ექიმი იყოს, მაგრამ ეს ასეა,
რადგან ბედმა ისურვა, მედიცინა შემესწავლა. ესეც არ იყოს, მოწყენილობა მკლავს, —
დასძინა მან ვითომდა დიდი ეგოისტი და გულცივი კაცი იყოს, რაც მისი ჩანაფიქრისთვის
უნდა ყოფილიყო საჭირო, — და ჩემთვის სულ ერთია, რაში დავკარგავ დროს, რომელიმე
ტანჯულ არსებას მოვუტან სარგებლობას, თუ საკუთარ უაზრო ფანტაზიებს დავიკმაყოფილებ.
ამგვარი სნეულების განკურნება იშვიათად ხდება, რადგან ეს მოითხოვს დიდ მზრუნველობას,
აურაცხელ დროსა და მოთმინებას. მთავრია, ადამიანი მდიდარი იყოს, იმოგზაუროს, ზუსტად
შეასრულოს ექიმის მითითება, რაც მთავრია, ყოველდღიურად იცვლება, მაგრამ უსიამოვნო
არ არის. ჩვენ ორივენი ჯენტლმენები ვართ, — თქვა მან და ამ სიტყვებში მისი ინგლისური

45 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


მნიშვნელობა იგულისხმა, — და ერთმანეთს გავუგებთ. თუ ჩემს წინადადებას მიიღებთ,
სიტყვას გაძლევთ, ყოველ წუთში თქვენ იქნებით ჩემი მოქმედების მსაჯული. არაფერს
გავაკეთებ თქვენი მეთვალყურეობის გარეშე, ყველაფერში თქვენ მოგეთათბირებით და თუ
დამემორჩილებით, ჩემს თავზე ავიღებ მთელს პასუხისმგებლობას წარმატებაში. დიახ, თუ
დამეთანხმებით და კარგა ხანს უარს იტყვით ქ-ნი დ’ეგლემონის ქმრობაზე,

— წასჩურჩულა მან ყურში მარკიზს.

— თავისთავად ცხადია, მილორდ, — მიუგო მარკიზმა სიცილით, — რადგან მხოლოდ


ინგლისელს შეეძლო ასეთი უცნაური წინადადების მიცემა. — ნება მიბოძეთ, ჯერჯერობით
არც უარი გითხრათ, არც მივიღო ეგ წინადადება. უნდა მოვიფიქრო და უპირველეს ყოვლისა,
ჩემს ცოლს გავუზიარო ეგ აზრი.

სწორედ ამ დროს ჟიული ისევ როიალთან მივიდა, მან იმღერა სემირამიდას არია „Son
regina, son guesiera“ 13.

ყრუ ტაშისცემამ, ასე ვთქვათ, ზრდილობის გამომხატველმა სენ-ჟერმენის უბნის


შეძახილებმა დაამოწმეს მსმენელთა აღტაცება ჟიულის სიმღერის.

როცა დ’ეგლემონი ცოლით შინ დაბრუნდა, ჟიულიმ ერთგვარი შიშნარევი სიხარული


იგრძნო იმის გამო, რომ მისი ჩანაფიქრი ასე სწრაფად დაგვირგვინდა წარმატებით. ქმარმა,
შეგულიანებულმა იმ როლით, რომელიც მან გაითამაშა, მოწყალება მოიღო ყურადღება
მიექცია და ისე დაუწყო არშიყობა, როგორც რომელიმე მსახიობ ქალს. ჟიულის
თავშესაქცევად მოეჩვენა, რომ მას, პატიოსან გათხოვილ ქალს ასე ექცევიან. ქალი შეეცადა
ესარგებლა თავისი ძალაუფლებით, მაგრამ პირველსავე შეტაკებაში ერთხელ კიდევ
დამარცხდა. თავისი თვინიერების გამო და ეს ყველაზე საშინელი გაკვეთილი იყო მათ შორის,
რომელსაც ბედისწერა უმზადებდა. ღამის ორსა თუ სამ საათზე დაღვრემილი და ფიქრში
ჩაფლული ჟიული საქორწინო სარეცელზე იჯდა; ოთახს ძლივს ანათებდა ლამპის სუსტი შუქი.
გარშემო სრული დუმილი მეფობდა. უკვე ერთი საათი იყო, სინდისის ქენჯნით გაწამებული
მარკიზის მეუღლე ცრემლს ღვრიდა, რისი სიმწარე მხოლოდ ასეთსავე მდგომარეობაში
ჩავარდნილ ქალებს შეუძლიათ გაიგონ. ადამიანს ჟიულის სულიერი წყობა უნდა ჰქონოდა,
რათა მასავით ეგრძნო, რა საძაგლობაა გაანგარიშებული ალერსი, რაოდენ
შეურაცხმყოფელია ცივი კოცნა, განდგომილება გულისა, კიდევ უფრო დამძიმებული

13 „მე დედოფალი ვარ, მე ვარ მეომარი“ - არია როსინის ოპერიდან „სემირამიდა“.

46 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


საკუთარი სიმრუშის მტანჯველი გრძნობით. ის თავის თავს პატივს აღარ სცემდა, გათხოვების
დღეს წყევლიდა და სიკვდილი სწადდა. იმ წუთში გოგონას რომ არ ეტირა, ალბათ,
ფანჯრიდან ქვაფენილზე გადაეშვებოდა. ბ-ნ დ’ეგლემონს იქვე მშვიდად ეძინა და ვერ
გააღვიძა ცხარე ცრემლებმა, ზედ რომ სცვიოდა. მეორე დღეს ჟიულიმ მოახერხა მხიარულად
მოეჩვენებინა თავი. მან თავის თავში ძალა ჰპოვა, გარეგნული ბედნიერება გამოეხატა და
დაეფარა არა მარტო სევდა, არამედ დაუძლეველი ზიზღის გრძნობაც. ამ დღიდან ჟიული
აღარ თვლიდა თავს უმწიკვლო ადამიანად. ის ხომ თავს იტყუებს, რაკი ამიერიდან
ყველაფრის დამალვა ისწავლა! და შემდეგშიც ხომ ოსტატური ეშმაკობით დამალავს თავის
ღალატს ქმრისადმი. თვით იმ ცოლ-ქმრულ დამოკიდებულებაში იმალებოდა მიზეზი სავსებით
შესაძლებელი გარყვნილებისა, რაც ჯერჯერობით ვერაფერში გამოიხატა. ამასობაში კი ჟიული
უფიქრდებოდა, რატომ არ უნდა დანებებოდა ადამიანს, რომელშიც შეყვარებულია, თუკი
საწინააღმდეგოს გულისკარნახისა და ბუნების ხმისა, ისეთ კაცს დანებდა, რომელიც აღარ
უყვარს. ყველა შეცდომა და შესაძლებელია, ბოროტმოქმედებაც კი დამყარებულია არასწორ
მსჯელობებზე ან ზომაგადასულ ეგოიზმზე. საზოგადოებას შეუძლია იარსებოს მხოლოდ
პირადი თავგანწირვის წყალობით, რასაც კანონები მოითხოვენ მისგან. თუ გინდა
საზოგადოებამ უპირატესობა მოგანიჭოს, უნდა ივალდებულო იმ პირობათა მხარდაჭერა,
რომელთა წყალობითაც ეს საზოგადოება არსებობს. მშიერ-მწყურვალნი, ვისაც პურის ლუკმა
ენატრება, იძულებული არიან პატივი სცენ კერძო საკუთრებას და როდი არიან ნაკლებად
ღირსნი შებრალებისა, ვიდრე თავიანთ სურვილებსა და სულიერ სიფაქიზეში
შეურაცხყოფილი ქალები. რამდენიმე დღის შემდეგ იმ სცენიდან, რომლის საიდუმლოება
საქორწინო სარეცელში ჩაიმარხა, დ’ეგლემონმა თავის ცოლს ლორდ გრენვილი წარუდგინა.
ჟიულიმ არტური ცივად და ზრდილობიანად მიიღო, რაც დიდად სასახელო იყო მისი
გულჩახვეულობისთვის. მან თავისი გულისთქმა კარგად დაიოკა, მზერა დაინისლა, ხმას
სიმტკიცე მისცა და ამგვარად მოახერხა დარჩენილიყო თავისი მომავლის ბატონ-პატრონი,
მერე კი, როცა წმინდა ქალური ინსტინქტის წყალობით მიხვდა, რაოდენ დიდი იყო მის მიერ
აღძრული სიყვარული, ქ-ნ დ’ეგლემონს სიხარული მიანიჭა სწრაფი განკურნების იმედმა და
წინააღმდეგობა აღარ გაუწევია ქმრისთვის, რომელიც ეხვეწებოდა, ინგლისელ ექიმთან
იმკურნალეო. მაგრამ მან გადაწყვიტა, მხოლოდ მაშინ ნდობოდა გრენვილს, როცა კარგად
მიუხვდებოდა აზრებს და ქცევას და დარწმუნდებოდა, რომ მას ეყოფოდა დიდსულოვნება
ხმაამოუღებლად ეტანჯა. ჟიული უკვე ძალაუფლებას იჩენდა ამ კაცზე და ბოროტადაც
იყენებდა ამას: ის ხომ ქალი იყო!

მონკონტური ძველებური ციხე-სიმაგრეა და ერთ-ერთ იმ მოწითალო კლდეზე დგას,

47 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


რომლის ძირშიც ლუარა მიედინება იმ ადგილებთან ახლოს, სადაც 1814 წელს ჟიული
გაჩერდა. ეს ერთი ის თეთრი, მომცრო, მყუდრო სასახლეა, როგორებიც ბევრია ტურენში.
მისი მოჩუქურთმებული კოშკურები თითქოს ფლანდრიული მაქმანებით არის შემოწნული. ეს
არის ერთი ის კოხტა, გემოვნებით ნაგები სასახლე, რომელიც თავისი თუთის ხეებით,
ვენახებით და მიხვეულ-მოხვეული აღმართებით წყალში ირეკლება. აქ ბევრია გრძელი,
აჟურული ბალუსტრადები, გამოქვაბულები, სუროს მწვანე საფარები და დამრეცი
ფერდობები. მონკონტურის სახურავები მზის სხივებზე კაშკაშებს, ყველაფერი
გავარვარებულია. აქ ბევრი რამ ესპანეთს გვაგონებს და პოეტურ სახეს აძლევს ამ
თვალწარმტაც ადგილს. ოქროსფერი კურდღლისცოცხა და ქარცხვი საამური სურნელებით
ავსებს ნელ სიოს. ჰაერი გელამუნება, ყველგან მიწა გიცინის და სული მომაჯადოებელ
ბურუსში ეხვევა, მას ანებივრებს, ანაზებს, სიყვარულს უნერგავს, აწყნარებს და არწევს. ეს
თვალწარმტაცი, დამატყვევებელი კუთხე ტკივილებს აყუჩებს და ვნებებს აღვიძებს.
გულგრილი ვერავინ რჩება ამ უღრუბლო ცისა და ამ კაშკაშა წყლისადმი. აქ იღუპებიან
პატივმოყვარე მისწრაფებანი, აქ ისევე იძირებით განუზომელ ნეტარებაში, როგორც ყოველ
საღამოს მზე იძირება მეწამულისა და ლაჟვარდოვან სივრცეებში.

1821 წლის აგვისტოს ერთ წყნარ საღამოს ორი ადამიანი ადიოდა კლდოვან
ბილიკებზე, რომლებიც იმ ქარაფებში მიიკლაკნებოდა, სადაც სასახლეა აღმართული. ისინი
მწვერვალისკენ მიემართებოდნენ, უეჭველად იმისათვის, რომ იქიდან გადაშლილი საუცხოო
სანახაობით დამტკბარიყვნენ. ესენი ჟიული და ლორდ გრენვილი იყვნენ. მაგრამ ჟიული
თითქოს მთლად გამოცვლილიყო: მარკიზის მეუღლეს ბუნებრივი, ჯანმრთელი სახის ფერი
ჰქონდა. რაღაც უხვი შუქით გამოცოცხლებული მისი თვალების ელვარება შეუმღვრეველი
ნისლიდან გამოკრთოდა და იმ სხივთა ციაგს წააგავდა, ბავშვის თვალებს ენით აუწერელ
სიმშვენიერეს რომ ანიჭებს. ის განუწყვეტლივ იღიმებოდა, ცხოვრებას შეჰხაროდა, ცხოვრების
აზრი გასჩენოდა. იმის მიხედვით, თუ როგორ ადგამდა პაწაწინა ფეხებს, შეატყობდით, რომ
არავითარი სატკივარი აღარ აფერხებდა უწინდებურად მის მოძრაობას, აღარაფერი უშლიდა
ეცქირა, ესაუბრა, ემოძრავა. მას თეთრი აბრეშუმის ქოლგა მზის ცხელი სხივებისგან იცავდა
და წააგავდა თეთრლეჩაქიან საპატარძლოს, რომელიც მზადაა სიყვარულის ჯადოქრობას
მიეცეს, არტური მასზე ისე ზრუნავდა, როგორც შეყვარებული, ისე მიჰყავდა, როგორც ბავშვი,
უკეთეს გზას ურჩევდა, ქვებზე სიარულს არიდებდა, ხან თვალწინ გადაშლილ პეიზაჟს
დაანახვებდა, ხან რომელიმე ლამაზ ყვავილთან მიიყვანდა. გული სავსე ჰქონდა
კეთილგანწყობის გრძნობით, გულისხმიერებით, შინაგანად გრძნობდა, როგორი მოქცევა იყო
სჭირო ამ ქალის კეთილდღეობისათვის. გეგონებოდათ ეს გრძნობები მისთვის ისევე ჩვეულია

48 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


და შეიძლება უფრო მეტადაც, როგორც მისი საკუთარი არსებობისათვის აუცილებელი
მოქმედებანი. ავადმყოფი და მისი ექიმი ნაბიჯშეწყობით მიდიოდნენ და სრულიადაც არ
უკვირდათ ასეთი თანხმობა, რაც თითქოს იმ დღიდანვე შეიქმნა, როცა მათ პირველად
გაიარეს ერთად. ერთსა და იმავე ნებისყოფას ემორჩილებოდნენ, ერთი და იგივე
შეგრძნებების შთაბეჭდილებით ჩერდებოდნენ. მათი თვალები, მათი სიტყვები ერთდროულად
წარმოქმნილ აზრებს გამოხატავდნენ. ქალ-ვაჟი ვენახებში მიმავალი ბილიკით მთის წვერზე
ავიდნენ და დასაჯდომად ერთი დიდი ქვისკენ გაემართნენ, რომლებსაც აქაურ
ქვისსამტეხლოებში ჭრიან. ვიდრე ჩამოჯდებოდა, ჟიულიმ მიდამოს გადახედა.

— რა საუცხოო ადგილია! — შესძახა მან. — მოდით კარავი გავშალოთ და აქ


ვიცხოვროთ. ვიქტორ! — დაიყვირა მან, — ამოდით, ამოდით აქ!

ბატონი დ’ეგლემონი ქვევიდან მონადირის შეძახილით გამოეხმაურა ქალს, მაგრამ ფეხი


არ აუჩქარებია. ის ცოლს დრო და დრო თვალს შეავლებდა ხოლმე, როცა კი მიხვეულ-
მოხვეული ბილიკი ამის საშუალებას აძლევდა. ჟიული თავს სწევდა და ხარბად სუნთქავდა
ჰაერს, თან არტურს ისეთ გამომეტყველ მზერას უგზავნიდა, რითაც ჭკვიანი ქალი მთელ თავის
აზრებს ამჟღავნებს.

— ახ, დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი აქ სამუდამოდ, — განა შეიძლება ოდესმე


მოგბეზრდეს ეს მშვენიერი ველი? თქვენ ხომ არ იცით, მილორდ, ამ ლამაზ მდინარეს რა
ჰქვია?

— ეს სიზაა.

— სიზა, — გაიმეორა ჟიულიმ, — აგერ იქ, რა ადგილებია ქვემოთ, ჩვენს წინ?

— ეს შერის ბორცვებია, — მიუგო არტურმა.

— მარჯვნივ? აჰ, ეს ხომ ტურია. ერთი გახედეთ, რა ლამაზად ჩანს შორიდან ტაძრის
სამრეკლოები.

მერე დადუმდა და ხელი, ქალაქისკენ რომ ჰქონდა გაშვერილი, არტურის ხელზე


დაუშვა. ორივენი მდუმარედ ტკბებოდნენ პეიზაჟით, ბუნების ჰარმონიული სილამაზით.
მდინარის ჩუხჩუხი, ჰაერისა და ცის გამჭვირვალება, ყველაფერი ეთანხმებოდა მათს
ახალგაზრდულ, შეყვარებულ გულებში მოზღვავებულ ფიქრებს.

49 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


— ღმერთო ჩემო, როგორ მომწონს ეს ადგილი, — გაიმეორა ჟიულიმ შეუბღალავი
აღფრთოვანებით და მიამიტობით. — აქ დიდხანს იცხოვრეთ? — ჰკითხა ცოტა ხნის შემდეგ.

ამ კითხვაზე ლორდ გრენვილი შეკრთა.

— აგერ, იქ, — მიუგო სევდიანად და გზაზე მდგარ კაკლის ხეების ჯგუფზე მიუთითა, —

იქ გნახეთ პირველად, როცა ტყვეობაში ვიყავი...

— დიახ, მაგრამ მე მაშინ მოწყენილობა მკლავდა. აქაურობა ველური მეჩვენა, ახლა


კი... ჟიული დადუმდა. ლორდ გრენვლიმა ვერ გაბედა შეეხედა მისთვის.

— ეს სიხარული თქვენი წყალობით ვიგრძენი, — თქვა ჟიულიმ ხანგრძლივი დუმილის


შემდეგ. — ცხოვრების სიხარული რომ იგრძნო, ცოცხალი უნდა იყო. მე კი აქამდე მკვდარი
ვიყავი ყველაფრის მიმართ. თქვენ უფრო მეტი მომეცით, ვიდრე ჯანმრთელობა, თქვენ
მასწავლეთ მისი დაფასება...

ქალები დაჯილდოებულნი არიან შეუდარებელი ნიჭით ყოველგვარი მაღალფარდოვანი


სიტყვების დაუხმარებლად გამოთქვან თავიანთი გრძნობები. მათი მჭევრმეტყველება
განსაკუთრებით კილოში, მოძრაობაში, მანერებსა და გამოხედვაში გამოიხატება. ლორდ
გრენვილმა სახე ხელებში ჩამალა. ეს პირველი მადლობა იყო ჟიულისგან მათი პარიზიდან
წამოსვლის შემდეგ. ის მთელი ერთი წლის განმავლობაში თავგანწირვით უვლიდა ქალს.
დ’ეგლემონთან ერთად ჟიულის ექსის წლებზე ახლდა, მერე ზღვის პირზე, ლა-როშეში.
გრენვილი თვალყურს ადევნებდა ძალების განახლებას ქალის ორგანიზმში მისი ჭკვიანური
და უბრალო დარიგებების შედეგად. ის ქალს ისე უვლიდა, როგორც მგზნებარე მებაღე უვლის
იშვიათ ყვავილს. მარკიზის მეუღლე არტურის ჭკვიანურ მკურნალობას ერთი შეხედვით
თითქოს თაყვანისცემას შეჩვეული პარიზელი ქალის ეგოიზმით ღებულობდა, ანდა კურტიზანი
ქალის უზრუნველობით, რომელმაც არც საგანთა ღირებულება იცის, არც ადამიანთა ფასი,
და იმდენად სარგებლობს ამით, რამდენადაც სჭირდება.

ბუნების გავლენა ადამიანის სულზე იმის ღირსია, რომ აღინიშნოს. თუ წყლის ნაპირას
გარდაუვლად გვეუფლება სევდა, ჩვენი შთაბეჭდილებანი ბუნების მეორე კანონის თანახმად
მთებში ჩვენი გრძნობები იხვეწება: ვნებები კი კარგავენ მგზნებარებას, სამაგიეროდ უფრო
დიდ სიღრმეს იძენენ. ლუარის ვრცელი აუზის შესახედაობა, თვალწარმტაცი მაღალი ბორცვი,
სადაც შეყვარებულები ისხდნენ, უთუოდ ხელს უწყობდა იმ ნეტარ სიმშვიდეს, რომლითაც

50 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


ტკბებოდნენ, იმ ბედნიერებას, რასაც მაშინ იგემებ, როცა გაიგებ, რაოდენ განუსაზღვრელია
თითქოსდა არაფრისმთქმელ სიტყვებში ჩამალული სიყვარული. იმ წუთში, როცა ჟიული
ამთავრებდა წინადადებას, ასე რომ ააღელვა ლორდ გრენვილი, მოალერსე სიომ ხის
კენწეროები ააშრიალა და ჰაერში მდინარიდან წამოსული სიგრილე დატრიალდა, მზეს
ღრუბლები მიეფარა და მკრთალ ჩრდილებში ამ ლამაზი ბუნების მთელი მშვენიერება
გამოჩნდა. ჟიულიმ თავი მიაბრუნა, რათა ახალგაზრდა ლორდისთვის არ დაენახვებინა
თვალზე მომდგარი ცრემლები, რომელთა შეკავება და შემშრალებაც როგორღაც მოახერხა,
თუმცა მაშინვე გადაედო გულაჩუყებული არტურის განწყობილება. ჟიულიმ ვერ გაბედა
არტურისთვის შეეხედა იმის შიშით რომ ამ მზერაში მას მეტისმეტი სიხარული არ ამოეკითხა.
ქალური ინსტინქტი ეკითხებოდა, რომ ამ სახიფათო წუთებში სიყვარული გულის სიღრმეში
უნდა ჩაემარხა. მაგრამ დუმილიც შეიძლება საშიში ყოფილიყო. რაკი შეამჩნია, რომ ლორდ
გრენვილს ხმის ამოსაღებად ძალა აღარ შესწევდა, მშვიდად განაგრძო: — ვხედავ ჩემმა
ნათქვამმა აგაღელვათ, მილორდ. თქვენი მგრძნობიარე და კეთილი გულის დამამოწმებელია
ის, რომ არ გინდათ ადამიანზე მცდარად იმსჯელოთ. თქვენ უმადურად ჩამთვალეთ, როცა
დაინახეთ, რომ ხან ცივი და თავშეკავებული ვიყავი, ხან დამცინავი და გულგრილი ჩემი
მოგზაურობის დროს, რაც საბედნიეროდ, მალე დასრულდა. ესოდენი თქვენი მზრუნველობის
ღირსი არ ვიქნებოდი, მისი დაფასება რომ არ შემეძლოს, მილორდ! არაფერი დამვიწყებია.
და ვაი, რომ ვერ დავივიწყებ თუნდაც იმ მზრუნველობას, რასაც თქვენ მიწევდით და ისე
წუხდით ჩემზე, როგორც დედა შვილზე. მეტადრე ვერ დავივიწყებ ვერც იმ კეთილშობილ
ნდობას, რითაც მეგობრულად მესაუბრებოდით, ვერც თქვენ დიდ გულისმხიერებას. ამ
ცდუნებათა წინაშე ჩვენ, ქალები უძლურნი ვართ. მილორდ, სამაგიეროს მიზღვა ჩემს
შესაძლებლობას აღემატება...

ამ სიტყვებით ჟიული სწრაფად განშორდა გრენვილს, არც ის ცდილა ქალის შეჩერებას.


მარკიზის მეუღლე შორიახლოს ერთ ქარაფზე შედგა და ისე იდგა გაუნძრევლად. მათი
გრძნობები მათთვისვე გამოუცნობი იყო, უთუოდ ორივენი მდუმარედ ღვრიდნენ ცრემლს.
ესოდენ მხიარული, ესოდენ ნაზი და გამომეტყველი გალობა ჩიტებისა მზის ჩასვლისას
გულთა იმ ძვინვარე მღელვარებას აძლიერებდა, რომელიც ერთმანეთთან განშორებას
აიძულებდა მათ. ამ ადამიანებს თვითონ ბუნება ჩასძახოდა სიყვარულს, მაგრამ ამაზე
ლაპარაკსაც ვერ ბედავდნენ.

— მაშ ასე, მილორდ, — განაგრძო ჟიულიმ და მის წინ ღირსებით აღსავსე პოზაში
დადგა, რამაც უფლება მისცა არტურისთვის ხელი მოეკიდა. — გთხოვთ ისე მოიქცეთ, რომ
ჩემი სიცოცხლე, რომელიც თვითონვე დამიბრუნეთ, წმინდა და შეუმღვრეველი დარჩეს. აქ
51 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE
ჩვენ ერთმანეთს უნდა დავშორდეთ. ვიცი, — დასძინა მან, როცა შენიშნა, რომ ლორდ
გრენვილი გაფითრდა, — რომ თქვენი თავგანწირულების ჯილდოდ თქვენგან მსხვერპლს
ვთხოულობ და იგი აღემატება იმ უდიდეს მსხვერპლს, რომლის გამო თქვენთვის მადლობა
უნდა გადამეხადა... მაგრამ ასეა საჭირო. ნუღარ დარჩებით საფრანგეთში. როცა ამას
გეუბნებით, განა იმას არ ნიშნავს, რომ გაძლევთ უფლებას, რაიც წმიდათაწმიდა უნდა იყოს?
— დასძინა მან და ყმაწვილი კაცის ხელი ათრთოლებულ მკერდზე მიიდო.

არტური წამოდგა.

— რასაკვირველია, — თქვა მან.

სწორედ ამ დროს მან ჟიულის დაანახვა დ’ეგლემონი, რომელიც გზის მეორე მხარეს
სასახლის ბალუსტრადზე გამოჩნდა თავისი გოგონათი. იქ პატარა ელენის გასართობად
აცოცებულიყო.

— ჟიული, ჩემს სიყვარულზე აღარაფერს გეტყვით, ჩვენს გულებს შესანიშნავად ესმით


ერთმანეთის. როგორი ღრმა და როგორი საიდუმლოც არ უნდა ყოფილიყო ჩემი სიხარული,
თქვენ ის სავსებით გაინაწილეთ. მე ამას ვგრძნობ, მე ეს ვიცი, ამას ვხედავ. ახლა ჩინებული
დამამტკიცებელი საბუთები მაქვს, და მაინც უნდა გავიქცე... მრავალჯერ ზუსტად
გამოვიანგარიშე, რა საშუალებებით მომეკლა ეს კაცი... როგორ გავუძლო ცთუნებას, თუ
თქვენს ახლოს დავრჩი.

— ეგ აზრი მეც გამიჩნდა, — წარმოთქვა ჟიულიმ და მის აღელვებულ სახეზე სამწუხარო


განცვიფრების ნიშნები გამოიხატა.

მაგრამ ჟიულის კილოსა და მოძრაობაში იმდენი სათნოება, იმდენი რწმენა თავის


თავისა და სიყვარულზე გამარჯვების ისეთი ფარული ზეიმი გამოსჭვიოდა, რომ ლორდ
გრენვილი მთლად გააოგნა აღტაცებამ. დანაშაულის ჩრდილიც კი გაქრა ამ წმინდა სულის
ადამიანის შეგნებიდან. რელიგიური გრძნობა ჟიულის ლამაზ სახეს რომ აშუქებდა,
ყოველთვის სდევნიდა მისგან უნებურ ცოდვილ აზრებს, რომელთაც ჩვენი არასრულყოფილი
ბუნება წარმოშობს, და გვაჩვენებენ, რაოდენი სიდიადე და ამავე დროს რამდენი დამღუპველი
რამ იფარება ჩვენს ბედ-იღბალში.

— მაშინ, — თქვა ჟიულიმ, — თქვენს სიძულვილს დავიმსახურებდი... და სწორედ ეს


მიხსნიდა, — დაუმატა მან და თვალები დახარა. განა თქვენი პატივისცემის დაკარგვა

52 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


სიკვდილს არ უდრის?

ეს გმირი შეყვარებულები ერთხანს კიდევ მდუმარედ იდგნენ და ცდილობდნენ ჩაეხშოთ


სულიერი განცდები. ავი თუ კარგი, მათი ფიქრი მუდამ ერთნაირი იყო და მათ ერთმანეთისა
კარგად ესმოდათ, როგორც სულიერ სიხარულში, ისე თვით ყველაზე ფარულ განცდებშიც.

— ბედს არ უნდა ვუჩიოდე, იმიტომ, რომ ეს ჩემი უბედურება ჩემივე ნახელავია, —


განაგრძო ჟიულიმ და ცრემლით სავსე თვალები ცას მიაპყრო.

— მილორდ, — ასძახა ამ დროს გენერალმა თავისი ადგილიდან და ხელი გააქნია, —


ჩვენ პირველად აქ შევხვდით ერთმანეთს. აღარ გახსოვთ? აგერ იქ, ქვემოთ, იმ ალვის
ხეებთან.

ინგლისელმა სწრაფი თავის დაკვრით დაუდასტურა.

— ჩემი წერაა ახალგაზრდა და უბედური მოვკვდე, — განაგრძობდა ჟიული, — დიახ,


არ გეგონოთ, რომ დიდხანს ვიცოცხლებ. მწუხარება ჩემთვის ისეთივე მომაკვდინებელი იქნება,
როგორც ის საშინელი ავადმყოფობა იქნებოდა, რომლისგანაც თქვენ მომარჩინეთ. არ
მიმაჩნია, რომ დამნაშავე ვარ. არა, გრძნობა, რომელსაც თქვენს მიმართ განვიცდი,
გადაულახავია, წარუვალია და მე არა მაქვს მასზე ძალაუფლება, მაგრამ მინდა პატიოსნება
შევინარჩუნო. მე ჩემი ვალდებულების ერთგული უნდა დავრჩე მეუღლისა და შვილის წინაშე,
აგრეთვე ჩემი გულის კარნახის წინაშე. იცით, რა გითხრათ, — განაგრძო ქალმა შეცვლილი
ხმით, — აღარ მინდა ამ კაცს კიდევ ვეკუთვნოდე, — მან დაუფარავი ზიზღისა და შიშის
გრძნობებით ქმარზე მიუთითა. — საზოგადოების კანონები მოითხოვენ, მისი არსებობის
ბედნიერებაზე ვიზრუნო და მეც ვემორჩილები. მისი მოახლე ვიქნები. უსაზღვრო იქნება ჩემი
ერთგულება მისდამი, მაგრამ დღეიდან ქვრივი ვარ. არ მინდა დავეცე არც საკუთარსა და
არც საზოგადოების თვალში. ხოლო თუ ბატონ დ’ეგლემონს არ ვეკუთვნი, არც სხვა ვინმეს
მინდა ვეკუთვნოდე. თქვენ გული გადამახსნევინეთ, მაგრამ ამის მეტს ვერაფერს მიაღწევთ.
აი, განაჩენი, რომელიც თავს გამოვუტანე, — თქვა მან და არტურს ამაყად შეხედა, — და ეს
საბოლოოა, მილორდ. ახალ კი იცოდეთ, თუ დანაშაულებრივ აზრს აყვებით, ბ-ნი
დ’ეგლემონის ქვრივი მონაზვნად შედგება ან იტალიაში ან ესპანეთში. ბედმა ისურვა, რომ
ჩვენ, ჩვენდა საუბედუროდ სიყვარულზე გველაპარაკა ერთმანეთში. შეიძლება, ასეთი
აღიარება გარდაუვალი იყო, მაგრამ ჩვენი გულების ასეთი ძლიერი ცემა დაე, უკანასკნელი
იყოს. ხვალ მოიგონეთ, თითქოს წერილი მიიღეთ ინგლისიდან, სადაც რაიმე საქმეზე
გიბარებენ, და ერთმანეთს სამუდამოდ განვშორდეთ.
53 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE
ამ დროს ესოდენი ძალდატანებით ღონემიხდილმა ჟიულიმ იგრძნო, რომ ფეხები
ეკვეთებოდა. მისი ტანი ჟრუანტელმა შესძრა. როგორც ყველა ქალს ასეთ შემთხვევაში,
შეეშინდა, არტურს მკლავებში არ ჩავუვარდეო, და ქვაზე ჩამოჯდა.

— ჟიული! — შეჰყვირა ლორდმა გრენვილმა.

არტურის გულისგამგმირავი ყვირილი ისე გაისმა, როგორც მეხის გავარდნა. ამ


სასოწარკვეთილ ღრიალში გამოიხატა ყველაფერი ის, რაც აქამდე მდუმარედ მყოფ
შეყვარებულს ვერ გამოეთქვა.

— რა ამბავია, რა მოხდა? — იკითხა გენერალმა.

ყვირილის გაგონებაზე მარკიზმა ნაბიჯს აუჩქარა და უეცრად შეყვარებულთა წინ გაჩნდა.

— არაფერია, — წარმოთქვა ჟიულიმ იმ საოცარი გულგრილობით და საზრიანობით,


რაც ქალებს ხშირად ეხმარება ცხოვრების მძიმე წუთებში. — ამ კაკლის ხეებს ქვეშ ისე
გრილა, რომ კინაღამ გული შემიღონდა და ჩემი ექიმი, ალბათ ძალიან შეშინდა. მე ხომ
მისთვის ხელოვნების ჯერ დაუმთავრებელი ნაწარმოები ვარ? ალბათ, შიშმა აიტანა, რომ
შეიძლებოდა დამსხვრეულიყო...

მან გაბედულად გაუყარა ხელი ლორდ გრენვილს, ქმარს გაუღიმა, ვიდრე მთის
წვერიდან ჩამოსვლას დაიწყებდნენ, ერთხელ კიდევ მოავლო თვალი პეიზაჟს და თავისი
თანამგზავრი თან წარიმძღვარა.

— ეს ლანდშაფტი ყველაზე უფრო ლამაზია ჩვენს მიერ ნახულთა შორის, — თქვა მან,
— იგი არასოდეს დამავიწყდება. შეხედეთ ვიქტორ, როგორი შორეთი, როგორი გადაჭიმული
სივრცეები, როგორი ნაირსახეობაა პეიზაჟისა! ეს ბუნება დიდად მეხმარება სიყვარულის
აღქმაში.

ჟიულიმ იფიქრა ქმრისთვის თვალი აეხვია, მან არაბუნებრივი კონვულსიური სიცილით


მხიარულად ჩაირბინა გორაკიდან გზაზე და თვალს მიეფარა.

— ნუთუ ასე მალე!.. — შესძახა ჟიულიმ, როცა ბატონი დ’ეგლემონი შორს დარჩათ. —
ჰა, ჩემო მეგობარო, ნუთუ რამდენიმე წუთში ჩვენ აღარ ვიქნებით, და აღარასოდეს შევძლებთ
ვიყოთ ის, რაც ვართ? ერთი სიტყვით, ნუთუ დასრულდა ცხოვრება?..

54 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


— აუჩქარებლად ვიაროთ, — მიუგო ლორდმა გრენვილმა, — ეტლებამდის ჯერ შორს
არის. მხარდამხარ ვიაროთ, და თუ ნებადართული გვაქვს, ერთმანეთს თვალებით
ვესაუბროთ. ჩვენი გულები ერთი წუთით მაინც იცოცხლებენ მეტს.

მათ რიყეზე გაიარეს მდინარის გასწვრივ, რომელსაც ჩამავალი მზის უკანასკნელი


სხივები ეცემოდა. თითქმის ხმა არ ამოუღიათ. მხოლოდ ხანდახან თუ დასცდებოდათ
გაურკვეველი სიტყვები. გაურკვეველი და წყნარი, მაგრამ სულის ამაფორიაქებელი, როგორც
ლუარის ჩხრიალი; ჩამავალმა მზემ, მათი საბედისწერო სიყვარულის სევდიანმა
გამოსახულებამ, ვიდრე დასალიერზე მთლად ჩაიძირებოდა, ალისფერ შუქში გახვია
შეყვარებულნი. გენერალი, შეწუხებული, რომ თავისი ეტლი იმ ადგილზე ვეღარ ნახა, სადაც
დატოვეს, ხან წინ გაუსწრებდა შეყვარებულებს, ხან უკან მისდევდა და მათ საუბარში არ
ერეოდა. კეთილშობილმა და თავშეკავებულმა ქცევამ, რასაც ლორდი გრენვილი ამ
მოგზაურობაში იჩენდა, გააქარწყლა მარკიზის ეჭვები. უკვე რამდენიმე ხანი იყო, რაც მან
ცოლს თავისუფლება მისცა და სავსებით მიენდო ლორდი ექიმის მოჩვენებით უანგარობას.
არტური და ჟიული ისევ მიდიოდნენ და მათი დაკოდილი გულები თანხმობით ძგერდნენ
მწუხარედ და დარდიანად. წეღან, როცა მონტონკურის ფლატეებზე მიცოცავდნენ, ორივეს
ბუნდოვანი იმედი ჰქონდა, რაღაც შემაშფოთებელ ბედნიერებას გრძნობდნენ და ვერ
ბედავდნენ ამაში თავს გამოსტყდომოდნენ. მაგრამ ახლა, რიყეზე რომ გავიდნენ, თვითონვე
დაანგრიეს ფანტასტიკური კოშკი მანამდე რომ ნიავსაც არ აკარებდნენ, როგორც ბავშვები,
როცა ეშინიათ მათ მიერ აგებული ქაღალდის სასახლე არ დაინგრეს. ახლა ყოველგვარი
იმედი დაკარგეს. ლორდ გრენვილი იმავე საღამოს წავიდა. საუბედუროდ, უკანასკნელმა
შეხვედრამ დაუმოწმა, რომ იმ წუთიდან, როცა ერთმანეთისადმი ლტოლვამ დაანახვა,
რაოდენ ძლიერი იყო მათი ვნება, მართალი იყო თავის თავს რომ აღარ ენდო.

მეორე დღეს ბ-ნი დ’ეგლემონი და მისი ცოლი ისევ ეტლში ისხდნენ უთანამგზავროდ
და იმავე გზით მიჰქროდნენ, რომლითაც 1814 წელს. მაშინ ჟიულიმ ჯერ არ იცოდა ძლიერი
ვნების ძალა და თითქმის მზად იყო დაეწყევლა ერთგულება სიყვარულში. ახლა კვლავ
წამოიშალა მივიწყებული შთაბეჭდილებები. გულს ბევრი აქვს საკუთარი მოგონება. ზოგ ქალს
უნარი არა აქვს გაიხსენოს უმნიშვნელოვანესი მოვლენებიც კი, სამაგიეროდ მთელ
სიცოცხლეში არ ავიწყდება ის ამბები, რაც მის გრძნობებს ეხება. ასევე, ჟიულის მეხსიერებას
მკაფიოდ შემოენახა ზოგიერთი არაფრისმთქმელი წვრილმანიც კი. მან სიამოვნებით მოიგონა
თავისი პირველი მოგზაურობის უმნიშვნელო ფაქტი, ისიც, თუ გზის რომელ ადგილზე რა
აზრი მოსდიოდა თავში.

55 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


ვიქტორი ისევ გამსჭვალულიყო ცოლისადმი ვნებიანი სიყვარულით, მას შემდეგ, რაც
ახალგაზრდული იერი და სილამაზე დაბრუნებოდა, შეყვარებულივით გადახრილიყო
ქალისკენ. როცა მან ცოლის მოხვევნა მოინდომა, ჟიულიმ წყნარად გაითავისუფლა თავი
ქმრის მკლავებიდან და ამ უწყინარი ალერსის ასაცილებლად რაღაც მოიმიზეზა. ბოლოს
ზიზღის გრძნობაც გაუჩნდა ქმრისადმი, რადგან ის ისე მიჰკროდა ცოლს, რომ ჟიული
გრძნობდა, ქმრის სხეული სიმხურვალეს. ჟიულიმ წინა სკამზე გადაჯდომა მოინდომა, მაგრამ
ქმარმა თავაზიანობა გამოიჩინა და თავის ადგილზე დატოვა კარეტის სიღრმეში. ამ
ყურადღებაზე ჟიულიმ ამოოხვრით გადაუხდა მადლობა, რაც ვიქტორმა არაფრად ჩააგდო.
გარნიზონის ამ ძველმა მუსუსმა ცოლის სევდიანი განწყობილება თავის სასარგებლოდ ახსნა
და ბოლოს და ბოლოს იმდენი ქნა, რომ დღის დასასრულს ჟიული იძულებული შეიქნა
მასთან ისე მტკიცედ ელაპარაკა, რომ თავისი თავისადმი პატივისცემა ჩაენერგა: — მეგობარო,
— უთხრა ქმარს ჟიულიმ, — ერთხელ კინაღამ საიქიოს გამისტუმრეთ. ეს კარგად
მოგეხსენებათ. მე რომ ისევ გამოუცდელი ქალიშვილი ვიყო, ალბათ, კიდევ მოგიტანდით
მსხვერპლად სიცოცხლეს. მაგრამ ახლა დედა ვარ, შვილი მყავს გასაზრდელი და ისეთსავე
პასუხისმგებლობას ვგრძნობ მის წინაშე, როგორც თქვენს წინაშე. მაშ, ორივენი ერთნაირად
დავჯერდეთ ჩვენს მძიმე ხვედრს. თქვენ არა ხართ იმდენად შესაბრალისი. განა თქვენ არა
ჰპოვებდით ნუგეშს იმაში, რასაც მე მიკრძალავდა ჩემი ვალდებულება, ზრუნვა ჩვენი ოჯახის
ბედნიერებაზე და, რაც ყველაზე მთავარია, — მთელი ჩემი არსება. თქვენ არ იყავით, —
განაგრძო მან, — რომ ერთ-ერთ უჯრაში ქ-ნი სერიზის სამი წერილი დაგრჩათ თქვენი
დაუდევრობით? აი, ეს წერილები. მე ამაზე ვდუმდი, რაც იმის დამადასტურებელია, რომ ჩემი
სახით ფრიად შემწყნარებელი ცოლი გყავთ და თქვენგან არ მოითხოვს იმ მსხვერპლს,
რისთვისაც თვითონ არის კანონის მიერ განწირული. მაგრამ მე ბევრი ვიფიქრე და მივხვდი,
რაოდენ განსხვავებულია ჩვენი როლები, და რომ უბედურება მხოლოდ და მხოლოდ ქალის
ხვედრია. ჩემი სათნოება მყარსა და ურყევ პრინციპებს ეყრდნობა. მე შევძლებ უმწიკვლოდ
გავატარო ჩემი დღენი, მაგრამ ნება მომეცით ჩემს გემოზე ვიცხოვრო.

მარკიზი სახტად დარჩა ლოგიკით, რომლის ჩაწვდომას ქალები სიყვარულის შუქის


წყალობით ახერხებენ. იგი მოაჯადოვა იმ ამაღლებული ღირსების გრძნობამ, რაც ქალებს
მათი ცხოვრების გადამწყვეტ წუთებში ახასიათებთ. ინსტინქტური ზიზღი, ჟიული რომ
ყველაფრისადმი იჩენდა, რაც კი მისი სიყვარულისა და მისი გულის წადილს შეურაცხყოფდა,
ერთ-ერთი საუცხოო თვისებაა ქალში და შესაძლებელია მისი თანდაყოლილი სათნოებიდან
მომდინარეობს, რასაც ვერც კანონები და ვერც ცივილიზაცია ვერ ჩაახშობენ. აბა მითხარით,
ვინ გაბედავს დაძრახოს ქალი? განა ის არა ჰგავს რწმენადაკარგულ მღვდელს, როცა

56 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


აიძულებენ ჩაიხშოს დიდი გრძნობა მას რომ უკრძალავს ორ მამაკაცს ეკუთვნოდეს? თუ
ზოგიერთმა მკაცრი წესების ადამიანმა დაძრახა თავისებური გარიგება, რომელიც ჟიულიმ
ვალდებულებასა და სიყვარულს შორის დადო, ვნებიანი გრძნობების ადამიანები ამას
დანაშაულად ჩაუთვლიან. ასეთი საყოველთაო შერისხვა ლაპარაკობს იმაზე, რომ კანონის
უგულებელმყოფელს უბედურება მოელის. ეს აგრეთვე მოწმობს იმ საფუძველთა სამწუხარო
არასრულყოფას, რასაც ევროპის საზოგადოება ეყრდნობა.

ორი წელიწადი გავიდა. ამ დროის განმავლობაში ბ-ნი და ქ-ნი დ’ეგლემონი მაღალი


საზოგადოების ადამიანთა ცხოვრებას ეწეოდნენ ერთმანეთისაგან განცალკევებულად და
სხვათა სალონებში უფრო ხვდებოდნენ ერთმანეთს, ვიდრე საკუთარ სახლში. ეს ის
ელეგანტური განხეთქილება იყო, რითაც მაღალი ცოლ-ქმრული ცხოვრება მთავრდება
მაღალ საზოგადოებაში. ერთ საღამოს ცოლ-ქმარი, წინააღმდეგ ჩვეულებისა, ერთმანეთს
საკუთარ სასტუმრო დარბაზში შეხვდა. ქალბატონ დ’ეგლემონს ერთ-ერთი თავისი ამხანაგი
მოეწვია სადილზე. გენერალი კი, თუმცა ჩვეულებრივ მუდამდღე ქალაქში სადილობდა,
სწორედ იმ დღეს სახლში დარჩენილიყო.

— თქვენ უთუოდ ბედნიერად იგრძნობთ თავს, ქ-ნო მარკიზის მეუღლევ, — წამოიწყო


ბ-მა დ’ეგლემონმა, როცა ყავა გამოცალა და ფინჯანი მაგიდაზე დადგა, მერე კი ქ-ნ დე
ვიმფენს ოდნავ ეშმაკურად, მაგრამ სევდიანად გადახედა და განაგრძო: — როცა გაიგებთ,
რომ რამდენიმე ხნით სანადიროდ მივდივარ. მონადირეთუხუცესს მივყვები. სულ ცოტა, ერთი
კვირით მაინც დაქვრივდებით, და თუ არ ვცდები, თქვენც სწორედ ეს გინდათ...

— გიიომ, — მიუბრუნდა ის ლაქიას, რომელიც სუფრიდან ჭურჭელს ალაგებდა, —


ცხენები შეაბმევინეთ.

ქ-ნი დე ვიმფენი სწორედ ის ლუიზა იყო, რომელსაც ჟიული ოდესღაც არ ურჩევდა


გათხოვებას. ქალებმა ერთმანეთს გამგებიანად გადახედეს, რაც იმას ამოწმებდა, რომ ჟიულიმ
ამ მეგობარში თავისი დარდების მესაიდუმლე ჰპოვა, მესაიდუმლე მგრძნობიარე და
გულშემატკივარი, რადგან თვითონ ქ-ნი დე ვიმფენი ძალიან ბედნიერი გახლდათ პირად
ცხოვრებაში. და სწორედ ამით ასეთი საწინააღმდეგო მდგომარეობის გამო ერთის
ბედნიერება თავმდები იყო იმისა, რომ ის მუდამ უბედურებაში ჩავარდნილი მეგობრის
ერთგული დარჩებოდა. ასეთ შემთხვევაში ნაირგვარი ბედისწერა თითქმის ყოველთვის
აძლიერებს მეგობრულ კავშირს.

— განა ახლა ნადირობის დროა? — იკითხა ჟიულიმ და ქმარს გულგრილად გადახედა.


57 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE
მარტის თვე მიწურულიყო.

— მონადირეთუხუცესი, ქალბატონო, როცა უნდა, მაშინ ნადირობს, სადაც სურს.


ხელმწიფის ადგილ-მამულში მივდივართ ტახებზე სანადიროდ.

— გაფრთხილდით, თავს არაფერი მოიწიოთ...

— უბედურება ყოველთვის მოულოდნელად მოდის, — ჩაიცინა ვიქტორ დ’ეგლემონმა.

— ბატონის ეტლი მზადაა, — მოახსენა გიიომმა.

გენერალი წამოდგა, ქ-ნ ვიმფენს ხელზე აკოცა და ჟიულის მიუბრუნდა: — ქალბატონო,


ვაითუ ტახის მსხვერპლი გავხდე, შინ ვეღარ დავბრუნდე! — უთხრა მუდარით.

— ეს რაღას ნიშნავს, — იკითხა ქ-ნ დე ვიმფენმა.

— ჰო, კარგი, მოდით, — მიუგო ქ-ნმა დ’ეგლემონმა ვიქტორს, მერე კი ლუიზას გაუღიმა,
თითქოს ეუბნებოდა: „ახლავე შენი თვალით ნახავო“.

ჟიულიმ ქმრისკენ გაიწია. ის საკოცნელად მიუახლოვდა, მაგრამ ქალი ისეთნაირად


დაიხარა, რომ ცოლ-ქმრული ამბორი მხოლოდ მისი მოსასხამის ფურჩალს შეეხო.

— თქვენ დამიმოწმებთ ღმერთის წინაშე, — მიუბრუნდა მარკიზი ქ-ნ დე ვიმფენს, —


რომ ამ მცირე წყალობის მისაღებად ოსმალეთის სულთნის ბრძანებულებაა საჭირო. ასე
ესმის ჩემს ცოლს სიყვარული. მან ათასნაირი ხრიკებით მიმიყვანა აქამდე. კარგად იყავით,
ნახვამდის!

და გავიდა.

— ეს საწყალი შენი ქმარი ცუდი ბიჭი როდია, — შესძახა ლუიზამ, როცა ქალები მარტო
დარჩნენ — ძალიან უყვარხარ.

— ო, მაგ უკანასკნელ სიტყვას ნურცერთ ბგერას ნუღარ მიუმატებ. საშინლად მეზიზღება


სახელი, რომელსაც ვატარებ...

— კი მაგრამ, ვიქტორი ხომ სავსებით შენი მონა-მორჩილია, — უთხრა ლუიზამ.

— მისი მორჩილება, — მიუგო ჟიულიმ, — ნაწილობრივ იმას ემყარება, რომ მე თვითონ


58 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE
შევძელი ჩემდამი პატივისცემა ჩამენერგა. კანონის მიხედვით სავსებით მაღალი ზნეობის ქალი
ვარ. მყუდრო ოჯახი შევუქმენი, თვალებს ვხუჭავ მის სასიყვარულო თავგადასავლებზე, არ
ვეკარები მის სიმდიდრეს. უფლება აქვს ისე გაფლანგოს შემოსავალი, როგორც მოეპრიანება.
მე მხოლოდ კაპიტალის შენარჩუნებაზე ვზრუნავ. ამ ფასად მიჯდება მშვიდობა. ის ანგარიშს
არ აძლევს თავის თავს, უფრო სწორად, არ სურს გაიგოს, რით ვარსებობ. და თუმცა ამჟამად
ჩემი ქმარი ხელში მიჭირავს, მაინც ვშიშობ, მისი ხასიათი ოდესმე არ გამომჟღავნდეს. მე იმ
დათვის მწვრთნელსა ვგავარ, შიშისაგან რომ კანკალებს, ერთ მშვენიერ დღეს ალიკაპი არ
გაუწყდეს. თუ ვიქტორმა გადაწყვიტა, რომ სრული უფლება აქვს აღარ მცეს პატივი, ძნელი
წარმოსადგენია, რა მოხდება, რადგან ფიცხია, თავმოყვარე და განსაკუთრებით
პატივმოყვარე. იმდენი გამჭრიახობაც კი არა აქვს, რომ ჭკვიანური გამოსავალი იპოვოს მძიმე
მდგომარეობიდან, სადაც მისი მავნე ჩვევები ჩაითრევენ. გარდა ამისა, სუსტი ხასიათი აქვს.
და თუ მომკლა, მეორე დღეს თვითონაც მოკვდება ჯავრისაგან. მაგრამ ეს საბედისწერო
ბედნიერება არ არის ჩემთვის საშიში...

ერთხან სიჩუმე ჩამოვარდა და ორივე ამხანაგის ფიქრი მომხდარი ამბის იდუმალ მიზეზს
დაუბრუნდა.

— სასტიკად დამსაჯა მორჩილებამ, — განაგრძო ჟიულიმ და მრავალმნიშვნელოვნად


გადახედა ლუიზას. — წერილების წერაც ხომ არ ამიკრძალავს მისთვის. ეჰ, მან დამივიწყა
და არც არის გასაკიცხი! ხომ საშინელება იქნება, ცხოვრება რომ დაენგრეს. განა ის არ კმარა,
ჩემი ცხოვრება რომ დაინგრა? დაიჯერებ თუ არა, ძვირფასო, რომ ინგლისურ გაზეთებს
ყოველდღე ვკითხულობ იმ იმედით, მის გვარს ამოვიკითხავ-მეთქი. მაგრამ ჯერ არ
გამოჩენილა ლორდთა პალატაში.

— განა ინგლისურიც იცი?

— აა, შენთვის არ მითქვამს!.. ხომ ვისწავლე.

— შე, საცოდავო, — შესძახა ლუიზამ და ხელი მოკიდა ჟიულის, — რა არის შენი


ცხოვრება?

— ეგ ჩემი საიდუმლოებაა, — უპასუხა მარკიზის მეუღლემ და ხელი გულუბრყვილოდ,


თითქმის ბავშვურად დაუქნია. — ყური მიგდე, ოპიუმს ვიღებ. ლონდონში მომხდარმა დიუსეს

59 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


დე... - ს ამბავმა მიმახვედრა ამას. თუ გახსოვს, მათიურენმა 14 ამაზე რომანიც დაწერა. ჩემი
ლაუდანუმის წვეთები ძალიან სუსტად მოქმედებენ. ისე რომ, ახლა მძინავს. მხოლოდ შვიდ
საათს ვფხიზლობ დღე-ღამეში. და ამ დროს ჩემს გოგონასთან ვატარებ...

ლუიზა ცეცხლს უყურებდა, ვერ ბედავდა შეეხედა ამხანაგისთვის, რომლის მთელი


უბედურება პირველად წარმოუდგა მის თვალებს.

— ლუიზა, შენი ჭირიმე, ეს საიდუმლო შემინახე, — უთხრა ჟიულიმ მცირე დუმილის


შემდეგ.

ამ დროს ლაქიამ მარკიზის მეუღლეს წერილი შემოუტანა.

— აჰ, — შეჰყვირა მან და ფერი ეცვალა.

— აღარ გეკითხები, ვისგან არის-მეთქი, — უთხრა ქ-მა დე ვიმფენმა.

მარკიზის მეუღლე წერილს კითხულობდა და აღარაფერი ესმოდა. მისი ამხანაგი


ხედავდა, როგორ აღიბეჭდა ჟიულის სახეზე ურთულესი გრძნობები, ყველაზე უფრო საშიში
აღფრთოვანების ნიშნები. ის ხან წითლდებოდა, ხან ფითრდებოდა. ბოლოს, ჟიულიმ
ქაღალდი ცეცხლში გადააგდო.

— ცეცხლივით მწვავს ეს წერილი! ლამის სული შემეხუთოს! წამოდგა, ოთახში გაიარ-


გამოიარა. თვალები უელავდა.

— პარიზიდან ფეხიც არ მოუცვლია! — შესძახა მან.

ქ-ნი დე ვიმფენი ვერ ბედავდა შეეფერხებინა ჟიულის ნაწყვეტ-ნაწყვეტი ლაპარაკი


მოულოდნელი საშიში პაუზებით. ყოველი პაუზის შემდეგ ის წინადადებაში უფრო და უფრო
ღრმააზროვან შინაარსს სდებდა. უკანასკნელ სიტყვებს რაღაც შემაძრწუნებელი იერი ჰქონდა.

— არტური თურმე მალვით მითვალთვალებს. ყოველდღე ცდილობს დაიჭიროს ჩემი


მზერა და ეს სიცოცხლეს უმსუბუქებს. გაიგე, ლუიზა, თურმე კვდება და მემუდარება ნება
დავრთო უკანასკნელად გამომეთხოვოს. იცის, რომ ჩემი ქმარი ამ საღამოს რამდენიმე დღით
სახლიდან წავიდა და საცაა მოვა. ო, დავიღუპები! წასულია ჩემი საქმე! მოიცა, ჩემთან დარჩი,

14 მათიურენი, ჩარლზ-რობერტი (1782-1824) - ინგლისელი მწერალი, რომანტიკოსი. ავტორი რომანისა „მოხეტიალე მელმონტი“.

60 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


ორნი რომ ვიქნებით, ვერ გაბედავს. ო, შენი ჭირიმე, არ წახვიდე, მეშინია ჩემი თავის!

— კი მაგრამ, ჩემმა ქმარმა იცის, რომ შენთანა ვარ სადილად და აქ გამომივლის


წასაყვანად. — უთხრა ქ-მა დე ვიმფენმა.

— არაუშავს, შენს წასვლამდე გავუშვებ. მე უნდა გავხდე ჩემი და მისი ჯალათი. ვაი,
რომ იფიქრებს, აღარ ვუყვარვარო. ო, ეს წერილი! ერთთავად თვალწინ მიდგას ყოველი
წინადადება, ისინი ცეცხლის ასოებით არიან დაწერილი.

კართან ბორბლების ხმა გაისმა.

— ოჰ, შეჰყვირა მარკიზის მეუღლემ, — დღისით-მზისით მოვიდა, დაუფარავად.

— ლორდი გრენვილი, — მოახსენა ლაქიამ.

მარკიზის მეუღლე ფეხზე გაშეშებული იდგა. არტური ისეთი გაფითრებული, გამხდარი


და დაუძლურებული ჩანდა, რომ შეუძლებელი იყო მისი მკაცრად შეხვედრა. თუმცა ლორდი
გრენვილი საშინლად შეწუხდა ჟიული რომ მარტო არ დახვდა, ის მაინც მშვიდი და
გულგრილი დარჩა. მაგრამ ამ ორი ქალისთვის, რომლებიც მისი სიყვარულის საიდუმლოებას
იყვნენ ნაზიარები, მის თავდაჭერასა, ხმასა და თვალთა გამომეტყველებაში რაღაც ისეთი
სიძლიერე იყო, რასაც თევზ სკაროსს მიაწერენ. მარკიზის მეუღლე და ქ-ნი ვიმფენი
გაოგნებული იყვნენ, ისე იმოქმედა მათზე ლორდის დაღვრემილმა მწუხარე სახემ. ლორდ
გრენვილის ხმის ჟღერა ქალს საშინელ თრთოლვას ჰგვრიდა და ვერ ბედავდა მისთვის ხმა
გაეცა. ეშინოდა, მიხვდება, რაოდენ ძლიერად მოქმედებს იგი ჩემზეო. ლორდმა გრენვილმა
ვერ გაბედა ჟიულისთვის შეეხედა. ამიტომ, ქალბატონ დე ვიმფენს ხვდა წილად მოსაწყენი
საუბრის გაძღოლა. ჟიულიმ ამხანაგს ამაღელვებელი, მადლიერების გამომხატველი
თვალებით შეხედა დახმარებისთვის. შეყვარებულებმა თავიანთი გრძნობები ჩაიხშეს და
იძულებული გახდნენ თავი ისე დაეჭირათ, როგორც ამას ვალდებულება და წესიერების
ფარგლები მოითხოვდა. მაგრამ ამ დროს მათ ბ-ნი ვიმფენის მოსვლა აუწყეს. როცა ქალებმა
ოთახში შემოსული ბ-ნი დე ვიმფენი დაინახეს, ერთმანეთს გადახედეს და უსიტყვოდ მიხვდნენ,
რაოდენ გართულდა მდგომარეობა. შეუძლებელი იყო ბ-ნი ვიმფენისთვის ამ დრამის
საიდუმლოების გამხელა, ლუიზას კი არ ჰქონდა დამაჯერებელი საბაბი იმისა, ქმრისთვის
ეთხოვა, კიდევ დამტოვე ამხანაგთანო. ქ-მა დე ვიმფენმა შალი წამოიხურა, ჟიული წამოდგა,
რომ ვითომდა ამხანაგს მოხმარებოდა შალის შეკვრაში და ჩუმად უთხრა: — გაბედულად
მოვიქცევი. რაკი მალულად არ მოვიდა ჩემთან, რისი უნდა მეშინოდეს? მაგრამ შენ რომ არ

61 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


ყოფილიყავი, მისი შეცვლილი სახის დანახვაზე იმწამსვე ფეხქვეშ ჩავუვარდებოდი.

— ეჰ, არტურ, თქვენ არ დამემორჩილეთ, — უთხრა ქ-მა დ’ეგლემონმა აცახცახებული


ხმით და ისევ ტახტზე დაჯდა, სადაც ლორდმა გრენვილმა ვერ გაბედა გადაჯდომა.

— ვეღარ გავუწიე წინააღმდეგობა თქვენი ხმის გაგონების სიამესა და თქვენთან ახლოს


ყოფნის ცთუნებას. ეს სიგიჟე იყო, ეს იყო ბოდვა. ჩემს თავს ვეღარ ვფლობ. დიახაც ბევრი
ვიმტვრიე თავი, მაგრამ ძალა დამეშრიტა. გადავწყვიტე, წავიდე ამ ქვეყნიდან. მაგრამ ისე
მოვკვდე, რომ ვეღარ გნახოთ, ვეღარ გავიგონო თქვენი კაბის შრიალი, მეხსიერებაში ვერ
აღვიბეჭდო თქვენი ცრემლები, — ასეთი სიკვდილი ხომ საშინელებაა!

მან მკვეთრი მოძრაობით უკან დაიხია და ჯიბიდან რევოლვერი ამოუვარდა. მარკიზის


მეუღლემ იარაღს თვალი მოჰკრა, მაგრამ მისი მზერა არც რაიმე გრძნობას გამოხატავდა,
არც რაიმე აზრს. ლორდი გრენვილი რევოლვერს დასწვდა ასაღებად. საშინლად გააჯავრა
ამ შემთხვევამ, რადგან იფიქრა, ჟიულის შეიძლება ეს წინასწარ განზრახულ მოქმედებად
მოეჩვენოსო.

— არტურ! — წარმოთქვა ჟიულიმ.

— ქალბატონო, — მიუგო ვაჟმა თვალდახრით, — სასოწარკვეთამ მომიყვანა თქვენთან,


მეშინოდა...

გრენვილი დადუმდა.

— თქვენ ჩემს სახლში გინდოდათ თავი მოგეკლათ? — შეჰყვირა ჟიულიმ.

— განა მარტო ჩემი თავი, — ჩუმად მიუგო მან.

— როგორ, ჩემი ქმრის მოკვლასაც ხომ არ აპირებდით?

— არა, არა, — აღმოხდა მას და სული შეეხუთა, — დამშვიდდით, დამშვიდდით, ჩემი


საბედისწერო გეგმა ჩაიფუშა. აქ რომ შემოვედი, თქვენ რომ დაგინახეთ, მაშინვე გამბედაობა
შემემატა, რათა გავჩუმებულიყავი, რათა საერთოდ მარტო წავიდე ამ ქვეყნიდან.

ჟიული წამოდგა და არტურს მკლავებში ჩაუვარდა, რომელმაც თავისი შეყვარებულის


ქვითინში ვნებით აღსავსე სიტყვები გაარჩია: — დავტკბეთ ბედნიერებით, მერე თუნდაც
დავიხოცოთ... — დაე, ასე იყოს.
62 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE
ამ თავდავიწყებულ წამოძახილში ჟიულის მთელი ცხოვრების ისტორია გაისმა. ეს იყო
მისი არსების სიღრმიდან მომდინარე ძახილი, ძახილი სიყვარულისა, რომელიც მეფობს
ყოველ არამორწმუნე ქალზე. არტურმა ჟიულის ხელი მოხვია და ტახტზე გადაიყვანა. ეს
ისეთი სიშმაგით გააკეთა, როგორსაც მოულოდნელი ბედნიერება აძლევს კაცს. მაგრამ
უეცრად მარკიზის მეუღლე გრენვილს მკლავებიდან გამოუსხლტა, მასზე უმოძრაო თვალები
შეაჩერა, როგორც სასოწარკვეთილ ქალს შეიძლება ჰქონდეს, ხელი მოკიდა, მერე შანდალს
დაავლო ხელი და საძინებელ ოთხში გაიყვანა. როცა პატარა ელენის საწოლს
მიუახლოვდნენ, მან ფარდა წყნარად გადასწია, რომ ბავშვი დაენახათ. თან სანთელს ხელის
გული მოაფარა, რათა შუქი ბავშვის გამჭვირვალე ნახევრად მოხუჭულ ქუთუთოებს არ
დასცემოდა. ელენე ხელებგაშლილი იწვა და სახეზე ღიმილი უკრთოდა. ჟიულიმ ლორდ
გრენვილს თვალებით ანიშნა ბავშვი. ამ მზერაში ყველაფერი ითქვა.

„ქმარი მაშინაც კი შეგვიძლია მივატოვოთ, როცა მას ვუყვარვართ. მამაკაცი ძლიერი


არსებაა, ყოველთვის ჰპოვებს ნუგეშს. ჩვენ აგრეთვე შეგვიძლია სათვალავში არ ჩავაგდოთ
მაღალი საზოგადოების კანონები. მაგრამ შვილის მიტოვება დედისაგან!“.

ქალის მზერაში გამოიხატა ყველა ესა და კიდევ სხვა მრავალი გულამაჩუყებელი აზრი.

— ჩვენ შეგვიძლია ბავშვი თან წავიყვანოთ, — ჩურჩულით უთხრა ინგლისელმა, —


ელენი მე ძალიან მეყვარება...

— დედა! — წაილუღლუღა წყნარად ბავშვმა და თვალები გაახილა. ბავშვის ხმაზე


ჟიულის ცრემლები წასკდა.

ლორდი გრენვილი დაჯდა და გულზეხელდაკრეფილი იჯდა უსიტყვოდ და პირქუშად.

„დედა!“ — ამ ალერსიანმა, ამ გულუბრყვილო დაძახებამ იმდენი კეთილშობილი


გრძნობა და იმდენი დაუძლეველი სიბრალული გააღვიძა ჟიულის გულში, რომ სიყვარული
ერთი წუთით დაჩრდილა დედობრივი გრძნობის ძლიერმა ხმამ. ახლა ჟიული აღარ იყო
ქალი, იგი დედა იყო. ლორდმა გრენვილმა დიდხანს ვეღარ გაუძლო წინააღმდეგობას,
ჟიულის ცრემლებმა სძლიეს მის სურვილებს. სწორედ ამ დროს ქვემოთ მძაფრად გაღებული
კარის ჯახუნი გაისმა და სიტყვა „ქალბატონო დ’ეგლემონ შინა ბრძანდებით?“ მეხის
გრიალივით დაუარა შეყვარებულებს. მარკიზი დაბრუნებულიყო. ვიდრე ჟიული გონს მოვიდა,
გენერალი უკვე თავის ოთახში იყო და იმწამსვე ჟიულის ოთახშიც შემოვიდოდა, რადგან
ოთახები ერთმანეთის გვერდით იყო, საბედნიეროდ, ჟიულიმ მოისაზრა ლორდ

63 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


გრენვილისათვის ენიშნებინა და ის მაშინვე პირსაბანში შევარდა, რომლის კარი ჟიულიმ
სწრაფად მიხურა.

— ჩემო ცოლო, როგორც ხედავ, ისევ აქა ვარ. ნადირობა ჩაიშალა, უნდა დავწვე.

— ძილი ნებისა, — უთხრა ჟიულიმ, — მეც ძილს ვაპირებ, ისე რომ, დამტოვეთ.

— რაღაც ამ საღამოს ფრიად ჭირვეულობთ, მაგრამ გემორჩილებით, ქალბატონო


მარკიზის მეუღლევ.

გენერალი თავის ოთახში გავიდა, ჟიული მათი ოთახების გამყოფ კარამდე მიჰყვა,
დაკეტა და სწრაფად გამობრუნდა ლორდ გრენვილის გასათავისუფლებლად. ქალმა მხნეობა
მოიკრიბა და გადაწყვიტა, რომ მისი მკურნალი ექიმის ვიზიტი სავსებით ბუნებრივი იქნებოდა.
მას შეეძლო ექიმი სასტუმრო დარბაზში დაეტოვებინა, როცა გოგონას დასაძინებლად წავიდა.
ახლა კი გადაწყვიტა ეთქვა, იქ ჩუმად შესულიყო. მაგრამ როცა პირსაბანის კარი გააღო,
გულგამგმირავად შეჰკივლა: ლორდ გრენვილს თითები კარში მოჰყოლოდა.

— რა ამბავია, რა მოხდა? — იკითხა ქმარმა.

— არაფერია, არაფერი, — მიუგო ჟიულიმ, — თითში ქინძისთავი ვიჩხვლიტე.

შუა კარი უეცრად ისევ გაიღო. მარკიზის მეუღლეს ეგონა, ქმარი მისი გულისთვის
შეწუხდა და დასწყევლა ასეთი ყურადღება, რაც სრულიად არ იქნებოდა გულწრფელი.
ჟიულიმ ძლივს მოასწრო პირსაბანის კარის მიხურვა, ლორდ გრენვილმა კი ხელის
გათავისუფლება. გენერალი მართლაც ისევ შემოვიდა ოთახში, მაგრამ ჟიული შეცდა: ის აქ
საკუთარმა საზრუნავმა შემოიყვანა.

— ყელსახვევი მათხოვე, თუ შეიძლება. იმ ჩერჩეტმა შარლმა ერთი თავსახვევიც არ


დამიტოვა. ჩვენი ცოლ-ქმრობის პირველ დღეებში ისე ზრუნავდი ჩემზე და ისეთ
მონაწილეობას იღებდი ყველა ჩემს წვრილმან საქმეებში, რომ თავსაც კი მაბეზრებდი. ეჰ, ეგ
თაფლობის თვე ჩემთვის და ჩემი ჰალსტუხებისთვის დიდხანს არ გაგრძელებულა. ახლა კი
ამ უფალთა ხელში ვარ და ყველანი მასხარად მიგდებენ.

— აგერ ყელსახვევი, აიღეთ. სასტუმრო დარბაზში ხომ არ შესულხათ?

— არა.

64 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


— იქ ლორდ გრენვილს ნახავდით.

— ლორდი პარიზშია?

— მაშ, შევალ სასტუმროში და ვნახავ ჩემს კარგ ექიმს.

— შეიძლება, უკვე წავიდა კიდეც.

მარკიზი ამ დროს შუა ოთახში იდგა, თავზე ფულარს იხვევდა, თან სარკეში იყურებოდა
კმაყოფილი.

— არ ვიცი, სად დაიკარგნენ ჩვენი მსახურები, — თქვა მან, — შარლს უკვე სამჯერ
დავურეკე, მაგრამ არსად ჩანს. თქვენ რა, თქვენი მოახლე არ გემსახურებათ? დაურეკეთ ერთი
საბანი კიდევ მომიტანოს დასახურად.

— პოლინი დავითხოვე, — მშრალად მიუგო მარკიზის მეუღლემ.

— ამ შუაღამისას? — შესძახა გენერალმა.

— ოპერის თეატრში გავუშვი.

— უცნაურია, — შენიშნა ქმარმა და ტანთ გახდა დაიწყო, — კიბეზე რომ ამოვდიოდი


თითქოს თვალი მოვკარი.

— ეტყობა, დაბრუნებულა, — თქვა ჟიულიმ და თავი ისე მოაჩვენა, მომბეზრდა ამაზე


ლაპარაკიო.

მერე კი, რათა არავითარი ეჭვი არ აღეძრა ქმარში, ჟიულიმ ზარის ზონარს მოსწია,
ოღონდ ოდნავ. არ არის კარგად ცნობილი, თუ კიდევ რა მოხდა იმ ღამეს, მაგრამ ალბათ,
ყველაფერი ისევე უბრალოდ, ისევე საშინლად მოხდა, როგორც ის ყოველდღიური, ოჯახური
ამბები წინა დღეებში. მეორე დღეს მარკიზ დ’ ეგლემონის მეუღლე დიდი ხნით ჩაწვა
ლოგინში.

— რა მოხდა ასეთი არაჩვეულებრივი შენს ოჯახში, ყველა რომ შენს ცოლზე


ლაპარაკობს? — ჰკითხა ბ-მა რონკეროლმა დ’ეგლემონს იმ ტრაგიკული ღამის შემდეგ.

— დამიჯერე, ცოლს ნუ შეირთავ, — უთხრა დ’ეგლემონმა. — ელენის საწოლზე ფარდას

65 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


ცეცხლი მოეკიდა. ჩემს ცოლზე ამან ისე საშინლად იმოქმედა, რომ როგორც ექიმი ამბობს,
მთელ ერთ წელიწადს ვეღარ ადგება ლოგინიდან. ეჰ, ლამაზ ცოლს შეირთავ და ბოლოს
დაუშნოვდება, ჯანმრთელ ქალს შეირთავ, ბოლოს და ბოლოს დასნეულდება, იფიქრებ,
ვნებიანიაო, და თურმე ცივი ყოფილა, ანდა გარეგნულად ცივი ჩანს, სინამდვილეში კი ისეთი
ვნებააშლილია, რომ მთლად დაგღუპავს ან პატივს აგხდის. თვინიერი ქალი უსათუოდ უჯიათი
ხდება, სამაგიეროდ უჯიათი არასოდეს მოთვინიერდება. ხანდახან გოგონა, რომელიც ტუტუცი
და სუსტი არსება გეგონება, ნამდვილ რკინის ნებისყოფას და დემონურ ჭკუას იჩენს შენს
წინაშე, მომაბეზრა თავი ოჯახმა!

— თუ შენმა ცოლმა?

— არა, მთლად ეგრეც არ არის. ჰო, მართლა, წმ. თომა აქვინელის ეკლესიაში ხომ არ
წამოხვალ ლორდ გრენვილის დაკრძალვაზე დასასწრებად?

— ვერაფერი დროსტარება იქნება. დაადგინეს კი, — განაგრძო რონკეროლმა, — მისი


სიკვდილის მიზეზი?

— ლორდის კამერდინერის დამოწმებით, მთელი ღამე ვიღაცის აივანზე გაუტარებია,


რათა თავისი მიჯნურის პატივი შეენახა. სწორედ იმ დღეებში იყო დიდი ყინვები რომ იდგა.

— ასეთ თავგანწირვას უდიდესი პატივისცემა უნდა გამოეწვია მის მიმართ ჩვენს წრეში,
ჩვენს მრავალნაცად ყმაწვილკაცებში. მაგრამ ლორდი ახლაგაზრდა იყო... და თანაც
ინგლისელი. მაგ ინგლისელებმა ყოველთვის რაღაც უცნაურობა უნდა ჩაიდინონ.

— რა ბრძანებაა! — მიუგო დ’ეგლემონმა, — ამნაირი საგმირო საქმეები


გამომდინარეობენ ქალისაგან, რომელიც კაცს ასეთ საქციელს შთააგონებს. და, რა თქმა
უნდა, ჩემი ცოლი ის ქალი არ არის, ვისთვისაც ის უბედური არტური თავს მოიკლავდა.

66 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


II. იდუმალი წამება

პატარა მდინარე ლუენადან სენამდე გადაიშალა ფართო ველი, რომელსაც


ფონტენბლოს ტყე და ქალაქები მორე, ნემური და მონტრო ესაზღვრება. ამ გვალვიან მხარეში
თვალი მხოლოდ აქა-იქ შეამჩნევს ბორცვებს. ადგილ-ადგილ მდინარეში პატარა კორომებს
შეხვდებით, სადაც გარეული ფრინველი აფარებს თავს. შემდეგ კი ყველგან დაინახავთ
დაუსრულებელ, ცის დასალიერისკენ მიმავალ რუხ ან მოყვითალო ზოლებს, თავისებურ
პეიზაჟს რომ ქმნიან სოლონთან, ბოსთან და ბერისთან. აქ, ამ დაბლობის შუაგულში მორესა
და მონტროს შუა მოგზაური ერთ ძველ ციხე-სიმაგრეს შეამჩნევს, რომელსაც სენ-ლანჟი ჰქვია,
ხოლო მის გარშემო მდებარე ადგილები არ არის მოკლებული არც სილამაზეს და არც
სიდიადეს; მოგზაურის თვალს ახარებს მშვენიერი გზები სიგრძლივ დაყოლებული თელის
ხეებით, თხრილები, გრძელი გალავანი, ვეებერთელა ბაღები, ვრცელი ბატონკაცური შენობები,
რომელთა აგებაზე უთუოდ მრავალი უკანონო გადასახადი, იჯარის შემოსავალი,
დაკანონებული ქრთამი და მსხვილი სათავადაზნაურო ქონება წავიდოდა, რასაც დღეს
სამოქალაქო კოდექსმა 15 ლახვარი ჩასცა. თუ რომელიმე მხატვარმა ან მეოცნებემ
შემთხვევით გადაუხვია ამ ოღრო-ჩოღრო გზაზე, ან დაჭაობებულ მიწებზე, რომლებიც ამ
ადგილებთან მისვლას აძნელებენ, გაკვირვებით იკითხავს, ვისი ახირებით შეიძლებოდა აეგოთ
ეს პოეტური სასახლე ამ თვალუწვდენ ყანებში, ამ ცარცისა, მერგელისა და ქვიშის უდაბნოში,
სადაც ყოველგვარი სიხარულის დასასრულია, სადაც ყველაფერი აუცილებლად სევდას
გგვრის, სადაც ადამიანის სულს ამძიმებს მდუმარე მარტოობა და ერთფეროვანი სივრცე,
პირქუში სილამაზე, მაგრამ შესაფერისი იმ ტანჯულთათვის, ვინც არც ეძებს ნუგეშს?

ახალგაზრდა ქალი პარიზში ცნობილი თავისი მოხდენილობით, სილამაზითა და ჭკუით,


ქალი, რომლის მდგომარეობა საზოგადოებაში და ქონება სავსებით შეესაბამებოდა მის
სახელმოხვეჭილობას, 1820 წლის დამლევს ამ სასახლეში დაბინავდა, რითაც დიდად
გააკვირვა სენ-ლანჟიდან ერთი მილის მანძილზე მდებარე პატარა დაბის მცხოვრებნი.
ფერმერებსა და გლეხებს სასახლეში ბატონები უხსოვარი დროიდან აღარ ენახათ თვალით.
მამული, რომელიც საგრძნობ შემოსავალს იძლეოდა, მოურავის ანაბარა იყო მიტოვებული
და მას ძველი მსახურები უვლიდნენ. ამიტომ მარკიზის მეუღლის ჩამოსვლამ აქ ნამდვილი
აყალ-მაყალი გამოიწვია. სოფლის განაპირას ნემურისა და მორეს გზით განაყოფზე ერთი
უხეირო ფუნდუკის ეზოში ხალხი შეჯგუფულიყო, რათა დაენახა, როგორ გაივლიდა ეტლი,

15 სამოქალაქო კოდექსი ანუ ნაპოლეონის კოდექსი - სამოქალაქო კანონთა კრებული, რომელმაც იურიდიულად გააფორმა და
განამტკიცა საფრანგეთში ბურჟუაზიულ დამოკიდებულებათა გამარჯვება ფეოდალურ წყობილებაზე. შემოიღო ნაპოლეონმა 1804 წელს.

67 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


რომელიც ერთობ ნელა მოდიოდა, რადგან მარკიზის მეუღლე პარიზიდან საკუთარი
ცხენებით წამოსულიყო. ეტლის წინა სკამზე მოახლე ქალს მუხლებზე გოგონა ეჯდა, მას უფრო
ფიქრიანი სახე ჰქონდა, ვიდრე მხიარული. ეტლის სიღრმეში, უკანა საჯდომზე გადასვენებული
დედა ექიმებისაგან სოფელში გაგზავნილი მომაკვდავი ავადმყოფივით გამოიყურებოდა. ამ
ავადმყოფური შესახედაობის ქალს დაღვრემილი სახე სულაც არ ეპიტნავათ სოფლის
დიპლომატებს, რომელთაც იმედი ჰქონდათ, მისი ჩასვლა სენ-ლანჟში ცოტათი მაინც
გამოაცოცხლებდა ცხოვრებას ამ მიყრუებულ სოფელში. დამწუხრებულ ქალს კი ჭეშმარიტად
არავითარი გამოცოცხლება არ აინტერესებდა!

საღამოს სამიკიტნოში, იმ ოთახში, სადაც ყველაზე უფრო პატივსაცემი პირები


იკრიბებოდნენ საქეიფოდ, სოფელ სენ-ლანჟის უდიდესმა ჭკუის კოლოფმა განაცხადა,
ქალბატონ მარკიზის მეუღლეს ისეთი მოღუშული სახე აქვს, ნამდვილად გაკოტრებულაო. ბ-
ნი მარკიზის აქ არყოფნაში, — ის კი ანგულემის დუკას ახლავს ესპანეთში, — მარკიზის
მეუღლე სენ-ლანჟში საჭირო თანხას დააგროვებს, რათა შეავსოს ბირჟაზე ყალბი
სპეკულაციების შედეგად წანაგები თანხებიო. მარკიზს ბანქოს მაგარი მოთამაშის სახელი
ჰქონდა. შესაძლებელია მიწა დააქუცმაცონ და წვრილ ნაკვეთებად გაყიდონო, —
ვარაუდობდნენ სამიკიტნოს მეინახენი, — მაშინ კი შეიძლება ხელიც მოვითბოთო. საჭიროა
თითოეულმა თავისი დანაზოგი დაითვალოს, სამალავიდან ამოაძვრინოს, ყველა სახსრებს
თავი მოუყაროს, რათა მონაწილეობა მიიღოს სენ-ლანჟის გაჯიჯგნაშიო. ასეთი მომავალი
იმდენად სახარბიელო ჩანდა, რომ ყოველი წარჩინებული მცხოვრები მოუთმენლად ელოდა
გაეგო იყო თუ არა ეს ხმები საფუძვლიანი, და საშულებას ეძებდა სიმართლე სასახლის
მსახურებში გაეგო, მაგრამ შინამსახურთა შორისაც ვერავინ შესძლო იმის ახსნა, თუ რა
ბედუკუღმართობამ ჩამოიყვანა მათი ქალბატონი ზამთრის დამდეგს სენ-ლანჟის ძველ
სასახლეში, როცა სხვაც ბევრი ნაქები მამულიც ჰქონდა თავისი მშვენიერი ბაღებითა და
თვალწარმტაცი გადასახედებით. ქალბატონს თვით ბ-ნი მერი ეწვია პატივისცემის
დასადასტურებლად, მაგრამ არ მიიღეს. შემდეგ მოურავი ეახლა, არც მის მოსვლას
მოჰყოლია წარმატება.

ქალბატონი მარკიზის მეუღლე თავის ოთახიდან მხოლოდ მაშინ გამოდიოდა, როცა


ალაგებდნენ; ამ დროს პატარა მეზობელ ოთახში ატარებდა, სადაც სადილობდა, თუ
შეიძლება „სადილობა“ ეწოდოს სუფრასთან ჯდომას, საჭმელების ზიზღით ცქერას და ზუსტად
იმდენი ულუფის შეჭმას, რაც იმისათვისაა საჭირო, რომ ადამიანი შიმშილით არ მოკვდეს.
შემდეგ ისევ ბრუნდებოდა თავის ოთახში და ფანჯარასთან ძველისძველ ღრმა სავარძელში
ჯდებოდა, სადაც მთელ დღეს ატარებდა. მის ოთახს ეს ერთადერთი ფანჯარა აშუქებდა. თავის
68 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE
გოგონას ძალიან ცოტა ხნით ხედავდა, ისიც მაშინ, როცა სევდიან სუფრას შემოუსხდებოდნენ
ხოლმე, და თითქოს არც ესიამოვნებოდა მისი შეხედვა. რა გამოუთქმელმა ტანჯვამ ჩაახშო
დედობრივი გრძნობები ამ ახალგაზრდა ქალში? არც ერთ მსახურს არ ჰქონდა მასთან
შესვლის ნება. ერთადერთი ადამიანი, ვისი დანახვაც ეამებოდა, მისი მოახლე იყო. ჟიული
მოითხოვდა სასახლეში სრული სიჩუმე ყოფილიყო და მისი გოგონა შორს მიდიოდა
სათამაშოდ. უმცირეს ხმაურსაც კი ვერ იტანდა, ადამიანის ხმას, თვით მისი საკუთარი
ბავშვისაც საშინლად აღიზიანებდა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ამ უცნაურობებზე ბევრი
მითქმა-მოთქმა დაიწყეს; მერე კი, როცა ყველა ვარაუდი ამოიწურა, მეზობელ პატარა
ქალაქებსა და თვით სოფლებშიც უკვე აღარავინ ფიქრობდა სნეულ ქალბატონზე.

თავის ნებაზე მიშვებულ მარკიზის მეუღლეს შეეძლო მთლად ხმაამოუღებლად ეცხოვრა


იმ სრულ მდუმარებაში, რაც ირგვლივ თავადვე შეიქმნა. მას არავითარი საბაბი არ ჰქონდა
გამოსულიყო გობელენებით აკრული ოთახიდან, სადაც ბებიამისი გარდაცვლილიყო და
სადაც ახლა ჩამოვიდა, რომ მშვიდად, მოწმეების დაუსწრებლად, თავშემაწყენ მნახველთა
გარეშე დაესრულებინა თავისი დღენი; რათა აქ აღარ ეხილა ფარისევლური სიყვარული,
მიჩქმალული ეგოისტური გამოვლენები, ყველაფერი ის, რაც ქალაქად მცხოვრებ მომაკვდავ
ადამიანს ტანჯვას უორკეცებს. ეს ქალი ოცდაექვსი წლისა იყო, ამ ასაკში ქალის გული ჯერ
ისევ აღსავსეა პოეტური ილუზიებით, უყვარს სიკვდილზე ოცნება, როცა ის წყალობად
ეჩვენება. მაგრამ სიკვდილი ახალგაზრდებს ეკეკლუცება, — ხან მიუახლოვდება, ხან შორდება,
ხან გამოჩნდება, ხან დაემალება. არ ჩქარობს და ეს სასოწარკვეთილებაში აგდებს მათ. და
რაკი არც დარწმუნებულნი არიან, რომ სიკვდილი ხვალ მაინც აუცილებლად მოვა, ბოლოს
და ბოლოს ისევ ეშვებიან ცხოვრების მორევში და ელიან უბედურებას, რაც სიკვდილზე
ულმობელია, და სწორედ მაშინ დაატყდებათ თავს, როცა სრულიად არ ელიან.

ამგვარად, ამ ცხოვრებისაგან განდგომილ ქალს ბედმა არგუნა შეეცნო მთელი სიმწარე


ასეთი შეყოვნებისა სრულს განმარტოებაში, მორალურ ტანჯვაში, რისი ბოლოს მოღება
სიკვდილმაც კი არ ისურვა. ბედმა არგუნა გაევლო ეგოიზმის საშინელი სკოლა, რასაც უნდა
გაერყვნა მისი გული და მაღალი საზოგადოების ცხოვრებისთვის შეეფარდებინა.

ეს სასტიკი, სამწუხარო მეცნიერება ყოველთვის ჩვენი პირველი მწარე განცდების


ნაყოფია. ასეთი ტანჯვა მარკიზის მეუღლისათვის პირველი და შესაძლებელია, ერთადერთი
ჭეშმარიტი ტანჯვა იყო მის ცხოვრებაში. და მართლაც, განა არ შევცდებით, თუ ვიფიქრებთ,
რომ გრძნობები ერთხელ კვდებიან და მერე ისევ წარმოიქმნებიან? განა ერთხელ გაჩენილნი
მუდმივად არ ცოცხლობენ ჩვენი გულის სიღრმეში? აქ ისინი თვლემენ და იღვიძებენ

69 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


ცხოვრების გარემოებათა ნება-სურვილით, მაგრამ სულში მუდამ რჩებიან და მას
აუცილებლად გარდაქმნიან. ამგვარად, ყველა გრძნობას თავისი ხანმოკლე თუ ხანგრძლივი
დიადი დღე გააჩნია. ეს არის დღე პირველი ქარიშხლისა. ამიტომ ყველაზე უფრო
შეუნელებელი დარდი ჩვენს გრძნობათა შორის მხოლოდ თავის პირველ აფეთქებაზე
ჰკოდავს გულს, ხოლო შემდგომი შეტევები თანდათან სუსტდება. ეს შეიძლება იმიტომ ხდება,
რომ ამ შეტევებს ვეჩვევით, ანდა იქნებ იმიტომაც, რომ ასეთია კანონი ჩვენი ბუნებისა,
რომელიც თავდაცვის მიზნით ამ დამანგრეველ ძალას უპირისპირებს ძალას თანაბარს,
ოღონდ უფრო უმოქმედოს, რადგან მას უკვე ეგოისტური ანგარიშებიდან იღებს. მაგრამ
მწუხარებათა რომელ ჯგუფს მივაკუთვნოთ ასეთი სევდა? მშობლების დაკარგვა ისეთი
დარდია, რომლისთვისაც თვითონ ბუნებამ შეამზადა ადამიანი. ფიზიკური ტკივილი
წარმავალია და არ ეხება სულს, ხოლო თუ ეს ტკივილი შეუპოვარია, მაშინ ტკივილი კი არა,
სიკვდილია. როცა ახალგაზრდა დედა ჩვილს ჰკარგავს, ცოლ-ქმრული სიყვარული მას ახალ
შვილს აჩუქებს. ეს დარდიც წარმავალია. ერთი სიტყვით, ყველა ესა და ბევრი სხვა
უბედურებანი ადამიანს ელდასავით ეცემა, ჭრილობას მიაყენებს, მაგრამ არც ერთი მათგანი
სიცოცხლეს მის საფუძველში არ აზიანებს, და თუ ისინი უცნაური დამთხვევის გამო
ერთმანეთს მოსდევენ, აუცილებლად ჰკლავენ გრძნობას, რომელიც ბედნიერებას
გვაძებნინებს. ამგვარად ჭეშმარიტად დიდ უბედურებად ის საკმაოდ სასიკვდილო სნეულება
გვევლინება, რომელიც ერთდროულად მოიცავს წარსულს, აწმყოსა და მომავალს, არ ზოგავს
სიცოცხლის არც ერთ ნაწილს, სამუდამოდ ამახინჯებს აზრს, წარუშლელ კვალს სტოვებს
ბაგეებსა და შუბლზე, სპობს ან ასუსტებს მისწრაფებას სიხარულისადმი და ქვეყნიერებაზე
ყველაფრისადმი ზიზღის გრძნობას გვინერგავს. და ეს სენი, რათა ის განუზომელი გახდეს,
რათა დაამძიმოს სულიცა და სხეულიც, სწორედ მაშინ უნდა დაატყდეს ადამიანს თავს, როცა
სულისა და სხეულის ყველა ძალები ჯერ ისევ ახალგაზრდაა, როცა ჯერ ისევ სიცოცხლით
სავსეა გული. მაშინ დარდი ღრმა ჭრილობებს აჩენს. მაშინ დიდია ტანჯვაც და არც ერთ
არსებას არ შესწევს ძალა ამ ტანჯვას თავი დააღწიოს რაიმე დრამატული ცვლილების
გარეშე. ზოგნი ცაში ფრენენ, ხოლო თუ დედამიწაზე დარჩნენ, მაღალი საზოგადოების
ცხოვრებაში ეფლობიან, რათა იქ იცრუონ, ან ითვალთმაქცონ. შემდეგ მათთვის უკვე ცნობილი
ხდება კულისები, სადაც შეიძლება განმარტოვდე ანგარიშსწორებისათვის, იტირო, დასცინო.
ამ გადამწყვეტი გარდატეხის შემდეგ მათთვის უკვე აღარ არსებობს საიდუმლოებანი
საზოგადოების ცხოვრებაში და საბოლოო განაჩენი აქვს გამოტანილი. მარკიზის მეუღლის
ასაკის ქალებს ყველაზე უფრო მწვავე, პირველი დარდის მიზეზი ყოველთვის ერთი და იგივე
აქვთ. ქალი, და მეტადრე ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ისეთივე ლამაზი სული აქვს,
როგორიც გარეგნობა, თავის ცხოვრებას მთლიანად სწირავს იმას, რაზეც მისი ბუნება,

70 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


გრძნობები და საზოგადება უბიძგებს. თუ ქალის ცხოვრება უხეიროდ წარიმართა და თუ ის
მაინც ცხოვრობს ამ ქვეყნად, მაშინ სასტიკ ტანჯვას განიცდის იმავე მიზეზით, რომელიც
პირველ სიყვარულს ყველაზე მშვენიერ გრძნობად აქცევს ხოლმე. რატომ მოხდა რომ ამ
უბედურებამ არასოდეს მოჰგვარა შთაგონება რომელიმე მხატვარს ან პოეტს? მაგრამ
შეიძლება კი ტილოზე გადაიტანო, ან უმღერო? არა. ტანჯვას, რომელიც ამ უბედურებას თან
ახლავს, შეუძლებელია ანალიზი გაუკეთდეს, ხელოვნების საღებავებით გადმოიცეს. ესეც არ
იყოს, ასეთ ტანჯვას ხომ არავის უზიარებენ; ქალს რომ ამაში ნუგეში სცეთ, საჭიროა ეს
განცდები გაუგოთ. რამეთუ მუდამ სიმწრით ნაგრძნობი და სასოებით აღქმული, სულში
ბუდობს მსგავსად ბარში ჩამოზვავებული მეწყერისა, გზაზე ყველაფერს რომ სპობს, ვიდრე
თავისთვის ადგილს არ გაიწმენდს.

იმ ხანებში მარკიზის მეუღლე ისეთი განცდების ტყვეობაში იყო, რომელთაც დიდხანს


ინახავენ საიდუმლოდ, რადგან მაღალმა საზოგადოებამ გაკიცხვა იცის. თუმცა გრძნობა მათ
ულოლიავებს და გულწრფელი ქალის სინდისი ყოველთვის ამართლებს. ეს განცდები იმ
ბედმოცარულ შვილებს მოგვაგონებენ, რომლებიც დედებისთვის უფრო საყვარელნი არიან,
ვიდრე ცხოვრებისგან უფრო განებივრებულნი. შესაძლებელია მანამდე არასოდეს ასე ძლიერ,
ასე სრულად, სხვადასხვა გარემოებებით ასე შეუბრალებლად არ დამძიმებულა ის საშინელი
იმედის გაცრუება, რომელიც ყველაფერს სპობს ჩვენს გარშემო, როგორც ეს მარკიზის
მეუღლეს მოუვიდა. ახალგაზრდა და კეთილშობილი კაცი, ვისთვისაც შეეძლო თავისი ტანჯვა
გაემხილა, ვინც უყვარდა და ვისი მუდარაც არ შეისმინა, რათა საზოგადოების კანონი არ
დაერღვია, მისი გულისთვის დაიღუპა, მოკვდა, რათა მისთვის, როგორც საზოგადოებაში
იტყვიან, — „პატიოსანი სახელი“ არ შეებღალა. ცრემლები შეურაცხყოფას მიაყენებდა მის
ქმარს, მისი უბედურების უპირველეს საბაბს. კანონები, ზნე-ჩვეულებანი გამორიცხავდნენ
ყოველგვარ ჩივილს. ყოველი მეგობარი ქალი გუნებაში გაიხარებდა, ყოველი მამაკაცი ამას
თავის სასარგებლოდ გამოიყენებდა. არა, უბედური ჟიული ვერას მოახერხებდა ტირილით
გულის მოჯერებას, მარტო უდაბნოში თუ გამოიტირებდა თავის ბედუკუღმართობას, ან
თვითონ მოკვდებოდა, ან გულში ჩაიკლავდა საკუთარ სინდისსა პატიოსნებას. რამდენიმე
დღეს თვალი არ მოუშორებია დასალიერისთვის, იჯდა და გასცქეროდა ჰორიზონტს, სადაც,
როგორც მთელ თავის მომავალ ცხოვრებაში, არაფერი ჰქონდა საძებნელი, სანუგეშოც
არაფერი ჰქონდა. იქ ყველაფერი ხელისგულივით ჩანდა და ასე ეგონა იმ ცივი უსასოობის
იერი ჰქონდა, რაც განუწყვეტლად ჯიჯგნიდა მის გულს. ნისლიანი დილა, მოღუშული ცა,
მიწაზე ჩამოწოლილი მორუხო ცის კამარა, მის ქვეშ მსრბოლი ღრუბლები, ყოველივე ეს
ჟიულის ავადმყოფურ სულიერ მდგომარეობას შეესაბამებოდა. ახლა გული აღარ

71 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


ეკუმშებოდა, ჯერ არ იყო მთლად ჩამჭკნარი. მაგრამ მისი ქორფა, გაფურჩქვნილი ბუნება
თითქოს გააქვავა ტანჯვა-წამების ესოდენ გაუსაძლისმა ნელმა მოქმედებამ იმიტომ, რომ მის
მოწამეობას მიზანი არ ჰქონდა. ქალი იტანჯებოდა მხოლოდ თავისი გულისთვის, და
მხოლოდ თავისთვის. ასე გვემა განა იმას არ ნიშნავს, რომ ეგოისტი ხდები? ჟიულის ეს
ესმოდა და მწარე ფიქრები აწამებდნენ. ქალი თავის თავს გულმართლად ესაუბრებოდა და
გრძნობდა, რომ მისი არსება გაორებულია. მასში თითქოს ორი ქალი იყო — ერთი გონებით
ცხოვრობდა, მეორე გრძნობებით, ერთი იტანჯებოდა, მეორეს კი აღარ უნდოდა ტანჯვა. იგი
ოცნებით უბრუნდებოდა თავისი ბავშვობის სასიხარულო დღეებს, რომლებმაც ისე გაირბინეს,
რომ ვერც კი იგრძნო, თურმე რაოდენ ბედნიერი ყოფილა მაშინ. წარსულის უმწიკვლო
მოგონებები თითქოს იმის დასტურად ერეოდა თვალწინ, რომ დაენახვებინა, რაოდენ
გაწბილებული იყო თავისი გათხოვებით, ესოდენ უზადოდ რომ ჩანს მაღალსაზოგადოებრივი
თვალსაზრისით; ხოლო სინამდვილეში კი ასეთი საშინელია. რა ხეირი დააყარა მისი
ახალგაზრდობის უმანკო ცხოვრებამ? ვითომ რა საჭირო იყო სურვილების დაოკება და
მაღალი საზოგადოების ინტერესებისათვის ყველაფრის შეწირვა? სიყვარული სწყუროდა,
მთელი მისი არსება სიყვარულის მოლოდინში იყო, მაგრამ თავს ეკითხებოდა, რაღას მარგებს
ახლა ეს მოძრაობების ჰარმონია, ღიმილი და მოხდენილობაო? უკვე აღარ მოსწონდა ქორფა
და მიმზიდველი რომ იყო, როგორც არ შეიძლება მოგეწონოს უმიზნოდ მრავალჯერ
გამეორებული ბგერა. საკუთარ სილამაზესაც კი ვეღარ იტანდა, როგორც რაღაც უსარგებლო
რამეს. შიშსა ჰგვრის აზრი, რომ ამიერიდან აღარ შეიძლებოდა სრულყოფილი არსება
ყოფილიყო. მისმა შინაგანმა „მემ“ დაკარგა უნარი შთაბეჭდილებებით დატკბობისა, რომელთა
მომხიბლავი სიახლოვე ცხოვრებას ესოდენ დიდ სიხარულს ანიჭებს. ამიერიდან ალბათ,
ყველა შეგრძნება წარმოქმნისთანავე ისევ წარიშლება და ბევრს რასმე, რაც უწინ აღელვებდა,
ახლა გულგრილად შეხედავს. ადამიანის ბავშვობას მისი „გულის ბავშვობა“ მოსდევს. მაგრამ
შეყვარებულმა საფლავში თან ჩაიტანა მისი ეს მეორე ბავშვობა. მას ჯერ კიდევ
ახალგაზრდული სურვილები ჰქონდა, მაგრამ ვეღარ გრძნობდა იმ ხელშეუხებელ სულიერ
სიყმაწვილეს, რაც ცხოვრებაში ყველაფერს ფასსა და მომხიბვლელობას ანიჭებს. ახლა
სამუდამოდ დარჩება გულში ის კუშტი, უნდო დამოკიდებულება ცხოვრებისადმი, რამაც მის
გრძნობებს ჭაბუკური ძალისა და გატაცების უნარი წაართვა. იმიტომ, ამიერიდან აღარაფერი
დაუბრუნებდა ბედნიერებას, რისი იმედითაც ცხოვრობდა, ასე თვალწარმტაცად რომ
ესახებოდა ოცნებაში. პირველმა ნამდვილმა ცრემლებმა ჩააქრეს ის ღვთაებრივი ცეცხლი,
რასაც პირველ გრძნობებს სხივსა ჰფენენ გულში, და ახლა განწირულია მუდმივად იტანჯოს,
რადგან არ გახდა ის, ვინც შეიძლებოდა გამხდარიყო. ასეთმა გრძნობამ უნდა წარმოქმნას
უმწირესი ზიზღის გრძნობა, ის ადამიანს აიძულებს სიხარულს ზურგი შეუბრუნოს, როცა

72 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


სიხარული ისევ მოევლინება. იმ დროს ჟიული ცხოვრებაზე ისე ფიქრობდა, როგორც ცალი
ფეხით სამარეში მდგარი ღრმად მოხუცებული ადამიანი. და თუმცა თავს ჯერ ისევ
ახალგაზრდად გრძნობდა, უსიხარულოდ განვლილ ურიცხვ დღეთა ტვირთი სულს
უმძიმებდა, სტანჯავდა და უდროოდ აბერებდა. ის საზოგადოებას ეკითხებოდა,
სასოწარკვეთილი შეჰღაღადებდა, რა მომეცი დაკარგული სიყვარულის სამაგიეროდ, რაც
ცხოვრებას შემიმსუბუქებდაო. თავს ეკითხებოდა, ხომ არ მომხდარა, რომ ჩემს ამ დაღუპულ,
ესოდენ წმინდა უბიწო სიყვარულში აზრები უფრო დანაშაულებრივი მქონოდა, ვიდრე
მოქმედებანიო? ქალს თავი დამნაშავედ მიაჩნდა, რითაც შეურაცხყოფას აყენებდა მაღალ
საზოგადოებას და ამრიგად ნუგეშს ჰპოვებდა იმაში, რომ ადამიანთან, რომელსაც ახლა
დასტიროდა, არა ჰქონდა ის საუცხოო კავშირი, რაც სულებს ერთმანეთთან აკავშირებს; ქალს
მწუხარებას უმსუბუქებს, რაკი იმის რწმენას უნერგავს, რომ სრული ბედნიერება განიცადა, და
მასაც აჩუქა ბედნიერება, ვინც უკვე აღარ არის, მაგრამ ვინც მის გულში სამუდამოდ
ცოცხლობს. ჟიული თავისი თავით უკმაყოფილო იყო იმ მსახიობივით, რომელმაც როლი
ვერ შეასრულა. მწუხარებამ მოიცვა მთელი მისი ნერვები, გული და გონება. თუ წმიდათაწმიდა
კუნჭულები მისი არსებისა შელახული იყო, თუ მასში შეურაცხყოფილი იყო კეთილი
გრძნობები, რაც ქალში თავგანწირულების სურვილს წარმოშობს, შებღალული იყო მისი
პატივმოყვარეობაც. გარდა ამისა, როცა ყველა ამ კითხვაზე ფიქრობდა, როცა ეხებოდა
არსებობის მაიძულებელ სხვა და სხვა მიზეზებს, რის მაგალითსაც საზოგადოებრივ,
მორალურ და ფიზიკურ ცხოვრებაში ვპოულობთ, მისი სულიერი ძალები ერთმანეთის
სრულიად საწინააღმდეგო აზრებში ძალას კარგავდნენ და უკვე აღარაფერი ესმოდა.
ხანდახან ნისლიან დარში ფანჯარას აღებდა და იდგა მთლად ფიქრებისგან დაცლილი,
მექანიკურად სუნთქავდა მიწის ტენიანი სუნით გაჟღენთილ ჰაერს. დიდხანს იდგა ხოლმე ასე
გაუნძრევლად, სახეშეშლილი, რადგან მწუხარებისაგან გაოგნებული ვეღარ შეიგრძნობდა
ვერც ბუნების სიმშვენიერეს, ვერც ფიქრთა მომხიბლაობას.

ერთ დღეს, შუადღისას, როცა ღრუბლებში მზემ გამოაშუქა, ოთახში მოახლე შემოვიდა
და მოახსენა: — ქალბატონო, აი უკვე მეოთხეჯერ მოდის ბატონი კიურე თქვენს სანახავად,
დღეს კი ისე დაბეჯითებით გვთხოვს შემოვუშვათ, რომ უკვე აღარ ვიცით, რა ვუპასუხოთ.

— უთუოდ, ფული დასჭირდა მრევლის ღარიბთათვის, ოცდახუთი ლუიდორი აიღეთ და


გადაეცით ჩემს მაგივრად.

— ქალბატონო, — მოახსენა ერთი წუთის შემდეგ დაბრუნებულმა მოახლემ, — ბატონი


კიურე უარზეა აიღოს ფული და ამბობს, რომ თქვენთან სურს ლაპარაკი.

73 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


— კარგი, კარგი, შემოვიდეს! — უპასუხა მარკიზის მეუღლემ და უკმაყოფილოდ აიქნია
ხელი, რაც ფრიად გულცივ მიღებას უქადდა მღვდელს. ალბათ, გადაწყვეტილი ჰქონდა თავი
აერიდებინა მისი ჭკუის დარიგებებისთვის მოკლედ მოჭრილი ახსნა-განმარტებებით.

ჟიულიმ დედა ადრე ბავშვობაში დაკარგა და მის აღზრდაზე ბუნებრივია, გავლენა


მოახდინა იმ თავისუფალმა ზნე-ჩვეულებებმა, რომლებმაც რევოლუციის დღეებში ყველა
რელიგიური საფუძვლები შეარყიეს საფრანგეთში. ღვთისმოსაობა ქალის თვისებაა და
მხოლოდ ქალებს შეუძლიათ ის ერთმანეთს ჩაუნერგონ. მარკიზის მეუღლემ კი, მე-18
საუკუნის პირმშომ მამის ფილოსოფიური აზრები იწამა. ჟიული არ იცავდა არავითარ
რელიგიურ წეს-ჩვეულებებს. მისთვის მღვდელი თანამდებობის პირი იყო და რაიმეს
სარგებლობა მისგან საეჭვოდ მიაჩნდა. მის მდგომარეობაში მყოფს რელიგიის ხმა უფრო
მეტად უშლიდა დარდებს. მით უმეტეს, არ სწამდა სოფლის მღვდლები და არც მათი
განსწავლულობა. ჟიულიმ გადაწყვიტა კიურესთვის თავისი ადგილი მიეჩინა და თავიდან
მშვიდობიანად მოეცილებინა ისე, როგორც ამას მდიდრები აკეთებენ, — ქველმოქმედებით.
მღვდელი შემოვიდა, მისმა შესახედაობამ ვერ შეცვალა მარკიზის მეუღლის წარმოდგენა. მის
წინ იდგა დაბალი ტანის ჩასუქებული, სახედანაოჭებული, ღიპიანი, ღაჟღაჟა, მაგრამ
მობერებული კაცი, გაღიმებას ცდილობდა, მაგრამ ნაძალადევად გამოსდიოდა. ნაოჭებით
დაღარული მაღალი შუბლიდან დაწყებული თავის სამი მეოთხედი მოტვლეპილი ჰქონდა,
რის გამოც სახე თითქოს უფრო დაპატარავებოდა. კეფაზე შემოვლებული მეჩხერი ჭაღარა
თმა საფეთქლებამდე სწვდებოდა და კისრამდე ჩასდევდა. მაგრამ მღვდელს სახეზე
ეტყობოდა, რომ მხიარული ბუნების ადამიანი იყო. სქელი ტუჩები, ოდნავ აპრეხილი ცხვირი,
სქელ ღაბაბში ჩაკარგული ნიკაპი მის გულარხეინ ხასიათს ადასტურებდა. პირველ შეხედვაზე
მარკიზის მეუღლემ მხოლოდ ეს ძირითადი ნიშნები შეამჩნია. მაგრამ, აი მღვდელმა ხმა
ამოიღო და მარკიზის მეუღლე განცვიფრებაში მოიყვანა მისმა სასიამოვნო ხმამ. ჟიულიმ
მღვდელს უფრო დაკვირვებით შეხედა და შეამჩნია, რომ მისი ჭაღარა წარბებიდან
გამომზირალი თვალები სევდით იყო სავსე. ხოლო მისი სახე პროფილში ისეთი
გამომეტყველი იყო, ისეთი ამაღელვებელი სევდით სუნთქავდა რომ მარკიზის მეუღლემ
მღვდელში ადამიანი შეიცნო.

— ქალბატონო მარკიზის მეუღლევ, მდიდრები ჩვენ მხოლოდ მაშინ გვეკუთვნიან, როცა


უბედურება დაატყდებათ ხოლმე. ხოლო მწუხარება ახალგაზრდა, ლამაზი, მდიდარი,
გათხოვილი ქალისა, რომელსაც არც შვილები დაუკარგავს, არც ნათესავები, აიხსნება და
გამოწვეულია ისეთი სევდით, რომლის ძალა მხოლოდ და მხოლოდ რელიგიას ძალუძს
შეანელოს. ქალბატონო, თქვენი სული საფრთხეშია. ახლა მე არ მსურს გელაპარაკოთ
74 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE
იმქვეყნიურ ცხოვრებაზე, რომელიც ჩვენ გველის! არა მე ახლა სააღმსარებლოში არა ვარ.
მაგრამ განა ჩემი ვალი არ არის გაგიშუქოთ თქვენი მომავალი ცხოვრება საზოგადოებაში?
მომიტევეთ მოხუცს, ასე რომ შეგაწყინეთ თავი, მაგრამ ჩემი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ
თქვენი ბედნიერებაა.

— ბედნიერება, ბატონო ჩემო, აღარ არსებობს ჩემთვის, და, როგორც თქვენც ბრძანეთ,
სულ მალე თქვენს კუთვნილებაში გადმოვალ, ალბათ, სამუდამოდ.

— არა, ქალბატონო, ჯავრით არ მოკვდებით, თუმცა ჯავრი ასე გიმძიმებთ გულს და ასე
კარგად გამოსჭვივის მთელი თქვენი გარეგნობიდან. თქვენ რომ ამისგან სიკვდილი
გრგებოდათ, განა ახლა სენ-ლანჟში იქნებოდით? ჩვენ ხშირად დაკარგული იმედებისგან
უფრო ვიღუპებით, ვიდრე თვით სიმწრის გრძნობისგან. მე ვიცი კიდევ უფრო აუტანელი, კიდევ
უფრო საშინელი განცდები, რომლებიც სიკვდილით არ დამთავრებულა.

მარკიზის მეუღლემ უნდობლად გააქნია თავი.

— ქალბატონო, ერთ კაცს ვიცნობ, რომელსაც იმოდენა უბედურება დაატყდა თავს, რომ
თქვენი დარდი მასთან შედარებით არარად მოგეჩვენებათ...

ხანგრძლივმა მარტოობამ დაღალა ჟიული, თუ იმ პერსპექტივამ მოხიბლა შეეძინა


მეგობარი, ვისაც თავისი ტანჯული გულისნადებს გაუმჟღავნებდა, ქალმა მღვდელს ისეთი
შემკითხველი გამომეტყველებით შეხედა, რომ ის მაშინვე ყველაფერს მიუხვდა.

— ქალბატონო, — განაგრძო მღვდელმა. — ის კაცი შვილების მამა იყო, ოდესღაც


მრავალრიცხოვანი ოჯახიდან სამი შვილიღა შერჩენოდა. ამ კაცს ზედმიყოლებით დაეხოცა
მშობლები, ქალიშვილი და ცოლი, რომლებიც ძალიან უყვარდა. იგი პროვინციის ერთ
მიყრუებულ პატარა მამულში ცხოვრობდა, სადაც ერთ დროს დიდად ბედნიერი იყო. მისი
სამი ვაჟიშვილი ჯარში მსახურობდა და თითოეულ მათგანს ნამსახურობის მიხედვით ჰქონდა
მიღებული თანამდებობა. ასი დღის 16 დროს უფროსი ვაჟი გვარდიაში გადავიდა და
პოლკოვნიკის ჩინი მიიღო. შუათანა საარტილერიო ბატალიონის მეთაურად დანიშნეს,
უმცროსი კი დრაგუნთა ესკადრონს მეთაურობდა. ქალბატონო, მამას და ვაჟიშვილებს
უზომოდ უყვარდათ ერთმანეთი. თუ თქვენ იცით, რა უზრუნველ ცხოვრებას ატარებენ
ახალგაზრდა კაცები, როგორ არიან ისინი გატაცებული თავიანთი ვნებებით... როგორ არ

16 ასი დღე - ამ სახელწოდებით არის ცნობილი მეორე პერიოდი ნაპოლეონის ტახტზე ასვლისა; იგი კუნძულ ელბადან გამოიქცა და
პარიზში შევიდა 1815 წლის 20 მარტს. ეს პერიოდი 22 ივნისამდე გაგრძელდა.

75 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


ჰყოფნით დრო ოჯახისადმი ყურადღების გამოსაჩენად, — ერთი მაგალითის მიხედვითაც
მიხვდებით, რაოდენ დიდი იყო მათი სიყვარული საცოდავი, განმარტოებით მცხოვრები
მოხუცი მამის მიმართ, რომელიც მხოლოდ მათით და მათთვის ცხოვრობდა ამ ქვეყანაზე.
ერთი კვირაც არ გაივლიდა, რომ მამას რომელიმე ვაჟისაგან წერილი არ მიეღო. უნდა
გითხრათ, რომ თვითონაც არ ამჟღავნებდა სისუსტეს, რაც ამცირებს შვილების პატივისცემას
მშობლისადმი; არც სასტიკ უსამართლობას იჩენდა, რაც მათ თავმოყვარეობას ულახავს; არც
ძუნწი იყო მსხვერპლის გაღებაში, რაც მშობლებს შვილებს აშორებს. არა, ის მეტი იყო, ვიდრე
მამა, ის მათი ძმა იყო, მათი მეგობარი. და აი, მამა შვილებთან გამოსათხოვებლად მიდის
პარიზში, რადგან მათ ბელგიაში გზავნიან. მოხუცს თავისი თვალით უნდა ნახოს კარგი ცხენები
ჰყავთ თუ არა და, ხომ არაფერი აკლიათ მის ვაჟებს. შვილების წასვლის შემდეგ მამა შინ
ბრუნდება. იწყება ომი. მამა წერილებს იღებს ფლერიუსიდან, ლინიიდან, ყვლაფერი რიგზეა,
მაგრამ ხდება ვატერლოოს ბრძოლა 17 და თქვენ კარგად მოგეხსენებათ მისი შედეგი. თვალის
დახამხამებაში მთელი საფრანგეთი ძაძებში გაეხვა. უღრმესმა მღელვარებამ მოიცვა ყველა
ოჯახი. მამა კი, როგორც ეს ხდება ხოლმე, ქალბატონო, მაინც მოლოდინში იყო. მოსვენება
არ ჰქონდა, სიმშვიდე დაკარგა. გაზეთებს კითხულობდა, ყოველ დღე თვითონვე დადიოდა
ფოსტაში; ერთ დღეს მოახსენეს, რომ მისი პოლკოვნიკი ვაჟის მსახური ჩამოსულიყო. მან
დაინახა, ეს კაცი თავისი პატრონის ცხენზე იჯდა. ყველაფერი ცხადი იყო: პოლკოვნიკი
დაღუპულიყო, ყუმბარას დაეგლიჯა ბრძოლაში. ცოტა ხნის შემდეგ გვიან ღამით შუათანა
ვაჟის მსახური გამოცხადდა ქვეითად: ის ბრძოლის მეორე დღესვე მოეკლათ. ბოლოს,
შუაღამისას მასთან ვიღაც არტილერისტი მოვიდა შესატყობინებლად, რომ სულ უმცროსი
ვაჟიც, ვინც იმ ხანმოკლე საღამოს უკანასკნელ იმედად ესახებოდა მამას, აგრეთვე
დაცემულიყო ბრძოლის ველზე. დიახ, ქალბატონო, სამივე ვაჟი შეიწირა ომმა!

მღვდელი ერთხან გაჩუმდა, მერე მღელვარება დაიოკა და მშვიდად დასძინა: — მამა


დღესაც ცოცხალია, ქალბატონო, ის მიხვდა, რომ რაკი მაღალმა ღმერთმა დედამიწაზე
დატოვა, მისი ტანჯვა უნდა გაგრძელდეს, და იტანჯება კიდეც, მაგრამ ეკლესიის წიაღს
შეაფარა თავი. ვინ უნდა გამხდარიყო ის?

მარკიზის მეუღლემ თვალები ასწია, მღვდელს მშვიდი სევდით გაშუქებულ სახეზე


შეხედა, და შეესმა სიტყვები, რომლებმაც თვალებზე ცრემლი მოჰგვარეს.

— მღვდლობა ისურვა. ვიდრე საკურთხევლის წინაშე აკურთხებდნენ, ეს კაცი ცრემლით

17 ბელგიის სოფელ ვატერლოოსთან ბრძოლაში 1815 წ. ნაპოლეონ I-ის არმიამ სასტიკი დამარცხება განიცადა ინგლის-ჰოლანდიისა და
პრუსიის ჯარების მიერ. ნაპოლეონი ინგლისელებს დანებდა და გადასახლებულ იქნა წმ. ელენეს კუნძულზე.

76 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


ეკურთხა, ქალბატონო.

ერთხანს დუმილი ჩამოდგა. მარკიზის მეუღლე და მღვდელი ფანჯრიდან ნისლიან


დასალიერს გაჰყურებდნენ, თითქოს იქ ცდილობდნენ დაელანდათ ადამიანები, რომლებიც
უკვე აღარ არსებობდნენ ქვეყანზე.

— ეს კაცი ქალაქის მღვდელი კი არ გეგონოთ, სოფლის უბრალო ხუცესია, — განაგრძო


მან.

— სენ-ლანჟში არა? — იკითხა ქალმა და ცრემლები შეიმშრალა.

— დიახ, ქალბატონო.

აქამდე არასოდეს მოსჩვენებია ჟიულის მწუხარება ესოდენ დიადი სახით. სიტყვები

„დიახ, ქალბატონო“ ჟიულის დასრულებული მწუხარების მთელი სიმძიმით დააწვა


გულზე. ეს ხმა სულს უფორიაქებდა, თუმცა მშვიდად ჩაესმა ყურებში. დიახ, ეს მართლაც რომ
თვით უბედურების ხმა იყო, ხმა დაბალი და მკაცრი, რომელსაც თითქოს რაღაც გამჭვალავი
დენები მოჰქონდა თან.

— ბატონო ჩემო, — უკვე მოკრძალებით წარმოთქვა მარკიზის მეუღლემ, — რა


მეშველება, თუ მოვკვდი?

— ქალბატონო, თქვენ ხომ შვილი გყავთ.

— დიახ, — მიუგო ქალმა გულაგდებულად.

მღვდელმა ქალს შეხედა, ეს მზერა ჰგავდა ექიმის მზერას, როცა ის უიმედო ავადმყოფს
შეჰყურებს. მან გადაწყვიტა ყოველგვარი ღონე ეხმარა, რათა ქალი გამოეგლიჯა ბოროტი
სულის ტყვეობიდან, რომელსაც უკვე ჩაევლო მისთვის კლანჭები.

— თავად დარწმუნდით, ქალბატონო, რომ ჩვენ ჩვენი მწუხარებით უნდა ვიცხოვროთ


და მხოლოდ რელიგიას ძალუძს ჭეშმარიტი ნუგეშისცემა. ნება მიბოძეთ, კვლავაც მოვიდე
თქვენთან და გაგაგონოთ ხმა ადამიანისა, რომელიც თანაგრძნობას უწევს ყოველგვარ
დარდს და რომელიც, როგორც ხედავთ, არაფრით არის შემზარავი.

— კეთილი, ბატონო, მობრძანდით. მადლობას მოგახსენებთ ჩემზე ზრუნვისათვის.

77 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


— მაშ, ნახვამდის, ქალბატონო.

ამ სტუმრობამ მარკიზის მეუღლეს ერთგვარად დაუცხრო სულიერი ღელვა, რომლის


ძალებსაც მეტისმეტად მძაფრად აღეგზნო მწუხარებისა და მარტოობისაგან. მღვდელმა მას
გულში მაცოცხლებელი ნექტარი ჩაუღვარა და რელიგიური სიტყვების საამო გამოძახილი
დაუტოვა. გარდა ამისა, მან სწორედ ისეთი კმაყოფილება განიცადა, როგორსაც დილეგში
ჩაგდებული პატიმარი განიცდის, როცა მარტოობის საშინელებითა და ბორკილთა სიმძიმით
დატანჯულს, უეცრად მეზობლის კაკუნი შემოესმის კედლიდან და თვითონაც უკაკუნებს თავისი
აზრების გასაზიარებლად.

ჟიულის ახლა სრულიად მოულოდნელი მესაიდუმლე გაუჩნდა. მაგრამ მალე ისევ


მწარე ფიქრებში ჩაეფლო და პატიმარივით თავის თავს უთხრა, რომ მის მწუხარებათა
მოზიარე ვერც ხუნდებსა და ვერც მომავალს ვერ შეუმსუბუქებდა. მღვდელს არ უნდოდა
პირველივე შეხვედრაზე დაეფრთხო ჟიული, რომელიც მთლად მოეცვა წმინდა ეგოისტურ
დარდს. მაგრამ იმედს არ კარგავდა, რომ შემდეგ შეხვედრაზე თავისი ოსტატობის წყალობით
მოახერხებდა ქალში რელიგიური გრძნობების გაღვიძებას. მესამე დღეს მღვდელი მართლაც
მივიდა ჟიულისთან და ისე მიიღო, რომ დარწმუნდა, მისი ვიზიტი მარკიზის მეუღლისათვის
სასურველი იყო.

— ქალბატონო მარკიზის მეუღლევ, — მიმართა მოხუცმა ჟიულის, — ოდნავ მაინც ხომ


არ დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რაოდენ აურაცხელია ადამიანის მწუხარება? ხომ არ
აღგიპყრიათ თვალები ზეცისკენ? ხომ არ დაგინახავთ იქ ყველა ის თვალშეუღწევი
სამყაროები, რომლებიც აკნინებენ ჩვენს მნიშვნელობას, ამაოებას სპობენ და ამით ამცირებენ
ჩვენს მწუხარებასაც?

— არა, ბატონო ჩემო, — მიუგო ჟიულიმ, — საზოგადოების კანონები მეტისმეტად


ამძიმებს ჩემს გულს და მეტისმეტად მტანჯველად ფლეთენ მას იმისათვის, რომ ცაზე
შემეძლოს ამაღლება. მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ კანონები არ არის იმდენად მკაცრი,
როგორც მაღალი საზოგადოების ზნე-ჩვეულებები! ო, ეს მაღალი საზოგადოება!

— ქალბატონო, ჩვენ ვალდებულნი ვართ ერთსაც დავემორჩილოთ და მეორესაც:


კანონი სიტყვაა, ხოლო ზნე-ჩვეულებები მოქმედებაა საზოგადოებისა.

— საზოგადოებას დავემორჩილოთ?.. — შეესიტყვა მღვდელს მარკიზის მეუღლე და


ხელის მოძრაობით გამოხატა თავისი ზიზღი. — ეჰ, ბატონო, ყოველგვარი უბედურება მისგან

78 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


წარმოსდგება. ღმერთს არ შეუქმნია არც ერთი კანონი, რომელსაც უბედურებისაკენ
მივყავართ. ადამიანები კი შეიკრიბნენ და დაამახინჯეს მისი ქმნილება. ჩვენ, ქალები
ცივილიზაციის მიერ უფრო ვართ დაჩაგრული, ვიდრე ბუნების მიერ. ბუნება ჩვენ ფიზიკურ
ტანჯვას გვაყენებს, რაც თქვენ ვერ შეგვიმსუბუქეთ. ცივილიზაციამ კი ჩვენში განავითარა
გრძნობები, რომელნიც თქვენგან ერთთავად მოტყუებულია. ბუნება ანადგურებს სუსტ
არსებებს, თქვენ კი მათ სიცოცხლეს უსჯით, რათა დაუსრულებელ უბედურებაში ამყოფოთ.
მხოლოდ ჩვენ, ქალები განვიცდით ჩვენს თავზე მთელ სიმძიმეს ცოლ-ქმრობისა, ინსტიტუტისა,
რომელზეც დღეს საზოგადოება ეყრდნობა: მამაკაცები თავისუფალნი არიან, ჩვენ კი —
მონები ვართ ჩვენი მოვალეობისა. მთელი ჩვენი სიცოცხლე თქვენ უნდა შემოგწიროთ, თქვენ
კი მხოლოდ იშვიათ წუთებს გვწირავთ. და ბოლოს, მამაკაცს ხომ მუდამ აქვს უფლება
არჩევანი გააკეთოს იქ, სადაც ჩვენ ბრმად ვემორჩილებით ჩვენს გულისთქმას? ო, ბატონო
ჩემო, თქვენ ერთადერთი ადამიანი ხართ, ვისაც შემიძლია ყველაფერი ვუთხრა. ჰოდა, იცით
რას გეტყვით? მე მეჩვენება, რომ ასეთი ცოლ-ქმრობა ჩვენს დროში რომ არის, დაკანონებული
პროსტიტუციაა. აქედან წარმოსდგება ჩვენი უბედურებაც. მაგრამ ყველა ამ განწირულ,
საბედისწეროდ ერთმანეთთან დაკავშირებულ არსებათა შორის მხოლოდ მე, მე უნდა
ვდუმდე! მე ვარ დამნაშავე ჩემს უბედურებაში, მე თვითონ მინდოდა ეს ქორწინება.

მარკიზის მეუღლე დადუმდა და მწარედ ატირდა.

— ამ ჩემს ვეებერთელა მწუხარებაში, განცდათა ამ ოკეანეში, — განაგრძო ჟიულიმ, —


პატარა კუნძული ვიპოვე ფეხის მოსაკიდებელი. იქ შემეძლო მშვიდად მივცემოდი ჩემს
ტანჯვებს, მაგრამ გრიგალმა ყოველივე წაიღო. და აი, მარტო დავრჩი, ვის დავეყრდნო?
უძლური ვარ გრიგალთან ბრძოლაში.

— როცა ღმერთი ჩვენთან არის, არასოდეს ვართ უძლურნი, — უთხრა მღვდელმა. —


და თუ ამ ქვეყანაზე არავინ არის, რათა გულმიდრეკილება დაიკმაყოფილოთ, განა
არავითარი მოვალეობაც არ გაკისრიათ?

— აღარ გათავდა ეს მოვალეობები! — შესძახა ქალმა ერთგვარი გაღიზიანებით, —


სად ვპოვო ის გრძნობები, რომლებიც ძალას მომცემენ ამ მოვალეობათა შესრულებაში?
ბატონო ჩემო, არაფერი კეთდება არაფრისგან და არაფერი კეთდება არაფრისთვის, — ეს
არის ერთი ყველაზე უფრო სწორი კანონი ბუნებისა, როგორც ზნეობრივი ისე ფიზიკური.
თქვენ გინდათ, რომ ხემ ფოთები მოგვცეს იმ წვენის გარეშე, რომელიც მას კვებავს? სულსაც
ხომ აქვს თავისი მკვებავი წვენი! უკვე დაშრა ჩემი ცხოვრების მაცოცხლებელი წვენი!

79 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


— არაფერს გეტყვით იმ რელიგიურ გრძნობებზე, რომლებიც ბედისადმი მორჩილებას
წარმოშობენ, — უთხრა მღვდელმა, — მაგრამ, ქალბატონო, დედობა განა არ არის...

— შეჩერდით ბატონო! — გააწყვეტინა მარკიზის მეუღლემ, — მინდა თქვენს წინაშე


გულწრფელი ვიყო. ვაგლახ, რომ აღარ შემიძლია დღეიდან ვინმეს წინაშე გულწრფელი
ვიყო, — იძულებული ვარ ერთთავად ვიცრუო. საზოგადოება მუდამ თვალთმაქცობას
მოითხოვს და შერცხვენით გვემუქრება, თუ მის პირობითობებს არ დავემორჩილეთ. ბატონო
ჩემო, არსებობს ორგვარი დედობრივი გრძნობა. უწინ მე წარმოდგენაც არა მქონია ასეთ
განსხვავებაზე. დღეს კი ეს კარგად გავიგე. მე მხოლოდ სანახევროდ ვარ დედა, უკეთესი
იქნებოდა, სულ არ ვყოფილიყავი. ელენი ხომ მისგან არ არის! ახ, ნუ შეძრწუნდებით! სენ-
ლანჟი ისეთი უფსკრულია, სადაც მრავალი ყალბი გრძნობა ჩაინთქა, საიდანაც ავბედითი
ალები ამოვარდნენ, სადაც ჩაიქცნენ არაბუნებრივი კანონების სუსტი დარბაზები. მე ბავშვი
მყავს და ეს, რასაკვირველია, საკმარისია. დედა ვარ, — ასე სურს კანონს. ხოლო თქვენ,
ბატონო, ვისაც ესოდენ თანამგრძნობი გული გაქვთ, იქნებ თქვენ შეისმინოთ გოდება
საცოდავი ქალისა, ვინაც თავს ნება არ მისცა მის გულში რაიმე ნაძალადევ გრძნობას
დაესადგურებინა. მაღალი ღმერთი განმსჯის, მაგრამ არა მგონია, მისი კანონების წინაშე
ვცოდავდე, და მსურს ავყვე სიყვარულის გრძნობას, რომელიც მან ჩემს სულში მოათავსა; აი,
რა აზრს დავადექი, ბავშვი, ბატონო, გამოსახულებაა ორი არსებისა, ნაყოფია ორი
თავისუფლად შეკავშირებული გრძნობისა. თუ ის არ ზის მთლიანად თქვენს არსებაში, თუ
თქვენ გულთან უნაზესი სიმებით არ არის დაკავშირებული, თუ ის არ მოგაგონებთ
სიყვარულით განცდილ ნეტარებას, იმ დროს, იმ ადგილებს, სადაც ეს ორი არსება ბედნიერი
იყო, სადაც მათი სიტყვები აღსავსე იყო საამური ჟღერით და დამატკბობელი აზრებით, მაშინ
ეს ბავშვი უხეირო ქმნილებაა. დიახ, ბავშვი მათთვის მომხიბლავი მინიატურა უნდა იყოს,
რომელშიც მათი იდუმალი ცხოვრების მთელი პოეზიაა ასახული. ბავშვი მათთვის გრძნობათა
უხვი წყარო უნდა იყოს, უნდა იყოს ერთსა და იმავე დროს მთელი მათი წარსული და მთელი
მათი მომავალი. ჩემი საბრალო პატარა ელენი მამამისის პირმშოა, მოვალეობისა და
შემთხვევის შვილია. ის ჩემში მხოლოდ ქალურ ინსტინქტებს აღვიძებს, დაუძლეველ
ინსტინქტს, რომლის ძალითაც ჩვენ საერთოდ ვიცავთ ჩვენს ღვიძლ შვილს. საზოგადოების
კანონების თვალსაზრისით მე უმწიკვლო ვარ. განა ჩემი ცხოვრება და ჩემი ბედნიერება მას
არ მოვუტანე მსხვერპლად? მისი ტირილი სულის სიღრმემდე მაფორიაქებს, წყალში რომ
იხრჩობოდეს, დაუფიქრებლად გადავეშვები მის გადასარჩენად. მაგრამ მას არა აქვს ადგილი
ჩემს გულში. არა! სიყვარული უფრო დიდი, უფრო სრული დედობისათვის მამზადებდა
ოცნებებში. იმ გაფანტულ სიზმრებში მე ვულოლიავებდი ბავშვს, რომელიც ჩემს ოცნებაში მის

80 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


ჩასახვამდე უფრო ადრე გაჩნდა, ერთი სიტყვით, იმ უნაზეს ყვავილს, რომელიც სულში უფრო
ადრე გაიფურჩქნება, ვიდრე დღის სინათლეზე გამოვა. მე ელენისთვის ისა ვარ, რაც
ცხოველთა სამყაროში ყველა დედა თავისი შთამომავლობისთვის უნდა იყოს. როცა მას ჩემი
თავი აღარ დასჭირდება, ეს ყველაფერი დასრულდება: გაქრება მიზეზი, შეწყდება შედეგიც.
ქალი ხომ დაჯილდოებულია შესანიშნავი ნიჭით, რომ მთელი სიცოცხლე თავისი შვილისთვის
დედობრივი სიყვარულით ზრუნავდეს. ასეთ შემთხვევაში, რატომ არ უნდა მივაკუთვნოთ
გრძნობათა ეს ღვთაებრივი ერთგულება იმ შუქს, რომელიც ბავშვის სულიერ შთასახვას
ანათებს? თუ ახალდაბადებულს არ დაჰყვა სული თავისი დედისა, მაშინ დედობრივი გრძნობა
ისევე ადრე ისპობა მის გულში, როგორც ეს ხდება ცხოვრებაში. ეს ჭეშმარიტებაა, მე ამას
ვგრძნობ: რაც უფრო იზრდება ჩემი საცოდავი ბავშვი, მით უფრო შორდება იგი ჩემს გულს.
მისთვის გაღებულმა მსხვერპლმა მომგლიჯეს მას მაშინ, როცა სხვა ბავშვის მიმართ, მე ამას
ვგრძნობ, უშრეტი სიყვარულით ვიქნებოდი სავსე. იმ მეორესთვის არაფერს ჩავთვლიდი
მსხვერპლად, ყველაფერი სიხარულს მომიტანდა. ამაში, ბატონო, ჩემი გრძნობების წინაშე,
ჩემი გონებაც და რელიგიაც, ყოველივე უძლურია. განა ქალი, რომელიც თავს არც დედად
გრძნობს, არც მეუღლედ, რომელმაც თავისდასაუბედუროდ განიცადა, თუ რაოდენ
დაუსრულებლად მშვენიერია სიყვარული, რაოდენ უსაზღვროდ სასიხარულოა დედობა,
დამნაშავეა იმაში, რომ სიკვდილი უნდოდეს? რა მოელის მას? მე შემიძლია გითხრათ, რას
განიცდის ასეთი ქალი. დღესა და ღამის განმავლობაში ასჯერ მაინც დამივლის ჟრუანტელი
თავსა, გულსა და მთელ ტანში, როცა მოგონებანი, რომელთა დასაძლევად ძალა არ
მყოფნის, მეწვევიან და ბედნიერი წარსულის სურათებს გადამიშლიან, რაც შეიძლება უფრო
მოჩვენებაა ბედნიერებისა, ვიდრე ეს სინამდვილეში იყო. ამ ულმობელმა მოჩვენებებმა
გრძნობები დამიჩლუნგეს და მე თავს ვეკითხები: „როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, რომ!..“

მან თვალებზე ხელები აიფარა და აქვითინდა.

აი, ეს არის ჩემი გულის ნადები! მისი ბავშვის გულისთვის უსაშინლეს წამებასაც
ავიტანდი! ღმერთი, რომელიც გარდაცვალებისას ყველა მიწიერი ცოდვებით დაიტვირთა,
მაპატიებს ამ აზრებს, სიკვდილის პირად რომ მივყავარ. მაგრამ ვიცი, საზოგადოება
ულმობელია. მისთვის ჩემი სიტყვები მკრეხელობაა: მე ვბღალავ ყველა მის კანონს. აჰ,
როგორ მინდა შევეჭიდო ამ საზოგადოებას, რათა იქ კანონები და ზნე-ჩვეულებანი
გადავახალისო, რათა ისინი დავამსხვრიო! განა მათ არ ჩასცეს ლახვარი ყველა ჩვენს
ზრახვებს, ჩემი სულის ყოველ სიმს. ყველა ჩემს გრძნობას, ყველა ჩემს სურვილს, ყველა ჩემს
იმედს მომავალში, აწმყოსა და წარსულში? ახლა ჩემთვის ყოველი დღე ბნელია, აზრი ჩემი
მახვილია, გული ერთიანი ჭრილობაა, ჩემი შვილი კი მხოლოდ უარყოფაა. დიახ, როცა ელენი
81 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE
მელაპარაკება, მინდა სხვა ხმა ჰქონდეს, როცა მიყურებს, მინდა სხვა თვალები ჰქონდეს. ის
ჩემს გვერდით იმისთვის არის, რომ ყოველთვის მომაგონებდეს, რა უნდა მქონოდა და რა
არა მაქვს. ვეღარ ვიტან მის ცქერას! ვუღიმი, ვცდილობ ავუნაზღაურო გრძნობები, რომელთაც
ვპარავ. საშინლად ვიტანჯები! ოჰ, ბატონო ჩემო, ჩემი წამება იქამდე მიდის, რომ სიცოცხლე
აღარ ძალმიძს. და მე მაღალი ზნეობის ქალად ჩამთვლიან! არც არაფერი ჩამიდენია
საძრახისი! პატივისცემით მომეპყრობიან! მე ხომ ვძლიე უნებურ სიყვარულს, რადგან არ
მქონდა უფლება მას ავყოლოდი. მაგრამ თუ ცოლ-ქმრული ერთგულება დავიცავი, ჩემი
გული როგორღა შევინარჩუნო? იგი, — თქვა მან და მარჯვენა ხელი მკერდზე მიიდო, —
მუდამ მხოლოდ ერთადერთ ადამიანს ეკუთვნოდა. ჩემი ქალიშვილი ამას შეუცნობლად
გრძნობს. დედის მზერაში, ხმასა და მოძრაობაში არის ძალა მოქმედი ბავშვის სულზე. ჩემი
საბრალო გოგონა კი ვერა გრძნობს ვერც ჩემი მკლავების სითბოს, ვერც ჩემი ხმის
თრთოლვას, ვერც ჩემი თვალების ალერსს, როცა ვუყურებ, ველაპარაკები, ანდა ხელში
ვიყვან. ის საყვედურის თვალებით შემომცქერის, და მე ამას ვერ ვუძლებ. ხანდახან ვტირი,
როცა ვფიქრობ, რომ ერთხელაც იქნება ისე წარვსდგები მის წინაშე, როგორც მსაჯულის
წინაშე და ისე გამომიტანს განაჩენს, რომ არც კი მომისმენს. ღმერთმა ქნას, ერთ მშვენიერ
დღეს სიძულვილი არ წარმოიშვას ჩვენს შორის! ყოვლისშემძლეო ღმერთო! განმიხვენ
საფლავის კარნი, აქ, სენ-ლანჟში მომეცი სამუდამო განსასვენებელი! მინდა გადავსახლდე იმ
სამყაროში, სადაც ჩემს მეორე სულს ვპოვებ, სადაც ნამდვილი დედა გავხდები! ოჰ,
მომიტევეთ, ბატონო, ლამის მთლად შევიშალო ჭკუიდან. ეს სიტყვები ყელში მქონდა
გახირული. ახლა კი ყველაფერი ვთქვი. ოჰ, აი თქვენც ტირით! ესე იგი არ შეგძულდებით!
ელენ! ელენ! შემოდი, ჩემო გოგონა! — დაიყვირა მან რაღაც სასოწარკვეთით, როცა
სეირნობიდან დაბრუნებული შვილის ხმა შემოესმა.

გოგონა ყვირილითა და სიცილით შემოვარდა ოთახში. მას პეპელა დაეჭირა და


დედასთან მოჰქონდა, მაგრამ, როცა დედის თვალებზე ცრემლები დაინახა, გაჩუმდა, გვერდით
ამოუდგა და შუბლი მიუშვირა საკოცნელად.

— ლამაზი გოგო დადგება, — შენიშნა მღვდელმა.

— გამოცხადებული თავისი მამაა, — მიუგო მარკიზის მეუღლემ და ბავშვს მხურვალედ


გადაეხვია, თითქოს ვალს რასმე უხდიდა ან სინდისის ქენჯნის დაოკება უნდოდა.

— როგორ გიხურთ სახე, დედიკო.

— წადი, დაგვტოვე, ჩემო ანგელოზო, — უთხრა მარკიზის მეუღლემ.


82 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE
გოგონა ოთახიდან ისე გავიდა, რომ გული არ დასწყვეტია, არც დედისთვის შეუხედია.
ბედნიერი იყო, რომ განერიდა დამწუხრებულ სახეს, რადგან ესმოდა, ახლა, ამ სახეზე
ასახული გრძნობები მის მიმართ მტრობას გამოხატავდა. ღიმილი ხვედრია, ენა კი —
გამოსახულება დედობრივი სიყვარულისა. მაგრამ მარკიზის მეუღლეს არ შეეძლო გაღიმება.
მას სახეზე ალმური მოედო და მღვდელს შეხედა; იმედი ჰქონდა დედობრივ გრძნობებს
გამოამჟღავნებდა, მაგრამ ვერც მან, ვერც მისმა ბავშვმა ვერ მოახერხეს ტყუილი. მართლაც,
კოცნა გულწრფელი დედისა ღვთაებრივი ნექტარით არის აღსავსე. ეს ნექტარი მის კოცნას
გულითადობას, ნაზ სითბოს აძლევს, რითაც მისი გულია აღსავსე. ისეთი კოცნა კი, რომელიც
ამ სასიცოცხლო მირონს მოკლებულია, მშრალია და ცივი. მღვდელმა იგრძნო ეს განსხვავება.
მან შესძლო მოეზომა უფსკრული, რომელიც ხორციელ დედობასა და გულისმიერ დედობას
შორის არსებობს. ამიტომ მარკიზის მეუღლეს გამომცდელი თვალით შეხედა და წარმოთქვა:
— თქვენ მართალი ხართ, ქალბატონო! თქვენთვის უმჯობესი იქნებოდა არ გეცოცხლათ...

— ოჰ, ვხედავ, გესმით, როგორ ვიტანჯები, — მიუგო ქალმა, — რაკი თქვენ ქრისტიანი
მღვდელი, მიხვდით, რა საბედისწერო გადაწყვეტილება მიმაღებინა ყოველივე ამან, და
მომიტევეთ... დიახ, მინდა თავის მოკვლა, მაგრამ იმდენი გამბედაობა არ მეყო, რომ განზრახვა
შემესრულებინა. ხორცი ჩემი სუსტი იყო, როცა სული იყო ძლიერი, ხოლო როცა ხელი აღარ
მიცახცახებდა, სული იწყებდა მერყეობას! ასეთი ბრძოლის, ასეთი ცვლილების საიდუმლოება
ჩემთვის უცნობია. უთუოდ, სუსტი ქალი ვარ, ჩემდა სავალალოდ, ნებისყოფას ვერ ვიჩენ ჩემს
სურვილებში, მხოლოდ სიყვარულით ვარ ძლიერი. საშინლად მძულს ჩემი თავი!
საღამოობით, როცა მსახურთ უკვე ეძინათ, გაბედულად გავემართებოდი ხოლმე ტბორისკენ,
მაგრამ ნაპირთან რომ მივდიოდი, ჩემს უბადრუკ არსებას დაღუპვის შიში ეუფლებოდა.
ხედავთ, აღსარებას გეუბნებით ჩემს სუსტ მხარეებზე. როცა ლოგინში ჩავწვებოდი, ჩემი თავის
მრცხვენოდა და ისევ გაბედული ვხდებოდი, ერთ-ერთ ასე წუთებში ოპიუმი მივიღე, მაგრამ
მხოლოდ ავად გავხდი, არ მოვკვდი. მეგონა, მთელი შუშა გამოვცალე-მეთქი, თურმე მარტო
ნახევარი დამელია.

— დაღუპულხართ, ქალბატონო, — უთხრა მღვდელმა მნიშვნელოვნად, მაგრამ


ცრემლნარევი ხმით. — თქვენ ისევ დაუბრუნდებით საზოგადოებას და იცრუებთ მის წინაშე.
იქ თქვენ ძებნას დაუწყებთ და იპოვით კიდეც ყველაფერს, რაც საკუთარი ტანჯვის
სანაზღაუროდ მიგაჩნიათ. მაგრამ, თქვენი სიამოვნებისათვის დაისჯებით...

— რას ბრძანებთ! — შეჰყვირა ქალმა, — როგორ მივცემ ჩემი გულის უკანასკნელ,


უძვირფასეს საუნჯეს პირველსავე მოარშიყეს, რომელიც თავს შეყვარებულად მომაჩვენებს,

83 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


როგორ გავიფუჭებ ცხოვრებას წამიერი საეჭვო ბედნიერებისათვის? არა, ჩემი სული წმინდა
ალზე დაიფერფლება. ბარტონო ჩემო, ყველა მამაკაცს აქვს თავისი სქესისათვის
დამახასიათებელი ინსტინქტები, ხოლო ისეთი მამაკაცი, რომელსაც სულიერი სიმდიდრე
გააჩნია, ვინც ჩემი გუნების მოთხოვნილებებს უპასუხებს, ვინც ჩემი გულის ყველა სიმებს
გამოეხმაურება, მხოლოდ მოზღვავებული გრძნობების შედეგად რომ ჟღერენ დამატკბობელი
ჰარმონიულობით, — ასეთი მამაკაცი არ შეიძლება ორჯერ შეგხვდეს ცხოვრებაში. მე ვიცი,
ჩემი მომავალი საშინელია... ქალი არაფერს წარმოადგენს სიყვარულის გარეშე, სილამაზე
არაფერის მაქნისია ამ ნეტარების გარეშე. მაგრამ კიდევაც რომ მრგებოდა ბედნიერება, განა
მას საზოგადოება არ გაკიცხავდა? შვილის წინაშე ჩემი ვალია ღირსეული დედა ვიყო. ო,
რკინის სალტეებში ვარ მომწყვდეული, საიდანაც შეურცხვენლად თავს ვერ დავაღწევ.
ოჯახური ვალდებულებანი, რომლებიც არაფრით იქნებიან ანაზღაურებულნი მომწყინდება და
დავწყევლი ჩემს არსებობას. სამაგიეროდ ჩემს შვილს ეყოლება რაღაც მსგავსება გვარიანი
დედისა. მე მას მივანიჭებ სათნოების ყველა საუნჯეს, ნაცვლად სიყვარულის საუნჯისა,
რომელიც უთუოდ მოვაკელი. არც მარტო იმ სიხარულისთვის მინდა ცხოვრება, რასაც დედას
შვილის ბედნიერება ანიჭებს, ბედნიერების აღარ მჯერა. მაგრამ თვითონ ელენს რაღა ბედი
ელის? უეჭველია, ისიც ჩემი ბედის იქნება. არ ვიცი, რა უნდა გააკეთოს დედამ, რომ კაცი,
რომელსაც ის ქალიშვილს მიათხოვებს, მისი გულის სწორი გამოდგეს! თქვენ სამარცხვინო
ბოძზე აკრავთ საცოდავ ქალებს, რომლებიც თავს რამდენიმე ეკიუდ მიჰყიდიან პირველ
შემხვედრ მამაკაცს: შიმშილი და გაჭირვება ამართლებს ამ წუთიერ კავშირებს. საზოგადოებას
კი დასაშვებად მიაჩნია და იწონებს უმწიკვლო ქალიშვილისთვის კიდევ უფრო საშინელ,
დაუფიქრებელ კავშირს მამაკაცთან, რომელთანაც მხოლოდ სამი თვის ნაცნობობა აქვს. ის
ხომ მთელი სიცოცხლით გაყიდულია. მართალია აქ საფასური ძალიან მაღალია! მისი
ტანჯვის ყველა სხვა საზღაურის მაგივრად პატივს ხომ მაინც უნდა სცემდეთ მათ! მაგრამ არა!
საზოგადოება უმაღლესი ზნეობის ქალებსაც კი ავყიაობს. ასეთია ჩვენი ბედი! ჩვენ ორი გზა
გვაქვს: ერთი აშკარა პროსტიტუცია და სირცხვილი, მეორე კი — ფარული, — და უბედურება.
ხოლო, რაც შეეხება საცოდავ უმზითვო ქალიშვილებს, ისინი ხომ ჭკუაზე იშლებიან, ან
კვდებიან. მათ საერთოდ, არავინ იცოდებს. სილამაზე, სათნოება არ ფასობს თქვენს
ადამიანურ ბაზარზე, თქვენ კი ამ ეგოისტური ვნებების მორევს საზოგადოებას უწოდებთ.
ჩამოართვით ქალებს მემკვიდრეობის უფლება. მაშინ თქვენ, ყოველ შემთხვევაში ბუნების
კანონს გაჰყვებით და თანამეცხედრეს გულის წადილით აირჩევთ.

— ქალბატონო, თქვენი სიტყვები მიმტკიცებენ, რომ თქვენს გულს არც ოჯახის სული
ეკარება, არც რელიგიისა. ამიტომ, ვფიქრობ, უყოყმანოდ გააკეთებთ არჩევანს

84 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


საზოგადოებრივ ეგოიზმსა, რაც თქვენს თავმოყვარეობას ლახავს, და საკუთარ ეგოიზმს
შორის, რაც სიტკბოებისაკენ მოგიწოდებთ...

— განა ოჯახი არსებობს, ბატონო ჩემო? — მე უგულვებელვყოფ ოჯახს ისეთ


საზოგადოებაში, სადაც მამისა და დედის სიკვდილის შემდეგ ქონებას ჰყოფენ და თითოეულს
ეუბნებიან, შენი გზით წადიო. ოჯახი დროებითი და შემთხვევითი შენაერთია, რომელსაც
სიკვდილი უმალვე არღვევს. ჩვენმა კანონებმა დაარღვიეს ძველისძველი გვარები,
მემკვიდრეობა, მაგალითებისა და ტრადიციების ურყეობა. ჩემს გარშემო მხოლოდ ნანგრევებს
ვხედავ.

— ქალბატონო, მაღალ ღმერთს თქვენ მხოლოდ მაშინ მიმართავთ, როცა მისი


მსახვრალი ხელი მოგეწევათ, და მე გისურვებდით, საკმარისი დრო გქონდეთ მასთან
შერიგებისთვის. თქვენ მიწაში იყურებით და იქ ეძებთ ნუგეშს. იმის მაგივრად, რომ ზეცას
მიაპყროთ თვალები. ყალბმა ფილოსოფიამ და პირადმა მისწრაფებებმა შეიპყრეს თქვენი
გული და ისევე ყრუ ხართ რელიგიის მოწოდების მიმართ, როგორც ჩვენი უღმერთო საუკუნის
ყველა შვილი! ამქვეყნიური სიამოვნებანი მხოლოდ ტანჯვას წარმოშობენ. ერთი მწუხარება
მეორეთი შეგეცვლებათ. ეგ იქნება და ეგ.

— მე თქვენს წინასწარმეტყველებას იმით დავარღვევ, — თქვა ჟიულიმ და მწარედ


გაიღიმა, — რომ ერთგული დავრჩები იმისა, ვინც ჩემთვის მოკვდა.

— მწუხარება, — მიუგო მღვდელმა, — მარტოოდენ ღვთისმოსავთა სულებში ცხოვრობს


მარად.

მან თვალები მოწიწებით დახარა, რათა დაეფარა ეჭვი, რომელიც შეიძლებოდა მის
მზერაში აღბეჭდილიყო. მარკიზის მეუღლის ესოდენ გულგამგმირავმა ჩივილმა მღვდელს
სევდა მოჰგვარა. მას უნარი ჰქონდა გამოეცნო ადამიანური „მე“ ყველა მის გამოვლინებაში
და იმედი გადაეწყვიტა, რომ მოალბობდა ამ გულს, რომელიც მწუხარებაში შერბილების
მაგივრად მთლად გამომშრალიყო. მარცვალს ღვთაებრივი მთესვარისა არ შეეძლო მოეცა
აღმონაცენი, რადგან ეგოიზმის საშინელი ყვირილი ახშობდა მის მშვიდ ხმას. მიუხედავად
ამისა, მღვდელმა მოციქულებრივი სიმტკიცე გამოიჩინა და რამდენჯერმე ინახულა ჟიული.
მას არ ტოვებდა იმედი, რომ ოდესმე ღვთის პირისაკენ მოაქცევდა ესოდენ კეთილშობილი
და ამაყი სულის ქალს. მაგრამ, ერთ მშვენიერ დღეს მღვდელს მხნეობამ უღალატა, როცა
შეამჩნია, რომ მარკიზის მეუღლეს მხოლოდ იმიტომ უხაროდა მათი საუბრები, რომ
სიამოვნებას ჰგვრიდა აწ განსვენებულ ადამიანზე ლაპარაკი. მან გადაწყვიტა არ
85 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE
დაემცირებინა თავისი წოდება ქალის ვნებათა ღელვის შემწყნარებელი მოსმენით, საუბრები
შეწყვიტა და თანდათანობით ზოგად საკითხებზე გადავიდა.

დადგა გაზაფხული. ქ-მა დ’ეგლემონმა დიდი მოწყენილობის გასაფანტავად და


უსაქმურობისაგან თავის დასაღწევად მამულის შეკეთებას მიჰყო ხელი. მან რაღაც
სამუშაოების შესრულების განკარგულება გასცა. ოქტომბრის თვეში ჟიულიმ დატოვა თავისი
ძველისძველი სენ-ლანჟის სასახლე, სადაც უფრო გაიფურჩქნა და გალამაზდა
გულხელდაკრეფილი მწუხარებას რომ მისცემოდა. ეს კაეშანი თავდაპირველად ისეთი
მძაფრი იყო, როგორც მძლავრად გატყორცნილი დისკო, შემდეგ იგი წყნარ სევდაში
გადავიდა ისევე, როგორც თანდათან კლებულობს დისკოს რხევა, ვიდრე საბოლოოდ
გაჩერდებოდეს. სევდა წარმოადგენს სულის ამგვარ რხევათა მწკრივს, რომლის დასაწყისი
სასოწარკვეთილებას ემიჯნება, ხოლო დასასრული — სიამოვნებას: ახალგაზრდულ ასაკში ის
დილის ბინდია, სიბერეში — საღამოს მწუხრი.

როცა მარკიზის მეუღლის ეტლი სოფლის გზაზე მიდიოდა, ეკლესიიდან შინ მიმავალი
მღვდელი შეხვდა და მიესალმა, ჟიულიმ უპასუხა, მაგრამ თვალები დახარა და თავი
მიაბრუნა, რომ არ დაენახა. მღვდელი სავსებით მართალი იყო ამ უბედურ ეფესელ
არტემიდასთან დამოკიდებულებაში.

III. ოცდაათი წლის ასაკში

ერთი ყმაწვილი კაცი, ვისზეც დიდ იმედებს ამყარებდნენ და ერთ-ერთი იმ ისტორიული


სახელოვანი გვარის წარმომადგენელი იყო, რომელიც თვით კანონების მუხედავადაც კი
მეტად მჭიდროდ არის დაკავშირებული საფრანგეთის დიდებასთან, ქ-ნ ფირმიანისთან
იმყოფებოდა მეჯლისზე. ამ მანდილოსანს მისთვის სარეკომენდაციო წერილები მიეცა ორ თუ
სამ თავის მეგობართან ნეაპოლში. ბ-ნი შარლ დე ვანდენესი, — ასე ერქვა ახალგაზრდა კაცს,
— წასვლის წინ მადლობის სათქმელად მოსულიყო ქ-ნ ფირმიანისთან. ვანდენესს, რომელსაც
შესანიშნავად შეესრულებინა რამდენიმე დიპლომატიური მისია და დიდი ხანი არ იყო, ერთ-
ერთი ჩვენი სრულუფლებიანი მინისტრის თანაშემწედ დაენიშნათ ლაიბახის კონგრესზე 18,
უნდოდა ეს მოგზაურობა იტალიის გასაცნობადაც გამოეყენებინა. დღევანდელი მეჯლისი
ერთგვარი გამოთხოვება იყო პარიზის დღესასწაულებთან, დედაქალაქის მჩქეფარე

18 ლაიბახის კონგრესი - „წმინდა კავშირის“ კონგრესი (1821 წ.), რომელზეც განიხილებოდა ესპანეთსა და იტალიაში ეროვნულ-
განმათავისუფლებელი მოძრაობის ჩახშობის ზომები.

86 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


ცხოვრებასთან, აზრთა და გასართობთა ორომტრიალთან, ყველაფერ მასთან, რაც ასე
ხშირად იძრახვის, მაგრამ ესოდენ სასიამოვნოა თავის შესაქცევად. შარლ ვანდენესი სამი
წლის განმავლობაში შეეჩვია ევროპის დედაქალაქების მისალმებასა და მათთან
გამოთხოვებას დიპლომატიური კარიერის ნება-სურვილით და პარიზთან განშორებას მაინც
და მაინც არ ნანობდა. ქალები უკვე სრულიად აღარ აინტერესებდა და იმიტომ, თუ, რომ
მისი აზრით ჭეშმარიტი ვნება მატისმეტად დიდ ადგილს დაიწერდა პოლიტიკური მოღვაწის
ცხოვრებაში, ანდა, იქნებ იმიტომაც, რომ ზერელე და უხამსი არშიყობა ქალებში მეტად
შეუფერებლად მიაჩნდა ძლიერი ბუნების ადამიანისათვის. ჩვენ ხომ ყველას თავი მოგვაქვს
იმით, რომ ძლიერი ბუნების ადამიანები ვართ. არც ერთი ფრანგი, თუნდაც ძალიან
გონებაშეზღუდული, არ დათანხმდება უბრალოდ გონებამახვილი ადამიანის სახელი ჰქონდეს.
ამგვარად, შარლი მიუხედავად ახალგაზრდობისა, — დიდი ხანი არ იყო, რაც ოცდაათი წელი
შეუსრულდა, — შეეჩვია ფილოსოფიურად ეცქირა ყოველგვარი მოსაზრებებისა, თავისი
საქციელის შედეგებისა და სურვილთა მიღწევის საშუალებებისთვის, მაშინ, როცა მისი ასაკის
მამაკაცები ჩვეულებრივ გრძნობებით, სიამოვნებითა და ილუზიებით ცხოვრობენ. ეს
დაბადებიდან კეთილშობილი კაცი სულში ღრმად ფარავდა მგზნებარე და აღტაცებულ
გრძნობებს, რაც ასე ბუნებრივია ადამიანისთვის სიყმაწვილეში. ვანდენესი ცდილობდა თავი
მოეჩვენებინა გულცივ და ანგარიშიან კაცად. ის ცდილობდა მთელი თავისი უნარი და
სულიერი სიმდიდრე მოეხმარებინა მანერების სრულყოფისათვის, ქალის შეცდენის
ოსტატობისათვის, რაც ჭეშმარიტად მუდამ პატივმოყვარე კაცის ამოცანას შეადგენს. ამ
უბადრუკ როლს ერთთავად ისეთი ადამიანები თამაშობენ, რომელთაც უნდათ ეგრეთ
წოდებულ „მაღალ საზოგადოებას მიაღწიონ“. ვანდენესმა უკანასკნელად მოავლო თვალი
დარბაზებს, სადაც წყვილები ცეკვავდნენ. უთუოდ მეჯლისიდან წასვლამდე უნდოდა კარგად
აღებეჭდა მეხსიერებაში და თან წაეღო შთაბეჭდილება, მსგავსად იმ მაყურებლისა, რომელიც
თეატრის ლოჟას მანამდე არ სტოვებს, სანამ ოპერის უკანასკნელ სურათსაც არ ნახავს. ესეც
არ იყოს, ბ-ნი ვანდენესი, სავსებით გასაგები ახირების გამო აკვირდებოდა მოცინარ სახეებს
ამ ნამდვილ პარიზულ დღესასწაულზე, სადაც წმინდა ფრანგული მხიარულება იყო
გამეფებული. ყველაფერ ამას გუნებაში უპირისპირებდა ახალ სახეებსა და ახალ
თვალწარმტაც სურათებს, რაც ნეაპოლში დახვდებოდა. შარლ ვანდენესს უნდოდა ნეაპოლში
გაეტარებინა რამდენიმე დღე, ვიდრე დანიშვნის ადგილზე გამოცხადდებოდა. ის თითქოს
ესოდენ ცვალებადსა და მისთვის უკვე კარგად ნაცნობ საფრანგეთს ისეთ ქვეყანას ადარებდა,
რომლის ზნე-ჩვეულებები და ბუნება მისთვის ნაცნობი იყო ერთმანეთის საწინააღმდეგო
ნაამბობით, ან უმრავლეს შემთხვევაში უხეიროდ დაწერილი წიგნებით. რამდენიმე საკმაოდ
პოეტურმა, თუმცა დღეს უკვე ფრიად გაცვეთილმა აზრმა გაუელვა თავში და შესაძლებელია,

87 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


ანგარიშმიუცემლად პასუხი გასცა მისი გულის იდუმალ სურვილებს, რომელიც უფრო
მომთხოვნი იყო, ვიდრე მოყირჭებული, უფრო უსაქმური, ვიდრე გრძნობადაცლილი.

„აი, ისინი, — ფიქრობდა ვანდენესი, — ყველაზე უფრო ელეგანტური, ყველაზე უფრო


მდიდარი და წარჩინებული პარიზელი ქალები. დღეს აქ სახელგანთქმული პირები, ცნობილი
ორატორები, გამოჩენილი არისტოკრატები და სახელმოხვეჭილი ლიტერატორები
იმყოფებიან. აქვე არიან ხელოვნების მსახურნი, არიან გავლენიანი პირებიც. მაგრამ გარშემო
ვერაფერს ვხედავ, გარდა წვრილ-წვრილი ინტრიგებისა, მკვდრადშობილი ვნებებისა,
არაფრისმთქმელი ღიმილისა, უმიზეზო სიძულვილისა, ჩამქრალი თვალებისა, ბრწყინვალე,
მაგრამ უთავბოლოდ დახარჯული გონებამახვილობისა. ყველა ეს თეთრყირმიზი ლამაზმანები
უფრო გასართობს ეძებენ, ვიდრე სიხარულს. არავითარი გულწრფელობა ვნებებში. თუ თქვენ
მოგწონთ მხოლოდ სირაქლემას ფრთების ლამაზი მორთულობანი, ნაზი არშიები,
მომხიბლავი ტუალეტები, ტანკენარი ქალები; თუ თქვენთვის ცხოვრება მხოლოდ ზედაპირზე
მსუბუქად ფრენაა, მაშინ ეს სწორედ თქვენი სამყაროა. დასჯერდით ცარიელ ფრაზებს,
მომაჯადოებელ მანჭვა-გრეხას, ნუ ეძებთ გრძნობებს გულში. მე კი მომბეზრდა უხამსი
ინტრიგები, რომლებიც მთავრდებიან შეუღლებით, თანამდებობებით სუპრეფექტურაში ან
ხაზინაში, ხოლო თუ საქმე სიყვარულს ეხება,

— საიდუმლო გარიგებებით, იმდენად რცხვენიათ საზოგადოებაში ვნების თვით


უმცირესი მსგავსებისაც კი. მე ამ მჭევრმეტყველ სახეებში ერთსაც ვერ ვხედავ ისეთს,
რომელზეც რაიმე იდეით ან სინდისის ქენჯნით დატვირთული სული იყოს ასახული.

აქ ყოველგვარი სინანული თუ უბედურება ხუმრობით იმალება მორცხვად. მე აქ ვერ


ვხედავ ისეთ ქალს, რომლის დაპყრობაც მსურდეს და ვისაც შეუძლია უფსკრულისაკენ
გამიტაცოს. ან სად იპოვი ძლიერ ვნებას პარიზში? ხანჯალი აქ იშვიათობაა და ის ლამაზი
ქარქაშებით მოოქრულ ლურსმნებზეა ჩამოკიდებული. აქ ყველაფერი ერთმანეთს ჰგავს —
ქალები, აზრები, გრძნობები. აღარ არსებობს ვნებები, რადგან გაქრა ინდივიდუალობა.
ყველაფერი გათანაბრდა, — ჩინები, ჭკუა, ქონება, და ყველა შავი ფრაკებით შევიმოსეთ,
თითქოს გარდაცვლილ საფრანგეთზე ჩავიცვით ძაძები. ჩვენ არ გვიყვარს ის, ვინც ჩვენი
თანასწორია, ორ შეყვარებულს შორის ხომ აუცილებლად უნდა არსებობდეს განსხვავება,
რომელიც საჭიროა როგორმე წაიშალოს, მანძილი, რომელიც უნდა დაიფაროს. ასეთი
მშვენიერი სიყვარული 1789 წელს გაქრა! ჩვენი დაღრეჯილობა, ჩვენი მოსაწყენი ზნე-
ჩვეულებები პოლიტიკური სისტემის შედეგია. იტალიაში, ყოველ შემთხვევაში ყველაფერი
თავისთავადია. ქალები იქ ჯერ კიდევ მტაცებელი არსებანი არიან, საშიში სირინოზები.

88 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


მათთვის უცხოა ყოველგვარი გონიერება და ლოგიკა, გარდა საკუთარი გემოსი და საკუთარი
გულისთქმისა; მათ ისე უნდა ვუფრთხოდეთ, როგორც ვეფხვებს“...

ვანდენესს ქ-ნი ფირმიანი მიუახლოვდა და შეაწყვეტინა ეს მონოლოგი აღსავსე ათასი


საწინააღმდეგო, დაუმთავრებელი ბუნდოვანი აზრებისა, რომელთა გადმოცემა შეუძლებელია.
ოცნების ღირსება სწორედ მის ბუნდოვანებაშია. განა ეს ერთგვარი გონებრივი ბურუსი არ
არის?

— მე მინდა, — უთხრა ქალმა და ხელი ხელში გაუყარა, — წარგიდგინოთ ერთი


მანდილოსანი, რომელსაც ბევრი სმენია თქვენზე და სურს გაგიცნოთ.

დიასახლისმა შარლი მეზობელ სასტუმრო ოთახში გაიყვანა, გაიღიმა და ჭეშმარიტი


პარიზელი ქალის ჟესტითა და თვალების მოძრაობით ბუხართან მჯდარი ქალი დაანახვა.

— ვინ არის? — იკითხა ცოცხლად კონტ ვანდენესმა.

— ეს ის ქალია, რომელიც თქვენ, რასაკვირველია, არაერთხელ ქებითა თუ კიცხვით


გიხსენებიათ, ქალი, რომელიც სრულს განმარტოებაში ცხოვრობს. იგი ნამდვილი გამოცანაა.

— გევედრებით, მოიღეთ მოწყალება, მითხარით, ვინ არის?

— მარკიზ დ’ეგლემონის მეუღლე.

— მაგ ქალისგან გაკვეთილები უნდა მივიღო. მან თავის ფრიად გონებაშეზღუდულ


ქმარს საფრანგეთის პერობა მოუპოვა, ჭკუამოკლე ადამიანისაგან პოლიტიკური პიროვნება
გამოიყვანა. ერთი მითხარით, მართალია თუ არა, რომ ლორდმა გრენვილმა მაგ ქალისთვის
მოიკლა თავი, როგორც ზოგიერთნი ამბობენ?

— შესაძლებელია. ვერ გეტყვით, არსებობდა თუ არა სინამდვილეში ეს ტრაგედია,


მაგრამ მას შემდეგ ეს საცოდავი ძალიან შეიცვალა. ასეთი ერთგულება ოთხი წლის მანძილზე
პარიზში რაღაცას ნიშნავს. დღეს თუ აქ ხედავთ...

ქ-ნი ფირმიანი დადუმდა, მერე ცბიერი გამომეტყველებით დასძინა: — დამავიწყდა, რომ


ამაზე არ უნდა ვილაპარაკო. მოდით, გამოესაუბრეთ.

შარლი ერთხანს გაუნძრევლად შედგა კარის ჩარჩოს მიყრდნობილი და ყურადღებით


დაუწყო თვალიერება ქალს, რომელიც საზოგადოებაში დიდ მითქმა-მოთქმას იწვევდა, თუმცა
89 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE
არავის შეეძლო ახსნა, რა გახდა მიზეზი მისი სახელის ესოდენი გახმაურებისა.
საზოგადოებაში ხშირია ასეთი უცნაური შეუსაბამობანი. ამ მხრივ ქ-ნი დ’ეგლემონის
რეპუტაცია არ განსხვავდებოდა სხვა ადამიანთა რეპუტაციისაგან, რომლებიც ყველასთვის
უცნობ სამუშაოს ასრულებენ: სტატისტიკოსებს, ცნობილთ თავიანთი ღრმა ცოდნით, რადგანაც
ყველას სჯერა მათი გამოთვლები, თუმცა თვითონ ამჯობინებენ არ გამოაქვეყნონ;
პოლიტიკური მოღვაწეებისა, რომელთაც მხოლოდ გაზეთში დაბეჭდილი ერთადერთი
თავიანთი წერილი ასულდგმულებთ, მწერლებისა თუ მხატვრებისა, რომელთა ნაწარმოებები
ვერასოდეს გამოდიან დღის სინათლეზე, სწავლული ადამიანებისა იმათ თვალში, ვინც
განსწავლული არ არის, როგორც სგანარელი 19 ითვლებოდა ლათინისტად მათ შორის, ვინც
ლათინური არ იცოდა. ადამიანებისა, რომელთაც რომელიმე ერთ დარგში დიდ ნიჭს მიაწერენ
— იქნება ეს უნარი მთელი მხატვრული მიმდინარეობის სათავეში ჩადგომისა, თუ შესრულება
უაღრესად მნიშვნელოვანი საქმისა. შესანიშნავი სიტყვა „სპეციალისტი“ თითქოს განზრახ არის
შეთხზული პოლიტიკისა და ლიტერატურის ამ ტიპის უტვინო არსებათათვის. თუმცა შარლს
ამის სურვილი არ ჰქონდა, მან მაინც დიდხანს ვერ მოაშორა თვალი ქ-ნ დ’ეგლემონს და
ფრიად უკმაყოფილო დარჩა, როცა ქალზე ესოდენ დიდი ყურადღება დახარჯა. მაგრამ ამ
ქალის გარეგნობა უარყოფდა იმ ფიქრებს, რაც წეღან მოცეკვავეთა ცქერისას ახალგაზრდა
დიპლომატს თავში უტრიალებდა.

მარკიზის მეუღლე, რომელსაც იმ ხანებში ოცდაათი წლის ასაკისთვის მიეღწია, სახით


ლამაზი იყო, მაგრამ მაღალი და მეტისმეტად განაზებული შესახედაობა ჰქონდა. მისი
სანდომიანი სახის სიმშვიდე სულის საოცარ სიღრმეს ამჟღავნებდა. მისი ანთებული თვალები,
თითქოს რაღაც აკვიატებული ფიქრებით დაბინდულიყო, მგზნებარე შინაგან ცხოვრებას და
ბედისადმი სრულ მორჩილებას გამოხატავდა. თითქმის მუდამ თვინიერად დახრილ
ქუთუთოებს იშვიათად სწევდა მაღლა. როცა გარშემო იყურებოდა, მზერა სევდიანი ჰქონდა
და იფიქრებდით, თავის თვალთა ცეცხლს რაღაც იდუმალი ჭვრეტისათვის ინახავსო. ამიტომ
ყოველ გამოჩენილ მამაკაცს აუწერლად იზიდავდა ეს წყნარი და მდუმარე ქალი. თუ გონება
ცდილობდა გამოეცნო საიდუმლოება იმისა, რატომ უწევდა ეს ქალი განუწყვეტელ
წინააღმდეგობას აწმყოს წარსულის გულისთვის, საზოგადოებას — განმარტოებისთვის, სული
ნაკლებ როდი ცდილობდა შეეღწია მისი გულის საიდუმლოებაში, გულისა, რომელიც
ერთგვარად ამაყობდა თავისი მწუხარებით. ამ ქალის ყველა ნაკვთი ემთხვეოდა იმ აზრებს,
რომელთაც ის პირველი დანახვისთანავე იწვევდა ადამიანში. როგორც ყველა ძალიან

19 მოლიერის კომედიის „ძალად ექიმის“ მოქმედი პირი, რომელიც ლათინური გამოთქმებით ხელოვნურად შეკოწიწებულ წინადადებებს
ხმარობს.

90 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


გრძელთმიან ქალს, ჟიულისაც გაფითრებული, ბამბასავით თეთრი სახე ჰქონდა. მისი
საოცარი თხელი კანი უცილობლად მოასწავებდა სულიერ მგრძნობიარებას, რასაც კარგად
ამოწმებდა მთელი მისი გარეგნობა, ნაკვთთა ის საოცარი სისრულე, რომლითაც ჩინელი
მხატვრები თავიანთ ფანტასტიკურ ქმნილებებს ამკობენ. ყელი, შესაძლებელია, ოდნავ
გრძელი ჰქონდა, მაგრამ ამგვარი ყელი ბევრად უფრო მოხდენილია და მის მოძრაობაში
გველის მომაჯადოებელ კლაკვნასთან ვხედავთ შორეულ მსგავსებას. იმ უამრავი ნიშნებიდან
ერთიც რომ არ გვქონოდა, რომელთა მიხედვით მეთვალყურე ყველაზე უფრო გულჩახურულ
ხასიათებს განსაზღვრავს, რომელიმე ქალზე მსჯელობისას საკმარისი იქნებოდა ყურადღებით
დავკვირვებოდით მისი თავის მოძრაობას და ყელის მოღერებას, ესოდენ მრავალფეროვანსა
და გამომეტყველს. ქ-ნი დ’ეგლემონის ჩაცმულობა სავსებით შეესაბამებოდა მის არსებაში
გამეფებულ განწყობილებას. სქელი თმის ნაწნავები მაღალ გვირგვინად ადგა თავზე და
არავითარი მორთულობა არ ამშვენებდა, თითქოს ეს ქალი სამუდამოდ გამოსთხოვებოდა
დახვეწილი გემოვნებით ჩაცმა-დახურვას. მას ვერც კოხტაობის იმ წვრილ-წვრილ ფანდებს
შეამჩნევდით, რაც ასერიგად აფუჭებს ბევრ ქალს. მართალია, ძალიან სადა კორსაჟი ეცვა,
მაინც მთლად ვერ მალავდა ქალის წელის მომხიბლავ ხაზებს. ქ-ნი დ’ეგლემონის გრძელი
საგარეო კაბის მთელი სიმშვენიერე იმაში გამოიხატებოდა, რომ მეტისმეტად ფაქიზად იყო
შეკერილი. და თუ ჩვენ ნება გვაქვს „იდეა“ იმაში ვეძებოთ, ქსოვილი როგორ აქვს ადამიანს
ტანზე მორგებული, მაშინ შეგვიძლია ვქვათ, რომ მისი კაბის უამრავი სადა ნაოჭი
განსაკუთრებული კეთილშობილებით გამოირჩეოდა. მაგრამ მასაც (ისევე, როგორც ყველა
სხვა ქალს), ერთი მარადიული სისუსტე ახასიათებდა. ეს იყო ხელებისა და ფეხების
განსაკუთრებული მოვლა-მზრუნველობა. მაგრამ თუ ჟიული მათ ერთგვარი კმაყოფილებით
გამოჰფენდა სხვის დასანახად, თვით ყველაზე ვერაგი მოქიშპეც კი ვერ გაბედავდა ეთქვა, ეს
არაბუნებრივიაო. იმდენად ძალდაუტანებელი იყო, ან ბავშვობიდანვე შეთვისებული ეს
მოძრაობა. ამ მიამიტ კეკლუცობას ისიც აბათილებდა, რომ მოხდენილად დაუდევარი იყო.
ყველა ეს შტრიხი, ყველა ამ წვრილმანთა ერთობლიობა, რომელთა მეოხებით ქალი ან
უშნოვდება, ან მიმზიდველია, ან გულმიუსვლელი, ყოველთვის უნდა აღვნიშნოთ, და მით
უმეტეს მაშინ, როცა მასში სულია ჩაქსოვილი, როგორც ეს ქ-ნ დ’ეგლემონს ჰქონდა, — რაც
ყველა წვრილმანში გამოსჭვივის და მათ მომხიბლავ მთლიანობაში წარმოგვიდგება. მისი
თავდაჭერის მანერა შესანიშნავად ერწყმოდა სახის იერსა და ჩაცმის ყაიდას. მხოლოდ
გარკვეულ ასაკში იცის ზოგიერთი დახვეწილი გემოვნების ქალმა, როგორ აამეტყველოს
თავის გარეგნობა. ჩვენ არ ვიცით ოცდაათი წლის ქალს, ბედნიერსა თუ უბედურს, რა უხსნის
გამომეტყველი გარეგნობის საიდუმლოს, — მწუხარება თუ ბედნიერება? ეს მუდამ ცოცხალ
გამოცანად დარჩება, რასაც ყოველი ადამიანი ისე ახსნის, როგორც ამას მისი სურვილები,

91 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


იმედები და შეხედულებანი უკარნახებენ. მარკიზის მეუღლე ორივე მკლავით სავარძლის
სახელურებს დაყრდნობოდა და ხელის თითებს ისე ამოძრავებდა, თითქოს უკრავდა. მისი
ჯდომის მანერა, ყელის მოღერება, ძალდაუტანებელი მოძრაობა მოქანცული, მაგრამ
მოქნილი ტანისა, რომელიც თითქოს უკვე მოტეხილიყო, ფეხების ბუნებრივი დადგმა,
დაუდევარი პოზა, მოშვებული მოძრაობა, — ყველაფერი მოწმობდა, რომ ამ ქალს
დაკარგული ჰქონდა სიცოცხლის სიხარული, არასოდეს განეცადა სიამე სიყვარულისა, მაგრამ
ამაზე ეოცნება და ახლა იმ მოგონებათა სიმძიმეს გაეტეხა; ყველაფერი მოწმობდა, რომ ამ
ქალს დიდი ხანია მომავლის იმედიც დაჰკარგვოდა და თავისი თავისაც, რომ არავითარ
საქმიანობას არ ეწეოდა, რომ მისი ცხოვრება ცარიელი და უშინაარსო იყო. შარლ დე
ვანდენესი მოიხიბლა ამ საუცხოო სურათით და გაიფიქრა, ეს უფრო ოსტატური
„ნაწარმოებია“, ვიდრე საშუალო ნიჭის ქალები შეასრულებდნენო. დ’ეგლემონს ის იცნობდა,
მისი ცოლი კი უწინ არ ენახა და პირველივე შეხედვაზე ახალგაზრდა დიპლომატი მიხვდა,
რაოდენ დიდი იყო შეუსაბამობა, შეუფერებლობა

— ვიხმაროთ ეს მშრალი სიტყვა, — მეუღლეთა შორის, რათა ქ-ნ დ’ეგლემონს თავისი


ქმარი ჰყვარებოდა. მაგრამ მარკიზის მეუღლე უზადოდ იქცეოდა და მისი სათნოება უფრო
მაღლა უწევდა ფასს ყველა იმ საიდუმლოებას, რომელთაც დამკვირვებელთა ფიქრით ის
გულში ინახავდა. როცა ვანდენესი გაკვირვების შემდეგ გონს მოეგო, ქ-ნ დ’ეგლემონთან
გამოსალაპარაკებლად საუკეთესო საშუალების ძებნა დაიწყო. მან გადაწყვიტა გამოეყენებინა
საკმაოდ ჩვეულებრივი დიპლომატიური ეშმაკობა და ქალი შეეცბუნებინა რაიმე უტიფრობით,
რათა ენახა, როგორ მიიღებდა ასეთ უდიერ საქციელს.

— ქალბატონი, — წამოიწყო მან და ქალს გვერდით მიუჯდა, — ბედნიერმა შემთხვევამ


ერთ ქალბატონს წამოაცდევინა, რომ ჩემდა სასიხარულოდ თქვენს მიერ გამორჩეული ვარ.
არ ვიცი, რას უნდა ვუმადლოდე ასეთ წყალობას, მაგრამ, ნება მიბოძეთ, ჩემი დიდი
მადლიერება გამოგითქვათ, ჯერ არასოდეს მქონია შემთხვევა ესოდენი წყალობის საგანი
გავმხდარიყავი. თქვენი ბრალი იქნება, რომ ერთი ნაკლი კიდევ გამიჩნდა. ამიერიდან აღარ
მსურს მორიდებული ვიყო...

— დააშავებთ, ბატონო, — ჩამოართვა სიტყვა ჟიულიმ, — ყოყლოჩინობა იმათ


დაუტოვეთ, ვისაც სხვა არაფერი აქვთ თავმოსაწონი.

ამგვარად გაიბა საუბარი მარკიზის მეუღლესა და ყმაწვილ კაცს შორის, და როგორც


ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, ისინი თვალის დახამხამებაში უამრავ სხვა და სხვა თემას

92 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


შეეხნენ: მხატვრობას, მუსიკას, ლიტერატურას, პოლიტიკას, ადამიანებს, მოვლენებსა და
საგნებს. შემდეგ შეუმჩნევლად სიტყვა ჩამოაგდეს ფრანგებისა და უცხოელების მარადიულ
თემაზე, სიყვარულზე, გრძნობებსა და ქალებზე.

— ჩვენ მონები ვართ.

— თქვენ დედოფალნი ხართ.

შარლისა და მარკიზის მეუღლის მიერ თქმული ყველა ცოტად თუ ბევრად


გონებამახვილური აზრი იმ უბრალო ფორმულით გამოიხატებოდა, რაც დღესაც და
მომავალშიც საუბრის თემა იქნება. ეს ორი წინადადება ყოველთვის ნიშნავს:

„შემიყვარეთ, — მე შეგიყვარებთ.“

— ქალბატონო, — შესძახა მგზნებარედ შარლ დე ვანდენესმა, — თქვენ მაიძულებთ


სასტიკად ვინანო პარიზიდან წასვლა. იტალიაში, რასაკვირველია, ასეთ ჭკვიანურ საუბარს
ვეღარ მოვისმენ.

— თქვენ იქ, ბატონო, შესაძლებელია ბედნიერება ჰპოვოთ, ეს კი ბევრად უფრო


ძვირფასია, ვიდრე ყველა ბრწყინვალე, მართალი თუ ყალბი აზრი, რაც პარიზში ყოველ
საღამოს გამოითქმის.

სანამ გამოეთხოვებოდა, შარლმა მარკიზის მეუღლეს სთხოვა ნება დაერთო წასვლის


წინ მისულიყო გამოსამშვიდობებლად. მან თავისი თავი მოკვდავთა შორის უბედნიერეს კაცად
ჩათვალა, როცა მისი თხოვნა ესოდენ გულწრფელი კილოთი გაისმა, და საღამოზე,
დაწოლისას და მთელი მეორე დღის განმავლობაში ვერაფრით თვალთაგან ვერ მოიშორა
ამ ქალის სახე. თავს ეკითხებოდა, რატომ მაინცდამაინც მე შემამჩნია მარკიზის მეუღლემო;
რა ზრახვები ამოძრავებს, რომ ჩემთან კიდევ უნდა შეხვედრაო. ამის ირგვლივ უამრავი
მოსაზრება მოსდიოდა თავში. ხან ეჩვენებოდა, რომ გამოიცნო ქალის ცნობისმოყვარეობის
მიზეზი და მაშინ ან იმედით სულდგმულებდა ან დაღვრემილობას ეძლეოდა იმის მიხედვით,
თუ რანაირად ხსნიდა ქალის თავაზიან მიპატიჟებას, რაც ესოდენ ჩვეულებრივი მოვლენაა
პარიზში. ხან ეჩვენებოდა, რომ ამით ქალმა ყველაფერი თქვა, ხან ფიქრობდა, ეს სრულიადაც
არაფერს ნიშნავსო. ბოლოს გადაწყვიტა წინააღმდეგობა გაეწია ამ ქალით გატაცებისთვის.
ბოლოს, მაინც წავიდა. არის აზრები, რომელთაც ვემორჩილებით, თუმცა არ გვესმის: ისინი
შეუცნობლად არსებობენ ჩვენში. შესაძლოა ეს შენიშვნა უფრო პარადოქსალური

93 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


მოგვეჩვენოს, ვიდრე სამართლიანი, მაინც ყოველი კეთილსინდისიერი ადამიანი ამის
დამამტკიცებელ ათი ათას შემთხვევას იპოვის ცხოვრებაში. როცა შარლი მარკიზის
მეუღლესთან მიდიოდა, ის ემორჩილებოდა მისთვის უკვე ნაცნობ ერთ-ერთ იმ გულისწადილს,
რაც ჩვეულებრივ ჩვენი გამოცდილების და ჩვენი გონების გამარჯვებათა შედეგად ვითარდება
შესამჩნევად. ახალგაზრდა კაცისთვის არის რაღაც დაუძლეველი მიმზიდველობა ოცდაათი
წლის ქალში. და არაფერია იმაზე უფრო ბუნებრივი, უფრო მყარი, უფრო წინასწარ
გადაწყვეტილი, ვიდრე ის უღრმესი გულმიდრეკილება, რომელიც ჩვეულებრივ მარკიზის
მეუღლეს ყაიდის ქალსა და ვანდენესის ყაიდის ყმაწვილ კაცს შორის იჩენს ხოლმე თავს.
განა ამის უამრავ მაგალითს არ ვხედავთ მაღალ საზოგადოებაში? და მართლაც ქალიშვილს
მეტისმეტად დიდი ილუზიები აქვს, მეტისმეტად გამოუცდელია, და მის სიყვარულს იმდენად
ხელს უწყობს სქესი, რომ თავმოყვარე ახალგაზრდა კაცს დიდად არ ესალბუნება მასზე
გამარჯვება. ქალები კი მოფიქრებულად მიდიან დიდ მსხვერპლზე. პირველთ იტაცებს
ცნობისმოყვარეობა, სიყვარულისთვის უცხო ცთუნებანი, მეორენი გრძნობას ემორჩილებიან
შეგნებულად. ერთი თმობს, მეორე — ირჩევს. თვით ეს არჩევანიც ხომ დიდად საამური რამ
არის თავისთავად. ქალი, შეიარაღებული ცხოვრების ცოდნით, რაშიც მას თითქმის
ყოველთვის ძვირი გამოსაღები გადაუხდია უბედურებებით, დანებებისას თითქოს რაღაცას
თავის თავზე მეტს იძლევა. ხოლო გამოუცნობსა და გულმიმნდობ ქალიშვილს არაფერი
უნახავს და არაფერი უგემია, ამიტომ მას არც ძალა შესწევს რაიმე შეადაროს, რაიმე
შეაფასოს. ის პირდაპირ იღებს სიყვარულს და სწავლობს მას. ქალი ჩვენ ჭკუას გვარიგებს,
რჩევას გვაძლევს იმ ასაკში, როცა ჯერ კიდევ მოგვწონს სხვისი ჭკუის დარიგება, როცა
ჩვენთვის ჯერ ისევ სასიამოვნოა სხვას დავემორჩილოთ. ქალიშვილს კი უნდა, რომ
ყველაფერი შეიცნოს და მიამიტია იმ შემთხვევებშიც, როცა ქალი ცდილობს ნაზი იყოს.
პირველი აღგითქვამს მხოლოდ ერთადერთ გამარჯვებას, მეორესთან კი იძულებული ხართ
განუწყვეტელი ბრძოლა აწარმოოთ. პირველს აქვს ცრემლები და სიხარული, მეორე
ნეტარებაშია და სინდისის ქენჯნაში. თუ ქალიშვილი მამაკაცის საყვარელი გახდა, უსათუოდ
ძალიან გარყვნილია და მაშინ მას ზიზღით სტოვებენ, იმ დროს, როცა ქალს ათასი საშუალება
აქვს, რომ თავისი უფლებებიც და ღირსებაც დაიცვას. ერთი მეტისმეტად მორჩილია და მისი
ერთგულება თქვენთვის მეტისმეტად მოსაწყენი ხდება, მეორე კი ბევრს კარგავს, რათა
სიყვარულს ყველა მისი სახეცვლილებანი არ მოსთხოვოს. ერთი მხოლოდ თავის შერცხვენას
დასჯერდება, მეორე თქვენი გულისთვის ოჯახსაც დაანგრევს. ქალიშვილს კეკლუცობის
ერთადერთი საიდუმლოება გააჩნია და ფიქრობს, თუ ტანისამოსი გაიძრო, ამით ყველაფერი
თქვა, ქალს კი მრავალი საიდუმლო აქვს კეკლუცობისა და მათ ათასი საბურველის ქვეშ
მალავს. ერთი სიტყვით, მისი სიყვარული ჩვენს ყოველნაირ თავმოყვარეობას ესალბუნება,

94 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


მიამიტი ქალიშვილისა კი ჩვენი თავმოყვარეობის მხოლოდ ერთადერთ მხარეს ეხება.
ოცდაათი წლის ქალს ტანჯავს მერყეობა, შიში, ეჭვები, ღელვა და შფოთვა, რაც არ არის
დამახასიათებელი შეყვარებული ქალიშვილისთვის. ამ ასაკს მიღწეული ქალი მამაკაცისგან
მოითხოვს პატივისცემას, რითაც მან ქალს მისთვის გაღებული მსხვერპლი უნდა
აუნაზღაუროს. ის მხოლოდ ამ კაცით სუნთქავს, მის მომავალზე ზრუნავს, მისთვის კარგი
ცხოვრება სურს, ურჩევს სახელიც მოიხვეჭოს. ქალი ემორჩილება, ის თხოვს და
მბრძანებლობს კიდეც. ის თავსაც იმცირებს და მაღლაც უჭირავს თავი და ნუგეშისცემაც
შეუძლია იმ ათას შემთხვევაში, როცა ქალიშვილი მხოლოდ წუწუნებს. დაბოლოს, ოცდაათი
წლის ქალს, გარდა სხვა მრავალი ღირსებისა, შეუძლია მოიქცეს ისე, როგორც ქალიშვილი
იქცევა, შეასრულოს მრავალი როლი, იყოს კდემამოსილი, თვით თავისი უბედურებაც კი
შელამაზებულად წარმოგვიდგინოს. მათ შორის განუზომელი განსხვავებაა, განსხვავება
გათვალისწინებულსა და გაუთვალისწინებელს შორის, სიძლიერესა და სისუსტეს შორის.
ოცდაათი წლის ქალი ყველაფერს ბედავს, ქალიშვილი კი იმის შიშით, ქალიშვილობა არ
დავკარგოო, ყოველგვარ სიამოვნებაზე ამბობს უარს. აი, ასეთი აზრები ჩნდებიან
ახალგაზრდა კაცის თავში და უძლიერეს ვნებებს წარმოქმნიან, რადგან ეს ვნებები აერთებენ
ზნე-ჩვეულებებით გამოწვეულ ხელოვნურ ვნებებსა და ბუნებრივად არსებულ გრძნობებს.

ყველაზე უფრო მთავრი და გადამწყვეტი ნაბიჯი ქალის ცხოვრებაში სწორედ ის არის,


რომელსაც ის თვითონ უმნიშვნელოდ სთვლის. გათხოვების შემდეგ ის თავის თავს აღარ
ეკუთვნის, ის დედოფალი და მონაა ოჯახური კერისა. ქალის ზნეობრივი სიწმინდე
შეუთავსებელია მაღალი საზოგადოების ვალდებულებებთან და თავისუფალ ზნე-
ჩვეულებებთან. ქალის ემანსიპირება ნიშნავს ქალის გარყვნას. უცხოს რომ უფლება
დავრთოთ ოჯახის საკურთხეველში შევიდეს, განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ჩავბარდეთ
სამადლოდ? და როცა ქალი მამაკაცს იზიდავს, განა ეს უკვე დანაშაული არ არის? ან უნდა
შევურიგდეთ ამ მკაცრ თეორიას, ან გავამართლოთ ვნებები. საფრანგეთში საზოგადოება
დღევანდლამდე რაღაც საშუალოს ირჩევს: ის დასცინის უბედურებას. სპარტანელთა
მსგავსად, რომელნიც დაჭერილ ქურდს დაუდევრობისათვის სჯიდნენ, საზოგადოება, როგორც
ჩანს, მზად არის ქურდობა დაუშვას. და შესაძლებელია, ასეთი სისტემა ძალიან გონივრულიც
იყოს. ყველა სასჯელზე უარესია ის საყოველთაო სიძულვილი, რომელიც ქალს შიგ გულში
ჰკოდავს. ქალები ესწრაფვიან და მუდამაც უნდა ესწრაფვოდნენ იმას, რომ მათ პატივს
სცემდნენ, რათა პატივისცემის გარეშე ისინი არ არსებობენ. ამიტომ ქალები სიყვარულისგან,
უპირველეს ყოვლისა, პატივისცემას მოითხოვენ. ქალთა შორის ყველაზე უფრო გარყვნილიც,
როცა თავის მომავალს ჰყიდის, უწინარეს ყოვლისა, მონდომებულია სავსებით გაამართლოს

95 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


თავისი წარსული და ცდილობს საყვარელს შთააგონოს, რომ ენით აუწერელი ნეტარების
საფასურად სთმობს პატივისცემას, რაზეც ამის შემდეგ მას საზოგადოება უარს ეტყვის. არ
არსებობს ქალი, ვისაც ასეთი აზრი არ დაებადება, როცა პირველად მიიღებს ყმაწვილ კაცს
თავისთან და მასთან მარტო დარჩება. მეტადრე თუ იგი შარლ ვანდენესივით ლამაზი
გარეგნობის მახვილგონიერი კაცი იქნება. ცოტა თუ მოიძებნება ისეთი ახალგაზრდა კაციც,
რომელიც, იგრძნობს თუ არა, რომ ქალი მას იზიდავს, გუნებაში ყოველგვარი მსჯელობებით
არ გაამართლებს თანდაყოლილ გულმიდრეკილებას ლამაზ, გონებამახვილ და უიღბლო
ქალისადმი, როგორიც ქ-ნი დ’ეგლემონი იყო. ამიტომ, როცა ჟიულის ბ-ნი დე ვანდენესის
მისვლა აუწყეს, აღელდა. თვითონ ვანდენესიც შემკრთალი ჩანდა, მიუხედავად იმისა, რომ
გულდაჯერებული კაცი იყო, რაც დიპლომატისთვის ერთგვარ სამოსელს წარმოადგენს.
მაგრამ მარკიზის მეუღლე სწრაფად აღიჭურვა იმ გულითადობის იერით, რაც ქალს
ყოველგვარი პატივმოყვარული ზრახვებისგან იცავს. ასეთი ქცევა ყოველგვარ ქვენა აზრებს
გამორიცხავს. ისინი, ასე ვთქვათ, მონაწილეობენ გრძნობებში და ზომიერად ანაწილებენ მათ.
ქალები ასეთ შემთხვევაში იმდენად აჭიანურებენ ამ ორაზროვან პოზიციას, რამდენიც
მოესურვებათ, თითქოს იმ გზაჯვარედინზე არიან შეჩერებულნი, საიდანაც გზებს ერთნაირად
მივყავართ პატივისცემასა, გულგრილობასა, გაოცებასა თუ ვნებებისკენ. მხოლოდ ოცდაათი
წლის ასაკში შეუძლია ქალს ისარგებლოს ასეთი მომგებიანი მდგომარეობით. მან გაცინებაც,
გახუმრებაც და მოფერებაც ისე იცის, რომ სახელს არ შეირცხვენს. იმ დროს უკვე აქვს
აუცილებელი ტაქტი, რათა შეეხოს მამაკაცის გულის ყველა მგრძნობიარე სიმს და ყური
მიუგდოს მათ მიერ გამოცემულ ჟღერას. მისი დუმილი ისევე საშიშია, როგორც მისი
ლაპარაკი. თქვენ ვერასოდეს მიხვდებით ამ ასაკში ქალი გულწრფელია თუ ფარისეველი,
დამცინავია თუ გულმართალი თავის აღიარებებში. ის გაძლევთ ბრძოლის უფლებას, მაგრამ
საკმარისია ერთი სიტყვა, შემოხედვა ანდა ხელის ის მოძრაობა, რომლის სიძლიერე მისთვის
კარგადაა ცნობილი, რომ სწყვეტს ბრძოლას, თქვენ გტოვებთ და თქვენი საიდუმლოს მეუფე
ხდება: მას თავისუფლად შეუძლია აბუჩად აგიგდოთ, ასევე თავისუფლად შეუძლია თქვენდამი
ყურადღება გამოიჩინოს. ასეთ შემთხვევაში მას ერთნაირად იცავს მისი სისუსტე და თქვენი
სიძლიერე. ვინაიდან მარკიზის მეუღლეც ვანდენესის პირველივე სტუმრობიდან ამ
ნეიტრალურ გზას დაადგა, მოახერხა მაღალი ქალური ღირსება დაეცვა. გულის სიღრმეში
შენახული დარდი განუწყვეტლივ ფარფატებდა მის ნაძალადევ მხიარულებაში, როგორც
მსუბუქი ღრუბელი ეფარება ხშირად მზეს. მარკიზის მეუღლესთან საუბარმა ვანდენესს
მისთვის უცნობი ნეტარება განაცდევინა, მაგრამ იმაშიც დარწმუნდა, რომ ეს ერთი იმ
ქალთაგანი იყო, ვისზე გამარჯვებაც იმდენად ძვირი ჯდება, არც კი ღირს მისი სიყვარულის
მოსაპოვებლად ოცნება.

96 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


„ეს იქნებოდა უსაზღვრო გრძნობა, — ფიქრობდა შინ მიმავალი ვანდენესი, — მიწერ-
მოწერა, რისგანაც თვით რომელიმე მაგიდის უფროსის პატივმოყვარე თანაშემწეც კი
დაიღლებოდა! და მაინც... რომ მოვინდომო...“

ეს საბედისწერო „რომ მოვინდომო“ ერთთავად დაღუპავს ჯიუტებს. საფრანგეთში


თავმოყვარეობას მუდამ ვნებამდე მიყავს ადამიანი. შარლი ისევ ესტუმრა ქ-ნ დ’ეგლემონს და
მოეჩვენა, რომ ქალს ესიამოვნებოდა მასთან საუბარი. იმის მაგივრად, რომ გულმართლად
მისცემოდა სიყვარულის ბედნიერებას, მან ორმაგი როლის თამაში მოინდომა. შარლი
შეეცადა თავი ვნებიან მამაკაცად მოეჩვენებინა, შემდეგ გულგრილად შეესწავლა ინტრიგის
მსვლელობა ყოფილიყო შეყვარებულიც და დიპლომატიც. მაგრამ ის სულგრძელი იყო და
ახალგაზრდა, და ამ გამოცდამ უსაზღვრო სიყვარულის განცდამდე მიიყვანა რადგან,
მარკიზის მეუღლე თვალთმაქცობდა თუ გულწრფელი იყო, მუდამ უფრო ძლიერი ჩანდა
მასზე. ყოველთვის, როცა ქ-ნი დ’ეგლემონისგან გამოდიოდა, შარლს უნდობლობის გრძნობა
ეუფლებოდა, ქალის სულის ყოველ მოძრაობას შეუბრალებელ ანალიზს უკეთებდა და ეს
კლავდა მის საკუთარ გრძნობებს.

„დღესო, — ამბობდა შარლი მესამე სტუმრობის შემდეგ, — მან გამაგებინა, რომ ძალიან
უბედური და მარტოხელაა და შვილი რომ არა, აუცილებლად სიკვდილს გადაწყვეტდა.
თავად უდრტვინველად ურიგდება ხვედრს, მაგრამ მე ხომ არც მისი ძმა ვარ და არც მისი
ხუცესი, რატომ გამანდო თავისი დარდები? ვუყვარვარ“.

ორი დღის შემდეგ შინ დაბრუნებული შარლი თავს დაესხა თანამედროვე ზნე-
ჩვეულებებს: „დღეს სიყვარული თავისი საუკუნის ელფერს იღებს. 1822 წელს
დოქტრინერულია. იმის მაგივრად, რომ უწინდებურად სიყვარული საქმით დაამტკიცონ, მასზე
თათბირობენ, ბჭობენ, მასზე ტრიბუნიდან მსჯელობენ. ქალებმა ყველაფერი სამ ხერხზე
დაიყვანეს: თავდაპირველად კითხვის ქვეშ აყენებენ ჩვენს სიყვარულს, გვარწმუნებენ, რომ
ჩვენ ისეთი სიყვარული არ შეგვიძლია, როგორიც მათ. ამით თავს იწონებენ! ამ საღამოს,
აშკარაა, თვითონვე გამომიწვია მარკიზის მეუღლემ. მერე უბედურად გვაჩვენებენ თავს, რათა
ჩვენში თანდაყოლილი დიდსულოვნება ან თავმოყვარეობა გააღვიძონ, — ყმაწვილი
კაცისთვის ხომ დიდად საქებარია ასეთი უბედური ქალის ნუგეშისცემა? დაბოლოს, ყველა
ქალი უბიწოების მანიით არის შეპყრობილი! მარკიზის მეუღლე ალბათ, დარწმუნებულია, რომ
უმწიკვლო ქალიშვილი მგონია. ჩემი მიმნდობი ხასიათი საუკეთესო კოზირს აძლევს“.

მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, როცა შარლმა ყველა ეჭვი ამოწურა, თავის თავს ჰკითხა,

97 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


იქნებ, მართლაც გულწრფელია მარკიზის მეუღლე, ხომ არ შეიძლება ამდენი მწუხარების
გადამტანი ადამიანი თვალთმაქცობდეს, რაში სჭირდება ბედისადმი მორჩილების მოჩვენებაო.
ქალი სრულს მარტოობაში ცხოვრობდა და სიმშვიდეში ეძლეოდა თავის დარდს, რასაც
ვანდენესი ძლივძლიობით ხვდებოდა ქალის ზოგიერთი თავშეკავებული შენიშვნების
მიხედვით. იმ დროიდან შარლმა ცხოველი ინტერესი გამოიჩინა ქ-ნ დ’ეგლემონის მიმართ.
მაგრამ ერთხელ, როცა ჩვეულებისამებრ პაემანზე მიდიოდა, რაც ორივესთვის უკვე
აუცილებელი გახდა რომელიღაც თავისთავად დადგენილ საათზე, ვანდენესმა გაიფიქრა,
რომ ჟიული უფრო გაქნილია, ვიდრე პირდაპირი და გულმართალი და მისი უკანასკნელი
სიტყვა იყო: „ეს ქალი მართლაც რომ ძალიან ეშმაკიაო“. როცა შევიდა, დაინახა, რომ
მარკიზის მეუღლე მის საყვარელ სევდით აღსავსე პოზაში იჯდა. ქალმა ვანდენესს ისე ახედა,
არც კი განძრეულა და ისეთი სალმიანი მზერა უთავაზა, რაც ღიმილს ძალიან წააგავდა.
ქალბატონი დ’ეგლემონი გამოხატავდა ნდობას, ნამდვილ მეგობრობას, მაგრამ არა
სიყვარულს. შარლი დაჯდა, ხმა ვერ ამოიღო. მას აღელვებდა გრძნობა, რომლის ენით
გამოხატვა შეუძლებელია.

— რა მოგივიდათ? — ჰკითხა ქალმა ნაზი ხმით.

— არაფერი... თუმცა, — განაგრძო მან, — ახლა ერთ რამეზე ვფიქრობ, რაც თქვენ
სრულიად არ გეხებათ.

— რაზე?

— იმაზე რომ... კონგრესი დამთავრდა...

— ესე იგი, კონგრესზე უნდა წასულიყავით, არა? — შენიშნა ქალმა.

პირდაპირი პასუხი ყველაზე მჭევრმეტყველი და ფაქიზი აღიარება იქნებოდა. მაგრამ


შარლმა არაფერი უპასუხა. ქ-ნი დ’ეგლემონის სახე გულწრფელ მეგობრობას ამოწმებდა,
რაც ამსხვრევდა პატივმოყვარეობის ყველა ანგარიშს, სიყვარულის იმედებს, დიპლომატის
ყველა ეჭვს. ქალმა არ იცოდა, ან თავს იკატუნებდა, რომ არ იცოდა, თუ ვანდენესს უყვარდა.
და როდესაც შემკრთალმა შარლმა აზრები მოიკრიბა, იძულებული გახდა თავის თავს
გამოსტყდომოდა, რომ არც არაფერი გაუკეთებია და არც არაფერი უთქვამს ისეთი, რაც
ქალს საფუძველს მისცემდა ეს ეფიქრა. მთელი ის საღამო მარკიზის მეუღლე ისეთივე იყო,
როგორიც ყოველთვის: უბრალო და გულითადი, მწუხარებაში გულწრფელი, ბედნიერი, რომ
მეგობარი შეიძინა და ამაყი, რომ იპოვნა თავისი მონათესავე, ახლობელი სულის ადამიანი.

98 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


ჟიულის მეტი აღარაფერი უნდოდა და ვერ წარმოედგინა, თუ შეიძლებოდა ერთი ქალი
ორჯერ შეეცდინა სიყვარულს. ერთხელ უკვე გამოცდილი ჰქონდა სიყვარული და თავისი
მოუშუშებელი გულის სიღრმეში ინახავდა. ჟიულის ვერ წარმოედგინა, თუ ბედნიერებას
შეეძლო ორჯერ მოეტანა ქალისთვის ესოდენ დამათრობელი სიყვარული, რადგან მხოლოდ
გონება კი არ სწამდა, არამედ სულიც. მისთვის სიყვარული უბრალოდ ცთუნება კი არ იყო,
იგი შეიცავდა აგრეთვე კეთილშობილ გრძნობებს. შარლი კი ისე შეყვარებულ ჭაბუკად იქცა
და ხიბლავდა ჟიულის მდიდარი, უნაკლო ხასიათი. მან მოისურვა ქალს მისთვის გაენდო
ყველა საიდუმლო თავისი ცხოვრებისა, ასე უკუღმართად რომ წარიმართა უფრო შემთხვევის,
ვიდრე შეცდომის გამო. როცა იგი ჩაეძია, რატომ იყო ასე დარდიანი, ქ-მა დ’ეგლემონმა
პასუხად მხოლოდ შეხედა თავის მეგობარს, თუმცა ამ შეხედვამ მის სილამაზეს
განსაკუთრებული მომხიბლაობა მისცა. ჟიულის ღრმა გამოხედვა თითქოს ბეჭედი იყო რაღაც
ზეიმური შეთანხმებისა.

— მაგისთანა შეკითხვებს ნუღარ მომცემთ, — უთხრა ქალმა, — სწორედ დღეს


შესრულდა სამი წელი, რაც დაიღუპა კაცი, ვისაც ვუყვარდი. ის ერთადერთი ადამიანი იყო
ქვეყანაზე, ვისაც ჩემს პატიოსნებასაც კი შევწირავდი. მაგრამ იგი მოკვდა იმისთვის, რომ ჩემი
ღირსება დაიცვა. შეწყდა ეს სიყვარული, ახალგაზრდული, წმინდა, ილუზიებით აღსავსე.
ვიდრე ეს უმაგალითო საბედისწერო ვნება დამეუფლებოდა, ერთმა სასიამოვნო
შესახედაობის, მაგრამ გონებაშეზღუდულმა მამაკაცმა გამიტაცა, რომლებიც ასე ხშირად
ღუპავენ ახალგაზრდა ქალებს. გათხოვებამ სათითაოდ გაფანტა ჩემი იმედები. დღეს კი
დაკარგული მაქვს კანონიერი ბედნიერებაც და ეგრეთწოდებული დანაშაულებრივი
ბედნიერებაც. ჭეშმარიტი ბედნიერება კი არ განმიცდია. ახლა ცხოვრებაში აღარაფერი
დამრჩენია. და თუ მოვკვდი, ჩემს მოგონებათა ერთგული უნდა დავრჩე.

ამ სიტყვებზე ჟიულის არ უტირია. მან თვალები ძირს დახარა და თითებს მოუჭირა,


ჩვეულებისამებრ რომ ჰქონდა გადაჭდობილი. ეს აღიარება თავშეკავებულად იყო
გამოთქმული, მაგრამ ხმაში ისეთივე ღრმა სასოწარკვეთილება ისმოდა, როგორი
სასოწარკვეთილიც მისი სიყვარული იყო, და შარლს ყოველგვარი იმედი მოესპო. ხელების
მტვრევით მოკლედ გამოთქმულმა ცხოვრების ამბავმა, ამ სუსტი ქალის ძლიერმა მწუხარებამ,
ფიქრებით აღსავსე ლამაზმა შუბლმა, და ბოლოს, დარდმა, სამი წლის განმავლობაში
მგლოვიარე ქალის ცრემლებმა, მოხიბლეს ვანდენესი. ის მდუმარედ იჯდა ამ დიადი და
კეთილშობილი ქალის წინაშე და გრძნობდა, რომ სრულ არარაობას წარმოადგენდა მის
გვერდით. შარლი უკვე ვეღარ ამჩნევდა ქალის ესოდენ ნატიფ, სრულყოფილ სილამაზეს,
ახლა მხოლოდ მის მგრძნობიარე სულს ხედავდა. აი, როგორც იქნა, შეხვდა იდეალური
99 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE
არსება, აუხდენელ ოცნებებში რომ ესახებათ ხოლმე, არსება, ესოდენ ძლიერად რომ უხმობს
ყველას, ვისაც ცხოვრება ვნებათა გარეშე ვერ წარმოუდგენია, ვინც მას ასე მხურვალედ ეძებს
და ხშირად ისე მიდის ამ ქვეყნიდან, რომ თავისი ოცნების ამ საუნჯით დატკბობას ვერ
ახერხებს.

როცა შარლი ქალის სიტყვებს უსმენდა და მის დიდებულ სილამაზეს შეჰყურებდა,


საკუთარი აზრები მეტად ცალმხრივი ეჩვენებოდა. მან ვერ გამოძებნა საჭირო, შესაფერისი
სიტყვები ამ ამაღლებული და ამავე დროს უბრალო სცენისა და ქალის ხვედრის შესახებ
ფრიად გაცვეთილი ფრაზები წარმოთქვა.

— ქალბატონო, ან როგორმე უნდა შევძლოთ დავივიწყოთ ჩვენი სამწუხარო


დანაკლისი, ან სიცოცხლეზე უარი თქვათ.

მაგრამ გონება მუდამ უფრო უსუსურია გრძნობასთან შედარებით. ის თავისი ბუნებით


უფრო შეზღუდულია, როგორც საერთოდ ყველაფერი, რაც პოზიტიურია, გრძნობა კი
უსაზღვრო რამ არის. მსჯელობა იქ, სადაც საჭიროა გრძნობდე, — ეს არის თვისება
ფრთამოკვეცილი სულისა. ამიტომ ვანდენესი დუმდა. მან დიდხანს უმზირა ქ-ნ დ’ეგლემონს
და დაემშვიდობა. ახლა აზრების გარემოცვაში იმყოფებოდა, მის თვალში რომ ამაღლებდნენ
ქალს, მსგავსად იმ მხატვრისა, რომელიც უბრალო მენატურე ქალების ხატვას შეჩვეული,
მოულოდნელად მუზეუმის მნემოზინეს 20 შეხვედროდა, ამ უმშვენიერეს, მაგრამ ყველაზე
ნაკლებად დაფასებულ ანტიკურ ქანდაკებას. შარლი ვნებიანად იყო შეყვარებული. მან ქ-ნ
დ’ეგლემონი ახალგაზრდული გულწრფელობით, დიდი გატაცებით შეიყვარა. ეს კი პირველი
ვნებების იმ აუწერელ სიმშვენიერეს, იმ სულიერ სიფაქიზეს აძლევს, რომელთაგან
მოგვიანებით, თუ მამაკაცმა კიდევ შეიყვარა, მხოლოდ ნანგრევებიღა რჩება. ეს კი
ყოვლისმშთანთქმელი ვნებაა, რითაც თვით მათი გამომწვევი თავდავიწყებით ტკბებიან,
ვინაიდან ამ საუცხოო ოცდაათი წლის ასაკში, ცხოვრების ამ პოეტურ მწვერვალზე, ქალებს
უნარი აქვთ თვალით გასწვდნენ განვლილ გზას და მომავალიც ისევე კარგად დაინახონ,
როგორც წასული. ამ ასაკში ქალებმა სიყვარულის ფასი იციან და უფრთხილდებიან, არ
დავკარგოთო. ამ დროს მათ სულს ჯერ ისევ წარმავალი სიყმაწვილე ამკობს და მომავლის
შიშის გამო სიყვარული სულ უფრო უძლიერდებათ.

„შეყვარებული ვარ, — იმეორებდა მარკიზის მეუღლისაგან შინ მიმავალი ვანდენესი, —


მაგრამ ჩემდა საუბედუროდ ისეთი ქალი შემხვდა, რომელიც მოგონებებს თავს ვერ აღწევს,

20 მნემოზინე - მით. - მეხსიერების ქალღმერთი, დედა ცხრა მუზისა.

100 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


ძნელია ბრძოლა განსვენებულთან. იგი ვეღარ ჩაიდენს სისულელეებს. ის აღარ შეიძლება
გადაიყვარო, ამიერიდან მხოლოდ მის საუკეთესო თვისებებს ხედავს. სრულყოფილების
დამხობა რომ ვცადოთ, ეს იმას ნიშნავს, გავაქარწყლოთ მოგონებებისა და იმედების
მშვენიერება, რომლებიც დაღუპულ საყვარელ ადამიანზე მეტს ცოცხლობენ. სწორედ იმიტომ,
რომ ის მხოლოდ სურვილებს აღძრავს, რაც სიყვარულში ყველაზე ლამაზი, ყველაზე
მიმზიდველია!

ეს სევდიანი ფიქრები გულგატეხილობითა და იმის შიშით გამოწვეულნი, რომ საწადელს


ვერ მიაღწევდა, რითაც ყოველი ნამდვილი ვნება იწყება, ვანდენესის უკვე დაშრეტილი
დიპლომატიის შედეგი იყო. მას შემდეგ, რაც არავითარი ეჭვი აღარ აწუხებდა, თავისი
სიყვარულის სათამაშო გახდა და მთლიანად ჩაიძირა იმ აუხსნელი ნეტარების უმნიშვნელო
წვრილმანებში, რომლებიც სიყვარულს კვებავენ და უაზრო სიტყვებს, დუმილს, ბუნდოვან
იმედს შეიცავენ. მას პლატონური სიყვარული ეწადა, ყოველი დღე დადიოდა ქალთან, რათა
იმ ჰაერით ესუნთქა, რომლითაც ქ-ნი დ’ეგლემონი სუნთქავდა, პირისპირ შეეზარდა მის სახლს
და ქალს ლანდივით სდევდა იმ დესპოტური ვნებიანობით, რასაც ეგოისტი მამაკაცი თვით
ყველაზე თავდავიწყებულ ერთგულებას უმატებს ხოლმე. სიყვარულს თავისი ინსტინქტი
გააჩნია და მას შეუძლია გულისკენ გზა იპოვოს, მსგავსად იმ სუსტი მწერისა, რომელიც
შეურყეველი სიჯიუტით უშიშრად მიემართება თავისი ყვავილისკენ.

ამიტომ, როცა ვნება ნამდვილია, მისი ბედი ეჭვს არ იწვევს. როგორ არ მოიცავს შიშის
ზარი ქალს, როცა წარმოიდგენს, რომ მთელი მისი ცხოვრება ცოტად თუ ბევრად იმ
გულწრფელობაზე, ძალასა და დაჟინებაზეა დამოკიდებული, რასაც მისი სიყვარული
სურვილის მისაღწევად მოიხმარს! განა ცნობილი არ არის, რომ სრულიად შეუძლებელია
ქალმა, მეუღლემ, დედამ ყმაწვილი კაცის სიყვარულისგან თავი დაიცვას? ერთადერთი, რაც
მას ძალუძს, ეს ის არის, შეწყვიტოს კაცთან შეხვედრა, როცა მისი გულის ზრახვებს მიხვდება,
— ამას კი ქალი ყოველთვის ხვდება. მაგრამ ეს ნაბიჯი ქალს მეტისმეტად შეუპოვარი ეჩვენა,
რათა მის ასაკში გადადგას, როცა ცოლ-ქმრობა მძიმე ტვირთად აწევს, მოსაწყენი და
დამღლელია, როცა ცოლ-ქმრული სიყვარული უკვე განელებულია, თუ ქმარს ის უკვე
მიტოვებული არა ჰყავს. ულამაზო ქალების თავმოყვარეობას სიყვარული ესალბუნება, და
მათ ლამაზებად ხდის. მაგრამ ახალგაზრდა და მომხიბლავი ქალის გულის მომნადირებელი
მისსავე სიმაღლეზე უნდა იდგეს, ამიტომ ცთუნება აქ განსაკუთრებით დიდია. მშვენიერი,
მაგრამ ესოდენ მიწიერი გრძნობა პატიოსან ქალებს აიძულებს ცოდვის რაღაც გამართლება
იმ დიდ მსხვერპლში მოძებნონ, საყვარელი კაცისთვის რომ მოაქვთ, იამაყონ იმ გრძელი
ბრძოლით, რომელსაც თავის თავთან ეწევიან. ეს ყველაფერი ხაფანგია. ესოდენ დიდი
101 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE
საცთუნებლის წინაშე ყოველგვარი ჭკუის დარიგება ამაოა! თავისუფლების აღკვეცა, რაც
ოდესღაც ქალს საბერძნეთსა და აღმოსავლეთში მიუსაჯეს და რაც ახლა ინგლისშიც მოდაში
შემოდის, ერთადერთი დაცვაა ოჯახური კერისა. მაგრამ ასეთი სისტემის გაბატონებისას
მთლად გაქრება მაღალსაზოგადოებრივი ცხოვრების მიმზიდველობა: ასეთ შემთხვევაში
შეუძლებელი გახდება ურთიერთობები, თავაზიანობა, ზნე-ჩვეულებათა სიფაქიზე. ეროვნებებს
არჩევანის გაკეთება მოუხდებათ.

ამგვარად, ვანდენესთან პირველი შეხვედრიდან რამდენიმე თვის შემდეგ ქ-ნი


დ’ეგლემონი მიხვდა, რომ მისი ცხოვრება მჭიდროდ იყო დაკავშირებული ამ კაცის
ცხოვრებასთან. ის გააკვირვა, მაგრამ როდი შეაცბუნა, არამედ ერთგვარი სიამოვნებაც კი
მოჰგვარა მათი გემოვნებისა და აზრების მსგავსებამ. მან გადაიღო ვანდენესის აზრები თუ
ვანდენესი შეეგუა მის უმცირეს ხუშტურებს, ამაზე არ დაფიქრებულა. უკვე ვნებით შეპყრობილ
ამ მშვენიერ ქალს შიში ეუფლებოდა, ის ცდილობდა თავი მოეტყუებინა და გუნებაში ამბობდა:
„არა და არა! ერთგული უნდა დავრჩე იმისი, ვინც ჩემთვის თავი გასწირა!“

იმ დღეს, როცა მარკიზის მეუღლე თავს გამოუტყდა ვანდენესს ვუყვარვარო, ათასობით


ერთმანეთის საწინააღმდეგო გრძნობა გაუჩნდა. ხმა ამოიღო ცხოვრების გამოცდილებით
შეძენილმა ცრუ რწმენებმა. იქნება თუ არა ბედნიერი? ჰპოვებს თუ არა ბედნიერებას იმ
კანონთა გარეშე, რომელთაც სამართლიანად თუ უსამართლოდ ემყარება საზოგადოების
მორალი? დღემდე ცხოვრებას სიმწრის მეტი არაფერი მოუტანია მისთვის. შესაძლებელია თუ
არა ბედნიერი დასასრული, როცა სასიყვარულო კავშირი მაღალსაზოგადოებრივი
პირობითობების გამო ორ არსებას შორის გათიშულია? მაგრამ რას არ გაიღებს კაცი
ბედნიერების გულისთვის? და ბოლოს და ბოლოს, ხომ შეიძლება ჰპოვოს ბედნიერება ასე
მხურვალედ რომ ეძებდა და თანაც ასეთი ბუნებრივი იყო! ცნობისმოყვარეობა მუდამ
შეყვარებულთა დამცველად გამოდის. სწორედ ამ გაცხარებულ საიდუმლო მსჯელობაში იყო
ქალი, როცა ვანდენესი შემოვიდა. მისმა გამოჩენამ გაფანტა უხორცო აჩრდილი
გონივრულობისა. თუ ესოდენ თანმიმდევრულ ცვალებადობაშია თუნდაც წარმავალი
გრძნობა ახალგაზრდა კაცისა და ოცდაათი წლის ქალისა, მაინც დადგება ხოლმე წუთი,
როცა ყველა ნიუანსი ერთმანეთში აირევა, როცა ყველა მსჯელობას განდევნის ერთადერთი
უკანასკნელი მოსაზრება, რომელიც სურვილს დაემთხვევა და დაადასტურებს მას. რაც უფრო
ხანგრძლივი იყო წინააღმდეგობა, მით უფრო ძლიერია ხმა სიყვარულისა. სწორედ აქ
მთავრდება გაკვეთილი, უფრო სწორად, შესწავლა „გაშიშვლებული კუნთებისა“, თუ ნებას
მოგვცემენ მხატვრები მათგან ერთ-ერთი ასეთი ხატოვანი გამოთქმა ვისესხოთ. იმიტომ, რომ
ეს მოთხრობა უფრო განმარტავს სიყვარულის საშიშროებასა და ილეთებს, ვიდრე მას
102 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE
აღწერს. და იმ დღიდან ჩონჩხს ყოველ დღე ემატებოდა ფერები, იგი იმოსებოდა
ახალგაზრდული მშვენიერებით; გაცოცხლდა სხეული, სული ჩაედგა მოძრაობებს, შეეძინა
ბრწყინვალება, სილამაზე, გრძნობათა მაცთუნებლობა და სწრაფვა სიცოცხლისადმი. ქ-ნი
დ’ეგლემონი ფიქრებში იყო გართული. შარლმა ისეთი სულში ჩამწვდომი კილოთი ჰკითხა
ქალს, „რა მოგივიდათო“, რასაც სიყვარულის ჯადოქრული ძალა დიდ დამაჯერებლობას
აძლევს. მაგრამ ქალმა თავი შეიკავა პასუხისგან. ეს საამური კითხვა სულთა სრულს
ურთიერთგაგებას ამჟღავნებდა. მარკიზის მეუღლე საოცარი ინსტინქტის წყალობით მიხვდა,
რომ მისი ჩივილი და გულის გადაშლა პირად მწუხარებაში ახლა ერთგვარი წაქეზება
იქნებოდა შარლისა. თუ მათი ყოველი სიტყვის მნიშვნელობა უკვე ორივესთვის ისედაც
გასაგებია, მაშინ რა საშინელ უფსკრულში ჩაადგამს ფეხს! ეს თავის თავში ნათლად
ამოიკითხა, და ხმა არ ამოუღია; ეს დუმილი ვანდენესსაც გადაედო.

— თავს უქეიფოდ ვგრძნობ, — წარმოთქვა ქალმა ბოლოს შეშინებულმა იმ


ამაღლებული დუმილით, რომლის დროსაც თვალების მეტყველება სავსებით ანაზღაურებს
სიტყვების უძლურებას.

— ქალბატონო, — მიუგო შარლმა ნაზი, მაგრამ საშინლად აღელვებული ხმით, —


სული და სხეული ერთმანეთთან კავშირში არიან. ბედნიერი რომ ყოფილიყავით,
ახალგაზრდა და ჯანმრთელი იქნებოდით. რატომ არ გინდათ მოსთხოვოთ სიყვარულს ის,
რაც მან წაგართვათ? თქვენ ფიქრობთ, უკვე დაასრულეთ ცხოვრება, სინამდვილეში კი
მხოლოდ ახლა იწყება. მიენდეთ მეგობრის მზრუნველობას. განა ბედნიერება არ არის კაცს
უყვარდეთ!

— უკვე დავბერდი, — თქვა ქალმა, — აღარაფერი გაამართლებს იმას, რომ ახლა ისე
აღარ ვიტანჯო, როგორც უწინ ვიტანჯებოდი... უნდა გიყვარდესო, თქვენ ამბობთ, ჰოდა, მე
არა მაქვს სიყვარულის უფლება, არც შემიძლია. თქვენს გარდა, ვისი მეგობრობაც ერთგვარ
ნათელსა ჰფენს ჩემს ცხოვრებას, არავინ მომწონს, არავის ძალუძს წაშალოს ჩემი მოგონებები.
მეგობარს ხელს გავუწვდი, მაგრამ საყვარელზე უარს ვიტყვი. ან კი, რა კეთილშობილება
იქნება, რომ ჩემი დამჭკნარი გულის სანაზღაუროდ ახალგაზრდა მამაკაცის ილუზიებით
აღსავსე გული მივიღო. იმ ილუზიებს მე უკვე ვეღარ გავინაწილებ, მას ვეღარ დავუბრუნებ
ბედნიერებას, რომელიც თვითონაც აღარ მწამს, არ მინდა მუდამ ვთრთოდე მისი დაკარგვის
შიშით. მე, ალბათ, ეგოისტურად ვუპასუხებდი მის თავგანწირულებას და ანგარიშიანი
ვიქნებოდი იმ წუთებში, როცა ის გრძნობებით იქნებოდა აღსავსე. ჩემი მოგონებები
შეურაცხყოფას მიაყენებდა მის მგზნებარე სიხარულს. არა, დამიჯერეთ, პირველი სიყვარული

103 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


არ შეიძლება ოდესმე სხვით შეიცვალოს. ან რომელი მამაკაცი მოინდომებს ამ ფასად ჩემი
გულის ხელში ჩაგდებას.

ეს სიტყვები, ნათქვამი საშინლად გამომწვევი კეკლუცობით, გონივრულობის


უკანასკნელი ძალის მოკრება იყო. „თუ ეს სიტყვები იმედს დაუკარგავს, რა ვუყოთ მერე,
დავრჩები მარტოხელა და ერთგული“. ამ აზრმა გაუელვა ქალს გულში. იგი ჰგავდა ხის სუსტ
ტოტს წყალწაღებული რომ ებღაუჭება. როცა ვანდენესმა ეს განაჩენი მოისმინა, უნებურად
შეკრთა, რამაც მარკიზის მეუღლის გულზე უფრო ძლიერად იმოქმედა, ვიდრე იმ
გულმოდგინე მზრუნველობამ, რომელსაც შარლი მანამდე იჩენდა მისდამი. ქალებს ხომ
ყველაზე უფრო ის დახვეწილი სინაზე, ის ფაქიზი გრძნობები ხიბლავს, რაც თვითონ
მათთვისაა დამახასიათებელი. იმიტომ, რომ მათთვის დახვეწილობა და სინაზე „ჭეშმარიტის“
ნიშანია. ვანდენესის შეკრთომა მის ჭეშმარიტ სიყვარულზე მეტყველებდა. ქ-მა დ’ეგლემონმა
ვანდენესის მძიმე მდგომარეობა დაინახა და მიხვდა, რა ძლიერ იტანჯებოდა.

ყმაწვილმა ქალმა ცივად წარმოთქვა: — თქვენ შეიძლება მართალიც იყოთ. ახალი


სიყვარული, ახალი დარდია.

მერე საუბრის თემა შეცვალა და უმნიშვნელო საგნებზე დაიწყო ლაპარაკი, მაგრამ


აშკარად ეტყობოდა, აფორიაქებული იყო და ქ-ნ დ’ეგლემონს ისეთი დაძაბული ყურადღებით
შეჰყურებდა, თითქოს უკანასკნელად ხედავდა. ბოლოს, აღელვებული დაემშვიდობა: —
მშვიდობით, ქალბატონო.

— ნახვამდის, — მიუგო ქალმა ისეთი ნატიფი სიკეკლუცით, რისი საიდუმლოებაც


მხოლოდ რჩეულ ქალთათვის არის ნაცნობი. შარლმა არაფერი უპასუხა და გავიდა.

როცა ვანდენესი წავიდა და მის ადგილას დაცარიელებული სკამიღა დარჩა, ჟიულიმ


ათასნაირად ინანა და ყველაფერი თავს დააბრალა. ვნებათა ღელვა ქალის გულში იმ
დროსაა ძლიერი, როცა ფიქრობს, რომ არ მოიქცა დიდსულოვნად, დაკოდა კეთილშობილი
გული. არასოდეს არ უნდა გვეშინოდეს ცუდი გრძნობებისა სიყვარულში: ისინი ფრიად
მარგებელნი არიან. ქალები მხოლოდ სათნოების დარტყმებს ვერ უძლებენ. „ჯოჯოხეთი
კეთილი ზრახვებითაა მოკირწყლული“ — ეს სიტყვები მქადაგებლის პარადოქსი როდია.
ვანდენესი რამდენიმე დღეს არ გამოჩენილა ქ-ნ დ’ეგლემონთან. ყოველ საღამოს
ჩვეულებრივი პაემანის დროს მარკიზის მეუღლე მოუთმენლად ელოდა სინდისის ქენჯნით
გაწამებული. წერილის მიწერა გულის გადახსნა იქნებოდა. გარდა ამისა, ინსტინქტი
ეუბნებოდა, შარლი დაბრუნდებაო. მეექვსე დღეს მსახურმა ქალბატონს ვანდენესის მოსვლა
104 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE
აუწყა. არასოდეს ასე არ გახარებია მისი სახელის გაგონება. სიხარულმა კიდეც შეაშინა.

— გვარიანად დამსაჯეთ! — უთხრა მან. ვანდენესმა გაკვირვებით შეხედა.

— დაგსაჯეთ? — გაიმეორა მან, — რითი?

შარლს შესანიშნავად ესმოდა მარკიზის მეუღლისა. მაგრამ უნდოდა სამაგიერო


გადაეხადა იმ განცდებისთვის, რომელთა ტყვეობაში იმ წუთიდან იმყოფებოდა, როცა ქალი
ამას მიხვდა.

— რატომ არ მოდიოდით? — ჰკითხა ქალმა ღიმილით.

— განა სხვამ არავინ გინახულათ? — ჰკითხა ვანდენესმა და პირდაპირი პასუხისგან


თავი შეიკავა.

— ბატონმა რონკეროლებმა, ბატონმა დე მარშემ, ახალგაზრდა დ’ეგრინიონმა


მინახულეს. ერთმა გუშინ, მეორემ ამ დილას ორ-ორი საათი გაატარეს ჩემთან. მგონი
ქალბატონი ფირმიანიაც და, თქვენი და ქალბატონი დე ლისტომერიც.

და აი, კიდევ ახალი განცდები! ტანჯვა, გაუგებარი მათთვის, ვისაც არ განუცდია ვნებათა
შმაგი დესპოტიზმი, რომლის სულ მცირე შედეგიც კი არაადამიანურ ეჭვიანობაში, იმის
განუწყვეტელ სურვილში მჟღავნდება, რომ საყვარელი არსება სიყვარულისთვის უცხო,
ყოველგვარი გარეშე გავლენისგან დაიცავს.

„ვერ უყურებ! — გაიფიქრა ვანდენესმა, — თურმე სტუმრებს იღებდა, კმაყოფილ სახეებს


უყურებდა, მათ ებაასებოდა, მე კი გამოკეტილში ვიტანჯებოდი.“

მან თავისი დარდი ჩაიხვია და ისე ჩაიმარხა გულის სიღრმეში, როგორც ზღვის ფსკერზე
ჩაძირული კუბო. შეუძლებელი იყო მისი აზრების სიტყვებით გამოხატვა. მათი სისწრაფე
წააგავს იმ მჟავათა სწრაფ აორთქლებას, რომლებიც სასიკვდილოდ მოქმედებენ ადამიანზე.
მაგრამ, როცა ვანდენესს სახე მოეღუშა, ქ-მა დ’ეგლემონმა ქალური ინსტინქტით გაიზიარა ეს
სევდა, თუმცა არ იცოდა მისი მიზეზი. მან ყოველგვარი წინასწარი განზრახვის გარეშე მიაყენა
ტკივილი ვანდენესს და მიხვდა ამას. შარლმა ისეთი ხუმრობით დაიწყო თავის სულიერ
მდგომარეობასა და ეჭვიანობაზე ლაპარაკი, რაც ხშირად სჩვევიათ შეყვარებულებს. მარკიზის
მეუღლე ყველაფერს მიხვდა და ისე ააღელვა ამან, რომ ცრემლი ვეღარ შეიკავა. ამ წუთიდან
ისინი სამოთხის კარიბჭეში შევიდნენ. სამოთხე და ჯოჯოხეთი ორი დიდი პოემაა, ისინი ორ

105 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


საწყისს ქმნიან, რომელთა გარშემო ჩვენი არსებობა ტრიალებს: სიხარული და მწუხარება.
განა არ არის, განა არ იქნება სამოთხე ჩვენი გრძნობების უსასრულობის მუდმივი ხატება,
სადაც მხოლოდ ნაწილები იცვლებიან, იმიტომ, რომ თვით ბედნიერება ერთიანია? და განა
ჯოჯოხეთი არ წარმოგვისახავს დაუსრულებელ წამებას, მწუხარებას, რისგანაც ჩვენ პოეტური
ქმნილებები შეგვიძლია შევქმნათ, რადგან ისინი სრულიად არ გვანან ერთმანეთს?

ერთ საღამოს შეყვარებულები ერთად ისხდნენ და მდუმარედ შეჰყურებდნენ ცისკიდურს


სწორედ იმ წუთებში, როცა ჩამავალი მზის უკანასკნელი სხივები მოწმენდილ ცას მქრქალი
ოქროს და მეწამული ფერით ღებავენ. დღის ამ საათებში მზის სხივთა შუქი ნელ—ნელა
კლებულობს და თითქოს ნაზ გრძნობებს უღვიძებს ადამიანს. ამ სიწყნარეში ჩვენი ვნებები
სათუთად თრთიან და რაღაც საამურ მღელვარებას განვიცდით. თვითონ ბუნება ბედნიერებას
ბუნდოვანი სურათებით თვალწინ გვიშლის და გვიხმობს დავტკბეთ იმით, როცა ბედნიერება
ჩვენთან ახლოსაა, ანდა ვინანოთ, თუ ის გაგვიფრინდა. ამ მშვენიერებით მდიდარ წუთებში,
ამ შუქის ბალდახინს ქვეშ, რომლის ფერთა ნაზი შეხამება იდუმალ ცთუნებას ერწყმის, ძნელია
წინააღმდეგობა გაუწიო გულის წადილს, რასაც იმ დროს ასეთი ჯადოსნური ძალა გააჩნია!
ასეთ წუთებში დარდი ჩლუნგდება, სიხარული გათრობს, სევდა სულს გიმძიმებს. საღამოჟამის
ზეიმური განწყობილება გულის გადაშლას უწყობს ხელს და ამხნევებს ადამიანს. დუმილი
უფრო საშიში ხდება, ვიდრე სიტყვები და თვალებს ცის ის უძირო სიღრმე უჩნდება, მათში
რომ ირეკლება. ხოლო თუ ხმა ამოიღე, ყოველი პატარა სიტყვაც კი დაუძლეველი
სიძლიერით გაისმის. იქნებ, შუქი გამოკრთის მაინც იმ ხმაში, იქნებ ძოწისფრად კაშკაშებს იმ
დროს მზერა? იქნებ თვით ზეცა ისადგურებს მაშინ ჩვენს არსებაში, ან ჩვენ თვითონ
ვიმყოფებით ზეცაში? და აი, ვანდენესი და ჟიულიეტი, — უკვე რამდენიმე დღე იყო, რაც ქალმა
ნება მისცა შარლს ასე შინაურულად მიემართა მისთვის და თვითონაც მოსწონდა უბრალოდ
შარლი ეწოდებინა, — იმ საღამოს ფანჯარასთან ისხდნენ და საუბრობდნენ. მაგრამ ორივენი
ძალიან შორს იყვნენ მათი საუბრის ჩვეულებრივი თემისაგან... მათ არ ესმოდათ აზრი
თავიანთი სიტყვებისა და მათი აღტაცებული გულისყური მიმართული იყო იმ სიტყვათა მიღმა
დამალული იდუმალი აზრებისაკენ. მარკიზის მეუღლეს ხელი ვანდენესის ხელზე ედო, უკან
არ მიჰქონდა და არც ფიქრობდა, თუ ეს დიდი წყალობა იყო მისგან.

მერე ორივენი ფანჯარაზე გადაიზიდნენ, რათა თოვლით, ყინვარებით, მრუმე


ჩრდილებით დაფარული ერთ-ერთი ის დიადი პეიზაჟი დაენახათ თვალწარმტაც მთათა
ფერდობებს რომ ღებავენ ჯადოსნური ფერებით; დამტკბარიყვნენ ერთ-ერთი იმ შეუდარებელი
წამიერი პოეტური სურათით მეწამულ-ალისფერიდან შავ ფერზე მკვეთრად რომ გადადიან
და ცის კამარას ამკობენ; დაენახა ის საუცხოო ფარდა, რომლის უკან მზე იბადება, ის
106 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE
მშვენიერი სუდარა, რომელშიც მზე სულსა ლევს. ამ დროს ჟიულიეტის თმა ვანდენესის
ლოყებს შეეხო. ქალმა ეს მსუბუქი შეხება იგრძნო და საშინლად შეკრთა. შარლი უფრო
მეტად შეკრთა, რადგან ორივენი თანდათან მიუახლოვდნენ იმ გამოუცნობ სულიერ
გარდატეხას, როცა სიჩუმე ისე აფაქიზებს აღქმის უნარს, რომ სულ უმცირესი წყენაც კი
ცრემლებს იწვევს და ადამიანს სევდას ჰგვრის, თუ ამ დროს კაეშანი დაუფლებია. ანდა
გამოუთქმელ სიხარულს ანიჭებს, თუ მისი გული სიყვარულის მორევშია ჩაძირული.
ჟიულიეტმა თითქმის უნებურად მოუჭირა ხელი თავის მეგობარს. ამ მრავლისმეტყველმა
ხელის მოჭერამ გაამხნევა გაუბედავი შეყვარებული. ის წუთიერი სიხარული და მომავლის
იმედი, — ყველაფერი ჩაიძირა პირველი ალერსის მღელვარებაში, როცა ჟიულიმ შარლს
ნება მისცა გაუბედავი უმანკო ამბორი აღებეჭდა მის ლოყაზე. რამდენადაც თავშეკავებული
იყო ეს ალერსი, იმდენად ძლიერი და სახიფათო იყო ის. მათდა საუბედუროდ, ამაში არ იყო
არც ფარისევლობა, არც სიყალბე. ის იყო ურთიეთთანხმობა ორი მშვენიერი სულისა,
გათიშულისა იმით, რასაც კანონი ეწოდება, შეერთებულისა ყველაფრით, რაც კი
მაცთუნებელია ბუნებაში. ამ წუთში ოთახში გენერალი დ’ეგლემონი შემოვიდა.

— მთავრობა შეიცვალა, — განაცხადა მან, — ბიძათქვენი ახალი კაბინეტის წევრადაა


დანიშნული. ამრიგად, თქვენ, ვანდენეს, ელჩად გახდომის კარგი შესაძლებლობა მოგეცათ.

შარლი და ჟიული გაწითლდნენ და ერთმანეთს გადახედეს. ეს საერთო უხერხულობა


კიდევ ერთი შემაკავშირებელი ძაფი იყო. ორივემ ერთი და იგივე გაიფიქრა, ორივეს
ერთნაირი სინდისის ქენჯნა გაუჩნდა. კოცნაში დამნაშავე ორ შეყვარებულს ისეთივე
საზარელი, მყარი კავშირი აერთიანებს, როგორიც ორ ავაზაკს, რომლებმაც ეს-ეს იყო
ადამიანი მოკლეს. მარკიზისათვის პასუხის გაცემა იყო საჭირო.

— პარიზიდან წასვლა გადავიფიქრე, — მიუგო შარლ ვანდენესმა.

— მაგის მიზეზი ჩვენ ვიცით, — შეესიტყვა გენერალი სახის ისეთი გამომეტყველებით,


რომელიც ამბობდა, ხომ გამოვიცანი ეგ საიდუმლოო. — ბიძათქვენი არ გინდათ მიატოვოთ,
რათა მისი პერობის მემკვიდრეობა არ დაკარგოთ.

მარკიზის მეუღლე სასწრაფოდ თავის ოთახში გავიდა, მას თავის ქმარზე საშინელმა
აზრმა გაუელვა: „რა სულელია, ეს დალოცვილი!“

107 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


IV. განგების ხელში

იტალიისა და სანტეს კარიბჭეთა შუა, ბოტანიკურ ბაღისკენ მიმავალი ბულვარიდან


ისეთი თვალწარმტაცი ხედი იშლება, რომელიც არა მარტო მხატვარს, არამედ თვით ყველაზე
უფრო საუცხოო ხედებით გულმოყირჭებულ მოგზაურსაც კი მოხიბლავს. როცა პატარა
აღმართს მიუახლოვდებით, სადაც გაფარჩხული ხეებით დაჩრდილული ბულვარი უხვევს,
ლამაზ, მწვანით დაფარულ, განმარტოებით მიმავალ ტყის გზას რომ მოგაგონებთ, წინ, თქვენს
ფეხრთ ქვეშ ვრცელი ველი იშლება სოფლის სახლების მსგავსი შენობებით, აქა-იქ
დაფარული მცენარეულობით, რომელსაც ბიევრის, ანუ გობელენთა მდინარის მღვრიე
წყლები რწყავს. მთის მოპირდაპირე ფერდობზე ათასთავიანი ბრბოს მსგავსი უამრავი სახლის
სახურავი ჩანს, რომლის ქვეშაც სენმარსოს გარეუბნის 21 სიღატაკე აფარებს თავს.
ოანტეონის 22 საუცხოო გუმბათი და ვალ-დე-გრასის 23 უფერული, სევდიანი სახურავი ამაყად
გადმოჰყურებენ ამფითეატრად განლაგებულ ქალაქს და მიხვეულ-მოხვეული ქუჩებით
გარსშემოხვეულ მის აღმართ-დაღმართებს. როცა აქედან ამ ორ ძეგლს უყურებთ, მათი
პროპორციები უზარმაზარი გეჩვენებათ. მათ გვერდით უბადრუკი შენობები და ხეობის
ყველაზე უფრო მაღალი ჭადრები დაჩაგრულად გამოიყურებიან. მარცხნივ ობსერვატორიის
შენობა დგას შავი, მჭლე ლანდივით, რომლის ფანჯრებსა და გალერეებიდან ამომავალი შუქი
საოცარ მოჩვენებებს წარმოსახავს მაყურებელში. უფრო შორს, ლუქსემბურგის სასახლის
მოცისფრო შენობებსა და სენსულპისის რუხ კოშკებს შორის, ინვალიდთა სახლის კოხტა
ფარანი ანათებს. როცა აქედან უყურებ, შენობათა არქიტექტურული ხაზები ხეთა გვირგვინებს
და ჩრდილებს ერწყმიან და ეს ყველაფერი დამოკიდებულია ცის ჟინიანობაზე, რომელიც
მუდმივად იცვლის ფერს, განათებასა და შესახედაობას. თქვენგან შორს, ჰაერში მკვეთრად
ისახებიან სახლები, გარშემო კი შრიალებენ ხეები და შარაგზები მიიკლაკნებიან. მარჯვნივ, ამ
არაჩვეულებრივი პეიზაჟის ფართო ჩარჩოში თქვენ შეამჩნევთ სენ-მარტენის არხის
მოწითალო ქვით ამოშენებულ გრძელ თეთრ ზოლს, რომელსაც ცეცხლის ხეები ამკობენ
ორივე მხრიდან, და წმინდა რომანული სტილის ბეღლების მსგავსად ნაგებ შენობებს. უფრო
უკან კი თვალს არ გამოეპარება, როგორ ერწყმიან ღრუბელთა კონტურებს მსუბუქ ნისლში
გახვეული ბელვილის ბორცვების კონტურები, სადაც სახლები და წისქვილები მიმობნეულან.
მაგრამ აქ, ამ სახურავებსა, ხეობას გარს რომ ერტყმიან და იმ ცისკიდურს შორის, ბავშვობის
მოგონებასავით რომ არის დანისლული, მთელი ქალაქი გაწოლილა და ადამიანის

21 სენ-მარსო - ბალზაკის დროს გარეუბანი პარიზში, რომელიც უმთავრესად მუშებით, ხელოსნებით და წვრილი მოხელეებით იყო
დასახლებული.
22 პანთეონი - შენობა პარიზში, სადაც დაკრძალული არიან საფრანგეთის გამოჩენილი მოღვაწენი.
23 ვალ-დე-გრასი - მე-17 საუკ. აშენებული მონასტერი პარიზში, რომელიც მოგვიანებით ჰოსპიტლად გადაკეთდა.

108 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


თვალისთვის უხილავია. ეს თითქოს უფსკრულში ჩაკარგული ვეებერთელა უბანია, შარიტეს
საავადმყოფოს სახურავებსა და აღმოსავლეთის სასაფლაოს მაღალ ზღუდეს შორის, ტანჯვა-
წამებასა და სიკვდილს შორის ჩაკარგული. იქიდან ყრუ ხმაური მოისმის მსგავსი ოკეანის
ხმაურისა, როცა ის თითქოს კლდეს ეხეთქება და თითქოს გეუბნება „მე აქ ვარო“. საკმარისია
მზემ პარიზის ამ ნაწილს სხივები სტყორცნოს, უფრო განწმინდოს და ჰაეროვანი გახადოს
ხაზები, საკმარისია ის მინებზე აციმციმდეს, სახურავის კრამიტზე ათამაშდეს, ცეცხლი
მოუკიდოს მოოქრულ ჯვრებს, თეთრად გაანათოს სახლის კედლები და ჰაერი გამჭვირვალე
ლეჩაქად გადააქციოს; საკმარისია მან მდიდარი კონტრასტები შექმნას საოცარი ჩრდილებით;
საკმარისია ზეცა ლაჟვარდისფერი გახდეს, დედამიწა კი სიცოცხლემ აათრთოლოს, გაისმას
ზარების რეკვა, — რომ მაშინვე აღტაცებაში მოგიყვანთ ის მრავლისმეტყველი ჯადოსნური
სურათი, რომელიც აღარასოდეს დაგავიწყდებათ და ისეთივე მოხიბლული თაყვანისმცემელი
გახდებით მისი, როგორიც თავის დროზე ნეაპოლის, სტამბოლის თუ ფლორიდის
აღტაცებული თაყვანისმცემელი იყავით. ამ დიდ ქორალს არც ერთი ხმა არ აკლია. აქ გაისმის
გუგუნი ადამიანების ხმებისა და განმარტოების პოეტური სიმშვიდისა, ხმები მილიონობით
არსებისა და ხმა ღვთისა. აქ, პერლაშეზის მშვიდი კვიპაროსების ქვეშ დედაქალაქს
შეუფარებია თავი.

გაზაფხულის ერთ დილას, როცა ცხრათვალა მზე უხვად ჰფენდა შუქს ამ პეიზაჟის მთელ
სიმშვენიერეს, ერთ დიდ თელაზე ვიყავი მიყრდნობილი. ქარი მასზე ყვითელ ყვავილებს
აშრიალებდა და მე პეიზაჟის ცქერით ვტკბებოდი. ამ საუცხოო, ამ დიდებული სურათების
ცქერისას მწარედ ვფიქრობდი იმაზე თუ რაოდენ დიდ უსულგულობას ვიჩენთ დღეს, თვით
ჩვენს წიგნებშიც კი, ჩვენი ქვეყნისადმი. მე ვწყევლიდი თვალწარმტაცი საფრანგეთის
განებივრებულ იმ საცოდავ მდიდართ, ოქროს ფასად რომ ყიდულობენ საკუთარი
სამშობლოს არად მიჩნეულ უფლებას, იტალიაში დააჭენებენ და ლორნეტით ათვალიერებენ
მის უკვე ფრიად წაბილწულ პეიზაჟებს. მე სიყვარულით შევცქეროდი თანამედროვე პარიზს
და ვოცნებობდი, როცა უეცრად კოცნის ხმამ დაარღვია ჩემი მარტოობა და ფილოსოფიური
ფიქრები გამიფანტა. გვერდის გზაზე, გობელენთა ხიდის მეორე მხარეს რომ მიიმართება, იმ
ხრამის თავზე, სადაც მდინარე მიჩხრიალებს, საკმარისად ახალგაზრდა ქალი შევამჩნიე. ქალს
უბრალოდ, მაგრამ კოხტად ეცვა და ნაზ სახეზე თითქოს მთელი იმ პეიზაჟის მხიარული
სურათი ირეკლებოდა. ლამაზი შესახედაობის ახლაგაზრდა კაცმა მიწაზე პატარა ბიჭი
გადმოსვა, რომლის უმშვენიერესს ძნელად თუ ნახავდა ადამიანი. და ვერაფრით დავადგინე,
წეღან რომ კოცნა შემომესმა, დედის ლოყაზე იყო აღბეჭდილი თუ პატარა ბიჭისა. ერთი და
იგივე ნაზი და მგზნებარე გრძნობა ანათებდა ამ ორი ადამიანის თვალებს, მოძრაობებს და

109 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


ღიმილს. გრძნობამორეული ახალგაზრდა ქალი და კაცი ისეთი სიხარულით გაექანენ
ერთმანეთისკენ, ისეთი აღტყინებით გადააჭდეს ურთიერთს მკლავები, იმდენად იყვნენ
ერთმანეთით გართულნი, რომ სრულიად არ შეუმჩნევიათ ჩემი არსებობა. მაგრამ იქ მყოფმა
მეორე ბავშვმა, რაღაცით უკმაყოფილომ და გაბუტულმა, მათ ზურგი შეუბრუნა და ისეთი
თვალებით შემომხედა, რომელთა საოცარმა გამომეტყველებამ ძლიერად იმოქმედა ჩემზე.
პატარა ბიჭი ხან წინ გაურბენდა, ხან უკან ჩამორჩებოდა დედასა და ახალგაზრდა კაცს.
მეორე ბავშვი კი, მათსავით კოხტად ჩაცმული და მოხდენილი, მაგრამ უფრო ნაზი სახის
ნაკვეთებით, გაჩუმებული იდგა უძრავად, მსგავსად გაშეშებული გველის წიწილისა. ეს იყო
გოგონა. ლამაზი ქალი და მისი თანამგზავრი თითქოს მექანიკურად მოძრაობდნენ.
დაბნეულები მიდი-მოდიოდნენ წინ და უკან იმ პატარა მანძილზე, რომელიც მცირე ხიდსა და
ბულვარის მოსახვევში მდგარ ეტლს შორის იყო. ამ მოკლე გზაზე ისინი ხან ჩერდებოდნენ,
ერთმანეთს შეჰყურებდნენ, იცინოდნენ იმის მიხედვით, თუ რაზე ჩამოვარდებოდა საუბარი, ხან
გაცხოველებით, ხან მინაზებით, ხან გულფიცხად, ხან დარბაისლურად.

მე ვეებერთელა თელას ამოფარებული ვტკბებოდი ამ მომხიბლავი სურათით და,


რასაკვირველია, სხვისი საიდუმლოებისადმი ცნობისმოყვარეობას არც გამოვიჩენდი, რომ არ
გავეოცებინე მდუმარე გოგონას, რომლის ჩაფიქრებულ სახეზე უფრო ღრმა აზრები
აღბეჭდილიყო, ვიდრე მის ასაკს შეეფერებოდა. როცა დედამისი და ახალგაზრდა კაცი
გაუსწორდებოდნენ და მობრუნდებოდნენ, გოგონა წარბშეკრული თავს ძირს ხრიდა და
რაღაც უცნაურად ქვეშ-ქვეშ შეჰყურებდა მათ და თავის ძმას. შეუძლებელია გადმოცემა, რა
ეშმაკური გამჭრიახობა, რა გულუბრყვილო ცბიერება, რა ველური დაძაბულობა ისახებოდა
უეცრად ამ ბავშვურ სახეზე, მის ოდნავ ამოლურჯებულ თვალებში, როცა ლამაზი ქალი ან
მისი თანამგზავრი ბიჭს ნაზად ხელს გადაუსვამდნენ ოქროსფერ კულულებზე, ალერსით
მოეხვეოდნენ ქორფა, თეთრი საყელოთი შემოვლებულ ყელზე, გაანცებული ბიჭი კი
ცდილობდა მათთვის ფეხი აეწყო. უცნაური გოგონას გამხდარ სახეზე მოზრდილი ადამიანის
ნამდვილი ვნებები იყო აღბეჭდილი. ის ან იტანჯებოდა ან რაღაცაზე ფიქრობდა. რას უქადის
სიკვდილი ამ გაფურჩქვნილ არსებათ? იქნებ უკვე ჯანში გამჯდარ ავადმყოფობას, ან რაიმე
ნაადრევ აზრებს, რომლებიც მათს ოდნავ განვითარებულ სულს ღრნიან? შესაძლებელია, ეს
მხოლოდ დედამ იცოდა. მე თუ მკითხავთ, იმაზე უფრო დიდ საშინელებად სხვა არაფერი
მიმაჩნია, ვიდრე ის, როცა ბავშვის შუბლზე ხნიერი ადამიანის აზრებს კითხულობს კაცი.
მკრეხელობა უმანკო ქალის პირიდან ნაკლებად შემზარავია. და აი, ამ უკვე მოაზროვნე
გოგონას თითქმის გონებადაბნეულმა სახემ, მისმა ძუნწმა მოძრაობამ ცნობისმოყვარეობა
აღმიძრა. ინტერესით დავაკვირდი. მერე დამკვირვებლის ბუნებრივი ჟინის კარნახით თავის

110 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


ძმასთან დავუწყე შედარება და ვცდილობდი მათ შორის მსგავსება და განსხვავება დამეჭირა.
გოგონას წაბლისფერი თმა, შავი თვალები და ასაკთან შედარებით მაღალი ტანი ჰქონდა.
ბიჭი კი სრულიად საწინააღმდეგო გარეგნობის იყო: მას ოქროსფერი თმა, ზღვისფერი
თვალები, მოხდენილი სინაზე ამშვენებდა. გოგონა შვიდი-რვა წლისა იქნებოდა, მის ძმას
ექვსსაც ძლივს მისცემდით. ორივეს ერთნაირად ეცვა, თუმცა, როცა ყურადღებით დავაკვირდი,
მათი პერანგების საყელოებზე ოდნავ შესამჩნევი განსხვავება დავინახე. რამაც უფრო გვიან
წარსულის მთელ რომანს და მომავლის მთელ დრამას მიმახვედრა. ეს იყო სულ პატარა
რამ. შავგვრემანი გოგონას საყელო უბრალოდ იყო გადაკეცილი, ხოლო პატარა ბიჭისას
მშვენიერი ნაქარგი დაჰყვებოდა. ეს ამჟღავნებდა გულის საიდუმლოს, უსიტყვოდ გამოთქმულ
უპირატესობას, რასაც ბავშვები თითქოს ღვთის შთაგონებით კითხულობენ თავიანთი დედის
სულში. უზრუნველსა და ანც ქერა ბიჭუნას იმდენად ქორფა, თეთრი სახის კანი, ისეთი
მოხდენილი მოძრაობა და სანდომიანი სახე ჰქონდა, რომ გოგონას წააგავდა. მისი და კი,
მიუხედავად მძლავრი აღნაგობისა, ლამაზი ნაკვთებისა და ცოცხალი სახის ფერისა, პატარა,
ავადმყოფ ბიჭს ჰგავდა. მისი ცოცხალი თვალები არ იძირებოდნენ იმ ნისლიან ტბაში, ესოდენ
მშვენიერს რომ ხდის ბავშვის გამოხედვას. ეს თვალები თითქოს რაღაც შინაგან ცეცხლს
გაეშრო, როგორც კარისკაცს აქვს ხოლმე. დაბოლოს, მის ხორბლისფერ სახის კანს
წენგოსფერი გადაჰკრავდა, რაც უთუოდ გაბედული ხასიათის მიმნიშნებელი იყო. პატარა ძმამ
ორჯერ მიირბინა მასთან, სახეში ალერსიანად შეხედა, უნაზესი გამომეტყველებით მიელაქუცა,
რაც თვით შარლესაც 24 კი მოხიბლავდა და პატარა სანადირო ბუკი გაუშვირა, რომელსაც
წამდაუწუმ აყვირებდა. მაგრამ ბიჭის ალერსიან შეკითხვაზე: „აჰა, ელენ, არ გინდა?“, გოგონა
ყოველთვის უბღვერდა. თუმცა გოგონას ერთი შეხედვით მშვენიერი სახე ჰქონდა, ყოველთვის,
როცა ბიჭი მიუახლოვდებოდა, თავით ფეხამდე ჟრუანტელი უვლიდა და სახე
წამოუჭარხლდებოდა. პატარა ძმა თითქოს ვერც კი ამჩნევდა, რომ და ცუდ გუნებაზე იყო. და
მისი თანამგრძნობი და უზრუნველი საქციელი სრულიად საწინააღმდეგო სურათს ქმნიდა
ნამდვილ ბავშვურ ხასიათსა და გამოცდილებით დაბრძენებულ, ცხოვრების საზრუნავით
დატვირთულ დიდი ადამიანის ხასიათს შორის, გოგონას სახეს შავი ღრუბელივით რომ
აბნელებდა.

— დედა, ელენეს თამაში არ უნდა, — მოიხელთა დრო ბიჭმა, როცა ქალი და ყმაწვილი
კაცი ერთი წუთით გობელენების ხიდზე შედგნენ სეირნობისას.

24 შარლე, ნიკოლა-ტუსენი (1792-185.5) - ნაპოლეონის დროის მხატვარი და ლითოგრაფი.

111 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


— დაანებე თავი, შარლ, განა არ იცი, როგორი უჟმური ხასიათი აქვს?

დედამ ეს სიტყვები დაუდევრად გადმოისროლა, ხიდზე მკვეთრად მოტრიალდა თავისი


თანამგზავრით და სეირნობა განაგრძო. გოგონას თვალთაგან ცრემლი წამოსცვივდა. მერე
სიტყვის უთქმელად მოიწმინდა და ძმას ისე უცნაურად გახედა, რაც ვერაფრით ვერ ავხსენი.
მერე პირქუში საზრიანობით დაუწყო თვალიერება ჯერ დამრეც ბექობს, რომლის თავზეც ბიჭი
იდგა, მერე მდინარე ბიევრს, ხიდს, მთელ გარემოს და მე.

მე შემეშინდა, ბედნიერმა წყვილმა არ შემამჩნიოს-მეთქი, რაც მათ, ალბათ, ხელს


შეუშლიდა საუბარში, ჩუმად უკან დავიხიე და ანწლის ცოცხალ ღობეს ამოვეფარე, რომლის
ხშირმა ფოთლებმა სრულიად დამფარეს უცხო თვალთაგან. წყნარად ჩამოვჯექი სერზე
ბულვარს რომ გადაჰყურებდა, ზურგით ხეს მივეყრდენი და ხან ლამაზი პეიზაჟის
ცვალებადობას შევყურებდი, ხან პატარა ველურ გოგონას ვაკვირდებოდი, რომელიც კარგად
მოჩანდა ანწლის ბუჩქებს შორის. მე რომ ვეღარ დამინახა, გოგონა თითქოს უფრო
აფორიაქდა. მისმა შავმა თვალებმა აუწერელი ცნობისმოყვარეობით დამიწყეს ძებნა ხეივნის
სიღრმეში, ხეებს უკან. ნეტავი, რა ენდომებოდა ჩემგან? ამ დროს ჰაერში შარლის წკრიალა
სიცილი გაისმა ჩიტის გალობასავით. ლამაზ-ლამაზი ყმაწვილი კაცი, ისიც ბიჭივით
ოქროსთმიანი, ბავშვს ჰაერში ბურთივით ისროდა, ჰკოცნიდა იმ ათასგვარი საალერსო
სახელებით ეფერებოდა, ჩვენ რომ ხშირად სიყვარულით ვხმარობთ ხოლმე ბავშვების
მიმართ. ამათ თამაშზე ქალი იღიმებოდა და დრო და დრო ხმადაბლა, უეჭველია, რაღაც
სასიყვარულო სიტყვებს ეუბნებოდა, რადგან მისი თანამგზავრი ჩერდებოდა და ქალს
ბედნიერი სახით, ანთებული ცისფერი თვალებით, თაყვანისცემით შეჰყურებდა. მათი ხმები
ბავშვის შეძახილებს უერთდებოდა და საოცრად ეალერსებოდა ყურს. საუცხოო შესახედავი
იყვნენ სამივენი. ეს სცენა იმ თვალწარმტაც პეიზაჟს ენით აუწერელ მომხიბლაობას აძლევდა.
პირმშვენიერი, მოცინარი თეთრი ქალი, სიყვარულის შვილი, ახალგაზრდული
მომხიბვლელობით დაჯილდოებული კაცი, მოწმენდილი ცა, ბოლოს, სრული ჰარმონიულობა
ბუნებისა, გულის გასახარებლად ერწყმოდა ერთმანეთს. ვიგრძენი, რომ მეღიმებოდა, თითქოს
მთელი ეს ბედნიერება ჩემი საკუთარი ბედნიერება იყო. ყმაწვილმა კაცმა დათვალა — საათმა
ცხრა დარეკა. ის ნაზად გადაეხვია თანამგზავრ ქალს, რომელიც უეცრად სერიოზული გახდა
და თითქოს დაღონდა კიდეც. კაცი თავისი ეტლის შესახვედრად გაემართა, რომელიც მოხუც
მსახურს ნელა მოყავდა. ერთმანეთში აირია სათაყვანებელი შვილის ტიტინი და ყმაწვილი
კაცის კოცნის ხმა. როცა კაცი ეტლში ჩაჯდა, ადგილზე გაქვავებული ქალი კი ყურს უგდებდა
ეტლის ბორბალთა მინელებულ ხმას და ბულვარის მწვანე ხეივნის მტვრის კორიანტელს
გასცქეროდა, შარლმა ხიდზე მდგარ დასთან მიირბინა და მისმა წკრიალა ხმამ ჩემს ყურამდე
112 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE
მოაღწია: — რატომ არ გამოეთხოვე ჩემს კარგ მეგობარს?

ელენმა ხრამის კიდეზე მდგარ ძმას ისეთი შემზარავი თვალები შეანათა, რომ მეეჭვება,
ოდესმე რომელიმე ბავშვის თვალები ასე ანთებულიყოს. მან ბიჭს გამალებით ხელი ჰკრა.
შარლი დამრეც ბექობზე დაგორდა, ხის ფესვებს გამოედო და წვეტიან ქვებზე დაენარცხა;
ბიჭს შუბლი გაუსკდა და სისხლში ამოსვრილი ტალახიან მდინარეში ჩავარდა. მღვრიე
ზვირთებმა შთანთქეს ბიჭუნას ლამაზი ქერა თავი. გაისმა საცოდავი ბავშვის გულგამგმირავი
ყვირილი, მაგრამ ყვირილი იმწამსვე ლამმა ჩაახშო, სადაც ბავშვი ისეთი ხმაურით გაქრა,
თითქოს მძიმე ქვა ჩავარდა მდინარეში. ეს ყველაფერი ელვის სისწრაფით მოხდა. მაშინვე
წამოვხტი და ბილიკზე დავეშვი. თავზარდაცემული გოგონა გულგამგმირავად ყვიროდა: —
დედა! დედა!

დედა იქვე იყო, ჩემს გვერდით. ის ჩიტივით მოფრინდა. მაგრამ ვერც დედის თვალებმა,
ვერც ჩემმა ვერ გაარჩიეს ზუსტად ის ადგილი, სადაც ბავშვი ჩავარდა. შავი მდინარის
ვეებერთელა ზედაპირზე უამრავი მორევი ტრიალებდა. ამ ადგილას ბიევრის კალაპოტი ათი
ფუტის სისქის ტალახის ფენითაა დაფარული. ბავშვს დაღუპვა არ ასცდებოდა. შეუძლებელი
იყო მისი გადარჩენა. კვირა დილას, ასეთ დროს ყველა ისვენებდა, გარეთ არავინ იყო
გამოსული. ბიევრზე არ ჩანდა არც ნავი, არც მეთევზეები. არსად არავითარი ჭოკი, რომ
მყრალი მდინარის ფსკერი მომეჩხრიკა, ძეხორციელი არავინ ჭაჭანებდა იმ მიდამოში. აბა,
ვის გავუმხელდი ამ სამწუხარო შემთხვევას, ან ამ უბედურების საიდუმლოებას? იქნებ,
გოგონამ მამისთვის იძია შური? მისი ეჭვიანობა აუცილებლად ღვთის რისხვა იყო. მაგრამ
დედას რომ შევხედე, შევძრწუნდი. რა საშინელ დაკითხვას მოუწყობს მისი ქმარი, მისი
მუდმივი მსაჯული? მას კი გვერდით მოუსყიდველი მოწმე ჰყავს. ბავშვობისას ადამიანს შუბლი
გახსნილი აქვს, კანი გამჭირვალე. ტყუილი თვით მის თვალებსაც კი ცეცხლით ედება. უბედური
დედა ჯერ არ ფიქრობდა, რა წამება ელოდა სახლში. ის ბიევრს ჩაჰყურებდა
თვალგაშტერებული.

ასეთ მოვლენას შემაძრწუნებელი გავლენა უნდა მოეხდინა ქალის ცხოვრებაზე და ჩვენ


გიამბობთ მხოლოდ ერთ იმ საშინელ გამოძახილს, რომელიც დროდადრო ამღვრევდა
ჟიულიეტის სიყვარულს.

ამ ამბიდან ორი თუ სამი წლის შემდეგ, ერთ საღამოს, ნასადილევს მარკიზ დე


ვანდენესთან, რომელიც მაშინ მამაზე იყო მგლოვიარედ და მემკვიდრეობის საკითხს

113 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


აწესრიგებდა, ნოტარიუსი იჯდა. ეს არი იყო სტერნის 25 პერსონაჟის მსგავსი პატარა
ნოტარიუსი, არამედ ერთი ჩამრგვალებული და გაფუყული პარიზელი გახლდათ, ერთ-ერთი
ყველასაგან პატივცემული და ზომაზე მოსულელო კაცი, რომლებიც ტლანქად უფათურებენ
ხელს უჩინარ ჭრილობებს, მერე კი კითხულობენ, რატომ ისმის კვნესაო. თუ ამ ადამიანებმა
შემთხვევით გაიგეს, რატომ არის მათი სისულელე ესოდენ მომაკვდინებელი, აცხადებენ:
„ღმერთმანი, არაფერი ვიცოდი ამ საქმისაო“. ერთი სიტყვით, ეს ისეთი კეთილმოსურნე
რეგვენი იყო, რომელიც ცხოვრებაში ვერაფერს ხედავდა, გარდა „ნოტარიალური ოქმებისა“.
დიპლომატს გვერდით ეჯდა ქ-ნი დ’ეგლემონი. გენერალმა სადილის დამთავრებას არ
დაუცადა, გამოეთხოვა და თავისი ორი შვილი წარმოდგენაზე წაიყვანა ბულვარებზე ამბიგიუ-
კომიკში თუ გეტეში. თუმცა მელოდრამები მეტისმეტად აღაგზნებენ გრძნობებს, პარიზში მაინც
ფიქრობენ, რომ ეს მელოდრამები ბავშვებისთვის ადვილი გასაგებია და უვნებელი, რადგან
მათში ყოველთვის სათნოება ზეიმობს. გენერალი ისე წავიდა, რომ ჩაროზისთვის არ დაუცდია,
შვილები არ ასვენებდნენ, მაინც და მაინც ფარდის ახდამდე მიგვიყვანე თეატრშიო.

მშვიდი ნოტარიუსი კი სადილიდან მოყოლებული მილურსმულივით იჯდა სკამზე და


სრულიადაც არ დაინტერესებულა, რატომ არ გაჰყვა ქ-ნი დ’ეგლემონი თავის ქმარ-შვილს
თეატრში. გაჭიანურებულმა საუბარმა ჩაროზის მორთმევაც დააგვიანა და მსახურნი
აყოვნებდნენ ყავის შემოტანას. ყველა ამას, რა თქმა უნდა, ძვირფასი წუთები მიჰქონდა და
ლამაზი ქალი მოუთმენლობას ამჟღავნებდა. ის შეიძლება შეგვედარებინა ჯიშიანი ცხენისთვის,
რომელიც გაქცევის წინ მიწას ჩლიქებს ურტყამს. ნოტარიუსი კი ვერც ცხენებში ერკვეოდა,
ვერც ქალებში და ფიქრობდა, ეს მარკიზის მეუღლე მეტად ცოცხალი და მოძრავი ქალი
ყოფილაო. იგი დიდად კმაყოფილი იყო, რომ მაღალი საზოგადოების მანდილოსნისა და
ცნობილი პოლიტიკური მოღვაწის საზოგადოებაში იმყოფებოდა და ცდილობდა მათთვის
გონებამახვილობით მოეწონებინა თავი. მოთმინებიდან გამოსული მარკიზის მეუღლის
თვალთმაქცური ღიმილი მას მოწონების ნიშანი ეგონა და თავისას ფქვავდა. მასპინძელმა
და მისმა სტუმარმა მანდილოსანმა უკვე რამდენჯერმე მისცეს თავს ნება უპასუხოდ
დაეტოვებინათ ნოტარიუსი, როცა ის მათგან წაქეზებას ელოდა. ამ ახირებულ კაცს არ ესმოდა
მასპინძლების ფრიად მეტყველი დუმილის მნიშვნელობა და მოგიზგიზე ბუხარზე
თვალმიშტერებული ცდილობდა კიდევ რაიმე გასართობი ამბავი გაეხსენებინა. ბოლოს
დიპლომატმა საათი მოიშველა. მერე მარკიზის მეუღლემ ქუდი დაიხურა, ვითომდა წასვლას
ვაპირებო, მაგრამ აღარ ადგა წასასვლელად. ნოტარიუსი კი აღტაცებული იყო თავისი
საქციელით და სჯეროდა, მარკიზის მეუღლე იმიტომ არ იძვრის ადგილიდან, რომ ჩემმა

25 სტერნი, ლორენს (1713-1768) - ინგლისელიო მწერალ-სენტიმენტალისტი.

114 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


მონათხრობმა დააინტერესაო.

„ეს ქალბატონი აუცილებლად ჩემი კლიენტების რიცხვში მოხვდება“ — ფიქრობდა


ნოტარიუსი.

მარკიზის მეუღლე ფეხზე იდგა, გამწარებული ხელთათმანებს იცვამდა თითების


მტვრევით და მოუთმენლად შეჰყურებდა ხან მარკიზ დე ვანდენესს, რომელიც მის
სულწასულობას იზიარებდა, ხან ნოტარიუსს, რომელიც დიდხანს ტკეპნიდა ყოველ თავის
სახუმარო ამბავს. როგორც კი ეს ღირსეული პიროვნება გაჩუმდებოდა, მასპინძელი და მისი
სტუმარი ქალი ერთმანეთს შვებით გადახედავდნენ და ანიშნებდნენ: „ახლა კი გვეღირსება
მაგის წასვლაო“! მაგრამ ნურას უკაცრავად. ბოლოს ეს კოშმარი იმით დამთავრდა, რომ
შეყვარებულებს, ვისზეც ნოტარიუსი ისე მოქმედებდა, როგორც გველი ჩიტზე,
თავდაჭერილობამ უმტყუნა. იმ წუთში ნოტარიუსი მათ უამბობდა, თუ როგორი უღირსი
საშუალებებით გამდიდრდა იმ ხანად პატივში მყოფი საქმოსანი ვინმე დიუ ტიიე. სწორედ იმ
მომენტში, როცა ჭკუის კოლოფი ნოტარიუსი მათ დაწვრილებით აღუწერდა, როგორი
ბინძური ხერხებით ჩარხავდა დიუ ტიიე თავის საქმეებს, ვანდენესს შემოესმა რომ კედლის
საათმა ცხრა დარეკა. ის მიხვდა, ნოტარიუსი იმდენად ჩერჩეტი იყო, რომ შეიძლებოდა
სრულიად უბოდიშოდ გაებრაზებინა და ხელის მოძრაობით პირში გააწყვეტინა სიტყვა.

— ეს მაშა გნებავთ, ბატონო მარკიზო? — ჰკითხა ნოტარიუსმა და მაშა გაუწოდა.

— არა, ბატონო, იძულებული ვარ დაგემშვიდობოთ. ქალბატონ დ’ეგლემონს ბავშვებთან


წასვლა სურს თეატრში და მე პატივი მექნება თან წავყვე.

— აჰ, უკვე ცხრა საათი ყოფილა! როცა გულითადი ადამიანების საზოგადოებაში


იმყოფები, დრო ჩრდილივით გარბის, — თქვა ნოტარიუსმა, რომელიც მარტო თვითონ
ლაპარაკობდა მთელი საათის განმავლობაში. მან ქუდს ხელი დაავლო და ბუხართან დადგა.
თან სლოკინს ძლივს იმაგრებდა და ვერ ამჩნევდა მარკიზის მეუღლის შემმუსვრელ მზერას.

— ახლა კი, უპირველეს ყოვლისა, საქმეები, ჩვენი საქმეები შევაჯამოთ, ბატონო მარკიზო.
ხვალვე გავუგზავნოთ სასამართლოში გამოწვევა თქვენს ძმას და ჩვენი მოთხოვნილებები
წავუყენოთ. ჯერ აღწერას შევუდგეთ, მერე კი, ღმერთმანი...

ნოტარიუსი თავის კლიენტს განზრახვას ცუდად მიუხვდა და აპირებდა საქმე სწორედ


იმის საწინააღმდეგოდ წაეყვანა, რაც ვანდენესმა წეღან დაავალა. ვანდენესისათვის ეს

115 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


საკითხი საკმარისად საჩოთირო იყო და უნებურად მოუხდა ისევ სწორ გზაზე დაეყენებინა
უტვინო ნოტარიუსი. ამას მოჰყვა კამათი, რაც კიდევ რამდენიმე ხანს გაგრძელდა.

— ყური მიგდეთ, — უთხრა ბოლოს და ბოლოს დიპლომატმა, როცა ახალგაზრდა


ქალმა ნიშანი მისცა, — თავი გამიბრუვდა, ხვალ ცხრა საათზე მოდით ჩემს ვექილთან ერთად.

— მაგრამ, ბატონო მარკიზო, პატივი მაქვს თქვენი ყურადღება მივაქციო იმას, რომ ჩვენ
არ ვართ დარწმუნებული, დაგვიხვდება თუ არა ხვალ ბატონო დეროში, და თუ გამოძახება
სასამართლოში დღის თორმეტ საათამდე არ იქნა ჩაბარებული, ვადა გავა და მაშინ...

ამ დროს ეზოში ეტლი შემოვიდა. ბორბლების ხმაურის გაგონებაზე საცოდავმა ქალმა


სწრაფად იბრუნა პირი, რათა თვალებზე მომდგარი ცრემლები დაეფარა. მარკიზმა ზარი
დარეკა, რომ მსახურისთვის ეთქვა, მომსვლელს უთხარით, არ არის შინაო, მაგრამ გენერალი
თეატრიდან მოულოდნელად დაბრუნებულიყო და მსახურს შემოსვლა დაასწრო. მას ერთი
ხელით ტირილისაგან თვალებდაწითლებული გოგონა მოჰყავდა, მეორეთი გაჯავრებული,
გაბუტული ბიჭი.

— რა მოხდა? — ჰკითხა ქალმა ქმარს.

— მერე გიამბობთ, — მიუგო გენერალმა და მეზობელი ოთახისკენ გაემართა, რომლის


ღია კარიდან მაგიდაზე გაზეთებს მოჰკრა თვალი.

სასოწარკვეთილი მარკიზის მეუღლე უღონოდ დაეშვა დივანზე.

ნოტარიუსმა თავი ვალდებულად ჩათალა ბავშვებს მიალერსებოდა და ბიჭს


ენამოჩლექით ჰკითხა: — ერთი მითხარი, ჩემო ბიჭო, რა გაჩვენეს თეატრში?

— „ნიაღვრის ველი“ — ჩაიდუდუნა გუსტავმა.

— პატიოსნებას გეფიცებით, — შესძახა ნოტარიუსმა, — ეს ჩვენი მწერლები მთლად


გადაირივნენ! რატომ „ნიაღვრის ველი“ და არა „ველის ნიაღვარი,“ მაგალითად? ველზე
შეიძლება არც იყოს ნიაღვარი, ხოლო თუ „ველის ნიაღვარს“ იტყვი, მაშინ ავტორები
წარმოადგენენ რაღაც უფრო მკვეთრს, გარკვეულს, დამახასიათებელს, გასაგებს. მაგრამ ამას
თავი დავანებოთ. საინტერესოა, რანაირად შეიძლება დრამა გაიშალოს ნიაღვარში, ანდა
ველში? თქვენ შეგიძლიათ მიპასუხოთ, რომ ჩვენს დროში ამდაგვარი წარმოდგენები
მთლიანად დეკორაციებს ემყარება, ამ პიესის სახელწოდება კი სწორედ იმას გვეუბნება, რომ

116 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


აქ ჩინებული დეკორაციებია. თქვენ როგორღა მოგეწონათ ეს დეკორაციები, ჩემო პატარა
მეგობარო? განაგრძო ნოტარიუსმა და ბიჭს წინ დაუჯდა.

როცა ნოტარიუსი ლაპარაკობდა, არ მესმის, როგორ გაიშლება დრამა ნიაღვარშიო,


მარკიზის მეუღლის ქალიშვილმა შეუმჩნევლად პირი იბრუნდა და ტირილი დაიწყო. დედა
იმდენად ნაწყენი იყო, რომ შვილის ცრემლები არ შეუმჩნევია.

— ხო, დიახ, ბატონო, ძალიან მომეწონა, — მიუგო ბიჭმა. — პიესაში ერთი ძალიან
კარგი ბიჭი გვაჩვენეს, რომელიც სულ მარტო იყო ქვეყანაზე იმიტომ, რომ მის მამას არ
შეეძლო მისი მამა ყოფილიყო. ჰოდა, ერთხელ, როცა ხიდზე გადადიოდა, ამ დროს ერთმა
საძაგელმა შავტანისამოსიანმა წვერიანმა კაცმა ის ბიჭი წყალში გადააგდო. მაშინ ელენმა
ტირილი დაიწყო და ისე აზლუქუნდა, რომ დარბაზში ხალხმა ყვირილი დაგვიწყო. ამიტომ
მამაჩემმა საჩქაროდ წამოგვიყვანა...

ბატონი ვანდენესი და მარკიზის მეუღლე ადგილზე გაშეშდნენ. მათ ერთბაშად თითქოს


რაღაც საშინელმა სატკივარმა აზროვნებისა და მოქმედების უნარი წაართვა.

— გუსტავ, გაჩუმდი, გეთაყვა, — გამოსძახა გენერალმა ბიჭს, — მე ხომ აგიკრძალეთ


იმაზე ლაპარაკი, რაც თეატრში მოხდა. რატომ დაგავიწყდათ ჩემი დარიგება.

— მოწყალება მოიღეთ და აპატიეთ, თქვენო უმაღლესობავ, — წარმოთქვა ნოტარიუსმა,


— შევცდი, რომ ვკითხე, მაგრამ არ ვიცოდი, თუ ასეთ მნიშვნელობას აძლევდით...

— ეგ პასუხი სრულიადაც არ იყო საჭირო, — თქვა მამამ და შვილს ცივად შეხედა.

მამისა და ბავშვების მოულოდნელი უკან დაბრუნების მიზეზი გასაგები გახდა


დიპლომატისა და მარკიზის მეუღლისათვის. დედამ გოგონას შეხედა და როცა დაინახა, რომ
ტიროდა, წამოდგა მასთან მისასვლელად. მაგრამ უეცრად სახე საშინლად მოეღრიცა და
ზედ ისეთი სისასტიკე გამოეხატა, რომ ალბათ, ვერაფერი დააცხრობდა.

— გეყოფათ, ელენ, — უთხრა დედამ, — ბუდუარში გადით და თვალები შეიმშრალეთ.

— რა დააშავა ასეთი ამ პატარა ცუგრუმელამ? — იკითხა ნოტარიუსმა, რომელსაც


უნდოდა ვითომ დედის რისხვაც შეენელებინა და გოგონაც დაემშვიდებინა, — ასეთი ლამაზი
გოგონა უსათუოდ ჭკვიანიც იქნება. დარწმუნებული ვარ, ქალბატონო, მას თქვენთვის ბევრი
სიხარული მოაქვს, ასე არ არის, ჩემო გოგონი?

117 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


აცახცახებულმა ელენმა დედას შეხედა, თვალები შეიმშრალა, შეეცადა დამშვიდებულიყო
და ბუდუარში გავარდა.

— ეჭვი არ არის, — განაგრძობდა ლაქლაქს ნოტარიუსი, — თქვენ ისეთი კეთილი დედა


ხართ, ქალბატონო, ორივე შვილი ერთნაირად გეყვარებათ. ესეც არ იყოს, ისეთი სათნო
ადამიანი ხართ, რომ ერთ შვილს მეორის წინაშე იმ სავალალო უპირატესობას არ მისცემთ,
რისი დამღუპველი შედეგებიც, განსაკუთრებით ჩვენთვის, ნოტარიუსებისთვის ხდება აშკარა.
მთელი საზოგადოება ხომ ჩვენს ხელში გადის. ამიტომაც მოწმენი ვხდებით ვნების ყველაზე
შემზარავი სახეობისა, — ანგარებისა. ხან დედა ცდილობს მემკვიდრეობა წაართვას შვილებს
კანონიერი ქმრისგან იმ შვილების სასარგებლოდ, რომლებიც უფრო უყვარს, ქმარს კი ამ
დროს უნდა მთელი სიმდიდრე იმ შვილს გადასცეს, რომელიც დედას ეჯავრება. ჰოდა, იწყება
ბრძოლა, ერთმანეთის დაშინება, ყალბი საბუთები, საიდუმლო ოქმები, სიმულირებული
გაყიდვანი, ფიდეიკომისი 26. ერთი სიტყვით, საშინელი დავიდარაბა. პატიოსნებას გეფიცებით,
პირდაპირ შემზარავი საქმეები ხდება ამ დროს. ხან კაცები ანიავებენ ქონებას და შვილებს
დედის მემკვიდრეობის გარეშე სტოვებენ, ვინაიდან ცოლებს მათს ქონებას ჰპარავენ... დიახ,
სწორედ ჰპარავენ. წეღან აქ დრამაზე ვლაპარაკობდით. აჰ, გარწმუნებთ, ჩვენ რომ
შეგვეძლოს ზოგიერთი ნაჩუქრობის ქაღალდის საიდუმლო გავხსნათ, ჩვენს მწერლებს
შესაძლებლობა მიეცემოდათ გულშემზარავი ტრაგედიები შეექმნათ ბურჟუაზიული
საზოგადოების ცხოვრებიდან. ვერაფერი გამიგია, რა ასეთი ძალაუფლება უპყრია ქალს, რომ
რასაც უნდა, იმას აკეთებს. უპირატესობა მუდამ ქალის მხარეზეა, თუმცა გარეგნულად ვითომ
სუსტნი არიან. მე კი, მაგალითად, მე ვერასოდეს გამაცურებენ. არ შეიძლება არ მივხვდე, რა
მიზეზი იმალება ასეთ მიკერძოებაში, რასაც საზოგადოებაში, სრულიად ვერ გამოიცნობენ
ხოლმე ზრდილობის გამო. ქმრები კი, მათდა სასახელოდ უნდა ითქვას, ვერასოდეს ვერაფერს
ხვდებიან. თქვენ მიპასუხებთ, რომ არსებობს გულმიდრეკილება, რაც... ელენე და მამამისი
ბუდუარიდან სასტუმრო ოთახში გასულიყვნენ, გოგონა ისეთი გულისყურით უსმენდა
ნოტარიუსს, რომ ყველაფერს კარგად მიხვდა. დედას შიშით შეხედა, რადგან ბავშვური
ინსტინქტით გრძნობდა, რომ ეს მოვლენა გააორკეცებდა სიმკაცრეს, რითაც მას
ეპყრობოდნენ. მარკიზის მეუღლე გაფითრდა და შიშით ანიშნა ვანდენესს ქმარზე, რომლიც
ხალიჩის ყვავილებს ჩასჩერებოდა დაფიქრებული. მაშინ დიპლომატმა, მიუხედავად დიდი
თავდაჭერილობისა, ვეღარ მოითმინა და გაშმაგებულმა ნოტარიუსს თვალები დაუბრიალა.

26 ფიდეიკომისი - ანდერძი, რისი საშუალებითაც მემკვიდრეს უფლება ეძლევა მხოლოდ დროებით ისარგებლოს ქონებით, ხოლო
შემდგომში მემკვიდრეობა მესამე პირს უნდა გადასცეს.

118 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


— აქ მობრძანდით, ბატონო, — უთხრა და სწრაფად მეზობელი ოთახისკენ გაემართა.

ნოტარიუსს სიტყვა შუაზე გაუწყდა, დადუმდა და შეცბუნებული უკან გაჰყვა სახლის


პატრონს.

— მოწყალეო ხელმწიფევ, — მიმართა გაჯავრებულმა მარკიზ დე ვანდენესმა და რაც


შეიძლება მაგრად მიიჯახუნა სასტუმრო ოთახის კარი, სადაც ცოლ-ქმარი ისხდნენ, —
სადილიდან მოყოლებული ერთთავად სისულელეებს სჩადიხართ და უაზრო ამბებს როშავთ.
თუ ღმერთი გწამთ, აქედან წადით, თორემ რაიმე უსიამოვნებას შეგვამთხვევთ. შეიძლება
კარგი ნოტარიუსი ბრძანდებით, მაგრამ ეგ იქ გამოგადგებათ, საკუთარ კანტორაში. ხოლო,
თუ კიდევ საზოგადოებაში ყოფნის შემთხვევა მოგეცათ, ეცადეთ უფრო წინდახედულად
ილაპარაკოთ.

ამ სიტყვების შემდეგ დე ვანდენესი ნოტარიუსს არც კი გამოსთხოვებია, უკან შებრუნდა


სასტუმრო დარბაზში, თავზარდაცემული ნოტარიუსი ერთხანს გაშეშებული იდგა, ვერ გაეგო,
რა ხდებოდა. როცა ყურებში ხმაური დაუცხრა, შეესმა, თითქოს სასტუმრო ოთახში ვიღაც
კვნესოდა, რაღაც ფაციფუცი იდგა, და ვიღაც მოუთმენლად ზარის ზონრებს ეწეოდა. კაცს
შეეშინდა, კიდევ არ მოვედო თვალში მარკიზსო, კარისკენ მოკურცხლა და კიბეზე დაეშვა.
შემოსასვლელში მსახურთ შეეფეთა, სახლის პატრონის დაძახებაზე რომ გარბოდნენ.

„აი, ასეთნი ბრძანდებიან დიდი ბატონები, — გაიფიქრა მან ბოლოს, როცა ქუჩაში გავიდა
და ეტლს დაუწყო ძებნა, — ლაპარაკში ჩაგითრევენ, ქათინაურებით წაგაქეზებენ, შენც
გეგონება, გავართეო, — მაგრამ თურმე, ნურას უკაცრავად! ბოლოს უტიფრად მოგექცევიან,
ახლოს არ გაგიკარებენ და შეიძლება უპატიჟოდ კარშიც გაგაბრძანონ. კი მაგრამ, მე მგონია,
ჭკვიანურად ვლაპარაკობდი. ისეთი არაფერი დამცდენია გონივრული, წინდახედული და
მართებული არ ყოფილიყო.

წინდახედული იყავიო, ბრძანა, — ვფიცავ ღმერთს, წინდახედულება არასოდეს მკლებია.


ბოლოს და ბოლოს ნოტარიუსი ვარ და ჩვენი კოლეგიის წევრი. ნეტავი, გამაგებინა, რას
მიედ-მოედება ეს ხუშტურიანი ელჩი! ამ ბატონებს ხომ წმინდა არაფერი აქვთ. ხვალ კეთილ
ინებოს და ამიხსნას, რა სისულელეები ჩავიდინე, ან რას ვჩმახავდი დღეს იქ. უსათუოდ
მოვთხოვ ახსნა-განმარტებას, ესე იგი, აუცილებლად ვათქმევინებ, რაშია საქმე, რა არ
მოეწონა. ისე კი, კაცმა რომ თქვას, იქნებ კიდევაც ვტყუი რამეში... ეე, სულ ტყუილად ვიმტვრევ
თავს! ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ! რა მენაღვლება მაგათი საქმეები!

119 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


ნოტარიუსი შინ დაბრუნდა და ცოლს თავსატეხი ამოცანა გაუჩინა, როცა იმ საღამოს
მომხდარი ამბავი დაწვრილებით უამბო.

— ძვირფასო კროტა, მისი უმაღლესობა სავსებით მართალი იყო, როცა გითხრა,


სისულელეებს სჩადიხარ და აბდაუბდას ჩმახავო.

— ვითომ რატომ?

— ჩემო კარგო, კიდევაც რომ აგიხსნა, ვერაფერს გაიგებ და ხვალ ისევ შენსას მოჰყვები.
მუდამ მითქვამს და ახლაც გირჩევ, საზოგადოებაში მხოლოდ საქმეებზე ილაპარაკო.

— თუ თქმა არ გინდა, ნურც მეტყვი, ხვალ გამოვარკვევ ყველაფერს...

— ღმერთო ჩემო, ასეთ რამეებს რეგვენებიც კი მალავენ. ტყუილად ფიქრობ, ელჩი


ყველაფერს დაგიფქვავს დაწვრილებით! ეჰ, კროტა, ეგრე რამ გამოგაშტერა, შე კაი კაცო!

— დიდ მადლობას მოგახსენებ, ძვირფასო!

V. ორი შეხვედრა

ნაპოლეონის ყოფილი ადიუტანტი, რომელსაც ჩვენ უბრალოდ მარკიზს ან გენერალს


დავარქმევთ, და რომელმაც რესტავრაციის დროს დიდძალი ქონება შეიძინა, შობის
დღესასწაულის გასატარებლად ვერსალში ჩავიდა თავის სააგარაკო სახლში. ეს სახლი
ეკლესიასა და მონასტერის საგუშაგოს შუა მდებარეობს სენ-კლუს ქუჩისკენ მიმავალ გზაზე.
მეფის კარზე სამსახური გენერალს უფლებას არ აძლევდა პარიზს ძალიან დაშორებოდა.

სახლი ერთ დროს რომელიღაც დიდი თანამდებობის კაცის ხანმოკლე სამიჯნურო


თავგადასავლებისთვის აეშენებინათ, მას გარშემო ვრცელი ადგილ-მამული ჰქონდა და დიდი
ბაღის შუაგულში იდგა. სახლი მარჯვნიდან და მარცხნიდან ერთნაირად იყო დაშორებული
მონტრეის პირველ სახლებს და საგუშაგოს მეზობლად მდებარე ქოხმახებს. ამის გამო
აგარაკის პატრონები არ იყვნენ ძალიან განმარტოებულნი, სამაგიეროდ ქალაქიდან ორ
ნაბიჯზე სოფლური მყუდროებით ტკბებოდნენ. ვიღაცის ახირების გამო სახლის ფასადი და
შესასვლელი პირდაპირ გზაზე გამოდიოდა, რომელიც ძველად არ უნდა ყოფილიყო
ხალხმრავალი. ეს ვარაუდი სავსებით შესაძლებლად წარმოგვიდგება, თუ გავიხსენებთ, რომ
ეს გზა მთავრდება მშვენიერ პატარა სასახლესთან, რომელიც ლუი XV-ემ მადმუაზელ დე

120 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


რომანისთვის ააგებინა, და რომ ცნობისმოყვარენი, ვიდრე ამ შენობასთან მივიდოდნენ, აქა-
იქ თვალს მოჰკრავდნენ რამდენიმე სამორინე სახლს, რომელთა ინტერიერი და
მოწყობილობა მოწმობს, რაოდენ ჭკვიანურად ღრეობდნენ ჩვენი წინაპრები, რომლებიც
მიუხედავად აღვირახსნილი ცხოვრებისა, რასაც მათ გამუდმებით ვუკიჟინებთ, მაინც იცავდნენ
ერთგვარ საიდუმლოებას და განმარტოებული ცხოვრებისკენ ისწრაფოდნენ.

ზამთრის ერთ საღამოს მარკიზსა და მის ცოლ-შვილს სასტუმრო ოთახში მოეყარა თავი.
მსახურნი პატრონებს შინიდან გაეშვათ, რადგან ერთი მათგანი ვერსალში ქორწილს იხდიდა,
მათ გადაწყვიტეს საშობაო უქმეები და თანაც ქორწილი ისეთი მიზეზია, ბატონები დაგვიანებას
გვაპატიებენო და ქეიფს უფრო მეტი დრო მოანდომეს, ვიდრე სახლის განაწესი მათ ამის
უფლებას აძლევდა. გენერალი ისეთ კაცად იყო ცნობილი, რომელიც თავის სიტყვას მუდამ
უზადო პატიოსნებით ასრულებდა და როცა დაბრუნების დრო გავიდა, ურჩ შინაყმათ
სინდისის ქენჯნა დაეწყოთ. საათმა უკვე თერთმეტი დარეკა და ჯერ ერთი მსახურიც კი არ
იყო დაბრუნებული. გარშემო ღრმა დუმილი იყო ჩამომდგარი. დროდადრო ხეთა მუქ
ტოტებში ქარი სტვენდა, სახლის გარშემო ღმუოდა და გრძელ დერეფნებში იჭრებოდა. ყინვას
ისე გაეკრიალებია ჰაერი, გაემაგრებინა მიწა და გაეყინა ქვაფენილი, რომ ყოველი უმცირესი
ხმაურიც კი რაღაცნაირად მშრალად წკრიალებდა, — ეს იმგვარი მოვლენაა, რომელსაც
მუდამ განცვიფრებაში მოვყავართ. დაგვიანებული მოქეიფის მძიმე ნაბიჯები, ან პარიზისკენ
მიმავალი ეტლის ბორბლების ხმა მკვეთრად გაისმოდა შორიდანვე, ჩვეულებრივზე უფრო
შორიდან. როცა უეცრად ქარი დაუბერავდა, ეზოს ფილაქანზე დატრიალებული ხმელი
ფოთლები ისე შრიალებდნენ, თითქოს უნდოდათ ღამის სიჩუმე აემღერებინათ. ერთი სიტყვით,
ეს ზამთრის ერთ-ერთი ის სუსხიანი ღამე იყო, რომელიც ჩვენს ეგოიზმში უნაყოფო
თანაგრძნობას იწვევს მიუსაფარი ღარიბ-ღატაკისა და მოგზაურის მიმართ, ხოლო ჩვენი
საკუთარი კერის სითბოს ესოდენ სანეტაროს ხდის. მაგრამ ამ დროს სასტუმრო ოთახში
თავმოყრილ ოჯახს აღარ აწუხებდა არც მსახურთა დაგვიანება, არც უსახლ-კარ ღარიბ-
ღატაკნი, არც პოეზიის სხივით გაკაშკაშებული მწუხრი ზამთრისა. ყოველგვარი უადგილო
ფილოსოფიური მსჯელობის გარეშე მამაც მეომარს მინდობილი მისი ცოლ-შვილი ოჯახური
სიმყუდროვით წარმოქმნილ იმ სიამოვნებას ეძლეოდნენ, როცა გრძნობები შეზღუდული არ
არის, როცა ერთმანეთისადმი ერთგულება და გულწრფელობა საუბარს, მზერასა და
თამაშებს აცხოველებს.

გენერალი იჯდა, უკეთ რომ ვთქვათ, ჩაფლული იყო ერთ მაღალ, ფართო სავარძელში
ბუხრის კუთხესთან. ბუხრის მოგიზგიზე ცეცხლი გარშემო ცხოველმყოფელ სითბოს
ავრცელებდა, რაც იმას მოასწავებდა, რომ გარეთ ძალიან ციოდა. ოჯახის პატივცემული მამა,
121 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE
ოდნავ თავდახრილი და სავარძლის ზურგზე გადაწოლილი, იმ დაუდევარ პოზაში
გაშეშებულიყო, რაც უშფოთველ სიმშვიდესა და ბედნიერების სრულ სიტკბოებაზე
მეტყველებს. სავარძლიდან უსიცოცხლოდ ჩამოეყარა ხელები, სახეზე კი სრული ნეტარება
ეწერა. ის შესციცინებდა ყველაზე უმცროს შვილს, ხუთი წლის ბიჭუნას, რომელსაც
ტანისამოსის გახდა არ უნდოდა და ნახევრად შიშველი გაურბოდა ღამის პერანგსა და ჩაჩს,
დედა რომ დროდადრო აწვდიდა. ბავშვს ყელზე მოქარგული საყელოღა შერჩენოდა და
როცა დედა ეძახდა, სიცილით იგუდებოდა, მით უმეტეს, რომ ხედავდა, როგორ იცინოდა
დედა მის ბავშვურ ოინბაზობაზე. ბიჭუნა ისევ და ისევ თამაშს იწყებდა დასთან, მასავით
გულუბრყვილო ბავშვთან, რომელიც მასზე მკაფიოდ გამოთქვამდა სიტყვებს, მაშინ, როცა
ბიჭის გაურკვეველ წინადადებებსა და ბუნდოვან აზრებს მისი მშობლები ძლივს ხვდებოდნენ.
ბიჭზე ორი წლით უფროსი მისი და მოინა ეშმაკობით უკვე პატარა ქალს ჰგავდა და ბიჭუნაც
თავის დის ოინებზე გულიანად კისკისებდა. ეს, ერთი შეხედვით უმიზეზო ბავშვური სიცილი
შუშხუნების სკდომის ხმას მოგაგონებდათ. მშობლები შეჰყურებდნენ, როგორ ანცობდნენ
ბავშვები ბუხართან. მათ ჯერ არ იცოდნენ, რა არის სირცხვილი და მოურიდებლად აჩენდნენ
თავიანთ ფუნჩულა სხეულებს, კოხტა, ვარდისფერ ნაკვთებს. მშობლები ხედავდნენ, როგორ
ირეოდა ერთმანეთში შავი და ოქროსფერი კულულები, როგორ ეჯახებოდნენ ერთმანეთს
ლოყები, სადაც საამო ფოსოები ჩაჩვრეტოდათ. მამაც და მეტადრე დედა, ღრმად
სწვდებოდნენ მათ პატარა სულებს და უკვე კარგად ესმოდათ მათი ხასიათი და
მიდრეკილებანი: ორი პატარა ანგელოზის წყლიანი თვალების ელვარება, აწითლებული
ლოყები, თეთრ-ყირმიზი სახის ფერი იმდენად მკაფიოდ ანათებდა, რომ ხავერდოვანი
ხალიჩის ყვავილებს თავიანთი ბრწყინვალება დაეკარგათ. ბავშვები უშიშრად ეცემოდნენ,
კოტრიალობდნენ, ჭიდაობდნენ, ძიძგილაობდნენ. ქმრის პირდაპირ, ბუხრის მეორე კუთხესთან
პატარა დივანზე მჯდარ დედას ხელში წითელი ფეხსაცმელი ეჭირა, ხოლო გარშემო მიყრილ-
მოყრილი ტანსაცმელი მოწმობდა, რომ დაბნეული ქალი ვერაფერს ახერხებდა შვილების
დასაოკებლად. დედა სისასტიკის გამოჩენას ვერ ბედავდა და ტუჩებზე ალერსიანი ღიმილი
დასთამაშებდა. დაახლოებით ოცდათექვსმეტ წელს მიღწეულ ქალს სახის ნაკვთთა იშვიათი
სრულყოფის წყალობით ჯერ ისევ შერჩენოდა სილამაზე, ხოლო სითბოს, ოთახის განათებასა
და ბედნიერების გრძნობას ზებუნებრივი ბრწყინვალება მიემატებინა მისი სილამაზისათვის.
ქალი დროდადრო ქმარს მოალერსე თვალებით გადახედავდა. ხანდახან მათი თვალები
ხვდებოდა და უსიტყვოდ უზიარებდნენ ერთმანეთს სიხარულსა და ფარულ აზრებს. გენერალს
სახე მზისგან ჰქონდა შერუჯული. ფართო და მაღალ შუბლზე რამდენიმე ჭაღარა ზილფი
ჩამოშლოდა. ცისფერი თვალების ვაჟკაცური ელვარება, სიმამაცე, რასაც მისი დამჭკნარი
სახის ყოველი ნაკვთი მეტყველებდა, მოწმობდა, რომ ორდენის ლენტი, მისი სერთუკის კილოს

122 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


რომ ალისფრად ანათებდა, მძიმე შრომის ფასად ჰქონდა შეძენილი. ამ წუთებში ბავშვების
მიამიტი მხიარულება მის მკაცრსა და შეუდრეკელ სახეზე ირეკლებოდა და გამოუთქმელი
კმაყოფილებით ათბობდა. ეს ძველი მეომარი ახლა მისდაუნებურად თვითონაც ბავშვად
გადაქცეულიყო. განა ჯარიკაცებს, ვისაც დიდი ჭირ-ვარამი აქვთ გადატანილი, სწორედ
იმისთვის არ უყვართ ბავშვები, რომ კარგად ესმით, რაოდენ საცოდავია ძლიერება და რა
დიდი უპირატესობა აქვს სისუსტეს? ცოტა მოშორებით, მრგვალ მაგიდას ანათებდა
ჩამოკიდებული ლამპა, რომლის კაშკაშა სინათლე ბუხრის თავზე მოთავსებულ სანთელთა
მკრთალ შუქს ექიშპებოდა. მაგიდას ცამეტიოდე წლის ბიჭი უჯდა და უზარმაზარი წიგნის
ფურცლებს სწორად შლიდა. პატარა და-ძმის ყვირილი თითქოს სრულიად არ უშლიდა ხელს,
სახეზე ახალგაზრდული ცნობისმოყვარეობა ესახებოდა. ბიჭის სრულს თავდავიწყებას
ამართლებდა „ათას ერთი ღამის“ მიმზიდველი საოცრებანი და ლიცეუმის მოსწავლის
მუნდირი. ის გაუნძრევლად იჯდა დაფიქრებული, იდაყვი მაგიდაზე ჩამოედო, თავი ხელზე
დაეყრდნო, ხოლო თეთრი თითები მუქწაბლისფერ თმაში გაეყარა. ლამპის შუქი სახეზე
შვეულად ეცემოდა, მისი ტანი კი სიბნელეში იძირებოდა. ეს სურათი მოგვაგონებდა
რაფაელის ჩამუქებულ ავტოპორტრეტებს, სადაც დახრილი დაძაბულად ოცნებობს
მომავალზე. მაგიდასა და მარკიზის მეუღლის დივანს შორის ქარგაზე დახრილი იჯდა მაღალ-
მაღალი ლამაზი სახის ქალიშვილი და ხან დაბლა დახრიდა თავს, ხან ისევ მაღლა ასწევდა.
მისი ოსტატურად დავარცხნილი ყორნისფერი თმა ალის შუქზე ბზინავდა. მარტო ელენი
ღირდა საყურებლად, მისი სილამაზე იშვიათი სიუხვითა და სიკოხტავით გამოირჩეოდა. თავზე
შემოხვეული თმა ისე ჰქონდა გაფუებული, რომ არავითარ სავარცხელს არ ემორჩილებოდა
და კულულებად ეყარა კეფაზე. ლამაზად გადაკალმული ხშირი წარბები უფრო
თვალსაჩინოდ გამოკვეთავდნენ მის სპეტაკ შუბლს. ზემო ტუჩზე ოდნავ შეამჩნევდით ღინღლს,
— ნიშანს ძლიერი ნებისყოფისა. სრულქმნილი იყო მისი ბერძნული ცხვირის ნატიფი
მოხაზულობა. მაგრამ მომხიბლავად მრგვალი ნაკვთები, სიწრფელით გამსჭვალული
სხეულის ყოველი ნაწილი, ფაქიზი სახის კანის გამჭვირვალება, ბაგის ვნებიანი სისათუთე,
სრულყოფილი სახის ოვალი და განსაკუთრებით უმწიკვლო გამოხედვის სიწმინდე მის
მძლავრ სილამაზეს, ქალურ მშვენიერებასა და იმ დამატყვევებელ უბრალოებას ანიჭებდა,
რასაც ჩვენ ამ მშვიდობისა და სიყვარულის ანგელოზებისგან მოვითხოვთ. არავითარი
სისუსტე არ იგრძნობოდა ამ ქალიშვილში. მისი გული უთუოდ ისეთივე უწყინარი იყო, ისეთივე
ძლიერი, როგორც მისი მშვენიერი სხეულის პროპორციები და ეშხიანი სახის მიმზიდველობა.
ისიც დუმდა თავისი ლიცეის მსმენელი ძმის მსგავსად და თითქოს იმ საბედისწერო
ქალიშვილური ოცნების ტყვეობაში იმყოფებოდა, რაც ხშირად არა მარტო დამკვირვებელი
მამის, არამედ თვით ფრიად გამჭრიახი დედის თვალებსაც კი ეპარება. ამიტომ შეუძლებელი

123 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


იყო გაგება შუქის თამაშს მიეწერებოდა თუ იდუმალ მღელვარებას ის ცვალებადი ჩრდილები,
მის სახეზე რომ ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, როგორც მოწმენდილ ცაზე მსუბუქი ღრუბლები.

ამ წუთში ცოლ-ქმარს მთლად დავიწყებოდა ორი უფროსი შვილი. მაგრამ გენერალმა


რამდენჯერმე გამომცდელად შეავლო თვალი მუნჯ სცენას მეორე პლანზე, რომელიც იმ
ბავშვურ თამაშებში მოფრიალე იმედთა შესანიშნავ განხორციელებას წარმოადგენდა, ამ
ოჯახური სურათის წინა პლანზე რომ ხდებოდა. ყველა ეს ფიგურები ადამიანურ ცხოვრებას
მის შეუმჩნეველ თანდათანობაში ასახავდნენ და თითქოს რაღაც ცოცხალ პოემას
წარმოადგენდნენ. ფუფუნებით გაწყობილი დარბაზი, სხვა და სხვა პოზაში მჯდომი ადამიანები,
მათი ტანისამოსის ლამაზად შეხამებული ფერად-ფერადი ქსოვილები, ასაკითა და ნაკვთებით
ესოდენ განსხვავებული სახეები, განათებით უფრო მკვეთრად გამოკვეთილნი, — ყველაფერი
ამ ცოცხალ სურათს იმ მდიდარ საღებავებს სძენდა, რასაც ჩვენ მოქანდაკისა, მხატვრისა და
მწერლისაგან მოვითხოვთ. დაბოლოს, სიჩუმე, ზამთარი, განმარტოება და ღამე თავიანთ
სიდიადეს ანიჭებდნენ ამ ისედაც დიდებულ, გულწრფელ კომპოზიციას, თვით ბუნების
შესანიშნავ ნაწარმოებს. ოჯახური ცხოვრება სავსეა იმ წმიდათაწმიდა წუთებით, რომელთა
გამოუცნობი მომხიბლაობა უკეთესი სამყაროს ბუნდოვან მოგონებებს უნდა უმადლოდეს.
უეჭველია, ამგვარი ოჯახური სურათები ციური სხივებით არიან გაშუქებული, თითქოს
ადამიანისთვის დიდი ჭირ-ვარამის გასამრჯელოდ არიან გამოგზავნილი ცხოვრებასთან
შეგუების მიზნით. და ჩვენ გვეჩვენება, რომ მთელი სამყარო აქვეა, ჩვენს წინაშე. ის ჯადოსნური
სახით ვლინება, თავისი უდიდესი წესრიგის კანონებს ამყარებს, საზოგადოებრივი ცხოვრება
კი მომავალზე ღაღადით მისივე კანონის დამცველად გამოდის.

და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ელენი მგრძნობიარე თვალებით შეჰყურებდა აბელსა


და მოინას, როცა მათი კისკისი ისმოდა, მიუხედავად მის გაცისკროვნებულ სახეზე აღბეჭდილი
ბედნიერი გამომეტყველებისა, როცა თავის მამას შეავლებდა ხოლმე თვალს, — უღრმესი
სევდა გრძნობისა ყველა მის მიხრა-მოხრაში, მთელ მის გარეგნობასა და განსაკუთრებით
ხშირი წამწამებით შებურვილ თვალებში. ქალიშვილის თეთრ, ღონიერ ხელებს, ისეთი
გამჭვირვალე კანი ჰქონდა, რომ მათში თითქოს შუქი გადიოდა და ოდნავ შესამჩნევად
ავარდისფერებდა. მას ხელები უცახცახებდა. მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს
უცაბედად მისი და მარკიზის მეუღლის თვალები, და ერთმანეთს მიუხვდნენ. პატივისცემას
გამოხატავდა ელენის ცივი, ჩამქრალი გამოხედვა, — კუშტი და მუქარის გამომხატველი იყო
დედისა. ელენმა საჩქაროდ ქარგაზე დახარა თავი და ისე სწრაფად აამუშავა ნემსი, რომ
დიდხანს აღარ აუხედია. გეგონებოდათ, თავი ისე დაუმძიმდა, ვეღარ იჭერსო. იქნებ დედა
მეტისმეტად სასტიკი იყო მისდამი და აუცილებლად თვლიდა ასეთ სისასტიკეს? იქნებ, დედას
124 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE
შურდა ელენის სილამაზე, რომელთანაც ჯერ კიდევ შეეძლო მეტოქეობა, თუმცა მხოლოდ
განსაკუთრებული ჩაცმულობის წყალობით? ან იქნებ ქალიშვილმა გამოიცნო, — როგორც ეს
მაშინ ხდება, როცა ქალიშვილებს განჭვრეტის უნარი უჩნდებათ, — დედის საიდუმლოებანი,
რომელიც გარეგნულად ესოდენ რელიგიურად ერთგული იყო თავისი მოვალეობებისა და
ფიქრობდა ეს საიდუმლოებანი ისე ღრმად მაქვს გულში ჩამარხული, როგორც სამარეშიო.

ელენმა ისეთ ასაკს მიაღწია, როცა ზნეობრივი სისპეტაკე თავისი თავისადმი მკაცრ
მომთხოვნელობას წარმოშობს და შორდება იმ საზღვრებს, სადაც გრძნობები უნდა
იმყოფებოდნენ. ზოგიერთი ადამიანის თვალში საკუთარი შეცდომები ბოროტმოქმედების
სახეს იღებს. მაშინ გონებაზე ფანტაზია მოქმედებს. ასეთ შემთხვევაში ქალიშვილები ხშირად
აზვიადებენ ყველაფერს და მძიმე სასჯელს ელიან თავიანთი საქციელისათვის, იმისდა
მიხედვით, თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მას. ელენი, ალბათ, ფიქრობდა, რომ ის არც
ერთი ადამიანის ღირსი არ არის ქვეყანაზე. მისი შინაგანი ცხოვრების საიდუმლოება,
შესაძლებელია, უბედური შემთხვევა, თავდაპირველად შეუცნობელი და მის მიერ მხოლოდ
მოგვიანებით გაგებული, მისი საოცრად შთაბეჭდილებიანი ბუნებისა და რელიგიური აზრების
გავლენის წყალობით, ამ ბოლო დროს რაღაც დაქვეითებულ რომანტიკულ გრძნობას
უნერგავდა. ეს ცვლილება ქცევაში მას შემდეგ დაეწყო, როცა უცხოური პიესების კრებულში
შილერის საუცხოო ტრაგედიის „ვილჰელმ ტელის“ ახალი თარგმანი წაიკითხა. ელენმა წიგნი
ძირს დააგდო. მარკიზის მეუღლემ დატუქსა ამის გამო, მაგრამ ის კი შეამჩნია, რაოდენ
ამაღელვებელი შთაბეჭდილება მოახდინა შვილზე სწორედ იმ სცენამ, სადაც პოეტმა
ერთგვარი მსგავსება დაამყარა ვილჰელმ ტელსა, რომელიც ხალხის გადარჩენისათვის კაცის
სისხლს დაღვრის, და იოანე მამისმკვლელს შორის. ელენე მოკრძალებული, ღვთისმოშიში,
გულჩათხრობილი გახდა და მთლად აიკვეთა მეჯლისებზე სიარული. არასოდეს ყოფილა
ასეთი ალერსიანი მამასთან, მეტადრე მაშინ ეალერსებოდა ძალიან, როცა მარკიზის მეუღლე
არ ესწრებოდა მათ ლაქუცს. თუმცა ელენს დედისადმი სიყვარული გაუგრილდა, მაგრამ ეს
თითქმის შეუმჩნეველი იყო და მარკიზიც ალბათ, ვერაფერს ამჩნევდა; ის საერთოდ დიდი
მონდომებით იცავდა თანხმობას ოჯახის წევრებს შორის. არავითარ ადამიანურ თვალს არ
შეუძლია ჩააღწიოს ამ ორი ქალის გულის სიღრმეში, ერთის — ახალგაზრდისა და
დიდსულოვანის, მეორის — მგრძნობიარისა და ამაყის. პირველი იყო საუნჯე
შემწყნარებლობისა, მეორე — გრძნობებისა და ვნებების საწყაული. თუ დედა თავის
ქალიშვილს გულს სტკენდა ქალური ცბიერებით და დესპოტიზმით, ეს მხოლოდ მსხვერპლის
თვალებში იყო საგრძნობი. მაგრამ მარტოოდენ შემთხვევას შეეძლო გამოემჟღავნებინა ეს
ამოუხსნელი ვარაუდები. იმ საღამომდე ვერაფერმა ახადა ნიღაბი ამ ორი ქალის სულს.

125 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


თუმცა ეჭვი არ იყო, მათსა და ღმერთს შორის რაღაც ავბედითი საიდუმლო არსებობდა.

— კარგი, გეყოფა, აბელ! — შეჰყვირა მარკიზის მეუღლემ, როცა დაინახა, რომ


დაღლილი მოინა და მისი ძმა მიჩუმდნენ, — აბა, წამოდით, ჩემო ბიჭო, უკვე ძილის დროა...

ბავშვს მკაცრად შეხედა და კალთაში ჩაისვა.

— ხედავთ, უკვე თორმეტის ნახევარია და ჯერ არც ერთი მსახური არ დაბრუნებულა.


დამიხედეთ, იმ ლოთი-ფოთებს! — შენიშნა გენერალმა. — გუსტავ, — მიუბრუნდა ვაჟიშვილს,
— ეგ წიგნი იმ პირობით მოგეცი, რომ ათ საათზე კითხვა უნდა შეგეწყვიტა. ხომ დამპირდი
დანიშნულ დროზე მე თვითონვე დავხურავ და დასაძინებლად წავალო? იცი, შვილო, თუ
გინდა ღირსეული ადამიანი იყო, მიცემული სიტყვა წმიდათაწმიდა უნდა იყოს შენთვის და
ვალდებული ხარ ისე დაიცვა, როგორც საკუთარი პატიოსნება. ფოქსი, ერთ-ერთი ცნობილი
ინგლისელი ორატორი, განსაკუთრებით გამოირჩეოდა ხასიათის შესანიშნავი თვისებებით.
მისი მთავარი ღირსება იმაში მდგომარეობდა, რომ დაკისრებულ ვალდებულებას
აუცილებლად შეასრულებდა. ბავშვობაში მამამისმა, ძველი ყაიდის ინგლისელმა საკმაოდ
მკაცრი გაკვეთილი მისცა, რამაც ბავშვზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ფოქსი, როცა
სწორედ შენი ხნისა იყო, არდადეგებზე შინ ბრუნდებოდა მამასთან, ვისაც ყველა მდიდარი
ინგლისელის მსგავსად თავისი სასახლის გარშემო საკმარისად ვრცელი პარკი ჰქონდა.
პარკში ერთი ძველთაძველი ფანჩატური იდგა, რომელიც უნდა დაენგრიათ და იქ
გადაეტანათ, საიდანაც ლამაზი ხედი იშლებოდა. ბავშვებს ყოველთვის უყვართ ყურება,
როგორ ანგრევენ რამეს. პატარა ფოქსმა მოინდომა რამდენიმე დღით გაეგრძელებინა
არდადეგები, რომ ფანჩატურის დანგრევას დასწრებოდა. მაგრამ მამამ მოინდომა სწავლის
დაწყებისთანავე, დანიშნულ დღეს კოლეჯში გამოცხადებულიყო. ამაზე მამას და შვილს ჩხუბი
მოუვიდათ. დედამ, როგორც საერთოდ ყველა დედებს სჩვევიათ, შვილს დაუჭირა მხარი.
მაშინ მამა დიდის ამბით შეჰპირდა შვილს, ფანჩატურის გადატანას მომავალ არდადეგებამდე
გადავდებო. ბიჭი კოლეჯში დაბრუნდა. მამამ იფიქრა, სწავლაში გართულ ბიჭს ალბათ
გადაავიწყდა კიდეც ეს ყველაფერიო, ფანჩატური დააშლევინა და სხვა ადგილას
გადაატანინა. მაგრამ თავისნათქვამი ბიჭი ერთთავად იმ ფანჩატურზე ფიქრობდა და შინ
დაბრუნებისას, უპირველეს ყოვლისა, ძველი ფანჩატურისკენ გაიქცა. საუზმეზე შემოსულმა
მამას უკმაყოფილოდ განუცხადა: „თქვენ მომატყუეთ“. პატივცემული ჯენტლმენი შეცბა, მაგრამ
ღირსეულად უპასუხა: „მართალი ხარ, შვილო, მაგრამ ჩემს შეცდომას გამოვასწორებ.
საკუთარი სიტყვა სიმდიდრეზე მეტად უნდა დაიცვა, რადგან, როცა შენი სიტყვის ერთგული
ხარ, მდიდარიც იქნები, ხოლო თუ საკუთარ სიტყვას უღალატე, ვერავითარი სიმდიდრე

126 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


სინდისზე ლაქას ვერ წაშლის“. მამამ განკარგულება გასცა ფანჩატური ისევ ძველ ადგილზე
დაებრუნებინათ, იქ ძველებურად დაეყენებინათ, ხოლო შემდეგ შვილის თვალწინ დაენგრიათ
და გადაეტანათ. ეს შენთვის გაკვეთილი იყოს, გუსტავ.

გუსტავმა მამას ყურადღებით მოუსმინა და წიგნი საჩქაროდ დახურა. ერთხანს დუმილი


ჩამოვარდა. მოინა უკვე ძილს ებრძოდა, გენერალმა ხელში აიყვანა და მუხლებზე დაისვა.
გოგონამ თავი ჩაქინდრა, მამას გულზე მიადო და მშვენიერი თმის კულულებში გახვეულმა
ჩაიძინა. ამ დროს ქუჩიდან სწრაფი ნაბიჯების ხმამ მოაღწია და კარზე სამჯერ დააკაკუნეს.
კაკუნი მთელ სახლში გამოძახილივით გაისმა. ამ ხანგრძლივი კაკუნის ხმა ისევე ადვილი
მისახვედრი იყო, როგორც სიკვდილის საფრთხეში ჩავარდნილი ადამიანის ყვირილი. ეზოში
მოდარაჯე ძაღლმა გამწარებული ყეფა მორთო. ელენი, გუსტავი, მათი მშობლები შიშმა
აიტანა, აბელი კი, რომელსაც დედა თმას უვარცხნიდა, და მოინა ძილს განაგრძობდნენ.

— ვიღაცაა, საშური საქმე აქვს, — შესძახა გენერალმა და გოგონა ფრთხილად


სავარძელზე გადასვა. მერე ისე საჩქაროდ გავიდა დარბაზიდან, არც კი გაუგონია ცოლმა
რომ დაადევნა: — ნუ მიდიხარ, ჩემო კარგო...

მარკიზმა საწოლ ოთახში შეირბინა, იქ ერთი წყვილი რევოლვერი აიღო, ფარული


ფარანი აანთო, კიბისკენ გაიქცა და ელვის სისწრაფით დაეშვა. თვალის დახამხამებაში
სადარბაზო კართან გაჩნდა, უკან ვაჟიშვილი მიჰყვა გაბედულად.

— ვინა ხარ? — — იკითხა გენერალმა.

— გააღეთ, — მიუგო ვიღაცამ ქოშინით.

— მეგობარი ხართ?

— მეგობარი ვარ.

— მარტო ხართ?

— მარტო ვარ... ჩქარა გააღეთ, მომდევენ!

როგორც კი გენერალმა კარი ოდნავ გამოაღო, დერეფანში საოცარი სისწრაფით ვიღაც


შემოძვრა ლანდივით. მარკიზმა ვერც კი მოასწრო გონს მოსვლა, რომ უცნობმა ფეხით
მაგრად მიკეტა კარი და ზურგით ისე მიაწვა, თითქოს გადაწყვეტილი ჰქონდა არავინ

127 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


შემოეშვა. გენერალმა უცნობს მკერდზე სწრაფად მიადო რევოლვერი დასაშინებლად და
ფარანი მიანათა. მან დაინახა ბეწვის ქურქიანი საშუალო ტანის კაცი, ქურქი ძირს ეთრეოდა
და ისეთი განიერი ჰქონდა, თითქოს სხვისი ყოფილიყოს. სიფრთხილის გამო იყო თუ
შემთხვევით, გამოქცეულს ქუდი თვალებამდე ჩამოეფხატა და შუბლი არ უჩანდა.

— ბატონო, მიმართა გენერალს, — გასწიეთ თქვენი რევოლვერის ლულა. აქ დარჩენას


არ ვაპირებ, თუ თქვენი თანხმობაც არ იქნება. მაგრამ ახლა რომ გავიდე, საგუშაგოსთან
სიკვდილი არ ამცდება. მერე როგორი სიკვდილი! მასზე თქვენ ღვთის წინაშე იქნებით
პასუხისმგებელი. მხოლოდ ორი საათით შემიფარეთ. მაგრამ, თუ თავშესაფარს ვითხოვ,
იძულებული ვარ პირობა დაგიდოთ. მე ახლა არაბული სტუმართმოყვარეობა მჭირდება. ეს
თქვენთვის წმიდათაწმიდა საქმე უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კარი გააღეთ და
წავალ სიკვდილის შესახვედრად. მე მჭირდება საიდუმლოს შენახვა, თავშესაფარი და წყალი.
ოჰ, წყალი თუ შეიძლება! — გაიმეორა მან ჩახლეჩილი ხმით.

— ვინ ხართ? — ჰკითხა გენერალმა განცვიფრებულმა იმით, თუ როგორ სხაპასხუპით


და აგზნებულად ლაპარაკობდა უცნობი.

— ახლა ვინაობის გაგებაც მოინდომეთ... კარი, გააღეთ კარი და წავალ აქედან, —


წარმოთქვა უცნობმა და დემონურად ჩაიცინა.

მარკიზი უცნობს ყოველი მხრიდან ფარანს ანათებდა მაგრამ ვერაფერი დაინახა, გარდა
მისი სახის ქვედა ნაწილისა. არაფერი მეტყველებდა იმ არაჩვეულებრივი თხოვნის
სასარგებლოდ, რასაც ლტოლვილი სახლის პატრონს უყენებდა. უცნობს ფერმკრთალი
ლოყები უთრთოდა, სახე საშინლად ჰქონდა დაბრეცილი. ქუდის ფარფლების ჩრდილში
თვალები ნაკვერცხლებივით უელავდნენ და მათ შუქზე მკრთალდებოდა ფარნის მქრქალი
შუქი. მაგრამ უკვე პასუხის გაცემა იყო საჭირო.

— ბატნო ჩემო, — უთხრა გენერალმა, — თქვენ ისე უცნაურად ლაპარაკობთ, რომ ჩემს
ადგილზე ალბათ თქვენც...

— ჩემი სიცოცხლე თქვენს ხელთაა, — შეაწყვეტინა უცნობმა მასპინძელს შემზარავი


ხმით.

— ორი საათით? — თქვა ყოყმანით მარკიზმა.

— ორი საათით, — გაიმეორა უცნობმა.


128 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE
და ანაზდად სასოწარკვეთილი მოძრაობით ქუდი მოიშვლიპა. მოსულს შუბლი
გამოუჩნდა, და თითქოს ეს უკანასკნელი ცდა იყო, ისეთი ცოცხალი, მოელვარე თვალები
შეანათა სახლის პატრონს, რომ მას გულის სიღრმემდე ჩასწვდა. ეს მზერა აზრსა და
ნებისყოფას გამოხატავდა, მან ელვის მსგავსად გაიბრწყინა და მეხივით დაატყდა თავს
მასპინძელს, რადგან არის წუთები, როცა ადამიანები რაღაც გაუგებარი ძალაუფლებით
აღიჭურვებიან ხოლმე.

— ვინც არ უნდა იყოთ, შემოდით, ჩემს ჭერქვეშ უშიშრად იქნებით, — უთხრა


დამაჯერებელი კილოთი სახლის პატრონმა, რომელსაც მოეჩვენა, რომ ინსტინქტურად ერთ-
ერთ იმ გულისწადილს ემორჩილებოდა, რასაც ადამიანი ყოველთვის ადვილად ვერ ახსნის.

— ღმერთი იყოს თქვენი მფარველი! — შესძახა უცნობმა და შვებით მოითქვა სული.

— იარაღი ხომ არა გაქვთ? — ჰკითხა გენერალმა.

პასუხის ნაცვლად უცნობმა თვალის დახამხამებაში ქურქი გაიხსნა და კვლავ ისე


სწრაფად გაეხვია შიგ, რომ მარკიზმა ვერც კი მოასწრო რაიმეს დანახვა. მას თითქოს იარაღი
არ ჰქონდა, და ისე იყო ჩაცმული, როგორც მეჯლისიდან მომავლი კაცი. თუმცა ეჭვიანმა
გენერალმა ძლივს შეავლო თვალი მის ჩაცმულობას, მაინც საკმარისად ბევრი დაინახა და
შეჰყვირა: — სად ეშმაკებში გალუმპულხართ ეგრე ასეთ მშრალ ამინდში?

— ისევ შეკითხვები! — ქედმაღლურად წარმოთქვა უცნობმა.

ამ დროს გენერალმა ვაჟიშვილი შეამჩნია და გაახსენდა, რომ წეღან რჩევა-დარიგების


მთელი გაკვეთილი ჩაუტარა მიცემული სიტყვის შესრულების თაობაზე. ამაზე მამას გული
მოუვიდა და შვილს შეუტია: — შე გაუგონარო, შენა, იმის მაგივრად, რომ ახლა ლოგინში
იწვე, აქა დგახარ!

— მე ვიფიქრე, თუ რაიმე საფრთხეა, დავეხმარები-მეთქი, — მიუგო გუსტავმა.

— კარგი, შენს ოთახში ადი, — ჩაილაპარაკა შვილის პასუხით გულაჩუყებულმა მამამ


და უცნობს მიუბრუნდა: — თქვენ კი მე გამომყევით!

კაცები დადუმდნენ, როგორც ორი ერთმანეთისადმი უნდობლად განწყობილი ბანქოს


მოთამაშენი. გენერალს რაღაც ავისმომასწავებელი წინათგრძნობა გაუჩნდა. ეს უცხო კაცი
უკვე მაჯლაჯუნასავით აწვა გულზე. მაგრამ რაკი მიცემული დაპირების ერთგული იყო,

129 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


ლტოლვილი დერეფნებში გაატარა, კიბეებზე აიყვანა და ერთ დიდ ცარიელ ოთახში შეუძღვა
მეორე სართულზე, სწორედ ქვედა დარბაზის თავზე რომ იმყოფებოდა. ამ ოთახში არავინ
ცხოვრობდა, მას ზამთრობით სარეცხის გასაშრობად იყენებდნენ და სხვა ოთახებთან არ იყო
დაკავშირებული. გამოხუნებულ ცარიელ კედლებს არაფერი ამშვენებდა, გარდა ერთი პატარა
უვარგისი სარკისა, რომელიც ძველ პატრონებს დარჩენოდათ ბუხარზე და ერთი სარკიანი
კარადისა, რომელიც ავეჯის გადალაგებისას ვერსად მოეთავსებინათ და დროებით აქ
დაედგათ ბუხრის პირდაპირ. იატაკი ამ დიდ სხვენზე არასოდეს დაგვილიყო, საშინლად
ყინავდა, არც არავითარი ავეჯი იდგა ორი გახვრეტილი ჩალის სკამის მეტი. გენერალმა
ფარანი ბუხრის თავზე დადგა და უცნობს უთხრა: — ეს ბეჩავი სხვენი იქნება თქვენი
თავშესაფარი. და რაკი სიტყვა მოგეცით, რომ არ გაგცემთ, ნება მიბოძეთ ჩაგკეტოთ.

კაცმა თანხმობის ნიშნად თავი დახარა.

— მე მხოლოდ თავშესაფარი, საიდუმლოს შენახვა და წყალი ვითხოვე, — დასძინა მან.

წყალს ახლავე ამოგიტანთ, — მიუგო მარკიზმა, კარი გულდასმით გადაკეტა და ხელების


ცეცებით დარბაზში ჩავიდა, რათა იქ სანთელი აეღო და საბუფეტეში შესულიყო
გრაფინისთვის.

— რა მოხდა, ბატონო, — შეაგება მარკიზის მეუღლემ ქმარს.

— ბევრი არაფერი, ძვირფასო, — მიუგო ქმარმა ცივად.

— კი მაგრამ, ჩვენ კარგად გავიგონეთ, რომ ზემოთ ვიღაც აიყვანეთ...

— ელენ, — მიმართა გენერალმა ქალიშვილს, რომელმაც მაშინვე თვალები მიაპყრო


მამას, — იცოდეთ, მამათქვენის პატივი თქვენს თავდაჭერილობაზეა დამოკიდებული. ისე
მოიქეცით, ვითომ არაფერი გაგიგონიათ.

ქალიშვილმა პასუხად მრავალმნიშვნელოვნად დაიქნია თავი. მარკიზის მეუღლე


საგონებელში იყო და შინაგანად გულნატკენი, რომ ქმარმა ნართაულად გაჩუმება
აგრძნობინა. გენერალმა გრაფინი და ჭიქა გამოიტანა და ჩაკეტილ ტყვესთან ავიდა. უცნობი
კედელზე მიყრდნობილი იდგა ბუხრის ახლოს. ქუდი აღარ ეხურა, — სკამზე დაეგდო. უცხო
კაცი ალბათ არ მოელოდა, რომ გაშუქებულს დაინახავდნენ. როცა მისი თვალები გენერლის
გამჭვალავ მზერას შეხვდა, შუბლი შეეჭმუხნა და სახე მოეღუშა. მაგრამ იმწამსვე მოლბა და
თავაზიანი ღიმილით მადლობა გადაუხადა თავის მფარველს.
130 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE
— ბატონო ჩემო, — წამოიწყო მან წყნარი ხმით, რასაც წეღანდელივით აღარ
აფერხებდა ყელის სპაზმები, მაგრამ მაინც ამჟღავნებდა შინაგან მღელვარებას. —
რასაკვირველია, უცნაურად გეჩვენებათ. მაპატიეთ ეს ახირება, მაგრამ იგი აუცილებლობითაა
გამოწვეული. თუ აქ დარჩებით, გთხოვთ ნუ გამომხედავთ, როცა წყალს დავლევ.

მარკიზი უკმაყოფილო იყო, რომ უნდა დამორჩილებოდა კაცს, რომელიც თვალში


არაფრად მოსდიოდა. მან მკვეთრად იბრუნა ზურგი. უცხო კაცმა ჯიბიდან თეთრი
ცხვირსახოცი ამოიძრო და მარჯვენა ხელი შეიხვია. მერე გრაფინს დაავლო ხელი და ერთი
გადაკვრით გამოცალა. მარკიზს არც უფიქრია თავისი უსიტყვო დაპირების დარღვევა, მაგრამ
მექანიკურად შეიხედა სარკიან კარადაში, სარკეები კი ისეთნაირად იდგნენ, ძალიან კარგად
დაინახა უცნობი და შეამჩნია, რომ ხელზე შემოხვეული ცხვირსახოცი იმწამსვე გაწითლდა.
ცხადი იყო, ლტოლვილი მას სისხლიანი ხელებით შეეხო.

— აა, დამინახეთ? — შეჰყვირა უცნობმა, როცა წყალი გამოცალა და ქურქში გაეხვია.


მან სახლის პატრონს ეჭვით შეხედა და განაგრძო, — ახლა კი დავიღუპე! ისინი მოდიან, აგერ
ისინიც!

— არაფერი მესმის, — უთხრა მარკიზმა.

— თქვენ ჩემსავით არ გჭირდებათ ყურადღების გამახვილება.

— სისხლში ისე ხართ მოსვრილი, რომ ალბათ დუელი გქონდათ? — შეეკითხა


შეშფოთებული გენერალი, როცა სტუმრის ტანისამოსზე აქეთ-იქით გასული ლაქების ფერი
შენიშნა.

— დიახ, სწორედ დუელი მქონდა, — გაიმეორა უცხო კაცმა და ტუჩებზე მწარე ღიმილმა
გადაურბინა.

ამ დროს შორიდან ცხენების თქარათქური მოისმა: რამდენიმე ცხენი ჭენებით


უახლოვდებოდა სახლს. მაგრამ ხმები ისეთივე სუსტი იყო, როგორც ალიონის პირველი
სხივები. გენერლის დაგეშილმა ყურებმა გაარჩია, რომ ესენი გაწვრთნილი კავალერიის
ცხენები იყვნენ.

— ჟანდარმები არიან, — თქვა მან.

გენერალმა თავის ტყვეს ისე შეხედა, თითქოს უნდოდა გაეფანტა ეჭვები, რაც უნებლიე

131 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


მოურიდებლობით თვითონვე აღუძრა, ფარანი წაიღო და ქვემოთ სართულზე ჩავიდა. ის იყო
ზემო ოთახის გასაღები ბუხრის თავზე დადო, რომ ცხენების თქარათქური უფრო მკაფიოდ
გაისმა. ცხენები ისე სწრაფად უახლოვდებოდნენ სახლს, რომ გენერალს ტანში ჟრუანტელმა
დაუარა. ისინი მართლაც გაჩერდნენ სადარბაზოსთან. ერთ-ერთმა მხედარმა ამხანაგებს
რაღაც უთხრა, ცხენიდან გადმოხტა და კარზე ისე მაგრად დააბრახუნა, რომ გენერალს სხვა
გზა არ ჰქონდა, უნდა გაეღო. ეს უკანასკნელი ძლივს მოერია ფარულ მღელვარებას, როცა
ექვსი ჟანდარმი დაინახა მთვარის შუქზე მოკრიალე ვერცხლის სირმაშემოვლებული
ქუდებით.

— თქვენო უმაღლესობავ, — მიმართლა გენერალს ბრიგადირმა, — ყური ხომ არ


მოგიკრავთ, რომ საგუშაგოსკენ ვინმე გაქცეულიყოს ამ წუთში?

— საგუშაგოსკენ? არა.

— ხომ არავისთვის გაგიღიათ კარი?

— თქვენ როგორ ფიქრობთ, მე ყოველთვის თვითონ ვაღებ ჩემს კარს?..

— გთხოვთ მაპატიოთ, გენერალო, მაგრამ ამ წუთში მომეჩვენა, რომ...

— მასხრად ხომ არ მიგდებთ? — იყვირა განრისხებულმა მარკიზმა, — როგორ


მიბედავთ...

— არა, ბატონო გენერალო, ნუ ინებებთ წყენას, — მიუგო მორჩილად ბრიგადირმა. —


გვაპატიეთ ასეთი გულმოდგინება. განა ჩვენ არ გვესმის, რომ საფრანგეთის პერი ასეთ დროს
თავის სახლში კაცისმკვლელს არ შეუშვებს, მაგრამ გვინდა ზოგიერთი ცნობა მიგვეღო...

— კაცისმკვლელს! — შესძახა გენერალმა. — ვინ არის მსხვერპლი?..

— ეს-ეს არის ცულით აკუწეს მარკიზი მონი, — დაატანა ჟანდარმმა. — მაგრამ


მკვლელს მაშინვე მდევარი დაადევნეს. დარწმუნებული ვართ, სადღაც აქ ახლომახლო
იქნება, და აუცილებლად მოვიმწყვდევთ. გვაპატიეთ, თქვენო აღმატებულებავ.

საბედნიეროდ ამ სიტყვებზე ჟანდარმი უკვე ცხენზე ჯდებოდა და მან ვერ დაინახა


გენერლის სახე. ყოველგვარ ვარაუდებს შეჩვეული ბრიგადირი აუცილებლად ეჭვს შეიტანდა,
თუ მარკიზის ალალ სახეს შეხედავდა, რომელზეც ესოდენ აშკარად ისახებოდა მისი სულიერი

132 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


ძვრები.

— ცნობილია, ვინ არის მკვლელი? — მიაძახა გენერალმა.

— არა, — მიუგო მხედარმა. — მას ხელიც არ უხლია ოქროსა და ბანკნოტებისათვის,


საწერ მაგიდაში რომ ელაგა.

— ალბათ, შურისძიებაა, — შენიშნა მარკიზმა.

— რას ამბობთ, ისეთ ბებრუცუნაზე?.. არა, მძარცველს, ეტყობა აღარ დააცალეს საქმე
ბოლომდე მიეყვანა.

ჟანდარმი თავის მხლებლებს დაეწია, რომელნიც უკვე შორს მიაჭენებდნენ. გენერალი


ერთხანს გონს ვერ მოვიდა და ეს გასაგებიც იყო. მალე შინ დაბრუნებული მსახურების
ლაპარაკის ხმა შემოესმა. ხმები მონტრეის გზაჯვარედინიდან მოდიოდა. ისინი რაღაცაზე
გაცხარებით მსჯელობდნენ. როცა მსახურები მოვიდნენ, რისხვა, რომელსაც პატარა საბაბი
უნდოდა გადმოსანთხევად, მარკიზმა მათ დაატეხა მეხივით თავს. მთელი სახლი შეარყია
მისმა მგრგვინავმა ხმამ. მაგრამ მაშინვე დაცხრა, როცა კამერდინერმა, მსახურთა შორის
ყველაზე საზრიანმა და გამბედავმა კაცმა აუხსნა, იმიტომ დავაგვიანეთ, რომ მონტრეისთან
ჟანდარმებმა და პოლიციის აგენტებმა შეგვაჩერეს, რადგან ვიღაც მკვლელს ეძებენო.
გენერალი გაჩუმდა. ამ სიტყვებმა მოაგონა, რა ვალდებულებას უყენებდა უცნაური გარემოება.
მან მსახურთ უბრძანა, ახლავე ყველა დასაძინებლად წადითო, ხოლო ისინი საშინლად
გაკვირვებული დარჩნენ, რა ადვილად მოტყუვდა გენერალი კამერდინერის მონაჩმახითო.

მაგრამ სანამ ეზოში ეს ამბავი ხდებოდა, ერთმა თითქოს უმნიშვნელო შემთხვევამ


შეცვალა ამ დრამის სხვა მოქმედ პირთა მდგომარეობა. როგორც კი მარკიზი დარბაზიდან
გავიდა, მისი ცოლი, რომელიც წამდაუწუმ ხან მანსარდის გასაღებს შეხედავდა, ხან ელენს,
ბოლოს ქალიშვილისკენ დაიხარა და ჩურჩულით უთხრა: — ელენ, მამამ გასაღები ბუხარზე
დატოვა.

გაკვირვებულმა ქალიშვილმა თავი ასწია და მორიდებით შეხედა დედას, რომელსაც


ცნობისმოყვარეობისგან თვალები უბრწყინავდა.

— მერე, დედიკო? — ჰკითხა მან შეშფოთებით.

— ძალიან მინდა გავიგო, რა ხდება მაღლა. თუ ვინმე არის, რატომ ერთხელაც არ

133 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


გაინძრა. ერთი ადი და...

— მე ავიდე? — შიშით ჩაეკითხა ელენი.

— რა, ხომ არ გეშინია?

— არა, დედა, მაგრამ თითქოს კაცის ნაბიჯები შემომესმა ზემოდან.

— მე რომ შემეძლოს იქ ასვლა, თქვენ აღარ გთხოვდით, ელენ, — ზვიადი კილოთი


განაგრძო მარკიზის მეუღლემ, — მამათქვენი რომ შემობრუნდეს, აუცილებლად მიკითხავს,
თქვენ არყოფნას კი ვერ შეამჩნევს.

— ქალბატონო, თუ მიბრძანებთ, წავალ; მაგრამ მამის პატივისცემას დავკარგავ...

— აჰ, ასე, ხომ? — წარმოთქვა მარკიზის მეუღლემ დამცინავი კილოთი, — მაშ, რაკი
თქვენ ხუმრობა სერიოზულ საქმედ მიიღეთ, ახლა კი გიბრძანებთ, წახვიდეთ და ნახოთ, ვინ
არის იქ, მაღლა. აგერ, გასაღები, ჩემო შვილო! მამათქვენმა მოითხოვა კრინტი არ დასძრათ
იმაზე, რაც ამ წუთში მის სახლში ხდება, მაგრამ სრულიადაც არ აუკრძალავს ზემოთა ოთახში
ასვლა. გასწით და იცოდეთ, შვილს უფლება არა აქვს განსაჯოს საკუთარი დედა.

მარკიზის მეუღლემ შეურაცხყოფილი დედის მთელი სისასტიკით წარმოთქვა ეს


სიტყვები. მერე გასაღები აიღო და ელენს მიაწოდა. ელენი უსიტყვოდ წამოდგა და
დარბაზიდან გავიდა.

„დედაჩემი ყოველთვის მოახერხებს მამის წინაშე თავის გამართლებას. მე კი მთლად


თავი მომეჭრება მამის თვალშიო. ნუთუ უნდა მისი ნაზი სიყვარული წამართვას, ნუთუ უნდა
მთლად გამაგდოს მამის სახლიდან?“

ასეთი აზრები ერეოდა ელენს თავში, ვიდრე ბნელი დერეფნით მიდიოდა, რომლის
ბოლოში საიდუმლოებით მოცული ოთახის ხის კარი ეგულებოდა. როცა ელენი კარს
მიუახლოვდა, გონება რაღაც საბედისწეროდ აერია. ბუნდოვან ფიქრთა მოძრაობამ
გამოიწვია იმ გრძნობათა გადმოხეთქვა ნაპირებიდან, მანამდე რომ გულში ჰქონდა
ჩამარხული. ქალიშვილს, შესაძლოა, ისედაც უკვე აღარ ჰქონდა დიდი იმედი ბედნიერი
მომავლისა, ახლა კი, ამ საშინელ წუთს, მთლად სასოწარკვეთილებაში ჩავარდა. როცა
გასაღები კარის ჭუჭრუტანაში გაუყარა, ძაგძაგმა აიტანა და ისე საშინლად აღელდა, რომ
ერთხანს ადგილზე შედგა, რომ ხელი გულზე მეიდო, თითქოს ამით შეეძლო ესოდენ ძლიერი

134 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


და ხმამაღალი გულისძგერა შეეჩერებინა. ბოლოს კარი შეაღო. ანჯამების წრიალმა,
ეტყობოდა არ მიიპყრო მკვლელის ყურადღება. და თუმცა მახვილი სმენა უნდა ჰქონოდა,
იმდენად იყო წასული ფიქრებში, რომ არც კი განძრეულა, თითქოს მიჭედილი იყო კედელზე.
მას ოდნავ ანათებდა ფარნისგან დაცემული შუქი და ამ ბინდბუნდში წააგავდა რაინდების
პირქუშ ქანდაკებებს შავი აკლდამების კუთხეებში რომ დგანან გოთიკურ ეკვდერებში. მისი
ყვითელი ფართო შუბლი ცივ ოფლს დაეცვარა, ტანჯვისაგან შეშლილ სახეზე საოცარი
სიმამაცე ეხატებოდა, ანთებული, უძრავი მშრალი თვალები სიბნელეში თითქოს მის წინ
გამართულ ბრძოლას უთვალთვალებდნენ. ბობოქარ აზრთა მძვინვარება ერეკლებოდა
სახეზე, ხოლო მტკიცე და გადამწყვეტი გამომეტყველება იმაზე მეტყველებდა,
განსაკუთრებული სულის ადამიანი უნდა ყოფილიყო. მისი აღნაგობა, პოზა, პროპორციები
სავსებით ეთანხმებოდნენ მის მიუკარებელ ხასიათს. ეს ღონითა და ძლიერებით აღსავსე კაცი
ისე ჩასცქეროდა სიბნელეს, თითქოს იქ თავის მომავალს ხედავდა ცხადად. გენერალი
მიჩვეული იყო იმ ადამიანთა ენერგიული, ვაჟკაცური სახეების დანახვას, ნაპოლეონს გარს
რომ ერტყნენ და უფრო იმის გამორკვევით იტეხდა თავს, რა სულიერი თვისებების პატრონი
უნდა ყოფილიყო ეს არაჩვეულებრივი კაცი. ამიტომ არ მიუქცევია ყურადღება მისი უცნაური
გარეგნობისთვის. ელენზე კი, როგორც ყველა ძლიერ ქალზე, ძლიერ შთაბეჭდილებას
ახდენდა გარეგნობა, და მასზე საოცრად იმოქმედა შუქ-ჩრდილის თამაშმა, უცნობი კაცის
სახის სიდიადემ, ვნებიანობამ, და პოეტურმა ქაოსმა, რაც მას დაცემის შემდეგ აღმდგარ
ლუციფერს ამსგავსებდა. უეცრად, თითქოს ჯადოსნურმა ხელმა უცნობის სახეზე ქარიშხალი
დააცხრო და გაუგებარი მბრძანებლური ძალა, რისი განსახიერებაც, შესაძლებელია მისდა
უნებურად ეს კაცი იყო, წარღვნასავით სწრაფად გაიშალა მის ირგვლივ. ფიქრთა ნიაღვარი
გადმოდინდა მისი შუბლიდან და ნაკვთებს ბუნებრივი სახე დაუბრუნა. ქალიშვილს კი,
მოჯადოებულს ამ უცნაური შეხვედრით, ან იქნებ საიდუმლოებით, რომლის მოზიარეც უნდა
გამხდარიყო, ახლა შეეძლო დატკბობა მისი თბილი, თანაგრძნობით აღსავსე ხმით. ქალი
ერთ ხანს ხმას არ იღებდა და მონუსხული იდგა დღემდე მისი ყმაწვილი სულისთვის უცნობ
მღელვარებათა ტყვეობაში. მაგრამ მალე, იმის გამო რომ ელენს გაკვირვების შეძახილი
აღმოხდა ან შეიძლება, იმიტომაც, რომ თვითონ მკვლელი ოცნებათა სამყაროდან რეალურ
სამყაროში დაბრუნდა, ვიღაცის სუნთქვა შეესმა, თავი მოიბრუნა და სიბნელეში ბუნდოვნად
გაარჩია თვალწარმტაცი სახის ტანწერწეტი ქალიშვილი, და უეჭველია ეს მოჩვენებასავით
უძრავი და მიმქრალი არსება მას ზეცით მოვლენილ ანგელოზად ეჩვენება.

— ბატონო... წამოიწყო ელენმა აცახცახებული ხმით. მკვლელი შეკრთა.

— ქალი? — შესძახა ხმადაბლა. — ეს ხომ შეუძლებელია. აქედან წადით. უფლებას


135 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE
არავის მივცემ შემიცოდოს, მომიტევოს ან განმსაჯოს. მარტოდმარტო უნდა ვიცხოვრო.
გასწით, ჩემო ბავშვო, — დაუმატა მან ხელის მეფური მოძრაობით, — ამ სახლის პატრონს
მადლობას ცუდად გადავუხდი, თუ რომელიმე მისი ოჯახის წევრს ნებას მივცემ იმავე ჰაერით
ისუნთქოს, რომლითაც მე ვსუნთქავ. იძულებული ვარ საზოგადოების კანონებს
დავემორჩილო.

უკანასკნელი წინადადება უცნობმა ძლივს გასაგონად წარმოთქვა. მან იშვიათი


გულთამხილაობით გაითვალისწინა ყველა უბედურება, რაც სამწუხარო ჭეშმარიტებამ
წამოაყენა, ელენს გამჭვალავი თვალებით შეხედა და ამ არაჩვეულებრივი ქალის გულში ჯერ
ისევ მთვლემარე ფიქრთა მთელი სამყარო აამოძრავა. ეს იყო შუქი, რომელმაც ქალს
მისთვის აქამდე უცნობი ქვეყანა გაუნათა. მისი სული მიწასთან გასწორებული, გაქელილ იქნა
და მან ძალა ვერ ჰპოვა თავი დაეცვა მაგნიტური მზერისაგან, თუმცა ეს უნებურად გამოუვიდა
უცნობს. შეცბუნებული ელენი თავით ფეხამდე კანკალმა აიტანა, ოთახიდან გავიდა და
დარბაზში ერთი წუთით შეასწრო მამას, ისე რომ ვერ მოასწრო დედისთვის რაიმე ეთქვა.

შეფიქრიანებული გენერალი გულხელდაკრეფილი მდუმარედ ბოლთას სცემდა


დარბაზში ქუჩაზე გადამყურე ფანჯრებსა და ბაღში გამავალ ფანჯრებს შორის. მის ცოლს
ჩაძინებული აბელი ეჭირა ხელში. მოინა სავარძელში ისე უშფოთველად ფშვინავდა, როგორც
ჩიტი ბუდეში. უფროს ქალიშვილს ერთ ხელში აბრეშუმის ძაფის გორგალი ეჭირა, მეორეში
კი ნემსი, და ცეცხლს მისჩერებოდა. უდიდესი დუმილი გამეფებულიყო დარბაზშიც, მთელ
სახლშიც, გარეთაც, და მას არაფერი არღვევდა, გარდა დასაძინებლად წასულ-წამოსულ
მსახურთა აუჩქარებელი ნაბიჯებისა. აქა-იქ გაისმოდა თავშეკავებული სიცილი, უკანასკნელი
გამოძახილი მათი მხიარული დროსტარებისა. ისმოდა აგრეთვე, ოთახებში შესულ მსახურთა
კარის ჯახუნი და მათი უკანასკნელი გადალაპარაკება. კარი იხურებოდა, ისმოდა ყრუ ხმები
დასაძინებლად გამზადებულ მსახურთა მოძრაობისა. სადღაც სკამი გადაბრუნდა. ბებერი
მეეტლის სუსტმა ჩახველებამ მოაღწია აქამდე და შეწყდა. სულ მალე მთელ სახლში ისეთი
პირქუში და დიადი მდუმარება გამეფდა, ჩაძინებული ბუნება რომ ჩაიძირება ხოლმე
შუაღამისას. მხოლოდ ვარსკვლავები კაშკაშებდნენ წყვდიადში. სიცივემ შებოჭა ნიადაგი,
ძეხორციელი არ იღებდა ხმას, არ ინძრეოდა. მარტოღა ცეცხლი ტკაცუნებდა, თითქოს
ადამიანებისთვის უნდოდა ეგრძნობინებინა მთელი სიღრმე ამ ღამის დუმილისა. მონტრეის
საათმა პირველი დარეკა. ამ დროს კიბეზე მსუბუქი ნაბიჯის ხმა გაისმა, მან ოდნავ შეაღწია
ქვემო სართულში მყოფ ადამიანთა ყურამდე. მარკიზი და მისი ქალიშვილი დარწმუნებული
იყვნენ, რომ მკვლელი ჩაკეტილი ჰყავდათ, მათ ეგონათ, ეს რომელიმე მოახლე იქნებაო და
არ გაჰკვირვებიათ, როცა დარბაზის მეზობელი ოთახის კარი გაიღო. მოულოდნელად
136 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE
მკვლელი დარბაზში შემოვიდა. ელდამ, რომელმაც მარკიზი მოიცვა, დედის ცოცხალმა
ცნობისმოყვარეობამ და მათი ქალიშვილის გაოცებამ უცნობს დააცალა თითქმის ოთახის
შუამდე მოსულიყო თავისუფლად, და მან გენერალს მშვიდი, ძალიან სასიამოვნო ხმით
უთხრა: — თქვენო უმაღლესობავ, უკვე მიიწურა ორი საათი.

— აქ როგორ გაჩნდით! — შესძახა გენერალმა. — საოცრებაა, პირდაპირ სასწაულია!

მან მრისხანე, კითხვის თვალით გადახედა ცოლს და შვილებს. ელენს სახეზე ალმური
მოედო.

— როგორ? თქვენ აქ, ჩვენს გვერდით! — განაგრძო აღელვებულმა გენერალმა, —


კაცისმკვლელი სისხლიანი ხელებით, აქ, ამ ოთახში! ხომ წაბილწავთ ყველაფერს! გადით,
ახლავე! ახლავე გადით აქედან — იყვირა გენერალმა გააფთრებით.

„კაცისმკვლელის“ გაგონებაზე მარკიზის მეუღლეს ყვირილი აღმოხდა. ელენის სახემ კი


არ გამოხატა არავითარი გაკვირვება, თუმცა ამ სიტყვამ თითქოს მისი ბედი გადაწყვიტა. მას
მოეჩვენა, რომ დიდი ხანია ელის ამ კაცს, ამ წუთიდან თითქოს აზრი გაუჩნდა ყველა იმ
ფიქრს, ასე ხშირად რომ უტრიალებდა თავში. ციური რისხვა, მისი საქციელისთვის რომ
ელოდა, ახლა დაატყდა თავს. რაკი საკუთარი თავიც ამ კაცივით ბოროტმოქმედი ეგონა,
ახალგაზრდა კაცმა მას გაცისკროვნებული სახით შეხედა. ის ამ კაცის მეგობარია, მისი დაა.
ამ გარემოებაში ელენი ღვთის ნებას ხედავდა. რამდენიმე წლის შემდეგ მისი გონება აშკარად
გადალახავდა სინდისის ქენჯნას, მაგრამ იმ წუთში სიგიჟემდე იყო მისული. უცნობი უძრავად
იდგა და თითქოს გულგრილი იყო ყველაფრისადმი. ზიზღნარევმა ღიმილმა გადაჰკრა სახეზე
და სქელ ალისფერ ტუჩებზე.

— ჩემს კეთილშობილ ზრახვებს თქვენდამი სათანადოდ ვერ აფასებთ, — დაიწყო მან


აუჩქარებლად. — არ მინდოდა ხელით შევხებოდი ჭიქას, როცა წყალი გამომიწოდეთ
წყურვილის მოსაკლავად. მე არც ის მინდოდა, ჩემი გასისხლიანებული ხელები თქვენს
ჭერქვეშ ჩამომებანა და აქედან ისე მივდივარ, რომ ჩემს „ბოროტმოქმედებაზე“ (ამ სიტყვაზე
მან ტუჩები შეკუმშა) მხოლოდ მოგონება დაგრჩებათ, რადგან ვცდილობდი ისე მევლო,
არავითარი კვალი არ დამეტოვებინა. თქვენი ქალიშვილიც კი...

— ჩემი ქალიშვილი! — შეჰყვირა გენერალმა და ძრწოლვით შეხედა ელენს. — აქედან


დაიკარგე არამზადავ, თორემ გაგათავებ!

137 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


— ორი საათი ჯერ არ გასულა. თქვენ არც ჩემი მოკვლა შეგიძლიათ, არც გაგდება.
წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარი თავის პატივისცემას დაკარგავთ და არც მე გცემთ პატივს.

ამ სიტყვებზე გაოგნებულმა გენერალმა სცადა კარგად შეეთვალიერებინა


ბოროტმოქმედი, მაგრამ მას თვალების დახრა მოუხდა, რადგან იგრძნო, რომ ძალა არ
შესწევდა აეტანა უცნობის თვალთა ის გაუსაძლისი ელვარება, ერთხელ კიდევ რომ აუმღვრია
სული. მას შეეშინდა ისევ არ მოდუნებულიყო, რადგან გრძნობდა ნებისყოფა ღალატობდა.

— მოხუცი კაცის მოკვლა! თქვენ ალბათ, წარმოდგენაც არა გაქვთ, რა არის ოჯახი! —
თქვა მან და მამობრივი სინაზით მიუთითა ცოლ-შვილზე.

— დიახ, მოხუცი კაცი მოვკალი, — გაიმეორა უცნობმა და სახე ოდნავ მოეღუშა.

— მერე ისიც ცულით!

— დიახ, სწორედ ცულით ავკუწე, — დაუდასტურა მკვლელმა მშვიდად.

— გაიქეცით აქედან! — შეჰყვირა გენერალმა, მაგრამ ვერ გაბედა თავისი სტუმრისთვის


შეეხედა. — ჩვენი პირობა დარღვეულია. მე თქვენ არ გაგცემთ, არა! მე ეშაფოტის
მომმარაგებელი არა ვარ. მაგრამ აქედან დაიკარგეთ, გვეზიზღებით.

— ვიცი, — მიუგო ბოროტმოქმედმა მორჩილებით. — საფრანგეთში ერთი მტკაველი


მიწაც არ მოიპოვება, სადაც უშიშრად შევძლებდი ფეხის დადგმას, მაგრამ მართლმსაჯულებას
რომ ძალა შესწევდეს ღმერთის მსგავსად ყოველი კაცი მისი ნამოქმედარის მიხედვით
განსაჯოს, მან რომ კეთილ ინებოს და გაარჩიოს, რომელია არაკაცი, — მკვლელი თუ
მსხვერპლი, მაშინ მეც თავაწეული ვივლიდი ადამიანთა შორის. განა თქვენთვის ცნობილი
არ არის იმ კაცის ბოროტმოქმედებანი, რომელიც მე ავკუწე? მე ჩემი თავი მსაჯულადაც და
ჯალათადაც თვითონვე გამოვაცხადე, მე შევცვალე უძლური ადამიანური მართლმსაჯულება.
ამაშია ჩემი ბოროტმოქმედება. მშვიდობით, ბატონო, მართალია თქვენი სტუმართმოყვარეობა
ჩამაშხამეთ, მაინც მუდამ მემახსოვრება ეს. გულში შევინახავ მადლიერებას ქვეყანაზე
ერთადერთი ადამიანის მიმართ. ეს ადამიანი თქვენა ხართ... მაგრამ ვისურვებდი უფრო
დიდსულოვანი ყოფილიყავით.

უცნობი კარისკენ გაემართა. ამ დროს ელენი დედისკენ დაიხარა და ყურში რაღაც


წასჩურჩულა.

138 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


— ო, ეგ რა თქვი! — იყვირა მარკიზის მეუღლემ.

ამ ყვირილზე გენერალი ისე შეძრწუნდა, თითქოს შვილი დაენახოს მკვდარი. ელენი


წამოდგა და მკვლელიც ინსტინქტურად შემობრუნდა. მისმა სახემ ერთგვარი შეშფოთება
გამოხატა ამ ოჯახის მიმართ.

— რა იყო, ძვირფასო? — ჰკითხა მარკიზმა ცოლს.

— ელენს უნდა ამ კაცს წაჰყვეს, — უთხრა ცოლმა. მკვლელს სახე აელეწა.

— რაკი დედაჩემი ასე არასწორად გიხსნით წამოძახილს, მე რომ უნებურად აღმომხდა,

— თქვა ელენმა, — შევასრულებ მის სურვილს.

ახალგაზრდა ქალმა ყველას ამაყად, ოდნავ შმაგად გადახედა და მოკრძალებულ


პოზაში დადგა.

— ელენ, — მიმართლა გენერალმა ქალიშვილს, — თქვენ შეხვედით იმ ოთახში, სადაც


მე შევიყვანე?..

— დიახ, მამაჩემო.

— ელენ, — წარმოთქვა მამამ შინაგანი ცახცახისაგან შეცვლილი ხმით, — პირველად


ხედავთ, თუ არა თქვენ ამ კაცს?

— პირველად, მამაჩემო.

— მაშინ თქვენი განზრახვა არაბუნებრივია...

— შეიძლება არ არის ბუნებრივი, მაგრამ ასე გადავწყვიტე...

— ო, ჩემო შვილო! — თქვა მარკიზის მეუღლემ ხმადაბლა, მაგრამ ისე, რომ მის ქმარს
გაეგონა. — ელენ, თქვენ ღალატობთ პატიოსნების, კდემამოსილების, სათნოების ყველა
კანონებს, რის ჩაგონებასაც მე ვცდილობდი თქვენთვის. თუ ამ საბედისწერო წუთამდე თქვენში
ვტყუვდებოდით, ახლა შებრალების ღირსიც არა ხართ. როგორ, თქვენ ამ კაცის ზნეობრივმა
სრულყოფამ ხომ არ მოგხიბლათ? ან იქნებ, ის განუზომელი ძალა გხიბლავთ რომელიც
ადამიანებისთვის ბოროტმოქმედების ჩასადენადაა აუცილებელი?.. მე თქვენ კარგად გიცნობთ

139 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


რომ ვივარაუდო, თითქოს...

— აჰ, რაც გნებავთ, ის ივარაუდეთ, — ცივად შეაწყვეტინა ელენმა.

მაგრამ მიუხედავად ხასიათის სიმტკიცისა, რაც ელენმა იმ საღამოს გამოიჩინა, მის


თვალთა ცეცხლი ადვილად ვერ უშრობდა თვალებზე მომდგარ ცრემლებს. დედის ლაპარაკს
უცნობი მაშინ მიხვდა, როცა მტირალი ქალიშვილი დაინახა. მან მარკიზის მეუღლეს
არწივისებურად გადახედა და ქალიც რაღაც დაუძლეველმა ძალამ აიძულა ამ საშინელი
მაცთუნებლისთვის შეეხედა. მაგრამ როცა ქალის თვალები უცნობის ღია და ელვარე
თვალებს შეხვდნენ, მან ისეთი სულიერი ჟრჟოლა განიცადა, რასაც იმ დროს განვიცდით,
როცა რომელიმე საზიზღარ ქვემძრომს დავინახავთ ან ლეიდენის ქალას შევახებთ ხელს.

— მეგობარო, — შეჰყვირა მან ქმარს, — ეს დემონია! მას ყველაფრის გამოცნობა


შეუძლია... გენერალი საჩქაროდ წამოდგა, რომ ზარის ზონარი მოეწია.

— დაგღუპავენ, — უთხრა ელენმა მკვლელს.

უცნობმა ჩაიცინა, გენერალს მიუახლოვდა, მარკიზის ხელი შეაჩერა, ზარისდამცემი


თვალებით დააცქერდა და მთლად წაართვა ნებისყოფა.

— თქვენს სტუმართმოყვარეობას ავანაზღაურებ და ბარიბარს ვიქნებით, — უთხრა


გენერალს მკვლელმა. — სირცხვილს აგარიდებთ. მართლმსაჯულებას ჩემის ნებით
ჩავბარდები. რაღა აზრი აქვს ახლა ჩემს ცხოვრებას?

— დანაშაულის მონანიება გვიან არასდროს არ არის, — უთხრა ელენმა და


ახალგაზრდა ქალისთვის დამახასიათებელმა იმედის ნაპერწკალმა გაიბრწყინა მის
თვალებში.

— ცოდვების მონანიება არაფრად მჭირდება, — მიუგო მკვლელმა მჟღერი ხმით და


თავი ამაყად გადაიქნია.

— ამ კაცის ხელები სისხლითაა მოსვრილი, — უთხრა მამამ ქალიშვილს.

— მე შევუწმენდ, — მიუგო მან.

— კი მაგრამ, თქვენ არც კი იცით, უნდიხართ ამ კაცს, თუ არა, — შეესიტყვა გენერალი


ისე, რომ არც კი მიუთითებია უცნობზე.
140 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE
მკვლელი ელენს მიუახლოვდა. ქალის ლამაზი სახე, თუმცა უმანკო და მკაცრი იყო, მას
ის შინაგანი ცეცხლი ანათებდა, რისი ანარეკლიც სხივს ჰფენდა და თითქოს უფრო
გამოკვეთდა უმცირეს ნაკვთებს და უფაქიზეს ხაზებს. კაცმა მომხიბლავ არსებას სინაზით
აღსავსე თვალებით შეხედა, რომელთა ალი ჯერ ისევ ყველას ელდას სცემდა და
მღელვარებით თქვა: — თქვენს თავგანწირულებას შორს ვიჭერ. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ
თქვენდამი სიყვარული მაქვს. კიდევ იმიტომაც, რომ მამათქვენს მადლობა მინდა გადავუხადო
იმ ორი საათის სიცოცხლისათვის, რომელიც მან მაჩუქა.

— როგორ, თქვენც უარს ამბობთ ჩემზე! — შეჰყვირა ელენმა გულგამგმირავი ხმით, —


მაშ, ყველას უნდა დაგემშვიდობოთ, სიკვდილი მინდა!

— რას ნიშნავს ეს? — ერთბაშად შესძახეს დედამ და მამამ.

ელენმა ხმა არ ამოიღო, დედას დამკითხველი, მრავლისმთქმელი მზერით შეხედა და


თვალები დახარა. იმ წუთიდან, როცა გენერალმა და მისმა ცოლმა სიტყვებითა და
მოქმედებით სცადეს წინააღმდეგობა გაეწიათ ამ უცნაური კაცისთვის, ვინაც მათი ოჯახის
წევრებში ესოდენი უფლება მოიპოვა, იმ წუთიდან, რაც მან ამ ადამიანებს თავის თვალთა
თავზარდამცემი, ცეცხლოვანი მზერა მიმართა, ცოლ-ქმარი ისეთნაირად გაქვავდნენ, რომ
მათმა მოჩლუნგებულმა გონებამ ვერ შეძლო აეცდინა ზებუნებრივი ძალაუფლება, რაც ილაჯს
ართმევდა. გრძნობდნენ ჰაერი არ ჰყოფნიდათ, სულს ძლივს ითქვამდნენ, მაგრამ ამაში იმას
ვერ ამტყუნებდნენ, ვინც მათ ასე თრგუნავდა, მიუხედავად იმისა, რომ შინაგანი ხმა
განუწყვეტლად ჩასძახოდა, სწორედ ამ ჯადოქარშია მიზეზი თქვენი ასეთი უძლურებისაო. ამ
მორალურ სიძაბუნეში გენერალი მაინც მიხვდა, რომ მას ძალა უნდა მოეკრიბა, რათა
ქალიშვილის ნებისყოფაზე გავლენა მოეხდინა, მას წელზე ხელი მოხვია და ფანჯრის სიოსთან
მიიყვანა მკვლელისგან მოშორებით.

— ჩემო ძვირფასო გოგონი, — მიმართა მამამ ხმადაბლა, — შეიძლება რაიმე უცნაური


სიყვარული დაგებადა უეცრად გულში, მაგრამ შენი უმწიკვლო ცხოვრება, შენი წმინდა და,
ღვთისმოსავი სული მიმტკიცებს, რომ შეუპოვარი ხასიათი გაქვს და ფლობ საჭირო ძალებს
იმისთვის, რათა წუთიერ გონებადახშულობას არ აჰყვე. შენი საქციელი რაღაც საიდუმლოებას
ფარავს. ჰოდა, ჩემი გული აღსავსეა მამობრივი შემწყნარებლობით, მიენდე მას. და თუ
კიდევაც დაკოდავ მამის გულს, მე შევძლებ ჩავიხშო ეს მწუხარება და აღსარებას სრულს
საიდუმლოებაში შეგინახავ. მისმინე, იქნება შენს ძმებსა და პატარა დაზე ეჭვიანობ?
სიყვარულმა ხომ არ ჩაიბუდა შენს გულში? უბედური ხომ არა ხარ ოჯახში? მითხარი, ამიხსენი,

141 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


რა მიზეზი გაიძულებს მიგვატოვო, დატოვო შენი ოჯახი და მას წაართვა ის, რაც ყველაფერზე
უფრო ამშვენებს, განშორდე დედას, ძმებს, დას?

— მამიკო, — მიუგო ქალმა, — არც ვეჭვიანობ, არც შეყვარებული ვარ ვინმეში, თვით
თქვენს მეგობარ დიპლომატ ვანდენესშიაც კი.

მარკიზის მეუღლე გაფითრდა, რომელიც მას შესცქეროდა, დადუმდა.

— ადრე თუ გვიან, ხომ უნდა დაგტოვოთ და წავიდე, ხომ უნდა გავიჩინო პატრონი?

— მართალი ხარ.

— განა ჩვენ ოდესმე წინასწარ ვიცით, — განაგრძო მან, — ვის ვუკავშირებთ ჩვენს
ბედს? ეს კაცი მე ვირწმუნე.

— ბავშვო, — აუწია ხმას გენერალმა, — შენ ვერც კი წარმოგიდგენია რაოდენი ჭირ-


ვარამი შეიძლება დაგატყდეს ცხოვრებაში!

— მე მის ჭირ-ვარამზე ვზრუნავ.

— ვინ იცის რა დუხჭირი ცხოვრება გხვდება წილად!

— ეს არის საერთოდ ქალის ცხოვრება, — ჩაიბუტბუტა ქალმა.

— საიდან გაქვს ამდენი ცოდნა? — შეჰყვირა მარკიზის მეუღლემ, რომელსაც სიტყვის


უნარი დაბრუნებოდა.

— ქალბატონო, პასუხებს კითხვები მიკარნახებენ, მაგრამ, თუ გნებავთ უფრო გასაგებად


ვილაპარაკებ.

— ჩემო შვილო, ყველაფერი თქვით, მე ხომ დედა ვარ.

აქ ელენმა დედას შეხედა და ამ მზერამ ცოტა ხნით დააჩუმა მარკიზის მეუღლე.

— ელენ, მე თქვენს საყვედურებს მოვითმენ, თუ გაქვთ საყვედური ჩემდამი, ოღონდ იმას


ნუ შევესწრები, რომ ისეთ კაცს გაჰყვეთ, ვისაც ყველა ზიზღით გაურბის.

— ხომ გესმით, ქალბატონო, რომ ეს კაცი უჩემოდ მთლად მარტოა.

142 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


— კმარა, ხალხნო! — შეჰყვირა გენერალმა, — დღეიდან მხოლოდ ერთი ქალიშვილი
გვყავს! — და მოინას გადახედა, რომელსაც ტკბილად ეძინა, — მონასტერში გამოგკეტავ,

— მიუბრუნდა ის ელენს.

— თქვენი ნებაა, მამაჩემო, — მიუგო მან სასოწარკვეთილი სიმშვიდით. მე იქ ვერ


ვიცოცხლებ. თქვენ კი ჩემი სიცოცხლისა და მისი სულისათვის პასუხს მხოლოდ ღვთის წინაშე
აგებთ.

ამ სიტყვების შემდეგ უღრმესი დუმილი ჩამოდგა.

ეს სცენა მაღალი საზოგადოების ადამიანთა თვალში შეურაცხმყოფელი იყო. ამიტომ


მისი მონაწილენი ერთმანეთისთვის თვალებში შეხედვას ვერ ბედავდნენ. უცებ, მარკიზმა
თავისი რევოლვერები შეამჩნია, ერთს ხელი დაავლო, მარდად ჩახმახი შეაყენა და უცნობს
დაუმიზნა. იარაღის ხმაურზე უცნობი მოტრიალდა და გენერალს მშვიდი, გამჭვალავი
თვალებით შეხედა. გენერალმა ხელში დაუძლეველი სისუსტე იგრძნო, ხელი მძიმედ დაუშვა
და რევოლვერი ხალიჩაზე დაუვარდა...

— ჩემო ქალო, — უთხრა ამ ულმობელი ბრძოლით ილაჯგაწყვეტილმა მამამ. —


თავისუფალი ხართ. დედათქვენს აკოცეთ, თუ ის თანახმაა. მე კი აღარც დანახვა მინდა
თქვენი და აღარც გაგონება...

— ელენ, — მიმართა დედამ, — იფიქრეთ იმაზე, რომ შეიძლება დიდ სიღარიბეში


ჩავარდეთ.

მკვლელს ფართო მკერდიდან ხროტინის მსგავსი ოხვრა აღმოხდა და ყველას მზერა


მიიზიდა. სახეზე ზიზღის გრძნობა გამოეხატა.

— ძვირად მიჯდება ჩემს მირე გაწეული სტუმართმოყვარეობა, — შესძახა გენერალმა


და წამოდგა. — თქვენ დღეს მარტო ერთი მოხუცი კი არა, მთელი ოჯახი გამოასალმეთ
წუთისოფელს. რაც უნდა მოხდეს, ამ ოჯახს უბედურება არ ასცდება.

— თუ თქვენი ქალიშვილი ბედნიერი იქნება? — იკითხა მკვლელმა და გენერალს


ჩააცქერდა.

— თუ ჩემი ქალი თქვენთან ბედნიერი იქნება, — მიუგო მამამ და წარმოუდგენელი

143 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


ძალა დაატანა თავს, — მაშინ აღარაფერს ვინანებ.

ელენმა მორჩილად დაიჩოქა მამის წინაშე და ალერსიანად უთხრა: — მამაჩემო, მე


თქვენ მიყვარხართ და პატივს გცემთ, მიუხედავად იმისა, მთელი თქვენი კეთილი გულის
კარნახით გზას დამილოცავთ, თუ სასტიკად შემრისხავთ... მაგრამ გემუდარებით, თქვენი
უკანასკნელი სიტყვები ნუ იქნება რისხვის სიტყვები.

გენერალმა ვერ გაბედა შვილისთვის შეეხედა. ამ დროს მათ უცნობი მიუახლოვდა,


ელენს რაღაც დემონური, თან ციური ღიმილით შეხედა და უთხრა: — გულმოწყალების
ანგელოზო, რაკი კაცისმკვლელი არ გაშინებთ და მტკიცედ გადაგიწყვეტიათ თქვენი ბედი მას
ჩააბაროთ, წამომყევით.

— თვალებს არ ვუჯერებ! — შესძახა მამამ.

მარკიზის მეუღლემ ქალიშვილს რაღაც არაჩვეულებრივად შეხედა და მკლავები


გაუწოდა. ელენი დედას ტირილით ჩაუვარდა მკლავებში.

— მშვიდობით, დედიკო, მშვიდობით, — ამბობდა ის.

ელენმა უცნობს გაბედულად დაუკრა თავი, ის შეკრთა. მერე მამას ხელზე აკოცა,
საჩქაროდ და უხალისოდ აკოცა მოინას და პატარა აბელს და მკვლელს უკან გაჰყვა.

— სად მიდიან? — იყვირა გენერალმა და გაქცეულთა ფეხის ხმას ყური მიუგდო, —


ქალბატონო, მიმართა მან ცოლს, — თავი სიზმარში მგონია. ამ ამბავში რაღაც საიდუმლოება
იმალება. თქვენ ალბათ, რაიმე იცით.

მარკიზის მეუღლე ცახცახმა აიტანა.

— ეს რამდენიმე ხანია, — მიუგო მან, — თქვენი ქალიშვილი საოცრად რომანტიკული


და აღგზნებული გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდი მისი ხასიათის ამ
მიდრეკილებისათვის წინააღმდეგობა გამეწია...

— ეს მთლად გასაგები არ არის...

ამ დროს გენერალს მოეჩვენა, თითქოს ბაღში მისი ქალისა და უცნობის ნაბიჯების ხმა
გაისმა, ის გაჩუმდა და საჩქაროდ ფანჯარა გააღო.

144 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


— ელენ! — დაიძახა გენერალმა.

მისი ხმა ისე ჩაიძირა ღამეში, როგორც ამაო წინასწარმეტყველება.

ამ სახელის წარმოთქმაზე, უკვე რომ აღარავინ გასცემდა პასუხს, გენერალს თითქოს


რაღაც გრძნეულებით ჯადო მოეხსნა, რაშიც დემონურმა ძალამ გახვია წეღან. მას სახეზე
დაეტყო, რომ უეცრად გონს მოეგო. ისევ ცხადად წამოუდგა წეღან გათამაშებული სცენა და
საკუთარი სისუსტე გაკიცხა. მისი გულიდან სისხლის ცხელმა ნიაღვარმა გადმოხეთქა და
თავსა და ფეხებში დაუარა. გონზე მოვიდა, საშინლად განრისხდა, სამაგიეროს გადახდის
სურვილი აღეძრა და გულშემზარავად იღრიალა: — მიშველეთ! მიშველეთ!

მერე ზარის ზონრებს ეცა და ისე გაშმაგებით მოსწია, რომ დაწყვიტა. მთელ სახლში
არაჩვეულებრივი რეკა ატყდა. მსახურები სწრაფად შემოცვივდნენ. გენერალი კი ყვიროდა
და ყვიროდა, ქუჩის ფანჯრები გაეღო, ჟანდარმებს უხმობდა. მერე რევოლვერებს დაავლო
ხელი და სროლა ატეხა, რომ ცხენოსანი პოლიცია აემოქმედებინა, მსახურები საჩქაროდ
ფეხზე დაეყენებინა, მეზობლები დაეღვიძებინა. ძაღლებმა პატრონის ხმა იცნეს და ყეფას
მოჰყვნენ, ცხენები აჭიხვინდნენ და მიწას ფლოქვების ცემა დაუწყეს. საშინელი ხმაური ატყდა
წყნარსა და მშვიდ ღამეში.

როცა გენერალი კიბეზე ჩარბოდა ქალიშვილის დასადევნებლად, დაინახა, რომ ყოველი


მხრიდან შეშინებული მსახურები მორბოდნენ.

— ჩემი შვილი... ელენი მოიტაცეს! ბაღში გადით! ქუჩაში ჩასაფრდით! ჟანდარმებს


ჭიშკარი გაუღეთ! აბა, ჩქარა, მდევარი მკვლელს!

სიშმაგისაგან ძალამოკრეფილმა მარკიზმა ეზოში დაბმულ ნაგაზს ჯაჭვი მოწყვიტა.

— ელენი! ელენი! — რამდენჯერმე გაუმეორა ყურში.

ძაღლი ლომივით აიფოფრა, გააფთრებით დაიყეფა და ისე სწრაფად გავარდა ბაღში,


რომ გენერალი ვეღარ გაეკიდა. ამ დროს ქუჩაში ცხენების თქარათქური გაისმა და
გენერალმა თვითონ გასწია ჭიშკრის გასაღებად.

— ბრიგადირო, — იყვირა გენერალმა, — გზა მოუჭერით ბატონი დე მონის მკვლელს.


ის ჩემი ბაღებით გარბის. პიკადიის ბორცვებისკენ მიმავალი გზა გადაკეტეთ, ალყა
შემოარტყით ყველა ადგილ-მამულს, ყველა პარკებს, სახლებს... თქვენ კი, — მიუბრუნდა

145 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


თავის მოჯამაგირეებს, — ქუჩას უდარაჯეთ მთელ გზაზე, საგუშაგოდან დაწყებული
ვერსალამდე. აბა, ყველანი წინ!

მან ხელი წამოავლო თოფს, რომლიც კამერდინერმა გამოუტანა, ბაღში გავარდა და


ძაღლს დაუყვირა: — ეძებე!

პასუხად შორიდან საშინელი ყეფა მოისმა და გენერალიც იმ მიმართულებით გაიქცა,


საიდანაც მისი აზრით ძაღლმა დაიყეფა.

დილის შვიდ საათზე გენერლის, მის მსახურთა, მეზობელთა და ჟანდარმთა ძებნა ჯერ
კიდევ უშედეგო იყო. ძაღლი აღარ დაბრუნდა. გასავათებულ, დარდისაგან მოტეხილ მარკიზს
სახლი დაცარიელებული ეჩვენა, თუმცა იქ კიდევ სამი ბავშვი ჰყავდა.

— თქვენ ძალიან გულცივად ეკიდებოდით თქვენს ქალს, — უთხრა ცოლს და შეხედა,


— აი, რა დაგვრჩა მის მოსაგონრად, — დასძინა და ქარგაზე მიუთითა, სადაც ნაქარგზე
ყვავილი იყო დაწყებული. — ამ წუთში ჩემი შვილი აქ იყო, ახლა კი დაგვეკარგა... აღარ
გვყავს!

მამამ თავ-პირში ხელები წაიშინა, აქვითინდა, მერე ცოტა ხნით შეჩერდა. ძალა აღარ
შესწევდა გაჩერებულიყო იმ დარბაზში, რომელიც სულ ცოტა ხნის წინათ ოჯახური
ბედნიერების თვალწარმტაც სურათს წარმოადგენდა. განთიადის სხივები ძლივს მოციმციმე
ლამპებს ეჯიბრებოდნენ. ჩამწვარი სანთლების ძირში ქაღალდის როზეტები იწვოდა.
ყველაფერი ეხმაურებოდა მარკიზის სასოწარკვეთილებას.

— ეს გადავაგდოთ, — თქვა ერთი წუთის დუმილის შემდეგ და ქარგაზე მიუთითა. არ


შემიძლია ვუყურო ნივთებს, რომლებიც ელენს მომაგონებენ...

***

შობის იმ საშინელ ღამეს, როცა მარკიზსა და მის ცოლს თავს უბედურება დაატყდათ
და უფროსი ქალი დაკარგეს, რადგანაც წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს მისი უნებლიე
გამტაცებლის უცნაურ მბრძანებლურ ძალას, — თითქოს ბედისწერამ გამოუგზავნა მათ,
როგორც წინასწარი ნიშანი. მარკიზი მისი ბირჟის მაკლერის გაკოტრებამ გაანადგურა. მან
ცოლის უძრავი ქონება დააგირავა, რათა რომელიღაც სპეკულაციაში ეცადა ბედი და ამ
მოგებით აღედგინა ოჯახის უწინდელი კეთილდღეობა. მაგრამ ამ წამოწყებამ მარკიზი
მთლად გააკოტრა. სასოწარკვეთილი მზად იყო ყველაფერი ეღონა და ბოლოს
146 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE
სამშობლოდან გადაიხვეწა. ექვსი წელიწადი გავიდა მისი წასვლიდან. ოჯახი იშვიათად
ღებულობდა ცნობას, მაგრამ ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ესპანეთი სამხერთ ამერიკის
რესპუბლიკათა დამოუკიდებლობას სცნობდა 27, გენერალმა ოჯახს თავისი დაბრუნება აუწყა.

და აი, ერთ მშვენიერ დილას რამდენიმე ფრანგი ნეგოციანტი, რომელნიც მექსიკასა თუ


კოლუმბიაში სახიფათო მოგზაურობისა და ხანგრძლივი გულმოდგინების ფასად დაგროვილი
დოვლათით სამშობლოში ჩქარობდნენ დაბრუნებას, ბორდოდან რამდენიმე ლიეთი იყვნენ
დაშორებული ერთ ესპანურ ბრიგს. ერთი კაცი, რომელიც, ეტყობოდა, ცხოვრების ჭირ-ვარამსა
და დარდს უფრო დაებერებინა, ვიდრე ასაკს, ქიმის საფარს ზურგით მიყრდნობოდა და
თითქოს სრულიად გულგრილი იყო იმ სურათის მიმართ, რომელიც გემბანზე გამოფენილ
მგზავრთა თვალწინ იშლებოდა. რაკი ნაოსნობის ფათერაკები უკან დარჩენოდათ, კარგი
ამინდით მოხიბლული მგზავრნი გემბანზე გამოსულიყვნენ, რათა მშობლიურ მიწას
მისალმებოდნენ. თითქმის ყველას აუცილებლად უნდოდა შორიდანვე დაენახა შუქურები,
გასკონის შენობები, კორდუანის კოშკი 28, ბამბისქულა ღრუბლებს რომ შერეოდნენ ცის
დასალიერზე. ბრიგის ცხვირთან მოვერცხლისფრო ფოჩს რომ არ ექანავა და მის უკან კვალი
არ გაშლილიყო, მოგზაურები იფიქრებდნენ, ხომალდი ერთ ადგილზეა გაჩერებული შუა
ოკეანეშიო, იმდენად მშვიდი იყო ოკეანე. ცის გუმბათი თვალისმომჭრელად ბრწყინავდა.
შეუმჩნევლად ეკარგებოდა ლაჟვარდის ფერი ცის კამარას და წყლის მოლურჯო ფერში
ირეოდა. იმ ადგილას კი, სადაც ისინი ერთმანეთს ერწყმოდნენ, ვარსკვლავებით
თვალისმომჭრელად ბრწყინავდა ჰორიზონტის ხაზი. ბრიგზე იალქნებს ნელი, საამო სიო
ბერავდა და თოვლივით ქათქათა ტილო, მოფრიალე ყვითელი ალმები და გამსართავის
ლაბირინთი მკვეთრად ისახებოდნენ ჰაერში ცისა და ოკეანის ლაჟვარდოვან ფონზე. მათ
მხოლოდ იალქნებიდან დაცემული ჩრდილები უცვლიდა ელფერს. საუცხოო ამინდი, გრილი
ნიავი, სამშობლოს ნაპირები, წყნარი ზღვა, ტალღათა სევდისმომგვრელი შხაპუნი, პაემანზე
მიმავალი ქალის მსგავსად ოკეანეზე განმარტოებულად მოსრიალე ბრიგი, — ეს ყველაფერი
ჰარმონიულობით აღსავსე სურათს წარმოადგენდა. მონანავე ხომალდზე აღმაფრენილ
ადამიანის სულს ამის ხილვაზე ურყევი სივრცეები შეეძლო მოეცვა. აქ საოცარ
წინააღმდეგობას დაესადგურებინა მარტოობასა და სიცოცხლეს შორის, სიჩუმესა და ხმაურს
შორის, და არავინ იცოდა, სად იწყებოდა ხმაური და სიცოცხლე, სად — არყოფნა და დუმილი.
ამ ციურ სილამაზეს სულიერის არავითარი ხმა არ არღვევდა. ესპანელი კაპიტანი, ფრანგი
მეზღვაურები, ზოგნი ისხდნენ, ზოგიც ფეხზე იდგა და მოგონებებით აღსავსე რაღად

27 ესპანეთმა სამხრეთ ამერიკის რესპუბლიკათა დამოუკიდებლობა 1826 წელს სცნო.


28 კორდუანის კოშკი - შუქურა საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე.

147 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


აღფრთოვანებულ განცდას მისცემოდა. ჰაერში მოთენთილობა იღვრებოდა. მხიარული
სახეები იმას მეტყველებდნენ, რომ განვლილი ჭირ-ვარამი სრულიად დავიწყებოდათ,
ხომალდი კი ისე არწევდა მათ, როგორც ზღაპრულ სიზმარში. მაგრამ ის ხანში შესული
მგზავრი, ქიმის საფარზე რომ იყო ზურგმიყრდნობილი, წამდაუწუმ შეშფოთებით იყურებოდა
დასავლეთისკენ. მისი სახის ყოველ ნაკვთში ბედისადმი ერთგვარი უნდობლობა
გამოსჭვიოდა და თითქოს ეშინოდა, საფრანგეთის მიწა-წყალზე ფეხის დადგმა არ
შემაგვიანდესო. ეს კაცი მარკიზი დ’ეგლემონი იყო. ბედი არ დარჩა გულგრილი მისი
მუდარისა და მისი გულმოდგინებისადმი. ხუთი წლის დაძაბული და აუტანელი შრომის
შედეგად კარგი ქონების პატრონი გახდა. იმდენად ჩქარობდა თავის სამშობლოში
დაბრუნებას და ოჯახში გაბედნიერებას, რომ ჰავანიდან მომავალი რამდენიმე ფრანგი
ნეგოციანტის მსგავსად, ბორდოში მიმავალ ესპანურ ბრიგზე გადაჯდა. მუდამ უბედურების
გათვალისწინებით მოღლილი მისი გონება წარსული ბედნიერების მომხიბლავ სურათებს
უხატავდა და როცა შორიდან მიწის ყავისფერ ზოლს მოჰკრა თვალი, მოეჩვენა, რომ უკვე
ცოლსა და შვილს ხედავდა. უკვე შინ იყო, თავის კერაში, გრძნობდა თავისიანების სითბოს
და ალერსს. თვალწინ წარმოუდგა მოინა, გალამაზებული, გაზრდილი, ქალიშვილივით
დადინჯებული. როცა ამ წარმოსახვითმა სურათმა ერთგვარი ხორცი შეისხა, მარკიზს
თვალებზე ცრემლი ჩამოუგორდა. და მაშინ, მღელვარების დასაფარად, დასალიერს გახედა,
სწორედ იმის საწინააღმდეგო მხარეს, სადაც დანისლული ხაზი ნაპირს მოასწავებდა.

— ისევ ის არის, — თქვა მარკიზმა, — ჩვენ მოგვდევს.

— რა ამბავია? — შეჰყვირა ესპანელმა კაპიტანმა.

— ხომალდია, — მიუგო ხმადაბლა გენერალმა.

— ეგ ხომალდი გუშინვე შევამჩნიე, — თქვა კაპიტანმა გომესმა.

მან გენერალს შემკითხველი თვალით შეხედა და ყურში უთხრა: — სულ ასე მოგვდევს
უკან.

— ვერ გამიგია, რატომ აქამდე ვერ დაგვეწია, — განაგრძო ძველმა მეომარმა, —


იალქნები ხომ ამ წყეულ „წმინდა ფერდინანდზე“ უკეთესი აქვს.

— რაიმე ექნება დაზიანებული, ნახვრეტი თუ გაუჩნდა...

— გვეწევა! — შეჰყვირა გენერალმა.


148 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE
— ეგ კოლუმბიელი მეკობრეა, — უთხრა ყურში კაპიტანმა. — ნაპირს ჯერ ექვსი ლიეთი
ვართ დაშორებული, ქარი კი შენელდა.

— მოფრინავს, კი არ მოდის, თითქოს იცის, რომ ორი საათის შემდეგ მსხვერპლი


ხელიდან გაუსხლტება. ხედავთ, რა თავგამოდებით მოიჩქარის!

— ის არის! — შესძახა კაპიტანმა. — ტყუილად კი არ ეძახიან „ოტელოს“. მაგან ამას


წინათ ესპანური ფრეგატი ჩაძირა, თავად კი ოცდაათიოდე ზარბაზანი ექნება, მეტი არა!

— სწორედ მაგისი მეშინოდა, რადგან ვიცოდი, ანტილის კუნძულებთან კრეისერობდა...


— უჰ, უჰ, ქარმა იმძლავრა, — განაგრძო მან ცოტა ხნის დუმილის შემდეგ, თან თავისი
ხომალდის აფრებს ათვალიერებდა, — მგონი, გავაღწევთ სამშვიდობოს. ძალიან უნდა
ვეცადოთ, თორემ პარიზელმა დანდობა არ იცის.

— არც ის არის ერთ ადგილზე გაჩერებული! — მიუგო მარკიზმა.

„ოტელო“ უკვე სამიოდე ლიეზე იყო ბრიგისაგან. თუმცა ეკიპაჟს გომესისა და მარკიზის
საუბარი არ გაუგონია, ხომალდის გამოჩენამ მეზღვაურთა და მგზავრთა უმრავლესობის
ყურადღება მიიპყრო და ისინი იმ ადგილს მიუახლოვდნენ, სადაც მოსაუბრენი იდგნენ.
უმრავლესობას ეგონა ბრიგი კომერციული ხომალდი იყო და ცნობისმოყვარეობით
შესცქეროდნენ, სანამ უეცრად ერთმა მეზღვაურმა არ შეჰყვირა თავის ხატოვან ენაზე: —
წმინდაო იაკობ! გამოგვეჭრა ყელი და ეგ არის! ეს ხომ თვითონ პარიზელია.

ამ თავზარდამცემ სახელზე მთელი ბრიგი შიშმა აიტანა და ენით აუწერელი ჩოჩქოლი


ატყდა. კაპიტნის ბრძანებაზე მეზღვაურები თვალისდახამხამებაში ენერგიულად შეუდგნენ
საქმეს. მოახლოებული განსაცდელით შეშინებულმა კაპიტანმა, რომელიც ცდილობდა, რადაც
არ უნდა დაჯდომოდა, ჩქარა მისდგომოდა ნაპირს, ბრძანა ხომალდზე ყველა მაღალი და
დაბალი დამატებითი აფრები აემართათ, მარჯვენა და მარცხენა ფერდები აეწიათ, რათა ქარს
ქანდარებზე დაჭიმული ყველა იალქანი რაც შეიძლება კარგად გაებერა. ეს მანევრი დიდი
გაჭირვებით შეასრულეს. გასაკვირი არ არის, რომ მათ ის არაჩვეულებრივი მთლიანობა
აკლდა, რაც ესოდენ დიდ აღტაცებას იწვევს სამხედრო გემზე. ამასობაში „ოტელო“
მერცხალივით მოფრინავდა მისი საუცხოოდ დაყენებული იალქნების წყალობით, მაგრამ არ
ეტყობოდა, თუ ბრიგს ძალიან ეწეოდა. ამიტომ საცოდავ ფრანგ მეზღვაურებს გული ნეტარი
იმედებით ჰქონდათ სავსე. უეცრად, სწორედ იმ წუთში, როცა არაჩვეულებრივი ძალდატანების
შედეგად „წმინდა ფერდინანდმა“ სვლას აუჩქარა იმ მოხერხებული მანევრების წყალობით,

149 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


რომლებშიც თვით გომესი იღებდა მონაწილეობას საკუთარი ხელებითა თუ მითითებებით,
მესაჭემ გვერდულად მოაბრუნა ხომალდი. ქარმა იალქნებს გვერდიდან დაჰბერა და ისინი
ისე სწრაფად აღმოჩდნენ „გარდიგარდმო“ ქარზე, რომ მაშინვე გამოვიდნენ ქარის ხაზიდან.
მაშველ იალქნებს ქანდარები გადაუტყდა და ხომალდი ერთიანად „გამოითიშა“.
გააფთრებულ კაპიტანს თავის იალქნებზე უფრო თეთრი სახე ჰქონდა. ერთი ნახტომით
მესაჭეს ეცა და დაშნა გაშმაგებით მოუღერა, მაგრამ ააცდინა და ხელის კვრით გადაუძახა
ზღვაში. შემდეგ თვითონ ჩაეჭიდა საჭეს და შეეცადა როგორმე გამოესწორებინა ეს აუწერელი
ზიანი, რამაც დიდი არევდარევა შეიტანა მის გმირულ, მრავალ ქარ-ცეცხლში გამოვლილ
ხომალდში. მას სასოწარკვეთილებისაგან თვალებზე ცრემლი მოსდგომოდა, რადგან ჩვენი
შრომით მოპოვებული შედეგების ღალატი უფრო დიდ მწუხარებას გვაყენებდა, ვიდრე თვით
გარდაუვალი სიკვდილი. მაგრამ, რაც უფრო იწყევლებოდა კაპიტანი, მით უარესად მიდიოდა
საქმე. მან თვითონ ისროლა სასიგნალო ზარბაზანი იმ იმედით, რომ ნაპირზე გააგონებდა.
ამასობაში მეკობრეთა ხომალდმა, რომელიც საშინელი სისწრაფით მოიწევდა, ზარბაზნის
გასროლითვე უპასუხა. ყუმბარა „წმინდა ფერდინანდიდან“ სულ რაღაც ათიოდე ტუაზის
მანძილზე დაეცა.

— დასწყევლოს ღმერთმა! — შესძახა გენერალმა. — როგორ უმიზნებენ! მაგათ


საგანგებო საზღვაო ზარბაზნები აქვთ.

— ეჰ, მაგან თუ ხმა ამოიღო, ჩვენ უნდა დავჩუმდეთ, მეტი გზა არა გვაქვს, — თქვა
რომელიღაც მეზღვაურმა. — „პარიზელს“ ინგლისური ხომალდისაც კი არ ეშინია...

— წასულია ჩვენი საქმე, — უიმედოდ ჩაიქნია ხელი კაპიტანმა და დურბინდი ნაპირისკენ


მიმართა, მაგრამ ეტყობოდა ვერაფერი დაინახა, — ჩვენ უფრო შორს ვყოფილვართ
საფრანგეთიდან, ვიდრე მეგონა.

— რისთვის წარიკვეთეთ იმედი? — უთხრა გენერალმა. — თქვენი მგზავრები ყველანი


ფრანგები არიან, თქვენი ხომალდი მათი დაქირავებულია. ეგ მეკობრე კი, როგორც ამბობთ,
პარიზელი ყოფილა. მაშ აუშვით თეთრი ბაირაღი და...

— და იმწამსვე ფსკერზე ჩაგვიშვებს, — მიუგო კაპიტანმა, — რაც უნდა მოხდეს, მაგას


არაფერი შეაჩერებს, თუ საქმე მდიდარი ნადავლის ხელში ჩაგდებას ეხება.

— კი მაგრამ, თუ მეკობრეა...

150 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


— მეკობრე? — თქვა მეზღვაურმა მწყრალად. — ეგ ყოველთვის კანონის მიხედვით
მოქმედებს. იცის რასაც სჩადის.

— მაშ, მივენდოთ ბედისწერას, — შესძახა გენერალმა და თვალები ზეცას მიაპყრო. მას


ძალა ეყო ცრემლები შეეკავებინა.

მარკიზს ეს სიტყვები დამთავრებული არ ჰქონდა, რომ ზარბაზანი მეორედ გავარდა.


ამჯერად უფრო მარჯვედ დამიზნებული ყუმბარა „წმინდა ფერდინანდს“ კორპუსში მოხვდა და
გახვრიტა.

— დრეიფზე დადექით! — გასცა ბრძანება შეწუხებულმა კაპიტანმა. მეზღვაური, წეღან


რომ „პარიზელის“ პატიოსნებას იცავდა, კაპიტანს ძალიან მოხერხებულად დაეხმარა ამ
უიმედო მანევრის შესრულებაში. ეკიპაჟმა საშიში ნახევარი საათი გაატარა უმძიმეს სულიერ
განწყობილებაში. „წმინდა ფერდინანდს“ თან მიჰქონდა ოთხი მილიონი პიასტრის
რაოდენობის ხუთი მგზავრის ქონება. გენერალი კი ერთი მილიონ ასი ათასი ფრანკით
ბრუნდებოდა სამშობლოში. და აი, „ოტელოზე“, რომელიც უკვე ათი თოფის გასროლის
მანძილზე იქნებოდა მოახლოებული, მკვეთრად გამოისახა თორმეტი ზარბაზნის მრისხანე
ლულა, რომლებიც მზად იყვნენ სროლის დასაწყებად. ის ისე მოჰქროდა, გეგონებოდათ
დემონი უბერავდა ზურგში ქარის მაგივრად. მაგრამ მრავალნახული მეზღვაურის თვალი
ადვილად სწვდებოდა ამ სისწრაფის საიდუმლოს. ამის გასაგებად საკმარისი იყო ოდნავ
დაჰკვირვებოდით ბრიგის გამალებულ სვლას, მის წაგრძელებულ, ვიწრო კორპუსს, მაღალ
რანგოუტს, მისი იალქნების ჭრილობას, მის საუცხოო, მსუბუქ აღჭურვილობას; საკმარისი იყო
დაგენახათ, როგორ ყოჩაღად, შეთანხმებულად, როგორც ერთი კაცი, ფუსფუსებდნენ
იალქნების გარშემო და ქარზე ჭიმავდნენ მათ თეთრ ზედაპირს მეზღვაურები. ამ მოხდენილ
ხის ნაგებობაში თითქოს ყველაფერი თავისი ძლიერების რწმენით სუნთქავდა; ის ისეთი
მოძრავი და გამგონი იყო, როგორც საბრძოლო ცხენი ან მტაცებელი ფრინველი. მეკობრეთა
ხომალდის მეზღვაურები ხმას არ იღებდნენ და მზად იყვნენ წინააღმდეგობის გაწევის
შემთხვევაში გაენადგურებინათ ის უბადრუკი სავაჭრო გემი, რომელიც მისდა საბედნიეროდ
მასწავლებლის მიერ დანაშაულზე წასწრებული მოწაფესავით გაყუჩებულიყო.

— ჩვენც ხომ გვაქვს ზარბაზნები, — შესძახა გენერალმა და ესპანელ კაპიტანს ხელი


წაავლო.

ამ უკანასკნელმა ძველ მეომარს ვაჟკაცური, მაგრამ სასოწარკვეთილი თვალებით


შეხედა და უთხრა: — ხალხი საიდანღა მოვიყვანოთ?
151 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE
მარკიზმა წმინდა ფერდინანდის ეკიპაჟს გადახედა და შეძრწუნდა, ვაჭრებს სახეზე ფერი
აღარ ედოთ, საშინლად ცახცახებდნენ. მეზღვაურებს კი თავი მოეყარათ და ალბათ, იმაზე
თათბირობდნენ, როგორ გადასულიყვნენ „ოტელოზე“. ისინი მეკობრის ხომალდს ხარბი
ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდნენ. მხოლოდ ბოცმანი, კაპიტანი და მარკიზი
შეჰყურებდნენ უსიტყვოდ ერთმანეთს და კეთილშობილებით გამსჭვალულ აზრებს
უზიარებდნენ.

— ეჰ, კაპიტანო გომეს, კარგა ხანია ჩემს სამშობლოსა და ოჯახს დაშორებული ვარ,
გული მიკვდება დარდისგან! ნუთუ ბედმა ისევ მათთან განშორება მომისაჯა სწორედ იმ წუთში,
როცა ჩემი შვილებისათვის ბედნიერება მიმაქვს?

გენერალმა ზურგი იბრუნა და ცხარე ცრემლები ზღვაში ჩააფრქვია. შემდეგ შენიშნა,


რომ მათმა მესაჭემ მეკობრეთა ბრიგთან მისცურა.

— ამჯერად, — მიუგო კაპიტანმა, — აშკარად სამუდამოდ გამოეთხოვებით თქვენს ოჯახს.

ესპანელი კაპიტანი ფრანგი გენერლის შეშლილმა გამოხედვამ შეაძრწუნა. ამასობაში


ორი ხომალდი ერთმანეთს გვერდიგვერდ მიუდგა. და როცა გენერალმა მტრის ხომალდის
ეკიპაჟი დაინახა, მაშინვე ირწმუნა კაპიტანი გომესის საბედისწერო წინასწარმეტყველება.
თითო ზარბაზანთან სამ-სამი კაცი იდგა. ისინი ბრინჯაოს ქანდაკებებს ჰგავდნენ თავიანთი
ათლეტური აღნაგობით, ტლანქი სახეებითა და დაძარღვული შიშველი მკლავებით. ტყვია
რომ გესროლათ, ძირს არ დაეცემოდნენ. კარგად შეიარაღებული მოძრავი, მარჯვე და მამაცი
მეზღვაურები ერთ ადგილზე გაჭიმულიყვნენ. მათ გარუჯული, მუშაობისაგან გატლანქებული,
ენერგიული სახეები ჰქონდათ, თვალები ცეცხლის ალივით ანთებოდათ, ჯოჯოხეთური
სიხარულით უელავდათ. საოცარ სიჩუმეს დაესადგურებინა ადამიანებისა და მათი
ქუდებისაგან ჩაშავებულ გემბანზე, რაც იმ სასტიკ დისციპლინას მოწმობდა, რომლის
წყალობითაც ამ ადამიანის სახის დემონთა ურყევი ნებისყოფა იყო მოტეხილი. მეკობრეთა
უფროსი გროტ-ანძის ძირში გულხელდაკრეფილი იდგა. ის არ იყო შეიარაღებული, მხოლოდ
ერთი ცული ეგდო ფეხებში. მზისგან დასაცავად ფართოფარფლიანი თექის ქუდი ეხურა,
რომელიც სახეს უჩრდილავდა. მეზარბაზნეები, ჯარისკაცები და მეზღვაურები პატრონის
ფეხებთან გართხმული ძაღლებივით, ხან კაპიტანს შეხედავდნენ, ხან სავაჭრო ბრიგზე
გადაიტანდნენ მზერას და ისევ კაპიტანს მიაჩერდებოდნენ. ბრიგების ერთმანეთზე შეჯახებამ
მეკობრე ფიქრებიდან გამოიყვანა და იქვე, ორიოდე ნაბიჯზე მდგარ ახალგაზრდა თანაშემწეს
ყურში რაღაც უთხრა: — აბორდაჟზე გადადით! — გასცა ბრძანება ახალგაზრდა მეკობრემ.

152 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


„ოტელომ“ საოცარი სისწრაფით აიყვანა აბორდაჟზე „წმინდა ფერდინანდი“. მეკობრეთა
ბელადი ხმადაბლა იძლეოდა განკარგულებებს. მისი თანაშემწე კი სხვებს უმეორებდა, თუმცა
ყოველი მათგანისთვის ისეც ცნობილი იყო თავისი მოვალეობა. ისინი ისე მშვიდად
გადავიდნენ სავაჭრო ბრიგის გემბანზე, თითქოს წირვაზე მიმავალი სემინარიელები
ყოფილიყვნენ. მათ მეზღვაურებსა და მგზავრებს ხელები შეუკრეს და ნადავლს დაეპატრონენ.
მერე თვალის დახამხამებაში „წმინდა ფერდინანდიდან“ „ოტელოზე“ გადაათრიეს
პიასტრებითა და ეკიპაჟის სანოვაგით სავსე კასრები. როცა გენერალს ხელები შეუკრეს და
ერთ დიდ ბარდანაზე დააგდეს, თითქოს ისიც რაღაც საქონელი ყოფილიყოს, მოეჩვენა, რომ
ეს ყველაფერი სიზმარი იყო. მეკობრეს, მის თანაშემწესა და ერთ მეზღვაურს შორის,
რომელიც, ეტყობოდა, ბოცმანის მოვალეობას ასრულებდა, თათბირი გაიმართა. თათბირი
მოკლე იყო და როცა დასრულდა, მეზღვაურებმა დაუსტვინეს. მიცემულ ბრძანებაზე ყველანი
„წმინდა ფერდინანდზე“ გადახტნენ ანძებზე აცოცდნენ და ისეთი სისწრაფით დაიწყეს
იალქნებისა და აღჭურვილობის მოძრობა, როგორც ბრძოლის ველზე მოკლულ ამხანაგს
აძრობს ჩექმებსა და ფარაჯას დახარბებული ჯარისკაცი.

— ეს რა ამბავია? — იკითხა გენერალმა.

— მოვიდა ჩვენი აღსასრული, — უთხრა მარკიზს გულგრილად ესპანელმა, რომელიც


სამი ბელადის ჟესტებსა და მეზღვაურთა მოძრაობას უთვალთვალებდა, სანამ ისინი
ერთმანეთში თათბირობდნენ და ბრიგის აღჭურვილობას იტაცებდნენ.

— რატომ ფიქრობთ? — მშვიდად იკითხა გენერალმა.

— თქვენ რა გგონიათ, ბოდიშებს დაგვიწყებდნენ? — მიუგო ესპანელმა. ეტყობა, წეღან


მოითათბირეს, რომ „წმინდა ფერდინანდის“ გაყიდვა საფრანგეთისა თუ ესპანეთის
ნავსადგურებში გაუჭირდებათ და ახლა უნდათ ჩაძირონ თავიდან მოსაშორებლად. ჩვენ კი...
არც ჩვენთვის შეიწუხებენ თავს, რომ გვაჭამონ და გვასვან, როცა თვითონაც არ იციან, რომელ
ნავსადგურს მიადგნენ.

კაპიტანს ეს სიტყვები დამთავრებულიც არ ჰქონდა, რომ გენერალს გულგამგმირავი


ყვირილი შემოესმა, რასაც ყრუ შხაპუნი მოჰყვა იმით გამოწვეული, რომ წყალში რამდენიმე
კაცი გადააგდეს. მობრუნდა და მისი თანამგზავრი ოთხი ვაჭარი ვეღარ დაინახა. რვა
გააფთრებულ მეზარბაზნეს ხელები ჯერ კიდევ მაღლა ჰქონდა აწეული, როცა გენერალმა
მათ ძრწოლვით შეხედა.

153 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


— რას გეუბნებოდით? — მშვიდად ჰკითხა ესპანელმა.

მარკიზი მარდად წამოხტა. ზღვა უკვე დაწყნარებულიყო და ის ადგილიც კი ვეღარ


გაარჩიეს, სადაც მისი უბედური თანამგზავრები ჩაიძირნენ. ამ წუთში ისინი შეკრული ხელ-
ფეხით წყალქვეშ ფართხალებდნენ, თუ უკვე მტაცებელი თევზების ნადავლად არ იყვნენ
ქცეულნი. მარკიზისაგან რამდენიმე ნაბიჯზე „წმინდა ფერდინანდის“ მოღალატე მესაჭე და ის
მეზღვაური, რომელიც ამას წინათ პარიზელი კაპიტნის ყოვლისშემძლეობას ასხამდა ხოტბას,
მეკობრეებთან დაძმობილებულიყვნენ და მათ თითით სავაჭრო ბრიგის იმ მეზღვაურებზე
ანიშნებდნენ, რომლებსაც „ოტელოს“ ეკიპაჟში მიღების ღირსად თვლიდნენ. ხოლო
დანარჩენებს ორი იუნგა უკვე ფეხებს უკრავდა, მიუხედავად მათი საშინელი წყევლა-
კრულვისა. გადარჩევა რომ დასრულდა, რვა მეზარბაზნემ სიკვდილმისჯილთ ხელი
წამოავლეს და უბოდიშოდ გადაუძახეს ზღვაში. მეკობრენი გესლიანი ცნობისმოყვარეობით
შეჰყურებდნენ, როგორი შეშლილი სახეებითა და საშინელი ტანჯვით ცვიოდნენ ადამიანები
ზღვაში. თვით მათი სახეები არც დაცინვას, არც გაკვირვებას, არც სიბრალულს არ
გამოხატავდა. ეს მათთვის, ეტყობოდა სულ უბრალო და ჩვეული საქმე იყო. ხნიერები უფრო
მეტ ინტერესს იჩენდნენ და კუშტი, პირზე შეყინული ღიმილით შეჰყურებდნენ პიასტრებით
სავსე კასრებს გროს-ანძის ძირში რომ ელაგა. გენერალი და კაპიტანი გომესი ბარდანაზე
ისხდნენ და თითქოს ერთმანეთს ჩამქრალი თვალებით ეთათბირებოდნენ. სულ მალე „წმინდა
ფერდინანდის“ მთელი ეკიპაჟიდან მხოლოდ ისინი აღმოჩნდნენ ცოცხალნი. შვიდი
მეზღვაური, რომლებიც ესპანელებში ორმა მოღალატემ შეარჩია, სიხარულით
გადაქცეულიყვნენ პერუელებად.

— ხედავ, რა არამზადები არიან? — შეჰყვირა უეცრად გენერალმა, რომელსაც


პატიოსნებამ და კეთილშობილმა გულისწყრომამ მთლად დაავიწყა დარდიც და
სიფრთხილეც.

— ეს ადამიანები აუცილებლობას ემორჩილებიან, — მიუგო გომესმა გულგრილად, —

თქვენ რომ ერთ-ერთი მათგანი შეგხვედროდათ, ხომ გაუყრიდით ხმალს?

— კაპიტანო, — მიუტრიალდა ახალგაზრდა მეკობრე ესპანელს, — პარიზელს


გაგონილი აქვს თქვენს შესახებ, და ამბობს, რომ თქვენ ერთადერთი კაცი ხართ, ვინც კარგად
იცნობს ანტილის კუნძულების სრუტეებს და ბრაზილიის ნაპირებს. ხომ არ გინდათ...

კაპიტანმა ზიზღით სიტყვა შეაწყვეტინა: — მე ისე მოვკვდები, როგორც შეეფერება

154 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


მეზღვაურს, ერთგულ ესპანელს, ქრისტიანს... გაიგე?

— სწრაფად, ზღვაში! — იყვირა ახალგაზრდა მეკობრემ. ბრძანებაზე ორმა მეზარბაზნემ


გომესს ხელი სტაცა.

— უსინდისოებო, ლაჩრებო! — შეჰყვირა გენერალმა და სცადა მეკობრენი შეეჩერებინა.

— ეჰეი, ბიძიკო, — უთხრა პარიზელის თანაშემწემ, — რა თავს იდებ! ეგ თქვენი წითელი


ბაფთი ჩვენს კაპიტანზე მოქმედებს რაღაცნაირად, თორემ მე ფეხებზეც არა მკიდია... დამაცათ,
მოვურიგდებით ერთმანეთს.

სწორედ ამ წუთში გენერალს ყრუ ხმაური შეესმა, რასაც არავითარი გმინვა არ


მოჰყოლია, და მიხვდა, რომ მამაცი კაპიტანი გომესი ჭეშმარიტი მეზღვაურის სიკვდილით
დაიღუპა.

— ან ჩემი ქონება, ან სიკვდილი! — შესძახა საშინლად გააფთრებულმა გენერალმა.

— ხე, ხე! თავში ჭკუა გქონია, — მიუგო მეკობრემ დაცინვით, — ახლა კი ნამდვილად
მიიღებ ჩემგან ხურდას...

მერე მის ნიშანზე ორი მეზღვაური ფრანგს მივარდა ფეხების შესაკრავად. მაგრამ ამ
უკანასკნელმა მამაცურად დაუწყო მოგერიება და უეცრად, ყველასთვის სრულიად
მოულოდნელად, მეკობრეს გვერდიდან ხმალი ამოაძრო და ისე ოსტატურად დაიწყო აქეთ-
იქით ქნევა, როგორც თავისი ხელობის მცოდნე კავალერიის გენერალს შეეფერებოდა.

— ჰაი, თქვე ავაზაკებო! ვერ ეღირსებით, რომ ნაპოლეონის გვარდიის ძველი ჯარისკაცი
ხამანწკასავით წყალში გადაუძახოთ!

ურჩი ფრანგისადმი მიბრჯნით დამიზნებული დამბაჩების გასროლამ „პარიზელის“


ყურადღება მიიპყრო, რომელიც ამ დროს იმით იყო გართული, რომ უთვალთვალებდა,
როგორ გადმოჰქონდა მისი ბრძანებით „წმინდა ფერდინანდიდან“ აღჭურვილობა. წარბიც არ
შეუხრია, მამაც გენერალს ზურგიდან მიუახლოვდა, ჩააფრინდა, სწრაფად წამოაგდო და
ქიმისაკენ გაათრია, რათა ზღვაში გადაეგდო, როგორც რაიმე უვარგისი ნივთი. მაგრამ ამ
დროს გენერლის თვალები მისი ქალიშვილის გამტაცებლის ონავარ თვალებს შეხვდნენ. სიძე-
სიმამრმა მაშინვე იცნო ერთმანეთი. კაპიტანმა იმწამსვე პირი იბრუნა და ტყვე მოპირდაპირე
მხარეს წაიღო, თითქოს ბუმბულივით მჩატე იყო, მაგრამ ზღვაში კი არ გადააგდო, გროსანძის

155 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


ძირში დააყენა ფეხზე. გემბანზე ბურდღუნი გაისმა. მაშინ მეკობრემ თავის ხალხს ერთი
გადახედა და გემზე მაშინვე უღრმესი დუმილი გამეფდა.

— ეს კაცი ელენის მამაა! — წარმოთქვა კაპიტანმა გარკვევით და მტკიცედ. — ვაი იმას,


ვინც მას პატივით არ მოეპყრობა!

სიხარულის „ვაშამ“ შესძრა გემბანი და ისე ავარდა ცაში, როგორც ლოცვა ტაძარში,
როგორც პირველი სიტყვები Te Deum 29-ისა. იუნგები გემსართავებზე ქანაობდნენ,
მეზღვაურები ქუდებს ცაში ისროდნენ, მეზარბაზნეები ფეხებს აბაკუნებდნენ. შეშლილებივით
ღმუოდნენ, სტვენდნენ, ილანძღებოდნენ. ამ ფანატიკური მხიარულების გამოვლინებამ
გენერალი შეაძრწუნა, მოიღუშა. ეს ყველაფერი რაღაც დიდ საიდუმლოებას მიაწერა და
როგორც კი სიტყვის უნარი დაუბრუნდა, იკითხა:

„ჩემი ქალი! სად არის ჩემი ქალი?“ მეკობრემ გენერალს ერთი ის ღრმა მზერა მიაპყრო,
რომელიც ყოველთვის იარაღს ჰყრიდა თვით ყველაზე უფრო მამაც ადამიანებს, მაგრამ
არავის ესმოდა ეს რატომ ხდებოდა. მარკიზი დადუმდა, რითაც მეზღვაურნი დიდად ნაამები
დარჩნენ, ვინაიდან დარწმუნდნენ, რომ მათი უფროსის მბრძანებლობა ყველაზე
ვრცელდებოდა. კაპიტანი გენერალს გაუძღვა, კიბეზე ჩაიყვანა, რომელიღაც კაიუტაში
მიაცილა, კარი სწრაფად შეაღო და უთხრა: — აი თქვენი ქალი.

მერე თვითონ გაქრა. ძველი მეომარი კი გაოგნებული შეჰყურებდა მის თვალწინ


გადაშლილ სურათს. ელენი დივანზე ისვენებდა და როცა გაიგონა, რომ ვიღაც აჩქარებით
აღებდა მისი ოთახის კარს, წამოდგა. მარკიზი რომ დაინახა, გაოცებულმა შეჰყვირა. თვითონ
იმდენად იყო შეცვლილი, რომ მხოლოდ მამის თვალებს შეეძლო მისი ცნობა. ტროპიკული
მზის სხივებზე თეთრყირმიზი სახე ხორბლისფერი გახდომოდა და პოეტური შთაგონების იერი
მიეღო. მისი სახის ნაკვთები კეთილშობილებით სუნთქავდნენ, მის სახეში ის სულიერი
სიდიადე და გრძნობათა სიღრმე გამოსჭვიოდა, რაც უთუოდ, ყველაზე უფრო ტლანქ
არსებათაც კი აღელვებდა. გრძელი, ხშირი თმა მსხვილ კულულებად ეყარა მხრებსა და
კეთილშობილი მოყვანილობის კისერზე და უფრო მბრძანებლურ იერს აძლევდა მის ისედაც
ზვიად სახეს.

ქალის პოზასა და მიხრა-მოხრაში იგრძნობოდა, რომ მას შეგნებული აქვს, თუ რაოდენ


ძლიერია. ვარდისფერი ცხვირის ნესტოები ოდნავ ებერებოდა დაკმაყოფილებული

29 Te Deum (ლათ.). - მოწყალების გამომთხოვი კათოლიკური ლოცვა.

156 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


თავმოყვარეობისაგან და მის გაფურჩქვნილ სილამაზეს შეუმღვრეველი ბედნიერების ნიშანი
ესვა. მასში შეხამებული იყო ერთგვარი ქალწულებრივი მშვენიერება და ის განსაკუთრებული
სიამაყე, რაც იმ ქალთათვისაა დამახასიათებელი, რომლებიც უყვართ. ამ ქალს, თვითონ
მონას და მეუფეს, მორჩილება სურდა, რადგან თვითონაც შეეძლო მბრძანებლობა. მისი
ჩაცმულობა მდიდრული, კოხტა და დახვეწილი იყო. ტანზე ინდური მუსლინი ემოსა. ტახტებსა
და სავარძლებს ბალიშებიანად ქიშმირი ჰქონდა გადაკრული, ვრცელი კაიუტის იატაკზე
სპარსული ხალიჩა ეფინა, ოთხი ბავშვი კი მის ფეხებთან თამაშობდა. და ზღაპრულ
სასახლეებს აგებდნენ მარგალიტის ფარღულებისა, ძვირფასი ქვებისა და ათასნაირი
სამკაულებისაგან. ქალბატონი ჟაკოტის მიერ მოხატულ რამდენიმე სევრის ფაიფურის
ლარნაკებში სურნელს აფრქვევდნენ უცხო ყვავილები: მექსიკური იასამანი, კამელიები; მათ
ტოტებში ნავარდობდნენ ამერიკიდან წამოყვანილი ჩიტები, რომლებიც ლალებსა,
საფირონებსა და გაცოცხლებულ ოქროს ყურსებს წააგავდნენ. ამ დარბაზში როიალი იდგა
იატაკზე ფეხებით დამაგრებული, ხის, ყვითელი აბრეშუმით გაკრულ კედლებზე აქა-იქ მომცრო
ზომის საუკეთესო ოსტატთა სურათები ეკიდა: გიუდენის 30 „მზის ჩასვლა“, ტერბორხის 31
მეზობლად იყო მოთავსებული, რაფაელის 32 „მადონა“ ჟიროდეს 33 ესკიზს ექიშპებოდა
პოეტურობაში, ხოლო ჟორჟ დოუს 34 ტილო დროლინგის 35 სურათს ჩრდილავდა.
ლაქწასმულ ჩინურ მაგიდაზე საუცხოო ხილით სავსე ოქროს ლარნაკი კრიალებდა. თვით
ელენი კი, გეგონებოდათ ამ ვრცელი სამფლობელოს დედოფალი იყო, ხოლო მის
გვირგვინოსან შეყვარებულს მისი ბუდუარისთვის შეეგროვებინა, რაც კი დედამიწის ზურგზე
ნატიფი ნივთი ენახა. ბავშვებმა თავიანთ პაპას ცნობისმოყვარე, ცოცხალი თვალები მიაპყრეს.
ეს ბავშვები გამუდმებულს ბრძოლასა, ქარიშხლებსა და ღელვაში ცხოვრებას იყვნენ
შეჩვეულნი და იმ პატარა ომსა და სისხლს მოწყურებულ რომაელებს წააგავდნენ, დავიდმა 36
რომ ასახა თავის სურათზე „ბრუტუსი“.

— ნუთუ ეს შესაძლებელია? — შესძახა ელენმა და მამას ხელები ჩასჭიდა, თითქოს

30 გიუდენი თეოდორ (1802-?) ზღვის ხედების ავტორი. მის მრავალრიცხოვან ნახატებში ბევრია მდარე ნამუშევარი.
31 ტერბორხი ჟერარ (1617-1681) - ჰოლანდიელი მხატვარი. უმთავრესად ხატავდა ჟანრულ სურათებს.
32 რაფაელი სანტი (1483-1520) - აღორძინების ხანის იტალიელი მხატვარი და ხუროთმოძღვარი. მისი მოხატულია ვატიკანის დარბაზები.
მონაწილეობას იღებდა რომის წმ. პეტრეს ტაძრის აგებაში. მას ეკუთვნის ცნობილი „სიქსტეს მადონა“.
33 ჟიროდე ან-ლუი (1767-1824) - ნეოკლასიკური სტილის ფრანგი მხატვარი.
34 დოუ ჟორჟ (?-1829) - ინგლისელი მხატვარი, ლონდონის სამეფო აკადემიის წევრი.
35 დროლინგი მიშელ-მარტინ (1786-1851) - ისტორიული სურათების და პორტრეტების ავტორი. თავდაპირველად სწავლობდა თავის
მამასთან მარტინ დროლინგთან (1752-1817), შემდეგ ფრანგ მხატვართან ლუი დავიდთან.
36 დავიდი, ჟაკ-ლუი (175.8-1825) - ფრანგი მხატვარი, რევოლუციური კლასიციზმის ფუძემდებელი. მისი მთავარი ნაწარმოებებია
„ჰორაციუსების ფიცი“, „მარატის სიკვდილი“ და სხვა.

157 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


უნდოდა ამ მოჩვენების სიცხადეში დარწმუნებულიყო.

— ელენ!

— მამა!

მამა და შვილი ერთმანეთს გადაეხვივნენ და ვინ იცის, მათგან რომელი უფრო მაგრად
იკონებდა მეორეს გულში.

— თქვენ იმ ხომალდზე იყავით?

— იქ ვიყავი, — მიუგო გულდამძიმებულმა მამამ და დივანზე დაეშვა. ის შესცქეროდა


ბავშვებს, გარს რომ ეხვივნენ და გულუბრყვილო ყურადღებით ათვალიერებდნენ, —
დავიღუპებოდი...

— ჩემი ქმარი რომ არ ყოფილიყო, — გააწყვეტინა ელენმა, — მიგიხვდი.

— აჰ, ჩემო ელენ, — რაღა საჭირო იყო ჩვენი შეხვედრა ასეთ გარემოებაში, მე ხომ
უკვე გამოგიტირე! ახალ კიდევ უნდა ცრემლი ვაფრქვიო შენს ბედზე.

— რისთვის, მამა? — ჰკითხა ქალმა ღიმილით, — განა არ გაგიხარდებათ, როცა


გაიგებთ, რომ დედამიწის ზურგზე უბედნიერესი ქალი ვარ?

— უბედნიერესი? — შეჰყვირა მან და გაოცებისაგან შეხტა.

— დიახ, ჩემო კეთილო მამა, — თქვა ელენმა, მამას ხელები გამოართვა, ჯერ დაუკოცნა,
მერე ათრთოლებულ მკერდზე მიიდო. მამას ალერსიანად თავს ადებდა და არ აშორებდა
მოელვარე თვალებს, რომლებიც სიხარულისაგან უფრო გამომეტყველი გამხდარიყვნენ.

— არ მესმის, რანაირად უნდა იყო ბედნიერი შვილო? — ჰკითხა შვილის ცხოვრებით


დაინტერესებულმა მამამ. მას მთლად დავიწყებოდა ყველაფერი, როცა შვილის
გაბრწყინებული სახე დაინახა.

— ახლავე ყველაფერს გიამბობ, ჩემო მამიკო, — მიუგო ელენმა. — ჩემს მეუღლედ,


ჩემი სიყვარულის საგნად, ჩემს მონად და მბრძანებლად გახდა ადამიანი, რომლის სული
ისევე უსაზღვროა, როგორც ეს უნაპირო ზღვა, ისევე აღსავსეა სინაზით, როგორც ეს ცა. ის
თვითონ ღმერთია, თუ გნებავთ. ამ შვიდი წლის განმავლობაში არც ერთი სიტყვით, არც

158 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


ერთი გრძნობით თუ მოძრაობით არ დაურღვევია ღვთაებრივი სიმფონია თავისი სიტყვებისა,
სინაზის და სიყვარულისა. როცა მიცქერის, ბაგეზე ერთთავად მეგობრული ღიმილი
უთამაშებს, თვალებში კი სიხარულის სხივი უბრწყინავს. იქ, ზემოთ, მისი მგრგვინავი ხმა
ხშირად ქარიშხლის ღმუილს და ბრძოლების ღრიანცელს ფარავს, აქ კი მისი ხმა ისეთი
ტკბილი და მელოდიურია, როგორც მუსიკა როსინისა, ვისი ნაწარმოებები ესოდენ დიდ
სიამოვნებას მგვრიან. ყველაფერს მისრულებენ, რაც კი ჟინიანმა ქალმა შეიძლება
მოითხოვოს. ხანდახან უფრო მეტსაც მისრულებენ, ვიდრე ვთხოულობ. ბოლოს, მე
ვმბრძანებლობ მთელ ზღვაზე და აქ ისე მემორჩილებიან, როგორც დედოფალს. ო, თქვენ
მეკითხებით, თუ ხარ ბედნიერიო! — შენიშნა მან, — ეს სიტყვა სავებით ვერც კი გამოხატავს
ჩემს უდიდეს ბედნიერებას. მთელი ის საუნჯე, რაც ქალს ერგება ხოლმე, მე ერთადერთს
მერგო! გიყვარდეს, იყო უსაზღვროთ ერთგული იმისა, ვინც გიყვარს, მის გულში, მასში კი
იპოვო ის უსასრულო გრძნობა, რაშიც მთლიანად, თითქოს სამუდამოდ იძირება ქალის სული!
აბა, მითხარით, განა ეს მარტოოდენ უბრალო ბედნიერებაა? მე უკვე ათასი სიცოცხლე
გავათავე, აქ მე ვარ ერთადერთი, მე ვარ მბრძანებელი. ამ კეთილშობილ ხომალდზე ჩემს
გარდა არც ერთ ქალს არ შემოუდგამს ფეხი, აქ ვიქტორი მუდამ ჩემს გვერდითაა, რამდენიმე
ნაბიჯზეა. ის ვერც გასცდება გემის ცხვირსა და კიჩოს, — განაგრძო ელენმა ეშმაკური
გამომეტყველებით. — შვიდი წელიწადი! სიყვარული, რომელმაც შვის წელიწადს გაუძლო
გამუდმებულ სიხარულს, ყოველწამიერ გამოცდას, განა მარტო სიყვარულია? ო, არა, არა, ეს
ყველაფერზე უკეთესია, რაც მე ცხოვრებაში გამომიცდია... ადამიანურ ენას არ ძალუძს
გამოთქვას ეს ციური ბედნიერება.

ელენს ანთებულ თვალთაგან ნიაღვარი წამოსკდა. მაშინვე ოთხივე ბავშვმა


გულსაკლავად იყვირა და დედას შემოეხვივნენ, როგორც კრუხს წიწილები. უფროსმა კი
მოხუცს ბოღმიანად შეხედა და ჩაარტყა.

— აბელ, ჩემო ანგელოზო, — უთხრა დედამ, — სიხარულისგან ვტირი.

ელენმა ბიჭი მუხლებზე დაისვა. ბავშვი დედის მშვენიერ ყელს ეხვეოდა, ელაციცებოდა,
როგორც ლომის ლეკვი თავის დედას.

— ნუთუ არ მოგეწყინება ხოლმე? — შეჰყვირა შვილის აღფრთოვანებული პასუხით


გაოგნებულმა გენერალმა.

— ხანდახან, — მიუგო მან, — როცა ხმელეთზე გადავდივარ. მაგრამ იქაც არასოდეს


მცილდება ქმარი გვერდიდან.
159 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE
— შენ ხომ გიყვარდა დღესასწაულები, მეჯლისები, მუსიკა?

— მუსიკა — მისი ხმაა. ჩემი დღესასწაულები კი მაშინ არის, როცა ისე ვიმკობი, რომ
მას თავი მოვაწონო. როცა მას ჩემი ჩაცმულობა მოსწონს, მგონია, მთელი ქვეყანა ჩემით
არის აღტაცებული-მეთქი! ამიტომ არის, რომ ზღვაში არა ვყრი ამ ბრილიანტებს, ამ
ფარღულებს, ამ პატიოსანი თვლებით მოოჭვილ დიადემებს, მთელ ამ სამკაულებს, ამ
ყვავილებს, ხელოვნების ამ ნაწარმოებთ, რომლებსაც მიძღვნის და დასძენს: „ელენ, რაკი შენ
არ გადიხარ მაღალ საზოგადოებაში, მე მინდა, რომ საზოგადოება მოვიდეს შენთან.“

— მართალია, მაგრამ ამ ხომალდზე ამოდენა თავხედი, ტლანქი კაცებია, რომელთა


ვნებები...

— მესმის თქვენი, მამაჩემო, — უთხრა ელენმა ღიმილით. — დამშვიდდით. თვითონ


დედოფალიც კი არ არის იმოდენა პატივით გარშემორტყმული, როგორც მე. ეს ადამიანები
ცრუმორწმუნენი არიან. მათ სწამთ, რომ მე კეთილი სული ვარ ამ ხომალდისა, მათი
მოქმედებებისა, მათი წარმატებებისა! მაგრამ მათი ღმერთი ის არის. ერთ დღეს, მხოლოდ
ერთხელ, ერთმა მეზღვაურმა გამიბედა პატარა კადნიერება... სიტყვიერად, — დასძინა მან
სიცილით. — და სანამ ეს ვიქტორის ყურამდე მივიდოდა, ეკიპაჟმა უმალვე ზღვაში გადაუძახა,
მიუხედავად იმისა, რომ თვითონ მე ვაპატიე. მათ ვუყვარვარ, როგორც თავიანთი მფარველი
ანგელოზი, მე კი, როცა ავად არიან, ვუვლი და გამუდმებული მზრუნველობის წყალობით
სიკვდილსაც კი გადავარჩინე ზოგიერთი. ეს საცოდავი ადამიანები ერთსა და იმავე დროს
გოლიათებიც არიან და ბავშვებიც.

— როცა ბრძოლებია?

— მაგას შევეჩვიე, — მიუგო ქალმა. — მხოლოდ პირველად შემეშინდა... ახლა კი ჩემი


სული გამოიწრთო ამ განსაცდელში... გარდა მაგისა, მე ხომ თქვენი შვილი ვარ, — დაუმატა
მან, — მიყვარს ბრძოლები.

— რომ დაიღუპოს?

— მაშინ ხომ მეც დავიღუპები.

— თქვენს შვილებს რაღა ეშველება?

— ეგენი ოკეანისა და ხიფათის შვილები არიან... მშობლების ბედს ინაწილებენ. საერთო

160 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


ცხოვრება გვაქვს, ერთმანეთთან ვართ დაკავშირებულნი. ყველანი ერთი ცხოვრებით
ვცხოვრობთ, ყველანი შესაქმეთა წიგნის ერთ ფურცელზე ვწერივართ, ერთი და იგივე ნავი
დაგვაქროლებს; ჩვენ ეს კარგად ვიცით.

— ესე იგი ეს კაცი ისე გიყვარს, რომ ქვეყანაზე თვალში აღარაფერი მოგდის?

— ეს კაცი ყველაფერს მირჩევნია, — გაიმეორა ქალმა, — მაგრამ ახლა აღარ ღირს


ღრმად შესვლა ჩემს საიდუმლოებაში. აბა, დააკვირდით ამ ბიჭუნას, განა გამოცხადებული
თავისი მამა არ არის?

ელენმა აბელი მაგრად ჩაიხუტა და ხარბად დაუწყო კოცნა ლოყებზე, თმაზე...

— ის როგორღა ეპატიება წეღან რომ ცხრა კაცი გადააყრევინა ზღვაში, — წარმოთქვა


გენერალმა.

— უთუოდ ეგრე იყო საჭირო, — მიუგო ქალმა, — ვიქტორი კეთილი და სულგრძელია.


ის ცდილობს რაც შეიძლება ნაკლები სისხლი დაღვაროს, რათა ის პატარა სამყარო და ის
წმინდა საქმე დაიცვას, რომელსაც მფარველობს და ემსახურება. სცადეთ, დაელაპარაკეთ
იმაზე, რაც უმართებულოდ მოგეჩვენათ, და ნახავთ, როგორ დაგარწმუნებთ თავის
სიმართლეში.

— მისი ბოროტმოქმედება? — ჩაილაპარაკა გენერალმა ისე, თითქოს თავის თავს


ელაპარაკებოდა.

— თუ ეს სამართლიანი საქმე იყო? — შეეპასუხა ქალი ცივად და ღირსების გრძნობით,


— თუ ადამიანთა სამართალმა ვერ მოახერხა მის მაგივრად გადაეხადა სანაზღაურო?

— როგორ, განა შენივე ხელით უნდა იძიო შური? — შეჰყვირა გენერალმა.

— მაშ რაღა ყოფილა ჯოჯოხეთი, თუ არა სამუდამო მისაგებელი ჩვენი ხანმოკლე


ცხოვრების რომელიმე ცოდვის გულისთვის?

— ოო, ვხედავ, უკვე დაღუპული ადამიანი ხარ. ამ კაცმა მოგაჯადოვა, გაგხრწნა. ისე
ლაპარაკობ, როგორც შეშლილი.

— მამაჩემო, აქ ერთი დღე დარჩით და თუ მის ნახვას და მოსმენას მოისურვებთ,


უსათუოდ შეგიყვარდებათ...
161 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE
— ელენ, — უთხრა გენერალმა მკაცრად, — ჩვენ საფრანგეთიდან რამდენიმე ლიეზე
ვართ...

ქალი შეკრთა, კაიუტის ფანჯარაში გაიხედა და მამას უკიდეგანო მომწვანო ოკეანის


შორეთი დაანახვა.

— აი, ჩემი სამშობლო, — მიუგო მან და ფეხი იატაკის ხალიჩაზე დაარტყა.

— ნუთუ არ გინდა ინახულო დედაშენი, შენი და, შენი ძმები?

— როგორ არ მინდა, — თქვა მან ცრემლნარევი ხმით, — თუ ეს მასაც უნდა და თან


გამომყვება.

— ვხედავ, ელენ, რომ ყველაფერი დაგიკარგავს, — მკაცრად დაასკვნა ძველმა


მეომარმა, — აღარც სამშობლო გაქვს, აღარც ოჯახი...

— მისი მეუღლე ვარ, — შეეპასუხა ქალი მამას ამაყი, მაგრამ კეთილშობილებით


აღსავსე ხმით, — შვიდი წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ასეთი ბედნიერი
წუთები, ახლა რომ განვიცდი, მისგან არ მომდინარეობენ, — დასძინა ქალმა, მამას ხელი
გამოართვა და აკოცა. — და ეს საყვედურიც პირველად გავიგონე ამ ხნის განმავლობაში.

— შენი სინდისი რაღას გეუბნება?

— ჩემი სინდისი? ჩემი სინდისი ხომ ეს კაცია. — ქალი უეცრად საშინლად შეკრთა, —
აი, ისიც მოდის, — თქვა ელენმა, — ამ შეტაკებებსა და აურზაურშიც კი გემბანზე მისი ფეხის
ნაბიჯებს ყველა ნაბიჯებისგან ვარჩევ.

და უეცრად ლოყებზე ალმური მოედო, სახე გაებადრა, თვალები გაუბრწყინდა, სახის


კანი გადაეტკიცა... ბედნიერება და სიხარული გამოკრთა ყველა მის ნაკვთში, ყოველ ლურჯ
ძარღვში, უნებურ თრთოლვასა და მთელ მის არსებაში. გენერალს გული აუჩუყა ასეთმა
ძლიერმა გრძნობამ. მართლაც, ერთი წუთიც არ გასულა, რომ კაიუტაში მეკობრე შემოვიდა,
სავარძელში ჩაჯდა, უფროს ვაჟს ხელი დაავლო და მასთან თამაში დაიწყო. ერთხანს სიჩუმე
ჩამოვარდა. რადგან გენერალი რამდენიმე წუთის განმავლობაში დამატკბობელი თვლემის
მაგვარ ოცნებაში იყო წასული და კოხტად მორთულ ჩიტის ბუდის მსგავს კაიუტას
ათვალიერებდა, რომელშიც ეს ოჯახი შვიდი წლის განმავლობაში ოკეანეში დაცურავდა ცასა
და ტალღებს შუა ამ კაცს მინდობილი. ის კი მათ ფათერაკებსა, ბრძოლებსა და ქარიშხლებში

162 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


მიუძღოდა, როგორც ოჯახის უფროსი მიუძღვის თავის ჯალაბს საზოგადოებრივი ცხოვრების
ჭირსა და ვარამში... გენერალი აღტაცებული შეჰყურებდა თავის ქალიშვილს, ზღვის
ღმერთქალის ამ ზღაპრულ განსახიერებას, ამ სილამაზის ხატებას ბედნიერებისგან
გასხივოსნებულს, რომლის სულიერი საუნჯისა, ელვარე თვალთა და იმ ენით აუწერელი
პოეზიის წინაშე, მასში და მის გარშემო რომ სუფევდა, მკრთალდებოდა მთელი მის გარშემო
მიმობნეული განძეული. ასეთი გარემოება არაჩვეულებრივ განწყობილებას უქმნიდა
გენერალს და საშინლად აოცებდა, ხოლო ეს ამაღლებული გრძნობები და გონივრული
მსჯელობა თავგზას უბნევდა ჩვეულებრივ წარმოდგენებში. ამ სურათის წინაშე
უფერულდებოდა ცივი და ცალმხრივი ანგარიშები მაღალი საზოგადოებისა. ძველმა
მეომარმა ეს ყველაფერი იგრძნო და იმასაც მიხვდა, რომ მისი ქალიშვილი არასოდეს
მიატოვებდა ესოდენ ლაღ, მოვლენებით ესოდენ მდიდარ და ნამდვილი სიყვარულით
აღსავსე ცხოვრებას. და კიდევ, თუ ელენმა ერთხელ იგემა საშიშროება ხიფათისა და არ
შეეშინდა, — ფიქრობდა მამა, — ის უკვე ვეღარ შესძლებს დაუბრუნდეს წვრილმანი და
შეზღუდული საზოგადოების უბადრუკ ცხოვრებასო.

— ხელი ხომ არ შეგიშალეთ? — დაარღვია სიჩუმე მეკობრემ და ცოლს შეხედა.

— არა, — მიუგო გენერალმა, — ელენმა ყველაფერი მიამბო. ვხედავ, ის ჩვენთვის


დაკარგულია.

— არა, — ფრთხილად შეესიტყვა მეკობრე, — რამდენიმე წელიწადიც და


ხანდაზმულობის ვადა უფლებას მომცემს საფრანგეთში დავბრუნდე. როცა სინდისი სუფთა
გაქვს და როცა თქვენი საზოგადოების კანონთა შებღალვისას ადამიანი იძულებულია...

ის დადუმდა, რადგან თავის მართლება ზედმეტად ჩათვალა.

— ნუთუ სინდისი არ გაწუხებთ, — შეაწყვეტინა გენერალმა, — დღესაც ხომ აგერ, ჩემს


თვალწინ ამოდენა მკვლელობა ჩაიდინეთ?

— სანოვაგე არა გვყოფნის, — მიუგო მშვიდად მეკობრემ.

— განა არ შეიძლება ეს ხალხი ნაპირზე გადაგესხათ...

— ისინი ხომალდს დაგვადევნებდნენ, გზას გადაგვიჭრიდნენ და ჩილემდის ვეღარ


მივაღწევდით...

163 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


— კი მაგრამ, — შეაწყვეტინა გენერალმა, — სანამ საფრანგეთიდან ესპანეთის
საადმირალო უწყებისათვის შეტყობინებას მოასწრებდნენ...

— საფრანგეთს უთუოდ არ მოეწონებოდა, რომ კაცმა, რომელიც სხვას რომ თავი


დავანებოთ, საფრანგეთში ჯერ ისევ სისხლის სამართალში იმყოფება, ბორდოელებისგან
დაქირავებული გემი ჩაიგდო ხელში. მითხარით, გეთაყვა, ნუთუ ბრძოლის ველზე ზედმეტად
არასოდეს გისვრიათ ზარბაზანი?

მეკობრის მზერით დაბნეული გენერალი გაჩუმდა, ქალიშვილმა კი ისე შეხედა, რომ მის
თვალებში საზეიმო იერი და სევდა გამოკრთა.

— გენერალო, — წარმოთქვა მეკობრემ გულში ჩამწვდომი ხმით, — კანონად მაქვს


შემოღებული სხვაზე მეტი არაფერი მივითვისო საერთო ნადავლიდან. მაგრამ ეჭვს გარეშეა,
ჩემი წილი ბევრად უფრო დიდი იქნება თქვენთვის წართმეულ ქონებაზე. ნება მიბოძეთ, იგი
სხვა ფულით აგინაზღაუროთ...

მან პიანინოს თავი ახადა, იქიდან საბანკო ბილეთების მსხვილი დასტა ამოიღო და
მარკიზს გაუწოდა. დასტაში ერთი მილიონი იყო.

— ალბათ, გესმით, — განაგრძო მან, რომ მე ბორდოს გზაზე სეირნობა აღარ შემიძლია...
და თუ თქვენ არ გხიბლავთ ჩვენი ფათერაკებიანი მოხეტიალე ცხოვრება, სამხერთ-ამერიკის
თვალწარმტაცი სურათები, ჩვენი ტროპიკული ღამეები, ჩვენი ბრძოლები და ის სასიხარულო
იმედი, რომ შევძლებთ დავეხმაროთ ახალგაზრდა რესპუბლიკას გამარჯვების დროშის
აღმართვაში, ან სიმონ ბოლივარის 37 სახელის განმტკიცებას, — ჩვენი დატოვება
მოგიხდებათ... თქვენ გელით კანჯო და კეთილსაიმედო ადამიანები. იმედი ვიქონიოთ, რომ
მესამედ უფრო ბედნიერ გარემოებაში შევხვდებით ერთმანეთს...

— ვიქტორ, მე კი ისე მინდოდა, რომ მამა ცოტა ხანს კიდევ დარჩენილიყო ჩვენთან, —
თქვა ელენმა გულისტკივილით.

— ათი წუთიც რომ შევაყოვნოთ, შეიძლება საგუშაგო ფრეგატს გადავეყაროთ. იყოს


თქვენი ნება! ცოტათი თავი შევიქციოთ, თორემ ჩვენმა ხალხმა მოიწყინა.

37 ბოლივარი, სიმონ (1783-1830) - ესპანეთის ბატონობის წინააღმდეგ განმათავისუფლებელი ბრძოლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი
ლათინურ ამერიკაში. ბოლივარის პატივსაცემად შეერქვა ლათინური ამერიკის სახელმწიფოს ბოლივიას მისი სახელი.

164 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


— ო, წადით, მამაჩემო! — შესძახა ელენმა, — და აი, ეს ნივთები ჩემ სახსოვრად წაუღეთ
ჩემს დას, ძმებსა და... დედას, — დასძინა მან.

ქალმა ერთი მუჭა პატიოსანი თვლები, ფარღულები და სამკაულები ქიშმირის


წამოსასხამში შეახვია და მოკრძალებით გაუწოდა მამას.

— რას დამაბარებ მათთან? — ჰკითხა გაკვირვებულმა მამამ, რომ ელენი ვიდრე სიტყვა

„დედას“ იტყოდა, შეყოყმანდა.

— ეჰ, ნუთუ ჩემი სულის სისპეტაკეში ეჭვი გეპარებათ? ყოველ ცისმარე დღეს მათი
ბედნიერებისათვის ვლოცულობ.

— ელენ, — თქვა მოხუცმა და ქალს დააცქერდა, — ნუთუ ვეღარ უნდა გნახო? ნუთუ
ვერასოდეს უნდა გავიგო, რა მიზეზით გაიქეცი სახლიდან?

— ეგ ჩემი საიდუმლო არ არის, — მიუგო ქალმა მკაცრი კილოთი. — კიდევაც რომ


მქონოდა მაგის გამჟღავნების უფლება, ალბათ მაინც არ გეტყოდით. ათი წელია ენით
აუწერელ ტანჯვაში ვარ.

ელენი გაჩუმდა და მამას თავისიანებისათვის განკუთვნილი საჩუქარი გაუწოდა.


გენერალს ომის თავგადასავლების წყალობით ფრიად ფართო წარმოდგენა ჰქონდა
სამხედრო ნადავლის თაობაზე. მან ქალიშვილისაგან ძღვენი მიიღო, თან სიამოვნებით
გაიფიქრა, ესოდენ წმინდა და ამაღლებული სულიერი თვისებებით დაჯილდოებული ელენის
ზეგავლენით „პარიზელი კაპიტანი“ უთუოდ პატიოსან კაცად დარჩა, და მხოლოდ
ესპანელებთან აქვს ომიო. მარკიზის არსებაში მამაცი ადამიანებისადმი მისმა სიყვარულმა
იფეთქა. მან გადაწყვიტა, რომ ჯიუტობა ახლა სასაცილო უაზრობა იქნებოდა, მეკობრეს ხელი
მაგრად ჩამოართვა, ჯარისკაცისთვის დამახასიათებელი გულითადობით გადაეხვია ელენს,
თავის ერთადერთ ქალიშვილს, ცრემლითაც კი დაასველა მისი ამაყი და გოროზი სახე, ასე
რომ უყვარდა ყოველთვის. გულაჩვილებულმა მეზღვაურმა გენერალს შვილები მიუყვანა
დასალოცად, ამას მოჰყვა უკანასკნელი „გზა მშვიდობისა“, რაც არ იყო მოკლებული სითბოსა
და ალერსს.

— საუკუნო ბედნიერება მისურვებია თქვენთვის! — შესძახა მოხუცმა და გემბანისაკენ


გაიქცა.

165 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


ზღვაზე არაჩვეულებრივი სანახაობა ელოდა გენერალს. ცეცხლმოკიდებული „წმინდა
ფერდინანდი“ ვეებერთელა ფიჩხის კოცონივით ენთო. მეზღვაურებს, რომლებიც ესპანური
ბრიგის ჩაძირვას აპირებდნენ, იქ რომის ტვირთი ეპოვათ, მაგრამ ვინაიდან რომი
„ოტელოზეც“ ბევრი იყო, თავის გასართობად ვეებერთელა ფილჯამით პუნში აენთოთ შუა
ზღვაში. ასეთი გასართობი დიახაც, საპატიებელი იყო ადამიანებისათვის, რომლებსაც ზღვის
ერთფეროვნება მოყირჭებოდათ და ყოველ შემთხვევას ებღაუჭებოდნენ თავიანთი არსებობის
შესაფერადებლად. როცა გენერალი ბრიგიდა „წნმინდა ფერდინანდის“ კანჯოში ჩადიოდა,
რომელსაც ექვსი ღონიერი მეზღვაური მართავდა, თავისდა უნებურად ყურადღება გაეფანტა
და ხან ცეცხლმოკიდებულ „წმინდა ფერდინანდს“ შეჰყურებდა, ხან თავის ქალიშვილს,
რომელიც მეკობრესთან ხელიხელ ჩაკიდებული თავიანთი ხომალდის კიჩოზე იდგა.

ის ერთიანად მოგონებებში წავიდა და როცა ელენის თეთრი კაბა დაინახა თეთრი


იალქანივით რომ მსუბუქად ფრიალებდა ნიავზე, როცა შუა ოკეანეში თავისი ქალის კოხტად
მოყვანილი, მშვენიერი სხეული გაარჩია, იმდენად წარმოსადეგი, რომ თითქოს თვით ზღვაზეც
კი ბატონობდა, გენერალს სამხედრო კაცის უდარდელობამ მთლიანად გადაავიწყა, რომ
მამაცი გომესის საფლავზე მიცურავდა. მის თავზე ვეებერთელა ბოლის სვეტი იგრაგნებოდა
ტყვიისფერი ღრუბელივით. მას აქა-იქ მზის სხივები ჰკვეთდა და ზღაპრული შუქით აციაგებდა.
ეს თითქოს მეორე ცა იყო, ბნელი გუმბათი, რომლის ქვეშაც უამრავი სანთლები ციმციმებდნენ,
ხოლო ზემოდან თვალმიუწვდომელი ცის ლაჟვარდოვანი კამარა იყო გადაჭიმული,
რომელიც ათასწილ უფრო მშვენიერი გეჩვენებოდათ ასეთი ეფემერული შეხამების
წყალობით. ბოლის არაჩვეულებრივი ფერები, — ხან ყვითელი, ხან ოქროსფერი, ხან
მეწამული და შავი, ერთმანეთში ირეოდნენ და ბოლქვებად ეფინებოდნენ ხომალდს, ის კი
ტკაცუნობდა, ჭრიალებდა და კვნესოდა. ცეცხლი სტვენით ევლებოდა აღჭურვილობას და ისე
ედებოდა მთელ ხომალდს, როგორც ხალხთა აჯანყება ედება ქალაქის ქუჩებს. ანთებულ
რომზე მოლურჯო ცეცხლის ენები კრთოდნენ, თითქოს თვითონ ზღვათა მეუფე ურევდა ამ
დამათრობელ ბანგს, — თავაწყვეტილი სტუდენტიც ხომ ასევე წაუკიდებს ხოლმე ცეცხლს
პუნშს რომელიმე მხიარულ ქეიფზე. მაგრამ მზე უფრო ძლიერ კაშკაშებდა და ამ უტიფარი
სინათლისადმი შურით აღვსილი, აბნელებდა მას, რაც ხანძრის ფერების გარჩევას
აძნელებდა. თითქოს ლეჩაქი, თითქოს გამჭვირვალე რიდე ფრიალებდა ცეცხლის ნაკადში.

„ოტელო“ მსუბუქი ნიავის დაჭერას ცდილობდა, რათა ახალი მიმართულებით


გაქცეულიყო და ხან ერთ გვერდზე ირწეოდა, ხან მეორეზე, ჰაერში მოფრიალე ფრანივით.
ლამაზ ბრიგს სამხრეთისაკენ ჰქონდა გეზი აღებული მიხვეულ-მოხვეულად. ის ხან
მიეფარებოდა გენერლის თვალებს, ბოლის სვეტს უკან იმალებოდა, ხან ისევ გამოჩნდებოდა
166 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE
ტალღებზე ნარნარი რწევით და სულ უფრო და უფრო შორდებოდა მათ. რამდენჯერაც
ელენი მამას თვალს მოჰკრავდა, ცხვირსახოცს უქნევდა და ემშვიდობებოდა. მალე „წმინდა
ფერდინანდიც“ ჩაიძირა, მის გარშემო წყალი ათუხთუხდა, მაგრამ ოკეანე მალე დამშვიდდა.
მთელი ამ სანახაობისაგან აღარაფერი დარჩა, გარდა მსუბუქ ნიავზე მოქანავე პატარა
ღრუბლისა. „ოტელო“ უკვე შორს იყო. კანჯო ნაპირს უახლოვდებოდა. დანჯღრეულ ნავსა და
ბრიგს შორის ბოლოს ღრუბელი ჩამოწვა. გენერალმა თავის ქალს ამ მოცახცახე ბოლის
ნაპრალშიღა მოჰკრა თვალი. წინასწარმეტყველი ხილვა იყო!. მხლოდ ცხვირსახოცი,
მხოლოდ თეთრი კაბა ისახებოდა მურა ღრუბლებზე. მომწვანო ზღვისა და ლაჟვარდოვან
ცას შორის თვალი ვეღარ არჩევდა გაქცეულ ბრიგს. ელენი ოდნავ შესამჩნევი წერტილიღა
იყო, ის ახლა მხოლოდ კოხტა, მსუბუქი არსება, ციური ანგელოზი, ოცნება, მოგონება დარჩა.

თავისი ქონებრივი მდგომაროების აღდგენის შემდეგ ჯანგატეხილი მარკიზ დ’ეგლემონი


გარდაიცვალა. 1833 წელს, მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ მარკიზის
მეუღლეს მოუხდა მოინა სამკურნალო წყლებზე წაეყვანა პირენეებში. იქ ნებიერმა
ქალიშვილმა თვალწარმტაცი პირენეის მთების დათვალიერება მოისურვა, ხოლო, როცა
იქიდან წყლებზე დაბრუნდნენ, შემდეგი ტრაგიკული სცემა გათამაშდა: — ღმერო ჩემო, —
თქვა მეორე დილას მოინამ, — როგორ დავაშავეთ დედაჩემო, რომ მთებში კიდევ რამდენიმე
დღეს არ დავრჩით! იქ ბევრად უკეთესი იყო. ვერ გაიგონეთ, როგორ წრიპინებდა მთელ
ღამეს კედელს იქით ვიღაცის საძაგელი ბავშვი და როგორ ლაქლაქებდა განუწყვეტლივ
ვიღაც უბედური? კუთხური ენით თუ ლაპარაკობდა, რადგან მისი ლაპარაკიდან ერთი სიტყვაც
ვერ გავიგე. ეს რა ხალხი ჩაგვისახლეს მეზობელ ოთახში! ასეთი საშინელი ღამე ჩემს
სიცოცხლეში არ გამიტარებია.

— არაფერი გამიგონია, ჩემო შვილო, — მიუგო დედამ, — მაგრამ სასტუმროს


დიასახლის ვინახულებ და ვთხოვ სხვა ოთახში გადაგვიყვანოს. იქ მარტო ვიქნებით,
მეზობლები არ გვეყოლება და ხმაურიც აღარ შეგვაწუხებს. დღეს როგორ გრძნობ თავს? ხომ
არ დაიღალე?

ამ სიტყვებზე მარკიზის მეუღლე წამოდგა და მოინას საწოლს მიუახლოვდა.

— აბა, ერთი მაჩვენე, სიცხე ხომ არა გაქვს?

— აჰ, თავი დამანებე, დედა, — უთხრა მოინამ, — ცივი ხელები გაქვს.

და გაჯავრებული ბალიშზე გადაწვა, მაგრამ ეს ისე მოხდენილად გააკეთა, რომ დედამ

167 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


ვეღარაფერი უთხრა და თავი დაანება. სწორედ ამ წუთში მეზობელი ოთახიდან ისეთი
მისუსტებული, გაბმული კვნესა გაისმა, რომ მისგან ყოველ ქალს გული დაეფლითებოდა.

— კი მაგრამ, ეს კვნესა თუ მთელ ღამეს გესმოდა, რატომ არ გამაღვიძე? ჩვენ...

უეცრად კიდევ უფრო მტანჯველმა გმინვამ მარკიზის მეუღლეს სიტყვა გააწყვეტინა და


მან შესძახა; — ვიღაც არის, მგონი კვდება! — და საჩქაროდ ოთახიდან გავიდა.

— პოლინი გამომიგზავნე! — მიაძახა მოინამ, — უნდა ჩავიცვა.

მარკიზის მეუღლე საჩქაროდ ქვემოთ ჩავიდა. მან დაინახა, რომ სასტუმროს


დიასახლისი ეზოში იდგა და რაღაცაზე ლაპარაკობდა. გარშემო მდგომნი ყურადღებით
უსმენდნენ.

— ქალბატონო, ჩვენს მეზობლად რომ ადამიანი მოგითავსებიათ, ეტყობა ძალიან ავად


არის...

— აჰ, ნუ მეტყვით! — შესძახა სასტუმროს დიასახლისმა, — ამ წუთში მერის მოსაყვანად


კაცი გავგზავნე. ქალია, და წარმოიდგინეთ, ის საცოდავი გუშინ ფეხით მოსულა აქ.
ესპანეთიდან მოდის, არც პასპორტი აქვს, არც ფული. ზურგზე მომაკვდავი ბავშვი ეკიდა, და
ცხადია, გამბედაობა არ მეყო გარეთ დამეტოვებინა. გუშინ, კარზე რომ მოგვადგა და
დავინახე, საშინლად შევწუხდი, ამიტომ დილას თვითონვე მივედი სანახავად. საცოდავი გოგო!
შვილი გულში ჩაეხუტებინა და ორივენი ერთად ებრძოდნენ სიკვდილს. „ქალბატონოო,
მითხრა და თითიდან ოქროს ბეჭედი მოიხსნა,

— ამის მეტი არაფერი გამაჩნია, მიიღეთ ოთახის საფასურად. ეს საკმარისი იქნება,


რადგანაც აქ დიდხანს არ გავჩერდები. საცოდავი ჩემი ბიჭუნა ორივენი ერთად უნდა
დავიხოცოთ.“ — ამ სიტყვებზე ქალმა შვილს დახედა. ბეჭედი გამოვართვი და ვინაობა ვკითხე,
მაგრამ არა და არ მითხრა. წეღან ექიმისა და მერის მოსაყვანად გავგზავნე კაცი.

— აუცილებლად უნდა უშველოთ და ყველაფერი გაუკეთოთ, რაც საჭიროა, — შეჰყვირა


მარკიზის მეუღლემ. — ღმერთო ჩემო, იქნებ ჯერ გვიანი არ არის მისი გადარჩენა! მე
გადავიხდი ყველა ხარჯებს...

— ქალბატონო, ძალიან ამაყი ქალი ჩანს და არ ვიცი, დათანხმდება თუ არა ამაზე.

168 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


— ახლავე წავალ და ვნახავ...

და მარკიზის მეუღლე დაუყოვნებლივ გაემართა უცნობი ქალისკენ. მას სრულიადაც არ


უფიქრია, რაოდენ დიდ ტკივილს მიაყენებდა მისი ძაძები ქალს, რომელიც, როგორც
ამბობდნენ, სიკვდილის პირას იყო მისული. როცა მარკიზის მეუღლემ მომაკვდავი
ახლაგაზრდა ქალი დაინახა, საშინლად გაფითრდა. მიუხედავად იმისა, რომ ელენის
მშვენიერი სახე საშინელ განცდებს დაემახინჯებინა, იცნო უფროსი ქალიშვილი! შავებით
შემოსილი მანდილოსნის დანახვაზე ელენი სარეცელზე ჩამოჯდა, საშინლად შეჰყვირა და
ისევ ნელა დაეშვა ლოგინზე, რადგან ოთახში შესულ ქალში თავისი დედა იცნო.

— ჩემო შვილო! — აღმოხდა ქალბატონ დ’ეგლემონს, — ხომ არაფერი გიჭირთ?


პოლინ!.. მოინა...

— უკვე აღარაფერი მჭირდება, — მიუგო ელენმა დასუსტებული ხმით, — იმედი მქონდა,


კიდევ ვნახავდი მამაჩემს. მაგრამ თქვენი ძაძები მამცნობს...

აღარ დაასრულა. შვილი გულზე მიიკრა, თითქოს მისი გათბობა უნდოდა. მერე დედას
ისეთი თვალებით შეხედა, სადაც ისევ საყვედური იხატებოდა, თუმცა უკვე შერბილებული და
ნაპატიები. მარკიზის მეუღლეს არ უნდოდა ეს საყვედური შეემჩნია: მას დაავიწყდა, რომ
ელენი, ეს შვილი, ცრემლებსა და სასოწარკვეთილებაში იყო ჩასახული, რომ ეს იყო
ვალდებულების შვილი, მისი ყველაზე დიდი უბედურების მიზეზი რომ გახდა. ის მშვიდად
მიუახლოვდა უფროს ქალიშვილს და მხოლოდ ისღა მოაგონდა, რომ ელენმა პირველად
გაუღვივა მას დედობრივი სიყვარული. დედას თვალები ცრემლებით აევსო, შვილს გადახედა
და შეჰყვირა: — ელენ, ჩემო შვილო!

ელენი დუმდა. მას თავისი უკანასკნელი შვილის უკანასკნელი ამოოხვრისაკენ ჰქონდა


ყური მიპყრობილი.

ამ დროს ოთახში მოინა, მარკიზის მეუღლის მოახლე პოლინი, სასტუმროს დიასახლისი


და ექიმი შემოვიდნენ. მარკიზის მეუღლეს თავისი ქალიშვილის გაყინული ხელები ეჭირა და
აშკარა სასოწარკვეთილებით შეჰყურებდა. უბედურებისაგან თავგზააბნეულმა მეზღვაურის
ქვრივმა, რომელსაც გემის დაღუპვის შემდეგ მთელი თავისი ბედნიერი ოჯახიდან ერთი
შვილიღა გადარჩენოდა, დედას თავზარდამცემი ხმით უთხრა: — ეს ყველაფერი თქვენი
ნახელავია! თქვენ რომ ჩემთვის იგივე ყოფილიყავით, რაც...

169 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


— მოინა, გადით, გადით, ყველანი! — შესძახა ქ-მა დ’ეგლემონმა და შეეცადა ელენის
ხმა ყვირილით ჩაეხშო, — შვილო, თუ ღმერთი გწამს, ახლა ნუღარ განვაახლებთ ჩვენს
სამწუხარო განხეთქილებას...

— აღარაფერს ვიტყვი, — წარმოთქვა ელენმა არაადამიანური ძალდატანებით, — მეც


ხომ დედა ვარ და მესმის, რომ მოინამ არ უნდა... მაგრამ რა იქნა ჩემი ბავშვი?

ცნობისმოყვარეობით ამოძრავებული მოინა უკან მობრუნდა: — ჩემო დაო, — თქვა


ნებიერმა ქალიშვილმა, — ექიმი მოვიდა და...

— უკვე გვიანაა, — წარმოთქვა ელენმა, — ოჰ, რატომ მაშინ არ მოვიკალი თავი, როცა
თექვსმეტი წლისა ვიყავი და განზრახული მქონდა! ბედნიერება არ არსებობს კანონების
გარეშე! მოინა... შენ...

ელენმა შვილის თავს თავი მიადო და სული დალია. ის შვილს კონვულსიურად


ბღუჯავდა ხელებით.

თავის ოთახში დაბრუნებული ქ-ნი დ’ეგლემონი ცრემლებად იღვრებოდა.

— შენს დას, ალბათ, შენთვის უნდოდა ეთქვა, — უთხრა მოინას, — რომ ახალგაზრდა
ქალისთვის შეუძლებელია სიყვარულში ბედნიერება, თუ ის საყოველთაოდ მიღებულ
კანონებს არ მისდევს, მეტადრე, თუ საკუთარ დედასაა დაშორებული.

VI. დამნაშავე დედის სიბერე

1842 წლის ივნისის თვის დამდეგს ერთ ნაშუადღევს ორმოცდაათ წელს მიღწეული
მანდილოსანი, რომელიც თავის ხნოვანებასთან შედარებით მოტეხილი ჩანდა, პარიზში
პლიუმეს ქუჩაზე მდებარე სასახლის ბაღის მზით განათებულ ხეივანში სეირნობდა. მან
რამდენჯერმე გაიარ-გამოიარა ოდნავ დაკლაკნილ ბილიკზე და თვალი არ მოუშორებია
სახლის იმ ოთახის ფანჯრებისთვის, რომლებიც, ეტყობოდა, მთელ მის ყურადღებას
იპყრობდა. მერე ქერქიანი ქორფა ტოტებისაგან დაწნულ ბაღის სავარძელში ჩაჯდა. იმ
ადგილიდან, სადაც ეს კოხტა სავარძელი იდგა, მანდილოსანს გისოსიანი მესერის იქით
შეეძლო ეცქირა შიდა ბულვარებისაკენ, რომელთა შუაგულში თელების კორომზე აზიდული
მოოქრულგუმბათიანი ინვალიდთა საუცხოო სახლი აღმართულიყო. ამ თვალწარმტაც
პეიზაჟს თითქოს უპირისპირდებოდა მისი საკუთარი არც თუ იმდენად დიადი სანახაობა, რაც

170 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


სენ-ჟერმენის უბნის ერთ-ერთი ულამაზესი სახლის რუხი ფასადით მთავრდებოდა.
ყველაფერი სიჩუმეს მოეცვა: მეზობლად მდებარე ბაღები, ბულვარები, ინვალიდთა სახლი.
რადგან ამ არისტოკრატიულ კვარტალში სიცოცხლე მხოლოდ შუადღისას იღვიძებს. თუ არა
ვინმეს ახირება, თუ რომელიმე ყმაწვილ ქალს არ მოეპრიანა ცხენით გასეირნება, ან
რომელიმე ბებერ დიპლომატს საქმიანი ქაღალდის შესწორება,

— აქ, ამ საათებში ყველას, ბატონსაც და მსახურსაც სძინავს, ან მხოლოდ ახლა


იღვიძებს.

უთენია ამდგარი ხანდაზმული მანდილოსანი მარკიზ დ’ეგლემონის მეუღლე გახლდათ,


დედა ქ-ნი სენტ-ერენისა, რომელიც ამ საუცხოო სახლის პატრონი იყო. მარკიზის მეუღლემ
ამ სახლზე უარი თქვა და მთელი თავისი ქონებიანად ქალიშვილს გადასცა. თავისთვის
მხოლოდ სამუდამო პენსია დაიტოვა. კონტეს მოინა დე სენტ-ერენი ქ-ნი დ’ეგლემონის ყველზე
უმცროსი შვილი იყო. დედამ ყველაფერი გაწირა იმისათვის, რომ მოინა საფრანგეთის
უბრწყინვალესი გვარის მემკვიდრისთვის მიეთხოვებინა. ეს ძალზე ბუნებრივიც იყო, — მან
ორი ვაჟიშვილი დაკარგა ერთმანეთის მიყოლებით: გუსტავი, მარკიზ დე’ეგლემონი ქოლერამ
გადაიტანა, აბელი კი მაქტასთან 38 ბრძოლაში დაიღუპა, გუსტავს ცოლ-შვილი დარჩა. მაგრამ
ქ-ნი დ’ეგლემონი მაინც და მაინც არ იჩენდა დიდ სითბოს ვაჟიშვილებისადმი და მით უმეტეს
მათი შვილებისადმი. უმცროსი მარკიზის მეუღლეს ქ-ნი დ’ეგლემონი თავაზიანად ექცეოდა,
მაგრამ ეს იყო გარეგნული გამოვლინება გრძნობებისა, რასაც ჩვენ აღზრდისა და
ბავშვობიდან მიღებული ჩვევების წყალობით ვიჩენთ მახლობლებისადმი. ქ-მ დ’ეგლემონმა
სანიმუშოდ მოაგვარა დაღუპული ვაჟიშვილების მემკვიდრეობა, თავის სათაყვანებელ მოინას
კი მთელი საკუთარი დანაზოგი და მამული უბოძა. მოინა ბავშვობიდანვე ლამაზი და
მომხიბლავი იყო და ქ-ნი დ’ეგლემონი მას სხვა შვილებში არჩევდა, რაც ხშირად მოსდით
ხოლმე დედებს თანდაყოლილი თუ შეუცნობელი გრძნობების გამო. ეს საბედისწერო
მიდრეკილება ერთი შეხედვით თითქოს გაუგებარია, მაგრამ დამკვირვებელი თვალი მას
კარგად ახსნის. მოინას წარმტაცი სახე, ხმა ამ საყვარელი შვილისა, მისი მიხრა-მოხრა,
სიარული, მოძრაობა, მთელი მისი გარეგნობა, — ყველაფერი უღვივებდა მარკიზის მეუღლეს
იმ უღრმეს გრძნობებს, დედის გულს რომ აცოცხლებენ, აღელვებენ და ატყვევებენ. აზრი მისი
დღევანდელი, ხვალინდელი და მთელი წარსული ცხოვრებისა, ჩაქსოვილი ჰქონდა ამ
შვილის გულში, სადაც მან მთელი დედობრივი სიყვარულის საუნჯე მოათავსა. ქ-მა
დ’ეგლემონმა ოთხი უფროსი შვილი დაკარგა, ერთადერთი მოინა დარჩა და ეს იყო მისი

38 მაქტა - ჭანჭყობიანი რაიონი ალჟირში, სადაც 1837 წელს ბრძოლა მოხდა და ფრანგებმა ქალაქი კონსტანტინი დაიკავეს.

171 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


ბედნიერება. მან, მართლაც, როგორც საზოგადოებაში ლაპარაკობდნენ, რაღაც ტრაგიკულ
გარემოებაში დაკარგა უფროსი ქალიშვილი, მზეთუნახავი, რომლის ბედი დღესაც ბუნდოვანი
იყო, და პატარა ბიჭი, რომელიც რაღაც უბედურმა შემთხვევამ გამოსტაცა. მარკიზის მეუღლე,
რა თქმა უნდა, უზენაესის კეთილ ნიშანს ხედავდა იმაში, რომ წერამ მისი გამორჩეული შვილი
დაინდო. მას მხოლოდ გაურკვეველი ხსოვნა შემორჩენოდა გარდაცვლილი შვილებისა,
რომლებიც მისი სულის სიღრმეში ისე შემორჩენილიყვნენ, როგორც ბრძოლის ველზე
მიმობნეული საფლავის ბორცვები. ისინი თითქმის აღარ ჩანდნენ, ისე მოსდებოდათ ველური
ყვავილები. საზოგადოებას შეეძლო სასტიკი პასუხი გამოეთხოვა მარკიზის მეუღლისათვის
ასეთი უზრუნველობისა და მიკერძოების გამო, მაგრამ პარიზის საზოგადოება ისე არის
ჩათრეული მოვლენების, მოდების, ახალი ამბების ქარიშხალში, რომ ქ-ნი დ’ეგლემონის
ცხოვრების ამბავი ალბათ, უკვე ყველას დავიწყებული ჰქონდა. არც არავინ ფიქრობდა
დაეძრახა ქ-ნი დ’ეგლემონი იმისათვის, რომ გულცივი იყო შვილების მიმართ და სწრაფად
დაივიწყა ისინი, არც არავის აინტერესებდა ეს. სამაგიეროდ მისი მხურვალე სიყვარული
მოინასადმი ბევრს უჩუყებდა გულს და ამას ისე სცემდნენ პატივს, როგორც ცრუ
შეხედულებებს სცემენ ხოლმე პატივს. გარდა ამისა, მარკიზის მეუღლე იშვიათად ჩნდებოდა
საზოგადოებაში და იმ ოჯახთა უმრავლესობაში, სადაც დადიოდა, მას კეთილ, მშვიდ, სანდო
და შემწყნარებელ ადამიანად თვლიდნენ. მაგრამ ჩვენ, ვისაც უფრო ცხოველი ინტერესი
გვამოძრავებს, ვცდილობთ გავიგოთ, რა იმალება იმ გარეგნულ გრძნობათა მიღმა,
რომლებითაც მაღალი საზოგადოება კმაყოფილდება, ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი
ეპატიებათ უკვე ხანში შესულებს, რომლებიც ჩრდილებივით უკან იხევენ და მხოლოდ
მოგონებად უნდათ დარჩენა. ერთი სიტყვით, შვილები მამებთან, სიძეები სიდედრებთან
ლაპარაკისას ქ-ნ დ’ეგლემონზე ისე მიუთითებდნენ, როგორც სამაგალითო პიროვნებაზე. მან
ხომ სიცოცხლეშივე გადასცა მთელი ქონება მოინას, ის ხომ ახალგაზრდა კონტესის
ბედნიერებას შეჰხაროდა და მისით და მისთვის ცხოვრობდა. ზოგიერთი მეტად წინდახედული
მოხუცი ან ძუნწი ძია ამ საქციელს კიცხავდა და ირწმუნებოდა „ის დღეც დადგება, როცა ქ-ნი
დ’ეგლემონი ინანებს, რომ მთელი ქონება ქალიშვილს მისცა. შეიძლება ქ-ნი სენტ-ერენის
გულს კარგად იცნობს, მაგრამ განა შეუძლია დარწმუნებული იყოს თავისი სიძის ზნეობრივ
პრინციპებშიო?“ მაგრამ ასეთ ადამიანთა წინასწარმეტყველება საყოველთაო აღშფოთებას
იწვევდა და ყოველი მხრიდან მოინას ქება-დიდება ისმოდა.

— სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, — ამბობდა ერთი ახალგაზრდა ქალი, — რომ


კონტეს დე სენტ-ერენის დედის ცხოვრება სრულიადაც არ შეცვლილა. ქ-ნ დ’ეგლემონს
მშვენიერი ოთახები აქვს, მის განკარგულებაშია ეტლი და შეუძლია ძველებურად გამოვიდეს

172 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


საზოგადოებაში.

— გარდა იტალიური ოპერისა, — ხმადაბლა შენიშნა ვიღაც ცნობილმა მუქთახორამ,


ერთ-ერთმა იმათგანმა, ვისაც მიაჩნია, რომ უფლება აქვს სასაცილოდ აიგდოს თავისი
მეგობრები, ვითომდა დამოუკიდებლად ვაზროვნებო. — ქვრივს ყველაფერი იმაში, რაც მის
ნებიერ შვილს არ შეეხება, მხოლოდ მუსიკა უყვარს. გახსოვთ, რა ჩინებულად უკრავდა ერთ
დროს! მაგრამ რაკი კონტესის ლოჟა ერთთავად სავსეა ფუქსავატი ყმაწვილებით, საცოდავ
მარკიზის მეუღლეს ეშინია ხელი არ შეუშალოს თავის საყვარელ გოგოს, რომელსაც დიდი
კეკლუცის სახელი აქვს გავარდნილი, და საბრალო იტალიურ ოპერაში სიარულს ერიდება.

— ქ-ნი სენტ-ერენი, — ამბობდა ერთი გასათხოვარი ქალიშვილი, — თავისი დედისთვის


საუცხოო საღამოებს მართავს. მის სალონში მთელი პარიზი იყრის თავს.

— იმ სალონში ადამიანისშვილი არ აქცევს ყურადღებას მარკიზის მეუღლეს, — შენიშნა


მუქთახორამ.

— საქმე ის არის, რომ ქ-ნი დ’ეგლემონი არასოდეს რჩება მარტო, — ჩაურთო


რომელიღაც ფრანგმა, რათა მხარი აება ახალგაზრდა ქალბატონის საუბრისთვის.

— დილაობით საყვარელ მოინას სძინავს, — წამოიწყო ერთმა ძველმა ჭორისგუდამ


ხმადაწევით, — ოთხ საათზე საყვარელი მოინა ბულონის ტყეში მიემართება, საღამოობით
საყვარელი მოინა მეჯლისზე ან იტალიურ თეატრში მიდის... თუმცა ისიც მართალია, რომ ქ-
ნ დ’ეგლემონს საშუალება ეძლევა თავისი საყვარელი გოგონა ჩაცმის დროს ან სადილობისას
ინახულოს, უკეთუ საყვარელი მოინა შემთხვევით შინ სადილობს თავის საყვარელ დედასთან
ერთად.

— ერთი კვირაც არ იქნება გასული, ბატონო, — მიმართა მუქთახორამ ერთ


მოკრძალებულ მასწავლებელს, რომელიც დიდი ხანი არ იყო იმ ოჯახში დამდგარიყო
სამუშაოდ, სადაც ეს საუბარი მიმდინარეობდა, და ხელი ხელში გაუყარა, — რაც მე იმ ოჯახში
ვიყავი და ვნახე, რომ ის საცოდავი დედა მარტო იჯდა ბუხრის კუთხეში. რა მოგივიდათ-
მეთქი, ვკითხე. მარკიზის მეუღლემ ღიმილით შემომხედა, თვალები კი ნამტირალევი ჰქონდა.
„იმაზე ვფიქრობდი, — მომიგო მან, — რა უცნაური ბედი მქონია: ხუთი შვილი მყავდა, მე კი
ხშირად საშინელ მარტოობას განვიცდი. მარგამ ასეთი ყოფილა ჩვენი ხვედრი! თუმცა მაშინაც
ბედნიერი ვარ, როცა ჩემი მოინა მხიარულია“. ქ-ნ დ’ეგლემონს შეეძლო გულახდილად
ელაპარაკა ჩემთან, მის ქმარს ხომ კარგად ვიცნობდი. გონებაშეზღუდული კაცი იყო და დიდი

173 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


ბედნიერება ხვდა წილად, რომ ასეთი ქალი შეირთო ცოლად. რასაკვირველია, პერიც მისი
წყალობით გახდა და დიდი თანამდებობაც მიიღო შარლ მეათის კარზე.

მაგრამ მაღალი საზოგადოების ადამიანთა ლაქლაქში იმდენი მცდარი აზრია, ისე


ადვილად აყენებენ ისინი უღრმეს სულიერ ჭრილობებს, რომ ზნე-ჩვეულებათა ისტორიკოსი
ვალდებულია გონივრულად აწონ-დაწონოს დაუფიქრებელი ადამიანების დაუფიქრებელი
მტკიცებანი. ანდა, საერთოდ როგორ უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ ვინ არის დამნაშავე და ვინ
მართალი, — დედა თუ მისი შვილები? მათ გულებს ერთადერთი მსაჯული ჰყავთ. ეს მსაჯული
— ღმერთია. ღმერთი, რომელიც ხშირად განავრცობს შურისძიებას ოჯახის წიაღში და თავის
სასარგებლოდ ამხედრებს შვილებს დედების წინააღმდეგ, მეფეებს თავის ქვეშევრდომთა
წინააღმდეგ, ყოველივე არსებულს ყოველივე არსებულის წინააღმდეგ; ღმერთი, რომელიც
სულიერ სამყაროში ერთ გრძნობას მეორე გრძნობას ანაცვალებს, მსგავსად იმისა ნორჩი
ფოთლები რომ სცვლიან ბებერ ფოთლებს გაზაფხულზე. ღმერთი, რომელიც მოქმედებს
ურყევი წესრიგის გულისთვის, იმ მიზნის გულისთვის, მარტო მან რომ იცის. ეჭვი არ არის,
რომ ყოველივე მის წიაღში მიემართება, ან უფრო სწორად, იქ ბრუნდება.

ეს რელიგიური აზები, ესოდენ ბუნებრივნი ხანშიშესული ადამიანებისთვის, უთავბოლოდ


ერეოდა ქ-ნ დ’ეგლემონს სულში. ისინი ფრიალებდნენ რაღაც ბინდიან არეში, ხან სადღაც
იკარგებოდნენ, ხან ისევ თვალსაჩინოდ იკვეთებოდნენ, ქარიშხლისგან წყლის ზედაპირზე
მიმობნეული ყვავილებივით. ქალი იჯდა ქანცგაწყვეტილი, იმ ხანგრძლივი ფიქრებით და
მოგონებებით გაწამებული, როცა ადამიანის წინაშე მთელი მისი წარსული დადგება
მოახლოებული სიკვდილის წინათგრძნობის მომენტში.

ეს უდროოდ დაბერებული ქალი ბულვარზე მოსეირნე რომელიმე პოეტს საინტერესო


პერსონაჟად მოეჩვენებოდა. ყველა, ვინც აკაციის გამჭირვალე ჩრდილში მჯდომს დაინახავდა,
ათას რასმე წაიკითხავდა მის გაფითრებულ ცივ სახეზე, თუმცა მზე ბაღს უკვე შუადღის
მცხუნვარე სხივებს ესროდა. მისი მეტყველი სახე რაღაც უფრო მნიშვნელოვანს გამოხატავდა,
ვიდრე მისი უკვე დასასრულს მიახლოებული ცხოვრება იყო, რაღაც უფრო ღრმას, ვიდრე
მისი მძიმე განსაცდელით დაუძლურებული სული იყო. ამ ქალის სახე იმ ტიპს მიეკუთვნებოდა,
რომელსაც ათას სხვა თქვენს მიერ უგულვებელყოფილ ისეთ სახეებში გამოარჩევდით,
მოკლებულნი რომ არიან თავისებურებას, მასზე ყურადღებას შეაჩერებდით და
დაუფიქრდებოდით. ასევეა, როცა მუზეუმში ურიცხვ სურათებს შორის თქვენზე წარუშლელ

174 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


შთაბეჭდილებას ახდენს მხოლოდ მურილიოს 39 ფუნჯით შექმნილი დიდებული, დედობრივი
კაეშნით გამსჭვალული სახე, ან ბეატრიჩე ჩენჩის თავი, რომელზეც გვიდომ 40 მოახერხა
უაღრესად ამაღელვებელი უმანკოება აღებეჭდა, რაც ვერ წაშალა ამ ქალის უსაშინელესმა
დანაშაულმა; ანდა პირქუში სახე ფილიპე მეორისა, რომელზეც ველასკესმა 41 სამუდამოდ
აღბეჭდა ის დიადი ძლიერება, რითაც ეს მეფე შიშის ზარს სცემდა თავის სახელმწიფოს.
ზოგიერთი ადამიანური სახე ჩვენი აზრების მფლობელი ხდება, ისინი გვესაუბრებიან,
გვეკითხებიან, ჩვენს ფარულ აზრებს უპასუხებენ და მთელ პოემადაც გვევლინებიან. ქ-ნი
დ’ეგლემონის გაყინულ სახეში სწორედ ის შემაძრწუნებელი პოეზია ჟღერდა და ერთ-ერთ იმ
სახეთა განმეორებას წარმოადგენდა, დანტე ალიგიერის „ღვთაებრივ კომედიაში“ რომ
გვხვდება მრავლად.

ქალის სილამაზის გაფურჩქვნის სწრაფმავალ წლებში ეს სილამაზე შესანიშნავად


ემსახურება გრძნობათა დაფარვაში, რაზეც ბუნებრივი სისუსტე და ჩვენი სოციალური
კანონები უბიძგებენ. მისი ქორფა სახის უხვი შეფერილობა, თვალთა ელვარება, სახის ნაზი
ხაზების მოხდენილი მოხაზულობა, მდიდარი ნაკვთები, მრუდნი და სწორნი, მაგრამ სუფთა
და სავსებით დასრულებულნი, — საიდუმლოდ ინახავენ ყველა მის განცდებს. თუ სახეზე
სიწითლე მოედო, ეს არ გამოამჟღავნებს მის იდუმალ ფიქრებს. პირიქით, უფრო
გააცოცხლებს მის ისედაც ცოცხალ ფერებს. ყველა მის შინაგან ცეცხლოვან კერებს ისე
კარგად ფარავს სიცოცხლის შუქით განათებულ მის თვალთა ელვარება, რომ განცდების
წუთით ამოვარდნილი ალი კიდევ უფრო დამატყვევებელს ხდის მას. ამგვარად, არაფერია
ესოდენ იდუმალებით მოცული, როგორც ახალგაზრდა სახე, ვინაიდან არაფერია მასზე უფრო
უძრავი. ახალგაზრდა ქალის სახე ტბის ზედაპირივით შეუშფოთებელია, პეწიანია, გლუვი.
სახის თავისებურება ქალებში მხოლოდ ოცდაათი წლის ასაკიდან იჩენს თავს. ამ ასაკში
შემოქმედი ვერ იპოვის მასში ვერაფერს, გარდა თეთრ-ყირმიზი ფერებისა, გარდა ღიმილისა
და გამომეტყველებისა, რომლებიც ერთსა და იმავე აზრებს გამოხატავენ, — აზრებს
ახალგაზრდული სიხარულისა და სიყვარულისა, აზრებს ერთფეროვანსა და სიღრმეს
მოკლებულთ. სიბერე კი, როცა ქალს უკვე ყველაფერი განცდილი აქვს, ვნებათა ნაკვალევი
თითქოს აღბეჭდილია მის სახეზე. ის სატრფო იყო, იყო მეუღლე და დედა. სიხარულისა და
დარდის უმძაფრესი გამოვლენანი ბოლოს და ბოლოს სცვლიან ადამიანის იერს, ასახიჩრებენ

39 მურილიო, ბართოლომეო ესტებან (1618-1682) - ესპანელი მხატვარი - ქმნიდა, როგორც რელიგიურ-მისტიკური შინაარსის, ისე
რეალისტურ სურათებს. ასეთებია „წმინდა ოჯახი“, „მადონა ყრმით“, „საზამთრო და ყურძენი“ და სხვა.
40გვიდო რენი (1575-1642) - იტალიელი მხატვარი, ე. წ. აკადემიზმის მიმდინარეობის წარმომადგენელი. ეკუთვნოდა ბოლონიის სკოლას.
მისი მთავრი ნაწარმოებია ფრესკა „ავრორა“ კაზინო როსპილიოზის ჭერზე რომში.
41 ველასკესი, დიეგო როდრიგესი (1599-1660) - ესპანელი მხატვარი. ფსიქოლოგიური პორტრეტების ოსტატი. შექმნილი აქვს სხვადასხვა
ჟანრის რეალისტური ნაწარმოებები.

175 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


ნაკვთებს, აურაცხელი ნაოჭებით ღარავენ სახეს, სადაც ყოველი მათგანი თავის ენაზე
გესაუბრებათ. მაშინ ქალის სახე დიდებულია თავისი განცდებით, მომხიბლავია თავისი
სევდით და თვალწარმტაცი თავისი სიმშვიდით. თუ უფლება გვაქვს განვავითაროთ ეს
უცნაური შედარება, მაშინ დამშრალ ტბაში ადვილად დავინახავთ ყველა იმ წყაროთა კვალს,
რომლებიც მას ჰკვებავდნენ. ხანში შესული ქალის სახე უკვე აღარ იზიდავს მაღალი
საზოგადოების ყურადღებას, ვინაიდან თავისი ფუქსავატობის გამო იმის შიში იპყრობს,
სილამაზეზე ჩემი ჩვეული წარმოდგენანი არ დამენგრესო. ის არ მიიზიდავს საშუალო,
არაფრის მთქმელ მხატვარსაც, სამაგიეროდ შთააგონებს ჭეშმარიტ პოეტს, მას, ვინც
დაჯილდოებულია მშვენიერების გრძნობით, ვინც თავისუფალია ყოველგვარი
პირობითობისაგან, რაზეც ამდენი ცრუ წარმოდგენანი ეყრდნობიან ხელოვნებასა და
სილამაზეზე.

თუმცა ქ-ნ დ’ეგლემონს მოდური კაპორი ეხურა, ადვილად შეამჩნევდით, რომ მის
ოდესღაც გიშერივით შავ თმას ჭაღარა შეჰპარვოდა სულიერ მღელვარებათა შედეგად.
მაგრამ მის შუაზე გაყოფილი თმის ვარცხნილობა ამჟღავნებდა კარგ გემოვნებას,
ლაპარაკობდა მაღალი საზოგადოების მანდილოსნისათვის დამახასიათებელ დახვეწილ
ჩვევებზე, და საუცხოოდ აჩენდა მის დამჭკნარ, დაღარულ შუბლს, რომელსაც კიდევ
შერჩენოდა ძველი სილამაზე. მისი სახის მოყვანილობისა და სწორი ნაკვთების მიხედვით
შეიძლებოდა ცხადად წარმოგვედგინა, რაოდენ ლამაზი უნდა ყოფილიყო ოდესღაც, რითაც,
ალბათ, ძალიან ამაყობდა. მაგრამ მის სახეს ისეთი დაღიც აჩნდა, რაც მძაფრ ტკივილებზე
მიგვანიშნებდა: სახე დაღარვოდა, საფეთქლებთან კანი დასჭკნობოდა, ყბები ჩასცვივნოდა,
ქუთუთოები შეშუპებოდა, ხოლო წამწამები, ეს ეშხიანი მზერისა, ერთიანად შეთხელებოდა.
თითქოს ყველაფერი დამცხრალიყო ამ ქალში: მის სიარულსა და მიხრა მოხრას ის
დიდებული სიდარბაისლე და თავდაჭერილობა დასტყობოდა, რაც პატივისცემას აღძრავს
მნახველში. მისი მოკრძალებული მზერა გაუბედაობაში გადასულიყო და თითქოს შედეგი იყო
იმ მრავალი წლის განმავლობაში გამომუშავებული ჩვევებისა, რაც აიძულებდა ქალიშვილის
გულისთვის მუდამ ჩრდილში ყოფილიყო. გარდა ამისა, უკვე ცოტას და წყნარად
ლაპარაკობდა, როგორც ყველა ის ადამიანი, ვინც მეტს ფიქრობს და დაძაბულ შინაგან
ცხოვრებას ეწევა. მისი ტანადობა და საქციელი გამოუცნობ გრძნობას იწვევდა, — რაც არც
შიში იყო და არც გულშემატკივრობა, — მაგრამ ამ გრძნობაში იდუმალი ძალით ერთმანეთს
ერწყმოდა ყველა ის წარმოდგენა, რაც ადამიანში ესოდენ ნაირნაირ ცნებებს აღვიძებს.
ბოლოს, თვით მისი სახის ნაოჭები, ღარები სახეს რომ უსერავდნენ, ჩამქრალი,
დამწუხრებული მზერა, — ეს ყველაფერი მჭევრმეტყველად მოწმობდა, რომ გული სავსე

176 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


ჰქონდა ცრემლებით, რაც თვალებიდან არასოდეს გადმოსცვენია. ბედუკუღმართი ადამიანები,
ვინაც დაჩვეულნი არიან მაღალ ზეცას შესთხოვდნენ ჭირ-ვარამის შემსუბუქებას, ამ დედის
თვალებში ადვილად ამოიკითხავდნენ, რომ ყოველდღიური და ყოველწამიერი ლოცვა
მისთვის ერთადერთი ნუგეში იყო ცხოვრებაში; რომ მას ჯერ ისევ სისხლი სდიოდა უხილავი
ჭრილობებიდან და სამუდამოდ ახმობდა ყველა სულიერ მცენარეს, თვით დედობრივ
გრძნობებსაც კი. ასეთი პორტრეტების დასახატად მხატვარს გააჩნია საღებავები, ხოლო
აზრები და სიტყვები უძლურია ისინი ზუსტად გადმოსცენ. ასეთ პორტრეტებში, კანის ფერის
ტონში, სახის იერში ჩვენ ვხვდებით ენით აუწერელ ფენომენებს, რასაც სული თვალების
საშუალებით სწვდება, ხოლო მოვლენათა თხრობა ერთადერთი საშუალებაა, რითაც
მწერალი ამ მოვლენებსა და იმ გამომწვევ მიზეზებს გადმოგვცემს, რომელთაც გმირების
გარეგნობაში ესოდენ საშინელი ცვლილებები გამოიწვიეს. ამ ქალის სახე გვამცნობდა
უხმაურო, მაგრამ ყინულოვან ქარიშხლებსა და იმ იდუმალ ბრძოლას დედობრივი
სიყვარულის გმირობასა და ჩვენს გრძნობათა უძლურებას შორის, რომლებსაც ისევე ეღებათ
ბოლო, როგორც ჩვენ და რომელშიც არაფერია სამარადისო. განუწყვეტლივ გულში
ჩაკლულმა განცდებმა ბოლოს და ბოლოს დაასნეულეს ეს ქალი. უეჭველი იყო, უმძიმეს
დედობრივ ტანჯვას ფიზიკურად მოეტეხა მისი გული. რაღაც სენი, შესაძლებელია ანევრიზმი
ნელ-ნელა ღრღნიდა ამ ქალს, მაგრამ აინუნშიაც არ აგდებდა ამას. ჭეშმარიტი მწუხარება
ღრმადაა მისთვისვე შემზადებულ სამალავში ჩამარხული და თითქოს იქ სძინავს. მაგრამ
სინამდვილეში ეს მწუხარება სულს ისე შლის, როგორც რომელიმე სიმჟავე ჭამს კრისტალს!
უეცრად ორმა ცრემლმა დაუღარა მარკიზის მეუღლეს ლოყები და ისე წამოიჭრა ადგილიდან,
თითქოს რაღაც კიდევ უფრო მძაფრმა ფიქრმა, ვიდრე აქამდე სტანჯავდა, სულიერი ტკივილი
მიაყენაო. ბუნებრივია, ქალი მოინას მომავალზე იყო დაფიქრებული; დედა წინასწარ ჭვრეტდა
ყველა უბედურებას, რაც მის ქალიშვილს ცხოვრებაში ელოდა და გული ეკუმშებოდა, როცა
საკუთარი ცხოვრების ბედუკუღმართობაზე ფიქრობდა.

დედის მღელვარება მაშინ გახდება გასაგები, როცა აღვწერთ, რა მდგომარეობაში


იმყოფებოდა მისი ქალიშვილი.

კონტი დე სენტ-ერენი უკვე ნახევარი წლის წასული იყო სახლიდან. ის რაღაც


დიპლომატიურ მისიას ასრულებდა. ვიდრე ქმარი უცხოეთში იყო, მოინა, რომლის ბუნებაში
შერწყმული იყო მაღალსაზოგადოების კეკლუცი ქალის თავმოყვარეობა და ნებიერი ბავშვის
ჟინიანობა, ქარაფშუტობითა თუ ქალურ სიკეკლუცეს დამორჩილებული, ან იქნებ თავის
შესაძლებლობათა გამოსაცდელად, თავს იმით ირთობდა, რომ ერთ მეტად გაქნილ და
უგულო კაცთან გააბა სამიჯნურო ქსელი, რომელიც არწმუნებდა, თავი აღარ მახსოვს ისე
177 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE
ვარ შეყვარებულიო. მაგრამ ასეთ სიყვარულთან ადვილად თავსდება ფუქსავატი ყმაწვილი
კაცის ყველა წვრილმანი პატივმოყვარული ზრახვები. ხანგრძლივმა მოქანცულობამ ქ-ნ
დ’ეგლემონს ასწავლა ცხოვრების საკითხებში გარკვევა, ადამიანთა სწორად შეფასება,
მაღალი საზოგადოების ფანდების მორიდება. ის თვალყურს ადევნებდა ამ ინტრიგის
მსვლელობას და გრძნობდა, რომ ქალიშვილი ეღუპებოდა, რომ ის ისეთი კაცის მახეში იყო
გაბმული, ვისთვისაც ქვეყნიერებაზე არაფერი იყო წმინდა. ან როგორ არ შეეშინდებოდა ქ-ნ
დ’ეგლემონს, როცა იცოდა, რომ კაცი, რომელსაც მოინა სიხარულით უსმენდა, გარყვნილი
ადამიანი იყო? და აი, მისი საყვარელი ქალიშვილი უფსკრულის პირას დგას. ქ-ნი
დ’ეგლემონი ამაში დარწმუნებული იყო, მაგრამ ქალს ვერ აკავებდა, რადგან მის წინაშე
ერთგვარ კრძალვას გრძნობდა. წინასწარ იცოდა, რომ მოინა არ შეისმენდა მის ჭკვიანურ
გაფრთხილებას. დედას არავითარი ძალაუფლება არ გააჩნდა ქალიშვილის სულზე,
რომელიც სხვის წინაშე ესოდენ რბილი და მოქნილი იყო, მასთან კი რკინასავით მაგარი.
დედას შვილი ისე ნაზად უყვარდა, რომ უსათუოდ გაიზიარებდა ყველა მის სასიყვარულო
მღელვარებებს, თუ ეცოდინებოდა რომ მისი ქალიშვილის გულის მომნადირებელი
კეთილშობილი თვისებებითაა დაჯილდოებული; მაგრამ მოინას მსუბუქი აშიკობა
აკმაყოფილებდა. მარკიზის მეუღლეს კი სძულდა კონტი ალფრედ დე ვანდენესი, რადგან
გრძნობდა, ის მოინასთან ინტრიგას ისე უყურებდა, როგორც ჭადრაკის პარტიას. და თუ
ალფრედ დე ვანდენესი უბედურ დედაში ზიზღს იწვევდა, ქალი იძულებული იყო გულის
სიღრმეში შეენახა ამ სიძულვილის უმთავრესი მიზეზი. თავად ინტიმურ ურთიერთობაში იყო
ალფრედის მამასთან მარკიზ დე ვანდენესთან, და ეს მეგობრობა, რასაც საზოგადოებაში
პატივისცემით ეპყრობოდნენ, ახლა ამ ყმაწვილ კაცს უფლებას აძლევდა შინაურულად ევლო
ქ-ნ დ’სენტ-ერენთან. ის ირწმუნებოდა მოინა ბავშვობიდანვე მიყვარდაო. ქ-ნი დ’ეგლემონი
მაშინაც კი ვერაფერს გახდებოდა, თუ ერთ იმ ყოვლისშემძლე სიტყვას ჩააგდებდა მათ შორის,
რომელსაც აუცილებლად უნდა გაეყარა ისინი. მან კარგად იცოდა, რომ ვერაფერს
მიაღწევდა, მხოლოდ თავს დაიმცირებდა ქალიშვილის თვალში. ალფრედი მეტისმეტად
უზნეო ყმაწვილი იყო, მოინა კი მეტისმეტად ცბიერი, რათა ეს გულწრფელი აღიარება
შეესმინათ. ახალგაზრდა კონტესი ამას დედის ეშმაკობად ჩათვლიდა და არაფრად
ჩააგდებდა. ქალბატონმა დ’ეგლემონმა საკუთარი ხელებით აიგო დილეგი, შიგ თავი
ამოიქოლა და სული უნდა ამოხდომოდა იმის შემხედვარეს, თუ როგორ იღუპავდა თავის
ლამაზ ცხოვრებას მისი მოინა, მისი დიდება, მისი ბედნიერება და ნუგეში, — ვინაიდან მოინას
სიცოცხლე მისთვის ათასჯერ უფრო ძვირფასი იყო საკუთარ სიცოცხლეზე. რა საშინელი,
წარმოუდგენელი, ენით აუწერელი ტანჯვა ელოდა! რა თვალჩაუწვდენელი უფსკრული
იხსნებოდა მის წინაშე.

178 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


მარკიზის მეუღლე მოუთმენლად ელოდა ქალიშვილის ადგომას, მაგრამ თან ეშინოდა,
ვინმე სიკვდილმისჯილი უბედურივით, რომელსაც სურს ბოლო მოუღოს თავის სიცოცხლეს,
თუმცა ჯალათის ხსენებაზე ჟრუანტელი უვლის. მარკიზის მეუღლემ გადაწყვიტა
უკანასკნელად კიდევ გადაედგა ნაბიჯი. მას, უთუოდ იმისი კი არ ეშინოდა, ამ ცდამ უნაყოფოდ
არ ჩაიაროსო, არამედ იმისი, რომ ზედმეტად კიდევ მწვავედ დაესერებოდა გული, და ეს
გარემოება გამბედაობას ართმევდა. აი, სადამდე მივიდა მისი დედობრივი სიყვარული:
ქალიშვილი უყვარდა, მის წინაშე კრთოდა, ხმლის დარტყმის ეშინოდა, თვითონვე კი უშვერდა
მკერდს. დედობრივი გრძნობა იმდენად უსაზღვროა, რომ მისი გულგრილობამდე მიყვანა
მხოლოდ სიკვდილს ან რაიმე სხვა ძლიერ გრძნობას შეუძლია: რელიგიას, ან სიყვარულს.
დილიდანვე, როგორც კი ადგა, მარკიზის მეუღლე მისდასაუბედუროდ მეხსიერებამ წარსულის
უამრავი ფაქტი წარმოუსახა, რაც თითქოს უმნიშვნელო იყო, მაგრამ დიდი მნიშვნელობის
მქონე ჩვენი შინაგანი ცხვრებისათვის. სინამდვილეში ხანდახან მხოლოდ ერთი მოძრაობაა
საკმარისი, რომ მთელი დრამა ვიგრძნოთ, საკმარისია ერთი სიტყვა, რომ მთელი ცხოვრება
დაინგრეს, საკმარისია ერთი გულგრილი გამოხედვა, რომ უბედნიერესი ვნებები ჩაკვდეს.
ქალბატონ დ’ეგლემონს საუბედუროდ, ბევრი ასეთი ჟესტი ენახა, ბევრი ასეთი სიტყვა გაეგონა
და მრავალი ისეთი მზერა დაეჭირა, სულს რომ ფლეთს, რათა ამ მოგონებებში რაიმე ნუგეში
ეპოვა. ყველაფერი იმას მოწმობდა, რომ ალფრედმა განდევნა ის ქალიშვილის გულიდან,
რომ ის, დედა, შვილის გულში მის სასიხარულოდ კი არ ბინადრობს, არამედ მძიმე
ვალდებულებად აწევს. უამრავი რამ, თვით წვრილმანებიც კი მეტყველებდნენ იმაზე, რა
ცუდად ექცეოდა კონტესი თავის დედას, და ასეთ უმადურობას დედა ისე უყურებდა, როგორც
შურისძიებას. ის ცდილობდა თავისი ქალიშვილი გაემართლებინა და თავს ირწმუნებდა, რომ
ეს განგების ხელი იყო, რათა მაინც დაელოცა ის მსახვრალი ხელი. იმ დილას ბევრი რამ
გაახსენდა და წარსულმა ისე მტკივნეულად დაუსერა გული, რომ სულ პატარა განცდაც კი
აავსებდა მისი მოთმინების ფიალას. ერთი გულგრილი მზერაც კი გამოასალმებდა
სიცოცხლეს მარკიზის მეუღლეს. ამ ოჯახური ამბების აღწერა ძნელი საქმეა, მაგრამ, ალბათ,
საკმარისი იქნება ორი ან სამი შემთხვევა მოვიყვანოთ, რათა მკითხველისთვის ყოველივე
გასაგები გახდეს. ასე, მაგალითად, მარკიზის მეუღლეს ყურთ მძიმედ ესმოდა, მაგრამ
სანატრელი ჰქონდა, რომ მოინას ხმა აეწია და მისთვის ლაპარაკი გაეგონებინა. ერთხელ,
როცა ქალბატონმა დ’ეგლემონმა მიამიტად, როგორც ეს სმენანაკლულთ სჩვევიათ,
ქალიშვილს სთხოვა ნათქვამი გაემეორებინა, მოინა კი დათანხმდა, მაგრამ ამ დროს სახეზე
ისეთი უკმაყოფილება გამოეხატა, რომ მარკიზის მეუღლე ამ მცირე თხოვნითაც აღარ
მიმართავდა ხოლმე. ამის შემდეგ, როცა მოინა რამეს ყვებოდა, ან უბრალოდ ლაპარაკობდა,
დედამისი ძალიან ახლოს მიდიოდა, რომ ნათქვამი გაეგონა. მოინას დედის ეს ნაკლი ხშირად

179 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


აღიზიანებდა და განუსჯელად საყვედურებით ავსებდა. ასეთი და კიდევ სხვა ათასი
უგულისყურობა სასტიკად სტკენდა დედას გულს. ყველა ეს შემთხვევა გარეშე დამკვირვებელს
შეიძლება გამოჰპარვოდა, ვინაიდან ასეთ შეუმჩნეველ წვრილმანებს სხვა ვერავინ გრძნობს,
თუ არა დედა. მაგალითად, როცა ერთხელ ქ-მა დ’ეგლემონმა ქალიშვილს უთხრა, კონტესი
კადინიანი მოვიდა ჩემს სანახავადო, მოინამ შესძახა: „ვითომ მაინც და მაინც თქვენს
სანახავად მოვიდა?“ მოინამ ეს სიტყვები ისეთი სახითა და კილოთი წარმოთქვა, რომ მათში
ოდნავ შესამჩნევად, მაგრამ აშკარად გაისმა გაკვირვება და ზიზღი, რაც მუდმივად
ახალგაზრდულ და გულთბილ ადამიანებში ძალაუნებურად აღძრავდა აზრს, რაოდენ
კაცთმოყვარე განაჩენი გამოაქვთ ზოგიერთ ველურებს თავიანთი მოხუცებისათვის, როცა
მაგრად დარხეული ხის ტოტიდან ძირს ყრიან. ქ-ნი დ’ეგლემონი სკამიდან წამოდგა, გაიღიმა
და წავიდა, რათა სადმე ჩუმად ცრემლები გადმოეყარა. კარგად აღზრდილი ადამიანები, და
მეტადრე ქალები, თავიანთ გრძნობებს გარეგნულად არ ამჟღავნებენ და მათი გულის სიმთა
რხევას მხოლოდ ის მიხვდება, ვისაც ცხოვრებაში ყველაფერი გამოცდილი აქვს, რაც
მრავალტანჯულმა დედამ გამოსცადა. და აი, ახლა, მოგონებებით დათრგუნული ქ-ნი
დ’ეგლემონი ცხარედ ტიროდა და იგონებდა ყოველ წვრილმანს, ერთი შეხედვით თითქოს
უმნიშვნელოს, მაგრამ მისთვის დიდად გულსატკენს. ამ წუთში მას თითქოს თვალი აეხილა
და იგრძნო, რაოდენ ულმობელი გულცივობა იფარებოდა მისდამი ქალიშვილის თავაზიან
ღიმილში. მაგრამ როგორც კი ქალბატონ დ’ეგლემონს შემოესმა, რომ ქალიშვილის
საძინებელი ოთახის დარაბები გახსნეს, თვალზე ცრემლი შეაშრა და სწრაფად გასწია
სახლისკენ პატარა ბილიკით, რომელიც ბაღის იმ მესერს მიჰყვებოდა, სადაც წეღან ქ-ნი
დ’ეგლემონი იჯდა. მიმავალმა შენიშნა, რომ მებაღე გულდასმით ტკეპნიდა ქვიშას ხეივანში,
ასე ცუდად რომ იყო მოვლილი ამ ბოლო დროს. როცა ქ-ნი დ’ეგლემონი ფანჯარას
მიუახლოვდა, დარაბები უეცრად ისევ ჩახურეს.

— მოინა! — დაიძახა მან. პასუხი არ გასცეს.

— ქალბატონი კონტესი პატარა სასტუმრო ოთახშია, — უთხრა მოინას მოახლე ქალმა,


როცა მარკიზის მეუღლე სახლში შევიდა და იკითხა, თუ ადგა მოინაო.

ქ-ნ დ’ეგლემონს ისე ჰქონდა გული დარდით, თავი კი ათასგვარი ფიქრებით


დამძიმებული, რომ იმ წუთში სულ არ მიუქცევია ყურადღება ყველა ამ წვრილმანი
გარემოებისთვის. ის მაშინვე პატარა სასტუმრო დარბაზში შევიდა, სადაც კონტესი
იმყოფებოდა. მოინა პენუარში იყო, დაუვარცხნელ თავზე ღამის ჩაჩი დაუდევრად ეხურა,
ფეხები საშინაო ფლოსტებში წაეყო, ქამარზე თავისი ოთახის გასაღები ეკიდა. მისი

180 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


შეფაკლული სახე რაღაც მძაფრ განცდებს ამჟღავნებდა. ქალი დივანზე იჯდა და თითქოს
ფიქრებს მისცემოდა.

— ვინ დაგიძახათ? — მიმართა გულმოსულმა. — აჰ, თქვენა ხართ, დედაჩემო, —


დაატანა დაფანტულად და თითქოს თავისივე კითხვაზე შეცბა.

— ხო, შვილო, მე ვარ...

კილო, რომლითაც ქ-მა დ’ეგლემონმა ეს სიტყვები წარმოთქვა, მეტყველებდა, რომ ქალს


გულისნადების გამჟღავნების სურვილი ჰქონდა. იგი იმ შინაგან მღელვარებას აეტანა, რასაც
სხვას ვერაფერს ვუწოდებთ, თუ არა „წმინდა მღელვარებას“. და მართლაც მარკიზის ქვრივი
იმდენად მოეცვა დედის წმინდა მოვალეობას, რომ ქალიშვილი მისკენ განცვიფრებული
მიბრუნდა და სახეზე პატივისცემა, შიში და სინდისის ქენჯნა გამოესახა. მარკიზის მეუღლემ
კარი მიხურა. მცირე დარბაზში ისე ვერავინ შემოვიდოდა, რომ წინა ოთახებში ფეხის ხმა არ
გაეგონათ. ასეთი განმარტოება მათ მოურიდებელი ცნობისმოყვარეობისგან იცავდა.

— ჩემო შვილო, — დაიწყო მარკიზის მეუღლემ, — ჩემი ვალია თვალი აგიხილო იმ


საშიშროებაზე, რაც შესაძლებელია ყველაზე ულმობელი იყოს ქალის ცხოვრებაში. ვაი თუ
შენ უნებურად მოხვდი ასეთ მდგომარეობაში და მინდა ისე გელაპარაკო, როგორც მეგობარი
და არა დედა. გათხოვების შემდეგ შენს მოქმედებაში თავისუფალი ხარ და ანგარიშს
მხოლოდ ქმარს აბარებ... მაგრამ შენ ისე იშვიათად გრძნობდი დედის ძალა-უფლებას (რაც
უთუოდ ჩემი შეცდომაა), რომ ახლა ვფიქრობ უფლება მაქვს მოგთხოვო, ერთხელ მაინც
დამიგდო ყური, რადგან შენს მდგომაროებაში, ჩემი აზრით, აუცილებელია რჩევა-დარიგება
მოისმინო. ყური დამიგდე, შვილო... მე ისეთ კაცს მიგათხოვე, რომლის მაღალნიჭიერება
საქვეყნოდაა ცნობილი, შენ შეგიძლია იამაყო შენი ქმრით, შენ...

— დედიკო, — შეაწყვეტინა მარკიზის მეუღლეს ქალიშვილმა ჯიუტი სახით, — უკვე ვიცი


რის შესახებ გინდათ ჩემთან საუბარი... ეგ თქვენი ჭკუის სწავლება ალფრედს ეხება...

— ამას თქვენ ვერ მიხვდებოდით, მოინა, — მკაცრად შენიშნა მარკიზის მეუღლემ და


შეეცადა ცრემლი შეეკავებინა, — რომ თვითონვე არ გრძნობდეთ...

— რაზე მელაპარაკებით? — ჩაეკითხა მოინა დედას მედიდურად, — რა მოხდა ბოლოს


და ბოლოს...

— მოინა! — შეჰყვირა ქალბატონმა დ’ეგლემონმა თავის თავზე საშინელი


181 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE
ძალდატანებით, — უნდა მოისმინოთ ის, რაც ვალდებული ვარ გითხრათ...

— გისმენთ, — მიუგო კონტესმა, გულზე ხელები დაიკრიფა და გამომწვევად გამოხატა


ნაძალადევი მორჩილება. — ნება მიბოძეთ, დედაჩემო, — დაუმატა მან საოცარი
გულგრილობით, — პოლინს დავურეკო და საქმეზე გავგზავნო...

მან დარეკა.

— ჩემო კარგო, პოლინი ვერ გაიგონებს...

— დედაჩემო, — შეაწყვეტინა კონტესმა ისეთი მნიშვნელოვანი ხმით, რომ დედას


საშინლად გაუკვირდა. — აუცილებლად უნდა... ის შეჩერდა. მოახლე ოთახში შემოვიდა, —
პოლინ, ბოდრენთან წადით პირადად თქვენ და იკითხეთ, რატომ არ გამომიგზავნა ქუდი...

მერე ისევ დაჯდა და დედას გაკვირვებით დააცქერდა. დედას გული შეეკუმშა. მას
თვალზე ცრემლი შეშრობოდა. გულში ისეთი გრძნობები გაუჩნდა, რომელთა სიმწარე
მხოლოდ დედას შეუძლია გაიგოს. მან დაიწყო ლაპარაკი საფრთხეზე, რაც ქალს ელოდა.
მაგრამ იმის გამო რომ მოინა შეურაცხყოფილი დარჩა დედამისის ეჭვებით მარკიზ დე
ვანდენესის ვაჟის მიმართ, თუ იქნებ იმის გამო, რომ თავი ვერ დააღწია იმ გაუგებარი
უგუნურების ტყვეობას სიყმაწვილის გამოუცდელობას რომ ახასიათებს, ისარგებლა, როცა
დედა ერთ წუთს შეჩერდა და ნაძალადევი სიცილით უთხრა: — მე კი მეგონა, დედაჩემო,
მამამისზე ეჭვიანობდით...

ამის გაგონებაზე ქ-მა დ’ეგლემონმა თვალები დახუჭა, თავი დახარა და წყნარად


ამოიგმინა. მერე თვალები ზეაღაპყრო, თითქოს უნდოდა დამორჩილებოდა იმ გადაულახავ
გრძნობას, რომელიც ჩვენი ცხოვრების ყველაზე დიდი განსაცდელის ჟამს ღმერთს
გვავედრებს. შემდეგ ქალიშვილზე გადაიტანა რისხვით და უღრმესი სევდით აღსავსე
დიდებული მზერა.

— ჩემო შვილო, — წარმოთქვა დედამ საშინლად გამოცვლილი ხმით, — თქვენ


ულმობელი ხართ დედათქვენის მიმართ, უფრო ულმობელი, ვიდრე მის მიერ
შეურაცხყოფილი კაცი, უფრო ულმობელი, ვიდრე ალბათ, თვითონ ღმერთი იქნებოდა.

ქ-ნი დ’ეგლემონი წამოდგა და კარისკენ გასწია. კართან რომ მივიდა, მოტრიალდა და


ქალს შეხედა. მაგრამ მის თვალებში გაკვირვების მეტი ვერაფერი ამოიკითხა და
ძლივძლიობით ბაღში გალასლასდა. აქ მას ძალამ უმტყუნა, გულში მკვეთრი ტკივილი
182 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE
იგრძნო და სკამზე დაეშვა. თვალებს ქვიშაზე აცეცებდა და ცხადად შენიშნა ახალი ნაკვალევი,
აშკარა ნაცნობი ნაფეხური მამაკაცის კოხტა ჩექმებისა. ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ მისი ქალი
დაღუპვის გზაზე იდგა. მაშინ მიხვდა პოლინისადმი მიცემული დავალების აზრს და ამ
საშინელ ვარაუდს მოჰყვა კიდევ ერთი ყველა სხვა ვარაუდზე უმძიმესი. ის მიხვდა, რომ
მარკიზ დე ვანდენესის ვაჟმა მოინას გულში გაანადგურა პატივისცემა, რომელსაც შვილი
საკუთარი დედის მიმართ უნდა გრძნობდეს. მარკიზის მეუღლე თანდათან უარესად გახდა,
ნელ-ნელა გრძნობა დაკარგა და ისე იჯდა, თითქოს ეძინა. ახალგაზრდა კონტესმა
გადაწყვიტა, მართალია დედამ მეტისმეტად დამტუქსა, მაინც უნდა შევირიგო, და ამიტომ ამ
საღამოს ალერსიანად და ყურადღებიანად უნდა მოვექცეო. როცა ბაღიდან ქალის ყვირილი
მოისმა, მოინამ მშვიდად გადაიხედა ფანჯრიდან. სწორედ ამ წუთში პოლინს, რომელიც ჯერ
სახლიდან არ გასულიყო, ქ-ნი დ’ეგლემონი ხელებით ეჭირა და მიშველეთო ყვიროდა.

— ჩემი ქალი არ შეაშინოთ, — იყო დედის უკანასკნელი სიტყვები.

მოინამ დაინახა, როგორ წამოიღეს გაფითრებული, გაშეშებული დედა. ის ძლივს


სუნთქავდა, მაგრამ ხელებს იქნევდა, თითქოს ვიღაცას იგერიებდა თუ ელაპარაკებოდა. ამ
სანახაობით თავზარდაცემული მოინა დედას უკან გაჰყვა, ხმაამოუღებლად დაეხმარა
ტანისამოსი გაეძრო და თავის საწოლზე დაეწვინა. მოინამ იგრძნო თავისი შეცდომის მთელი
სიმძიმე. უკანასკნელ წუთებში მიხვდა დედის გულის ვარამს, მაგრამ აღარაფრის
გამოსწორება არ შეიძლებოდა. მოინამ დედასთან მარტო დარჩენა მოინდომა. და როცა
ოთახში აღარავინ დარჩა, როცა მოინა დედის გაციებულ ხელებს შეეხო, მუდამ მას რომ
უალერსებდა, ცხარე ცრემლები წამოსცვივდა. შვილის ქვითინმა მარკიზის მეუღლე თითქოს
გონს მოიყვანა და უკანასკნელად მოიკრიბა ძალ-ღონე, რათა მოინასთვის შეეხედა და როცა
მოინას ნაზი, გაღეღილი მკერდიდან გმინვა აღმოხდა, დედამ შვილს გაუღიმა. ამ ღიმილმა
პატარა დედისმკვლელს დაუმოწმა, რომ დედის გული ისეთი საუნჯეა, რომლის სიღრმეში
შვილი მუდამ ჰპოვებს შეწყნარებას.

როგორც კი მარკიზის მეუღლის მდგომარეობა აშკარა შეიქნა, მაშინვე ცხენით კაცები


გაგზავნეს ექიმის, ფერშლის და ქ-ნი დ’ეგლემონის შვილიშვილების მოსაყვანად. ახალგაზრდა
მარკიზის მეუღლე შვილებით ფეხდაფეხ მოჰყვა ექიმებს. საკმარისად ბევრი ხალხი შეიკრიბა.
აქ იყვნენ მსახურნიც. ყველა დუმდა. ყველა შეშფოთებული იყო. ოთხიდან ჩამი-ჩუმი არ
ისმოდა. ახლაგაზრდა მარკიზის მეუღლე კარს მიუახლოვდა და წყნარად დააკაკუნა. კაკუნზე
მოინა მწუხარებიდან გამოერკვა, ორივე კარი გააღო, იქ შეკრებილ ოჯახის წევრებს
დაბნეული თვალები მიმოავლო და მისმა დამწუხრებულმა შესახედაობამ სიტყვებზე უფრო

183 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


მეტყველად გამოხატა მისი უბედურება. სინდისის ქენჯნის ამ ცოცხალი განსახიერების
დანახვაზე არავის ხმა არ ამოუღია. ყველამ დაინახა სიკვდილის სარეცელზე გაჭიმული ქ-ნი
დ’ეგლემონის გათოშილი ფეხები. მოინა კარის წირთხლს მიეყრდნო, ნათესავებს შეხედა და
ყრუდ წარმოთქვა: — დედაჩემი გარდაიცვალა!..

პარიზი — 1828 – 1844 წ.

184 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE


სარჩევი
I. პირველი შეცდომები.......................................................................................................................................................................... 1
II. იდუმალი წამება ................................................................................................................................................................................. 67
III. ოცდაათი წლის ასაკში .................................................................................................................................................................. 86
IV. განგების ხელში ............................................................................................................................................................................. 108
V. ორი შეხვედრა ................................................................................................................................................................................ 120
VI. დამნაშავე დედის სიბერე ........................................................................................................................................................... 170

185 | ონორე დე ბალზაკი - ოცდაათი წლის ქალი ELIBRARY.SOU.EDU.GE

You might also like