You are on page 1of 63

გაბრიელ გარსია მარკესი - წინასწარ გამოცხადებული

სიკვდილის ქრონიკა
ესპანურიდან თარგმნა - ელზა ახვლედიანმა
“ქედმაღლობითაც შეიძლება სიყვარულს მისწვდე”
ჟილ ვისენტე (დაახლ. 1470-1536), ცნობილი
პორტუგალიელი დრამატურგი და პოეტი-სატირიკოსი)

იმ დღეს, რა დღესაც უნდა მოეკლათ, სანტიაგო ნასარი დილის ექვსის ნახევარზე


ადგა, რათა გემით მომავალ ეპისკოპოსს დახვედროდა ნავსადგურში. დაესიზმრა,
ვითომ ლეღვის ხეების ტევრში მიაბიჯებდა, სასიამოვნოდ ცრიდა და სულ რაღაც
ერთი წამით ბედნიერი იყო, მაგრამ გამოღვიძებულს ისეთი განცდა აჰყვა, თითქოს
ჩიტების სკორეში ამოსვრილიყოს. „ხშირად ესიზმრებოდა ხეები, — მითხრა
დედამისმა პლასიდა ლინერომ ოცდაშვიდი წლის შემდეგ, როდესაც წვრილად
იგონებდა იმ დაწყევლილ ორშაბათ დღეს, — სიკვდილამდე ერთი კვირით ადრეც
დაესიზმრა, ვითომ კალის თვითმფრინავით დაფრინავდა ნუშის ხეებში და ეშინოდა,
ტოტებს არ გამოსდებოდა“. ეს ქალბატონი უბადლო ამხსნელი იყო სხვათა
სიზმრებისა, თუკი უზმოზე უამბობდნენ ამ სიზმრებს. ვაჟიშვილის ამ ორ სიზმარსა
და სიკვდილის წინა დღეებში დილაობით ნაამბობ სხვა სიზმრებში ნანახი ხეები კი
რატომღაც ცუდად არ ენიშნა ქალს.

არც თვითონ სანტიაგო ნასარს უგუმანია ცუდი რამ. ტანგაუხდელს ცოტა ხანს და
თანაც ცუდად ეძინა. გაღვიძებულს თავი სტკიოდა და პირშიც საძაგელ გემოს
გრძნობდა. არც იყო გასაკვირი — თითქმის გამთენიისას აიშალნენ საქორწილო
სუფრიდან. იგი შვიდის ხუთ წუთზე გავიდა სახლიდან და ვიდრე სულ რაღაც ერთ
საათში ღორივით დაკლავდნენ, ბევრმა დაინახა ქუჩაში. მერე იგონებდნენ, თუმცა
უძილობა ეტყობოდა, მაინც კარგ გუნებაზე იყოო; მშვენიერი დღე იქნებაო, ამბობდაო.
დაბეჯითებით ვერავინ იტყოდა, რას გულისხმობდა ამ სიტყვებში — ამინდს თუ სხვა
რამეს. ერთნი ამბობდნენ, თებერვალს რომ შეეფერება, ისეთი მზიანი დარი იდგა,
ზღვიდან და ბანანის ბაღებიდან სუსტი ქარი ქროდაო; მეორენი კი პირიქით
ირწმუნებოდნენ, ცუდი ამინდი იდგა, ცა დადაბლებული და მოღუშული იყო, ჰაერი
დამყაყებული წყლის სუნს დაემძიმებინა, ხოლო იმწამს, როცა უბედურება მოხდა,
სწორედ ისეთი წვრილი წვიმა წამოვიდა, სანტიაგო ნასარს რომ დასდიოდა თავის
სიზმარეულ ტევრშიო. მეც იმ საქორწილო სუფრას ვუჯექი ალიონამდე, მერე კი ის
იყო, იქიდან გამოყოლილ ბახუსს დალოცვილ მარია ალეხანდრინა სერვანტესის
მკლავებში ვინელებდი, რომ ზარების გუგუნიც ჩამესმა. ალბათ ეპისკოპოსის
პატივსაცემად რეკავენ-მეთქი, გავივლე გუნებაში.

სანტიაგო ნასარს სწორედ ის გაუხამებელი თეთრი შარვალ-ხალათი ეცვა, რაც წინა


ღამით ქორწილზე. ეპისკოპოსის ჩამობრძანება რომ არა, როგორც ორშაბათობით
სჩვეოდა ხოლმე, ამ დღესაც ხაკისფერ შარვალ-ხალათსა და მხედრის ჩექმებს
ჩაიცვამდა და ასე გასწევდა თავის მამულში, რომელსაც „ღვთაებრივი სახე“ ერქვა. ეს
მამული და პირუტყვი მამისაგან ერგო მემკვიდრეობად და გონივრულადაც
მართავდა, თუმცა მაინცდამაინც დიდი სარგებელი არა ჰქონია. მთაში ასვლისას
ქამარში გაირჭობდა ხოლმე „მაგნუმ-357“-ს, რომლის ტყვიებიც, მისივე თქმით, ცხენს
გაჭრიდა შუაზე. კაკბებზე ნადირობისას თან დაჰქონდა ზუსტი სამიზნე სანადირო
თოფი. კარადაში ჩაკეტილი ჰქონდა შაშხანები „მალინჰერ შენაუერი-30.06“, „ჰოლანდ
მაგნუმი-300“, ორმაგი ოპტიკურსამიზნიანი „ჰორნეტ-22“ და მრავალკალიბრიანი
„ვინჩესტერი“. სანტიაგო ნასარს მამამისივით სჩვეოდა — ძილის წინ პისტოლეტს
ბალიშისპირში ინახავდა ხოლმე. იმ დღეს სახლიდან გასვლისას პისტოლეტიდან
ტყვიები ამოიღო და ცარიელი იარაღი მაგიდის უჯრაში ჩადო. „იარაღი არასოდეს
დაუტოვებია დატენილი“, — მითხრა დედამისმა. ეს მეც კარგად ვიცოდი, ისიც
ვიცოდი, დაცლილ თოფს ცალკე ინახავდა, ტყვიებს — ცალკე, თან ისე
საგულდაგულოდ გადამალავდა, რომ კაცი ვერ იპოვიდა; ეშინოდა, ვინმეს არ
მოხუშტურებოდა სახლში თოფის დატენა. ეს გონივრული წესი თურმე ერთი
შემთხვევის შემდეგ შემოუღია მამამისს ოჯახში: ერთ დილას მოახლე ბალიშს
ფერთხავდა თურმე, ბალიშიდან გადმოვარდნილა პისტოლეტი და გავარდნილა,
ტყვია კარადას მოხვედრია, სასტუმრო ოთახის კედელი გაუხვრეტია, წუილით
შეფრენილა მეზობლის სასადილო ოთახში, იქიდან კი მოედნის გაღმა, ეკლესიის
საკურთხეველში შესისინებულა და წმინდანის კაცისოდენა თაბაშირის ქანდაკება
ნამსხვრევებად უქცევია. სანტიაგო ნასარი მაშინ ჯერ კიდევ პატარა ბიჭი იყო, მაგრამ
სამუდამოდ კი დაამახსოვრდა ეს შემთხვევა.

დედის მეხსიერებაში უცვლელად შემორჩენილიყო უკანასკნელი წუთები: შვილმა


სწრაფად გაიარა მის საწოლ ოთახში, სააბაზანოში შევიდა და სააფთიაქო პატარა
კარადაში ასპირინის აბებს დაუწყო ძებნა. ხმაურზე ქალმა შუქი აანთო და კარის
ღრიჭეში დაინახა შვილი წყლიანი ჭიქით ხელში. სწორედ ასეთი ჩაებეჭდა
მეხსიერებაშიც სამუდამოდ. შვილმა მაშინვე უამბო სიზმარი, მაგრამ ქალს „ხეები“
თითქოს არც გაეგონოს.

— ჩიტი ჯანმრთელობას ნიშნავს, — უთხრა შვილს.

დედა ჰამაკში იწვა და იქიდან უყურებდა თავის ვაჟს. გავიდა კარგა ხანი და იმავე
ჰამაკში და იმავე პოზაში ვიხილე ეს ქალი, უკვე დაბერებული. ეს ის დრო იყო, როცა
წლების მერე დავბრუნდი ამ მიყრუებულ პატარა ქალაქში, რათა მიმოფანტული
ნამსხვრევები შემეკოწიწებინა და მოგონებათა სარკე გამემთელებინა. პლასიდა
ლინეროს თვალის ჩინი დაჰკარგვოდა, მხოლოდ ძლიერ შუქზე თუ არჩევდა
ადამიანთა ჩრდილებს. საფეთქლებზე რომელიღაც სამკურნალო მცენარის ფოთოლი
მიედო. თავის ტკივილი აღარ მოშორებია იმ დღიდან, შვილი უკანასკნელად რომ
დაინახა თავის საძინებელ ოთახში გავლილი. ქალი გვერდულად იწვა. თავთან,
ჰამაკზე გამობმულ თოკს ჩაეჭიდა და წამოდგომა სცადა. ნახევრად ბნელ ოთახში
იდგა ემბაზში ჩამდგარი წყლის ის სურნელი, ასერიგად რომ გამაოცა მკვლელობის
დილას. კარის ღრეჭოში დამინახა თუ არა, მაშინვე შვილი გაიხსენა: „იქ იდგა, —
მითხრა მან, — ისეთი ნაზი კანი ჰქონდა, გახამებულს ვერაფერს იცვამდა.
გაუხამებელი თეთრი კოსტიუმი ეცვა“. ქალი დიდხანს იჯდა ჰამაკში და ილს მანამდე
ღეჭავდა, ვიდრე არ გაუქრა შვილის დაბრუნების შეგრძნება. მერე ოხვრას ამოაყოლა:
„ის იყო ჩემი ერთადერთი იმედი“. თვალწინ წარმომიდგა სანტიაგო ნასარი ისეთი,
როგორიც დედამისის მოგონებებში ცოცხლობდა: იანვრის ბოლო კვირას ოცდაერთი
წელი შეუსრულდა. ტანადი და ფერმკრთალი სანტიაგო მამას ჰგავდა არაბულად
გაჭრილი თვალებითა და ხვეული თმით. იგი ერთადერთი შვილი გახლდათ
გარიგებით დაქორწინებული მშობლებისა. ცოლ-ქმარს ერთი ბედნიერი წამიც არ
ახსოვდა ერთად ცხოვრების მანძილზე. სამაგიეროდ, შვილი ჩანდა ბედნიერი ასეთი
მამის გვერდით. მამა უეცრად გარდაეცვალა სამი წლის წინ და სანტიაგო ნასარი
დედასთანაც ბედნიერი იყო იმ ორშაბათამდე — თავისი სიკვდილის დღემდე.
დედისაგან მემკვიდრეობით მიეღო წინათგრძნობის უნარი, მამამ კი ჯერ კიდევ
პატარას ასწავლა თოფის სროლა, ცხენების სიყვარული და მიმინოს გაწვრთნა.
მამისგანვე შეითვისა გულადობისა და სიფრთხილის სასარგებლო ცოდნაც. მამა-
შვილი არაბულად ელაპარაკებოდა ერთმანეთს, პლასიდა ლინეროს თანდასწრებით
კი ერიდებოდნენ. ქალაქში ისინი იარაღასხმული არავის უნახავს. გაწვრთნილი
ფრინველებიც მხოლოდ ერთხელ და ისიც საქველმოქმედო ბაზრობაზე ჩამოიყვანეს,
რათა შევარდნებზე ნადირობის ხელოვნება ეჩვენებინათ ხალხისათვის. მამის
სიკვდილის მერე სანტიაგო ნასარმა სკოლა დაამთავრა და სწავლა აღარ
გაუგრძელებია: მამულს მართვა სჭირდებოდა. რაც შეეხება პირადულ ღირსებებს, —
იგი იყო გულღია, მხიარული და კეთილი ყმაწვილი კაცი.

იმ დღეს, რა დღესაც უნდა მოეკლათ, დედამ თეთრებში გამოწყობილი შვილი რომ


დაინახა, გაიფიქრა, ნამდვილად დღეები აერიაო. „შევახსენე, დღეს ორშაბათია-
მეთქი“, — მითხრა ქალმა. მაგრამ შვილმა უპასუხა, ვიქნები ასე ჩაცმული, იქნებ
ეპისკოპოსის ბეჭედზე მთხვევა მომიწიოსო.

— ეგ შენი ეპისკოპოსი გემიდან არც გადმოვა, — უთხრა შვილს, — როგორც


ყოველთვის, ახლაც მოვალეობას მოიხდის, პირჯვარს გადმოგვწერს და საიდანაც
მოსულა, იქით წავა. არ უყვარს ჩვენი პატარა ქალაქი.

სანტიაგო ნასარმა იცოდა, დედამისი მართალს ამბობდა, მაგრამ მეტისმეტად


უყვარდა ზარზეიმური საეკლესიო რიტუალები. „როგორც კინოშია ხოლმე“, — მეც
მითხრა ერთხელ სანტიაგომ. დედამისს კი ეპისკოპოსის ჩამოსვლა სადარდებელს
უჩენდა: შვილი წვიმაში მომიყვება, წუხელ ძილში აცემინებდაო. ურჩია, ქოლგა მაინც
წაიღეო, მაგრამ შვილმა გამომშვიდობების ნიშნად ხელი დაუქნია და ოთახიდან
გავიდა. დედა უკანასკნელად ხედავდა თავის შვილს.

მოახლე ვიქტორია გუსმანი ირწმუნებოდა, არც იმ დღეს და არც მთელი თებერვალი


არ უწვიმიაო. „პირიქით, — მითხრა მან თავის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, — მზე
უფრო ადრიანად აცხუნებდა, ვიდრე აგვისტოში იცის“. იმ დილით სანტიაგო ნასარი
სამზარეულოში რომ შევიდა, სულწასული ძაღლებით გარშემორტმული ვიქტორია
გუსმანი სამ კურდღელს ასუფთავებდა სადილისათვის. „დილაობით სახეზე ეხატა
ხოლმე წინა ღამის ნაკვალევი“, — ზიზღით იგონებდა მოახლე. მისმა ქალიშვილმა
დივინა ფლორმა (ღვთაებრივი, საოცარი ყვავილი), რომელიც ის იყო, იწყებდა
გაფურჩქვნას, სანტიაგო ნასარს დიდი ფინჯანი რომგარეული უშაქრო ყავა მიართვა.
ყოველ ორშაბათ დღეს ასე უმსუბუქებდა იგი თავის ბატონს გადატანილი ღამის
სიმძიმეს. დიდი სამზარეულოს ღუმელი შიშინებდა, ქანდარებზე ჯერ კიდევ ეძინათ
ქათმებს, ირგვლივ ყოველივე რაღაცნაირი იდუმალი სუნთქვით სუნთქავდა.
სანტიაგო ნასარმა კიდევ ერთი აბი დაღეჭა, მერე სვენებ-სვენებით მოჰყვა ყავის სმას,
თან ფიქრიანად შესცქეროდა ქურასთან კურდღლების გამოშიგვნაში გართულ დედა-
შვილს. ვიქტორია გუსმანი, თუმცა უკვე წლოვანი ეთქმოდა, მაინც კარგად შენახული
ქალი იყო. დივინა ფლორს კი სუნთქვა ისე გახშირებოდა, თითქოს საკუთარი
მოწიფული ხორცი უხუთავდა სულს. სანტიაგო ნასარს ცარიელი ფინჯნის
ჩამოსართმევად რომ მიუახლოვდა, ვაჟმა ხელი წაავლო იდაყვში:

— უკვე შეიძლება შენი გახედვნა, — უთხრა გოგოს.

ვიქტორია გუსმანმა გასისხლიანებული დანა მოუღერა:

— ხელი გაუშვი! ვიდრე ცოცხალი ვარ, ამ წყაროს წყალს ვერ დაეწაფები.

ვიქტორია გუსმანი ჯერ კიდევ ყმაწვილი ქალი იყო, იბრაჰიმ ნასარმა რომ შეაცდინა.
ქალ-ვაჟი რამდენიმე წელიწადი ჩუმად ხვდებოდა ერთმანეთს მამულში, საჯინიბოში,
მერე კი, ვაჟს რომ მოყირჭდა, მოახლედ გადმოიყვანა სახლში. სხვა კაცთან
სიყვარულობანას დროს ჩასახულმა დივინა ფლორმა იცოდა, რომ სანტიაგო ნასარის
საწოლში გათენებული ღამეები არ ასცდებოდა და ეს აზრი ნაადრევ სურვილს
უღვიძებდა. „მისნაირი კაცი არ დაიბადება ქვეყანაზე“, — მითხრა ჩასუქებულმა და
ნაღვლიანმა დივინამ, რომელსაც უკვე სხვადასხვა კაცთან გაჩენილი შვილები ეხვია
გარს. „ზედგამოჭრილი მამამისი იყო, — ჩაურთო ვიქტორია გუსმანმა, — ნამდვილი
მძღ!... — მერე უცბად გააჟრჟოლა, — ახლაღა გამახსენდა, როგორ დაემანჭა სახე
სანტიაგო ნასარს, როდესაც ხელის ერთი მოქნევით გამოვშიგნე კურდღელი და
ოხშივარადენილი ნაწლავები ძაღლებს მივუყარეო.“

— რა გულმხეცი ხარ, — უთხრა ქალს, — წარმოიდგინე, ვითომ ადამიანია...

ვიქტორია გუსმანს ოცი წელიწადი დასჭირდა, რათა ბოლოს და ბოლოს


მიმხვდარიყო, ასე უჩვეულოდ რამ ააღელვა იმ დღეს ის კაცი, ვისთვისაც უცხო ხილი
არ იყო უმწეო ცხოველების ხოცვა. „ღმერთო! — შეჰყვირა შეშინებულმა ქალმა, —
ნუთუ ტანმა უაზრა!“ იმ დილას კი, მკვლელობა რომ მოხდა, მოახლე ისე იყო
დაბოღმილი, რომ ოღონდ სანტიაგო ნასარისათვის საუზმე ჩაემწარებინა და რას არ
გააკეთებდა — თვალის დახამხამებაში გამოშიგნა დანარჩენი კურდღლები და მათი
ნაწლავებიც კვლავ ძაღლებს მიუყარა. უცებ პატარა ქალაქი გემის საყვირის გუგუნმა
გამოაღვიძა და ყველას აუწყა ეპისკოპოსის ჩამობრძანება.

ამ სახლში წინათ საწყობი იყო. ორსართულიან შენობას უხეშად ნაჩორკნი ფიცრული


კედლები და ორმხრივ დაქანებული თუნუქის სახურავი ჰქონდა. სახურავზე მუდამ
ისხდნენ ორბები ნავსადგურში დაგროვილი ნარჩენების მოლოდინში. ეს შენობა ჯერ
კიდევ მაშინ ააგეს, როდესაც მდინარეზე ნაოსნობა შეიძლებოდა, საზღვაო ბარკასები
და ნამდვილი გემებიც კი ბედავდნენ, ჭაობიანი შესართავი გადაეცურათ და ამ პატარა
ქალაქამდე მოეღწიათ, ხოლო როცა ერთ-ერთი სამოქალაქო ომი დამთავრდა და
იბრაჰიმ ნასარიც არაბების ბოლო ჯგუფს ჩამოჰყვა, მდინარეს კალაპოტი უკვე
შეცვლილი ჰქონდა, გემები ნავსადგურში აღარ შედიოდნენ ზღვიდან და, რაღა თქმა
უნდა, საწყობებიც აღარავის სჭირდებოდა. იბრაჰიმ ნასარმა გროშებად შეისყიდა ეს
სახლი, უცხოური საქონლის სავაჭროს გავხსნიო, მაგრამ განზრახვა განზრახვადვე
დარჩა. ცოლის მოყვანა რომ გადაწყვიტა, ეს საწყობები საცხოვრებელ ოთახებად
გადააკეთა. ქვედა სართულზე სასტუმრო ოთახი მოაწყო, სახლს უკანა მხრიდან
საჯინიბო მიაშენა ოთხი ცხენისთვის. მსახურთაც მიუჩინა კუთხე და სამზარეულოც
გამართა ნავსადგურისკენ გაჭრილი ფანჯრებით, საიდანაც მუდამ შემოდიოდა
შმორის სუნი. ხელუხლებელი დატოვა მხოლოდ დახვეული კიბე, რომელიც, ეტყობა,
რომელიღაც დაღუპული გემიდან გადმოეტანათ. მეორე სართულზე, სადაც წინათ
საბაჟოს კანტორა იყო, იბრაჰიმ ნასარმა გამართა ორი საძინებელი და ხუთიც პატარ-
პატარა ოთახი ბავშვებისათვის — ხუთი შვილის ყოლას აპირებდა. გარდა ამისა,
მოედნის მხარეს, ზედ ნუშის ხეების თავზე გადმოკიდა ხის აივანი, სადაც პლასიდა
ლინერო ჯდებოდა ხოლმე საღამოობით თავისი მარტოობის გასაქარვებლად. სახლს
შემორჩენოდა სადარბაზო კარი, რომელშიც იბრაჰიმ ნასარმა ორი მაღალი შუშა ჩასვა
და მოჩუქურთმებული ხის ჩარჩოთი მოალამაზა. უკანა კარი იქვე დატოვა, ოღონდ
ისე აამაღლა კარის წირთხლი, ცხენიან კაცს რომ შესძლებოდა გავლა; ძველი
ნავსადგურის ნაწილიც მიიმატა. საერთოდ, უკანა კარით უფრო სარგებლობდნენ,
მარტო იმიტომ კი არა, რომ აქედან გადიოდნენ სამზარეულოში და ახორშიც,
იმიტომაც, რომ ახალი ნავსადგურისკენ მიმავალი გზის მხარეს იყო და მოედნის
გადაჭრა აღარ უწევდათ. სადარბაზო კარი, დღესასწაულების გარდა, ყოველთვის
ჩაკეტილი იყო ურდულით და მაინც აქ და არა უკანა კართან ელოდნენ სანტიაგო
ნასარს ისინი, ვისაც მისი მოკვლა განეზრახა. სწორედ ამ სადარბაზო კარიდან გავიდა
იგი ეპისკოპოსის დასახვედრად, თუმცა ნავსადგურისკენ მიმავალს მთელი სახლის
შემოვლა მოუწია.

ვერავის გაეგო, როგორ მოხდა ამდენი სამწუხარო დამთხვევა. რიოაჩიდან საგანგებოდ


ჩამოსული გამომძიებელი, ეტყობა, რაღაცას კი მიხვდა, მაგრამ გადაწყვეტით ვერ
გადაეწყვიტა, გაემახვილებინა თუ არა მასზე ყურადღება, მისი მონდომება კი —
რაციონალურად განესაჯა ეს დამთხვევები — ნამდვილად ჩანდა მისავე ოქმებში.
მოედანზე გამავალ კარს, როგორც დეტექტიურ მოთხრობებშია, იგი „საბედისწერო
კარს“ უწოდებდა. არადა, ერთადერთ ყურადსაღებ ჩვენებად უნდა ჩაითვალოს
გამომძიებლის შეკითხვაზე გაცემული პლასიდა ლინეროს ჭეშმარიტად დედობრივი
ალღოთი გამსჭვალული პასუხი: „ჩემი ვაჟი არასოდეს გავიდოდა უკანა კარიდან
საგარეოდ გამოწყობილი“. ეს ისეთი უეშმაკო სიმართლე იყო, რომ გამომძიებელმა
თავისთვის მოინიშნა ქაღალდის კიდეზე, ოქმში კი არ შეუტანია.
ვიქტორია გუსმანი უარზე იდგა, არც მე და არც ჩემმა ქალიშვილმა არ ვიცოდით,
სანტიაგო ნასარს რომ მოკვლას უპირებდნენო. მაგრამ წლების მერე აღიარა, ორივემ
ყველაფერი ვიცოდით ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე სანტიაგო ნასარი სამზარეულოში
შემოვიდოდა ყავის დასალევად; დილის ხუთ საათზე ერთი მათხოვარი მოგვადგა
რძისთვის და იმან გვითხრა, სად და რისთვის ელოდებოდნენ მოსაკლავადო.
„სანტიაგოს არაფერი ვუთხარი, ვიფიქრე, მთვრალების ნაბოდვარია-მეთქი“, —
მითხრა ვიქტორია გუსმანმა, მაგრამ დივინა ფლორმა, უკვე დედამისის სიკვდილის
მერე რომ მოვინახულე, სიმართლე ვეღარ დამიმალა: დედაჩემს სადღაც, სულის
სიღრმეში უნდოდა სანტიაგო მოეკლათ და იმიტომაც დაუმალა სიმართლეო. მაშინ
ჯერ კიდევ ცხვირმოუხოცავი გოგო ვიყავი და დედას წინ ვერ გადავუხტებოდი,
შიშით კი ძალიან შემეშინდა: როცა სანტიაგო ნასარი იდაყვში წამეტანა — უკვე
მიცვალებულივით ჰქონდა ხელი გაყინულიც და გაქვავებულიცო.

სანტიაგო ნასარმა ფართო ნაბიჯებით გაიარა დილის ბინდბუნდში ჩაძირული


ოთახები; გარედან ეპისკოპოსის გემის საყვირის საზეიმო გუგუნი მოისმოდა. დივინა
ფლორმა წინ გაუსწრო, — კარს გავაღებო, — თან ცდილობდა ხელიდან
დასხლტომოდა ახალგაზრდა ბატონს, სხარტად უვლიდა გვერდს სასადილო ოთახში
ჯერ კიდევ მძინარე ჩიტების გალიებს, მჭიდროდ ჩარიგებულ ავეჯსა და ჭერზე
დაკიდებული ქოთნებიდან გადმოშვებულ ხვიარა მცენარეებს, მაგრამ კარის
ურდულს რომ მისწვდა, მაშინ ვეღარ გაექცა ქორის ბრჭყალებს. „ცომივით მზელდა, —
მითხრა დივინა ფლორმა, — მიმიმწყვდევდა სადმე კუთხეში და მაწვალებდა, მაგრამ
იმ დღეს წინანდებურად არ შემშინებია, ტირილი მომინდა მხოლოდ“. გოგომ გზა
უტია ვაჟს და გამოღებულ კარში ალიონის შუქზე თეთრად გადაპენტილი ნუშის
ხეები დაინახა მხოლოდ, სხვა ვერაფერი შეამჩნია მოედანზე, გამბედაობა არ ეყო
მოეთვალიერებინა იქაურობა. „იმავ წუთში შეწყდა გემის საყვირის გუგუნი,
სამაგიეროდ, მამლები აყივლდნენ, — მითხრა მან, — ისე ყურისწამღებად და იმდენი
მამალი ყიოდა ერთად, რომ ვიფიქრე, ალბათ ეპისკოპოსის გემს მოაყოლეს, თორემ
ჩვენს ქალაქში სად იყო-მეთქი ამდენი მამალი“. მან ერთი რამის გაკეთება მაინც
მოახერხა იმ კაცისათვის, ვისი მორჩილებაც არ ეწერა ბედად: მიუხედავად პლასიდა
ლინეროს ბრძანებისა, კარი არ ჩაკეტა, იფიქრა, მართლა რომ მოხდეს რამე, სანტიაგო
ნასარი უცბად შემოვარდება სახლშიო. ვიღაცამ — დღემდე გაურკვეველია, ვინ — კარს
ქვემოთ წერილი შეაცურა. წერილში სანტიაგო ნასარს აფრთხილებდნენ, მოსაკლავად
გელოდებიანო. სწერდნენ, სად და რატომ უპირებდნენ მოკვლას, სხვა დასაბუთებულ
წვრილმანებსაც ატყობინებდნენ, მაგრამ სახლიდან გასვლისას სანატიაგო ნასარს ეს
წერილი არ დაუნახავს იატაკზე, არც დივინა ფლორსა და, საერთოდ, არც არავის
დაუნახავს იგი. მხოლოდ მკვლელობის მერე აღმოჩნდა ეს წერილი ყველასათვის
თვალმისაწვდომი. საათმა ექვსჯერ ჩამორეკა, მაგრამ ქუჩებში ფარნები ისევ ენთო.
ნუშის ხეებსა და ერთ-ორ აივანზე კვლავ ეკიდა საქორწილო ფერად-ფერადი
გირლანდები. კაცს ეგონებოდა, ეს-ეს არის ეპისკოპოსის პატივსაცემად მორთეს
ხეებიო, მაგრამ ქვის ფილებით მოგებული მოედანი, ეკლესიის მისასვლელი და მის
მახლობლად მუსიკოსებისთვის სახელდახელოდ მოწყობილი ფიცარნაგი ისე იყო
მოფენილი ცარიელი ბოთლებითა და საჭმლის ნარჩენებით, რომ ნაგავსაყრელს უფრო
ჰგავდა იქაურობა. სანტიაგო ნასარი სახლიდან რომ გავიდა, გემის საყვირი
გუგუნებდა და ერთი-ორი კაციც უკვე მიიჩქაროდა ნავსადგურისკენ.

მოედანზე, ეკლესიის მახლობლად, მხოლოდ რძის ფარდული იყო ღია. სწორედ ამ


ფარდულში ელოდებოდნენ სანტიაგო ნასარს მოსაკლავად. ფარდულის პატრონმა
კლოტილდე არმენტამ პირველმა დაინახა სანტიაგო ნასარი რიჟრაჟის შუქზე და
მოეჩვენა, თითქოს ალუმინის სამოსი ეცვა. „მოჩვენებას ჰგავდა უკვე“, — მითხრა
კლოტილდე არმენტამ. ამ ორს კი, ვინც სანტიაგო ნასარს მოკვლას უპირებდნენ,
გაზეთში გახვეული დანები ჩაეხუტებინათ და დახლზე თავმიდებულთ ეძინათ.
ქალმა სუნთქვა შეიკრა, არ გამოვაღვიძოო.

ეს ორნი ტყუპი ძმები პედრო და პაბლო ვიკარიოები იყვნენ. ოცდაოთხი წელი


შეუსრულდათ და ისე ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს, ძნელად თუ გაარჩევდა ვინმე.
„უსიამო შესახედავები არიან, თავი კი ღირსეულად უჭირავთ“, — იუწყებოდა ოქმი. მე
მათ პირველი კლასიდანვე ვიცნობდი და ასევე დავახასიათებდი ორივეს. იმ დილით
ძმებს ჯერაც არ გაეხადათ ის საგარეო ტანსაცმელი, ქორწილზე რომ ეცვათ. მათი შავი,
სქელი მაუდის პიჯაკები სულ არ შეეფერებოდა კარიბის სანაპიროს ჰავას. უზომო
სმისაგან სახე მორღვეოდათ, თუმცა გაპარსული კი ჰქონდათ. ჯერ კიდევ
ქორწილამდე სამი დღით ადრე შეუყვნენ სმას და ახლა მთვრალებს კი არა,
მთვარეულებს უფრო ჰგავდნენ. კლოტილდე არმენტას რძის ფარდულში თითქმის
სამი საათი ელოდნენ მსხვერპლს და განთიადისას ჩაეძინათ პირველად, შაბათის
მერე. გემის საყვირზე ტყუპს გამოეღვიძა, ხოლო როცა სანტიაგო ნასარი გამოვიდა
თავისი სახლიდან, რაღაც შინაგანმა ძალამ უბიძგა ორივეს — საბოლოოდ
გამოფხიზლებულიყვნენ. საგულდაგულოდ ჩაბღუჯეს გაზეთში გახვეული დანები.
პედრო ვიკარიომ წამოიწია კიდეც.

— ღვთის გულისათვის, — დაიჩურჩულა კლოტილდე არმენტამ.

თავი გაანებეთ, სხვა დროისათვის გადადეთ, ეპისკოპოსს მაინც ეცით პატივი.

„ნამდვილად ღვთის ნება იყო“, — ხშირად უთქვამს კლოტილდე არმენტას. რა თქმა


უნდა, ძმებს ისე, ყოველი შემთხვევისათვის ურჩია, მაგრამ ტყუპმა დაუჯერა. ის, ვინც
წამოიწია, ისევ დაჯდა. ორივემ თვალი გააყოლა მოედანზე მიმავალ სანტიაგნო
ნასარს. „სიბრალულით უფრო შესცქეროდნენ“, — მითხრა კლოტილდე არმენტამ.
იმავე წამში მოედანს მოედვნენ ობოლთა ფორმის კაბებში გამოწყობილი სამონასტრო
სკოლის გოგონები.

პლასიდა ლინერომ მართალი თქვა: ეპისკოპოსი არც გადმობრძანებულა გემიდან.


მთავრობის წევრებსა და მოსწავლეებს გარდა ნავსადგურში აუარება ხალხს მოეყარა
თავი. კალათებიდან თავი ამოეყოთ ეპისკოპოსისათვის ძღვნად მოყვანილ მამლებს:
მის უწმინდესობას ბიბილოების ნახარში უყვარდა თურმე. იმდენი ძღვენი მოეტანა
ხალხს, რომ გემზე გადატვირთვას ორ საათს მაინც მოანდომებდნენ, მაგრამ გემი არც
გაჩერებულა, მბრდღვინავი ურჩხულივით წამოიმართა თუ არა მდინარეზე,
ორკესტრმაც მაშინვე დააგრიალა საეპისკოპოსო ჰიმნი, ხოლო მამლებმა ისეთი
ყივილი მორთეს კალათებში, რომ თუ სადმე ქალაქში მამალი იყო დარჩენილი,
ყველამ ბანი მისცა.

იმ ხანებში ლეგენდარული ბორბლიანი გემები, რომლებზეც შეშას ხმარობდნენ


საწვავად, ნელ-ნელა ეძლეოდა დავიწყებას. ერთი-ორიღა იყო შემორჩენილი და იქაც
არც პიანოლა ედგათ და არც ცალკე კაიუტა ჰქონდათ ახალჯვარდაწერილთათვის
თაფლობის თვის გასატარებლად. ესეც არ იყოს, ამ გემებს უკვე უჭირდათ მდინარის
აღმა ცურვა. ეპისკოპოსის გემი მთლად ახალი იყო, ერთის მაგიერ ორი მილი ჰქონდა
და ორივეზე რკალად შემოეხატათ დროშა. კიჩოზე მიმაგრებული ფრთებიანი
ბორბლებით კი ნამდვილად სწრაფმავალ საზღვაო გემს ჰგავდა. კაპიტნის ჯიხურთან
თეთრებით მოსილი ეპისკოპოსი ჩანდა ესპანელთა ამალით გარსშემოხვეული.
„საშობაო ამინდი იდგა“, — გაიხსენა ჩემმა დამ მარგოტმა. ნაპირთან ჩასვლისას გემს
ისეთი ძალით აუგუგუნებია საყვირი, რომ ვინც კი ზედ ნაპირთან მდგარა, ყველა
ორთქლში გახვეულა თურმე. წამიერ მოლანდებასავით ჩაიარა ეპისკოპოსმა, შორიდან
პირჯვარი გადაწერა ხალხით სავსე სანაპიროს და ვიდრე გემი არ მიეფარა თვალს,
მანამდე სახავდა პირჯვარს ანგარიშმიუცემლად და უაზროდ, ყოველგვარი ქვენა
გრძნობის გარეშე. ნავსადგურში შეშინებული მამლების გნიასი იდგა მხოლოდ.
სანტიაგო ნასარს საბაბი ჰქონდა, თავი მოტყუებულად ეგრძნო. ამაოდ აუბა მხარი
მღვდელ კარმენ ამადორის მოწოდებას: შეშაც შესწირა და მსუქან-მსუქანი,
ბიბილოიანი მამლებიც შეარჩია ძღვნად, მაგრამ წყენა მაინც არ გაჰყოლია დიდხანს.
ჩემი და მარგოტი სანაპიროზე მის გვერდით მდგარა და შეუმჩნევია, სანტიაგნო
ნასარი კვლავ გახალისებულა და თუმცა ასპირინს ვერაფერი ეშველა მისთვის, მაინც
ქეიფის გაგრძელება განუზრახავს. „გაციებულს არ ჰგავდა, გაუთავებლად
ლაპარაკობდა ქორწილის ხარჯებზე“, — მითხრა ჩემმა დამ. კრისტო ბედოია მასთან
ერთად იყო და უთქვამს, ქორწილი ზღაპრულად ძვირი დაჯდაო. სანტიაგო ნასარი,
კრისტო ბედოია და მე დილის ოთხ საათამდე ერთად ვსვამდით ქორწილში. კრისტო
ბედოია შინ აღარ წავიდა, გადაიფიქრა და ბებია-პაპასთან შეიარა. იმათ კიდევ იქ
ისეთები დაუმატებიათ ქორწილის ხარჯებზე, კრისტო ბედოიას რომ არც სმენია.
სტუმრებისათვის დაიკლა თურმე ორმოცი ინდაური და თერთმეტი ღორი, ნეფის
ბრძანებით ოთხი დეკეული იბრაწებოდა ხალხისათვის ზედ მოედანზე. დაილია ორას
ხუთი ყუთი კონტრაბანდული არაყი და თითქმის ორი ათასი ბოთლი რომი,
რომელიც პირდაპირ ბოთლებით ჩამოურიგეს ხალხს. პატარა ქალაქში არ დარჩენილა
არც ერთი კაცი, ღარიბი თუ მდიდარი, ვისაც თავისებურად პატარა მონაწილეობა
მაინც არ მიეღო ამ მხარეში ყველაზე გახმაურებულ, არნახულსა და არგაგონილ
ქორწილში. სანტიაგო ნასარი ხმამაღლა ოცნებობდა:

— მეც ისეთ ქორწილს გადავიხდი, მთელი ცხოვრებაც რომ არ გეყოთ საამბობლად.


ჩემს დას მარგოტს თითქოს ბალღამი ჩაეღვარა მკერდში. კიდევ ერთხელ გაივლო
გუნებაში: ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული ისედაც ბედისგან გალაღებული
ფლორა მიგელი, საშობაოდ სანტიაგო ნასარს მოიგდებს ხელშიო. „მაგას რა დიდი
მიხვედრა სჭირდება. სანტიაგო ნასარზე უკეთეს საქმროს ვერც ინატრებდა, — მითხრა
ჩემმა დამ, — აბა, თვითონ წარმოიდგინე — ლამაზი, დინჯი ყმაწვილი კაცი
ოცდაერთი წლისა უკვე საკუთარი ქონების პატრონია“. მარგოტი სანტიაგო ნასარს
ხშირად პატიჟებდა საუზმეზე, განსაკუთრებით მაშინ, იუკის ღვეზელები რომ
გვქონდა. იმ დილასაც დედაჩემი სწორედ იუკის ღვეზელებს აცხობდა. სანტიაგო
ნასარმა ხალისიანად მიიღო მიპატიჟება:

— წუთში გამოვიცვლი ტანსაცმელს და დაგეწევი, — უცებ გაახსენდა, მაჯის საათი


მაგიდაზე რომ დარჩა საწოლთან, — რომელი საათია?

დილის შვიდის ოცდახუთი წუთი იყო. სანტიაგო ნასარმა მკლავში ხელი გამოსდო
კრისტო ბედოიას და მოედნისკენ წაიყვანა.

— თხუთმეტ წუთში თქვენთან ვარ, — უთხრა ჩემს დას.

მარგოტი არ ეშვებოდა, ახლავე წამოდით ყველანი, საუზმე უკვე მზად არისო. „რაღაც
უცნაური სიჯიუტით გვეპატიჟებოდა მარგოტი, — მითხრა კრისტო ბედოიამ, — ისე
უცნაურად, რომ ზოგჯერ მგონია, იცოდა, სანტიაგო ნასარი რომ უნდა მოეკლათ და
უნდოდა, თქვენს სახლში გადაემალა“. სანტიაგო ნასარმა, ბოლოს და ბოლოს,
დაიყაბულა ჩემი და, არ დამელოდო, ტანსაცმელს გამოვიცვლი და მოვალო. საუზმის
მერე თავის მამულში აპირებდა წასვლას მოზვრების დასაკოდად. მარგოტსაც
დამშვიდობების ნიშნად ისე აუწია ხელი, როგორც დედამისს და მოედნისკენ გასწია,
კრისტო ბედოიაც თან გაიყოლია. ჩემი და უკანასკნელად ხედავდა სანტიაგო ნასარს.

ვინც ნავსადგურში იყო, თითქმის ყველამ იცოდა, სანტიაგო ნასარს რომ მოკვლას
უპირებდნენ. აკადემიადამთავრებული, გადამდგარი პოლკოვნიკი დონ ლასარო
აპონტე, რომელიც აგერ უკვე თერთმეტი წელიწადი მუშაობდა მუნიციპალიტეტის
ალკალდად, მხედრულად მიესალმა ყმაწვილ კაცს. „რეალური საფუძველი მქონდა
მეფიქრა, რომ სანტიაგო ნასარს საფრთხე აღარ ემუქრებოდა“, — მითხრა მან. ასევე
დამშვიდებულა მღვდელი კარმენ ამადორიც. „ცოცხალი და საღ-სალამათი რომ
დავინახე, გავიფიქრე, რას არ იტყვის-მეთქი კაცის ენა“, — მითხრა მღვდელმა. მაგრამ
შეკითხვით კი არც ერთი შეკითხვია, შენ თუ იცი ეს ამბავიო? ვინ იფიქრებდა, რომ
სანტიაგო ნასარმა არაფერი იცოდა.

ჩემი და მარგოტი იყო ერთ-ერთი ადამიანი იმ მცირედთა შორის, რომელმაც ჯერ


კიდევ არაფერი იცოდა სანტიაგო ნასარის მოსალოდნელი მკვლელობის თაობაზე. „ეს
რომ მცოდნოდა, არ მოვეშვებოდი, ის კი არა და, თოკს ჩავაბამდი და ისე წავიყვანდი
ჩემთან, სახლში“, — უთხრა მარგოტმა გამომძიებელს. უცნაური იყო, ჩემმა დამ რომ
არაფერი იცოდა, კიდევ უფრო უცნაური იყო, რომ დედაჩემმაც კი, — ვინც აგერ უკვე
რამდენიმე წელიწადი იყო ქუჩაში აღარ გასულა, წირვასაც არ დასწრებია, მაგრამ
მაინც ჩვენზე ადრე იგებდა ყველაფერს, — იმანაც კი არაფერი იცოდა. დედაჩემის
ყოვლისმცოდნეობის უნარი ჯერ კიდევ მაშინ მაოცებდა, დილაუთენია რომ
ვიღვიძებდი ხოლმე სკოლაში წასასვლელად. ფერმკრთალი და მდუმარე დედა —
ასეთი იყო იგი იმხანად — განთიადის კვამლისფერ შუქში გახვეული ხვეტდა პატიოს
(შიდა ეზო), მერე კი ყავის სმისას ჩემს ძილში მომხდარ ქვეყნის ამბავს მიყვებოდა.

თითქოს რაღაც იდუმალი და უხილავი ძაფი აკავშირებდა ქალაქთან, განსაკუთრებით


თავის ტოლებთან. ისეთ რამეს იტყოდა, ყველას გვაოცებდა. ზოგჯერ ისეთ რაღაცაზე
გვეტყოდა, ესა და ეს მოხდებაო, რომ თუ არ წინასწარმეტყველური ნიჭი და უნარი,
ისე ამის ამოცნობა ნამდვილად ძნელი იქნებოდა. იმ დილით კი დედაჩემს სულაც არ
უგრძვნია იმ ტრაგედიის მოახლოება, ღამის სამი საათიდან რომ მზადდებოდა. პატიო
დახვეტა და მერე ეპისკოპოსის შესახვედრად ადრე გაღვიძებულმა მარგოტმა დაინახა,
დედა საღვეზელე იუკას რომ მიუჯდა შესაკაზმად. „მამლების ყივილი ისმოდა“, — ასე
იგონებდა იმ დღეს დედაჩემი. თანაც მუდამ ირწმუნებოდა, შორეული ხმაური
დაგვიანებული მექორწილეებისა იყო და არა ეპისკოპოსის შესახვედრად გამოსული
ხალხისაო.

ჩვენი სახლი მთავარი მოედნიდან შორს, მდინარისპირა მანგოს ჭალაში იდგა.


მარგოტი ნაპირს გაუყვა ნავსადგურისკენ. ხალხი ისე აეტაცებინა ეპისკოპოსის
სტუმრობას, რომ სხვა რამეზე ფიქრი არც მიჰკარებია მის გონებას. ზედ ჭიშკრებთან
საწოლებიანად გამოეყვანათ თავ-თავიანთი ავადმყოფები „ღვთიური განკურნების“
იმედით. ეზოებიდან გამორბოდნენ ქალები ინდაურებით, გოჭებითა და ათასნაირი
სანოვაგით ხელში. გაღმა ნაპირიდან ყვავილებით მორთული ნავები დაიძრნენ
აქეთკენ. ახალი ამბავი კი მხოლოდ მაშინ გაიგო ყველამ, როცა ეპისკოპოსმა ჩაიარა:
მან არც კი ინება ამ მიწაზე დაედგა ფეხი. ჩემმა დამაც სწორედ მაშინ გაიგო, რა
საზარელი ამბავიც მზადდებოდა შუაღამის მერე: პირმშვენიერი ანხელა ვიკარიო
გუშინ გათხოვდა და გუშინვე დაუბრუნდა მშობლებს სახლში, რადგან ახალგაზრდა
ქმარმა აღმოაჩინა, რომ მისი ცოლი ქალიშვილი არ ყოფილა. „მეგონა, სადაცაა
მოვკვდები-მეთქი, — მითხრა ჩემმა დამ, — ჭორი სწრაფად მოედო ქალაქს, მაგრამ
ვერავის გაეგო, საბრალო სანტიაგო ნასარი რა შუაში იყო მთელ ამ ამბავში“. მხოლოდ
ერთი რამ იყო ცნობილი: სანტიაგო ნასარს ანხელა ვიკარიოს ძმები უპირებდნენ
მოკვლას.

შინ დაბრუნებული ჩემი და ტუჩებს იკვნეტდა, ტირილს ძლივს იკავებდა. სასადილო


ოთახში საგარეოდ გამოწყობილი დედა შეეგება: ლურჯყვავილებიანი კაბა ჩაეცვა,
იქნებ ეპისკოპოსმა ინებოს და ჩვენს სახლში შემოიხედოსო. სუფრას აწყობდა და თან
იდუმალ სიყვარულზე ღიღინებდა სიმღერას. ჩემმა დამ უთხრა, ზედმეტი ჭიქა-საინი
გაგიწყვიაო.

— ეს სანტიაგო ნასარისთვისაა, — თქვა დედაჩემმა, — მითხრეს, დაგიპატიჟებია.


— აიღე, — უთხრა ჩემმა დამ.

და მაშინვე უამბო ყველაფერი. „მეგონა, დედამ იცოდა უკვე, — მითხრა მარგოტმა, —


ხომ გახსოვს, დავიწყებდი თუ არა რაიმეს მოყოლას, შუამდეც არ ვიყავი მისული, რომ
მან უკვე იცოდა, რაც უნდა მომხდარიყო მერე“. მაგრამ ეს ავბედითი ამბავი
დედაჩემისთვისაც კი ფიქრმიუწვდომელი აღმოჩნდა. სანტიაგო ნასარს დედაჩემის
პატივსაცემად დაარქვეს ეს სახელი. დედაჩემი იყო მისი ნათლია, ამავე დროს
სისხლით ენათესავებოდა შინდაბრუნებული პატარძლის დედას პურა ვიკარიოსაც.
დედამ ჩემს დას ბოლომდე აღარ მოუსმინა, ქუსლიან ფეხსაცმელში ჩაყო ფეხი და
მხრებზე საეკლესიო მანტილია მოისხა. ამ მანტილიას პანაშვიდებზე ხმარობდა
ხოლმე. მამაჩემი თავისი საძინებელი ოთახიდან პიჟამიანი გამოვიდა სასადილო
ოთახში და უკმაყოფილოდ ჰკითხა ცოლს, საით გაგიწევიაო.

— ნათლიდედა პლასიდა უნდა გავაფრთხილო, — უთხრა დედამ, — განა ეს


სამართალია, მთელმა ქალაქმა იცის, იმის შვილს რომ მოკვლას უპირებენ, თვითონ კი
ბაიბურშიც არ არის.

— ჩვენთვის ხომ ორივე ოჯახი, ნასარებიცა და ვიკარიოებიც, ერთია, — თქვა მამამ.

— ყოველთვის მიცვალებულის მხარეზე უნდა დადგე, — უპასუხა დედამ.

სასადილო ოთახში ჩემი უმცროსი ძმებიც შემოვიდნენ. პატარები იყვნენ, მაგრამ


მათაც იგრძნეს რაღაც ცუდი და ატირდნენ, დედამ თავის ცხოვრებაში პირველად არ
ათხოვა ყური არც მათ ტირილსა და არც ქმრის სიტყვებს.

— მოიცა, ჩავიცვამ, — უთხრა მამაჩემმა.

დედა უკვე გავიდა სახლიდან. ჩემი პატარა ძმა ხაიმე ალბათ შვიდი წლისა არც
იქნებოდა მაშინ. მარტო ის იყო ჩაცმული: სკოლაში მიდიოდა.

— დედას შენ გაჰყვები, — უბრძანა მამამ.

ხაიმე დაეწია დედას და ხელი ჩასჭიდა. ვერაფრით გაეგო, საით მიდიოდნენ და რატომ
მიდიოდნენ. „მიდიოდა და თავისთვის ლაპარაკობდა, — მითხრა ხაიმემ,. —
ავაზაკები, ნეხვები, მარტო სისაძაგლეზე უჭირავთ თვალი, სხვა არაფრისთვის
მოუცია ღმერთს მაგათი თავიო“. დედა იმასაც კი ვერ გრძნობდა, ხელჩაჭიდებულ
ბავშვს რომ მიარბენინებდა. „ხალხი ალბათ ფიქრობდა, შეიშალაო, — მითხრა დედამ,
— მახსოვს, სადღაც შორიდან ისეთი ხმაური მოდიოდა, თითქოს ქორწილი
განახლდაო, თანაც ყველანი მოედნისკენ გარბოდნენ“. დედამ ნაბიჯი ააჩქარა, იცოდა,
ადამიანის ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა, მაგრამ საპირისპირო მხრიდან ვიღაც
მორბოდა, არც გაჩერებულა, ისე დაუყვირა დედაჩემს:

— ნუღა გარბიხართ, ლუისა სანტიაგა, იგი უკვე მოკლეს!


***

ნეფე, ბაიარდო სან რომანი, — ვინც პატარძალი მშობლებს დაუბრუნა, — ამ მხარეში


პირველად გამოჩნდა გასული წლის აგვისტოში, თავის ქორწილამდე ექვსი თვით
ადრე. იგი ჩამოჰყვა გემს, რომელიც კვირაში ერთხელ მოდიოდა. თან ჩამოიტანა ორი
მოვერცხლილ-მოსევადებული ჩანთა; ერთნაირი ნაყშები გემოვნებით ეხამებოდა
ჩანთების ღვედის ბალთებსა და ჩექმის შესაკრავებს. ოცდაათ წლისაზე მეტი არ
იქნებოდა ალბათ, ახალბედა ტორეადორივით წელწვრილი იყო, ოქროსავით
მბზინავი თვალები და ნელ ცეცხლზე გამომწვარი გვარჯილისფერი კანი ჰქონდა. ეცვა
მოკლე ქურთუკი და ტანზე შემოტმასნილი შარვალი — ორივე ხბოს ტყავისა, ხელზე
იმავე ფერის თხის ტყავის ძვირფასი ხელთათმანი წამოეცვა. მაგდალენა ოლივერმა
იმავე გემით იმგზავრა და მთელი გზა თვალი არ მოუცილებია მისთვის:
„მამათმავალივით გამოიყურებოდა, არადა, დაგენანებოდა, ისეთი ლამაზი იყო, კრემი
რომ მოგესხა, შეჭამდი“, — მითხრა მან. მაგდალენა ოლივერი ერთადერთი ადამიანი
როდი იყო, ვინც ასე ფიქრობდა, არც უკანასკნელი გახლდათ იმათგან, ვინც მიხვდა:
ბაიარდო სან რომანი ის კაცი არ იყო, პირველ შეხედვისთანავე რომ ამოიცნობა.

აგვისტოს ბოლოს კოლეხიოში დედაჩემის წერილი მივიღე. სასხვათაშორისოდ


მწერდა: „აქაურობას ერთი უცნაური კაცი მოევლინა“. მომდევნო წერილში მწერდა:
„უცნაურ კაცს ბაიარდო სან რომანი ჰქვია. ამბობენ, მომხიბვლელი კაციაო. მე არ
მინახავს“. ბოლომდე ამოუხსნელი დარჩა, რატომ და რისთვის ჩამოვიდა იგი ამ
პატარა ქალაქში. ვიღაცას სულმა წასძლია და ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე შეჰბედა,
შეჰკითხვოდა ამის თოაბაზე. იმანაც უპასუხა: „ქალაქიდან ქალაქში დავეხეტებოდი,
რათა საბედო მეპოვა“. იქნებ მართალს ამბობდა, მაგრამ მას ასევე შეეძლო სხვანაირად
ეპასუხა, რამეთუ ემარჯვებოდა იმის თქმა, რის მიღმაც სინამდვილის დაფარვა იყო
მოსახერხებელი.

ჩამოსვლის დღესვე, საღამოს, კინოში ყველას გააგებინა, გზათა ინჟინერი ვარ და


მდინარის ჟინიანობამ რომ აღარავინ შეაბრკოლოს, რკინიგზა უნდა გავიყვანოთო.
მეორე დღეს დეპეშა უნდა გაეგზავნა სადღაც, თვითონ მიუჯდა სატელეგრაფო
აპარატს და საკუთარი ხელით გადასცა დეპეშის შინაარსი, მერე ტელეფონისტ ქალს
საიდუმლოდ ასწავლა, როგორ გამოეყენებინა უკვე დამჯდარი ელექტრული
ბატარეები. არანაკლები ცოდნა გამოამჟღავნა მან წვევამდელთა შესაკრებად ჩამოსულ
სამხედრო ექიმთანაც: სასაზღვრო რაიონში გავრცელებულ ავამყოფობებზე ესაუბრა.
ბაიარდო სან რომანს მოსწონდა ხმაურიანი და გაწელილი ქეიფი, ხარივით სვამდა,
ჩხუბში გამშველებლის როლი ერჩია და თამაშითაც მხოლოდ პატიოსანი თამაშის
მომხრე იყო. ერთ კვირა დღეს, წირვის მერე, დაენაძლევა ყველაზე გამოცდილ
მოცურავეებს — ისინი კი ცოტანი როდი იყვნენ — მდინარე ისე გადაცურა და
გადმოცურა, რომ ყველაზე უძლიერესნიც კი კარგა მანძილზე ჩამოიტოვა. ამ ამბავს
დედაჩემი მწერდა ერთ-ერთ წერილში და ბოლოს მისთვის ჩვეულ კომენტარსაც
უკეთებდა: „ეს კაცი, ეტყობა, ოქროშიც კარგად ცურავს“. დედაჩემს ჰქონდა საბაბი, ასე
ეფიქრა: ქალაქში ლეგენდასავით დადიოდა, ბაიარდო სან რომანს არა მარტო
ყველაფერი შეუძლია მოიმოქმედოს და თანაც კარგად მოიმოქმედოს, არამედ
უზომოდ ბევრი ფულიც აქვსო.

ოქტომბრის თვეში გამოგზავნილ წერილში დედაჩემი უკვე ლოცავდა მას: „პატიოსანი


და გულკეთილი კაცია, ყველას ძალიან უყვარს. წინა კვირა დღეს დაჩოქილი ეზიარა,
თანაც მღვდელს დაეხმარა, წირვა ლათინურად ჩაეტარებინა“. იმ ხანებში
ნებადართული არ იყო ფეხზე მდგომი ზიარება, წირვაც მხოლოდ ლათინურად
ტარდებოდა, მაგრამ დედაჩემს უყვარდა ასეთი უკვე საყოველთაოდ მიღებული
სიზუსტეების მოშველიება, როცა რაიმეს გაგება სურდა ძირისძირობამდე და მაინც
ასეთი კეთილმოსურნე ვერდიქტის მერე კიდევ მივიღე დედაჩემის ორი წერილი,
მაგრამ არც ერთში აღარ მწერდა ბაიარდო სან რომანზე, თუმცა უკვე მთელმა ქალაქმა
იცოდა, რომ იგი ანხელა ვიკარიოს ირთავდა ცოლად. მხოლოდ ამ საბედისწერო
ქორწილიდან კარგა ხნის მერე გამომიტყდა დედაჩემი, ეს კაცი რომ გავიცანი,
ოქტომბრის თვეში დაწერილი წერილი უკვე გამოგზავნილი მქონდა და რაღას
შევასწორებდი, მისმა ოქროსფერმა თვალებმა შემაძრწუნაო.

— სატანას მივამსგავსე, — მითხრა დედამ, — მაგრამ რაკი შენ თვითონ არაერთხელ


გითქვამს ჩემთვის, ასეთი რამეების მოწერა არ შეიძლებაო, მეც აღარ მოგწერე.

ბაიარდო სან რომანი ცოტა მოგვიანებით გავიცანი, საშობაო არდადეგების დროს.


სულაც არ მეჩვენა უცნაური, როგორც ამბობდნენ. რაღაც ხიბლი ნამდვილად ჰქონდა,
მაგრამ არც ისეთი იყო, მაგდალენა ოლივერმა რომ ამიწერა. იგი უფრო სერიოზული
კაცი ჩანდა, ვიდრე მისი საქციელის გამო გეგონებოდა. ეტყობოდა შინაგანი
დაძაბულობა, რის დაფარვასაც ზედმეტი მხიარულობით ლამობდა. მაგრამ, რაც
მთავარია, მე იგი ნაღვლიანი მომეჩვენა. იმ ხანებში ბაიარდო სან რომანს უკვე
გამხელილი ჰქონდა ყველასათვის ანხელა ვიკარიოსთან თავისი ნიშნობის ამბავი.

ახლაც არავინ იცის ზუსტად, როგორ გაიცნეს ერთმანეთი. უცოლო კაცების


პანსიონატის დიასახლისმა თქვა: ბაიარდო სან რომანი ჩემს პანსიონატში ცხოვრობდა.
სექტემბრის მიწურულს, ერთ დღეს, სიესტის დროს იგი სასტუმრო ოთახში
სარწეველა სავარძელში თვლემდა, რომ უცებ მოედანზე გამოჩნდნენ ანხელა ვიკარიო
და დედამისი ხელოვნური ყვავილებით სავსე კალათებით ხელში. ბაიარდო სან
რომანი მაშინვე გამოფხიზლდა, თვალი გაადევნა შავოსან ქალებს, რომლებიც
ერთადერთი სულიერი არსებანი ჩანდნენ ამ მომთენთავ ნაშუადღევს. იკითხა, ის
ქალიშვილი ვინ არისო. დიასახლისმა უთხრა, იმ ქალის შვილია, გვერდით რომ
მოჰყვება, და სახელად ანხელა ვიკარიო ჰქვიაო. ბაიარდო სან რომანმა თვალი
გააყოლა ორივე ქალს მოედნის ბოლომდე.

— შესაფერისი სახელი (სიტყვების თამაშია: ესპ. ანგელ — ანგელოზი და ლათ.


ვიცარიუს — შემცვლელი, თანაშემწე) ჰქონია, — თქვა მან.
მერე თავი მიაყრდნო სავარძლის ზურგს, თვალები დახუჭა და დაამატა:

— რომ გამოვიღვიძებ, გამახსენეთ, ცოლად უნდა შევირთო.

ანხელა ვიკარიომ მითხრა, ეს სიტყვები პანსიონატის დიასახლისმა კარგა ხნით ადრე


გადმომცა, უფრო ადრე, ვიდრე ბაიარდო სან რომანი თავისი სიყვარულით დევნას
დამიწყებდაო. „ძალიან შემეშინდა“, — მითხრა მან. პანსიონატში მაშინდელ
მცხოვრებთაგან სამმა კაცმა დამიმოწმა, ეს შემთხვევა მართლა მოხდაო, მაგრამ
დანარჩენი ოთხი ირწმუნებოდა, არაფერი ამდაგვარი არ მომხდარაო, სამაგიეროდ,
ერთი რამ იცოდა ყველამ დანამდვილებით: ანხელა ვიკარიო და ბაიარდო სან რომანი
ერთმანეთს პირველად შეხვდნენ ოქტომბრის თვეში, ეროვნულ დღესასწაულზე
გამართულ საქველმოქმედო ბაზრობაზე, სადაც ქალიშვილს დავალებული ჰქონდა,
ლატარიას გასძღოლოდა. ბაიარდო სან რომანი ბაზრობაზე მივიდა და პირდაპირ იმ
ვიტრინისაკენ გაეშურა, რომლის წინაც იდგა თავით ფეხამდე შავოსანი და
ფერგამკრთალი ლატარიის გამრიგე ქალიშვილი. ვაჟი მიუახლოვდა და სადაფით
გაწყობილი, მილიანი გრამოფონის ფასი ჰკითხა. ეს გრამოფონი მთავარი
გასათამაშებელი ნივთი გახლდათ. ქალიშვილმა უპასუხა, გრამოფონი არ იყიდება,
ლატარიაში თამაშდებაო.

— მით უკეთესი, — თქვა კაცმა, — ასე უფრო იოლი და თანაც იაფი იქნება მისი შეძენა.

ანხელა ვიკარიო გამომიტყდა, ბაიარდო სან რომანმა მიაღწია საწადელსო — ქალმა


გამოარჩია იგი სხვათაგან, თუმცა ტრფობის ალით არ ანთებულა. „დასანახად
მძულდა ყოყლოჩინა კაცები, ასეთი ყოყლოჩინა კი საერთოდ არ მენახა, — მითხრა
ანხელა ვიკარიომ, იმ დღის ამბებს რომ იგონებდა, — მახსოვს, პოლონელს
მივამსგავსე“. როცა მოუთმენლობით შეპყრობილ ხალხს იმ ლატარიის ბილეთის
ნომერი გამოუცხადეს, გრამოფონი რომ ხვდა მოგებად და ეს ბილეთი ბაიარდო სან
რომანს აღმოაჩნდა, — ქალიშვილი უფრო მეტად განეწყო მტრულად მის მიმართ.
ყოვლად წარმოუდგენელი იყო: ნუთუ მან მხოლოდ იმიტომ შეისყიდა ლატარიის
ყველა ბილეთი, რომ ქალის ყურადღება მიეპყრო!

იმავე ღამეს ბაზრობიდან შინ დაბრუნებულ ანხელა ვიკარიოს მაგიდაზე დახვდა


ლამაზ ქაღალდში შეფუთული და ლამაზივე ბაფთით შეკრული გრამოფონი. „ახლაც
არ ვიცი, საიდან გაიგო, იმ დღეს ჩემი დაბადების დღე რომ იყო“, — მითხრა ქალმა.
ანხელა ვიკარიომ ძლივს დაარწმუნა მშობლები, არავითარი საბაბი არ მიმიცია
ბაიარდო სან რომანისათვის, ასეთი საჩუქარი გამოეგზავნაო. მან კი ისე აშკარად
გაუგზავნა, რა თქმა უნდა, ყველამ გაიგო. ანხელას უფროსმა ძმებმა პედრომ და
პაბლომ საჩუქარი უკან წაუღეს პატრონს პანსიონატში, თან ისეთი ხმაური ატეხეს,
რომ ვისაც არ დაუნახავს, როგორ მიუვიდა ეს საჩუქარი ქალიშვილს, სამაგიეროდ
ახლა ნახეს, როცა დააბრუნეს. ვიკარიოების ოჯახმა ჯერ კიდევ არ იცოდა, რა
შეუპოვარი კაციც იყო ბაიარდო სან რომანი. ტყუპი მეორე დილას, გამთენიისას
დაბრუნდა შინ მთვრალი, იმავე საჩუქრით ხელში და, რაც მთავარია, თვით ბაიარდო
სან რომანის თანხლებით. ძმებს განეზრახათ, თავიანთ სახლში გაეგრძელებინათ
ქეიფი.

ანხელა ვიკარიო ხელმოკლე ოჯახის უმცროსი ქალიშვილი იყო. მამამისი პონსიო


ვიკარიო ღარიბი იუველირი გახლდათ და ოჯახს რომ ღირსება არ შელახვოდა,
თვალის ჩინი შეალია ოქრომჭედლობას. დედა — პურისიმა დელ კარმენი
გათხოვებამდე სკოლის მასწავლებელი იყო, მორჩილი და ავადმყოფური გარეგნობის
მიღმა კარგად ჰქონდა შენიღბული მტკიცე ხასიათი. „მონაზონს ჰგავდა“, — იგონებდა
მერსედესი. პურისიმა ისე იყო გადაგებული ოჯახზე, რომ სახლში ზოგჯერ ვერც
ამჩნევდნენ მის არსებობას. ორი უფროსი ქალიშვილი გვიან გაათხოვა. ტყუპ ვაჟებსა
და ანხელას შორის ერთი შვილი კიდევ ეყოლა, მაგრამ ციებისაგან მოუკვდა და აგერ
უკვე ოთხი წელი იყო, შავები არ გაუხდიათ. შინ უფრო მოთალხო ეცვათ, გარეთ —
თავით ფეხამდე შავები. მშობლები ვაჟებს ნამდვილ მამაკაცებად ზრდიდნენ, ქალებს
— გასათხოვრად. გოგონებმა იცოდნენ ქსოვა, ქარგვა, კერვა, უთოობა, ხელოვნური
ყვავილების კეთება, ნაირ-ნაირი ნამცხვრის გამოცხობა და ნიშნობაზე მოსაწვევი
ბარათების მოხატვა-მოლამაზება. მათი ტოლი ქალიშვილები აგდებულად
უყურებდნენ სიკვდილთან დაკავშირებულ ყოველგვარ რიტუალს, დები ვიკარიოები
კი დიდად იყვნენ დახელოვნებული ავადმყოფთა მოვლის, მომაკვდავთა ზიარებისა
და მიცვალებულთა გაპატიოსნება-დატირების უძველეს მეცნიერებაში. ერთადერთი,
რაც დედაჩემს არ მოსწონდა მათი, — ძილის წინ თმის დავარცხნა იყო. „გოგონებო, —
ეუბნებოდა ხოლმე დედაჩემი, — თმას ნუ ივარცხნით ღამით, თორემ მეზღვაურებს
გაუშვებთ ხელიდან“. ამ ნაკლს თუ არ ჩავთვლით, დედაჩემის თქმით, მთელ
დედამიწაზე ვერ შეხვდებოდით მათზე უკეთ აღზრდილ ყმაწვილ ქალებს.
„უნაკლონი არიან, — ხშირად უთქვამს დედაჩემს, — ყველა კაცი ბედნიერი იქნება
მათთან, რადგან ისე არიან გაზრდილი, ტანჯვას გაუძლებენ“. მაგრამ გათხოვდა ორი
უფროსი ქალიშვილი და მათი ქმრებიც ვერაფრით ვერ დაუსხლტნენ ჩაკეტილ წრეს:
მათი ცოლები ყველგან ერთად დადიოდნენ, მხოლოდ ქალებისთვის მართავდნენ
საცეკვაო საღამოებს და მუდამ შემართული იყვნენ საიმისოდ, რომ მაინცდამაინც
საეჭვოდ მიეჩნიათ კაცების ყოველნაირი საქციელი.

ანხელა ვიკარიო ყველაზე ლამაზი იყო დებში. დედაჩემი ირწმუნებოდა, ისტორიული


დედოფლებივით ისიც ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებულიო, მაგრამ როგორღაც
უმწეოდ გამოიყურებოდა და სულითაც ღარიბი ჩანდა. არაფერი ეტყობოდა
ნაწინასწარმეტყველევი ბედნიერებისა. თითქმის ყოველ წელს, როცა კი საშობაო
არდადეგებზე ჩავდიოდი, საღამოობით ვხედავდი ხოლმე მას თავისი სახლის
ფანჯარაში და უფრო და უფრო უმწეო მეჩვენებოდა. ხან ნაჭრის ყვავილებს აკეთებდა,
ხანაც მეზობელ გოგონებთან ერთად შინაბერების საყვარელ ვალსებს მღეროდა.
„დროა, შენს დამთხვეულ ბიძაშვილს ბიჯგები შევუყენოთ“, — მეტყოდა ხოლმე
სანტიანგო ნასარი. ვიდრე დის სიკვდილის გამო შავებს ჩაიცვამდა, ერთხელ ქუჩაში
ვნახე, ჩვეულებრივი კაბა ეცვა და თმაც დაეხვია. თვალებს არ ვუჯერებდი, ნუთუ
ანხელაა-მეთქი, მაგრამ ასეთი გამონათება იშვიათად ხდებოდა. მერე და მერე
სახლიდან არ გამოდიოდა, ჩაიკეტა. ასე რომ, როცა ხმა დაირხა, ბაიარდო სან რომანი
ანხელა ვიკარიოს ირთავს ცოლადო, ბევრმა იფიქრა, უცხო კაცს ნამდვილად რაღაც
ვერაგობა აქვს ჩაფიქრებულიო.

ვიკარიოები კი მის წინადადებას არა მარტო გულისხმიერებით მოეკიდნენ, არამედ


სიხარულითაც მიიღეს. მხოლოდ ეს იყო, პურა ვიკარიომ მოისურვა, ბაიარდო სან
რომანს თავისი წარმომავლობა გაენდო მათთვის. აქამდე არავინ იცოდა, ვინ იყო და
სადაური იყო იგი. გემიდან გადმოვიდა თუ არა არტისტულად გამოწყობილი, იმ
საღამოსვე უკვე ყველამ იცოდა მისი წარსული, მაგრამ თავის წარმომავლობას ისე
მალავდა, რომ ყველაზე ნაბოდვარი ჭორიც კი მართალი მოეჩვენებოდა კაცს. რაღას არ
ამბობდნენ მასზე: რომელიღაც სამხედრო ნაწილის მეთაური იყო და არაერთი
სოფელი ააოხრა, მთელი კასანარე შიშით დაზაფრაო; იმასაც ამბობდნენ, კაიენიდან
გამოქცეული კატორღელია და ვიღაცას უნახავს, პერნაბუკოში ორ გაწვრთნილ დათვს
აცეკვებდაო. იმასაც ირწმუნებოდნენ, ქარების სრუტეში დაღუპული, ოქროთი
დატვირთული ესპანური გალიონი ამოუთრევია წყლიდანო. ბაიარდო სან რომანმა
სულ უბრალოდ, ხელის ერთი მოსმით ჩააჩუმა აჭორებული ხალხი: ქალაქში მთელი
თავისი ოჯახი ჩამოიყვანა.

ისინი ოთხნი იყვნენ: მამა, დედა და ორიც სულის ამაფორიაქებელი და. „ფორდ-ტ“-თი
მოვიდნენ. მანქანას სახელმწიფო ნომერი ეკრა. დილის თერთმეტ საათზე მისმა
საყვირმა ქუჩები უჩვეულოდ აახმიანა. დედა, ალბერტა სიმონდსი, კურასაოელი ბრგე
ქალი, პაპიამენტურად (კუნძ. კურასაოზე მცხოვრებთა დიალექტი, ერთად არეული
პორტუგალიური, ესპანური, ჰოლანდიური და იქაურ მკვიდრთა კილოკავი) უქცევდა
კასტილიურს. ახალგაზრდობაში იგი ულამაზესად გამოაცხადეს ანტილის
კუნძულელ ორას ქალში. დები ჯერ კიდევ ყმაწვილი ქალები იყვნენ და გაუხედნავ
ჭაკებს ჰგავდნენ. მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც მამამისი — გენერალი პეტრონიო სან
რომანი გახლდათ. მან გმირის სახელი ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში, სამოქალაქო
ომების დროს მოიხვეჭა. იგი მიაჩნდათ ერთ-ერთ გამოჩენილ მოღვაწედ
კონსერვატორთა მთავრობაში, რადგან ტუკურინკასთან ბრძოლაში სასტიკად
დაამარცხა და უკუაქცია პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია. დედაჩემი იყო
ერთადერთი ადამიანი, ვინც არ წავიდა სან რომანების ოჯახის დასახვედრად. „კი
ბატონო, დაქორწინდნენ, მაგრამ მე პირადად ხელს არ ჩამოვართმევ იმ კაცს, ვინც
ბრძანება გასცა, ზურგიდან ესროლათ ხერინელდო მარკესისათვის“. როგორც კი
გენერალმა მანქანის სარკმელში გამოჰყო თავი და თეთრი ქუდიც დააქნია, იგი
მაშინვე იცნო ყველამ... მისი სურათი ხომ თითქმის ყველას ჰქონდა ნანახი. ეცვა მწიფე
ხორბლისფერი კოსტიუმი, ფეხზე თხის ტყავის ფეხსაცმელი ჯვარედინად შეეკრა
თასმებით, ცხვირზე დაკოსებული ოქროს პენსნე ოქროს ძეწკვითვე დაემაგრებინა
ჟილეტის ღილ-კილოზე. მკერდზე უბრწყინავდა „მედალი მამაცობისათვის“ და
ხელში ეჭირა ვაშლის ხის ხელჯოხი, რაზედაც ეროვნული გერბი იყო ამოტვიფრული.
მანქანიდან პირველი ის გადმოვიდა. ჩვენს მოუწესრიგებელ გზებზე კარგა ბლომად
მიჰყროდა ცხელი მტვერი. როგორც კი გენერალი დაინახეს, ყველასათვის ცხადი
გახდა, რომ ბაიარდო სან რომანი, ვისაც მოისურვებდა, იმ ქალს ითხოვდა კიდეც
ცოლად. მაგრამ ანხელა ვიკარიოს არ სურდა მისი ცოლობა. „მეტისმეტად ზორბა
მეჩვენებოდა ჩემთვის“, — მითხრა მან. ვაჟს სულაც არ უცდია ქალის მოხიბვლა,
ოჯახის სხვა წევრები კი ნამდვილად მოაჯადოვა. ანხელა ვიკარიოს არასოდეს
დაავიწყდება ის საშინელი საღამო: სასტუმრო ოთახში თავი მოიყარეს მშობლებმა,
დებმა, სიძეებმა. მათ აიძულეს ანხელა, იმ კაცის ცოლობაზე დათანხმებულიყო,
მხოლოდ წუთით რომ ჰყავდა ნანახი. ტყუპი ძმები ამ მოლაპარაკებაში არ
მონაწილეობდნენ. „ჩვენი აზრით, ეს ქალების საქმე იყო“, — მითხრა პაბლო ვიკარიომ.
დედ-მამის თანხმობა უსაფუძვლო როდი იყო: ვიკარიოების ხელმოკლე ოჯახს
უფლება არ ჰქონდა, ხელი ეკრა ბედის ნაბოძვარისთვის. ანხელა ვიკარიომ როგორღაც
გაბედა და წამოილუღლუღა, არ მიყვარსო, მაგრამ დედამ ხმა ჩააკმენდინა:

— სიყვარულის სწავლაც შეიძლება.

ბაიარდო სან რომანის დაჟინებული თხოვნით მათი ნიშნობა მხოლოდ ოთხ თვეს
გაგრძელდა, მაშინ როცა იმ ხანებში ნიშნობას ჩვეულებრივ აჭიანურებდნენ, რათა
დანიშნულებს ყოველნაირად დაჰკვირვებოდნენ. ნიშნობის ვადის კიდევ შემოკლება
ვეღარ მოხერხდა, რადგან პურა ვიკარიომ განაცხადა, ვიდრე შავებს არ გავიხდით,
ჯვარს ვერ დაიწერთო. მაგრამ ეს დროც სწრაფად და უზრუნველად გავიდა ბაიარდო
სან რომანის წყალობით. მას ხომ ყველა საქმის მოგვარება ძალუძდა. „ერთ საღამოს
მკითხა, — მიამბო ანხელა ვიკარიომ, — რომელი სახლი მოგწონს ყველაზე მეტადო.
გუნებაშიც არ გამივლია, რა ჰქონდა ჩაფიქრებული, ისე ვუთხარი, ჩვენს ქალაქში
ყველაზე ლამაზი სახლი ქვრივი ქსიუსის სახლია-მეთქი“. მეც ასე ვეტყოდი. სახლი
გორაკზე იდგა, ყოველი მხრიდან ნიავი ქროდა, ტერასებიდან ჩანდა უკიდეგანო,
ლილისფერი ანემონებით აფერადებული სამოთხესავით მინდორი. ზაფხულის მზიან
დღეს ჰორიზონტზე ილანდებოდა კარიბის ზღვის მკრთალი ზოლი და კარტახენა დე
ლას ინდიადან მომავალი ტურისტებით სავსე ტრანსატლანტიკური გემები. ბაიარდო
სან რომანმა იმავე საღამოს გასწია რჩეულთა საზოგადოების კლუბში და ქვრივ ქსიუსს
მიუჯდა დომინოს სათამაშოდ.

— ქვრივო კაცო, — უთხრა მას, — თქვენი სახლი მინდა ვიყიდო.

— სახლს არ ვყიდი, — უპასუხა ქვრივმა.

— ყველაფრიანად ვყიდულობ, რაც შიგნით არის.

ქვრივმა ქსიუსმა ძველმოდური ზრდილობით აუხსნა, ამ სახლში ყველაფერი ჩემი


ცოლის ნაყიდია მთელი ჩვენი ერთობლივი ხანგრძლივი, ხელმოკლე ცხოვრების
მანძილზე და ამიტომაც ეს ნივთები მას მაგონებსო. „ლაპარაკობდა და გეგონებოდა,
გული ხელისგულზე უდევსო, — მითხრა ექიმმა დიონისიო იგუარანმა, რომელიც
მათთან ერთად თამაშობდა დომინოს, — დარწმუნებული ვიყავი, ქსიუსი უმალ
მოკვდებოდა, ვიდრე სახლს გაყიდიდა. მან ხომ ამ სახლში ოცდაათი ბედნიერი
წელიწადი გაატარა“. ბაიარდო სან რომანმა ყურად იღო ქვრივის უარის მიზეზი.

— კარგი, მაშინ ცარიელი სახლი მომყიდე.

დომინოს პარტია ისე დაამთავრეს, ქვრივი ქსიუსი უარზე იდგა. სამი დღის მერე
საღამო ხანს ბაიარდო სან რომანი კიდევ მიუჯდა ქვრივს დომინოს სათამაშოდ.

— ქვრივო კაცო, — მოჰყვა თავიდან, — რა ღირს შენი სახლი?

— ფასი არ აქვს.

— თქვი, რამდენიც გინდა.

— ვწუხვარ, ბაიარდო, რომ ახალგაზრდებს არ გესმით გულის ამბები.

ბაიარდო სან რომანმა დაფიქრებაც არ აცალა:

— ვთქვათ, ხუთი ათასი პესო...

— გეყოფა ხუმრობა, — აღშფოთდა ღირსეული ქვრივი, — ჩემი სახლი ამდენი არ ღირს.

— ათი ათასი, — უთხრა ბაიარდო სან რომანმა, — ახლავე დაგიწყობ წინ დასტას
დასტაზე.

ქვრივმა ცრემლიანი თვალებით შეხედა. „რისხვამ აატირა, — მითხრა ექიმმა


დიონისიო იგუარანმა, რომელიც მწერალიც იყო, — ხომ წარმოგიდგენია: ერთი ხელის
გაშვერა და ამოდენა ფულის პატრონი ხდები. არადა, ამ რაღაც სენტიმენტალური
გრძნობების გამო „არა“ უნდა თქვა“. ქვრივს ხმა აღარ ამოსდიოდა ყელიდან, უარის
ნიშნად მხოლოდ თავს აქნევდა ჯიუტად და დაჟინებით.

— მაშინ ეს მაინც შემისრულე, — უთხრა ბაიარდო სან რომანმა, — ხუთი წუთი


დამელოდე.

მართლაც, არ გასულა ხუთი წუთი, რომ იგი რჩეულთა კლუბში დაბრუნდა


მოვერცხლილი ტყავის ჩანთით ხელში და მაგიდაზე გადმოაპირქვავა სახელმწიფო
ბანკისნიშნიანი ქაღალდით შემოკრული ათას-ათასპესოიანი ათი დასტა. ქვრივი
ქსიუსი ორ თვეში მოკვდა. „ამან მოკლა, — მითხრა ექიმმა დიონისიო იგუარანმა, —
ჩვენზე ჯანმრთელი იყო, მაგრამ მის გულს რომ ვუსმენდი, ყურს სწვდებოდა მკერდში
დაგუბებული ცრემლების ბუყბუყი“. ქვრივმა ქსიუსმა სახლი რომ გაყიდა მთელი
თავისი უძრავ-მოძრავ ქონებიანად, ფულზეც შეითანხმა ბაიარდო სან რომანი, ნელ-
ნელა გადამიხადეო, რადგან საცოდავს ერთი ზანდუკიც კი არ შერჩენოდა სანუგეშოდ
და ფულის შესანახად.

აბა, ვინ იფიქრებდა ან ვინ იცოდა, რომ ანხელა ვიკარიო ქალწული არ იყო! არავითარი
საქმრო არ უნახავს ვინმეს მისი. ანხელა თავის დებთან ერთად იზრდებოდა დედის
მკაცრი ზედამხედველობით. ის კი არა და, ქორწილამდე სულ რაღაც ორი თვით ადრე
პურა ვიკარიომ ნება არ დართო თავის ქალიშვილს, ბაიარდო სან რომანს მარტო
გაჰყოლოდა თავისი მომავალი სახლის სანახავად. თვითონ წაჰყვა და უსინათლო
ქმარიც წაიყოლია ქალიშვილის პატიოსანი სახელის დარაჯად. «მხოლოდ ერთსა
ვთხოვდი ღმერთს, იმდენი ძალა მოეცა, რომ თავის მოკვლა შემძლებოდა, _ მითხრა
ანხელა ვიკარიომ, _ მაგრამ არაფერი გამომივიდა». ისე იყო შეძრწუნებული, რომ
გადაწყვიტა დედამისისთვის ყველაფერი გაემხილა და ტანჯვისაგან
გათავისუფლებულიყო, მაგრამ ორმა მესაიდუმლე ქალიშვილმა, რომლებმაც
შეასწავლეს ფანჯარასთან ნაჭრის ყვავილების კეთება და ამასთანავე მისი გულითადი
მეგობრებიც იყვნენ, _ გადააფიქრებინა ეს კეთილშობილური განზრახვა. «მათ ავყევი,
_ მითხრა ანხელა ვიკარიომ, _ დამაჯერეს, მამაკაცების გასულელების საქმეში
გამოცდილები ვართო». მეგობრებმა დაარწმუნეს, თითქმის ყველა ქალი კარგავს
ქალწულობას ბავშვობაში, თანაც შემთხვევითო. «მაგარი» ქმრებიც კი ეგუებიან ამ
ამბავსო. და ბოლოს, ისიც დააჯერეს, ქორწინების პირველ ღამეს ბევრ კაცს შიში
იპყრობს, ვერაფერს აკეთებს ქალის დაუხმარებლად, ხოლო გადამწყვეტ წუთებში
საკუთარი მოქმედების განსჯის თავი არ აქვსო. «ზეწარზე რასაც დაინახავენ, მარტო
იმის გაგების თავი აქვთ», _ უჩიჩინებდნენ მეგობრები. ერთი სიტყვით, ანხელა
ვიკარიოს შეასწავლეს ყოველნაირი ეშმაკობა მომავალი ქმრის მოსატყუებლად. ისე
უნდა მოიქცეს, არ შეამჩნევინოს, განძი რომ დიდი ხნის წინ დაკარგა და აღარ ფლობს,
დილით კი ეზოში, მზეზე გამოფინოს ზეწარი, რომელიც მისი უბიწოების
დამამტკიცებელი ლაქებით იქნება დათხვრილი.

ანხელა ვიკარიო სწორედ ამ იმედით გათხოვდა. ბაიარდო სან რომანი კი, თავის
მხრივ, ქორწინდებოდა იმ იმედით, რომ სჯეროდა, მხოლოდ თავისი
არაჩვეულებრივი ნებისა და სიმდიდრის წყალობით ყიდულობდა ბედნიერებას და
რაც უფრო მეტს ფიქრობდა მომავალ ქორწილზე, მით უფრო განსაცვიფრებელი
აზრები მოსდიოდა თავში: მტკიცედ განეზრახა, რაც შეიძლებოდა დიდებული
ქორწილი გადაეხადა. როდესაც ხალხში ხმა დაირხა, ეპისკოპოსი მოდისო, ბაიარდო
სან რომანმა მოინდომა, ქორწილი ერთი დღით გადაედო, რათა თვით მის
უწმინდესობას დაეწერა მათთვის ჯვარი, მაგრამ ანხელა ვიკარიო დადგა უარზე.
«სწორედაც არ მინდოდა იმ კაცს დაეწერა ჩვენთვის ჯვარი, ვინც მამლებს მხოლოდ
იმიტომ ხოცავდა, რომ ბიბილოების წვნიანი მიერთვა, დანარჩენი კი ნაგავში
გადაეძახა», _ მითხრა ანხელა ვიკარიომ. ქორწილი ეპისკოპოსის უკურ¬თხებლადაც
დიდებული გამოვიდა, დიდებული კი არა, ისეთი ამბავი იყო, თვით ბაიარდო სან
რომანსაც კი გაუსხლტა ხელიდან მისი სადავეები და იქცა საყოველთაო მოვლენად.

ამჯერად გენერალი პეტრონიო სან რომანი და მისი ჯალაბობა მოვიდნენ ეროვნული


კონგრესის საპარადო ნავით და ეს ნავი ქორწილის დამთავრებამდე იდგა
ნავსადგურში. გენერალს უამრავი ცნობილი პირი ჩამოჰყვა, მაგრამ ისინი მაინც
ჩაიკარგნენ სტუმართა ნიაღვარში. იმდენი საჩუქარი დახვავდა, რომ იძულებული
გახდნენ სახელდახელოდ მიელაგებინათ პირველი ელსადგურის ძველი და
მივიწყებული შენობა: საუკეთესო საჩუქრები ამ შენობაში გამოფინეს ყველას
სანახავად, დანარჩენი გადაზიდეს ქვრივი ქსიუსის ყოფილ სახლში, რომელიც უკვე
მზად იყო ჯვარდაწერილთა მისაღებად. ნეფეს საჩუქრად მიართვეს
მოძრავსახურავიანი მანქანა. ქარხნის ემბლემის ქვემოთ გოთური შრიფტით წაეწერათ
მისი სახელი. პატარძალს მიართვეს ოცდაოთხი ცალი ოქროს დანა-ჩანგალი. გარდა
ამისა, ჩამოიყვანეს მოცეკვავეები და ორი ორკესტრი, რომლებიც, აქაურ
მუსიკოსთაგან და საქორწილო ხმაურზე მოზიდულ უამრავ მედოლე-
მეაკორდეონეთაგან განსხვავებით, მხოლოდ ვალსებს უკრავდნენ.

ვიკარიოების ოჯახი ერთ უბრალო სახლში ცხოვრობდა. სახლს აგურის კედლები და


პალმის ტოტების სახურავი ჰქონდა. სახურავში დატანებული იყო ორი სამერცხული,
სადაც იანვრის თვეში მერცხლები ბუდეს იკეთებდნენ ხოლმე. წინ ტერასა თითქმის
მთლიანად დაეფარა ყვავილნარს. მოზრდილ პატიოში ხეხილი იდგა და ქათმები
დადიოდნენ. ეზოს ერთ მხარეს ძმებმა საღორე ააშენეს თავისი «სამსხვერპლო ქვით»,
რაზედაც ღორებს კლავდნენ. დადგეს ხორცის ასაქნელი მაგიდაც. მას შემდეგ, რაც
პონსიო ვიკარიომ თვალის ჩინი დაკარგა, ეს საქმიანობა ოჯახის შემოსავლის
ძირითად წყაროდ იქცა. მეურნეობას სათავეში ჩაუდგა პედრო ვიკარიო, ხოლო როცა
იგი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, მის მაგივრობას სწევდა მისი ტყუპისცალი _
პაბლო.

ვიკარიოები ამ პატარა სახლში გაჭირვებით ეტეოდნენ. ამიტომ უფროსმა დებმა რომ


გაიგეს, დიდი ქორწილი იქნებაო, გადაწყვიტეს, სხვა შენობა დაექირავებინათ.
«წარმოგიდგენია, _ მითხრა ანხელა ვიკარიომ, _ ჩემმა დებმა პლასიდა ლინეროს
სახლს დაადგეს თვალი, მაგრამ დედაჩემმა და მამაჩემმა შორს დაიჭირეს ეს არჩევანი.
როგორც ყოველთვის, ახლაც თქვეს _ ჩვენი ქალიშვილები ან ამ ჩვენს საღორედან
გათხოვდებიან, ან სულ არ გათხოვდებიანო. სხვა გზა არ იყო, სახლი თავის
პირვანდელ ფერად _ ყვითლად შეღებეს, კარები, იატაკი შეაკეთეს, ერთი სიტყვით,
დიდებული ქორწილის შესაფერისად გადაახალისეს. ძმებმა ღორები მოაშორეს
იქაურობას, საღორე გაასუფთავეს, კირით შეათეთრეს, მაგრამ, რად უნდა ბევრი
ლაპარაკი, ადგილი მაინც არ იყო საკმარისი. ბოლოს, ბაიარდო სან რომანის
წინადადებით, ეზოს ღობე შემოაცალეს და მეზობლები დაითანხმეს, ცეკვები მათ
სახლში გამართულიყო. ტამარინდების ჩრდილქვეშ სახელდახელოდ გაკეთებული
მაგიდები ჩაარიგეს.

ერთადერთი, რამაც ოდნავი ჩრდილი მიაყენა ქორწილს, ის იყო, რომ ნეფემ ორი
საათით დაიგვიანა, ხოლო პატარძალმა გამოაცხადა: ვიდრე ბაიარდო სან რომანი ჩემს
სახლში არ მოვა, საქორწილო კაბას არ ჩავიცვამო.

«შენ წარმოიდგინე, _ მითხრა მან, _ ძალიანაც გამიხარდებოდა, რომ არ მოსულიყო,


მაგრამ საქორწილოდ მორთულ-მოკაზმული რომ გავეცურებინე, არც ეს მინდოდა».
რა თქმა უნდა, ანხელა ვიკარიო გონივრულად მსჯელობდა _ ქალიშვილისათვის
იმაზე მეტი სამარცხვინო რა უნდა იყოს, საქორწილოდ გამოწყობილს პირში
ჩალაგამოვლებულს რომ დაგტოვებენ. ის ამბავი კი, აწ უკვე ბიწიერმა ანხელა
ვიკარიომ რომ გაბედა და ყვავილებით მორთული ფატა დაიდო თავზე _ შემდეგში
აღიქვეს როგორც სიწმინდისა და უმანკოების სიმბოლოთა პროფანაცია. ერთადერთი,
მხოლოდ დედაჩემი უჭერდა მხარს ანხელა ვიკარიოს ჩანაფიქრს _ ბოლომდე ეთამაშა
თავისი დანიშნული კარტით. «მაშინ ღმერთს ძალუძდა ასეთი რამეების გაგება», _
მითხრა დედაჩემმა, სამაგიეროდ არავინ იცოდა, რა კარტი შეხვდებოდა ბაიარდო სან
რომანს. იგი ბედნიერი კაცის განსახიერება იყო მაშინაც, როცა ფრაკსა და ცილინდრში
გამოწყობილი გამოჩნდა ქორწილში და მერეც, როცა გახურებული ცეკვების დროს
გაქრა თავის ნადავლთან ერთად.

არავინ იცოდა აგრეთვე, რა კარტი შეხვდა სანტიაგო ნასარს. ჩვენ სულ ერთად
ვიყავით ეკლესიაშიც და საქორწილო სუფრასთანაც. კრისტო ბედოია და ჩემი ძმა
ლუის ენრიკეც ჩვენთან იყვნენ. არც ერთს არ შეგვიმჩნევია სანტიაგო ნასარისათვის
სულ პატარა უგუნებობაც კი. მერე და მერე ბევრჯერ მომიწია იმის მტკიცებამ, რომ
ჩვენ, ოთხივენი, ერთად ვიზრდებოდით, სკოლაში ერთად დავდიოდით, არდადეგებს
ერთად ვატარებდით და წარმოუდგენელი იყო, რომელიმე ჩვენგანს ასეთი საიდუმლო
გვქონოდა და მეორესთვის არ გაგვეზიარებინა.

სანტიაგო ნასარს უყვარდა დღესასწაულები, ყველაზე დიდი სიამოვნება კი სწორედ


სიკვდილის წინ განიცადა, როცა ქორწილის ხარჯს ანგარიშობდა. მისი
გამოანგარიშებით, ეკლესია იმდენი ყვავილით იყო მორთული, თავისუფლად
ეყოფოდა პირველი თანრიგის თოთხმეტ დაკრძალვას. ეს სიტყვები მერე და მერე,
წლების მანძილზე, ხშირად მახსენდებოდა; სანტიაგო ნასარს ისიც არაერთხელ
უთქვამს ჩემთვის, სახლებში ყვავილების სუნი სიკვდილს მაგონებსო. იმ დღესაც
ეკლესიაში შესვლისას მითხრა: «ჩემს დასაფლავებაზე ყვავილები არ იყოს». აბა, რა
ვიცოდით, რომ მეორე დღეს მე მომიწევდა ყველას გაფრთხილება, ყვავილები არავინ
მოიტანოთ-მეთქი. ეკლესიიდან ვიკარიოების სახლში რომ ვბრუნდებოდით,
სანტიაგო ნასარმა გამოიანგარიშა, რა დაჯდებოდა ქუჩებში გამოფენილი ფერად-
ფერადი გირლანდები, მუსიკა, პეტარდები და ბრინჯიც კი, რომელსაც მუჭა-მუჭა
გვაყრიდნენ სტუმრებს. შუადღის გამთანგავ სიცხეში ნეფე-პატარძალი პატიოში
გამოვიდა წასახემსებლად და ყელის გასასველებლად. ბაიარდო სან რომანი ჩვენი
დიდი ძმაკაცი და, როგორც მაშინ ამბობდნენ, თანამეინახე იყო და ყველაფერზე
ეტყობოდა, ჩვენს მაგიდასთან ლაღად რომ გრძნობდა თავს. ანხელა ვიკარიოს ფატა
და გვირგვინი აღარ ედგა თავს, ფარჩის კაბა ოფლისგან დასველებოდა და უცბად
დამსგავსებოდა გათხოვილ ქალს. სანტიაგო ნასარი კვლავ ანგარიშობდა დანახარჯს,
მერე ბაიარდო სან რომანს უთხრა, ჯერჯერობით ცხრა ათასი პესოა დახარჯულიო.
ყველამ შევატყვეთ, ანხელა ვიკარიომ უადგილოდ მიიჩნია ეს სიტყვები. «დედაჩემი
მასწავლიდა, ხალხში ფულზე არასოდეს ილაპარაკოო», _ მითხრა მან. ბაიარდო სან
რომანმა, პირიქით, სანტიაგო ნასარს მოუწონა გარჯა და სიამაყეც ვერ დაფარა.
_ ჯერჯერობით ცხრა ათასი, _ თქვა მან, _ ჯერ სადა ხართ. ჩვენ ხომ ახლა ვიწყებთ
ქეიფს. ერთი ამდენი კიდევ დაიხარჯება.

სანტიაგო ნასარმა ბაიარდო სან რომანს შესთავაზა, მაგ მომავალ დანახარჯსაც ბოლო
სენტავომდე შევამოწმებ და გამოგიანგარიშებო. არადა, სწორედ რომ მხოლოდ ამ
საქმისთვის ეყო დარჩენილი სიცოცხლე! მეორე დღეს ნავსადგურში, სიკვდილამდე
ორმოცდახუთი წუთით ადრე, კრისტო ბედოიას მიერ მოტანილი ბოლო მონაცემების
მიხედვით მან გამოიანგარიშა მთლიანი დანახარჯი, რაც სავსებით შეესატყვისებოდა
ბაიარდო სან რომანის დანაქადს.

ქორწილი ბუნდოვნად მახსოვდა მანამ, ვიდრე ყველაფერი დაწვრილებით არ


აღვადგინე სხვათა მეხსიერებისა და მოგონებების დახმარებით. ჩვენს ოჯახში წლების
მანძილზე იგონებდნენ, ნეფე-პატარძლის პატივსაცემად როგორ უკრავდა მამაჩემი
თავისი ყმაწვილკაცობის საყვარელ საკრავზე _ ვიოლინოზე; როგორ ცეკვავდა
მერენგეს საეკლესიო სამოსელში გამოწყობილი ჩემი მონაზონი და; როგორ მოახერხა
ექიმმა დიონისიო იგუარანმა _ დედაჩემის ბიძაშვილმა _ სამსახურებრივი ნავით
გამგზავრებულიყო ვითომ სასწრაფო გამოძახებაზე, ოღონდ კი მეორე დღეს,
ეპისკოპოსის ჩამოსვლისას, აქ არ ყოფილიყო. ამ ქრონიკისათვის საჭირო მასალას რომ
ვიძიებდი, უამრავი მოწმის ჩვენებას მოვუყარე თავი, მათ შორის იყო ბაიარდო სან
რომანის დების მოგონებებიც. ეს ის ქალიშვილები იყვნენ, ქორწილზე თავიანთი
ხავერდის კაბებითა და ზურგზე ოქროს ქინძისთავებით მიმაგრებული პეპელას
უზარმაზარი ფრთებით თავიანთი მამის ქუდის პლუმაჟი და მკერდზე მბრწყინავი
ომში მიღებული ორდენებიც რომ დაჩრდილეს. ბევრმა გაიხსენა, შუა ქეიფში
მერსედეს ბარჩასთვის მითქვამს თურმე, ცოლად გამომყევიო. არადა, მერსედეს
ბარჩამ მაშინ ის იყო დაამთავრა დაწყებითი სკოლა. ეს შემთხვევა თვითონ
მერსედესმაც გამახსენა თოთხმეტი წლის მერე, ჩვენი ქორწინების დღეს. იმ
საბედისწერო კვირა დღიდან ყველაზე ნათლად რაც დამამახსოვრდა, _ მოხუცი
პონსიო ვიკარიო იყო. იგი შუა პატიოში დაესვათ სკამზე, ვითომდა საპატიო
ადგილზე. სინამდვილეში სტუმრები ხან ზედ ეხლებოდნენ, ხანაც გვერდზე
გადასვამდნენ, რომ ვინმეს ფეხებში არ გაჰბლანდოდა, მოხუცი კი აქეთ-იქით
ატრიალებდა თოვლივით თეთრ თავს და სახეზე შეჰყინოდა ახალდაბრმავებული
კაცის დაბნეულობა. როცა სხვებს ეკითხებოდნენ რაღაცას, პასუხს ის იძლეოდა, ეგონა,
მე მეკითხებიანო. სხვებს ესალმებოდნენ, სალამზეც ის პასუხობდა. იჯდა ასე
დავიწყებასა და სიმარტოვეში და თავს ბედნიერად გრძნობდა. თითქოს მუყაოსიაო,
ისე ეკიდა ტანზე გახამებული ბლუზა. მაგრად ჩაებღუჯა გუაიაკანის ხის ხელჯოხი,
საგანგებოდ ამ დღისთვის რომ ეყიდათ მისთვის.

ქორწილის ოფიციალური ნაწილი დამთავრდა საღამოს ექვს საათზე, როდესაც


საპატიო სტუმრები გაემგზავრნენ. მისრიალებდა განათებული გემი და კუდივით
ტოვებდა ვალსების ჰანგს, პიანოლაზე რომ უკრავდნენ. სულ რაღაც ერთი წამით
გავყუჩდით, თითქოს უფსკრულის პირს შევდექით გაუბედავად, მერე კი
გამოვერკვიეთ და ქეიფის ორომტრიალში გადავეშვით. მალე ნეფე-დედოფალიც
გამოჩნდა ღია მანქანით, რომელიც ნელა მიიწევდა წინ ხალხით გაჭედილ ქუჩაში.
ბაიარდო სან რომანი ისროდა შუშხუნებს, სვამდა აგუარდიენტეს, გზადაგზა რომ
აწვდიდნენ ბოთლებით, მერე ანხელა ვიკარიოსთან ერთად გადმოვიდა მანქანიდან,
რათა კუმბიამბას ფერხულში ჩამბულიყო. ბოლოს გვიბრძანა, ჩემს ხარჯზე იცეკვეთ,
რამდენსაც შეძლებთო, თვითონ კი შეშინებული პატარძალი წაიყვანა თავისი ოცნების
სახლში, სადაც ქვრივი ქსიუსი ასე ბედნიერი იყო ოდესღაც.

შუაღამისას საერთო მხიარულება თანდათან შენელდა. მოედანზე მხოლოდ


კლოტილდე არმენტას მაღაზია იყო ღია. სანტიაგო ნასარი, მე, ჩემი ძმა ლუის ენრიკე
და კრისტო ბედოია გავეშურეთ კეთილი მარია ალეხანდრინა სერვანტესის სახლში. იქ
ძმები ვიკარიოები მოვიდნენ, მათ ჩვენთან ერთად სვეს ღვინო და სანტიაგო ნასართან
ერთად სიმღერაც შემოსძახეს მის მოკვლამდე ხუთი საათით ადრე. აქა-იქ კიდევ
შემორჩენილიყვნენ მოქეიფეები. თითქმის ყოველი მხრიდან აღწევდა ჩვენამდე
მუსიკისა და მოჩხუბართა შორეული, ნაწყვეტ-ნაწყვეტი ხმები. მაგრამ ამ ხმებს ნელ-
ნელა ნაღველი ეპარებოდა, ბოლოს კი, ეპისკოპოსის გემის საყვირის აგუგუნებამდე
ცოტა ხნით ადრე, სრულიად მიწყდა კიდეც.

პურა ვიკარიომ დედაჩემს უამბო: მე და ჩემმა ქალიშვილებმა ქორწილის მერე ცოტა


მივალაგ-მოვალაგეთ სახლი და ღამის თერთმეტი საათი იქნებოდა, დასაძინებლად
რომ დავწექით. დაახლოებით ათ საათზე, როცა პატიოში ჯერ კიდევ აქა-იქ
მღეროდნენ მთვრალები, ანხელა ვიკარიოს ვიღაც გამოუგზავნია თავისი ნივთების
წასაღებად, რომელიც საძინებელ ოთახში, კარადაში, ერთ პატარა ჩემოდანში ელაგა.
დედამისს უნდოდა სხვა საშინაო ტანსაცმელი და თეთრეულიც გაეგზავნა, მაგრამ
შუამავალი ჩქარობდა.

მერე პურა ვიკარიო უკვე შუა ძილში იყო, რომ უცებ კარზე დააბრახუნეს. «სამჯერ
დააბრახუნეს, სვენებ-სვენებით, მაგრამ რაღაც ავისმომასწავებლად», _ უამბობდა იგი
დედაჩემს. ვინმე რომ არ გაეღვიძებინა, ქალს შუქი არ აუნთია, ისე გაუღია კარი.
კართან, ქუჩის ფარნის შუქზე, ბაიარდო სან რომანი იდგა. აბრეშუმის კვართი
გადაღეღოდა, ჭრელჭრული შარვალი აზღუდებით დაემაგრებინა. «მთლად მწვანე
ფერი ედო, სიზმრისეული», _ უთხრა ქალმა დედაჩემს. ბაიარდო სან რომანმა ხელი
ჩასჭიდა სიბნელეში მდგარ ანხელა ვიკარიოს და შუქზე გამოიყვანა. ქალიშვილს
ატლასის კაბა ძონძებად ეკიდა ტანზე, მხრებზე პირსახოცი შემოეხვია. პურა ვიკარიომ
იფიქრა, ნამდვილად მანქანიანად გადაიჩეხნენ და ხრამში მკვდრებივით ეყარნენო.

_ ღმერთო, მიშველე! _ შეჰყვირა შეძრწუნებულმა, _ ხმა ამოიღეთ, ცოცხლები ხართ?!

ბაიარდო სან რომანი სახლში არ შესულა, მხოლოდ ცოლს უბიძგა უსიტყვოდ


კარისაკენ. მერე პურა ვიკარიოს აკოცა ლოყაზე და ღრმა მწუხარებით და ამავე დროს
უდიდესი სინაზით აღსავსე ხმით უთხრა:
_ ყველაფრისათვის მადლობელი ვარ, დედი. თქვენ წმინდანი ხართ.

მხოლოდ პურა ვიკარიომ იცოდა, რაც იქ დატრიალდა შემდეგ ორ საათში, და თან


ჩაიტანა საფლავში ის საიდუმლო. «მხოლოდ ის მახსოვს, დედაჩემი ერთი ხელით
ჩამაფრინდა თმაში, მეორეთი კი ისე გამეტებით მირტყამდა სახეში, ვიფიქრე,
ნამდვილად მომკლავს-მეთქი», _ მიამბობდა ანხელა ვიკარიო. მაგრამ დედა ისე
ჩუმად სცემდა შვილს, რომ გვერდით ოთახში მძინარე ქმარსა და უფროს
ქალიშვილებს არაფერი გაუგიათ _ არაფერი გაუგიათ განთიადამდე, როცა უკვე
მომხდარი იყო უბედურება.

ღამის სამი საათი არ იყო, ძმები შინ რომ დაბრუნდნენ. დედამ სასწრაფოდ მოიხმო
ისინი. ანხელა ძმებს დივანზე დამხობილი დახვდათ სასადილო ოთახში. სახე მთლად
დალურჯებული და დასისხლიანებული ჰქონდა, აღარ ტიროდა. «აღარაფრისა
მეშინოდა, _ მითხრა ანხელამ, _ პირიქით, ასე მეგონა, სიკვდილი უკან მოვიტოვე-
მეთქი. მხოლოდ ერთი რამ მინდოდა: ნეტავ მალე მოეღებოდეს ყველაფერს ბოლო,
რომ ერთი გემრიელად დავიძინო-მეთქი». პედრო ვიკარიომ, რომელიც თავის
ტყუპისცალზე უფრო გაბედული იყო, დას ქამარში ჩაავლო ხელი, წამოაყენა და
მაგიდასთან დასვა:

_ აბა, გოგონი, _ უთხრა სიბრაზისაგან აცახცახებულმა, _ გვითხარი, ვინ არის ის?!

ქალიშვილი ზუსტად იმდენ ხანს შეყოვნდა, რამდენ ხანსაც მოუნდებოდა სახელის


წარმოთქმას. სიბნელეში ეძებდა თითქოს ამ სახელს, უცბად იპოვა ამქვეყნად და
იმქვეყნადაც მრავალთა და მრავალთა სახელთა შორის და ვითომ პეპელა
მიემაგრებინოს ქინძისთავით, ისე მიალურსმა კედელს ხანჯლის წვერით _ ამით
გამოაცხადა განაჩენი, რაიც ბედისწერას დიდი ხანია სამუდამოდ გამოეტანა:

_ სანტიაგო ნასარი, _ თქვა მან...

***

ადვოკატი ხაზგასმით იცავდა იმ ვერსიას, რომ მკვლელობა ჩადენილ იქნა ღირსების


დაცვის მიზნით, რაც დასაშვებად მიაჩნია სინდისის სამართალს. ტყუპებმა
სასამართლო პროცესის დასასრულს განაცხადეს, ათასჯერ რომ მომხდარიყო ეს
ამბავი, ათასჯერვე ასეთი ბოლო ექნებოდაო. ეს ვერსია თავის გასამართლებლად
ძმებს სწორედ მაშინ მოაფიქრდათ, როცა მკვლელობის ჩადენიდან რამდენიმე წუთის
შემდეგ ეკლესიასთან ჩაბარდნენ მართლმსაჯულებას. აქლოშინებული შეცვივდნენ
ისინი სამრევლო სახლში, _ უკან გამძვინვარებული არაბები მოსდევდნენ, _ და
მღვდელ ამადორს მაგიდაზე დაუდეს სუფთა, უსისხლო დანები. ორივეს ძალა
გამოსცლოდა ამ საზარელი საქმის _ ჩადენილი მკვლელობის მერე. გაოფლილ
ტანსაცმელსა და ხელებზე ჯერაც არ შეშრობოდათ სისხლი. მაგრამ რაკი ძმები
თავიანთი ნებით ჩაბარდნენ, მღვდელმა უდიდეს კეთილშობილებად ჩაუთვალა მათ
ეს საქციელი.

_ წინასწარ განზრახვით მოვკალით, _ თქვა პედრო ვიკარიომ, _ მაგრამ დამნაშავენი


არა ვართ.

_ არც ღვთისა და არც ხალხის წინაშე, _ დაუმატა პაბლო ვიკარიომ, _ ღირსების საქმე
იყო.

როდესაც საჭირო გახდა დანაშაულის თანმიმდევრული აღდგენა, ძმები უფრო მეტის


სიმკაცრით ყვებოდნენ, ვიდრე სინამდვილეში მოხდა: შემთხვევის ადგილზე
მიყვანისას ისე აღწერდნენ თავიანთ ნამოქმედარს, რომ მთავრობა იძულებული
გახდა, თავისი ხარჯით შეეკეთებინა პლასიდა ლინეროს სახლის სადარბაზო კარი _
ძმებმა სულ ნაფოტებად აქციეს დანებით. რადგან ძმებმა თავდებით დახსნა
უფულობის გამო ვერ მოახერხეს, განაჩენის გამოტანის ლოდინში სამი წელიწადი
დაჰყვეს წინასწარი პატიმრობის ციხეში _ რიოაჩას პანოპტიკუმში, სადაც ძველი
პატიმრები მათ იხსენიებდნენ როგორც კარგსა და ამხანაგურ ყმაწვილებს, ხოლო
თავიანთ დანაშაულს ოდნავ მაინც ნანობდნენო, _ ეს არავის შეუმჩნევია. როგორც
გამოირკვა, სინამდვილეში ძმებს სულაც არ უნდოდათ სანტიაგო ნასარის უცბად და
თანაც მოწმეთა გარეშე მოკვლა, პირიქით, ყველაფერი იღონეს, შესაძლებელიც და
შეუძლებელიც, რომ ვიღაცას ხელი შეეშალა მათთვის, მაგრამ ვერა და ვერ მიაღწიეს
ამას.

როგორც წლების მერე მითხრეს, ძმები სანტიაგო ნასარის საძებნელად ჯერ მარია
ალეხანდრინა სერვანტესთან მისულან და თვითონაც ღამის ორ საათამდე
დარჩენილან იქ თავიანთ მომავალ მსხვერპლთან ერთად. ეს ფაქტი და სხვაც ბევრი
ასეთი რამ არ იყო აღნიშნული გამოძიების ოქმში. სანტიაგო ნასარი ძმებს იქ აღარ
დახვდათ, რადგან ჩვენ ყველანი სერენადების სამღერლად წავედით. ის, რომ ძმები
ვითომ ჩვენთან ერთად წამოვიდნენ, არ არის მართალი. «არსადაც არ წასულან
აქედან», _ მითხრა მარია ალეხანდრინა სერვანტესმა და ეჭვიც არ შემპარვია მისი
სიტყვების სიმართლეში, რადგან კარგად ვიცნობ ამ ქალს. საკვირველია პირდაპირ,
რატომ ელოდებოდნენ ვიკარიოები კლოტილდე არმენტას მაღაზიაში სანტიაგო
ნასარს, მათ ხომ კარგად იცოდნენ, ამ მაღაზიაში ყველა-ყველა და სანტიაგო ნასარი
არასოდეს მივიდოდა? «მხოლოდ ეს მაღაზია იყო ღია», _ განუცხადეს ძმებმა
გამომძიებელს. «ადრე თუ გვიან მაინც შემოვიდოდა ამ მაღაზიაში», _ მითხრეს ძმებმა
ციხიდან გამოსვლის მერე. ყველამ იცოდა, რომ პლასიდა ლინეროს სახლის
სადარბაზო კარი დღისითაც კი შიგნიდან იყო ჩაკეტილი და რომ სანტიაგო ნასარს
უკანა კარის გასაღები ყოველთვის თან ჰქონდა. სწორედ უკანა კარიდან შევიდა იგი
სახლში, მაშინ როცა ძმები ვიკარიოები მეორე მხარეს ელოდებოდნენ თითქმის
მთელი საათი, ხოლო ეპისკოპოსის შესახვედრად იგი მოედნის მხრიდან გავიდა
სახლიდან. ეს ისე უჩვეულო და მოულოდნელი იყო მისგან, რომ გამომძიებელსაც
ვერაფერი გაეგო...
ნამდვილად ჯერ არავის სმენია ასე საქვეყნოდ წინასწარ გამოცხადებული სიკვდილი.
როდესაც დამ სახელი თქვა, ძმები მაშინვე შევიდნენ ღორების ფარდულში, ამოირჩიეს
ორი საუკეთესო დანა _ ერთი ხორცის ასაქნელი, მეორეც საწმენდი, ჩვარში გაახვიეს
და ხორცის მაღაზიაში წაიღეს გასალესად. მაღაზიებს ის იყო კანტიკუნტად აღებდნენ.
ადრიანი დილა იყო და ხორცის მუშტარიც ჯერ ცოტა ჩანდა, მაგრამ ოცდაორმა კაცმა
მაინც განაცხადა, საკუთარი ყურით გავიგონეთ, ძმები რასაც ლაპარაკობდნენო, თანაც
ოცდაორივეს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ ტყუპები განგებ ლაპარაკობდნენ
ხმამაღლა, ყველას გასაგონად. ვიკარიოების ძმაკაცი, ყასაბი ფაუსტინო სანტოსი,
ოთხის ოც წუთზე ის იყო საქონლის შიგნეულით სავსე ხონჩას ამზადებდა
გამოსაფენად, რომ ძმები ვიკარიოებიც შევიდნენ მის მაღაზიაში. ყასაბს გაუკვირდა,
ორშაბათ დღეს, ასე დილაუთენია და თანაც საქორწილოდ შავი მაუდის კოსტიუმებში
გამოწყობილებს აქ რა უნდათო. ჩვეულებრივ, პარასკეობით ხვდებოდნენ ხოლმე
ისინი ერთმანეთს, თანაც ცოტა მოგვიანო საათებში, როცა ღორებს კლავდნენ.
«ვიფიქრე, მთვრალები არიან და მარტო საათი კი არა, დღეც შეეშალათ-მეთქი», _
მითხრა ფაუსტინო სანტოსმა. მან ძმებს შეახსენა, დღეს ორშაბათიაო.

_ სულელო, ეგ ვინ არ იცის, _ უწყინრად უპასუხა პაბლო ვიკარიომ, _ დანების


გასალესად მოვედით მხოლოდ.

ჩვეულებისამებრ გალესეს დანები მბრუნავ, დაჩვრეტილ ქვაზე _ პედრო დანებს


ლესავდა, პაბლო კი ქვას ატრიალებდა. ლესავდნენ და თან ყასბებს უამბობდნენ, რა
დიდებული ქორწილიც იყო. ერთი-ორმა ყასაბმა ძმებს უსაყვედურა, ერთი ხელობის
ხალხი ვართ და საქორწილო ღვეზელიდან პატარა ნაჭერიც კი არ შეგვახვედრეთო.
ძმები შეჰპირდნენ, ცოტა გვიან გამოგიგზავნითო. ბოლოს, როცა ფოლადი ამღერდა
ქვაზე, პაბლომ სინათლეზე გახედა დანებს.

_ სანტიაგო ნასარი უნდა მოვკლათ, _ თქვა პაბლომ.

ტყუპ ძმაზე ისე კარგი შეხედულებისა იყო ყველა, რომ მათი სიტყვებისათვის
ყურადღება არავის მიუქცევია. «ვიფიქრეთ, სიმთვრალე ალაპარაკებდათ», _ თქვეს
ყასბებმა. იგივე გაიმეორეს ვიქტორია გუსმანმაც და სხვებმაც, ვინც მოგვიანებით
ნახეს ძმები. ყასბებს რამდენიმეჯერ ჩავეკითხე, იქნებ თქვენი ხელობის ხალხს არ
უჭირს კაცის მოკვლაც-მეთქი. ფიცხლად იუარეს: «როდესაც საქონელს ვკლავთ,
თვალებში ვერ ვუცქერით». ერთმა მითხრა, ჩემი ხელით დაკლული საქონლის ხორცი
ჯერ არ მიჭამიაო. სხვამ ისიც მითხრა, ვერაფრით ვერ დავკლავ ჩემს გამოზრდილ
ძროხას, მით უმეტეს, თუ მისი რძეც დამილევიაო. მე ვუთხარი, ძმები ვიკარიოები ხომ
თავიანთ გამოზრდილ, შეჩვეულ და თანაც სახელშერქმეულ ღორებს კლავდნენ-მეთქი
საკუთარი ხელით. «ეგ მართალია, _ მითხრა ერთმა, _ მაგრამ აბა დაუკვირდით,
თავიანთ ღორებს ისინი ადამიანის სახელებს კი არა, ყვავილთა სახელებს
არქმევდნენ». ერთადერთმა მხოლოდ ფაუსტინო სანტოსმა შეამჩნია, პაბლო ვიკარიო
ტყუილად რომ არ იმუქრებოდა, და ჰკითხა, რატომ მაინცდამაინც სანტიაგო ნასარის
მოკვლა გაქვთ გადაწყვეტილი, როცა ირგვლივ ამდენი სიკვდილის ღირსი მდიდარი
კაცი დადისო.

_ სანტიაგო ნასარმა იცის, რატომაც, _ უპასუხა მას პედრო ვიკარიომ.

ფაუსტინო სანტოსმა მიამბო, რაღაც ვიყნოსე და როგორც კი ცოტა მოგვიანებით


პოლიციელი შემოვიდა\\\\ ალკალდისათვის ხორცის საყიდლად, მაშინვე გავუზიარე
ჩემი შიშიო. როგორც ოქმიდან ჩანს, პოლიციელს ლეანდრო პორნოი ერქვა. იგი
ქორწილიდან ერთი წლის მერე მოკვდა ერთ-ერთ დღესასწაულზე: ხარმა რქებით
გამოღადრა ყელი. ასე რომ, პოლიციელს ვეღარ ვკითხავდი რამეს; კლოტილდე
არმენტამაც დამიმოწმა, მაღაზია გავაღე თუ არა, ძმები ვიკარიოების მერე პირველი
პოლიციელი შემოვიდა და ნახა, როგორ ელოდებოდნენ ისინი სანტიაგო ნასარის
გამოჩენასო.

კლოტილდე არმენტამ ის-ის იყო თავისი ქმარი შეცვალა დახლთან. ასეთი წესი
ჰქონდათ: დილაადრიან რძეს ყიდდნენ, შემდეგ კი საღამომდე _ სხვადასხვა
სანოვაგეს, ხოლო საღამოს, ექვსი საათიდან ბარს ხსნიდნენ. კლოტილდე არმენტა
თავის მაღაზიას განთიადისას, ოთხის ნახევარზე აღებდა. მისი ქმარი კეთილი დონ
როხელიო დე ლა ფლორი კი ბარს უძღვებოდა ხოლმე გვიანობამდე, მაღაზიის
დაკეტვამდე. მაგრამ იმ ღამეს ქორწილის მერე იმდენი მთვრალი მუშტარი მოაწყდა
ბარს, რომ დონ როხელიომ ძლივს მოახერხა ღამის სამ საათზე წასულიყო
დასაძინებლად, თან ისე წავიდა, რომ მაღაზია არც დაუკეტავს. კლოტილდე არმენტა,
ჩვეულებრივ, ადრე ადგა იმ დილას: უნდოდა ეპისკოპოსის ჩამობრძანებამდე
მოესწრო რძის გაყიდვა.

ძმები ვიკარიოები ხუთის ათ წუთზე შევიდნენ მაღაზიაში, სადაც ამ დროს მხოლოდ


საჭმელი სანოვაგით ვაჭრობდნენ, მაგრამ კლოტილდე არმენტამ ძმებს მაინც მიჰყიდა
ბოთლი აგუარდიენტე. ჯერ ერთი, იმიტომ მოიქცა ასე, რომ პატივსა სცემდა
ვიკარიოებს და მეორეც _ მადლიერი იყო, რომ გაიხსენეს და საქორწილო ტორტის
მოზრდილი ნაჭერი მოუკითხეს. ძმებმა ორი ყლუპით გამოსცალეს ბოთლი, მაგრამ
არაფერი დასტყობიათ. «გათოშილები იყვნენ, _ მითხრა კლოტილდე არმენტამ, _
გემის მთელი საწვავიც კი ვერ გაათბობდათ». ძმებმა პიჯაკები გაიხადეს, დიდის
ამბით გადაკიდეს სკამზე და მეორე ბოთლი აგუარდიენტე მოითხოვეს.
ოფლშეუმშრალი ჭუჭყიანი კვართები ეცვათ, გაუპარსავები ველურებს ჰგავდნენ.
ძმები დასხდნენ და მეორე ბოთლი აგუარდიენტე ამჯერად ნელა დალიეს, თან თვალს
არ აცილებდნენ მოპირდაპირე მხარეს, სადაც პლასიდა ლინეროს ჯერ კიდევ
ფანჯრებჩაბნელებული სახლი იდგა. აივანზე გამომავალი ერთი მოდიდო ფანჯარა
სანტიაგო ნასარის საძინებელი ოთახისა იყო. პედრო ვიკარიომ კლოტილდე არმენტას
ჰკითხა, შუქი თუ დაინახე ამ ფანჯარაშიო; კლოტილდემ უთხრა, არ დამინახავსო,
მაგრამ გაკვირვებით კი გაიკვირვა, ნეტავ რაში აინტერესებთო.

_ რამე ხომ არ მოუვიდა? _ ჰკითხა ქალმა.


_ რა უნდა მოსვლოდა გარდა იმისა, რომ ჩვენ ვეძებთ მოსაკლავად.

პასუხი ისე სპონტანური იყო, რომ ქალს არც დაუჯერებია. სამაგიეროდ მის თვალს არ
გამოჰპარვია ჩაის ტილოში გახვეული ორი დიდი დანა.

_ იქნებ მითხრათ, რატომ უნდა მოკლათ და თანაც ასე დილაუთენია? _ ჰკითხა ქალმა.

_ იმან იცის, რატომაც, _ უპასუხა პედრო ვიკარიომ.

კლოტილდე არმენტამ დაკვირვებით შეხედა ძმებს. იგი ისე კარგად იცნობდა ორივეს,
რომ მათი გარჩევა შეეძლო. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პედრო ვიკარიო
დაბრუნდა ყაზარმიდან. «ბავშვებს ჰგავდნენ», _ მითხრა ქალმა და სწორედ ამ აზრმა
შეაძრწუნა მაშინ. მხოლოდ ბავშვებს შეუძლიათ ყველაფერი მოიმოქმედონ, _ ასე
სჯეროდა მუდამ ქალს. მან თავი გაანება ბოთლებს და გაეშურა ქმრის
გასაღვიძებლად, რათა ყველაფერი ეთქვა. დონ როხელიო დე ლა ფლორი ძილ-
ბურანში უსმენდა ცოლს.

_ სულელი ნუ ხარ, _ უთხრა ცოლს, _ ესენი არავის მოკლავენ, მით უმეტეს, მდიდარს.

როდესაც კლოტილდე არმენტა მაღაზიაში დაბრუნდა, ტყუპები იქ უკვე პოლიციელ


ლეანდრო პორნოის ელაპარაკებოდნენ. პოლიციელი ალკალდისთვის რძის
საყიდლად მოსულიყო. ქალს არ გაუგონია მათი ლაპარაკი, მაგრამ პოლიციელმა
გასვლისას ისე გადახედა დანებს, რომ ქალი მიხვდა, ძმებმა მასაც გაანდვეს თავიანთი
განზრახვა.

ჯერ ოთხი საათიც არ იყო, პოლკოვნიკი ლასარო აპონტე რომ ადგა. ის იყო პირი
გაიპარსა, რომ პოლიციელმა ლეანდრო პორნოიმ მოაკითხა და მოახსენა, ძმები
ვიკარიოები სანტიაგო ნასარს მოკვლას უპირებენო. წინა ღამით პოლკოვნიკმა იმდენი
მოჩხუბარი მეგობარი დააშოშმინა, რომ კიდევ ამ ერთი უსიამოვნების აღსაკვეცად არც
აჩქარებულა. აუღელვებლად ჩაიცვა, ის კი არადა, ვიდრე რიგიანად არ გამოინასკვა
ყელზე პეპელა-ბაფთა, მანამდე არ მოეშვა, მერე მკერდზე დაიკიდა ღვთისმშობელი
მარიამის კონგრეგაციის ავგაროზი და ვიდრე მადიანად მიირთმევდა ალყად
დაჭრილი ხახვით მორთულ-მოკაზმულ ჩაშუშულ ღვიძლს, აღელვებულმა ცოლმა
უთხრა, ბაიარდო სან რომანმა ანხელა ვიკარიო მშობლებს დაუბრუნაო. პოლკოვნიკი
სულაც არ აღელვებულა თავისი ცოლივით.

_ ღმერთო ჩემო, _ გაეცინა მას, _ რას იტყვის ეპისკოპოსი!

მაგრამ ჭამა ჯერ არ დაემთავრებინა, რომ პოლიციელის ნაამბობი გაახსენდა,


ერთმანეთს დაუკავშირა ეს ორი ამბავი და მიხვდა, ორივე ერთ თავსატეხს შეადგენდა.
პოლკოვნიკი მოედნისკენ ახალი ნავსადგურის მხრიდან გაეშურა. სახლებს უკვე
დასტყობოდა ეპისკოპოსის ჩამოსვლასთან დაკავშირებული ფუსფუსი. «კარგად
მახსოვს, დილის ხუთი საათი ხდებოდა და საწვიმრად ემზადებოდა», _ მითხრა
პოლკოვნიკმა ლასარო აპონტემ. მოედნისკენ მიმავალი პოლკოვნიკი სამმა კაცმა მაინც
გააჩერა, საიდუმლოდ უთხრეს, ძმები ვიკარიოები სანტიაგო ნასარს მოსაკლავად
ელოდებიანო, მაგრამ იმ სამიდან მხოლოდ ერთმა იცოდა, სად ელოდნენ ტყუპები
თავიანთ მსხვერპლს.

პოლკოვნიკმა ძმებს კლოტილდე არმენტას მაღაზიაში მიუსწრო. «ისინი რომ


დავინახე, ვიფიქრე, ნამდვილად ფახიფუხობენ-მეთქი, _ და პოლკოვნიკმა თავისი
მოსაზრება ასე გაამაგრა: _ მე რომ მეგონა, არც ისეთი მთვრალები იყვნენ». ტყუპებს
არაფერი ჰკითხა, დანები წაართვა და შინ გაუშვა გამოსაძინებლად, ახლაც ისევე
არაფრად ჩაუგდია ის ამბავი, როგორც საკუთარი ცოლის ამდილანდელი აღელვება.

_ რას იტყვის ეპისკოპოსი, ასე რომ დაგინახოთ! _ უთხრა პოლკოვნიკმა ტყუპებს.

ძმები წავიდნენ. კლოტილდე არმენტა კიდევ ერთხელ დარწმუნდა პოლკოვნიკის


ქარაქუცობაში, მისი აზრით, ალკალდს ისინი უნდა დაეპატიმრებინა ჭეშმარიტების
დადგენამდე. პოლკოვნიკმა თავისი საქციელის გასამართლებლად ქალს დანები
უჩვენა:

_ რითიღა მოკლავენ?

_ ეგ არ არის მთავარი, _ უთხრა კლოტილდე არმენტამ, _ მთავარია, ეს საბრალო


ბიჭები განთავისუფლდნენ თავს მოხვეული საბედისწერო აღთქმისაგან.

კლოტილდე არმენტა რაღაცას ხვდებოდა და დარწმუნდა კიდეც _ ტყუპები სულაც არ


ისწრაფოდნენ, აღესრულებინათ თავიანთი განაჩენი. პირიქით, სურდათ
გადასწყდომოდნენ ისეთ ვინმეს, ვინც ხელს შეუშლიდა მათ ამ საქმეში. მაგრამ
პოლკოვნიკი აპონტე გულმშვიდი კაცი იყო.

_ მხოლოდ ეჭვით დაპატიმრება არ შეიძლება, _ თქვა მან, _ ახლა მთავარია სანტიაგო


ნასარი გავაფრთხილოთ.

კლოტილდე არმენტა ბევრჯერ გაიხსენებს, რამდენი უსიამოვნება მოუტანია


პოლკოვნიკ აპონტესთვის მისივე კუდმოკლე და უმაქნის ნიჭიერებას. მე კი, პირიქით,
პოლკოვნიკი აპონტე დამამახსოვრდა, როგორც ერთი ვინმე ბედნიერი კაცი, ოღონდ
ეს იყო, სპირიტიზმმა გაიტაცა ძალიან, მიმოწერით შეისწავლა და მარტო იტარებდა
სეანსებს. იმ ორშაბათ დილას გადადგმული მისი ნაბიჯი ხომ ქარაფშუტობის
ნამდვილი მაგალითი იყო! საქმე ის არის, რომ ნავსადგურში მისვლამდე პოლკოვნიკს
არც გახსენებია სანტიაგო ნასარი. ნავსადგურში კი რომ დაინახა, საკუთარი თავი
შეაქო, სწორი გადაწყვეტილება მიმიღიაო.

ძმებმა ვიკარიოებმა თავიანთი განზრახვა გაანდვეს რძის საყიდლად მოსულ


თორმეტზე მეტ კაცს. ამათ კი თავის მხრივ დილის ექვს საათამდე თითქმის მთელ
ქალაქს მოსდეს ეს ამბავი. კლოტილდე არმენტას უკვირდა, ნუთუ მოპირდაპირე
სახლში ჯერაც არაფერი იციანო. მისი აზრით, სანტიაგო ნასარი შინ არ იყო _ მისი
საწოლი ოთახის ფანჯრებში შუქი არ დაუნახავს. ამიტომ თითქმის ყველას სთხოვდა,
სანტიაგო ნასარი თუ შეგხვდათ, გააფრთხილეთო; მონაზვნებისთვის რძის საყიდლად
მოსული მორჩილი ქალის პირით მღვდელ ამადორსაც შეუთვალა მოსალოდნელი
უბედურების თაობაზე _ ხოლო როცა დილის ოთხი საათის მერე პლასიდა ლინეროს
სამზარეულოში შუქი აინთო, კლოტილდე არმენტამ ვიქტორია გუსმანს ამბის
შესატყობინებლად სასწრაფოდ გაუგზავნა ერთი მათხოვარი ქალი, რომელიც ყოველ
დილით მოდიოდა ცოტაოდენი რძის სათხოვნელად. თითქმის ყველას ეღვიძა უკვე,
როცა ეპისკოპოსის გემის საყვირი აგუგუნდა. ყველანი მის შესახვედრად
ემზადებოდნენ. მხოლოდ ერთი-ორი კაცი ვიყავით, ვინც არაფერი ვიცოდით ძმები
ვიკარიოების განზრახვის თაობაზე, ამ დროს კი სხვებისთვის თითქმის ყველაფერი
წვრილად იყო ცნობილი.

კლოტილდე არმენტას ჯერაც არ გაეყიდა რძე, რომ ძმები ვიკარიოები კვლავ შევიდნენ
მაღაზიაში. ამჯერად გაზეთში გახვეული დანები ეჭირათ ხელში _ ერთი მაგარი და
პირდაჟანგული დანა თვითონ პედრო ვიკარიომ გააკეთა ფოლადის საჭრელი ხერხი-
დანისაგან ჯერ კიდევ ომისშემდგომ წლებში, როცა გერმანული დანები აღარ
შემოჰქონდათ გასაყიდად. მეორე დანა უფრო მოკლე იყო, მაგრამ სამაგიეროდ _
ფართო და მოღუნული. ეტყობა, გამომძიებელმა ვერ შეძლო სიტყვით აღეწერა ეს
დანა, ამიტომ ოქმში ჩაუხატავს და იქვე აღუნიშნავს, მინიატიურულ იატაგანს
ჰგავდაო. სწორედ ამ პრიმიტიული და საკმაოდ დაბლაგვებული დანებით ჩაიდინეს
დანაშაული.

ფაუსტინო სანტოსს ვერაფერი გაეგო. «დანების გასალესად ტყუპები ხელმეორედ


მოვიდნენ, _ მიამბობდა იგი, _ თანაც ყველას გასაგონად ყვიროდნენ, სანტიაგო ნასარს
წელებს გადმოვაყრევინებთო. მაშინ ისიც კი გავიფიქრე, მამლაყინწობენ-მეთქი.
დანებსაც აღარ დავაკვირდი. ალბათ ისევ ის დანები მოიტანეს-მეთქი». სამაგიეროდ
კლოტილდე არმენტამ კარგად შეამჩნია, მეორე მოსვლაზე ძმებს წინანდელი სიბრაზე
აღარ ეტყობოდათ, განელებული ჰქონდათ.

მართლაც, ძმებს შორის პირველად მოხდა უთანხმოება. საქმე ის არის, რომ ისინი
ბუნებით ისევე ძლიერ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან, რა ძლიერადაც ჰგავდნენ
გარეგნულად და ეს განსხვავება ხასიათებისა მჟღავნდებოდა ხოლმე სწორედ უეცრად
თავს დატეხილი სიძნელეების დროს. მათ მეგობრებს ჯერ კიდევ სკოლაში გვქონდა
შემჩნეული ეს განსხვავება _ პაბლო ვიკარიო ექვსი წუთით უფროსი იყო ძმაზე და
ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა დიდი წარმოსახვითა და შეუპოვრობით, პედრო
ვიკარიო კი მე უფრო სანტიმენტალური მეჩვენებოდა და ამიტომაც _ უფროსობის
მოყვარულიც. ოცი წელი რომ შეუსრულდათ, ორივენი სამხედრო სამსახურში
გაიწვიეს, მაგრამ პაბლო ვიკარიო მალე გაათავისუფლეს, როგორც ოჯახის უფროსი.
პედრო ვიკარიომ თერთმეტი თვე დაჰყო საზოგადოებრივი წესრიგის დამცველთა
რიგებში. სამხედრო რეჟიმმა და სიკვდილის გამუდმებულმა შიშმა პედრო ვიკარიოს
განუმტკიცა უფროსობისაკენ სწრაფვა და ასევე ჩვევაც _ ყველა საქმე თვითონ
მოეგვარებინა ძმის მაგიერ. იგი შინ დაბრუნდა «სერჟანტის ბლენორეით», რადგან არ
ემორჩილებოდა სამხედრო მედიცინის უმკაცრესი მეთოდით მკურნალობას და
აგრეთვე არ იკეთებდა ექიმ დიონისიო იგუარანის გამოწერილ დარიშხანის ნემსებსა
და ინგლისური მარილის ოყნას. მხოლოდ ციხეში განკურნეს იგი. ახლობლებმა,
თითქმის ყველამ, ერთდროულად შევამჩნიეთ, რომ პაბლო ვიკარიო რაღაც საოცრად
სწრაფად მოჰყვა უმცროსი ტყუპისცალი ძმის გავლენის ქვეშ, განსაკუთრებით კი მას
შემდეგ, რაც ეს უმცროსი ძმა ჯარიდან დაბრუნდა. ყაზარმული სულით გაჟღენთილ
პედრო ვიკარიოს ერთი სიახლეც ჩამოჰყვა: აიწევდა ხალათს და ყველას _ ვინც კი
ეტყოდა _ უჩვენებდა ნატყვიარს მარცხენა ფერდზე. პაბლო ვიკარიო რაღაცნაირი
მოკრძალებით თრთოდა ხოლმე დიდი ადამიანის ბლენორეის წინაშეც, რომელზეც
მისი ძმა იმდენს ლაპარაკობდა, თითქოს დიდი სამხედრო ჯილდო ყოფილიყოს.

როგორც თვით პედრო ვიკარიომ განაცხადა, სანტიაგო ნასარის მოკვლის იდეა მას
ეკუთვნოდა, ძმამ კი პირველ ხანებში მხარი აუბა მხოლოდ. როდესაც ალკალდმა მათ
დანები წაართვა და პედრო ვიკარიომაც თავისი მოვალეობა აღსრულებულად
მიიჩნია, ამჯერად პაბლო ვიკარიომ დაიწყო უფროსობა. გამომძიებლისათვის ცალ-
ცალკე მიცემულ ჩვენებებში არც ერთ ძმას არ უხსენებია ეს უთანხმოება, მაგრამ
პაბლო ვიკარიოს არაერთხელ უთქვამს ჩემთვის, გამიჭირდა ძმის დაყაბულებაო. ეს
ალბათ წუთიერი სისუსტის ბრალი იყო და პაბლო ვიკარიოსაც მარტოკას მოუწია სხვა
დანების გამოტანა ფარდულიდან, მისი ძმა კი ამ დროს თაფლინდის ხეს მისდგომოდა
და მოშარდვას ცდილობდა. «ჩემმა ძმამ არ იცის, ეს რა სატანჯველია, _ მითხრა პედრო
ვიკარიომ ჩვენი ერთადერთი შეხვედრის დროს, _ ასე გგონია, შუშის ნამსხვრევებს
შარდავო». პაბლო ვიკარიო დანებით ხელში რომ დაბრუნდა, მისი ძმა კვლავ ხეს იყო
ჩახვეული. «ტკივილისაგან გამწარებულს ოფლი სდიოდა, _ მითხრა პაბლომ, _ ჩემი
დაყოლიება უნდოდა, მარტოკა წადი, არავის მოკვლის თავი არა მაქვსო». პედრო
ვიკარიო ქორწილისათვის ნაუცბადევად შეკოწიწებულ მაგიდაზე ჩამოჯდა და
შარვალი მუხლებამდე ჩაიხადა. «თითქმის ნახევარი საათი იცვლიდა სახვევს თავის
სარცხვინელზე», _ მითხრა პაბლო ვიკარიომ, სინამდვილეში კი მისი ძმა ათ წუთზე
მეტხანს არ შეყოვნებულა, მაგრამ პედრო ვიკარიოსთვის ეს საქმიანობა ისეთი
სატანჯველი იყო, ხოლო პაბლო ვიკარიოსთვის _ გაუგებარი, რომ ამ უკანასკნელს
ეგონა, ჩემი ძმა განგებ აჭიანურებს განთიადამდე დროსო. ხელში ძალით ჩაუდო დანა
და ასევე ძალით წაათრია დის დაკარგული სახელის საძებნელად.

_ სხვა გზა არა გვაქვს, _ უთხრა ძმას, _ წარმოიდგინე, თითქოს ყველაფერი უკვე
მოხდა.

ძმები საღორიდან გამოვიდნენ, ხელში გაშიშვლებული დანები ეჭირათ, ეზოებიდან


ძაღლების ყეფა მოსდევდათ კვალში. თენდებოდა. «არ წვიმდა», _ იხსენებდა პაბლო
ვიკარიო. «ზღვიდან ქარი უბერავდა და ვარსკვლავებიც თითებზე დასათვლელი
იყო», _ იხსენებდა პედრო ვიკარიო. ამასობაში ეს ამბავი ისე სწრაფად გავრცელდა,
რომ როცა ორტენსია ბაუტემ თავისი სახლის კარი გამოაღო და ძმებმა ჩაიარეს, იგი
იყო პირველი, ვინც გამოიტირა სანტიაგო ნასარი. «მეგონა, უკვე მოკლეს-მეთქი, _
მითხრა ორტენსია ბაუტემ, _ ქუჩის ფარნების შუქზე დანები დავუნახე ხელში და
მომეჩვენა, სისხლი მოსწვეთავდა ფოლადს». ამ მიყრუებულ ქუჩაზე კანტიკუნტად
იდგა სახლები და ერთ-ერთ სახლში ცხოვრობდა პაბლო ვიკარიოს საცოლე
პრუდენსია კოტესი. ყოველთვის, როცა კი ტყუპები გამოჩნდებოდნენ ამ ქუჩაზე, _
განსაკუთრებით პარასკეობით, ბაზარში უთენია მიმავალნი, _ ისინი შედიოდნენ
ხოლმე კოტესებთან ყავის დასალევად. ძმებმა პატიოს კარი შეგლიჯეს. ძაღლები
აყეფდნენ, მაგრამ დილის ბინდბუნდში იცნეს მისულნი და ჩაჩუმდნენ. ტყუპებს
სამზარეულოში პრუდენსია კოტესის დედა დახვდათ. ყავა ჯერ არ იყო მზად.

_ ყავას სხვა დროს დავლევთ, _ თქვა პაბლო ვიკარიომ, _ ახლა გვეჩქარება.

_ ყველაფერიც კარგად მესმის, შვილებო, _ თქვა ქალმა, _ ღირსების საქმე ვერ


მოიცდის.

მაგრამ ძმები იქ მაინც შეყოვნდნენ და ამჯერად პედრო ვიკარიომ გაიფიქრა, ჩემი ძმა
განგებ აჭიანურებს დროსო _ ვიდრე ყავას სვამდნენ, სამზარეულოში შემოვიდა
გადაფურჩქნილი პრუდენსია კოტესი. ქალიშვილმა გაზეთები შემოიტანა ღუმელში
ცეცხლის შესანთებად. «ვიცოდი, რაც განეზრახათ, _ მითხრა პრუდენსიამ, _ და არა
მარტო მხარს ვუჭერდი, არამედ დაფიცებულიც მქონდა: არასოდეს გავმხდარიყავი
პაბლოს ცოლი, თუ კაცურად არ მოიხდიდა თავის ვალს». სამზარეულოდან
გასვლისას პაბლომ ორი გაზეთი გამოართვა ქალიშვილს და ერთი ძმას მისცა დანის
გასახვევად. პრუდენსია კოტესი სამზარეულოში იდგა და ელოდა, ვიდრე ტყუპებმა
არ გაიარეს ეზო, ასევე ელოდა იგი თავის საქმროს სამი წელიწადი და შემდეგ ციხიდან
გამოსულს სამუდამოდ დაუკავშირა კიდეც თავისი ბედი.

_ ფრთხილად იყავით, _ უთხრა მან ძმებს.

ასე რომ, კლოტილდე არმენტას ტყუილად არ მოეჩვენა, ძმები წინანდელივით


გაცეცხლებული აღარ ჩანდნენო. ქალმა მათ დათვის ყურის ნახარშით სავსე ბოთლი
დაუდგა წინ, იქნებ როგორმე გამოფხიზლდნენო. «სწორედ იმ დღეს მივხვდი, რა
მარტოსულები ვართ ჩვენ, ქალები!» _ მითხრა კლოტილდემ. პედრო ვიკარიომ
კლოტილდე არმენტას სთხოვა, შენი ქმრის საპარსი ნივთები მომიტანეო. ქალმაც
მიუტანა ფუნჯი, საპონი, დასაკიდი სარკე, ახალი საპარსი, მაგრამ პედრო ვიკარიომ
წვერის მოსაპარსად თავისი დანა არჩია. კლოტილდე არმენტამ მისი საქციელი
მამაკაცური ღირსების უმაღლეს გამოვლენად მიიჩნია. «პედრო ვიკარიო მკვლელს
ჰგავდა რომელიღაც ფილმიდან», _ მითხრა ქალმა. მაგრამ პედრო ვიკარიომ მერე
მითხრა და მართალიც იყო, ყაზარმაში მივეჩვიე დანით პირის პარსვას, სხვანაირად
ვერც კი წარმომიდგენიაო. მისი ძმა კი უფრო ადამიანურად მოიქცა: დონ როხელიო
დე ლა ფლორის საპარსით გაიპარსა წვერი. მერე უსიტყვოდ და აუჩქარებლად
მოჰყვნენ ნახარშის სმას, თან ღამენათევი კაცების გამობლეტილი თვალებით
შესცქეროდნენ მოპირდაპირე სახლის ჩაბნელებულ ფანჯრებს. ამ დროს კი მაღაზიაში,
ვითომ არაფერი ვიცითო, გაფაციცებით ვაჭრობდნენ მუშტრები. ზოგს სულაც არ
სჭირდებოდა რძე, მაგრამ მაინც შემოდიოდა საყიდლად; ზოგს ისეთი რაღაცის ყიდვა
უნდოდა, საერთოდ რომ არ ჰქონდათ მაღაზიაში. რაღას არ იმიზეზებდნენ, ოღონდ კი
მაღაზიაში შესულიყვნენ და საკუთარი თვალით ენახათ, მართლა ელოდნენ თუ არა
ძმები სანტიაგო ნასარს მოსაკლავად.

ასე იყო თუ ისე, ძმებს არ დაუნახავთ სინათლე ფანჯარაში. სანტიაგო ნასარი თავის
სახლში შევიდა ხუთის ოც წუთზე. შუქის ანთება არ დასჭირვებია, რადგან კიბეზე
მთელი ღამე ენთო ნათურა და იქიდან აღწევდა შუქი მის საწოლ ოთახში.
ტანსაცმლიანად ჩაწვა ლოგინში. მხოლოდ ერთი საათი უწევდა ძილი. სწორედ ასე,
ტანსაცმლიანად ჩაძინებული ნახა ვიქტორია გუსმანმა თავისი ბატონი, როცა
გასაღვიძებლად მიაკითხა, დროა ადგეთ ეპისკოპოსის შესახვედრადო. სანტიაგო
ნასარი ჩვენთან ერთად იყო მარია ალეხანდრინა სერვანტესის დაწესებულებაში ღამის
სამ საათამდე და ცოტა გვიანამდეც. მარია ალეხანდრინამ მუსიკოსები გაუშვა და
პატიოში, საცეკვაო მოედანზეც ჩააქრო შუქი, აქაოდა, ჩემმა მულატმა გოგოებმა
დაისვენონ მუშტრებისგანო. სამი დღე და ღამე გოგონებს მოსვენება არ ჰქონდათ:
პირველად საპატიო სტუმრებს მოემსახურნენ საიდუმლოდ, მერე კი
ჩვენნაირებისთვის, ქორწილში კენტად დარჩენილებისთვის, გააღეს დაწესებულების
კარი. მარია ალეხანდრინა სერვანტესი _ ვისზეც ყველანი ვამბობდით, მხოლოდ მაშინ
დაიძინებს, როცა მოკვდებაო _ იყო ყველაზე ელეგანტური და უნაზესი ქალი, ვისაც კი
ვიცნობდი ოდესმე; ყველაზე გულმოწყალე და დაუზარებელი ლოგინში, მაგრამ ამავე
დროს _ ყველაზე მკაცრიც. იგი აქ დაიბადა, გაიზარდა და აქვე ცხოვრობდა
ყველასათვის ფართოდ კარგაღებულ დიდ სახლში, სადაც აქირავებდა ოთახებს და
საცეკვაოდ გამართულ დიდ პატიოს. მოედანზე ფარნების ნაცვლად პარამარიბოს
ჩინურ ბაზარში ნაყიდი გამხმარი გოგრები ეკიდა. სწორედ მარია ალეხანდრინა
სერვანტესმა დაუსვა წერტილი ჩემი თაობის ყმაწვილკაცების უბიწოებას. მან უფრო
მეტი რამ გვასწავლა, ვიდრე უნდა გვცოდნოდა, მაგრამ, რაც მთავარია, მისი მეოხებით
ჩავიჭედეთ თავში, რომ ცარიელი საწოლივით ნაღვლიანი სანახავი არაფერი იყო
ამქვეყნად. სანტიაგო ნასარმა პირველი დღიდანვე დაკარგა გონი მარია
ალეხანდრინაზე. გავაფრთხილე ამხანაგი: «ქორო, უფრთხილდი ბეღურას!» _ მაგრამ
ამაოდ, სანტიაგო ნასარს არაფრის გაგონება არ სურდა, მარია ალეხანდრინა
სერვანტესის ჯადოქრული ყივილით თავგზა ჰქონდა არეული. ეს ქალი გახლდათ
თხუთმეტი წლის ბიჭის უგონობამდე მისული ვნება და ცრემლის მიზეზი. და ეს
ყველაფერი გაგრძელდა მანამ, ვიდრე იბრაჰიმ ნასარმა თავისი შვილი ქამრის ცემით
არ წამოაგდო ქალის საწოლიდან და მთელი წელიწადი არ ჩაკეტა თავის მამულში,
«ღვთაებრივი სახე» რომ ერქვა. მას შემდეგ ქალ-ვაჟი ერთმანეთს დიდი
მოკრძალებითა და განელებული სიყვარულით ეპყრობოდა. მარია ალეხანდრინა
არავის დაუწვებოდა, თუკი სადმე ახლოს სანტიაგო ნასარი იყო. ჩემი ბოლო
არდადეგების დროსაც ქალი ადრიანად გამოგვყრიდა ხოლმე ხუმრობით, ვითომ
დავიღალეო, მაგრამ კარს ღიას ტოვებდა და დერეფანში ფარნის ჩაქრობაც
ავიწყდებოდა, რათა მე ყველას ნამალავად დავბრუნებულიყავი მასთან.
სანტიაგო ნასარს ერთი, ლამის ზღაპრული ნიჭი ჰქონდა ჩაცმისა. მულატ გოგოებს ისე
შემოსავდა ხოლმე, რომ საკუთარ თავს ვეღარა სცნობდნენ. ერთის კარადიდან
გამოყრიდა კაბებს და მეორეს აცმევდა. ბოლოს და ბოლოს გოგოები ხვდებოდნენ,
საკუთარ თავს რომ არაფერი უგავდათ და ზუსტად ისეთები იყვნენ, როგორიც არ
იყვნენ საერთოდ. ერთხელ ერთმა მულატმა ქალმა ისე ნათლად შეიცნო საკუთარი
თავი მეორე ქალში, რომ აქვითინდა. «მომეჩვენა, თითქოს სარკიდან გადმოვედი», _
მითხრა მან. მაგრამ იმ ღამეს მარია ალეხანდრინამ სანტიაგო ნასარს დაუშალა
უკანასკნელად დამტკბარიყო თავისი ჯადოქრული ხელოვნებით, თან ისეთი
უსუსური მიზეზი მოიშველია, რომ საძაგელმა გემომ, ამ მიზეზის მარტო
გახსენებაზეც რომ უჩნდებოდა, შეცვალა მისი ცხოვრება. ჩვენც აღარ
გავჯიუტებულვართ, წავედით და თან წავიყვანეთ მუსიკოსები სერენადების
სამღერლად. ჩვენ რომ ასე ვერთობოდით, ტყუპები თურმე სანტიაგო ნასარს ელოდნენ
უკვე მოსაკლავად. სწორედ სანტიაგო ნასარს მოაფიქრდა, დილის ოთხ საათზე
ავსულიყავით გორაკზე და ქვრივ ქსიუსის სახლთან სერენადები გვემღერა
ახალჯვარდაწერილებისათვის.

ფანჯრებთან მარტო სერენადები როდი ვიკმარეთ, შუშხუნებიც ვისროლეთ ბაღში,


მაგრამ სახლიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. აზრადაც არ მოგვსვლია, რომ სახლში არავინ
იქნებოდა, მით უმეტეს, რომ ჭიშკართან ატლასის ბაფთებითა და სანთლის
ყვავილებით მორთული ღია ავტომობილი იდგა. ჩემმა ძმამ ლუის ენრიკემ, რომელიც
უკვე მაშინ გიტარაზე დახელოვნებული დამკვრელი იყო, ნეფე-დედოფალს
სახელდახელოდ გამოუგონა სიმღერა ცოლქმრულ მზაკვრობაზე. ჯერ არ წვიმდა.
ცაზე მთვარე ეკიდა, ჰაერიც გამჭვირვალე იყო. ქვემოთ, ხევში, სასაფლაოზე
ფუტუროები კიაფობდნენ აქა-იქ. გაღმა ბანანის ჭალები მოჩანდა, უფრო იქით
მთვარის შუქს ჩაელურჯებინა ნაღვლიანი ჭაობები, ჰორიზონტზე კი კარიბის ზღვის
ფოსფორისებრი ხაზი გადაჭიმულიყო. სანტიაგო ნასარმა ზღვაში მოკიაფე წერტილი
დაგვანახვა და გვითხრა: ეს ერთი ზღვაში დამხრჩვალი კაცის მიუსაფარი სულია;
სენეგალიდან ზანგი მონები მიჰყავდათ გასაყიდად და კარტახენა დე ინდიას
ნავსადგურში შესვლისას ხომალდი ჩაიძირაო. ფიქრითაც კი ვერავინ იფიქრებდა,
სანტიაგო ნასარს სინდისი აწუხებსო, თუმცა მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ანხელა
ვიკარიოს ეფემერული ცოლქმრული ცხოვრება ორი საათის წინ დამთავრდა. ბაიარდო
სან რომანმა იგი მშობლებს მიჰგვარა სახლში ფეხით: არ უნდოდა მანქანის ძრავას
ნაადრევად ემცნო ყველასათვის მისი უბედურება. მერე კი მარტოკა იჯდა სიბნელეში
ქვრივი ქსიუსის დიდსა და ბედნიერ სახლში.

გორაკიდან რომ დავეშვით, ჩემმა ძმამ ბაზრის დუქანში მიგვიპატიჟა შემწვარ თევზზე,
მაგრამ სანტიაგო ნასარი უარზე დადგა, ეპისკოპოსის ჩამოსვლამდე ერთი საათი მაინც
უნდა წავიძინოო. იგი კრისტო ბედოიასთან ერთად გაუყვა მდინარის ნაპირს, გვერდი
აუარა ძველი ნავსადგურის ღარიბულ ქოხმახებს, სადაც უკვე იღვიძებდნენ და ვიდრე
კუთხეში შეუხვევდა, გამომშვიდობების ნიშნად ხელი დაგვიქნია. სანტიაგო ნასარს
ჩვენ უკანასკნელად ვხედავდით.
ის და კრისტო ბედოია შეთანხმდნენ, მოგვიანებით შეხვედროდნენ ერთმანეთს
ნავსადგურში, და სანტიაგო ნასარი თავისი სახლის უკანა კართან დაემშვიდობა
მეგობარს. ძაღლები აყეფდნენ, მაგრამ პატრონმა დააშოშმინა ისინი სიბნელეში
გასაღების ჩხარუნით. ვიქტორია გუსმანი ქურაზე შემომდგარ ყავადანს დასჩერებოდა,
როცა მან სამზარეულო გაიარა და ოთახში შევიდა.

_ ბატონო! _ დაუძახა ქალმა, _ ყავა მალე იქნება!

სანტიაგო ნასარმა ანიშნა, ცოტა მოგვიანებით დავლევო და სთხოვა, დივინა ფლორმა


ექვსის ნახევარზე გამაღვიძოს და, რაც მთავარია, ასეთივე ტანსაცმელი მომიტანოს
სუფთაო. საწოლ ოთახში ასული არც იქნებოდა, რომ ვიქტორია გუსმანს მათხოვარმა
კლოტილდე არმენტას წერილი მოუტანა. ექვსის ნახევარზე ვიქტორია გუსმანმა
ბრძანება შეასრულა _ გააღვიძა ბატონი, მაგრამ თავისი ქალიშვილი დივინა ფლორი
კი არ გააგზავნა, არამედ თვითონ შევიდა სანტიაგო ნასარის საწოლ ოთახში ტილოს
გაქათქათებული კოსტიუმით ხელში. ქალი ყოველნაირად ცდილობდა თავისი
ქალიშვილი გადაერჩინა ახალგაზრდა ბატონის კლანჭებისაგან.

მარია ალეხანდრინა სერვანტესმა კარი ჩაურაზავი დატოვა. მე გამოვემშვიდობე ძმას,


გავიარე დერეფანი, სადაც ტიტებს შორის ხროვად მიყრილიყვნენ მულატი ქალების
კატები და დაუკაკუნებლად შევაღე საძინებელი ოთახის კარი. ოთახში შუქი არ ენთო,
მაგრამ ზღურბლს გადავაბიჯე თუ არა, მაშინვე ქალის თბილი სუნთქვა მომელამუნა,
ავაზას თვალებმაც გაკვესეს და მეტი აღარაფერი მახსოვს, ვიდრე არ დაიგუგუნეს
ზარებმა.

სახლისკენ რომ მიდიოდა, ჩემი ძმა კლოტილდე არმენტას მაღაზიაში შებანცალდა


სიგარეტის საყიდლად. ისე მთვრალი იყო, ბუნდოვნად ახსოვდა ის შეხვედრა, მაგრამ
სამაგიეროდ აქამდე არ დავიწყებია ის კისრის მომწყვეტი ერთი ყლუპი, პედრო
ვიკარიომ რომ შესთავაზა. «ნამდვილი ცეცხლი იყო», _ მითხრა ჩემმა ძმამ.
მთვლემარე პაბლო ვიკარიო ჩემი ძმის შესვლისთანავე ფეხზე წამოხტა და დანა
უჩვენა:

_ სანტიაგო ნასარი უნდა მოვკლათ.

ჩემს ძმას ეს სიტყვები არც ახსოვს. «რომ გამეგონა, არ დავიჯერებდი, _ ბევრჯერ


უთქვამს ჩემთვის, _ ვის მოუვიდოდა აზრად, ძმები ვიღაცას მოკლავენ და ისიც
ღორის საკლავი დანითო». მერე ჰკითხეს, სანტიანგო ნასარი სად არის, ერთად
დაგინახეთო. ჩემს ძმას არც ის ახსოვს, რა უპასუხა, სამაგიეროდ კლოტილდე არმენტა
და ტყუპი ძმები ვიკარიოები ისე გააოცა თურმე მისმა პასუხმა, რომ დაკითხვისას
ორივემ ცალ-ცალკე აღნიშნა იგი და გამოძიების ოქმშიც ასეა შეტანილი: «სანტიაგო
ნასარი მკვდარია». მერე თურმე იქაურობას ეპისკოპოსივით გადასახა პირჯვარი,
გასვლისას კართან წაიბორძიკა, მაგრამ მაშინვე გასწორდა და ფეხარეული გავიდა
ქუჩაში. შუა მოედანზე მღვდელ ამადორს შეეფეთა. მღვდელი მთელი თავისი
ბრწყინვალებით მიემართებოდა ნავსადგურისაკენ, უკან მისდევდნენ ეკლესიის
მსახურნი ზარის წკრიალით და ერთი-ორი თანაშემწე საკურთხევლით ხელში, რათა
ეპისკოპოსს წირვა ჩაეტარებინა პირდაპირ ქუჩაში. მათ დანახვაზე ძმებმა პირჯვარი
გადაიწერეს.

კლოტილდე არმენტა მიამბობდა, როცა მღვდელმა ჩემს სახლს ჩაუარა, ტყუპებს


შეეტყოთ, საბოლოოდ რომ გადასწუროდათ იმედიო. «ჩემი წერილი მღვდელ
ამადორს ნამდვილად არ მიუღია-მეთქი, გავიფიქრე», _ მითხრა მან. მაგრამ რამდენიმე
წლის მერე, როდესაც მღვდელი ამადორი განერიდა ამა ქვეყნის ამაოებათა ამაოებას
ჩანაცრისფრებულ «კალაფელის ჯანმრთელობის სახლში», _ გამომიტყდა:
კლოტილდე არმენტას წერილიც მივიღე და სხვა საგანგაშო გაფრთხილებაც, მაგრამ
ნავსადგურში წასასვლელად ვემზადებოდიო. «სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდი,
როგორ მოვქცეულიყავი, _ მითხრა მან, _ ჯერ ვიფიქრე, რა ჩემი საქმეა, სამოქალაქო
სამსახურმა იმტვრიოს-მეთქი თავი, მაგრამ მერე გადავწყვიტე, სახლს რომ
ჩავუვლიდი, პლასიდა ლინეროსთვის მეთქვა ერთი-ორი სიტყვა». მაგრამ მოედანი
რომ გადაჭრა, მღვდელს გულიდან გადავარდა თავისი განზრახვა. «უნდა გამიგოთ, _
მითხრა მან, _ იმ უკუღმართ დღეს ხომ ეპისკოპოსი მობრძანდებოდა». როცა
დანაშაული მოხდა, მღვდელი ისეთ დღეში ჩავარდა, ისე უღირსი მოეჩვენა თავისი
საქციელი, რომ სხვა რომ ვეღარაფერი მოიგონა, როგორც ხანძრის დროს იციან, ისე
ააგუგუნა ზარები.

ჩემი ძმა ლუის ენრიკე სახლში სამზარეულოდან შებანცალდა. სამზარეულოს კარს


დედაჩემი მუდამ ღიას ტოვებდა, რათა მამას არ გაეგო ჩვენი დაგვიანებული მოსვლა.
საპირფარეშოში შევიდა და კიდეც ჩამოეძინა იქ. როდესაც ჩემი მეორე ძმა ხაიმე
დილით ადგა სკოლაში წასასვლელად, საპირფარეშოში წააწყდა ქვის იატაკზე პირქვე
დამხობილ ლუის ენრიკეს, რომელიც ძილში მღეროდა. ჩემი მონაზონი და ისეთი
ნაქეიფარი იყო, რომ ეპისკოპოსის შესახვედრად არც წასულა. «საათმა ხუთჯერ
ჩამორეკა, საპირფარეშოში რომ შევედი», _ მითხრა დამ. ცოტა მოგვიანებით,
ნავსადგურში წასვლამდე, საპირფარეშოში ჩემი მეორე და მარგოტი შევიდა და დიდის
გაჭირვებით გადაათრია ძმა საწოლ ოთახში. ღვინით გაბრუჟულ ლუის ენრიკეს ღრმა
ძილში მოესმა ეპისკოპოსის გემის საყვირის გუგუნი, მაგრამ ძილს თავი ვერ წაართვა
და მანამდე ეძინა, ვიდრე ჩვენი მონაზონი და _ გზადაგზა რომ იცვამდა ტანზე _ არ
შევარდა ოთახში საშინელი ყვირილით:

_ სანტიაგო ნასარი მოკლეს!

დანით მიყენებული ჭრილობები თითქოს თავისებური დასაწყისი იყო იმ უმოწყალო


გაკვეთისა, მღვდელმა კარმენ ამადორმა იძულებით რომ ჩაატარა ექიმ დიონისიო
იგუარანის არყოფნის გამო. «თითქოს ხელმეორედ ვკლავდი მკვდარს», _ მითხრა
«კალაფელის სახლში» განმარტოებულმა ყოფილმა მღვდელმა, _ მაგრამ რა მექნა,
ალკალდის ბრძანებას ვერ გადავედი; ამ ბარბაროსის ბრძანება კი, ბრიყვულიც რომ
ყოფილიყო, მაინც უნდა შეგესრულებინა». მთლად სიმართლე არა თქვა მღვდელმა. იმ
უაზრო ორშაბათ დღეს პოლკოვნიკი აპონტე ტელეფონით დაუკავშირდა პროვინციის
გუბერნატორს, იმანაც თავის მხრივ პოლკოვნიკს დაავალა, გამომძიებლის
ჩამოსვლამდე თვითონვე ჩაეტარებინა წინასწარი გამოძიება. ალკალდი წინათ არმიის
ოფიცერი იყო და სასამართლო კანონებისა არა გაეგებოდა რა, თანაც ისეთი
თვითდაჯერებული კაცი გახლდათ, რომ სხვას, თავისზე ჭკვიანს, არაფრით
ჰკითხავდა, საიდან ან როგორ დაეწყო საქმე. განსაკუთრებით გვამის გაკვეთა უბნევდა
თავგზას ალკალდს. იმ ხანებში კრისტო ბედოია სამედიცინო ინსტიტუტის
სტუდენტი იყო, მაგრამ არაფრით არ დათანხმდა გაკვეთაში მიეღო მონაწილეობა _
სანტიაგო ნასარი ჩემი უახლოესი მეგობარი იყოო. ალკალდმა განიზრახა, გვამი
გაეყინათ და ასე შეენახათ ექიმ დიონისიო იგუარანის დაბრუნებამდე, მაგრამ
კაცისოდენა საყინულე ვერსად იპოვეს. ბაზარში იყო ერთადერთი საყინულე და ისიც
უვარგისი. მიცვალებული შუა ოთახში ესვენა ვიწრო რკინის საწოლზე, ვიდრე
მდიდრულ კუბოს გაუკეთებდნენ. საძინებელი ოთახებიდან და ახლომახლო
სახლებიდანაც მოზიდეს ვენტილატორები, მაგრამ იმდენი მსურველი მოგროვდა,
მიცვალებულისთვის თუნდ ერთხელ მაინც შეევლო თვალი, რომ იძულებული
გახდნენ გაეტანათ ავეჯი, ჩიტების გალიები და გვიმრის ქოთნები. მაგრამ არც ამან
უშველა, სუნთქვა მაინც ჭირდა. ძაღლებმაც იგრძნეს სიკვდილის სუნი და
აფორიაქდნენ. გაუჩერებლად ყმუოდნენ იმ წუთიდან, როცა მე სახლში შევედი. ამ
დროს კი სასიკვდილოდ დაჭრილი სანტიაგო ნასარი ჯერ კიდევ იკრუნჩხებოდა
სამზარეულოში, ხმამაღლა მოთქვამდა დივინა ფლორი და კარის ურდულით
იგერიებდა ძაღლებს.

_ მომეშველე! _ დამიყვირა გოგომ, _ ლამის ნაწლავები დაუგლიჯონ!

ძაღლები სადგომში ჩავკეტეთ. მოგვიანებით პლასიდა ლინერომ ბრძანა, ვიდრე


მიცვალებულს არ დავასაფლავებდით, ძაღლები სადმე მოშორებით გაგვეყვანა, მაგრამ
შუადღისას, კაცმა არ იცის, როგორ, გამოიქცნენ და გადარეულებივით შეცვივდნენ
სახლში. პლასიდა ლინერომ პირველად თავის სიცოცხლეში ვერ მოთოკა თავი.

_ ბინძური ძაღლები! _ იყვირა მან, _ ახლავე დახოცეთ!

ბრძანება იმწამსვე შეასრულეს და სახლში კვლავ სიჩუმე დამკვიდრდა. აქამდე გვამის


გაფუჭებისა არ გვეშინოდა. ხელუხლებელ სახეზე იგივე გამომეტყველება ეხატა,
როგორიც სიმღერის დროს ჰქონდა ხოლმე. კრისტო ბედოიამ გადმოყრილი
შიგნეული თავ-თავის ადგილზე დაალაგა და გვამს მაგარი ტილო შემოახვია, მაგრამ
საღამო ხანს ჭრილობებიდან ქარვისფერმა სითხემ გამოჟონა და ბუზებიც უმალ
გაჩნდნენ. პირის გარშემო ლილისფერი ლაქა გაჩნდა და თითქოს ღრუბლის ჩრდილი
დაეცა წყალსო, ნელ-ნელა მოედო მთელ სახეს თმის ძირებამდე. ყოველთვის კეთილი
სახე ახლა რაღაცნაირი მტრული გაუხდა და დედამაც ცხვირსახოცი გადააფარა. მაშინ
პოლკოვნიკი აპონტე მიხვდა, ცდა აღარ შეიძლებოდა და მღვდელ ამადორს უბრძანა,
გაკვეთა დაიწყეთო.
«განა უფრო ცუდი არ იქნება, ერთი კვირის მერე რომ საფლავიდან ამოგვაღებინონ?» _
თქვა მან. მღვდელი ამადორი ერთ დროს სალამანკაში სწავლობდა მედიცინას,
კერძოდ, ქირურგიას, მაგრამ დიპლომის დაცვაზე არ გავიდა, პირდაპირ სასულიერო
სემინარიაში გადავიდა, ასე რომ, თვითონ ალკალდმაც კარგად უწყოდა, რომ მღვდელ
ამადორის მიერ ჩატარებული გაკვეთა იურიდიულად მიუღებელი იყო, მაგრამ რა
ექნა, მაინც მოითხოვა ბრძანების აღსრულება.

ეს იყო ნამდვილი სასაკლაო, რომელიც იქაური სკოლის შენობაში მოეწყო. მღვდელს


გაკვეთისას ეხმარებოდნენ: მეაფთიაქე, რომელსაც ყოველივეს აღნუსხვა და ჩაწერა
ევალებოდა, და არდადეგებზე ჩამოსული სამედიცინო ინსტიტუტის პირველი
კურსის სტუდენტი. საიდანღაც მოიტანეს რამდენიმე ქირურგიული იარაღი და ასევე
სხვადასხვა ხელობისათვის საჭირო ერთი-ორი ხელსაწყო. თუ სათვალავში არ
მივიღებთ გაკვეთის დროს გაჩენილ ახალ ჭრილობებს, მღვდელ ამადორის
მოხსენებითი ბარათი სავსებით მისაღები იყო და გამომძიებელმაც იგი საქმეში
ჩააკერა როგორც საჭირო საბუთი.

უამრავი ჭრილობიდან შვიდი ჭრილობა სასიკვდილო იყო. ღვიძლის წინა ნაწილი


შუაზე გაეჩეხა ორ უძლიერეს დარტყმას. კუჭის არეში ოთხი ჭრილობიდან ერთი
ღრმად, კუჭქვეშა ჯირკვალს მისწვდენოდა. მსხვილი ნაწლავის არეში ექვსი
შედარებით მსუბუქი ჭრილობა ჰქონდა; წვრილი ნაწლავები კი უამრავი დარტყმით
დაექუცმაცებინათ. ზურგში მხოლოდ ერთხელ ჩაურტყამთ დანა ქვემოდან, მესამე
მალის გასწვრივ და მარჯვენა თირკმელი მთლიანად გაეხვრიტათ. მუცლის ღრუ
სისხლით იყო ავსებული, ხოლო სიბინძურეში _ საჭმლის ნარჩენებსა და ფეკალიაში _
იპოვეს ოქროს მედალიონი, რომელიც ოთხი წლისას გადაუყლაპავს თურმე. მკერდის
არეში ორი ღრმა ჭრილობა ჰქონდა: ერთი _ მარჯვენა მხარეს, მეორე ნეკნსქვემოთ და
ფილტვიც გაესერა; მეორე _ მარცხენა იღლიასთან ახლოს. ხელის მტევნებსა და წინა
მხარზე ექვსი არც ისე ღრმა ჭრილობა ჰქონდა. ორი ღრმა ჭრილობა
ჰორიზონტალურად გასდევდა მარჯვენა თეძოსა და მუცელზე. მარჯვენა
ხელისგული დანას ღრმად გადაესერა. ოქმში ასე ჩაეწერათ: «ჯვარცმულ ქრისტეს
სტიგმასავით». ტვინის მასა სამოცი გრამით აღემატებოდა ინგლისელი კაცის ტვინს.
მღვდელმა ამადორმა აღნიშნა, სანტიაგო ნასარი გამოირჩეოდა გონიერებით, მას
ბრწყინვალე მომავალი ელოდაო. ოქმის ბოლო აბზაცში მღვდელს მოხსენიებული
ჰქონდა ღვიძლის ჰიპერტროფია და ასკვნიდა, ეს დაავადება განვითარებულა
ჰეპატიტის ცუდი მკურნალობის შედეგადო. «მაშასადამე, _ მითხრა მღვდელმა, _
სანტიაგო ნასარს დიდი ხნის სიცოცხლე მაინც არ ეწერა». ექიმი დიონისიო იგუარანი,
რომელიც თავის დროზე მართლა მკურნალობდა ჰეპატიტით დაავადებულ სანტიაგო
ნასარს, აღშფოთებული იგონებდა ამ გაკვეთას. «მაგ ყეყეჩს მღვდლობის მეტი
არაფერი შეეძლო. ვერაფრით დავაჯერე, რომ ტროპიკებში მცხოვრებლებს ღვიძლი
ოდნავ უფრო გადიდებული გვაქვს, ვიდრე გალისიელებს». გაკვეთის ოქმის
დასკვნით ნაწილში აღნიშნული იყო, რომ სიკვდილი გამოუწვევია დიდი
რაოდენობით სისხლის დაკარგვას და შვიდ საბედისწერო ჭრილობას.
სრულიად სხვა მიცვალებული დაგვიბრუნეს, ნახევარი თავის ქალა ტრეპანაციის
დროს მთლად დაეჩეხათ. სიკვდილით დანდობილი ლამაზი სახე ისე
დაემახინჯებინათ, ვერც იცნობდით. მღვდელს ერთი ხელის მოსმით ამოუგლეჯია
დაფატრული შიგნეული და რომ ვეღარაფერი მოუხერხებია, პირდაპირ ნარეცხების
ქვაბში ჩაუყრია. ამის დანახვაზე სკოლის ფანჯარას აკრულ კანტიკუნტად
შემორჩენილ მაყურებლებსაც კი გაქრობიათ ცნობისმოყვარეობის სურვილი.
მღვდლის თანაშემწე სადღაც აორთქლდა, ხოლო ბევრის მნახველი პოლკოვნიკი
აპონტე, რომელიც ოდესღაც თავად გახლდათ არაერთი სისხლიანი საქმის
წამომწყები, ამ გაკვეთის შემდეგ ვეგეტარიანელი გახდა, სპირიტისტი კი ხომ იყო და
იყო უკვე. ცარიელი, გამოშიგნული გვამი ნაჭრებითა და ჩაუმქრალი კირით ამოავსეს,
ჯვალოს ტომარასავით ამოკერეს მახათითა და მსხვილი ძაფით და როდესაც ასე
შეკოწიწებულს ვდებდით დალიანდაგებული აბრეშუმით ამოგებულ ძვირფას
კუბოში, ლამის ხელში ჩაგვშლოდა გვამი. «ასე დიდხანს გაძლებს-მეთქი, მახსოვს,
გავიფიქრე», _ მითხრა მღვდელმა ამადორმა. მოხდა კი პირიქით: იძულებული
გავხდით განთიადისას დაგვესაფლავებინა, რადგან მისი სახლში დატოვება უკვე
შეუძლებელი იყო.

თენდებოდა ნაღვლიანი სამშაბათი დღე. ასეთი მძიმე დღის მერე მარტოკას არაფრით
არ დამეძინა და მარია ალეხანდრინა სერვანტესის სახლის კარს მივადექი, მაგრამ,
ჩემდა გასაოცრად, ჩაკეტილი დამხვდა. ხეებზე დაკიდებული გამხმარი გოგრებიდან
შუქი იღვრებოდა, საცეკვაო მოედანზე კოცონები ენთო, კოცონებზე შემოდგმულ
ქვაბებს ორთქლი ასდიოდა: მულატი ქალები შავად ღებავდნენ თავიანთ საგარეო
კაბებს. როგორც სჩვეოდა ალიონზე, მარია ალეხანდრინა სერვანტესს ეღვიძა და რაკი
სახლში უცხო არავინ ეგულებოდა, მთლად დედიშობილას თურქულად მოერთხა
ფეხი თავის სადედოფლო საწოლზე, მის წინ ბაბილონის კოშკივით აღმართულიყო
ნაირ-ნაირი კერძით სავსე ლანგარი: ხბოს კატლეტები, მოხარშული დედალი, ღორის
ხორცი და დახვავებული ხუთი კაცის სამყოფი ბანანი და ბოსტნეული. უზომო ჭამა
მისთვის გულის მოოხების ერთადერთი საშუალება იყო და არასოდეს მინახავს
დიდად დანაღვლიანებული ამ საქმიანობისას. მეც ჩემებურად ატირებული
უსიტყვოდ მივუწექი ტანგაუხდელი. თავიდან არ მშორდებოდა ფიქრი სანტიაგო
ნასარზე, ვისაც ოცი წლის ბედნიერი ცხოვრების ფასად მარტო სიკვდილი კი არა,
სხეულის დანაკუწებაც არგუნა სასტიკმა ბედისწერამ. დამესიზმრა, ვითომ ვიღაც
ქალი შემოვიდა ოთახში ბავშვით ხელში. ბავშვი ყბას არ აჩერებდა და ნახევრად
დაუღეჭავი სიმინდის მარცვლები კაბის კალთაზე სცვიოდა ქალს. მან მითხრა: «სულ
ასე ღეჭავს ყეყეჩი თხუნელასავით, ხან ბინძურად, ხანაც თავხედურად». უცებ
ვიღაცის თითებმა აჩქარებით გამიხსნა კვართის ღილები, მომესმა ჩემს ზურგს უკან
მიმალული სიყვარულის მხეცის სუნთქვაც და ვიგრძენი, როგორ ვეფლობოდი მისი
სინაზისა და სიტკბოების მომნიჭებელ ქვიშაში. მაგრამ ქალი უცებ შეჩერდა, სადღაც
შორს ჩაახველა და გაქრა ჩემი ცხოვრებიდან.

_ არ შემიძლია, _ თქვა მან, _ მისი სუნი აგდის.


მარტო მე კი არა, იმ დღეს ყველას ასდიოდა სანტიანგო ნასარის სუნი, ძმებ
ვიკარიოებსაც კი მისწვდათ ციხის საკანში, სადაც ალკალდმა ჩაამწყვდია ისინი
დროებით, ვიდრე რამეს მოიფიქრებდა. «რამდენი არ ვიბანე საპნითა და ღრუბლით,
მაინც ვერ მოვიშორე ეს სუნი», _ მითხრა პედრო ვიკარიომ. ტყუპებს სამი ღამე არ
სძინებიათ და არც ეწერათ გამოძინება, რადგან ჩათვლემდნენ თუ არა, მაშინვე
ეჩვენებოდათ, კვლავ დანაშაულს სჩადიოდნენ. შემდეგში უკვე ხანდაზმული პაბლო
ვიკარიო ცდილობდა ჩემთვის აეხსნა თავისი განცდები იმ უსასრულოდ გრძელ დღეს
და უბრალოდ მითხრა: «თითქოს ორმაგად ვფხიზლობდით». მივხვდი, რომ საკანში
ყოფნისას ძმებს ყველაზე მეტად უძილობა აწუხებდათ.

საკანი სამი მეტრი სიგრძისა იყო. ცხაურიანი სარკმელი თითქმის ჭერში გაეჭრათ.
საკანში იდგა მოსასაქმებელი კასრი, ხელ-პირის დასაბანი თასი, დოქი და
ჭილოფგადაფარებული ორი ქვის ტახტი. საკანი თვით პოლკოვნიკ აპონტეს უშუალო
მითითებით მოაწყვეს. პოლკოვნიკი ირწმუნებოდა: არ არსებობს ამ საკანივით
ჰუმანური ადგილიო. ჩემი ძმა ლუის ენრიკეც ამ აზრისა იყო: ერთხელ მუსიკოსებთან
ჩხუბისათვის ამ საკანში ჩაამწყვდიეს და ახსოვს, ალკალდმა გულმოწყალედ დართო
ნება, მასთან მულატი ქალი შეეშვათ. შესაძლოა ძმებმა ვიკარიოებმაც გაიზიარეს ეს
აზრი, როცა დილის რვა საათზე, როგორც იქნა, მიხვდნენ, არაბების მხრიდან
საფრთხე რომ აღარ ემუქრებოდათ. ტყუპები კმაყოფილი იყვნენ, მოვალეობა რომ
აღასრულეს. მხოლოდ ეს იყო _ მოუშორებელი სუნი აწუხებდათ. წყალი ბლომად
მოითხოვეს, საპნითა და ღრუბლით სისხლი ჩამოიბანეს ხელებიდან, სახიდან, მერე
კვართებიც გარეცხეს, მაგრამ ძილი მაინც არ მიეკარათ. პედრო ვიკარიომ კუჭში
გამხსნელი წამლები მოითხოვა და სტერილური სახვევი ძველის გამოსაცვლელად.
დილით მან ორჯერაც კი მოშარდა, მაგრამ მერე და მერე მთელი დღის განმავლობაში
ისეთი მძიმე წუთები გადაიტანა, რომ სუნის გამო შფოთვამ მეორე ადგილზე
გადაინაცვლა. დღის ორ საათზე ისეთი გაგანია სიცხე იდგა, დადნობას აღარაფერი
უკლდათ. არაქათგამოცლილ პედრო ვიკარიოს წოლა აღარ შეეძლო, მაგრამ ასევე არ
შეეძლო ფეხზე წამოდგომაც. სტომაქში დატრიალებული ტკივილი ლამის ყელამდე
სწვდებოდა, ვეღარ შარდავდა და სასოწარკვეთილი ფიქრობდა, ნუთუ მთელი
ცხოვრება ვერ დავიძინებო. «თერთმეტი თვე არ მძინებია», _ მითხრა მან და მეც
დავიჯერე, რადგან კარგად ვიცნობდი ამის მთქმელს. ჭამითაც ვერაფერს ჭამდა.
პაბლო ვიკარიომ ცოტა მაინც წაიხემსა, რაც მოუტანეს, მაგრამ თხუთმეტი წუთის მერე
ღებინება დაეწყო და კუჭიც აეშალა. საღამოს ექვს საათზე, ვიდრე სანტიაგო ნასარის
გვამს იკვლევდნენ, ალკალდი სასწრაფოდ გამოიძახეს, პედრო ვიკარიოს დაუჟინია,
ჩემი ძმა მოწამლესო. «სითხისაგან ვიცლებოდი, _ მითხრა პაბლო ვიკარიომ, _
ვიფიქრე, ნამდვილად თურქებმა მოგვიწყვეს-მეთქი ეს საქმე». ორჯერ მაინც დაცალეს
მოსასაქმებელი კასრი. ყარაულმა პაბლო ვიკარიო ექვსჯერ წაიყვანა საალკალდოს
ფეხსალაგში. სწორედ აქ ნახა ალკალდმა იგი: ჩაცუცქულიყო უკარო ჯიხურში და
ბადრაგს თოფი მიეშვირა მისთვის. პატიმარს ისე წყალივით გასდიოდა უკნიდან, რომ
წინასწარგანზრახული მოწამვლის არდაჯერება ნამდვილად უვიცობა იქნებოდა,
მაგრამ როგორც კი დაადგინეს, პატიმარმა მარტო წყალი დალია და ჭამითაც მხოლოდ
დედამისის დამზადებული კერძი შეჭამაო, ეს აზრი მაშინვე უკუაგდეს. და მაინც
ალკალდი ისე შეაშფოთა ამ ამბავმა, რომ ბრძანა, გამომძიებლის ჩამოსვლამდე
პატიმრები გაძლიერებული ბადრაგის თანხლებით მიეყვანათ მის სახლში, საიდანაც
შემდეგში გამომძიებელმა ძმები რიოაჩას პანოპტიკუმში გადააგზავნა.

ტყუპი შეაშინა ქუჩებში მოდებულმა მღელვარებამ. აქაურ არაბებს რომ შური ეძიათ,
არც იყო გასაკვირი. მაგრამ ძმები ვიკარიოების გარდა საწამლავზე ფიქრი არც არავის
გაჰკარებია. რატომღაც ყველას ეგონა, არაბები დაღამებას დაელოდებოდნენ, მერე
საკანში ნავთიან ბოთლს შეაგდებდნენ და ძმებს ამობუგავდნენ, მაგრამ ეს აზრი
მეტისმეტად ქარაფშუტული ჩანდა. საუკუნის დასაწყისში არაბთა მშვიდობიანი
თემები კარიბის სანაპიროს ყველაზე შორეულსა და მწირ ადგილებში ჩამოსახლდნენ.
ვაჭრობდნენ ჭრელჭრული ქსოვილებითა და ათასნაირი ნივთებით. ისინი
კათოლიკეები იყვნენ _ მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან, შრომა
უყვარდათ და მხოლოდ თავისიანებზე ქორწინდებოდნენ. ასევე თავ-თავიანთთვის
მოჰყავდათ ხორბალი, თავშავა, ბადრიჯანი და თავ-თავიანთ ეზოებში ამრავლებდნენ
ცხვარს. მათი ერთადერთი და ავადმყოფური გატაცება ბანქოს თამაში იყო. ასაკოვანი
არაბები ჯერ კიდევ არაბული ენის მდაბიურ, ხალხურ დიალექტზე ლაპარაკობდნენ.
ეს დიალექტი მათ დიდი ხნის წინ ჩამოჰყვათ სამშობლოდან და მეორე თაობამდე
შეინარჩუნეს. მაგრამ რაც შეეხება მესამე თაობას, სანტიაგო ნასარის გამოკლებით,
მხოლოდ მშობლები ლაპარაკობდნენ არაბულად, შვილები _ ესპანურად. ამრიგად,
წარმოუდგენელი იყო, რაიმეს შეეცვალა არაბთა მშვიდი, სოფლური სული და შური
ეძიათ იმ სიკვდილისათვის, რაშიც ყველანი ვიყავით დამნაშავენი. არც ის უფიქრია
არავის, რომ პლასიდა ლინეროს ოჯახიდან ვინმე იძიებდა შურს. ისინი ხომ, ვიდრე
ბედი სწყალობდათ, ძალაუფლებიანი და მებრძოლი ხალხი იყო, მათ ხომ
ქვეყნიერებისათვის არაერთი მკვლელი მოუვლენიათ, თავიანთი დიდებით რომ
სარგებლობდნენ და განუსჯელად უსწორდებოდნენ მეტოქეებს დუქნებსა თუ
ბარებში.

პოლკოვნიკი აპონტე ისე შეაშინა პატარა ქალაქში დარხეულმა ხმებმა, რომ ყოველ
არაბულ ოჯახს ეწვია, ამჯერად _ ყოველ შემთხვევაში, ამ ერთხელ მაინც _ სწორი
გადაწყვეტილება მიიღო. თითქმის ყველა არაბულ ოჯახში იხილა მან მწუხარება და
შეშფოთება, საკურთხევლები სამგლოვიაროდ მოერთოთ, ბევრნი იატაკზე ისხდნენ
და მოთქვამდნენ, მაგრამ შურისძიების სურვილი არც ერთს არ ეტყობოდა.
მღელვარებამ დილით, მკვლელობის ჩადენისთანავე ამოხეთქა ცხელ გულზე და
თვით დამნაშავეებიც ვარაუდობდნენ, რომ მხოლოდ ცემას აკმარებდნენ. ესეც არ
იყოს, სწორედ სუსემე აბდალას _ ამ ასი წლის მატრიარქის _ რჩევით დაამზადეს
სამკურნალო მცენარეების ნაყენი, რითაც პაბლო ვიკარიოს შეუჩერეს თავისი
ქოლერინა, ხოლო მის ტყუპისცალს გამოადენინეს სნებისგან გაფერადებული
ნაკადული. ამის შემდეგ პედრო ვიკარიო სულ თვლემდა, მისმა
გამოჯანმრთელებულმა ძმამ კი პირველი სიზმარი ნახა სინდისის ქენჯნის გარეშე.
სწორედ ამ დღეში იყვნენ ისინი, როდესაც ალკალდმა პურისიმა ვიკარიო სამშაბათ
დილას, ალიონზე მიიყვანა შვილებთან გამოსამშვიდობებლად.

პოლკოვნიკ აპონტეს წინადადებით ვიკარიოების მთელი ოჯახი _ უფროსი


ქალიშვილებიც თავ-თავიანთ ქმრებიანად _ გაეცალა აქაურობას. ისე გაიპარნენ,
არავის დაუნახავს, ჩვენც კი _ ვისაც თვალი არ მოგვიხუჭავს და ის საშინელი დღე,
სანტიაგო ნასარის დასაფლავების დღე გადავიტანეთ _ არ შეგვიმჩნევია, როგორ
წავიდნენ ვიკარიოები. ისინი დროებით უნდა გასცლოდნენ ქალაქს, ვიდრე
მღელვარება არ ჩაქრებოდა, _ ასე ამბობდა ალკალდი, მაგრამ ვიკარიოები აღარც
აღარასოდეს დაბრუნებულან. წასვლისას პურა ვიკარიომ თავის შინმობრუნებულ
ქალიშვილს ჩალურჯებული სახე თავსაფრით დაუფარა და ბრდღვიალა წითლებში
გამოაწყო, აქაოდა, არავინ იფიქროს, თავის იდუმალ შეყვარებულს დასტირისო. ასევე
წასვლამდე სთხოვა მღვდელს, ჩემს შვილებს ციხეში აღსარება ჩამოართვიო, მაგრამ
პედრო ვიკარიომ უარი თქვა აღსარებაზე და ძმაც დაარწმუნა, მოსანანიებელი
არაფერი გვჭირსო. ძმები მარტონი დარჩნენ. რიოაჩაში მათი გადაგზავნის დღეს
ორივენი საბოლოოდ ისე დამშვიდებული და დარწმუნებული იყვნენ თავიანთ
სიმართლეში, რომ უარი თქვეს თავიანთი ოჯახივით ღამით გადაყვანაზე, პირიქით,
მოითხოვეს, დღისით-მზისით, ყველას დასანახად გაგვატარეთ ქალაქშიო. მამა,
პონსიო ვიკარიო, მალე მიიცვალა. «სულიერ ტანჯვას ვერ გაუძლო», _ მითხრა ანხელა
ვიკარიომ. პატიმრობიდან განთავისუფლების მერე ტყუპები რიოაჩაში, მანაურედან
ერთი დღის სავალზე დასახლდნენ, მანაურეში კი მათი ოჯახი ცხოვრობდა. რიოაჩაში
გაემგზავრა პრუდენსია კოტესიც, რათა პაბლო ვიკარიოს ცოლი გამხდარიყო. პაბლო
ვიკარიომ მამის სახელოსნოში ოქრომჭედლობა შეისწავლა და ჩინებული ოსტატიც
დადგა. პედრო ვიკარიომ უსიყვარულოდ და უსაქმოდ გაატარა სამი წელიწადი, მერე
კვლავ არმიაში დაბრუნდა და უფროსი სერჟანტის წოდებას მიაღწია. ერთ დღეს კი ის
და მისი ბადრაგი ისე გაიტაცა კახპებზე სიმღერამ, რომ ვერც კი შეამჩნიეს, როგორ
შევიდნენ პარტიზანების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე. მას მერე ამ ბადრაგზე
არავის არაფერი სმენია.

უმეტესობის აზრით, მთელ ამ ამბავში ყველაზე მეტად დაზარალდა ერთი კაცი და ეს


დაზარალებული, ანუ ერთადერთი მსხვერპლი, ბაიარდო სან რომანი იყო. მართალია,
ტრაგედიის სხვა მონაწილეებმა ღირსეულად და განსაკუთრებული დიდებულებითაც
კი აღასრულეს ბედისწერით ნარგუნები მოვალეობა, ძმებმა ვიკარიოებმა დაამტკიცეს,
რომ ნამდვილი მამაკაცები არიან, _ სანტიაგო ნასარსაც სამაგიერო მიეზღო ოჯახის
შერცხვენისათვის, დამაც, პირველად რომ დასცინოდნენ, მალე აღიდგინა სახელი, _
მაგრამ ერთადერთი კაცი, ვინც ყველაფერი დაკარგა, მაინც ბაიარდო სან რომანი იყო.
«საბრალო ბაიარდო» _ ასე იგონებდნენ მას წლების მანძილზე. თუმცა ისიც უნდა
ითქვას, რომ ბაიარდო სან რომანი არავის გახსენებია მთვარის დაბნელებამდე,
რომელიც ტრაგედიიდან მომდევნო შაბათ დღეს მოხდა: ქვრივმა ქსიუსმა ალკალდს
უთხრა, ჩემს ყოფილ სახლს რაღაც მანათობელი ჩიტი დაფრენს, მგონი, ჩემი ცოლის
სულია და თავისი ქონების დაბრუნებას ითხოვსო. ალკალდმა შუბლში შემოირტყა
ხელი: არა, ქსიუს მოჩვენებას არ ჩაუგდია იგი საგონებელში!

_ ეშმაკმა დალახვროს! _ შეჰყვირა მან, _ სულ გადამავიწყდა ის საბრალო კაცი!

პოლკოვნიკი პატრულის თანხლებით ავიდა გორაკზე. სახლის წინ ღია ავტომობილი


იდგა. შუქი მხოლოდ საწოლ ოთახში ენთო, მაგრამ დაძახებაზე არავინ
გამოპასუხებიათ. მაშინ გვერდითი კარი შეტეხეს და დაბნელებული მთვარის
მილეულ შუქზე გაიგნეს გზა ოთახებში. «თითქოს ყველაფერი წყალქვეშ იყო ამ
სახლში», _ მიამბობდა ალკალდი. ბაიარდო სან რომანი საწოლზე უგრძნობლად იწვა
ისევე ჩაცმული, პურა ვიკარიომ რომ იხილა სამშაბათს, ალიონზე _ ჭრელჭრულ
შარვალსა და აბრეშუმის ხალათში გამოწყობილი, ოღონდ ამჯერად ფეხშიშველი იყო.
იატაკზე ცარიელი ბოთლები ეყარა, სავსეც ბევრი იდგა საწოლთან, საჭმელი კი არსად
ჩანდა. «ალკოჰოლური მოწამვლის უკიდურეს ზღვარზე იმყოფებოდა», _ მითხრა
ექიმმა დიონისიო იგუარანმა, რომელიც სასწრაფოდ გაჩნდა იქ. მაგრამ ერთი-ორი
საათის მერე ბაიარდო სან რომანი გონზე მოვიდა და ყველანი უშვერი სიტყვებით
გაყარა გარეთ.

_ ნურავინ მეტენებით... ნურც ჩემი გათახსირებული ვეტერანი მამილო...

ალკალდმა გენერალ პეტრონიო სან რომანს მღელვარებით სავსე დეპეშა გაუგზავნა:


სიტყვასიტყვით შეუთვალა ეს ბოლო წინადადებაც. ეტყობა, გენერალმა პირდაპირ
გაიგო ვაჟიშვილის ნათქვამი, თავის მაგიერ ცოლი გააგზავნა, თან გააყოლა ორივე
ქალიშვილი და ორიც გადამწიფებული ქალი _ თავისი დები. ქალები სატვირთო გემს
ჩამოჰყვნენ _ თმაგაშლილებს ყოველი შემთხვევისთვის თავით ფეხამდე შავები
ემოსათ, იქნებ ბაიარდოს რაიმე უბედურება შეემთხვაო. გემიდან გადმოსვლისთანავე
ფეხსაცმელი გაიძრეს და ფეხშიშველი გაემართნენ გორაკისაკენ. მიაბიჯებდნენ მზით
გახურებულ ქვიშაზე, თმას იგლეჯდნენ და ისე გაჰკიოდნენ, რომ ეს კივილი უფრო
სიხარულისას ჰგავდა. მე მათ მაგდალენა ოლივერის სახლის აივნიდან ვადევნებდი
თვალს და მახსოვს, გავიფიქრე, ასე მხოლოდ მაშინ წუხან და მოთქვამენ, როცა სურთ
უფრო დიდი სირცხვილი დაფარონ-მეთქი.

პოლკოვნიკმა ლასარო აპონტემ ქალები გორაკამდე მიაცილა. ცოტა მოგვიანებით


ისინი მოინახულა ჯორზე ამხედრებულმა ექიმმა დიონისიო იგუარანმა, რომელიც ასე
დადიოდა ხოლმე სასწრაფო გამოძახებაზე. ოდნავ რომ აგრილდა და ამოდენა
პაპანაქების შემდეგ სულის მოთქმა შეიძლებოდა, მუნიციპალიტეტის ორმა
თანამშრომელმა ბაიარდო სან რომანი სარებზე გამობმულ ჰამაკში ჩააწვინა, ზეწარი
გადააფარა და ისე გამოიყვანა სახლიდან, უკან მოტირალთა მთელი დასტა მისდევდა.
მაგდალენა ოლივერს ეგონა, მოკვდაო.

_ ღმერთო, შენ გვიშველე! _ შეჰყვირა მან, _ აფსუს, რა დავკარგეთ!


ბაიარდო სან რომანი კი კვლავ უგონოდ იყო მთვრალი, ჰამაკიდან გადმოვარდნილი
მარჯვენა ხელი ისე დასთრევდა მიწაზე, რომ ცოცხალი არავის ეგონა. თუმცა
დედამისი წამდაუწუმ უსწორებდა ხელს, იმას მაინც უვარდებოდა, მიწას მიხვეტავდა
და კვალს ტოვებდა. სწორედ ეს კვალი იყო ერთადერთი რამ, _ გორაკიდან
ნავსადგურამდე, _ რაც დარჩათ აქაურებს ამ კაცის მოსაგონრად, მსხვერპლის
მოსაგონრად.

სახლისთვის ხელი არ უხლიათ. არდადეგებზე მე და ჩემი ძმები ღამღამობით


ნაქეიფრები ავდიოდით გორაკზე, შევდიოდით სახლში, დავივლიდით ოთახებს და
ყოველ შემოვლაზე ვამჩნევდით, რომ მიტოვებულ ოთახებში ნელ-ნელა ქრებოდა
ძვირფასი ნივთები. ერთხელაც თვალში მოგვხვდა ის ჩანთა, რომელიც ქორწინების
პირველ ღამეს დედამ გაუგზავნა ქალიშვილს მისივე თხოვნით.

ჩანთისთვის დიდად არ მიგვიქცევია ყურადღება. შიგ ჩვეულებრივი რაღაცები ეწყო _


ქალის ჰიგიენისა და სილამაზისთვის საჭირო ნივთები, რომელთა ნამდვილი
დანიშნულება მოგვიანებით გავიგე. თვითონ ანხელა ვიკარიომ მიამბო ყველა იმ
თვალთმაქცობაზე, დაქალებმა რომ ასწავლეს ქმრის გასაცურებლად. ეს ჩანთა იყო
ერთადერთი კვალი, რომელიც ანხელა ვიკარიომ დატოვა ამ სახლში _ თავის ყოფილ
ოჯახში, სადაც მხოლოდ ხუთი საათი გაატარა.

წლების მერე, როდესაც ამ ქალაქში დავბრუნდი ჩემი ქრონიკისათვის საჭირო


საბოლოო მასალის მოსაძიებლად, აღარსად დამხვდა იოლანდა ქსიუსის ბედნიერების
მისხალიც კი. თუმცა პოლკოვნიკ ლასარო აპონტეს ბრძანებით სახლს
უთვალთვალებდნენ, ოთახებში ნივთები მაინც ნელ-ნელა იკარგებოდა. აღარსად იყო
კაცისოდენა სარკეებიანი, ექვსსარკიანი უზარმაზარი სასადილო კარადა, რომელიც
მომპოსის კანტორის ხელოსნებმა დაშლილი შეიტანეს სახლში, _ რადგან კარში არ
შეეტია, _ და მერე ააწყვეს. პირველ ხანებში ქვრივ კაცს უხაროდა, ნამდვილად ჩემს
ცოლს მიაქვს თავისი კუთვნილი ნივთებიო. პოლკოვნიკი ლასარო აპონტე
დასცინოდა ქვრივს, მაგრამ ერთხელ ღამით მაინც გადაწყვიტა სპირიტული სეანსი
ჩაეტარებინა, იქნებ რამე გამოვარკვიოო. მართლაც, იოლანდა ქსიუსის სული
გამოეცხადა და პირადად ამცნო: სწორედ მე მიმაქვს ჩემს იმქვეყნიურ სახლში ჩემი
ამქვეყნიური ბედნიერების ნივთებიო. სახლმაც ნელ-ნელა იწყო ნგრევა _ ჭიშკართან
მდგარი ავტომობილი დაიშალა და მხოლოდ ნაწვიმარი და დაჟანგული ძრავაღა
დარჩა. ავტომობილის პატრონზე კი წლების მანძილზე არავის არაფერი სმენია.
მართალია, ოქმში შეეტანათ მისი ჩვენება, მაგრამ ისე მოკლე და აბდაუბდა იყო, რომ
გეგონებოდა, ბოლო წუთებში შეაკოწიწეს მხოლოდ იმიტომ, ვინმეს არ
დაედანაშაულებინა ფორმალური მხარის დარღვევაშიო. ოცდასამი წლის მერე,
როდესაც მხოლოდ ერთხელ შევეცადე ბაიარდო სან რომანს გამოვლაპარაკებოდი,
მტრულად შემხვდა და სასტიკი უარი განმიცხადა გაენდო ჩემთვის თუნდაც სულ
უმნიშვნელო წვრილმანიც, რომელიც ოდნავ მაინც მოჰფენდა შუქს მის მონაწილეობას
დატრიალებულ ტრაგედიაში. ბაიარდო სან რომანის მშობლებმაც ჩვენზე მეტი როდი
იცოდნენ ამ საქმისა, ვერაფრით გაეგოთ, რამ ჩამოიყვანა მათი ვაჟიშვილი, ერთი
შეხედვით სრულიად უმიზეზოდ, ამ მივარდნილ ქალაქში; ნუთუ მხოლოდ იმიტომ
ჩამოვიდა, რომ ცოლად ეთხოვა ქალი, რომელიც არასოდეს ენახა?!

სამაგიეროდ ანხელა ვიკარიოს ამბებს ვიგებდი ხშირად და სწორედ ამ ამბებმა


შთამაგონა შემექმნა ერთგვარად იდეალიზებული სახე. ჩემი მონაზონი და ერთხანს
კარდაკარ დადიოდა გუახიროს ჩრდილოეთის სოფელ-ქალაქებში, რათა ჭეშმარიტ
სარწმუნოებაზე მოექცია აქა-იქ ჯერ კიდევ შემორჩენილი კერპთაყვანისმცემლები,
გზად ხშირად შეივლიდა ხოლმე ანხელა ვიკარიოსთან სალაპარაკოდ. იმ სოფლის
მიწებს, სადაც ანხელა ცხოვრობდა, კარიბის ზღვის მლაშე ტალღები ფარავდა
პერიოდულად და დედამისსაც განზრახული ჰქონდა, სწორედ აქ დაემარხა თავისი
ქალიშვილი ცოცხლად. «ბიძაშვილმა მოგიკითხა», _ მეტყოდა ხოლმე ჩემი მონაზონი
და, მეორე და _ მარგოტიც დადიოდა ანხელასთან პირველ ხანებში და ამბები
მოჰქონდათ ხოლმე ჩემთან: კარგი სახლი იყიდეს, ხელისგულივით გადაშლილი ეზო
აქვთ, ერთადერთი მათი სადარდებელი კარიბის ზღვის მოქცევაა; ამ დროს თურმე
ტალღები გადმოდიან ნაპირებიდან, ფეხსალაგები ივსება და იქიდან ათასი
სიბინძურე ჟონავს, დილდილაობით საწოლ ოთახებში კი თევზებიც დახტიანო. ვისაც
კი იმ ხანებში ანხელა ვიკარიო ენახა, ყველა ერთხმად აღიარებდა, დაზგაზე
შესანიშნავად ქარგავს და სწორედ ამ ხელობის წყალობით მიაღწია დავიწყებასო.

წლების მერე, როცა ჯერ კიდევ ბევრი რამ გაურკვეველი იყო ჩემთვის, როცა ჯერ
კიდევ ვცდილობდი ბოლომდე შემეცნო საკუთარი თავი, როცა ენციკლოპედიებსა და
სამედიცინო წიგნებს ვყიდდი გუახიროს სოფლებში, _ შემთხვევით მოვხვდი
ინდიელთა იმ სოფელში. შუადღის პაპანაქება იდგა. ერთი სახლის ზღვისკენ გაჭრილ
ფანჯარაში საქარგავ მანქანასთან მჯდარ ქალს მოვკარი თვალი, თალხი ემოსა,
ლითონისჩარჩოიანი სათვალე ეკეთა, თმაში მოყვითალო ჭაღარა გარეოდა. თავთან
გალია ეკიდა და გალიაში დაუღალავად გალობდა იადონი. არ მინდოდა
დამეჯერებინა, რომ ასე იდეალურად მოჩარჩოებულ ფანჯარაში დანახული ქალი
სწორედ ის იყო, ჩემს წარმოსახვაში რომ მყავდა წარმოდგენილი. ასევე არ მინდოდა
მერწმუნა, რომ ცხოვრება ბოლოს და ბოლოს ემსგავსება სუსტ ლიტერატურულ
ნაწარმოებს, მაგრამ, ასე იყო თუ ისე, ეს ქალი გახლდათ ანხელა ვიკარიო იმ
ტრაგედიიდან ოცდასამი წლის მერე.

ანხელა ჩვეულებრივად შემხვდა, როგორც მხვდებოდა ხოლმე წინათ შორეულ


ბიძაშვილს. შეკითხვებზე გონივრულად და იუმორითაც მაძლევდა პასუხს.
დაბრძენებულიყო. არ მჯეროდა, რომ ჩემ წინ ანხელა ვიკარიო იჯდა. ყველაზე მეტად
გამაოცა საკუთარი ცხოვრების მისეულმა შეფასებამ. რამდენიმე წუთის მერე ისე
დაბერებული აღარ მეჩვენებოდა, როგორც პირველი შეხვედრისას მომეჩვენა.
პირიქით, ისევე ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, როგორიც მახსოვდა. ოღონდ
შინაგანად აღარაფერი ჰქონდა იმ ქალიშვილისა, ოცი წლისა რომ აიძულეს
უსიყვარულოდ გათხოვილიყო. მის გადაბერებულ დედას კი აღარაფერი ესმოდა ამ
ქვეყნისა და ისე შემხვდა, როგორც მოჩვენებას. არაფრით არ მოისურვა წარსულის
გახსენება. ამ ქრონიკისათვის მხოლოდ დედაჩემთან ლაპარაკისას მისი ნათქვამი
ერთი-ორი სიტყვა და კიდევ რაღაც-რაღაცები გამოვჩხრიკე საკუთარივე
მეხსიერებიდან. ბერიქალი ყოველნაირად შეეცადა ქალიშვილი ცოცხლად დაემარხა,
მაგრამ არ გამოუვიდა, თვითონ ქალიშვილმა შეუშალა ხელი. ანხელა ვიკარიო
არასოდეს ცდილა თავისი ავბედითი წარსული საიდუმლოდ შეენახა. პირიქით, ვინც
კი მოისურვებდა, ყველას დაწვრილებით უყვებოდა თავის ამბავს, მაგრამ სამაგიეროდ
არასოდეს უთქვამს და დღემდე არც არავინ იცის, სინამდვილეში ვის მიუძღოდა
ბრალი მის შერცხვენაში ან როდის და რანაირად მოხდა ის ამბავი. არავის სჯეროდა,
რომ მისი შემრცხვენელი სანტიაგო ნასარი იყო.

ანხელა და სანტიაგო ნასარი ხომ ორ სხვადასხვა სამყაროს ეკუთვნოდნენ. არავის


უნახავს ისინი ერთად არც სახლში და არც მოფარებულში. სანტიაგო ნასარი
მეტისმეტად ამპარტავანი იყო და ამდენად, ანხელა ვიკარიოს არად აგდებდა. «შენი
შტერი ბიძაშვილი» _ ასე იხსენიებდა ჩემთან სანტიაგო ნასარი ანხელას. თანაც
სანტიაგო ნასარი იყო _ როგორც მაშინ ვეძახდით, _ ვარიების მოყვარული ქორი.
მამამისივით მარტო დადიოდა მთებში და ულმობლად გლეჯდა ახალშემწიფებულ
ნაყოფს _ ყველა გოგონას, ვინც კი გამოჩნდებოდა ოლქში. მაგრამ ქალაქში მხოლოდ
ორ ქალთან ჰქონდა ურთიერთობა. ეს იყო საკმაოდ საქმიანი ურთიერთობა ფლორა
მიგელთან და ვნებიანი, უგონობამდე მისული სიყვარული მარია ალეხანდრინა
სერვანტესის მიმართ, რომელიც თითქმის თოთხმეტი თვე გრძელდებოდა. ქალაქში
ამბობდნენ, _ და შესაძლოა ჭკუასთან ახლოც იყო ეს ეშმაკური ვარიანტი, _ ანხელა
ვიკარიომ იმიტომ არ გაამხილა თავისი ნამდვილი შეყვარებულის სახელი და იმიტომ
გადააბრალა სანტიაგო ნასარს, რომ ალბათ ეგონა, მისი ძმები ვერ გაბედავდნენ
სანტიაგო ნასარზე ხელის აღმართვასო. ჩვენი მეორე შეხვედრისას ბევრი ვეცადე,
როგორ არ ველაპარაკე, მაგრამ ქალს მაინც ვერ დავაცდენინე უცნობის სახელი.
ანხელა ვიკარიომ საქარგავიდან თავი ასწია და ცივი წყალი გადამასხა:

_ ტყუილად ნუ ირჯები, ბიძაშვილო, _ ის იყო!

სამაგიეროდ დაუფარავად და წვრილად მიამბო ყოველივე, რაც იმ საქორწილო ღამეს


მოხდა. მითხრა, დაქალებმა მასწავლეს, ქმარი უგონობამდე დაათვრე და რაც
შეგიძლია დაიმორცხვე, შუქი ჩააქრობინეო. ასწავლეს, როგორ გაეკეთებინა შაბის
აბაზანები, რათა ქმრისთვის თავი ქალიშვილად მიესაღებინა. ისიც ასწავლეს, ზეწარი
როგორ დაეთხვარა დილით ეზოში გამოსაფენად და ყველას დასანახად. მაგრამ
ანხელა ვიკარიოს მრჩევლებმა ერთი რამ არ გაითვალისწინეს. ჯერ ერთი, ბაიარდო
სან რომანი მაგარი მსმელი კაცი იყო და მეორეც: თვით ანხელა ვიკარიო ყოფილა
სულიერად წმინდა ქალი და ეს სიწმინდე თურმე გარეგნული სიშტერის მიღმა
იმალებოდა. «რაც მასწავლეს, არაფერი არ გამიკეთებია, _ მითხრა მან, _ რაც მეტს
ვფიქრობდი, მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ეს ყველაფერი ღორობაა. რატომ უნდა
მოვექცე ასე მდაბლად ვინმეს და მით უმეტეს ამ საცოდავ კაცს, ვინც, თავისდა
საუბედუროდ, ჩემი ცოლად შერთვა მოიწადინა». ერთი სიტყვით, საქორწილო ღამეს
ყოველგვარი ხრიკების გარეშე გაახდევინა ქმარს კაბა განათებულ ოთახში.
ქალიშვილს სრულიად გაჰქრობოდა შიში, რასაც ისედაც დაემახინჯებინა მისთვის
მთელი ცხოვრება. «ყველაფერი ძალზე უბრალოდ მოხდა, _ მითხრა ანხელამ, _
სიკვდილისათვის მზად ვიყავი».

ანხელა ვიკარიომ ყოველგვარი სირცხვილის გარეშე მიამბო თავის უბედურებაზე და


მე ვიგრძენი: იგი სხვა, უფრო ნამდვილსა და უფრო მწველ უბედურებას მალავდა.
აქამდე, ვიდრე ანხელა ვიკარიო გულს გადამიშლიდა, ვინ დაიჯერებდა, რომ
ბაიარდო სან რომანი სამუდამოდ ჩასახლდებოდა მის გულში იმ წუთიდან,
მშობლების სახლში რომ დააბრუნა. «დედაჩემმა რომ ცემა დამიწყო, ის გამახსენდა», _
მითხრა ქალმა. ცემისას ხმას არ იღებდა, იცოდა, მისთვის სცემდნენ. ქალი მაშინაც
იმაზე ფიქრობდა, როცა სასადილო ოთახში სავარძელში ეგდო და სლუკუნებდა.
«ტკივილისაგან არ ვტიროდი, არც მომხდარი ამბის გამო, _ მითხრა მან, _ მე მასზე
ვტიროდი». ანხელა ვიკარიო მაშინაც მასზე ფიქრობდა, როცა დედამისი საფენებს
ადებდა დალილავებულ სახეზე და მაშინაც კი, როცა დილით ქუჩიდან ისეთი
ყვირილი და ზარების გუგუნი შემოესმა, ხანძრის დროს რომ არის ხოლმე. მერე
შემოვარდა პურა ვიკარიო და ქალიშვილს უთხრა: ახლა კი შემიძლია მშვიდად
ვიძინო, ყველაზე საშინელი რამ უკვე მოხდაო.

დიდხანს და უიმედოდ ფიქრობდა ანხელა ვიკარიო ბაიარდო სან რომანზე, ვიდრე


ერთხელ შემთხვევით არ მოჰკრა თვალი მას რიოაჩის «ნავსადგურის სასტუმროში»,
სადაც დედა-შვილი გაჩერდა და რომლის პატრონსაც კარგად იცნობდნენ. ანხელას
დედამისი რიოაჩაში თვალის ექიმთან ჩამოეყვანა: პურა ვიკარიომ ის იყო სასტუმროს
ბარში ჭიქა წყალი მოითხოვა, რომ უცებ ანხელა ვიკარიომ ურიცხვ სარკეში დაინახა
ის, ვისზეც გამუდმებით ფიქრობდა. ქალმა სული მოითქვა და მოტრიალდა. კაცმა
ვერც კი შეამჩნია მისკენ მზირალი ყოფილი ცოლი, გვერდით ჩაუარა და
სასტუმროდან გავიდა. ანხელას გასკდომაზე ჰქონდა გული. დედას შეხედა. იგი
ქალიშვილისკენ ზურგშექცეული იდგა და არც არაფერი დაუნახავს. წყალი დალია,
პირი სახელოთი მოიწმინდა და სარკეში გაუღიმა ქალიშვილს, თან თავს იწონებდა
ახალი სათვალით. პირველად თავის სიცოცხლეში ანხელა ვიკარიომ დაინახა
დედამისი ისეთი, როგორიც იყო სინამდვილეში _ უბედური ქალი, ვისაც საკუთარი
ნაკლის მეტი არაფერი ახსოვდა ამქვეყნად. «მძღ...» _ ჩაილაპარაკა თავისთვის. ისე
იყო სულით ხორცამდე შეძრული, რომ უკან დაბრუნებისას მთელი გზა ხმამაღალი
სიმღერით გამოიარა, შინ მისვლისას კი საწოლში ჩაემხო და სამი დღე იტირა.

ანხელა თითქოს მეორედ დაიბადა. «მისმა სიყვარულმა გიჟად მაქცია, _ მითხრა მან, _
საბოლოოდ შემშალა ჭკუიდან». საკმარისი იყო, თვალები დაეხუჭა, მას ხედავდა, მისი
სუნთქვა ესმოდა ზღვის ტალღების შხუილში, მისი სხეულის სიმხურვალეს
გრძნობდა საწოლში. ერთი კვირა ითმინა, მერე მოკლე და თავშეკავებული პირველი
წერილი მისწერა ბაიარდო სან რომანს: დაგინახეთ, სასტუმროდან გადიოდით,
ძალიან სასიამოვნო იქნება, თუ თქვენც დამინახეთო. პასუხს ამაოდ ელოდა. ორი
თვის დამღლელი ლოდინის მერე მეორე წერილი გაუგზავნა, პირველი წერილივით
შენიღბული. სწერდა, უპატივცემულობაში ჩაგითვლით, რატომ პასუხი არ
მომწერეთო. ექვსი თვის მერე კიდევ ექვსი წერილი გაუგზავნა და პასუხი არც ერთზე
არ მიუღია, მაგრამ ქალი დიდად არ წუხდა, დარწმუნებული იყო, ბაიარდო სან
რომანი იღებდა მის წერილებს.

ანხელა ვიკარიომ პირველად იგრძნო თავი თავისი ბედის ბატონ-პატრონად, ასევე


პირველად აღმოაჩინა, რომ სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯი იყო. რაც
მეტ წერილს აგზავნიდა, მით უფრო ეკიდებოდა ცეცხლი მის სიყვარულს, მაგრამ
უფრო მეტად წვავდა საკუთარი დედის მიმართ ნიშნისმომგები სიხარულის ცეცხლი:
«გულ-ღვიძლი მიტრიალებდა დედაჩემის დანახვაზე, _ მითხრა მან, _ მაგრამ
შევხედავდი თუ არა, ის მახსენდებოდა». ანხელა ვიკარიო განათხოვარი, მშობლებთან
მობრუნებული ქალის ცხოვრებით ცხოვრობდა ისევე ჩვეულებრივად და უბრალოდ,
როგორც ქალიშვილობაში: მეგობრებთან ერთად იჯდა და თუ წინათ ნაჭრის
ყვავილებს და ქაღალდის ჩიტებს აკეთებდა, ახლა ქარგვაში კლავდა დროს.
დაიძინებდა თუ არა დედამისი, ოთახში ჩაიკეტებოდა და ალიონამდე წერდა
დასავიწყებლად განწირულ წერილებს. იგი გახდა გონიერი და თავისი სურვილების
მბრძანებელი ქალი, თითქოს ხელმეორედ მოიპოვა ქალწულობა და ისიც მხოლოდ
ბაიარდო სან რომანისათვის, არად აგდებდა სხვა სურვილებს, გარდა საკუთარისა, არ
იცოდა სხვა სატანჯველი, გარდა საკუთარი ვნებისა.

თითქმის ნახევარი ცხოვრება შეალია ქალმა წერილების წერას, ყოველ კვირას წერდა.
«ზოგჯერ არც ვიცოდი, რა მიმეწერა, _ სიცილით მიყვებოდა ანხელა, _ მთავარი იყო,
რომ ის ჩემს წერილებს იღებდა». პირველ ხანებში მისი წერილები დანიშნულის
წერილებს ჰგავდა; შემდეგში მიწერილი სუნამოდაპკურებული წერილები _ ნაზი
საცოლისას; შემდეგ და შემდეგ კი ეს იყო საყვარლის საქმიანი წერილები,
სიყვარულის ფიცი და ბოლოს _ მიტოვებული ცოლის აღშფოთებული წერილები.
ოღონდ კაცი დაებრუნებინა და ისიც კი მოიგონა, მძიმედ ავად ვარო. ერთხელ, ღამით,
კარგ გუნებაზე იყო, მელანი გადაასხა უკვე დაწერილ წერილს და, იმის ნაცვლად,
დაეხია, მიაწერა: «ჩემი სიყვარულის დასტურად გიგზავნი ჩემს ცრემლებს». ზოგჯერ,
ტირილით რომ დაიღლებოდა, საკუთარ უღონობას დასცინოდა, მაგრამ უარყოფა
ვერაფრით შეძლო ამ სიყვარულისა. კაცს კი არაფრად მიაჩნდა ქალის წვა და დაგვა,
თითქოს მას არ სწერდნენ წერილებს.

ათი წლის მერე, ერთხელ, ქარიან დილით ქალს მოეჩვენა, რომ მის საწოლში ბაიარდო
სან რომანი იწვა დედიშობილა. მაშინ ადგა და მისწერა ოცგვერდიანი მხურვალე
წერილი, სადაც უსირცხვილოდ და მოურიდებლად გაანდო კაცს მთელი ის მწარე
სიმართლე, იმ შავბნელი ღამის მერე რომ ატარებდა გულში უკვე ჟანგმოდებულს;
სამუდამოდ დამიწყლულე სხეულიო, სამუდამოდ დამამახსოვრე შენი მარილიანი ენა
და შენი აფრიკული ხორცის ცეცხლოვანი გრიგალიო. წერილი ჩააბარა ფოსტის
მოხელე ქალს, რომელიც ყოველ პარასკევს საღამოობით მოდიოდა ხოლმე მასთან
საქარგავად და წერილების წასაღებად. ანხელა ვიკარიომ დაიფიცა, რომ ეს იქნებოდა
ბოლო გაბრძოლება მისი ვნებისა. მაგრამ პასუხი არსად ჩანდა. მერე უკვე აღარც
იცოდა, რას წერდა, ვის სწერდა, მაგრამ წერით კი ჩვიდმეტ წელიწადს წერდა და
წერდა წერილებს.

ეს ამბავი მოხდა აგვისტოს ერთ შუადღეს. ანხელა ვიკარიო მეგობარ ქალებთან ერთად
უჯდა საქარგავს. უცბად მოესმა, კართან ვიღაც შეჩერდა. ქალს არ დასჭირვებია
მოსულისათვის შეეხედა, ისედაც მიხვდა _ ის იყო. «გასუქებულიყო, გამელოტება
დასწყებოდა, ეტყობოდა, ახლომხედველის სათვალე სჭირდებოდა, _ მითხრა ქალმა, _
მაგრამ ჯანდაბას ყველაფერი, ეს ის იყო, ის!» ქალი შეცბა; იცოდა, კაცი მას ისეთივე
მობერებულს ხედავდა, როგორსაც თვითონ ხედავდა მას. თანაც ქალმა არ იცოდა ჯერ,
კაცსაც თუ შეეძლო მისოდენა სიყვარული. მოსულს ოფლიანი კვართი ეცვა. სწორედ
ამ კვართში ნახა ანხელამ პირველად ბაზრობაზე. იგივე ქამარი შემოეჭირა წელზე,
ხელშიც იმავე ტყავის, ვერცხლისფერბალთებიანი, უკვე გაცვეთილი ჩანთა ეჭირა.
ბაიარდო სან რომანმა არად ჩააგდო გაოცებისაგან ერთ ადგილას მიყინული მქარგავი
ქალები, ნაბიჯი წინ გადადგა და ჩანთა საქარგავ მანქანაზე დადო.

_ აჰა, მოვედი, _ თქვა მან.

ჩემოდანში საცვლებთან ერთად იდო ანხელა ვიკარიოს ორი ათასი წერილი _


თარიღების მიხედვით დასტა-დასტად დაწყობილი, ფერადი ბაფთებით შეკრული და
ყველა... გაუხსნელი.

წლების მანძილზე სხვა აღარაფერი გვქონდა სალაპარაკო. აქამდე თუ ჩვენი ცხოვრება


ყოველდღიური, ჩვეულებრივი რიგით მიდიოდა, ახლა მოულოდნელად დატრიალდა
იმ მოვლენების გარშემო, ყველას რომ პირზე ეკერა იმხანად. განთიადისას მამლის
ყივილზე უკვე ვფხიზლობდით და ვცდილობდით ერთი საერთო ამოსავალი გვეპოვა
იმ უამრავი შემთხვევითობისათვის, უაზრობას რომ მისცა გზა, რათა რეალობად
ქცეულიყო. ყველა დარწმუნებული ვიყავით, ჩვენი ეს ცდა საიდუმლოს ამოხსნას კი
არ ისახავდა მიზნად, არამედ იმას, რომ არც ერთს აღარ გვეცხოვრებოდა ამქვეყნად,
თუ ზუსტად არ დავადგენდით, რა ადგილი და მისია გვარგუნა ბედმა მთელ ამ
ამბავში.

ბევრმა ვერ შეძლო ამის დადგენა. კრისტო ბედოია ცნობილი ქირურგი გახდა. მას
დღესაც უკვირს, ბოლო წამს რატომ გადაიფიქრა შინ წასვლა და ეპისკოპოსის
ჩამოსვლამდე დარჩენილი ის ორიოდ საათი რატომ გაატარა ბებია-პაპასთან. მას ხომ
ალიონზე მშობლები ელოდებოდნენ უკვე, რათა მოსალოდნელი საშინელება
ეცნობებინათ. ისინი, ვისაც შეეძლო მკვლელობისათვის ხელი შეეშალა და ვერ
შეუშალა, თავს იმით იმართლებდნენ და იმშვიდებდნენ, ღირსებისა და სახელის
დაცვა წმიდათაწმიდა საქმეა და მხოლოდ იმათ ეხება, ვინც დრამაში მონაწილეობსო.
«ღირსება სიყვარულია», _ ხშირად ამბობდა დედაჩემი. ორტენსია ბაუტეს
მონაწილეობა მთელ ამ ამბავში იმით შემოიფარგლება, რომ მან ძმებს დაუნახა
სისხლიანი დანები. არადა, იმ დროისათვის დანები ჯერ კიდევ უსისხლო იყო. ქალი
ისე შეაწუხა ამ აკვიატებულმა ჰალუცინაციამ, რომ ვეღარ გაუძლო ტანჯვას და
შიშველი გადმოხტა ქუჩაში. სანტიაგო ნასარის საცოლე ფლორა მიგელი ყველას
ჯიბრზე გაეკიდა ერთ მესაზღვრე ლეიტენანტს, რომელმაც იგი კაუჩუკის
მომპოვებლების კახპად აქცია ვიჩადაში. ბებიაქალს აურა ვილიესოს, _ ვინც ლამის სამ
თაობას ეხმარებოდა მშობიარობისას, _ სანტიაგო ნასარის სიკვდილის ამბავზე
საშარდე ბუშტის შეტევა მოუვიდა და სიკვდილამდე არ მოუშორებია საშარდავი
მილი. კლოტილდე არმენტას ქმარი, ოთხმოცი წლის კეთილი ბერიკაცი,
ხანდაზმულობის საოცარი ნიმუში, უკანასკნელად წამოდგა ფეხზე, რათა დაენახა,
როგორ ფატრავდნენ სანტიაგო ნასარს საკუთარი სახლის ჩაკეტილ კართან. მოხუცმა
ეს საშინელება ვერც გადაიტანა. პლასიდა ლინერომ ბოლო წუთს ჩაკეტა კარი და
დროზე გაითავისუფლა თავი ყოველგვარი ბრალდებისაგან. «კარი იმიტომ ჩავკეტე,
რომ დივინა ფლორმა დამარწმუნა, დავინახე, თქვენი ვაჟი სახლში შემოვიდაო...
ტყუილი მითხრა», _ მიამბობდა ქალი. პლასიდა ლინეროს ყველაზე მეტად ვერ
ეპატიებინა თავისთვის, ხეები და ჩიტები რომ აერია ერთმანეთში. ხეები ხომ კეთილი
ნიშანია, ჩიტები კი _ ავი. მას შემდეგ დასჩემდა იმ ხანებში გავრცელებული სახიფათო
ჩვევა _ კარდამონის თესლის ღეჭვა.

მკვლელობიდან თორმეტი დღის მერე გამომძიებელს ქალაქი კვლავ აფორიაქებული


დახვდა. ახალგაზრდა კაცი იჯდა მუნიციპალიტეტის ჭუჭყიან ხის შენობაში, ქვაბში
მოდუღებულ ყავას ხვრეპდა შაქრის ლერწმის რომთან ერთად და ცდილობდა
განეგდო სიცხიანი ბუღიდან ამოზიდული მოჩვენებები. იგი იძულებული გახდა
ჯარი გამოეძახა ხალხის ტალღის შესაჩერებლად: ვინ აღარ მოდიოდა ჩვენების
მისაცემად, ოღონდ კი დაემტკიცებინა თავისი მნიშვნელობა ამ ტრაგედიაში.
გამომძიებელს დიპლომი ახალი დაცული ჰქონდა და ჯერ კიდევ არ გაეხადა
იურიდიული ინსტიტუტის სტუდენტური შავი მაუდის პიჯაკი. სწავლის
დამთავრების ნიშნად თითზე ეკეთა ინსტიტუტისემბლემიანი ოქროს ბეჭედი, მთელი
მისი არსება მოეცვა სიამაყეს, სახეზე ეხატა ცხოვრებაში პირველი საქმიანი ნაბიჯით
გახარებული კაცის შთაგონება. და მაინც გამომძიებლის სახელი უცნობი დარჩა,
ხოლო მისი უნარი და შესაძლებლობა კარგად აღიბეჭდა მისივე შედგენილ ოქმებში,
რომლებიც მომხდარი დანაშაულიდან ოცი წლის მერე მომეხმარა უამრავი ხალხი
დამეკითხა რიოაჩის სასამართლოში. არქივში არეულობა სუფევდა. უამრავი «საქმე»
უწესრიგოდ ეყარა თითქმის საუკუნის წინ აშენებულ, კოლონიური ეპოქის
დროინდელ დაფახფახებულ შენობაში, სადაც ოდესღაც ფრენსის დრეიკის (დაახლ.
1545-1595 _ ინგლ. ზღვაოსანი და მეკობრე. რამდენიმეჯერ მიადგა ლათინური
ამერიკის ნაპირებს, ვაჭრობდა მონებით, თავს ესხმოდა ესპანურ ხომალდებსა და
სოფელ-ქალაქებს) შტაბი იდგა. ზღვის მოქცევისას ტალღები სარდაფებში აღწევდა და
დაგლეჯილი «საქმეებიც» თავისუფლად დაცურავდა უკაცრიელი დაწესებულების
ოთახებში. მე თვითონაც არაერთხელ მომიწია კოჭებამდე ვმდგარიყავ ამ დაკარგული
ამბების ტბორში და ბედს უნდა ვუმადლოდე, ხუთი წლის მერე რომ მოვახერხე
ხუთასგვერდიანი ტომიდან ხელში ჩამეგდო ზღვის მარილით გაჟღენთილი მხოლოდ
სამას ოცდაორი გვერდი მაინც.

გამომძიებლის გვარი არც ერთ გვერდზე არ იყო მოხსენიებული, მაგრამ აშკარად


ჩანდა, ეს გახლდათ ლიტერატურის ციებ-ცხელებით შეპყრობილი კაცი. ეტყობა,
წაკითხული ჰქონდა ესპანელი და ლათინური ამერიკის ერთი-ორი კლასიკოსის
ნაწარმოებები, კარგად იცოდა ნიცშე _ იურისტებში იმხანად მოდური ავტორი.
შენიშვნები მინდორზე, მართალია, წითელი მელნით მიეწერა, მაგრამ სისხლით
ნაწერი გეგონებოდა. გამომძიებელი ისე დაბნეული ჩანდა ბედით ნარგუნები ამ
საიდუმლოებით მოცული მკვლელობის გამო, რომ ხშირად მიმართავდა ლირიკულ
წიაღსვლებს, რაც სულ არ შეეფერებოდა იურისტის ერთობ მკაცრ ხელობას. მას
განსაკუთრებით აოცებდა, არ სჯეროდა, რომ ცხოვრებაში შეიძლება მოხდეს ამდენი
შემთხვევითობა, _ რაც ლიტერატურაში მიუღებელია, _ და მოხდეს იმისათვის, რომ
ხელი არავინ შეუშალოს ასე საქვეყნოდ წინასწარ გამოცხადებულ სიკვდილს.

და მაინც ყველაზე მეტად გამომძიებელს ის აშფოთებდა, რომ ქანცგამწყვეტი


გამოძიების დასასრულსაც კი არ ჰქონდა ხელთ სანტიაგო ნასარის მთავარი
დამნაშავეობის სულ პატარა დამამტკიცებელი საბუთიც კი. ანხელა ვიკარიოს
თანამოაზრე ქალები კარგა ხანს, წლების მანძილზე იგონებდნენ: მართალია, ანხელამ
ქორწინებამდე გაგვანდო თავისი საიდუმლო, მაგრამ სახელი არ უთქვამსო. ოქმშიც
ასე ჩააწერინეს: «მან გაგვიმხილა სასწაული და არა სასწაულის ჩამდენი». ანხელა
ვიკარიოც, თავის მხრივ, ამ აზრისა იყო. როდესაც გამომძიებელმა მისთვის
დამახასიათებელი მიდგომით ჰკითხა, ვინ იყო სანტიაგო ნასარიო, ანხელამ
გულგრილად უპასუხა:

_ ჩემი ავტორი.

ასეც ჩაეწერათ საქმეში ყოველგვარი ახსნა-განმარტების, ადგილისა და ვითარების


აღნიშვნის გარეშე. სასამართლო პროცესზე, რომელიც მხოლოდ სამ დღეს
მიმდინარეობდა, დაზარალებულთა მხარის ადვოკატს მრავალგზის აღუნიშნავს
საგანგებოდ, რა უსაბუთო და თანაც ბუნდოვანი იყო ქალის მიერ წამოყენებული ეს
ბრალდება. გამომძიებელი ისე დაბნეული ჩანდა სანტიაგო ნასარის დამნაშავეობის
სამხილის უქონლობის გამო, რომ მის მიერ ჩატარებული უზარმაზარი სამუშაო
ზოგჯერ არეულ-დარეული იყო სასოწარკვეთისაგან. ასე, მაგალითად: ოთხას
მეთექვსმეტე გვერდზე მეაფთიაქის წითელი მელნით შემდეგი შენიშვნა მიეწერა:
«მომეცით ცრურწმენა და მთელ ქვეყანას გადავაბრუნებ». ამ სასოწარკვეთილებით
აღსავსე პარაფრაზის ქვეშ იმავე სისხლისფერი მელნით ხალისიანად მიუხატავს
ისარგარჭობილი გული. მისთვის, ისევე როგორც სანტიაგო ნასარის ახლო
მეგობრებისთვის, ქალის უდანაშაულობის უცილობელ მტკიცებას წარმოადგენდა
მსხვერპლის უცნაური საქციელი სიცოცხლის ბოლო წუთებში.
მართლაც, თავისი სიკვდილის დილას, სანტიაგო ნასარმა თუმცა მშვენივრად იცოდა,
რაც ელოდა იმ დანაშაულისათვის, მას რომ მიაწერეს, მაინც არ სჯეროდა საფრთხისა.
მას უნდა სცოდნოდა, რა ფარისევლებიც ეხვია გარს და ისიც უწყოდა, რომ ბუნებით
მარტივი ტყუპი ძმა ვერ გადაყლაპავდა შეურაცხყოფას. ბაიარდო სან რომანს არავინ
იცნობდა კარგად, სამაგიეროდ სანტიაგო ნასარი ისე ახლოს იყო მასთან, რომ უნდა
სცოდნოდა: ბაიარდო სან რომანი თუმცა მაღალი წრის კაცი იყო, მაინც ისევე
ემორჩილებოდა ძველთაძველ შეხედულებებს, როგორც ყველა ადამიანი. ამრიგად,
სანტიაგო ნასარი თითქოს შეგნებულად მოიქცა დაუდევრად, რაც თვითმკვლელობას
ნიშნავდა. გარდა ამისა, როცა ბოლო წუთებში გაიგო, ძმები მოსაკლავად
მელოდებიანო, შიშით კი არ აფორიაქებულა, როგორც ბევრნი ამბობენ, არამედ
უდანაშაულო კაცის დაბნეულობას შეუპყრია.

პირადად ჩემი აზრით კი სანტიაგო ნასარი ისე მოკვდა, ვერ შეიგნო თავისი
სიკვდილი. ჩემს დას მარგოტს შეჰპირდა, თქვენთან მოვალ საუზმეზეო, მერე კრისტო
ბედოიამ მკლავში ხელი გამოსდო და გაუყვნენ მიწაყრილს. ორივენი ისე
დაუდევრები ჩანდნენ, ამაო იმედებს აღუძრავდნენ მათ შემხედვარე კაცს. «ისე
მხიარულად მიდიოდნენ, _ მითხრა მემე ლოაისამ, _ რომ, მადლობა ღმერთს, საქმე
ჩაკეთდა-მეთქი, გავიფიქრე». რა თქმა უნდა, ყველას ერთნაირად არ უყვარდა
სანტიაგო ნასარი. ელექტროსადგურის პატრონის პოლო კარილიოს აზრით, სანტიაგო
ნასარის სიმშვიდე მის უდანაშაულობას კი არა, ცინიზმს უფრო ნიშნავდა: «ეგონა,
ფული უშველიდა და ხელს არ ახლებდნენ», _ მითხრა კარილიომ და მისმა ცოლმაც
ფაუსტა ლოპესმაც მაშინვე დაუმატა: «ყველა თურქივით...» ტყუპებმა კლოტილდე
არმენტას მაღაზიაში ინდალესიო პარდოს უთხრეს, ეპისკოპოსი როგორც კი
წაბრძანდება, სანტიაგო ნასარი უნდა მოვკლათო. სხვებისა არ იყოს, ინდალესიომაც
იფიქრა, ძმები უძინარი არიან და ბოდავენო, მაგრამ კლოტილდე არმენტამ
დაუდასტურა, მართალს ამბობენ და სანამ დროა, გაიქეცი, სანტიაგო ნასარი იპოვე და
გააფრთხილეო.

_ ამაოდ გაირჯები, _ თქვა პედრო ვიკარიომ, _ ჩათვალე, რომ მკვდარია უკვე!

ამაზე აშკარა გამოწვევა რაღა უნდა იყოს! ძმებმა იცოდნენ, ინდალესიო პარდო და
სანტიაგო ნასარი მეგობრები იყვნენ და ეტყობა, იფიქრეს: ამ კაცს შეუძლია
დანაშაულსაც აგვაცდინოს და ამით სირცხვილიც ჩამოგვწმინდოსო, მაგრამ
ინდალესიო პარდომ სანტიაგო ნასარი და კრისტო ბედოია რომ დაინახა
ნავსადგურიდან მომავალ ხალხში, ვეღარ შეჰბედა გაფრთხილება. «მე უკვე
განელებული მქონდა შეშფოთება», _ მითხრა მან. ორივეს მხარზე მოუტყაპუნა ხელი
და ისინიც ისე იყვნენ ჩაფლული საქორწილო ხარჯების ანგარიშში, რომ არც
შეუმჩნევიათ ინდალესიო პარდო.

ხალხი ნელ-ნელა იფანტებოდა, მაგრამ მაინც საკმაოდ დიდი ტალღა მიემართებოდა


მოედნისკენ. ესკოლასტიკა სისნეროსი შემდეგ იგონებდა, ამ ტალღაში ის ორნი
თავისუფლად მიიწევდნენ წინ. მართლაც, ყველამ იცოდა, რომ სანტიაგო ნასარი
სასიკვდილოდ იყო განწირული და ვერვინ ბედავდა მათთან მიახლოებას. კრისტო
ბედოიაც იხსენებდა მერე, რაღაც უცნაურად შემოგვცქეროდნენ ყველანიო. «ისე
გვიყურებდნენ, თითქოს სახე დახატული გვქონდა», _ მითხრა მან. სარა ნორიეგამ ის
იყო ფეხსაცმლის მაღაზია გააღო, რომ მეგობრებმაც ჩაუარეს. ქალი შეაცბუნა სანტიაგო
ნასარის სიფერმკრთალემ.

_ აბა, რა იქნება, საყვარელო სარა, _ სანტიაგო ნასარი არც შეჩერებულა, _ წუხელ


მაგრად ვსვით.

სელესტე დანგონდი თავისი სახლის წინ იჯდა შინაურულად ჩაცმული და


დასცინოდა იმათ, ვინც ეპისკოპოსის შესახვედრად საგანგებოდ გამოწყობილიყო.
სანტიაგო ნასარი რომ დაინახა, მაშინვე ყავაზე მიიპატიჟა. «ვიფიქრე, იქნებ დრო
მოვიგოთ და რამე ვუშველო-მეთქი», _ მითხრა ქალმა. მაგრამ სანტიაგო ნასარმა
ყავაზე უარი უთხრა, მეჩქარება, ტანსაცმელი უნდა გამოვიცვალოო. ის ხომ ჩვენთან
მოდიოდა საუზმეზე. «დავიბენი, _ მითხრა სელესტე დანგონდმა, _ რატომღაც
ვიფიქრე, როგორ მოკლავენ, როცა კაცმა იცის, სულ ცოტა ხანში რა უნდა გააკეთოს-
მეთქი». მხოლოდ ჯამილ შაიუმი მოიქცა ისე, რაც პირველადვე მოუვიდა აზრად.
გაიგო თუ არა ეს ამბავი, მაშინვე დადგა თავისი ფართლეულის მაღაზიის კართან და
დაუწყო ლოდინი სანტიაგო ნასარს, როგორც კი გამოჩნდება, გავაფრთხილებო.
ჯამილ შაიუმი იბრაჰიმ ნასართან და სხვა არაბებთან ერთად ჩამოვიდა ამ მხარეში. ის
იყო იბრაჰიმ ნასარის პარტნიორი ბანქოს თამაშის დროს თითქმის სიკვდილამდე,
ხოლო სიკვდილის მერე მისი ოჯახის მეგობარი და მრჩეველი. არავის არ ჰქონდა
მასავით ბევრი სალაპარაკო სანტიაგო ნასართან. მაგრამ მან გადაიფიქრა, ვაითუ
ჭორია და ყმაწვილი კაცი ტყუილად შევაშფოთოო და გადაწყვიტა ჯერ კრისტო
ბედოიასთვის ეკითხა, იქნებ მან უკეთ იცის ყველაფერიო. ყმაწვილებმა რომ ჩაიარეს
და ის იყო მოედნის კუთხემდე მივიდნენ, ჯამილ შაიუმმა კრისტო ბედოიას დაუძახა,
იმანაც სანტიაგო ნასარს ზურგზე ხელი დაარტყა, შაბათამდეო, დაემშვიდობა და
ჯამილ შაიუმთან მივიდა.

სანტიაგო ნასარმა დამშვიდობებაზე არ უპასუხა მეგობარს, რადგან სწორედ იმ წუთში


რაღაც დაუძახა ჯამილ შაიუმს არაბულად, იმანაც სიცილით ასევე რაღაც თქვა
არაბულად. «სიტყვების თამაში იყო, ხშირად ვერთობოდით ასე», _ მითხრა შაიუმმა.
სანტიაგო ნასარი არ შეჩერებულა, გამომშვიდობების ნიშნად ორივეს დაუქნია ხელი
და მოედნის კუთხეს მიეფარა. კრისტო ბედოია და ჯამილ შაიუმი უკანასკნელად
ხედავდნენ მას.

როგორც კი ჯამილ შაიუმმა ყველაფერი უამბო, კრისტო ბედოია მაშინვე გავარდა


მაღაზიიდან, რათა მეგობარს დასწეოდა. მან დაინახა, სანტიაგო ნასარმა მოედნის
კუთხეში შეუხვია, მაგრამ იქ ხალხის ტალღაში თვალი ვეღარსად ჰკიდა. ყველას
ეკითხებოდა, ხომ არ გინახავთო, მაგრამ ყველანი ერთნაირად აძლევდნენ პასუხს,
სულ ახლახან შენთან ერთად არ იყოო?
კრისტო ბედოიას არ სჯეროდა, რომ სანტიაგო ნასარი ასე სწრაფად მივიდოდა
სახლში, მაგრამ მაინც გადაწყვიტა შესულიყო ნასარებთან და სანტიაგო მოეკითხა,
მით უმეტეს, რომ სადარბაზო კარი არ ჩაეკეტათ, ოდნავ გამოღებული დაეტოვებინათ.
შესვლისას ბნელში ვერ დაინახა იატაკზე დაგდებული წერილი, ცდილობდა ჩუმად
ევლო, რადგან ამ დილაუთენია სტუმრობა მეტისმეტად უხერხული მოეჩვენა.
სასტუმრო ოთახი გადაჭრა. სადღაც ძაღლები აწრიალდნენ, აყეფდნენ და გამოენთნენ
კიდეც, მაგრამ კრისტო ბედოიამ გასაღები გააჩხაკუნა, როგორც სანტიაგო ნასარმა
ასწავლა და ძაღლებიც მიყუჩდნენ. კრისტო ბედოია სამზარეულოსკენ წავიდა.
დერეფანში მოახლე გოგოს დივინა ფლორს გადააწყდა, წყალსა და იატაკის ტილოს
მოათრევდა სასტუმრო ოთახის მოსარეცხად. დაიფიცა, სანტიაგო ნასარი არ
დაბრუნებულაო. კრისტო ბედოია სამზარეულოში რომ შევიდა, ვიქტორია გუსმანმა
ის იყო კურდღელი შემოდგა ცეცხლზე შესაწვავად. სტუმრის დანახვისთანავე მიხვდა
ყველაფერს. «სულს ძლივს ითქვამდა», _ მითხრა ქალმა. კრისტო ბედოიამ ჰკითხა,
სანტიაგო ნასარი შინ თუ არისო, იმანაც ყალბი გულითადობით უპასუხა, ჯერ არ
მოსულა დასაძინებლადო.

_ იცოდე, სახუმარო საქმეზე არ მოვსულვარ, _ უთხრა კრისტო ბედოიამ, _


მოსაკლავად ეძებენ.

ვიქტორია გუსმანს დაავიწყდა გულითადობა.

_ ის საწყალი ბიჭები არავის მოკლავენ.

_ შაბათს მერე სვამენ, _ თქვა კრისტო ბედოიამ.

_ მით უმეტეს, _ უპასუხა ქალმა, _ როდის იყო მთვრალი კაცი საკუთარ განავალს
ჭამდა.

კრისტო ბედოია სასტუმრო ოთახში დაბრუნდა, დივინა ფლორი ის იყო ფანჯრებს


აღებდა. «ჰო, მართლა, არ წვიმდა, _ მითხრა კრისტო ბედოიამ, _ დილის შვიდი საათი
სრულდებოდა და ფანჯრებში მზე ოქროსფრად ბრწყინავდა». კვლავ ჰკითხა მოახლე
გოგოს, ნამდვილად იცი, რომ შინ არ არისო, იქნებ სასტუმრო ოთახიდან შემოვიდაო?
ამჯერად გოგომ ყოყმანით აიჩეჩა მხრები. პლასიდა ლინერო სადღა არისო, ჰკითხა
სტუმარმა. გოგომ უპასუხა, ეს წუთია ყავა მივუტანე საწოლში, მაგრამ არ გავაღვიძეო.
წესისამებრ, პლასიდა ლინერო დილის შვიდ საათზე იღვიძებდა, სვამდა ყავას და
შემდეგ ჩადიოდა ქვემოთ სადილის გასარიგებლად. კრისტო ბედოიამ საათს დახედა.
შვიდს ოთხი წუთი აკლდა. მაშინ ავიდა მეორე სართულზე, რათა საკუთრივ
დარწმუნებულიყო სანტიაგო ნასარის შინ არყოფნაში.

საძინებელი ოთახის კარი შიგნიდან ჩაკეტილი დახვდა. სანტიაგო ნასარი ხომ დედის
ოთახიდან გავიდა! კრისტო ბედოიამ არა მარტო ზეპირად იცოდა ეს სახლი, არამედ ამ
ოჯახის დიდად სანდო და ახლობელი კაცი იყო; ამიტომ შეაღო პლასიდა ლინეროს
საძინებელი ოთახის კარი, რათა იქიდან გასულიყო გვერდით ოთახში. ზემო, პატარა
სარკმლიდან შემოპარული მტვრიანი მზის სხივი დაჰნათოდა ჰამაკს, სადაც მშვენიერ
ქალს ეძინა. პატარძლის ხელზე ლოყა დაენდო და რაღაც არაამქვეყნიურს ჰგავდა.
«მოლანდებასავით იყო», _ მითხრა კრისტო ბედოიამ. წუთით მონუსხა მისმა
სილამაზემ, მერე კი ფეხის ცერებზე გავიდა საძინებლიდან, გაიარა სააბაზანო და
სანტიაგო ნასარის ოთახში შევიდა. საწოლი ხელუხლებელი იყო. სავარძელზე
მხედრის სამოსი ეკიდა დაუთოებული. ზემოდან მხედრისავე ქუდი დაედოთ.
იატაკზე ეწყო დეზებიანი, მაღალყელიანი ჩექმები. საწოლთან ტუმბაზე სანტიაგო
ნასარის საათი იდო. შვიდს ორი წუთი აკლდა. «უცბად გამიელვა, იქნებ მოვიდა,
იარაღი აიღო და ისევ წავიდა-მეთქი», _ მითხრა კრისტო ბედოიამ. მაგრამ «მაგნუმი»
ტუმბას უჯრაში ნახა. «ხელში არასოდეს მჭერია, _ მიამბობდა კრისტო ბედოია, _
მაგრამ ამჯერად გადავწყვიტე, უჯრიდან ამომეღო და სანტიაგო ნასარისთვის
მიმეტანა». გადმოშვებული ხალათის ქვეშ ქამარში ჩაიდო იარაღი და მხოლოდ
მერეღა, _ როცა უკვე მოხდა საშინელი დანაშაული, _ მხოლოდ მერეღა ნახა, რომ
პისტოლეტი დატენილი არ იყო. უჯრას რომ ხურავდა, სწორედ იმწამს გამოჩნდა
პლასიდა ლინერო ყავის ფინჯნით ხელში.

_ ღმერთო ჩემო! _ შეჰყვირა მან, _ როგორ შემაშინე!

კრისტო ბედოიასაც შეეშინდა. ქალი იდგა მზის შუქში გახვეული. ოქროსფერი


ტოროლებით მოსირმული ხალათი ეცვა, თმა აჩეჩოდა და ხიბლიც გაჰქრობოდა. ვაჟი
დაიბნა, სანტიაგო ნასარს ვეძებდიო.

_ ეპისკოპოსის შესახვედრად წავიდა, _ თქვა პლასიდა ლინერომ.

_ ეპისკოპოსმა ჩაგვიარა, _ თქვა კრისტო ბედოიამ.

_ ასეც ვიცოდი, _ თქვა პლასიდა ლინერომ, _ ძაღლიშვილი!

ქალმა აღარაფერი თქვა, რადგან მერეღა შეამჩნია, კრისტო ბედოია რაღაც


უხერხულად იდგა. «ღმერთო, მაპატიე და ისე დაბნეული ჩანდა, ერთი წამით
ვიფიქრე, საქურდლად ხომ არ მოვიდა-მეთქი», _ მითხრა პლასიდა ლინერომ. ჰკითხა,
რა მოგივიდაო. კრისტო ბედოია მიხვდა, რა უხერხულობაშიც ჩავარდა, მაგრამ
გამბედაობა არ ეყო, ქალისთვის სიმართლე ეთქვა.

_ უძინარი ვარ, _ თქვა მაინც.

კრისტო ბედოია ისე გავიდა ოთახიდან, მეტი აღარაფერი უთქვამს. «ყოველთვის


ეჩვენებოდა, გაქურდვას მიპირებენო», _ მითხრა კრისტო ბედოიამ. მოედანზე იგი
მღვდელ ამადორს შეხვდა, ეკლესიაში ბრუნდებოდა ჩაუტარებელი წირვისათვის
ამაოდ მოკაზმული; მაგრამ აბა რა შეეძლო მღვდელს გაეკეთებინა სანტიაგო ნასარის
გადასარჩენად? _ მხოლოდ ლოცვა და ისიც მხოლოდ სულის გადასარჩენად. კრისტო
ბედოია ნავსადგურისკენ გაიქცა. იქ უთხრეს, კლოტილდე არმენტა გიხმობს თავის
მაღაზიაშიო. ახლა იქით გაქანდა. მაღაზიის კარში პედრო ვიკარიო იდგა
ფერმკრთალი, თმააჩეჩილი, ხალათგადახსნილი და მკლავებდაკაპიწებული. ხელში
დანა ეჭირა. გამომწვევად იდგა, ჩანდა, საგანგებოდ იქცეოდა ასე, მაგრამ ყოყმანი
მაინც ეტყობოდა და ამ ყოყმანის გამო შეიძლებოდა ბოლო წუთებში დანაშაული არ
მომხდარიყო.

_ კრისტობალ! _ დაუძახა პედრო ვიკარიომ, _ გადაეცი სანტიაგო ნასარს, რომ აქ


ველოდებით მოსაკლავად!

კრისტო ბედოია დიდ სამსახურს გაუწევდა ძმებს, ხელი რომ შეეშალა მათთვის
განზრახვის ასრულებაში. «სროლა რომ მცოდნოდა, სანტიაგო ნასარი ახლა ცოცხალი
იქნებოდა», _ მითხრა მან. მაგრამ გასროლაზე ფიქრიც კი ზარავდა, იმდენი რამ
გაეგონა ტყვიის გამანადგურებელ ძალაზე.

_ გაფრთხილებთ, «მაგნუმი» თან აქვს, ის კი, ხომ იცით, რკინას ხვრეტს! _ შეუძახა
ძმებს.

პედრო ვიკარიომ იცოდა, ეს ტყუილი იყო. «იარაღს თან არასოდეს ატარებდა,


მხოლოდ მაშინ ჰქონდა, როცა საცხენოსნოდ იყო ჩაცმული», _ მითხრა მან. მაგრამ დის
შერცხვენილი სახელის გადარჩენა რომ გადაწყვიტა, ისიც გაითვალისწინა, შესაძლოა
სანტიაგო ნასარი მართლაც შეიარაღებული იყოსო.

_ მკვდრები არ ისვრიან! _ დაიძახა მან.

ამ დროს პაბლო ვიკარიოც გამოჩნდა კარში, ძმასავით ფერმკრთალი და საგარეოდ


გამოწყობილი. გაზეთში გახვეული დანა ჩაებღუჯა ხელში. «ის შემთხვევა რომ არა,
ვერასოდეს გავიგებდი, ტყუპებიდან რომელი რომელია», _ მითხრა კრისტო ბედოიამ.
პაბლო ვიკარიოს უკან კლოტილდე არმენტა გამოჩნდა, კრისტო ბედოიას შეუძახა:
აჩქარდი, ქალაჩუნა კაცებით სავსე ქალაქში მხოლოდ შენისთანა ვაჟკაცს შეუძლია
ტრაგედია ჩაშალოსო.

ყველაფერი, რაც მერე მოხდა, მთელი ქვეყნის თვალწინ მოხდა. ნავსადგურიდან


მომავალი შეძახილებით შეშფოთებული ხალხი ყოველნაირად ცდილობდა მოედანზე
დაეკავებინა მოხერხებული ადგილი, რათა თვალი ედევნებინა საშინელი
სურათისათვის. კრისტო ბედოიამ ერთ-ორ ნაცნობს ჰკითხა, სანტიაგო ნასარი ხომ არ
გინახავთო, მაგრამ ამაოდ. რჩეული საზოგადოების კლუბთან პოლკოვნიკ ლასარო
აპონტეს შეხვდა და უამბო, რისი მოწმეც გახდა კლოტილდე არმენტას მაღაზიაში.

_ შეუძლებელია, _ თქვა პოლკოვნიკმა, _ მე ხომ ისინი გამოსაძინებლად გავუშვი.

_ ეს წუთია ვნახე. ღორის საკლავი დანები უჭირავთ, _ თქვა კრისტო ბედოიამ.

_ შეუძლებელია, ვიდრე გამოსაძინებლად გავუშვებდი, დანები წავართვი, _ თქვა


ალკალდმა, _ ალბათ მანამდე ნახე...

_ ორი წუთის წინ ვნახე, ორივეს დანები აქვს, _ უთხრა კრისტო ბედოიამ.
_ წყეულები! _ შეჰყვირა ალკალდმა, _ ნამდვილად სხვა დანები აუღიათ.

კრისტო ბედოიას დაჰპირდა, ახლავე მოვუვლი მაგ საქმესო, მაგრამ დაბრუნდა


კლუბში, რათა საღამოსთვის დომინოს პარტია დაებევებინა, ხოლო როცა გამოვიდა,
დანაშული უკვე ჩადენილი იყო. კრისტო ბედოიამ ერთადერთი, საბედისწერო
შეცდომა დაუშვა: რატომღაც ეგონა, სანტიაგო ნასარმა ბოლო წუთს გადაიფიქრა
ტანსაცმლის გამოცვლა და პირდაპირ მივიდა ჩვენთან საუზმეზე. იგი თითქმის
გარბოდა სანაპიროზე და ყოველ შემხვედრს ეკითხებოდა, სანტიაგო ნასარი ხომ არ
გინახავთო, მაგრამ წესიერ პასუხს არავინ იძლეოდა. ამას არ შეუშფოთებია კრისტო
ბედოია, _ ჩვენი სახლისკენ სხვა გზაც მიდიოდა და იქ იკითხავდა თავისი მეგობრის
ამბავს, _ მაგრამ გზაზე მათხოვარ ქალს, პროსპერა არანგოს გადაეყარა. მათხოვარი
შეევედრა, მომეხმარე, მამაჩემი კვდება, არ უშველა ეპისკოპოსის ნაჩქარევმა
კურთხევამო. «მეც ვნახე ის მოხუცი თავის ეზოში, _ მითხრა ჩემმა დამ მარგოტმა, _
მიცვალებულს ჰგავდა უკვე». კრისტო ბედოია ზუსტად ოთხი წუთი შეყოვნდა იქ.
პროსპერა არანგოს მიეშველა, დავრდომილი მოხუცი საწოლამდე მიაყვანინა. როცა
იქიდან გამოვიდა, რაღაც ხმები შემოესმა, თითქოს მოედნის მხარეს პეტარდები
ააფეთქეს. გაიქცა, მაგრამ პისტოლეტი უშლიდა ხელს. ბოლო მოსახვევში რომ
შეუხვია, უცებ დედაჩემი დაინახა, ჩემს უმცროს ძმას მიარბენინებდა.

_ ლუისა სანტიაგა! _ დაუძახა დედაჩემს, _ შენი ნათლული სად არის?

დედაჩემმა ძლივს მოაბრუნა თავი. სახეზე ღაპაღუპით სდიოდა ცრემლი.

_ ვიამე, შვილო, _ მიატირა დედაჩემმა, _ ამბობენ, მოკლესო.

ასეც იყო. ვიდრე კრისტო ბედოია ეძებდა, სანტიაგო ნასარს შეუვლია თავისი
საცოლის ფლორა მიგელის სახლში, რომელიც ქუჩის იმ კუთხეში იდგა, სადაც
უკანასკნელად დაინახა კრისტო ბედოიამ მეგობარი. «სულ არ მიფიქრია, რომ
შეიძლებოდა იქ ყოფილიყო, _ მითხრა კრისტო ბედოიამ, _ ამ ოჯახში ხომ თითქმის
შუადღემდე ეძინა ყველას». მთელმა ქალაქმა იცოდა, რომ თემის ბრძენი მოთავის,
ნაირ მიგელის განკარგულებით მთელ მის ოჯახს შუადღემდე ეძინა. «სწორედ
ამიტომაც იყო, ფლორა მიგელი ორმაგად რომ მოგეხარშათ, მაინც ვარდივით
ღვიოდა», _ ამბობდა მერსედესი. სინამდვილეში, ისევე როგორც თემის სხვა
ოჯახებში, ამ ოჯახშიც დილაადრიან იღვიძებდნენ, შრომობდნენ, მაგრამ კარი კი
შუადღემდე ჰქონდათ ჩაკეტილი. ფლორა მიგელისა და სანტიაგო ნასარის მშობლები
კარგა ხნის წინ შეთანხმდნენ, დამოყვრებულიყვნენ. სანტიაგო ნასარი ბავშვობაში
დანიშნეს და ახლა უკვე მზად იყო თავისი მოვალეობა შეესრულებინა შესაძლოა
იმიტომაც, რომ ქორწინებაზე მამამისივით უტილიტარული შეხედულება ჰქონდა.
ფლორა მიგელი მართალია ყვავილივით იყო გადაფურჩქნილი, მაგრამ მოხდენილობა
და ხიბლი აკლდა და თანატოლების ქორწილებზე მუდამ მეჯვარედ იჯდა. ასე რომ, ეს
ნიშნობა მისთვის ერთგვარი გამოსავალი, ზეგარდმოვლენილი ბედისწერა იყო.
საქმრო ბევრს არაფერს განიცდიდა, არც ოფიციალური მიპატიჟება სჭირდებოდა და
არც გული უთრთოდა. ქორწილი რამდენიმეჯერ გადადეს, ბოლოს და ბოლოს კი,
როგორც იქნა, დათქვეს: ქორწილს გადაიხდიდნენ საშობაოდ.

იმ ორშაბათ დღეს ფლორა მიგელი ეპისკოპოსის გემის საყვირის პირველივე გუგუნზე


ადგა და სულ მალე ამბავიც მოუტანეს, ტყუპი ძმები ვიკარიოები სანტიაგო ნასარს
მოსაკლავად ელოდებიანო. ჩემი მონაზონი და ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც
ფლორა მიგელს დაელაპარაკა ამ უბედურების შემდეგ. არ მახსოვს, ეს ამბავი ვინ
მომიტანაო, უთქვამს ჩემი დისთვის. «მხოლოდ ის მახსოვს, რომ დილის ექვს საათზე
უკვე მთელმა ოჯახმა ვიცოდით ეს ამბავი». ფლორას არაფრით არ სჯეროდა, რომ
სანტიაგო ნასარს მოკლავდნენ, მაგრამ სამაგიეროდ ეჭვი არ ეპარებოდა: შერცხვენილი
სახელის აღსადგენად ანხელა ვიკარიოს ძალით მიათხოვებდნენ. ქალს თავი
დამცირებულად მიაჩნდა, ლამის ჭკუიდან შეშლილიყო, გაავებული ტიროდა თავის
ოთახში და თან სანტიაგო ნასარის სკოლიდან გამოგზავნილ წერილებს ყრიდა ყუთში,
ამასობაში კი თითქმის მთელი ქალაქი ელოდებოდა ეპისკოპოსს.

ფლორა მიგელის სახლთან გავლისას სანტიაგო ნასარს სჩვეოდა, თუნდაც არავინ


ყოფილიყო შინ, გასაღებს გაუსვამდა ხოლმე ფანჯრებზე აკრულ რკინის ცხაურს.
ფლორა მიგელი იმ დღესაც ელოდა თავის საქმროს მუხლებზე დადებული
წერილებიანი ყუთით. სანტიაგო ნასარი ქუჩიდან ვერ ხედავდა ქალიშვილს,
სამაგიეროდ ფლორა მიგელმა დაინახა ვაჟი ფანჯარასთან და ვიდრე ის გასაღებს
გაუსვამდა ცხაურს, მანამდე გაიგონა მათი ჩხაკუნი.

_ შემოდი, _ უთხრა ვაჟს.

არავინ, ექიმიც კი არ შესულა ამ სახლში ასე დილაუთენია: შვიდს აკლდა თხუთმეტი


წუთი. სანტიაგო ნასარი სულ ახლახან დაშორდა კრისტო ბედოიას ჯამილ შაიუმის
მაღაზიასთან, თანაც მოედანზე იმდენი ხალხი ელოდა მას, რომ, საკვირველია, ნუთუ
ვერავინ დაინახა, როგორ შევიდა იგი საცოლის სახლში. ჩემი არ იყოს, გამომძიებელიც
ჯიუტად ეძებდა თუნდაც ერთ მოწმეს, მაგრამ ამაოდ: არავის დაუნახავს, როგორ
შევიდა სანტიაგო ნასარი ფლორა მიგელის სახლში. სამას ოთხმოცდამეორე გვერდის
მინდორზე წითელი მელნით იყო მინაწერი: «ბედისწერა უხილავს გვხდის». სანტიაგო
ნასარი საცოლის სახლში სადარბაზო კარიდან შევიდა ყველას თვალწინ და ყველას
დასანახად. მას ხომ სულაც არ უცდია ჩუმად შეპარულიყო იქ? ფლორა მიგელს
თავისი ცნობილი, შანდლებმოხატული საგარეო კაბა ეცვა, შეურაცხყოფისაგან
მთლად გამწვანებული დახვდა ვაჟს სასტუმრო ოთახში და წერილებიანი ყური ზედ
მიაგდო:

_ აჰა, წაიღე! ნეტავი მოგკლავდნენ!


სანტიაგო ნასარი ისე დაიბნა, რომ ყუთი ხელიდან გაუვარდა და უსიყვარულო
წერილებიც იატაკზე მიმოიფანტა. მერე საცოლეს გაეკიდა, მაგრამ ქალიშვილმა
მოასწრო და თავის საწოლ ოთახში შეიკეტა. ვაჟმა ერთი-ორჯერ დაუკაკუნა კარზე,
მერე კი ამ დილაუთენია ისეთი ყვირილი მორთო, რომ თითქმის მთელი ჯალაბობა
შემოვარდა ოთახში. თოთხმეტზე მეტი სული იყო ოჯახში: ახლობელი თუ
შორებელი, დიდი თუ პატარა. სულ ბოლოს ოჯახის უფროსი ჟღალწვერა ნაირ
მიგელი შემოვიდა, ტანზე შორეული სამშობლოდან წამოღებული მოსასხამი ემოსა. მე
იგი ბევრჯერ მინახავს, ტანად მოსული და მეტად სახიერი კაცი იყო, მაგრამ მაინც
ყველაზე მეტად მაოცებდა მისი, როგორც პიროვნების, ძალა.

_ ფლორა, კარი გამიღე! _ თავის ენაზე უთხრა შვილს.

იგი ქალიშვილის ოთახში შევიდა, ამ დროს კი დანარჩენები თითქმის თვალებით


ჭამდნენ სანტიაგო ნასარს, რომელიც იატაკიდან წერილებს კრეფდა და ყუთში ყრიდა.
«თითქოს რაღაცას ინანიებდა», _ მითხრეს მერე. რამდენიმე წუთში ნაირ მიგელი
ქალიშვილის ოთახიდან გამოვიდა, იქ მყოფთ ხელით რაღაც ანიშნა და ისინიც
უმალვე გაილალნენ სასტუმრო ოთახიდან.

ოჯახის მამა თავის სასიძოს არაბულად დაელაპარაკა. «პირველივე წუთიდან


მივხვდი, ვერაფრით გაეგო, რაზე ველაპარაკებოდი», _ მითხრა ნაირ მიგელმა.
სასიმამრომ ჰკითხა სანტიაგო ნასარს, ძმები ვიკარიოები რომ მოსაკლავად
გელოდებიან, თუ იციო. «სახეზე ფერი წაუვიდა და ისე აღელდა, ვერ დავიჯერებ, რომ
იგონებდა», _ მითხრა ნაირ მიგელმა. სანტიაგო ნასარს შიში კი არა, დაბნეულობა
უფრო ეტყობოდა, ასე აღნიშნა მანაც.

_ შენ უკეთ იცი, ძმები მართალნი არიან თუ მტყუანები, _ უთხრა სასიძოს, _ მაგრამ,
ასეა თუ ისე, ორი გზა გაქვს: ან აქ დაიცდი, სადაც შენი სახლია, ანდა ჩემს შაშხანას
აიღებ და ისე გახვალ.

_ არაფერი მესმის, _ თქვა სანტიაგო ნასარმა.

მხოლოდ ამის თქმა შეძლო, ისიც _ ესპანურად. «გაწუწულ ბარტყს ჰგავდა», _ მითხრა
ნაირ მიგელმა. სანტიაგო ნასარს ყუთი ხელში ჩაებღუჯა და ვერაფრით მოეხერხებინა
კარის გაღება. ნაირ მიგელმა გამოართვა ყუთი.

_ ორნი იქნებიან ერთის წინააღმდეგ, _ უთხრა ვაჟს.

სანტიაგო ნასარი წავიდა. ხალხი უკვე ისე განაწილდა მოედანზე, როგორც პარადების
დროს იცოდნენ ხოლმე. ყველამ დაინახა, სანტიაგო ნასარი მიგელების სახლიდან რომ
გამოვიდა, იმასაც მიხვდნენ, უკვე იცოდა, რომ უნდა მოეკლათ. ამბობენ, ვიღაცამ
დაუძახა აივნიდან: «მაქეთ ნუ მიდიხარ, თურქო, ძველი ნავსადგურიდან მოუარე!»
სანტიაგო ნასარმა მიიხედ-მოიხედა, საიდან დამიძახესო. ჯამილ შაიუმმაც უყვირა,
ჩემს მაღაზიაში დაიმალეო, თვითონ კი გაიქცა მონადირის თოფის მოსატანად, მაგრამ
ვერაფრით ვერ გაიხსენა, ვაზნები სად გადამალა. სანტიაგო ნასარს ყოველი მხრიდან
რაღაცას ეძახდნენ, ისიც აქეთ-იქით აწყდებოდა ამ ხმებით დაყრუებული და
გაბრუებული. ბოლოს თავისი სახლისკენ წავიდა, რათა სამზარეულოდან შესულიყო,
მაგრამ უცებ გაახსენდა, რომ სადარბაზოს კარი ღია იყო.

_ მოდის, _ თქვა პედრო ვიკარიომ.

ორივემ ერთდროულად დაინახა სანტიაგო ნასარი. პაბლო ვიკარიომ პიჯაკი გაიხადა,


სკამზე დადო და თავისი იატაგანი გახსნა. მაღაზიიდან გასვლამდე ტყუპებმა
შეუთანხმებლად, თავ-თავისთვის, გადაიწერეს პირჯვარი. კლოტილდე არმენტამ
პედრო ვიკარიოს ხალათში ჩაავლო ხელი და სანტიაგო ნასარს დაუყვირა, ჩქარა
გაიქეცი, მოგკლავენო. ქალის გამყინავმა ხმამ ყველა სხვა ხმა გადაფარა. «პირველად
შეეშინდა, _ მითხრა კლოტილდე არმენტამ, _ არ იცოდა, ვინ უყვიროდა და საიდან
უყვიროდა». სანტიაგო ნასარმა დაინახა, პედრო ვიკარიომ ერთი დარტყმით ძირს
დასცა ქალი. მერე სახლიდან ორმოცდაათიოდე მეტრზე მეორე ძმასაც მოჰკრა თვალი
და სადარბაზო კარისაკენ გაიქცა.

ხუთი წუთით ადრე სამზარეულოში ვიქტორია გუსმანმა პლასიდა ლინეროს უამბო


ის, რაც უკვე ყველამ იცოდა. პლასიდა ლინერო მაგარი ქალი იყო, არაფრით
გამოუხატავს აღელვება. მოახლეს ჰკითხა, ეს ამბავი ჩემი შვილისთვის ხომ არ
გითქვამსო. მოახლემ იცრუა, სანტიაგო ნასარი ყავის დასალევად რომ ჩამოვიდა
სამზარეულოში, მე ჯერ არაფერი ვიცოდიო. დივინა ფლორი კვლავ იატაკს რეცხავდა
სასტუმრო ოთახში და თქვა, დავინახე, სანტიაგო ნასარი მოედნის მხრიდან მოვიდა
და თავის ოთახში ავიდა დახვეული კიბითო. «წამიერ მოჩვენებას ჰგავდა, _
მიამბობდა მერე დივინა ფლორი, _ თეთრებში იყო გამოწყობილი, ხელში რაღაც
ეჭირა, ვერ დავინახე, რა ეჭირა, მომეჩვენა, ვარდების თაიგული იყო». ამიტომაც,
როდესაც პლასიდა ლინერომ ჰკითხა, ჩემი შვილი თუ დაინახეო, დივინა ფლორმა
დაამშვიდა ქალბატონი:

_ წუთის წინ თავის ოთახში ავიდა.

პლასიდა ლინერომ იატაკზე წერილი დაინახა, მაგრამ არც უფიქრია, აეღო. წერილი
მხოლოდ მაშინ წაიკითხა, როცა უბედურება უკვე მოხდა და იმ საერთო არეულობაში
ვიღაცამ მიაწოდა. ქალმა კარიდან მოჰკრა თვალი _ ტყუპები მისი სახლისკენ
მორბოდნენ გაშიშვლებული დანებით ხელში. იმ ადგილიდან, სადაც ქალი იდგა,
მხოლოდ ძმები ჩანდნენ, სანტიაგო ნასარს კი, რომელიც მოედნის მეორე მხრიდან
მორბოდა სახლისკენ, დედა ვერ ხედავდა. «მე მეგონა, ტყუპებს სახლში შემოჭრა
ჰქონდათ განზრახული, რათა პირდაპირ თავის ოთახში მოეკლათ», _ მითხრა
პლასიდა ლინერომ. კართან მიირბინა და ის იყო ჩარაზა, რომ შვილის ყვირილი და
კარზე საშინელი ბრახუნი მოესმა. მაგრამ ქალს შვილი მაღლა, თავის ოთახში
ეგულებოდა და იფიქრა, ალბათ აივანზე გამოვიდა და იქიდან ლანძღავს ძმებსო.
სანტიაგო ნასარს სულ რაღაც ორი წამი სჭირდებოდა, სახლში რომ შევარდნილიყო,
მაგრამ უცბად კარი შიგნიდან ჩაკეტეს. ერთი-ორჯერ მოასწრო კარზე დაბრახუნება,
მერე შემობრუნდა და პირისპირ შეეფეთა მომხდურებს. «ასე ახლოს რომ შევეჩეხე,
შემეშინდა, _ მითხრა პაბლო ვიკარიომ, _ ორჯერ უფრო მაღალი მომეჩვენა, ვიდრე
საერთოდ იყო». სანტიაგო ნასარმა ხელი აღმართა, რათა პედრო ვიკარიოს პირველი
დარტყმა აეცდინა. პედრო ვიკარიო მას მარჯვენა მხრიდან დაესხა თავს წინ
გამოწვდილი დანით ხელში.

_ ბოზის შვილებო! _ დაიყვირა სანტიაგო ნასარმა.

დანამ მარჯვენა ხელისგული გადაუსერა და ღრმად ჩაერჭო ფერდში. ყველამ გაიგონა


ტკივილით სავსე ძახილი:

_ ვაი, დედაა!

პედრო ვიკარიომ მეყასბის გაწაფული რკინის ხელით გამოაძრო დანა ფერდიდან და


თითქმის იმავე ადგილას ჩასცა მეორედ. «მიკვირდა, _ უთხრა პედრო ვიკარიომ
გამომძიებელს, _ დანას სისხლი რომ არ ედებოდა. სამჯერ დარტყმის მერე სანტიაგო
ნასარმა ხელები მუცელზე შემოიჭდო, დაჭრილ ხბოსავით ბღაოდა, ცდილობდა,
ზურგი შეექცია ძმებისათვის. პაბლო ვიკარიო თავისი მოღუნული დანით ხელში
მარცხენა მხარეს იდგა და მაშინვე ჩასცა ზურგში. სისხლმა იფეთქა და მთლად
შეუღება კვართი. «სისხლსაც მისი სუნი ასდიოდა», _ მითხრა პაბლო ვიკარიომ.
სამჯერ სასიკვდილოდ დაჭრილი სანტიაგო ნასარი კვლავ ძმებისკენ შემობრუნდა და
დედამისის კარს ზურგით მიეყრდნო. წინააღმდეგობას აღარ უწევდა, პირიქით,
თითქოს თვითონვე გადაწყვიტა, დახმარებოდა ძმებს _ თანაბრად გაეყოთ მისი
სიკვდილი. «აღარ ყვიროდა, _ უთხრა პედრო ვიკარიომ გამომძიებელს, _ ის კი არადა,
მომეჩვენა, იცინოდა». ორივენი რიგრიგობით და სწრაფად ურტყამდნენ დანას კართან
მიმწყვდეულ მსხვერპლს. ძმებს შიშმა გადაუარათ და ახლა გამთიშავი თავდავიწყება
დაუფლებოდათ, აღარ ესმოდათ მათი დანაშაულით შეძრული ქვეყნიერების ძახილი.
«ასე მეგონა, ცხენს მივაჭენებდი», _ განაცხადა პაბლო ვიკარიომ. მაგრამ ორივენი
უცბად გამოფხიზლდნენ: ღონეწართმეულებს მოეჩვენათ, სანტიაგო ნასარი არასოდეს
დავარდებოდა მიწაზე. «ნამდვილი ნეხვობაა, ძმაო, _ მითხრა პაბლო ვიკარიომ, _ შენ
არ იცი, რა ძნელია კაცის მოკვლა». საბოლოოდ რომ დაესვათ წერტილი სანტიაგო
ნასარის სიცოცხლისათვის, პედრო ვიკარიომ გული ამოიღო მიზანში და დანა
დაუტრიალა იღლიის ქვეშ, სადაც ღორებს აქვთ გული. სანტიაგო ნასარი კვლავ იდგა,
რადგან ძმებს დანების დარტყმით ჰყავდათ კარზე აკრული. სასოწარკვეთილმა პაბლო
ვიკარიომ საშინელი ძალით ჩასცა დანა მუცელში და ნაწლავებიც ხმამაღალი
ბუყბუყით გადმოიყარა. პედრო ვიკარიოსაც უნდოდა მუცელში ჩაეცა დანა, მაგრამ ამ
საშინელების ხილვაზე ხელი აუკანკალდა და მხოლოდ თეძოზე გაუსვ-გამოუსვა
დანა. სანტიაგო ნასარი კიდევ რაღაც ერთ წამს იდგა კარს აკრული, მერე მზის შუქზე
საკუთარი შიგნეულობა დაინახა _ სუფთა და ცისფერი _ და მუხლებზე დავარდა.
პლასიდა ლინერო ოთახებში დარბოდა და ხმამაღლა ეძახდა შვილს. ვიღაცის ხმა
მოესმა, მაგრამ ეს ხმა მისი შვილისას არ ჰგავდა. სწრაფად მიირბინა მოედნისკენ
გაჭრილ ფანჯარასთან და დაინახა, ძმები ვიკარიოები ეკლესიისკენ მირბოდნენ, უკან
მისდევდათ ჯამილ შაიუმი იაგუარებზე სანადირო თოფით ხელში და სხვა
შეუიარაღებელი არაბები. ქალმა იფიქრა, საფრთხე აღარ გველისო, საძინებელი
ოთახის აივანზე გავიდა და... სადარბაზოს კართან დაინახა შვილი: იგი პირქვე ეგდო
მტვერსა და სისხლის გუბეში და წამოდგომას ლამობდა. წამოდგა, წელში მოხრილმა
და გადმოყრილ შიგნეულზე ხელმიჭერილმა თითქმის ასი მეტრი გაიარა. უნდოდა
სახლისათვის შემოევლო და სამზარეულოდან მაინც შესულიყო. იმდენი აზრი
ჰქონდა, იცოდა, თუ ქუჩაში გავიდოდა, გზას გაიგრძელებდა, ამიტომ სახლისთვის
რომ შემოევლო, მეზობლის სახლი უნდა გაეარა. პონჩო ლანაო, მისი ცოლი და ხუთი
შვილი აზრზეც არ იყვნენ, რა ხდებოდა მათი ჭიშკრიდან ოციოდ ნაბიჯზე. «ყვირილი
კი შემოგვესმა, _ მითხრა მისმა ცოლმა, _ მაგრამ ვიფიქრეთ, ეპისკოპოსის ჩამოსვლას
ზეიმობდნენ». ის იყო მთელი ოჯახი საუზმეს შემოუსხდა, რომ დაინახეს: სისხლში
მოთხვრილ სანტიაგო ნასარს საკუთარი ნაწლავები აკიდოსავით ეჭირა ხელში. პონჩო
ლანაომ მითხრა: «ახლაც მცემს განავლის საშინელი სუნი». მისმა უფროსმა
ქალიშვილმა არხენიდა ლანაომ მითხრა: სანტიაგო ნასარი მტკიცედ მოაბიჯებდა,
როგორც სჩვეოდა. აბურდულ კულულებში ჩამჯდარი სარკინოზის სახე ისეთი
ლამაზი ჰქონდა, როგორც არასდროსო. სანტიაგო ნასარმა მაგიდას ჩაუარა, ყველას
გაუღიმა და სახლის უკანა გასასვლელისაკენ წავიდა. «შიშისაგან გავქვავდით», _
მითხრა არხენიდა ლანაომ. მამიდაჩემი ვენეფრიდა მარკესი თევზს წმენდდა თავის
ეზოში, მდინარის გაღმა ნაპირზე, რომ უცებ დაინახა, რაღაც უცნაურად ეშვებოდა
თავისი სახლისკენ მიმავალი სანტიაგო ნასარი ძველი ნავსადგურის კიბეზე.

_ სანტიაგო, შვილო, _ გამოსძახა მამიდაჩემმა, _ რა მოგივიდა?!

სანტიაგო ნასარმა იცნო იგი:

_ მომკლეს, დეიდა ვენე!

ბოლო საფეხურზე წაიფორხილა, მაგრამ მაშინვე გასწორდა. «ნაწლავებიდან მიწაც კი


ჩამოიფერთხა», _ მითხრა მამიდაჩემმა. მერე თავის სახლში შევიდა უკანა კარიდან,
რომელიც დილის ექვსი საათიდან ღია იყო... და პირქვე დაეცა.

You might also like