You are on page 1of 8

გაბრიელ გარსია მარკესი

შესანიშნავი რომანისტი და ნოველების ოსტატი, სცენარისტი და ჟურნალისტი 1927


წლის 6 მარტს კოლუმბიაში, კერძოდ, არაკატაკაში დაიბადა. ბევრი კრიტიკოსის
აზრით, ის გამორჩეულად მნიშვნელოვანი იყო მეოცე საუკუნის მსოფლიო
ლიტერატურაში და - ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ესპანურენოვან მწერლობაში.
გარსია მარკესის წვლილი, ამ მხრივ, უდიდესია და ეს არა ერთი ჯილდოთი
აღნიშნულა, მათ შორის - ნობელის პრემიით ლიტერატურის დარგში, რომელიც 1982
წელს მიიღო.

მართალია, მწერალი კოლუმბიის უნივერსიტეტში სამართალს შეისწავლიდა,


ჟურნალისტად მუშაობას ამჯობინებდა და კარიერა სწორედ ამ პროფესიით დაიწყო.
თუმცა მსოფლიოში სახელი გაუთქვა ნაწარმოებმა, რომლის დაწერაც უნდოდა მას
შემდეგ, რაც 18 წლის გახდა. გაბრიელ გარსია მარკესი ფიქრობდა, რომ შეეძლო,
საინტერესოდ აესახა თავისი ცხოვრების ის პერიოდი, რომელიც ბებია-ბაბუის
სახლში გაატარა...

„მარტოობის ასი წელიწადი“ 18 თვის განმავლობაში იქმნებოდა. მწერალმა მანქანა


გაყიდა, რომ მის ოჯახს, წერის დროს, ფინანსური პრობლემები არ შეჰქმნოდა. 1967
წელს, რომანის დაბეჭდვის შემდგომ, მას წილად არნახული კომერციული წარმატება
ხვდა - გაიყიდა წიგნის 30 მილიონი ეგზემპლარი. ამერიკელმა მწერალმა უილიამ
კენედიმ „მარტოობის ას წელიწადს“ უწოდა წიგნი, რომელიც „ბიბლიის“ შემდეგ
მთელმა კაცობრიობამ უნდა წაიკითხოს. „პატრიარქის შემოდგომა“, „გამოცხადებული
სიკვდილის ქრონიკა“, „სიყვარული ქოლერის დროს“ - ეს მარკესის ცნობილი
ნაწარმოებების არასრული ჩამონათვალია.

საერთაშორისო აღიარებამ გაბრიელ გარსია მარკესი თავისი ეპოქის ერთ-ერთ


ყველაზე გავლენიან ადამიანად აქცია. წერა სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია.

ის 2014 წლის 17 აპრილს, 84 წლის ასაკში, მექსიკაში გარდაიცვალა.

მშვენიერი მძინარე ქალის თვითმფრინავი

თარგმნა თეა გვასალიამ


(გაბრიელ გარსია მარკესი, „მშვენიერი მძინარე ქალის თვითმფრინავი“, გამომცემლობა
„ინტელექტი“, თბილისი, 2008)
ლამაზი იყო, მოქნილი, ნაზი ხორბლისფერი კანითა და მწვანე ნუშისებრი
თვალებით. შავი, სწორი, მხრებამდე დაშვებული მძიმე თმა ჰქონდა და რაღაც
ანტიკური შარავანდედი ემოსა, რაც თავისუფლად შეიძლებოდა როგორც
ინდონეზიური, ისე ანდური ყოფილიყო. გემოვნებით ეცვა: სელის პიჯაკი, აქა-იქ
მიმოფანტულყვავილებიანი ბუნებრივი აბრეშუმის პერანგი და მსუბუქი, ზონარიანი
ფეხსაცმელი. „ასეთი ლამაზი ქალი ცხოვრებაში არ მინახავს“, გავიფიქრე, როცა ძუ
ლომის მოქნილი ნაბიჯებით ჩამიარა გვერდზე. მე პარიზის შარლ დე გოლის
აეროპორტიდან ნიუ-იორკში მივფრინავდი და ბილეთის სარეგისტრაციოდ რიგში
ვიდექი. ეს ზებუნებრივი ხილვა სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა და მასაში
აითქვიფა.
დილის 9 საათი იყო. წინა ღამიდან თოვდა და ქალაქის ქუჩებში მოძრაობა
ჩვეულებრივზე მეტად ჭირდა. ავტოსტრადებზეც კი ნელა დაღოღავდნენ მანქანები
და გზის პირას, თოვლში მხრჩოლავი სატვირთო ავტომანქანები ჩახერგილიყვნენ.
სამაგიეროდ, აეროპორტის მოსაცდელ დარბაზში გაზაფხული ტრიალებდა.
მე ჰოლანდიელი მოხუცი ქალბატონის უკან ვიდექი რიგში, რომელიც ერთი
საათი ეკამათებოდა მოხელეს თავისი თერთმეტი ჩემოდნის თაობაზე.
მოწყენილობისაგან აღარ ვიცოდი, რა მექნა, როცა მოულოდნელი გამოცხადება
ვიხილე და ისე დავიბენი, ვერც გავიგე, რით დამთავრდა დისკუსია. ღრუბლებიდან
ჩემი დაბნეულობის გამო გამოთქმულმა მოხელის საყვედურმა ჩამომაგდო. ბოდიშის
ნაცვლად ვკითხე, ერთი ნახვით შეყვარების თუ სჯეროდა. „რა თქმა უნდა“,
მიპასუხა, „სხვანაირი სიყვარული არ მწამს“. შემდეგ ყურადღებით დააკვირდა
კომპიუტერის ეკრანს და მკითხა, რომელი ადგილი მერჩივნა: მწეველთა თუ
არამწეველთა.
– სულერთია, – ვუპასუხე გულწრფელად, – ოღონდ თერთმეტი ჩემოდნის
გვერდით ნუ მომახვედრებთ.
მან მადლიერების ნიშნად სამსახურებრივი ღიმილი შემომაგება და ეკრანისთვის
თვალმოუცილებლად შემომთავაზა.
– თვითონ აირჩიეთ ნომერი: სამი, ოთხი ან შვიდი.
– ოთხი.
მის ღიმილს ტრიუმფალური ელფერი დაედო.
– მთელი თხუთმეტი წლის მანძილზე, რაც აქ ვმუშაობ, თქვენ პირველი ადამიანი
ხართ, ვინც მეშვიდე ნომერს არ ირჩევს.
ბილეთზე ადგილის ნომერი აღნიშნა, დანარჩენ საბუთებთან ერთად გამომიწოდა
და პირველად შემომხედა თავისი ყურძნისფერი თვალებით, რაც სალბუნად დამედო
ლამაზი ქალის ხელმეორედ ნახვამდე, ამასთან, გამაფრთხილა, რომ აეროპორტი
იკეტებოდა და ყველა რეისი გადადებული იყო.
– როდემდე? – დავინტერესდი მე.
– ღმერთმა იცის, – გამიღიმა, – დილით რადიომ გამოაცხადა, რომ წელს ასეთი
დიდთოვლობა არ ყოფილა.
მაგრამ შეცდა: წლის კი არა, საუკუნის დიდთოვლობა აღმოჩნდა. სამაგიეროდ
პირველი კლასის მგზავრთა მოსაცდელ დარბაზში ისეთი რეალური გაზაფხული
იდგა, ლარნაკებში ნამდვილი ვარდები ეწყო და დაკონსერვებული მუსიკაც ისეთი
ამაღლებული და დამამშვიდებელი ჩანდა, როგორც მის შემქმნელებს ჰქონდათ
ჩაფიქრებული. უცებ გამიელვა, რომ ეს ყველაზე შესაფერისი თავშესაფარი იყო
ლამაზი ქალისთვის და საკუთარი გამბედაობით შეძრულმა სალონებში დავიწყე
ძებნა, მაგრამ მგზავრთა უმეტესობა რეალური ცხოვრების მამაკაცები იყვნენ,
რომლებიც ინგლისური გაზეთების კითხვით იქცევდნენ თავს, სანამ მათი ცოლები
სხვებზე ფიქრობდნენ და მოჭიქული ფანჯრებიდან თოვლში ჩამკვდარ
თვითმფრინავებს, გაყინულ ქარხნებსა და ლომების1 (1 ლომებში იგულისხმება
ფრანგული მანქანის – `პეჟოს“ ემბლემა. როისი იგივე როლს-როისია.) მიერ
შევიწროებულ როისის სახელოსნოებს ათვალიერებდნენ. ნაშუადღევს სალონები
გაიჭედა და ისე ჩაიხუთა, რომ ჰაერის ჩასაყლაპად გარეთ გავედი.
იქ საშინელი სურათი დამხვდა. მოსაცდელ დარბაზებში ერთმანეთში არეულიყო
ყველა ჯურის მგზავრი. დერეფნები, კიბეები და იატაკიც კი ბავშვებით,
ცხოველებითა და ჩემოდნებით იყო ჩახერგილი. ქალაქთან მიმოსვლა შეწყვეტილიყო
და გამჭვირვალე, შუშის სასახლე მეჩეჩზე შემჯდარ უზარმაზარ კოსმოსურ ხომალდს
ჰგავდა. გამახსენდა, რომ ლამაზი ქალიც ამ უწყინარ ურდოში ერია და ლოდინის
ხალისი დამიბრუნდა.
სადილის დრო რომ დადგა, თავი კვლავ კატასტროფის მსხვერპლად ვიგრძენით.
შვიდი რესტორნის, კაფეებისა და გაჭედილი ბარების წინ უზარმაზარი რიგები
გაიჭიმა. ხოლო სამ საათში ყველაფერი დაკეტეს, რადგან საჭმელ-სასმელის ნატამალი
არსად დარჩა. ბავშვებმა, რომლებსაც აეროპორტში თვლა არ ჰქონდათ,
ერთდროულად მორთეს ღრიალი და ბრბოს ჯოგის სუნი აუვიდა. დადგა
ინსტინქტების დრო. იმ აყალმაყალში მხოლოდ ორი უკანასკნელი ჭიქა კრემიანი
ნაყინის შეჭმა მოვახერხე საბავშვო განყოფილებაში. სანამ მე დაგემოვნებით
მივირთმევდი ნუგბარს, ოფიციანტები გათავისუფლებულ სკამებს მაგიდებზე
აწყობდნენ. სარკის სიღრმეში საკუთარ თავს, მუყაოს ბოლო ჭიქას და მუყაოსვე ბოლო
კოვზს ვათვალიერებდი და ლამაზ ქალზე ვფიქრობდი.
ნიუ-იორკის რეისი დილის თერთმეტი საათის ნაცვლად, საღამოს რვა საათზე
გაფრინდა. როცა ბოლოს და ბოლოს თვითმფრინავში აღმოვჩნდი, პირველი კლასის
სალონი უკვე შევსებული იყო. სტიუარდესამ ჩემი ადგილისკენ წამიყვანა. უცებ
სუნთქვა შემეკრა. მეზობელ სავარძელზე, ფანჯარასთან ლამაზი ქალი იჯდა და
გამოცდილი მგზავრივით ემზადებოდა საფრენად. „ოდესმე ეს რომ დავწერო, არავინ
დამიჯერებს“, ვიფიქრე და ენადაბმული გაუბედავად მივესალმე. პასუხი არ გამცა და
ისე გულმოდგინედ მოეწყო, გეგონებოდა, რამდენიმე წელი უნდა გაატაროს
თვითმფრინავშიო. ყველა ნივთს თავისი ადგილი მიუჩინა და მალე სავარძელი
იდეალურად დალაგებულ სახლს დაამგვანა, სადაც თადარიგიან დიასახლისს
ყველაფერი ხელის გაწვდენაზე აქვს. შუა საქმიანობაში რომ იყო, ბორტგამცილებელმა
შამპანური მოგვიტანა. მე ორი ჭიქა ავიღე, მისთვისაც რომ მიმეწოდებინა, მაგრამ
დროზე შევიკავე თავი. მან უბრალო წყალი მოითხოვა და ბორტგამცილებელს ჯერ
დამტვრეული ფრანგულით, შემდეგ ოდნავ უკეთესი ინგლისურით სთხოვა, ფრენის
მანძილზე არავითარ შემთხვევაში არ გაეღვიძებინათ. მის სერიოზულ და ნაზ ხმაში
აღმოსავლური მელანქოლია ისმოდა.
წყალი რომ მიუტანეს, მუხლებზე ბებიის ზანდუკის ფორმის, კუთხეებში
სპილენძის სამშვენისებიანი პატარა ჩანთა გააღო და ფერადი აბებით სავსე ბუდიდან
ორი ოქროსფერი აბი ამოიღო. მეთოდურად და ფრთხილად მოქმედებდა, თითქოს
დაბადებიდან ყველაფერი გამოთვლილი და გათვალისწინებული აქვსო. ბოლოს
ფანჯარაზე ფარდა ჩამოუშვა, სავარძელი ბოლომდე გადასწია, ფეხზე გაუხდელად
გადასაფარებელი წელამდე წაიფარა, თვალებზე შავი ნიღაბი გაიკეთა და ჩემგან
ზურგშექცევით, გვერდულად დაწვა. მაშინვე დაიძინა, ერთი ზედმეტი პაუზისა და
ამოსუნთქვის გარეშე და ნიუ-იორკამდე, ფრენის რვა საათისა და თორმეტი წუთის
მანძილზე, ფეხი არ გაუტოკებია.
დაძაბული მგზავრობა იყო. მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ბუნებას ლამაზ ქალზე
მშვენიერი არაფერი შეუქმნია, ამიტომ მოჯადოებული შევყურებდი ჩემს გვერდით
მძინარე ზღაპრულ ქმნილებას. როგორც კი ავფრინდით, ბორტგამცილებელი
კარტეზიანელმა სტიუარდესამ შეცვალა, რომელმაც ჩემი მეზობლის გაღვიძება
სცადა, რათა მისთვის პატარა სასუვენირო ჩანთა და მუსიკის მოსასმენი საყურისები
მიეცა. მე ლამაზი ქალის თხოვნა გავუმეორე, მაგრამ მან პირველი პირიდან მოისურვა
მოსმენა, რომ მგზავრს მართლა არ სურდა ვახშამი. ჩემი სიტყვები
ბორტგამცილებელმაც დაუდასტურა, მაგრამ სტიუარდესა მაინც ალმაცერად
მიყურებდა, რადგან ლამაზ ქალს ყელზე მუყაოს ბარათი არ ეკიდა თხოვნით, არ
გამაღვიძოთო. ისე უშფოთველად ეძინა, ერთი პირობა შევშფოთდი კიდეც, ძილის
წამლის ნაცვლად საწამლავი ხომ არ დალია-მეთქი. ყოველი ყლუპი შამპანურის
მოსმის წინ ჭიქას ვწევდი და ვადღეგრძელებდი:
– შენ გაგიმარჯოს, ლამაზო!
ნავახშმევს სინათლეები ჩააქრეს და ფილმი გაუშვეს, რომელსაც არავინ
უყურებდა, სამყაროში გამეფებულ ბინდ-ბუნდში ჩვენ ორნიღა დავრჩით. საუკუნის
უდიდესი დიდთოვლობა უკან მოვიტოვეთ. ატლანტაზე ყოვლისმომცველი, კამკამა
ღამე ჩამოწოლილიყო და თვითმფრინავი თითქოს გაუნძრევლად ეკიდა
ვარსკვლავებს შორის. რამდენიმე საათი თვალმოუშორებლად, გულმოდგინედ
ვათვალიერებდი და წყალში არეკლილი ღრუბელივით დროდადრო შუბლზე
გამკრთალი სიზმრის აჩრდილთა გარდა, სიცოცხლის ნიშანწყალი არ შემიტყვია.
ყელზე თხელი, ოქროს ძეწკვი ეკიდა, რომელიც თითქოს არც ეტყობოდა ოქროსფერ
კანზე, იდეალური ფორმის ყურები გახვრეტილი არ ჰქონდა, ვარდისფერი
ფრჩხილები კი მის ჯანმრთელობაზე მეტყველებდა. მარცხენა ხელზე უთვლო
ბეჭედი ეკეთა. ოც წელზე მეტის არ ჩანდა და თავი დავიმშვიდე, რომ ბეჭედი
საქორწინო კი არა, რომელიღაც ეფემერული რომანის სამახსოვრო იყო. „იმის ცოდნა,
რომ ჩემს გვერდით გძინავს, რეალურსა და საიმედოს, მიტოვების კალაპოტში, მე კი
ასე ახლოს ვარ ხელშებორკილი“... ვიმეორებდი შამპანურის ქაფში ხერარდო დიეგოს
ოსტატურ სონეტს. შემდეგ სავარძელი მის სიმაღლეზე გადავწიე და ცოლ-ქმარივით
ერთ საწოლში აღმოვჩნდით. სუნთქვაც ხმასავით ნატიფი ჰქონდა, მისი კანის
არომატი კი სხვა არაფერი შეიძლებოდა ყოფილიყო, თუ არა მისი სილამაზის სუნი.
დაუჯერებლად მეჩვენებოდა: გასულ გაზაფხულზე იასუნი კავაბატას მშვენიერი
რომანი წავიკითხე კიოტელ მდიდარ მოხუცებზე, რომლებიც უამრავ ფულს
იხდიდნენ, რათა მთელი ღამე ქალაქის ულამაზესი გოგონების ცქერაში
გაეტარებინათ. გოგონები შიშვლები და ნარკოტიკით გაბრუებულები იწვნენ მათთან
ერთად საწოლში. მოხუცებს არც მათი გაღვიძება შეეძლოთ, არც ხელის ხლება და,
კაცმა რომ თქვას, არც ცდილობდნენ, რადგან მთელი სიამოვნება მძინარეთა ყურება
იყო. იმ ღამეს ლამაზი ქალის ძილს რომ ვდარაჯობდი, მშვენივრად გავუგე იაპონელ
მოხუცებს და მთელი მათი განცდები საკუთარ თავზე გამოვცადე.
– ვინ იფიქრებდა, – ვებურდღუნებოდი საკუთარ თავს შამპანურით
გაღიზიანებული, – რომ მე, ამ სიმაღლეზე იაპონელ მოხუცად ვიქცეოდი.
ბოლოს სასმელმა და ფილმის უხმო კადრებმა თავისი გაიტანა და ვფიქრობ,
რამდენიმე საათი მეძინა. თავდამძიმებულმა გავიღვიძე და ტუალეტში წავედი. ჩემს
უკან, ორ სკამზე, თერთმეტჩემოდნიან, უშნოდ ფეხებგაჩაჩხულ ჰოლანდიელ
ქალბატონს ეძინა და ბრძოლის ველზე მიტოვებულ მკვდარს ჰგავდა. შუა
გასასვლელში, იატაკზე, მისი სათვალე და კრიალოსანი ეყარა და სიამოვნებით
გადავწყვიტე არ ამეღო.
შამპანურის შედეგისგან რომ გავთავისუფლდი, სარკეში ჩემი გაუბედურებული
უშნო თავი დავინახე და გამიკვირდა, როგორ დავეჯაბნე სიყვარულს. უცებ
თვითმფრინავი შეინჯღრა, შემდეგ ძლივძლივობით გასწორდა და ყანყალით
გააგრძელა ფრენა. ტაბლოზე ანთებულმა წარწერამ ადგილზე დაბრუნება მიბრძანა.
სასწრაფოდ გავეშურე ჩემი სავარძლისკენ იმ იმედით, იქნებ ღმერთის მიერ
ჩაფიქრებულ არეულობას მაინც გაეღვიძებინა ლამაზი ქალი და შეშინებულს ჩემ
მკლავებში ეპოვნა სიმშვიდე. სიჩქარეში კინაღამ ჰოლანდიელის სათვალე გავტეხე,
რაც ერთობ გამახარებდა. მაგრამ მერე უკან მივბრუნდი, სათვალე ავიღე და კალთაში
ჩავუდე პატრონს, რადგან უცებ მადლიერების გრძნობა გამიჩნდა მის მიმართ, ჩემზე
ადრე რომ არ აირჩია მეოთხე ნომერი სავარძელი.
ჩემს მეზობელს ისე უშფოთველად ეძინა, ძლივს შევიკავე თავი, რომ არ
შემენჯღრია და რაიმე მიზეზით არ გამეღვიძებინა. ფრენის ბოლოს მაინც მინდოდა
მღვიძარე, თუნდაც გაბრაზებული მენახა, რათა ამგვარად დამებრუნებინა ჩემი
თავისუფლება და იქნებ ახალგაზრდობაც, მაგრამ ვერ შევძელი. „ჯანდაბას ჩემი
თავი!“ ვთქვი გაბრაზებულმა, „რატომ კუროდ1 არ დავიბადე!“ როგორც კი
თვითმფრინავი ბორბლებით მიწას შეეხო, სხვის დაუხმარებლად გაიღვიძა. ისეთი
ქორფა და ლამაზი იყო, თითქოს ვარდნარში ეძინაო. მხოლოდ მაშინ აღმოვაჩინე, რომ
თვითმფრინავის მგზავრები გაღვიძებისას ერთმანეთს არ ესალმებიან, არც ის
მომსალმებია. ნიღაბი მოიხსნა, ნათელი თვალები დაახამხამა, სავარძელი გაასწორა,
გადასაფარებელი გვერდით გადადო, მძიმე თმა თავის გაქნევით შეისწორა,
1
იგულისხმება ზოდიაქოს ნიშანი
მუხლებზე პატარა ჩანთა დაიდო და სანამ თვითმფრინავის კარს გააღებდნენ,
მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა ისე, რომ ჩვენთვის ზედაც არ შემოუხედავს. შემდეგ სელის
პიჯაკი მოიცვა, გასვლისას კინაღამ ფეხზე გადამიარა, რაზეც
სამხრეთამერიკულაქცენტიანი ესპანურით გულსგარეთ ბოდიში მომიხადა და
დაუმშვიდობებლად წავიდა. მადლობაც კი არ გადაუხდია ჩვენი ბედნიერი
ღამისთვის, ისე ჩაინთქა ნიუ-იორკის ამაზონიის მზის შუქში.

მოთხრობის გზამკვლევი

სილამაზე ჩვენთვის და სილამაზე ჩვენ „გარეთ“ ორი სხვადასხვა რამ არის, მაგრამ
ერთნაირად მოქმედებს ჩვენზე. რატომ ჰქვია ამ მოთხრობას „მშვენიერი მძინარე ქალის
თვითმფრინავი“? ამას რამდენიმე მიზეზი უნდა ჰქონდეს და მთელ იმ ისტორიას, რაც
მოთხრობილია, მრავალფეროვნად წარმოადგენდეს. თვითმფრინავში ბევრი ადამიანი ზის -
ყველას თავისი ბედი, ცხოვრება და სურვილები აქვს. ამ ნიშნით, სათაური გვეუბნება, რომ
მოთხრობის ამბავი მთელ სამყაროს ეხება. რატომ არის ეს თვითმფრინავი ქალის? იმიტომ
რომ, მთელ ხანგრძლივ მგზავრობას მისი სახება მსჭვალავს - აფრენიდან დაშვებამდე ამ
თვითმფრინავს აზრს სწორედ ეს ქალი ანიჭებს. რით და როგორ? - იმით, რომ მისი
მშვენიერება კაცის ნებისყოფაზე მაღლა დგას და მის ყველა საფიქრალს ავსებს. რაც შეეხება
„მძინარეს“, ეს სიტყვა გვამცნობს, რომ მთხრობელის განწყობას არც ერთი შემხვედრი განცდა
არ ახლავს - ქალის მშვენიერება, რაგინდ გვერდით იყოს, მისი ცხოვრების „გარეთ“ არის.

დანახვის პირველივე წამიდან („ასეთი ლამაზი ქალი ცხოვრებაში არ მინახავს“) ეს


„ზებუნებრივი ხილვა“ კაცს მოსვენებას არ აძლევს და მაგნიტივით იზიდავს. რა თქმა უნდა,
ეს არ არის სიყვარული (როგორც ამბობენ, „ერთი ნახვით შეყვარება“). ეს მშვენიერების
კატასტროფულად დამთრგუნველი და, იმავდროულად, აღმაფრთოვანებელი შეგრძნებაა,
რომელიც - გაჩენის მომენტიდან - მუდმივ თანყოფნას სთხოვს ადამიანს. ეს სწორედ რომ ის
ფიქრი და გულისწადილია, მანამდე აბუზღუნებულ და მოსალოდნელი ომით უკმაყოფილო
ტროელ უხუცესებს რომ ათქმევინებს მშვენიერ ელენეზე: „ამ ქალისთვის ღირდა ეს ომიო“.

რამდენიმე საათი მთხრობელი და ლამაზი ქალი გვერდიგვერდ სხედან. ეს დრო ქალისთვის


არაფერს ნიშნავს - აფრენისას იძინებს და მხოლოდ დაშვებისას ეღვიძება. კაცისთვის კი ის
დაუსრულებელი ბედნიერებაა - ეს დრო ლამის მთელ მის ცხოვრებას გაუტოლდეს. ისინი
ერთად სხედან, მაგრამ სრულიად განსხვავებულად წარმოადგენენ სიტყვა „ყოფნას“:
მშვენიერი ქალი „ყველაფრის არაფრობით“ იძინებს, კაცი კი ძალიან თვალსაჩინო „არაფერში“
ყველაფერს ხედავს და შეიგრძნობს. მისთვის ამ რამდენიმე საათის განმავლობაში „სხვა“ თუ
„სხვისი“ მშვენიერება საკუთარი ცხოვრების უძვირფასეს ნაწილად იქცევა, რომელიც
უარყოფს ცნება „ალტერნატივას“.

კაცი ბოლოს მაინც თითქოს შეიცნობს მიუწვდომლობის რეალობას („სარკეში ჩემი


გაუბედურებული, უშნო თავი დავინახე და გამიკვირდა, როგორ დავეჯაბნე სიყვარულს“) და
ისღა ეოცნებება, რომ მშვენიერმა ქალმა დაფრენამდე ცოტა ხნით ადრე მაინც გაიღვიძოს და
თუნდაც ეჩხუბოს, მაგრამ ეს ნატვრაც აუსრულებელი რჩება. ერთადერთი, რასაც მთხრობელი
ამ ქალისგან გაიგონებს, გულსგარეთ ნათქვამი ბოდიშის სიტყვებია, შემთხვევით ფეხზე
დადგმას რომ მოჰყვება - გასვლისას ქალს ერთხელაც კი არ შეუხედავს კაცისთვის,
რომლისთვისაც თვითმფრინავში გატარებული რამდენიმე საათი უპირობო ბედნიერებას
გაუტოლდა.

შესაძლოა მარკესი გვეუბნება, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რას მოაქვს ბედნიერება -
მთავარია ის არსებობდეს. არსებობდეს ჩვენთვის, თუნდაც მის გამომწვევ მიზეზს
წარმოდგენაც კი არ ჰქონდეს ამის შესახებ.

You might also like