You are on page 1of 49

სელმა ლაგერლოფი

მეფორნე

რომანი
ინგლისურიდან თარგმნა ლევან ინასარიძემ

წინათქმა
სელმა ოტილია ლოვისა ლაგერლოფი 1858 წლის 20 იანვარს შვედეთის დაბა მორბაკაში,
საგვარეულო მამულში მოევლინა ქვეყანას. ბავშვობიდანვე დიდი ნებისყოფითა და სიჯიუტით
გამოირჩეოდა. ეს ჩვევები მას წლების შემდეგაც გამოადგა. მამამისი ყოფილი სამხედრო იყო, დედა
– მასწავლებელი. წიგნებთან დაახლოებულ მომავალ მწერალზე დიდი გავლენა იქონია
ცენტრალური შვედეთის ერთ-ერთმა ულამაზესმა კუთხემ – ვერმლანდმა, სადაც მან
ყმაწვილქალობა გაატარა. თავის შემოქმედებაში არც მშობლიური მორბაკა გამორჩენია.
სამი წლის სელმას შეეყარა ძლიერი სენი, რომელმაც ლოგინს მიაჯაჭვა. ბურთივით მრგვალსა და
ჩალისფერთმიან გოგონას ბებია და მამიდა თავზე დასტრიალებდნენ და ცივ ნიავს არ აკარებდნენ.
ორივე ქალბატონი საკმაოდ კარგად იყო ადგილობრივ ფოლკლორსა და საოჯახო მატიანეში
გათვითცნობიერებული და რადგან სელმას სხვა ვერაფრით ართობდნენ, გაუთავებლად
უამბობდნენ ზღაპარსა თუ ნამდვილს, რასაც, მათდა გასაკვირად, პატარა სელმა ლამის
იზეპირებდა და კარგადაც აღიქვამდა. 1863 წელს ბებია გარდაეცვალა, რაც ხუთი წლის ბავშვმა
მწარედ განიცადა. მას ეგონა, ჩემ წინ სამყაროს კარი ჩაიკეტაო.
1867 წელს სელმა სტოკჰოლმში, სპეცკლინიკაში გადაიყვანეს სამკურნალოდ. მკურნალობის
ინტენსიურმა კურსმა გოგონას მოძრაობის უნარი დაუბრუნა. პირველი წარმატებით
ფრთაშესხმულმა სელმამ მწერლობაზე დაიწყო ფიქრი. ავტობიოგრაფიულ ნოველაში „ზღაპარი
ზღაპარზე“ (1908) მან გულღიად აღწერა, თუ როგორ ცდილობდა ბავშვობაში რამე დაეწერა. მაგრამ
ცხოვრება თავისას მოითხოვდა და უკვე ფეხზედამდგარ სელმას ახალი საზრუნავი გაუჩნდა –
პური არსობისა! აღსანიშნავია, რომ მისი ოჯახი, ერთ დროს საკმაოდ შეძლებული, უკვე
გაღატაკებულიყო. რაც ფული ჰქონდათ, სელმას ფეხზე დაყენებას მოახმარეს.
1881 წელს სელმამ სტოკჰოლმის ლიცეუმში ჩააბარა, ერთი წლის თავზე კი უმაღლეს
სამასწავლებლო სემინარიაში, რომელიც 1884 წელს წარმატებით დაასრულა. იმავე წელს
ახალგაზრდა სელმა შვედეთის სამხრეთში, ლანდსკრუნეში გოგონათა მასწავლებლად მოეწყო.
1885 წელს მამა გარდაეცვალა, ხოლო საყვარელი კარ-მიდამო ვალების დასაფარად გაყიდა.
ამ ძნელბედობის ჟამს სელმა თავის პირველ რომანზე, „საგა იოსტა ბერლინგზე“ მუშაობდა. 1880-
იან წლებში ლიტერატურაში რეალიზმს ცვლის ნეორომანტიკული მიმართულება, რომელიც
მიწათმოქმედთა კულტურას, მამულების სიყვარულსა და პატრიარქალურ ჩვევებს უმღერის. ეს
კი თავის მხრივ საქალაქო (ბიურგერულ) კულტურას უპირისპირდება და აცამტვერებს.
ხსენებული გავლენა ემჩნევა ახალგაზრდა მწერლის პირველ რომანსაც.
1891 წელს ლაგერლოფის შემოქმედება დანიელმა კრიტიკოსმა გეორგ ბრანდესმა შეამჩნია და
აღიარებამაც არ დაახანა. სელმამ ბუნების ზუსტი ასლის გადატანაზე უარი თქვა და ფანტაზიას
გასაქანი მისცა, რითიც მკითხველთა ფართო წრეს თავი შეაყვარა. გარდა ამისა, წარსულში
ემიგრირება და ზღაპრული ელფერი მის ნაწარმოებს სრულიად განასხვავებდა. თავის პირველ
რომანში არც ლეგენდები დაივიწყა და ვერმლანდურ გადმოცემებსა თუ ხალხურ თქმულებებს
მოუყარა თავი. თავდაპირველად არჩეულ სტილს მწერალმა არც მომდევნო ნაწარმოებებში
უღალატა. თუმცა ზღაპრულობა და ფანტაზია მხოლოდ სტილი და მანერა იყო, რეალურად კი
ყოველ ნაწარმოებში წინა პლანზე ფილოსოფიური, რელიგიური და ზნეობრივი პრობლემები იდგა.
1895 წელს მწერალი სამსახურს ტოვებს და მთელ დროს ლიტერატურულ საქმიანობას უთმობს.
პარალელურად მოგზაურობს ევროპის სამხრეთში – იქ, სადაც მის ნაწარმოებებში ვითარდება
მოქმედება.
1907 წელს ლაგერლოფი უფსალის უნივერსიტეტში საპატიო დოქტორად აირჩიეს, 1914 წელს კი
შვედეთის აკადემიის წევრად. 1909 წელს მას ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიანიჭეს,
„როგორც ხარკი მაღალი იდეალიზმის, მდიდარი წარმოსახვისა და სულში ჩამწვდომობისათვის,
რითიც ეგზომ გაჯერებულია მისი შემოქმედება“.

1
ნობელის პრემიით ლაგერლოფმა მშობლიური მორბაკის გამოსყიდვა შეძლო და მამაპაპისეულ
სახლში გადავიდა, სადაც სიკვდილამდე დარჩა კიდეც. მწერლისათვის პირველივე წლები
ნაყოფიერი აღმოჩნდა: მსოფლიო ლიტერატურას შეემატა ისეთი ნაწარმოებები, როგორებიცაა
„ლილიენკურნას სახლი“ (1911), ანტიმილიტარისტული რომანი „განდევნილი“ (1918) და
ზღაპრულ-ფანტასტიკური თხზულება „მეფორნე“ (1912).
„მეფორნე“, იგივე „მეეტლე-მოჩვენება“ – ადამიანური ტრაგედიის ამსახველი თვალსაჩინო
ნაწარმოებია, რომელიც სულის ყველაზე ბნელ კუნჭულებამდე აღწევს და ყველაზე ბიწიერ
გრძნობებს ჰფენს ნათელს.
რომანში – „მეფორნე“ – ადამიანთა ტანჯვისა და დაღუპვის ფონზე ნათელისა და ბნელის
ჭიდილია გადმოცემული. ჭლექით დაავადებული, გალოთებული და გაბოროტებული
ახალგაზრდა კაცი საკუთარ ცოლ-შვილსაც კი არ ინდობს და სიკვდილისთვის იმეტებს, როდესაც
„ხსნის არმიის“ მომაკვდავი მოწყალების და მისი სულის დასახსნელად კარს მომდგარ
სიკვდილის მეფორნეს ევედრება, ცოტა კიდევ მაცალე, სანამ მის სულს დავიხსნიდეო...
სათქმელის ნათლად და ლაკონიურად გადმოცემის სელმასეული მანერა კითხვის პროცესს
აადვილებს და მკითხველს ერთი სული აქვს გაიგოს, რა მოუვა მთავარ გმირსაც და ანტიგმირსაც –
როგორ დასრულდება მათი სულის ხეტიალი ამ მზისქვეშეთში.
ვისაც ფილმად არ უნახავს „მეფორნე“, ალბათ, წარმოდგენა გაუჭირდება, ამხელა ტანჯვა ეკრანზე
როგორ უნდა იყოს გადატანილი და მაყურებლამდე მიტანილი... თუმცა შვედ რეჟისორებს
სამამულო კლასიკის გადაღება არ გასჭირვებიათ, საზოგადოების აზრი მაინც ორად გაიყო: ერთნი
ამტკიცებდნენ, ფილმად ნანახი ბევრად უფრო იოლად აღვიქვითო, სხვათა აზრით კი, წიგნად
წაკითხულს ეკრანიზაცია ვერ შეედრებაო. ასეა თუ ისე, „მეფორნემ“ სკანდინავიური
კინოდარბაზებიდან ჯერ გერმანიის, შემდეგ ბრიტანეთისა და ამერიკის დარბაზებსა და
ეკრანებზე გადაინაცვლა და დიდი პოპულარობაც მოიპოვა.
აქვე უნდა ითქვას, რომ ლაგერლოფის ნაწარმოებები, მათ შორის, „მეფორნე“, ევროპისა და აზიის
მრავალ ენაზეა თარგმნილი და თეატრის სცენებზეც დღემდე იდგმება.
ქართულ ენაზე „მეფორნის“ გამოჩენა მკითხველთათვის ნამდვილი საჩუქარი უნდა იყოს, რადგან
სკანდინავიური მწერლობით, მიზეზთა გამო, ჩვენი საზოგადოება მაინცდამაინც განებივრებული
არ არის. თხზულების ქართულად გადმოცემისას მთარგმნელმა ორი აკადემიური თარგმანით –
ინგლისურითა და ფრანგულით იხელმძღვანელა, რათა უფრო ზუსტად და ადეკვატურად
გადმოეცა შვედური ენის სილამაზე და ფრაზეოლოგიური სიმდიდრე.
ნაწარმოებში ვერ ნახავთ ზედმეტ და ჩახლართულ პასაჟებსა და „გაუგებარ მჭევრმეტყველებას“.
მოკლედ და მარტივად გადმოცემული „ადამიანური სიბრძნე“ ადვილად აღსაქმელია. თუმცა,
„მეფორნის“ მკითხველს ამ მხრივ გაუმართლა, რადგან ლაგერლოფის სხვა ნაწარმოებები
გამოუცდელი მკითხველისათვის ყოველთვის როდია „იოლი საკბილო“. კრიტიკოსები ხშირად
ამბობენ, რომ სელმა ლაგერლოფი თხრობის მანერას მალ-მალე ცვლის და ზოგჯერ ერთი და იგივე
პასაჟი რამდენიმეჯერ საჭიროებს გადაკითხვას.
ზოგადად, სკანდინავიურ პროზას (ალბათ, გერმანულის გავლენით) ფილოსოფიური მსჯელობანი
და ფსიქოლოგიური „ჩახვევები“ სჩვევია, და ამ თვალსაზრისით არც სელმა ლაგერლოფია
ბოლომდე თავისუფალი. კრიტიკოსები იმასაც ამბობენ, რომ სელმა იმდენად რთულად წერდა,
რამდენადაც მას თავად უჭირდა ან ულხინდა ცხოვრებაში.
ორიოდე სიტყვით უნდა შევეხოთ სელმა ლაგერლოფის პიროვნებასაც. მეორე მსოფლიო ომის
დასაწყისში ნაცისტურ გერმანიაში სელმას „ჩრდილოეთის პოეტესას“ უწოდებდნენ და დიდების
შარავანდედით ამკობდნენ, მაგრამ როგორც კი მან გერმანელი კულტურის მოღვაწეების შეგონება
დაიწყო ფაშიზმის წინააღმდეგ, რაიხის მესვეურებმა სასტიკად გაასამართლეს და მოკვეთეს
(ცხადია, დაუსწრებლად).
გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე სელმა ლაგერლოფი გერმანელ პოეტ ქალს ნელი ზაქსს
შვედეთის ვიზის აღებაში დაეხმარა, რითიც ანტიფაშისტი ქალბატონი სიკვდილის ბანაკისგან
იხსნა. სელმაზე განსაკუთრებით იმოქმედა ფინეთ-საბჭოთა კავშირის ომმა. მან ნობელის
პრემიასთან ერთად მიღებული ოქროს მედალიც კი შესწირა ფინეთის დახმარების ფონდს „დიდი
მონსტრისაგან“ თავდასაცავად. თუმცა ხელისუფლებამ მეზობელი ქვეყნის დახმარების ფონდის
შევსების სხვა ხერხს მიმართა და მხცოვან მწერალს დამსახურებული მედალი უკან დაუბრუნა.
ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 1940 წელს მორბაკის საგვარეულო სახლში სელმა
ლაგერლოფი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ცხადია, ლაგერლოფს დაფასება არც სიცოცხლეში მოჰკლებია, მოაზროვნე საზოგადოება

2
ყოველთვის პოზიტიურად იღებდა მის ნაწარმოებებს, მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის
ცნობილი მაინც სიკვდილის შემდეგ გახდა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ევროპის პატარ-პატარა
ქვეყნებმა მისი შემოქმედების თარგმნისათვის შეჯიბრიც კი წამოიწყეს და მილიონობით
მკითხველი მშობლიურ ენაზე გაეცნო დიდი ჩრდილოელის კალამს. სელმა ლაგერლოფის
ნაწარმოებები მსოფლიო ლიტერატურის საგანძურში ღირსეულ ადგილზეა, იმედია, ეს წიგნი
თქვენს თაროზეც დაიკავებს საპატიო ადგილს.
ლევან ინასარიძე

თავი I
კვდება ხსნის არმიის[1] პატარა, სუსტი მოწყალების და. ფილტვების ანთება დაემართა და
წელიწადზე მეტხანს ვეღარ გასტანა. სანამ ძალა შესწევდა, თავის მოვალეობას ასრულებდა,
მაგრამ საბოლოოდ რომ გამოეცალა ღონე, სანატორიუმში გაგზავნეს. რამდენიმე თვე იმკურნალა,
მაგრამ ვერ მომჯობინდა. ბოლოს და ბოლოს, რომ მიხვდა, ჩემი მორჩენა არ იქნებაო, შინ,
დედასთან, გაემგზავრა, რომელიც ქალაქგარეთ, საკუთარ სახლში ცხოვრობდა. ახლა ერთ პატარა
ოთახში საწოლს მიჯაჭვული სიკვდილის მოლოდინშია; სწორედ იმ ოთახშია, სადაც ბავშვობა და
სიყმაწვილე აქვს გატარებული.
დედამისიც იქვე ზის, შეშინებული და სევდიანი მზერა აქვს. ისეა ქალიშვილზე ზრუნვით
გართული, რომ ტირილის თავიც არა აქვს. ავადმყოფის დაქალი კი, რომელიც მასთან ერთად
მუშაობდა, საწოლის თავთან დამდგარა და ცრემლებს ვერ იკავებს. მის გამოხედვაში სიყვარულსა
და თანაგრძნობას თუ ამოიკითხავს კაცი. მომაკვდავს თვალს არ აცილებს. როდესაც ცრემლი
მზერას უბინდავს, თვალებს მკვეთრი მოძრაობით იწმენდს.
პატარა, მოუხერხებელ სკამზე, რომელიც ავადმყოფს რატომღაც მოსწონდა და სადაც უნდა
წასულიყო, სულ თან დაჰქონდა, ბრგე ქალბატონი ზის. კაბის საყელოზე ასო F.[2] აქვს
ამოქარგული. სხვა ადგილას დამჯდარიყავიო, კი შესთავაზეს, მაგრამ ამ საძაგელ სკამს მაინც არ
მოსცილდა, თითქოს ამით ავადმყოფისადმი ყურადღებისა და მოწიწების გამოხატვა სურდა.
ეს დღე სხვებს არ ჰგავს, 31 დეკემბრის საღამოა. ნაცრისფერი ცა დედამიწას მძიმედ დასწოლია.
შინ მყოფს ქუჩაში ავდარი ეგონება, მაგრამ საკმარისია ცხვირი გარეთ გაყოს, რომ უჩვეულოდ
თბილი და რბილი ჰაერი მიელამუნება. თოვლით დაუფარავი მიწა უფრო და უფრო შავდება.
ისეთი განცდა დაეუფლება კაცს, რომ ბარდნა უნდა დაიწყოს, მაგრამ ფიფქიც კი არ ცვივა. ეტყობა,
თოვლსა და ქარს მიმავალი წლის უკანასკნელ დღეს აბობოქრება ეზარებათ და მთელ ძალებს
დამდეგი ახალი წლისთვის ზოგავენ.
რაღაც ამდაგვარი სჭირს ხალხსაც. არავის არაფრის კეთება არ უნდა. ქუჩები უკაცრიელია,
სახლებში სიმშვიდეა. მომაკვდავის პატარა სახლის პირდაპირ მიწის ნაკვეთია, სადაც
საძირკვლისთვის ხიმინჯების ჩასმა დაუწყიათ. დილით მუშებიც იყვნენ მისული. ჩაქუჩებს
წამოავლეს თუ არა ხელი, კაკუნ-ბრახუნში მშრომელთა ჰანგი აგუგუნდა. მაგრამ დიდხანს არ
უმუშავიათ. მათ ძალამ მალევე უმტყუნა და წავიდნენ.
სხვა ყველაფერსაც იგივე ემართება. რამდენიმე კალათიანი დიასახლისი გზას აჩქარებული
ნაბიჯით გაუდგა, საახალწლო ნობათის შესაძენად. მაგრამ მალე ქალაქში ყველანაირი მოძრაობა
შეწყდა. გარეთ მოთამაშე ბავშვები შინ შეიყვანეს, საზეიმოდ გამოპრანჭეს, თან გააფრთხილეს,
შინიდან ფეხი არ მოიცვალოთო. ცხენებს მძიმე საპალნეები მოხსნეს და ქალაქის თავლებში
დააბინავეს, სადაც ერთი დღე-ღამის განმავლობაში დატოვებდნენ. შებინდებასთან ერთად
სამყაროც დაოკდა და დაუნჯდა. ხალხს თითქოს სული შეუმსუბუქდა ამით.
– კიდევ კარგი, ახალი წლის ღამეს რომ კვდება, – ამბობს დედა. – მალე სულ მიწყდება ჩამიჩუმი
და ხელს აღარაფერი შეუშლის.
სნეული დილიდანვე უგონოდაა, ასე რომ, სამივეს შეუძლია ის თქვას, რაც ენაზე მოადგება. მაგრამ
მიუხედავად ყველაფრისა, იოლი მისახვედრია, რომ მომაკვდავი ამ ქვეყანას ჯერ კიდევ არ
გასცლია. დღის დასაწყისში სახის გამომეტყველება რამდენჯერმე შეეცვალა. ხან გაოცება და შიში,
წუხილი და ვედრება ეხატებოდა, ახლა კი ძლიერი ბრაზი დამჩნევია, რის გამოც უფრო მსხვილი
და ამავდროულად ლამაზიც კი ჩანს.
ხსნის არმიის პატარა და ისე შეიცვალა, რომ საწოლის თავთან მდგარი მისი დაქალი თავის
უფროსს მიუბრუნდა და გადაუჩურჩულა:
– შეხედეთ, კაპიტანო! რა ლამაზია ახლა ედითი! დედოფალს არა ჰგავს?

3
ახოვანი ქალბატონი პატარა სკამიდან წამოდგა, რათა მომაკვდავის სახე უკეთ დაენახა.
როგორც ჩანს, ბოლო დღემდე მიჩვეული იყო, პატარა მოწყალების დის სახეზე, თუნდ
დაღლილისა და სნეულის, მორჩილი და ხალისიანი ღიმილი ენახა. ედითის სახით გაოგნებული
აღარ დაჯდა.
უცებ ავადმყოფი ერთი მკვეთრი მოძრაობით წამოჯდა საწოლში, ბალიშებს დაეყრდნო. სახეზე
აუწერელი სიდიადე აქვს აღბეჭდილი; მართალია, ბაგე არ უმოძრავებს, მაგრამ თითქოს
განკიცხვისა და ზიზღის გამომხატველი სიტყვები უნდა მოსწყდესო.
დედამისმა გაოცებულ ქალებს შეხედა.
– ასე ემართება ყოველდღე, – უთხრა მათ. – ამ დროს ხომ გაჭირვებულებს უვლიდა ხოლმე?
დაქალმა საწოლის გვერდით, მაგიდაზე მდგარ ძველ საათზე გადაიტანა მზერა...
– დიახ, – უპასუხა. – სწორედ ამ დროს მიეშურებოდა ხოლმე დაჩაგრულებთან.
უცებ დადუმდება და თვალებზე ცხვირსახოცს მიიფარებს. როგორც კი ხმის ამოღებას დააპირებს,
ყელში ბურთი ეჩხირება და სუნთქვას უკრავს.
დედა ავადმყოფის გაძვალტყავებულ ხელს იღებს და ეფერება.
– აბა, ამას სად შეეძლო მათი მიხედვა და პატრონობა, ან იმ ოხერი ქოხმახების მილაგება და
მათხოვრებისთვის კარგი საქციელის სწავლება, – ხმაში ფარული გაკიცხვა იგრძნობა. – რთული
სამუშაოს თავიდან ამოგდება უფრო ძნელი ყოფილა თურმე. ეტყობა, ახლა ჰგონია, რომ სხვებს
უნდა მიხედოს.
– ასეთი რამ ხდება ხოლმე, როცა სამუშაოზე მიჯაჭვულია ადამიანი, – მშვიდად პასუხობს ხსნის
არმიის კაპიტანი.
ისინი ხედავენ, რომ ავადმყოფი წარბებს ჭმუხნის, რის გამოც შუბლზე არსებული პატარა ნაოჭი
უფრო უღრმავდება, ზედა ტუჩი კი უნებლიეთ ეწევა. ყველა იმის მოლოდინშია, რომ ედითი უცებ
გაახელს თვალებს და მრისხანებით გადახედავს იქ მყოფთ.
– ზეცით მოვლენილ შურისმაძიებელ ფრინველს ჰგავს, – მოწიწებით დაიჩურჩულა კაპიტანმა.
– დღეს რა უნდა მოხდეს ისეთი ქოხმახებში? – დამამშვიდებლად ამბობს დაქალი, საწოლთან
მსხდომებს შორის გაძვრება, რომ ავადმყოფს შუბლზე დაადოს ხელი. – აღარ იფიქრო
საცოდავებზე, დაო ედით, – აგრძელებს. – ისედაც ამხელა ამაგი გაქვს მათზე.
ამ სიტყვებით ედითმა თითქოს გონება სიმძიმისგან გაითავისუფლა. უკიდურესი დაძაბულობის
დაღი უქრება სახიდან და მოკრძალებისა და ტანჯვის იერი ეფინება. გამომეტყველების ეს
ცვალებადობა ავადმყოფობისას დასჩემდა.
თვალებს ახელს და მისკენ დახრილ დაქალს ხელზე ხელს ჰკიდებს, ცდილობს, მიიახლოოს.
დაქალი ვერ ხვდება ამ მსუბუქი შეხების აზრს, მაგრამ მავედრებელი თვალების შემხედვარე
მისკენ უფრო ახლოს იხრება და სახე სახესთან მიაქვს.
– დავით ჰოლმი, – ჩურჩულებს ედითი.
ხსნის არმიის დამ თავი გააქნია, ეგონა, მომეყურაო.
ავადმყოფი მთელი ძალით იჭიმება, ცდილობს, რომ გაუგონ. თითოეულ სიტყვას დამარცვლით
იმეორებს:
– და-ვით ჰოლ-მი მო-მი-ყვა-ნე!
ავადმყოფი დაქალს თვალებში უყურებს, რომ დარწმუნდეს, მიუხვდა თუ არა ნათქვამს. მერე
ისევ ბალიშებზე მიესვენა და გონი დაკარგა. მისი თვალები ისევ იმ უაზრო სცენას ხედავენ, ასე
რომ აღავსებს რისხვითა და შიშით.
დაქალი წელში გასწორდა, აღარ ტირის. ძლიერი სულიერი მღელვარება დაეუფლა, რამაც
ცრემლები გაუშრო.
– დავით ჰოლმი მომიყვანეო, მეუბნება!
თითქოს ავადმყოფს რაღაც საშინელება მოესურვოს, ხსნის არმიის ტანსრულ კაპიტან ქალს
ისეთივე მღელვარება იპყრობს, როგორიც მის ხელქვეითს.

4
– დავით ჰოლმი? – იმეორებს. – ეს ხომ შეუძლებელია. მომაკვდავს დავით ჰოლმი როგორ
მოვუყვანოთ?!
დედა ხედავს, ქალიშვილს სახეზე მრისხანე მოსამართლის გამომეტყველება რომ ედება. ორ
დაბნეულ ქალს შეკითხვით აღსავსე თვალებით უყურებს.
– და ედითს სურს, რომ დავით ჰოლმის მოსაყვანად გავგზავნოთ ვინმე, – უხსნის კაპიტანი. –
მაგრამ არ ვიცით, ღირს კი ამის გაკეთება.
– დავით ჰოლმის? – კითხულობს დედა. – დავით ჰოლმი ვიღაა?
– ერთ-ერთი იმათგანია, ედითმა რომ თავი შეაკლა მის ჭეშმარიტების გზაზე დაყენებას, მაგრამ
ღმერთს, ალბათ, სხვაგვარად სურდა.
– კაპიტანო, იქნებ უფლის ნებაა, რომ დავითზე ახლა მაინც მოახდინოს ედითმა გავლენა?
ავადმყოფის დედა ორივე ქალს უკმაყოფილოდ უყურებს.
– სანამ სიცოცხლის ნაპერწკალი მაინც უღვიოდა ჩემს ქალიშვილს, მანამდე იყენებდით,
მომაკვდავი მაინც შემარჩინეთ მე უბედურს!
ამ სიტყვებმა საქმე გადაწყვიტა. დაქალი ისევ საწოლის თავთან დადგა. ხსნის არმიის კაპიტანი კი
პატარა სკამზე დაეშვა, თვალები დახუჭა და ბუტბუტით მოჰყვა ლოცვას. გაჭირვებით თუ
გაარჩევდნენ მის სიტყვებს იქ მყოფნი. ის ღმერთს ევედრება, სნეული ისე მიიღოს საიქიოში, რომ
სააქაოზე ფიქრებმა არ დაუმძიმონ უბედურს სული, რაც მწუხარე და ავბედით წუთისოფელში
ისედაც არ მოჰკლებია. მაგრამ ასე ლოცვაში ჩაძირული მოულოდნელად ედითმა მხარზე ხელის
დადებით გამოაფხიზლა. უცებ მოეგო გონს და თვალები დაჭყიტა.
სნეულს გონი ისევ დაუბრუნდა. მაგრამ ამჯერად მოკრძალებისა და მორჩილების ნიშანწყალიც
აღარ ემჩნევა თვალებში. შუბლზე კი სევდიანი რისხვის კვალი აქვს აღბეჭდილი.
დაქალი ისევ დაიხარა და მკაფიოდ გაიგონა საყვედურნარევი შეკითხვა:
– დაო მარია, რატომ არავინ გაგზავნე დავით ჰოლმთან?
სრულიად შესაძლებელია, დაქალს შეპასუხება ნდომოდა, მაგრამ ედითის მზერამ კრიჭა შეუკრა.
– მოგიყვან დავითს, დაო ედით, – შეჰპირდა.
ავადმყოფის დედისკენ შებრუნდა და თითქოს ბოდიშს უხდისო:
– ედითისთვის თხოვნაზე უარი არასდროს მითქვას, ამას ვერც ახლა ვიზამ.
ედითი შვებით ამოისუნთქავს და თვალებს მილულავს, მარია გადის ოთახიდან, სადაც ისევ
დუმილი ისადგურებს. ხსნის არმიის კაპიტანი, შიშითა და გამოუთქმელი ტკივილით, ჩუმად
განაგრძობს ლოცვას. მომაკვდავის მკერდი მძიმედ იბურცება, დედა საწოლს უახლოვდება,
თითქოს ამით თავისი უბედური შვილის წვალებისა და სიკვდილისგან დახსნა უნდა.
რამდენიმე წამში ედითი ისევ ახელს თვალებს. სახეზე ჯერ კიდევ მოუთმენლობა აწერია, მაგრამ
ხედავს, რომ დაქალი ოთახიდან გასულა, ე.ი. სურვილი უსრულდება, ამიტომ გამომეტყველება
ურბილდება. მართალია, ხმის ამოღებას აღარ ცდილობს, მაგრამ აღარც გონებას კარგავს,
უბრალოდ თვალგახელილი წევს.
გარეთა კარის ჯახუნი გაიგონა და ისევ წამოჯდა. მარიამ საძინებლის კარი ოდნავ შეაღო.
– შემოსვლა ვერ გამიბედავს, – ამბობს ხმადაბლა. – არ მინდა, სიცივე შემოვიყოლო. კაპიტანო
ანდერსონ, თუ არ შეწუხდებით, იქნებ წუთით გამოსულიყავით?
ამწუთას მასზე იმედით მიჩერებული ავადმყოფის თვალებს ხედავს.
– ვერ ვნახე დავითი, გუსტავსონი და რამდენიმე ჩვენიანი შემხვდნენ. დამპირდნენ, ჩვენ
მოგიძებნითო. ოღონდ იპოვონ და გუსტავსონი თავად მოიყვანს მას ედითთან.
ამის თქმა იყო და, მომაკვდავმა ისევ იმ სცენაზე გადაინაცვლა, მთელი დღე რომ იკავებდა მის
გონებას.
– მას ხედავს, ეტყობა, – სინანულით ამბობს მარია, მაგრამ მყისვე აჰყავს თავი ხელში. – ღმერთსაც
კარგი უქნია! ალბათ, ასე იყო საჭირო.
მარია წყნარად გადის წინა ოთახში, მას კაპიტანიც მიჰყვება.

5
იქ ოცდაათიოდე წლის, მეტის არ იქნება, ყვავის ხნის დედაბერივით ჩამომხმარ-ჩამომდნარი ქალი
დგას – მონაცრისფრო ნაოჭიანი კანითა და სველი თმით. ისეთი ძველმანები აცვია, კაცი იფიქრებს,
სამათხოვროდ გამოსულაო.
ხსნის არმიის კაპიტანი შიშით უყურებს მას. ამ ქალში საზარელი ნაადრევი სიბერე ან ძონძმანძები
კი არა, უტყვი, გაქვავებული სახეა. ის მოძრაობს, დადის, დგას, მაგრამ თითქოს ვერ აცნობიერებს,
სად იმყოფება. აშკარაა, იმხელა ტანჯვა უნდა ჰქონდეს გამოვლილი, რომ სულიერად უკვე
ზღვარზეა მისული: წამიც და, სიგიჟე დარევს ხელს.
– ეს დავით ჰოლმის ცოლია, – ამბობს მარია, – სახლში მივაკითხე, რომ დავითი მეხმო, მაგრამ ასეთ
მდგომარეობაში დამიხვდა ეს სვედავსილი, თან სულ მარტოდმარტო. დავითი შინ არ იყო. ერთ
კითხვაზეც კი ვერ მიპასუხა. მარტო ვეღარ დავტოვე და წამოვიყვანე.
– მაშ, ეს დავით ჰოლმის ცოლია? – უკვირს კაპიტან ანდერსონს. – ადრეც მყავს ნანახი, მაგრამ
ვეღარ ვიცანი. ასეთი რა დამართვია, ნეტავ?
– რა რთული მისახვედრი ეგ არის, – უცებ მიახალა რისხვით აღვსილმა მარიამ. – რაც ამას ქმრისგან
ტანჯვა აქვს ნანახი.
ხსნის არმიის კაპიტანი შიშით უყურებს თვალებდაქაჩულ ქალს, რომელსაც ლამისაა, გუგები
გადმოსცვივდეს, მზერა კი ერთი წერტილისკენ აქვს მიპყრობილი. თითები ერთმანეთს გადააჭდო
და ბერა თითებს ატრიალებს, ტუჩები ოდნავ უთრთის.
– ასეთი რა უქნა?
– ეგ არ ვიცი. ვერაფერზე მიპასუხა. როცა მათთან მივედი, იჯდა და კანკალებდა. სახლში არც
ბავშვები დამხვდნენ და ვიღას ვკითხავდი. ღმერთო, რაღა დღეს მოხდა ეს უბედურება! ახლა ამას
როგორ დავეხმარები, როცა ჩემი ფიქრები ედითს დასტრიალებს?
– ეტყობა, გალახა...
– მგონი, რაღაც უარესი ჩაიდინა. ქმრების მიერ ნაცემი ქალები მინახავს, მაგრამ ასეთ დღეში არავინ
ყოფილა. არა, ამის თავს მართლა რაღაც საშინელებაა, – მარიას ხმაში თანდათან შიში შეეპარა. –
ედითის სახეზე ხომ დავინახეთ, რომ რაღაც საშინელება იყო მომხდარი.
– ჰო! – ხმამაღლა დაეთანხმა კაპიტანი ანდერსონი. – ახლა გასაგებია, რაც მოეჩვენა. მადლობა
ღმერთს, რომ ედითს ეს ხილვა დროულად ჰქონდა და შენც ბეწვზე მიუსწარი, დაო მარია!
მადლობა უფალს! ალბათ, ზეციერის ნებაა, რომ ამას მაინც ვუშველოთ, გონება გადავურჩინოთ.
– კი მაგრამ, მე რით ვუშველო? ხელს თუ მოვკიდებ, მომყვება, მაგრამ ჩემი ნათქვამი არც ერთი
სიტყვა არ ესმის. მისი სული აქ არ არის. მე როგორ დავუბრუნო? მე ხომ არ განვაგებ მის გონებას.
იქნებ ეს თქვენ უკეთ გამოგივიდეთ, კაპიტანო ანდერსონ?
ახოვანი კაპიტანი ქალს ხელს ჰკიდებს და მტკიცედ, მაგრამ რბილად ელაპარაკება, თუმცა ამაოდ.
უბედურს თვალებში გონის ნასახი არ ეტყობა. უეცრად კარი იღება და ედითის დედა შემოყოფს
თავს.
– ედითი უკვე ღელავს, – ეუბნება ქალებს. – ჯობია, აქ შემოხვიდეთ.
ხსნის არმიის ორივე ქალი პატარა საძინებელ ოთახში ბრუნდება. ავადმყოფი საწოლში ბორგავს,
ოდნავ წამოიწევა, მაგრამ ისევ ბალიშებზე მიესვენება. თუმცა ეს წუხილი უფრო სულიერს ჰგავს,
ვიდრე ფიზიკურს. რომ დაინახავს, მეგობრები დასხდნენო, ცოტათი წყნარდება და თვალებს
ხუჭავს.
ხსნის არმიის კაპიტანი მარიას ანიშნებს, დარჩიო, თვითონ კი თითის წვერებზე მიიპარება
კარისკენ. მაგრამ ამ დროს კარი იღება და ოთახში დავითის ცოლი შემოდის.
ქალი საწოლს უახლოვდება და ჩერდება, უაზროდ აცეცებს თვალებს, კანკალებს და თითებს
მყესების გატკაცუნებამდე ატრიალებს. გარკვეული პერიოდი, როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებს სად
იმყოფება, მაგრამ თანდათან მზერა უთბება. მომაკვდავის სახისკენ იხრება.
აქ კი უეცრად საშინელი და ავი გრიმასა უმახინჯებს სახეს. თითებს შლის და კაკვავს. ხსნის
არმიის ორივე ჯარისქალი წამოხტება, ვაითუ, მომაკვდავს დაეტაკოსო.
და უცებ პატარა და თვალებს ახელს. თავის წინ კოშმარულ, ნახევრად შეშლილ სახეს რომ
დაინახავს, თავისი ძალაგამოცლილი ხელებით მიიზიდავს ქალს – ეხვევა, შუბლსა და ლოყებზე
კოცნის, ეჩურჩულება:

6
– შე საბრალოვ, შენა, საცოდავო ფრაუ ჰოლმ!
ღატაკი, გონს გადასული ქალი ჯერ უკან დაიწევს, მაგრამ გააკანკალებს და აქვითინებული
ლოყით მიეკვრება მომაკვდავს; საწოლთან მუხლებზე დაეშვება.
– ტირის, დაო მარია, – ჩურჩულებს კაპიტანი ანდერსონი. – ახლა უკვე აღარ გაგიჟდება.
მარიას ცრემლით დასველებული ცხვირსახოცი ჩაუბღუჯავს და ცდილობს მშვიდად და მტკიცედ
ისაუბროს:
– ამის გაკეთება მხოლოდ მას შეუძლია, კაპიტანო, – ჩურჩულებს პასუხად. – მის გარეშე რა
გვეშველება?
წამის შემდეგ ავადმყოფის დედის მავედრებელ მზერას წააწყდებიან.
– ჰო, მართალია, – ამბობს კაპიტანი. – უნდა წავიყვანოთ, მოვაცილოთ აქედან. რა საჭიროა, ქმარმა
აქ წაასწროს. არა, არა, დაო მარია, შენ აქ, შენს დაქალთან, დარჩი! – ეუბნება წამომდგარ მარიას. –
ამ ქალს მე მივხედავ.

თავი II
იმავე საღამოს, ოღონდ უფრო გვიან, სულ რომ ჩამობნელდა, ეკლესიის პატარა ბაღში სამი კაცი
იჯდა და ლუდსა და არაყს სვამდა. ისინი მუქმწვანე, სველი ცაცხვის ქვეშ მოეწყვნენ. ჯერ
დუქანში სვამდნენ, დაკეტვის შემდეგ კი ღია ცის ქვეშ გადმოინაცვლეს. კარგად იცოდნენ ახალი
წლის ღამე რომ დგებოდა, ეკლესიის ეზოს ამიტომაც მიაშურეს. კოშკის საათებთან ახლოს ყოფნა
სურდათ, რომ ახალი წლის სადღეგრძელო არ გამორჩენოდათ.
სიბნელეში სულაც არ ისხდნენ, მეზობელი ქუჩებიდან ელექტროლამპიონების სინათლე
ეცემოდათ. ორი მათგანი, ხანში შესულები, ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ ქალაქს
შემორჩენოდა. მათ სამოწყალოდ მიღებული სპილენძის ფულიც სასმელში დაემღერებინათ.
მესამე კი ოცდაათს ოდნავ გადაბიჯებული უნდა ყოფილიყო.
იმის შიშით, პოლიციამ არ დაგვინახოს და არ გაგვყაროსო, ერთად მიყუჟულიყვნენ და
ჩურჩულით საუბრობდნენ. ახალგაზრდა ჰყვებოდა, ორნი კი ისეთი გასუსულები უგდებდნენ
ყურს, რომ მათ წინ ჩამწკრივებული ბოთლების არსებობაც კი დავიწყებოდათ.
– ერთი ამხანაგი მყავდა, – სერიოზული და უხეში ტონით დაიწყო, თვალები კი ცბიერად
უბრწყინავდა – რომელიც ახალი წლის წინა ღამეს ძლიერ შეიცვალა. ოღონდ, არა იმის გამო, რომ
წლიური შემოსავლების დათვლის შემდეგ გული გაუსკდა, არამედ იმიტომ, რომ ვიღაცამ უთხრა,
დღეს რაღაც საშინელება უნდა შეგემთხვესო. გარწმუნებთ, ბატონებო, მთელი დღე ისეთი
გატრუნული იჯდა საფრთხის მოლოდინში, რომ სიტყვას ვერ დააცდენინებდით, ერთ ჭიქასაც კი
არ დააკარა პირი. საერთოდ კი საკმაოდ მხიარული კაცი იყო და წინასაახალწლოდ მისთვის ოინის
გაჩალიჩება ისეთივე იოლი იყო, როგორც ახლა თქვენთვის ბრუდერშაფტზე გუბერნატორთან
თითო ჭიქის ჩარტყმა.
მაშ ასე, ბატონებო. ახლა, ალბათ, ცნობისმოყვარეობა გკლავთ, ნეტავ რისი ეშინოდა ასეო? ადვილი
არ იყო დაგეცდენინებინა სიტყვა, მაგრამ ერთხელ მაინც გადადგა ეს ნაბიჯი და ყველაფერს
მომიყვა. თუმცა იქნებ ამაღამ ამის მოსმენა არც გაინტერესებთ? ამ ეკლესიის ეზოში კაცი
დაითრგუნება, წინათ ხომ სასაფლაო იყო აქ... აბა, რას იტყვით?
მაწანწალებმა სთხოვეს, გვიამბე, მოჩვენებებისა და აჩრდილების სულაც არ გვეშინიაო და მანაც
დაიწყო მოყოლა.
– ეს ჩემი ამხანაგი კარგი ოჯახიდან იყო. უფსალაში[3] იყო ნასწავლი და ჩვენზე მეტი გაეგებოდა ამ
ქვეყნისა. მოკლედ, მთელი საღამო ყურებჩამოყრილი იყო და სპირტიანს არ გაეკარა, ემანდ
ვინმესთან ჩხუბი არ მომიხდეს და უბედურებას არ გადავეყაროო. სხვა დროს კი ჩხუბს ნაღდად არ
შეუშინდებოდა. მხოლოდ 31 დეკემბრის ღამეს უფრთხოდა, შიშობდა, ფეხები არავინ გამაჭიმინოს
და ცხედრები არ გამიხდეს ფორნით სათრევიო.
– ცხედრები ფორნით სათრევიო? – შესძახა ორივემ.
უფრო მეტი ინტერესი რომ გამოეწვია მათში, განგებ გაწელა სათქმელი და იკითხა, მართლა
გსურთ ამბის ბოლომდე მოსმენაო? თვითონ სიბნელეში იჯდა და მათ სახეებს ყურადღებით
აცქერდებოდა. მაწანწალებმაც, გვინდა, დროულად განაგრძეო, სთხოვეს.

7
– ჰოდა, ჩემმა ამხანაგმა დამარწმუნა, ამქვეყნად ერთი ისეთი ფორანი არსებობს, – აი, გლეხებს
ბაზარზე ათასი რამე დააქვთ, – ოღონდ ისეთი ძველია, რომ იმისთანას გზებზე უკვე ვეღარ
შეხვდებიო. ისეთი დათხვრილი ყოფილა თიხითა და ტალახით, რომ ვერ გაიგებ რისგან არის
შეკრულიო. ღერძი გაბზარული ჰქონია, სალტეები მოფონებული, შეუზეთავი ბორბლები კი ისე
ჭრიალებენ, რომ კაცს ჭკუიდან გადაიყვანენო. ფორნის ფსკერი დამპალი ყოფილა, დასაჯდომები
დაფხრეწილი, საზურგე გადატეხილი. ამ გასაცოდავებულ ფორანში კი ერთი ადამისდროინდელი,
ცალთვალა, კოჭლი და ჭაღარა ძუაფაფრიანი ჯაგლაგია თურმე შებმული. ისეთი მჭლე ყოფილა,
ზურგზე ხერხემლის მალები ხერხის პირებივით ჰქონია ამოჩრილი. თან ისე მკვეთრად, კაცმა რომ
მოინდომოს, დაითვლის კიდეც. ეს ჯიუტი და ზანტი ჯაგლაგი ისეთი კუს ნაბიჯებით
დალასლასებს თურმე, რომ ბავშვი ხოხვით გაასწრებს. აღკაზმულობაც დასძველებია და
გასცვეთია, ბალთები და დუგმები დაუკარგავს, ახლა კი კანაფის ნაგლეჯებითა და ტირიფის
წნელებით ყოფილა შებმული. თითბრისა და ვერცხლის მორთულობიდან კი ერთიც აღარაფერი
დარჩენია, თუ რამდენიმე ჭუჭყიან ქსოვილის ფუნჯს არ ჩავთვლით, რაც აღკაზმულობას კი არ
შვენის, არამედ უარესად ამახინჯებს. აღვირისგან, ეტყობა, მყარად იყო გაკეთებული, კვანძები
მაინც არის დარჩენილი, თან არაერთხელ ხელშენავლები... თუმცა ახლა აღარაფრად ვარგა.
ის წამოდგა და ბოთლს გადასწვდა, შეიძლება, იმიტომაც, რომ მსმენელთათვის ამოსუნთქვისა და
მოსმენილის გადახარშვის საშუალება მიეცა.
– ბატონებო, იქნებ უცნაურადაც გეჩვენებათ, – განაგრძო მან. – მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ
აღვირისა და აღკაზმულობის გარდა, ერთი მეფორნეც არსებობს, კუზიანია და ბოროტი მზერით
იცქირება, დაფხრეწილ დასაჯდომზე მოკალათებულა და ბებერ ჯაგლაგს მიერეკება. ტუჩებზე
ლეგა-ლურჯი გადაჰკრავს, ლოყებზე ნაცრისფერი დასდებია, თვალები კი ამღვრეული აქვს.
გრძელი, გაქონილი ლაბადა აცვია თვალებზე ჩამოფხატული კაპიუშონით. ხელში
დაბლაგვებული, ჟანგიანი, გრძელსახელურიანი ცელი უჭირავს. ჰოდა, ჩემო ბატონებო, რომ
იცოდეთ ამ მეფორნის ვინაობა, მოგახსენებთ, რომ უბრალოდ მეფორნე კი არა, თავად მრისხანე
ქალბატონის – სიკვდილის სტაჟიანი მსახური გახლავთ. დღედაღამ მისი დავალებების
შესასრულებლად დაიარება. თუ ვინმე კვდება, ეგ მეფორნე თავის მაიმახ ჯაგლაგშებმულ ფორანს
მისკენ მიაღრჭიალებს და მიარახრახებს დაუზარებლად.
მთხრობელი წამიერად ჩერდება და თანამეინახეებს სახეზე აკვირდება. რაკი რწმუნდება,
ყურადღებით მისმენენო, თხრობას განაგრძობს:
– ბატონებო, სიკვდილი, ალბათ, ნახატებიდან გეცოდინებათ და იმასაც შეამჩნევდით, რომ ფეხით
მიმავალს ხატავენ ხოლმე. მაგრამ ახლა საქმე სიკვდილს კი არა, მის მეფორნეს ეხება. კაცი
იფიქრებს, თავად სიკვდილი დიდ მოსავალს იღებს, თავის მეფორნეს გასასხეპად კი ღეროებსა და
გზის პირა ყვავილებს უტოვებსო. ახლა კი ყველაზე უჩვეულო რამეს გიამბობთ. საქმე ისაა, რომ ამ
ღერების სასხეპად ერთსა და იმავე ფორანს გზავნის, რომელიც შეუცვლელია, მეფორნე კი ჟამიდან
ჟამზე იცვლება. სიკვდილის მსახური ის ხდება, რომელიც წელიწადში ყველაზე ბოლოს კვდება,
ანუ სულს მაშინ დალევს, როდესაც ახალი წლის ღამეს საათი თორმეტს ჩამოჰკრავს. მის ცხედარს
მიწას მიაბარებენ, მაგრამ დაუდგრომელ სულს კი ამ ლაბადის გადაცმა, ცელის მომარჯვება და
მთელი წელიწადი ერთი მომაკვდავიდან მეორესთან სიარული უწევს, სანამ ახალი წლის ღამეს
მას ვინმე არ შეცვლის.
ჩუმდება და თავის მისავათებულ თანამესუფრეებს ეშმაკურად გამომცდელ მზერას შეავლებს.
ამჩნევს, რომ ისინი კოშკის საათზე ისრების განლაგების ზუსტად დადგენას ცდილობენ.
– საათის მიხედვით თორმეტს თხუთმეტი უკლია, – ეუბნება მათ. – ასე რას ღელავთ,
საბედისწერო ჟამი ჯერ არ დამდგარა. თუმცა, მესმის, რომ მიმიხვდით თუ რისი ეშინოდა ჩემს
ამხანაგს. სწორედ იმისი, რომ ზუსტად შუაღამის დადგომისას არ მომკვდარიყო და სიკვდილის
მეფორნედ არ ქცეულიყო. ალბათ, მთელ დღეს იმაზე ფიქრში გაატარებდა, ნეტავ როგორ
ჭრიალებსო სიკვდილის ოთხთვალა. აი, ყველაზე უცნაური კი ის გახლავთ, ბატონებო, რომ შარშან
სწორედ 31 დეკემბრის შუაღამეს ამოხდა სული.
– თორმეტ საათზე ამოხდა სული?
– არა... ზუსტად თორმეტ საათზე-მეთქი, ვერ გეტყვით, მაგრამ შუაღამისას რომ წავიდა იმ
ქვეყნად, ეგ დაბეჯითებით ვიცი. ისე კი, ვხვდებოდი, რომ ზუსტად ამ დღეს მოკვდებოდა, რადგან
ასე ეშინოდა 31 დეკემბრის დადგომისა. თუკი თქვენც იმავენაირად განეწყობით, არც თქვენ
აგცდებათ ეს ხვედრი.
თითქოს შეთქმულები არიანო, ორივე მაწანწალამ ერთდროულად დასტაცა ბოთლებს ხელი. ჯერ
დიდი ყლუპი მოსვეს, მერე ნელა და მოუხერხებლად დაიწყეს წამოდგომა.

8
– ნუთუ შუაღამის დადგომას არ დაუცდით და ისე მიატოვებთ ჩვენს სუფრას, ბატონებო? –
ჰკითხა მთხრობელმა და თან მშვენივრად მიხვდა, როგორ შეაშინა ისინი. – მგონი, ამ ზღაპარს
იოტისოდენა ყურადღებაც კი არ უნდა მიაქციოთ. ჩემი ცხონებული მეგობარი, რომელზეც
გიყვებოდით, სუსტი ადამიანი იყო. ჩვენსავით შვედურად ახოვანი და ჯანმაგარი კი არ გახლდათ.
მოდით, ისევ ჩავუსხდეთ და თითოც დავლიოთ.
– ასე ჯობია! – კმაყოფილმა წარმოთქვა, რა დაინახა, რომ მაწანწალები ისევ დასხდნენ მიწაზე. –
მთელი დღეა მუხლი არ ჩამიხრია, აქ კი ვისვენებ. სადაც უნდა გამოვჩნდე, ხსნის არმიის
ჯარისკაცები მესხმიან თავს და მიმარბენინებენ მოწყალების და ედითთან, რომელიც სიკვდილის
სარეცელზე წევს. მადლობა გადავუხადე და ვიუარე, აბა, ვის რაში აინტერესებს ეს გულისამრევი
აღსარებები?
ედითის სახელის გაგონებაზე გამომთვრალი მაწანწალები უცებ შეხტდნენ. იკითხეს, ქოხმახებში
რომ თავშესაფარი მოაწყო, მასზე ხომ არ ამბობო.
– ცხადია, მასზე ვამბობ, – პასუხობს აყლაყუდა. – მთელი წელი განსაკუთრებული ყურადღების
ცენტრში მამყოფა. იმედია, თქვენი ახლობელი არ იქნება და მაინცდამაინც გული არ დაგწყდებათ
მის გამო.
ცხადი იყო, რომ ედითს რაღაც სიკეთე ჰქონდა მათთვის გაკეთებული, რაც კარგად ახსოვდათ.
ამიტომ, გადაჭრით განაცხადეს, თუკი და ედითს ვინმეს ნახვა სურს, მაშინ სასწრაფოდ მასთან
უნდა გავწიოთო.
– ასე მოვიქცეთ, ბატონებო? მზად ვარ, წამოვიდე, თუკი თქვენ – არადა, კარგად მიცნობთ, –
მეტყვით, რომ და ედითს ჩემი ხილვა სიხარულს მოჰგვრის.
ვერც ერთი მაწანწალა ვერ ბედავს, პასუხისმგებლობა იკისროს და ამ კითხვაზე პასუხი გასცეს.
უბრალოდ აძალებენ, ვინახულოთო. ახმახი კი განგებ უარობს, რომ ახვეწნინოს, მაგრამ
მაწანწალები ცხვირ-პირის დამტვრევით დაემუქრებიან, თუ ნებით არ გაჰყვება.
მერე ზეზე წამოდგებიან და მკლავებს დაიკაპიწებენ, რომ შეტევაზე გადასვლა გაიადვილონ.
მათ მოწინააღმდეგეს კი, რომელმაც იცის, რომ ქალაქში ყველაზე მაღალი და ჯანმაგარია, ეს
უბადრუკი კაცუნები უეცრად გულისარევამდე შეეცოდა.
– თუკი უსათუოდ ჩხუბი უნდა მოგვივიდეს, მე ნებისმიერ წამს მზად ვარ. მაგრამ რატომღაც
მირჩევნია, საქმე მშვიდობიანად მოვაგვაროთ, მით უმეტეს, მას მერე, რაც წეღან მოგიყევით.
იქნებ მთვრალ მაწანწალებს გამხეცების სხვა მიზეზიც ჰქონდათ, მაგრამ ჩხუბის ჟინმა მათში ამ
სიტყვების მერე უფრო გაიღვიძა და ისინიც მუშტებით ეცნენ აყლაყუდას.
თავის უპირატესობაში დარწმუნებული არც კი წამომდგარა მიწიდან. მხოლოდ ხელებს იქნევს და
თავდამსხმელებს აქეთ-იქით ისე იგერიებს, როგორც პატარა ლეკვებს. მაგრამ ისინი მაინც ესხმიან
თავს და ერთ-ერთი იმასაც კი ახერხებს, რომ მჯდომარე ახმახს მკერდში საკმაოდ ძლიერად
ურტყამს. წამში გრძნობს, რომ რაღაც ცხელმა აუვსო შიგანი, ყელში ამოუვიდა და პირი გაუვსო.
მან იცის, რომ ერთი ფილტვი დაზიანებული აქვს, ეს სისხლის ღებინების დასაწყისია. თავდაცვას
თავს ანებებს და მიწაზე ეცემა, პირიდან სისხლი გადმოსდის. მაგრამ საქმე უფრო გართულდა.
თანამეინახეებმა დაინახეს თუ არა, რომ ნაცემი კაცი ძირს გდია და პირიდან სისხლს არწყევს,
იფიქრეს, შემოგვაკვდაო, და იქიდან აორთქლდნენ. ახმახს კი სისხლდენა თითქოს მალე შეუწყდა,
მაგრამ წამოდგომა და სისხლდენის განახლება ერთი იყო.
მართალია, ღამე არც ისეთი სუსხიანია, მაგრამ სველ ნიადაგზე მწოლიარეს ლამის ხელ-ფეხი
მოეყინოს. მიხვდა, რომ თუკი არავინ მიაკითხავდა და სადმე თბილ სახლში არ გადაიყვანდა,
დაღუპვამდე ბევრიც არაფერი აკლდა. აყლაყუდა ქალაქის ცენტრში კი წევს, ეკლესიის ეზოსთანაც
ბევრი გამვლელია, მაგრამ ეზოში არავინ შედის. ხალხი სულ ახლოსაა, მათი ხმებიც კი ესმის. რა
დასანანია დაღუპვა, როცა დახმარება ასე ახლოსაა.
ცოტა კიდევ მოიცადა, მაგრამ სიცივემ ისე დააჭირა, რომ საშველად ვინმეს მოხმობა გადაწყვიტა,
აბა, წამოდგომას ხომ ვერ შეძლებდა.
მაგრამ ისევ არ გაუმართლა, სწორედ ამ დროს კოშკის საათმა ღამის თორმეტი საათი ჩამოჰკრა.
კაცის ხმა ფოლადის ზარებმა ჩაახშო, ამიტომაც ძახილი არავის გაუგონია. მეორედ დაძახება ვეღარ
გაბედა, რადგან დაძაბულობაზე სისხლდენა გაუძლიერდა. იმხელა ჭავლით ამოანთხია სისხლი,
რომ იფიქრა, ალბათ, მთელი მარაგი ამოვღვარეო. „წარმოუდგენელია, რომ აქ და ახლა გავფშიკო
ფეხები, ახლა ხომ თორმეტმა ჩამოჰკრა“, – გაუელვა თავში და მყისვე ისეთი განცდა დაეუფლა,
თითქოს გალეული სანთელივით ჩაქრა. და სწორედ იმ წამს, როდესაც კოშკის საათმა

9
უკანასკნელად ჩამოჰკრა და ახალმა წელმა შემოაბიჯა დედამიწაზე, ის სიბნელეში, არყოფნაში
ჩაიძირა.

თავი III
როგორც კი კოშკის საათმა არემარეს გასაგონად თორმეტჯერ ჩამოჰკრა, ჰაერი მოკლე და
ამაზრზენმა ჭრიალმა გაკვეთა.
ეს ხმა მცირე შუალედებით კიდევ რამდენჯერმე განმეორდა. ურმის შეუზეთავი ბორბლების
ჭრიალის მსგავსი იყო, მაგრამ ძალზედ დანჯღრეული ფორნის ბორბლების ჭრიალზე უფრო
საშინლად ისმოდა, რაც ტკივილის მომგვრელსა და შიშის ზარის დამცემს ჰგავდა.
რა ბედნიერებაა, რომ ახალი წლის შესახვედრად ქუჩაში გამოსულ მოსეირნეებს ეს ამაზრზენი
ჭრიალი არ ესმით. ეს ხმა რომ გაეგონათ ეკლესიის ბაღის გარშემო და მოედანზე შეკრებილ
ახალგაზრდებს, რომლებიც მთელი ღამე სეირნობენ და რომელთაც ახლა ერთმანეთში ახალი წლის
მილოცვების გადაძახილი აქვთ, საშინელების წინაშე თავზარდაცემულებს საახალწლო
მილოცვები კივილით შეეცვლებოდათ. ან თუნდაც ეს ხმა რომ მოესმინა მისიონერთა პატარა
სამლოცველოსთან შეკრებილ მრევლს, რომელმაც ეს-ეს არის საახალწლოდ მადლიერების ჰიმნი
დასძახა, იფიქრებდა, ჩვენს გალობაში დაცემული ანგელოზების ვაება შეერიაო. ან იმ კაცს რომ
გაეგონა ეს ხრჭიალი, შამპანურის ჭიქა რომ აუწევია და დამდეგი ახალი წლის სადღეგრძელოს
სვამს, იფიქრებდა, ეს რა ავბედითი ყვავი დამჩხავის თავზე, გეგმები და მომავალი არ
ჩამიმწაროსო. ან მას რომ გაეგონა ეს უჟმური ხმაური, ვინც ახლა საკუთარ სახლში ფხიზლობს და
გასული წლის ამბებს ანგარიშობს გულში, ალბათ, ღრმა სასოწარკვეთილება დაეუფლებოდა
თავისი სისუსტისა და უძლურების შეცნობით.
საბედნიეროდ, ეს ჭრიალი მხოლოდ ერთ ადამიანს ესმის, რომელმაც დაიმსახურა, რომ თავზარი
დასცემოდა, სულში სინდისის ქენჯნას გაეღვიძა, საკუთარი თავისადმი ზიზღი გასჩენოდა, თუ
საერთოდ გააჩნდა ამისი უნარი.

თავი IV
ადამიანი, ახლახან ამდენი სისხლი რომ დაკარგა, წევს და გონზე მოსვლას ცდილობს. ეჩვენება,
რომ ვიღაც აღვიძებს, თავზე რაღაც ფრინველი დასჩხავის. თვითონ კი გემრიელი, ტკბილი სიზმრის
საბურველშია გახვეული და ვერ იღვიძებს.
მაგრამ უცებ ხვდება, რომ ფრინველის ჩხავილის ხმა კი არა, სიკვდილის ძველი ფორნის ხრჭიალი
ჩაესმის, აი, იმისა, ორ მაწანწალას რომ უყვებოდა. ფორანი ნჯღრევა-ნჯღრევით უახლოვდება
ეკლესიის ეზოს და მას ძილს უფრთხობს. ნაცემი კაცი გარინდებული ცდილობს, არ იფიქროს
სიკვდილის ფორანზე. იქნებ ელანდება კიდეც, აკი ამდენ ხანს ამ საკითხზე ლაპარაკობდა.
ისევ ტრანსში ვარდება, მაგრამ ხრჭიალის უწყვეტი ხმა მაინც ჩაესმის და მოსვენებას აკარგვინებს.
უკვე ხვდება, რომ მართლაც ფორნის ჭრიალია – წარმოსახვის თამაში კი არა, რეალობაა, ამიტომ
იმედიც არ უნდა ჰქონდეს, რომ ეს ოხერი ხმაური შეწყდება.
ახლა კი გამოფხიზლებას გადაწყვეტს, მეტი რაღა დარჩენია.
მაშინვე ამჩნევს, რომ პირვანდელ ადგილას წევს, ანუ არავინ დახმარებია. არაფერი შეცვლილა,
მხოლოდ ქარი თუ გაიქროლებს და ველურ ხმებს გამოსცემს. თითქოს შორიდან მოდისო ეს ხმები,
მაგრამ უკვირდება და ხვდება, რომ ქარის ხმაური ახლოდან ესმის და გამოფხიზლებაში ეხმარება.
ნეტავ დიდხანს იწვა უგონოდ? არა, წარმოუდგენელია. ირგვლივ იმდენი ხალხია, ყველა ხმამაღლა
ულოცავს ერთმანეთს ახალ წელს, ესე იგი, საათსაც ახლახან ჩამოუკრავს თორმეტი.
ჭრიალი ისევ გაისმის, თან უწყვეტად, ის კი ასეთ მკვეთრ და გამჭოლ ხმებს ვერასდროს იტანდა,
ამიტომ წამოდგომას და ამ ადგილიდან გაცლას გადაწყვეტს, რომ ყურები დაიცვას ამ
საზარლობისგან. ცდად მაინც ღირდა. უკვე სრულად მოვიდა გონზე და თავსაც უკეთ გრძნობს.
ეტყობა, გულში სისხლმდენი ღია ჭრილობა აღარ აქვს. აღარც სიცივე აწუხებს და აღარც
დაღლილობა; ყველაფერი ისეა, როგორც იმ დროს, როცა ჯანზე იყო და სხეულის სიმძიმეს ვერ
შეიგრძნობდა.
ისევ გვერდზე წევს, იმავე პოზაში, როგორშიც წაქცეული აღმოჩნდა. ახლა ზურგზე გადაბრუნება

10
უნდა, რათა დასუსტებული სხეული დაითვალიეროს. „ახლა ფრთხილად ავიწევი იდაყვებზე, –
ფიქრობს თავისთვის, – გადავბრუნდები და ისევ დავწვები“.
ჩვეულებრივ, როცა ადამიანი ამბობს, ამას ან იმას ვიზამო, ის ახორციელებს კიდეც ჩანაფიქრს.
მაგრამ ამჯერად რაღაც უცნაური ემართება, მისი სხეული უძრავად განაგრძობს წოლას და არ
ემორჩილება. ნუთუ იმდენ ხანს იწვა აქ, რომ გაიყინა? მაგრამ თუ ასე მოუთავდა უკვე ხელი,
წესით მკვდარი უნდა იყოს, მაგრამ ის ცოცხალია – ხედავს და ესმის. ისე, ახლა აღარც ისე სცივა,
ხის კენწეროებიდან კი წვეთებიც ეცემა.
მისი გონება ამ უცნაურმა ფიქრებმა იმდენად მოიცვა, რომ ჭრიალის ხმაც კი მიავიწყდა, მაგრამ
ისევ გაიგონა. „ჰოო, ახლა კი, დავით, იმაზე ფიქრი ნაღდად აღარ მოგიწევს, ამ მუსიკას როგორ
გავექცეო! – ეუბნება საკუთარ თავს. – ძალები უნდა მოვიკრიბო, რომ გავუძლო“.
რთული იქნება ადამიანისთვის, ვინც ეს-ეს არის თავს ჯანსაღად გრძნობდა, და არც ახლა უჩივის
რამეს, იწვეს და ვერ დგებოდეს. ცდას არ აკლებს, რომ თითი მაინც გაანძრიოს როგორმე, ან თვალი
გაახილოს... მაგრამ ამაოდ. იმის წარმოდგენას ლამობს, აქამდე როგორ აკეთებდა ამას, როცა
მოძრაობა შეეძლო. მაგრამ, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ეჩვენება, რომ სულ გადავიწყებია
კუნთების გამოძრავება.
ამასობაში ჭრიალი უფრო ძლიერდება. უკვე შორიდან კი არა, სულ ახლოდან ჩაესმის და ისიც
ხვდება, რომ ურმის ჭრიალია, რომელიც ლონგატანს[4] მიუყვება მოედნისკენ. აშკარაა, ვიღაც
ბოროტად ხუმრობს. აი, უკვე ბორბლების ხრჭიალთან ერთად ხის ტკაცუნი და ქვაფენილზე
ჩლიქების თქარათქურიც ესმის. გაიფიქრა, „ის ავბედითი ფორანიც რომ იყოს, რომლისაც ჩემს
ძველ ამხანაგს ეშინოდა, ამაზე საშიში ნაღდად ვერ იქნებოდა“.
„ეჰ, დავით, – ეუბნება თავის თავს, – მე და ჩემი ამხანაგი პოლიციას არასდროს ვწყალობდით,
მაგრამ ახლა რომ გამოჩენილიყო საიდანმე და ამ გაუგებრობისთვის წერტილი დაესვა,
მადლობასაც კი ვეტყოდით“.
ეს ადამიანი თავისი სიმამაცით ხშირად ტრაბახობდა, მაგრამ ახლა თანდათან შიში იტანს ამ
მოზუზუნე მუსიკის გამო, რადგან ჰგონია, რომ ამდენი დავიდარაბის შემდეგ ეს ხმაური ბოლოს
მოუღებს. თავში საშინელი აზრები უტრიალებს: აქ რომც მოაგნონ, მკვდარი ეგონებათ და
საცხედრეში გადაიტანენ. „შენ კი, დავით, უნდა იწვე და ისმინო, რასაც შენს ცხედართან
წარმოთქვამენ, თუმცა რაც ახლა გესმის, არა მგონია, მერე იმაზე უკეთესი გაიგონო“.
ეტყობა, ამ ხრჭიალმა ისევ და ედითი გაახსენა, ოღონდ სინდისის ქენჯნით კი არა, არამედ გულის
ტკივილით, მაინც მაჯობა მაგ ქალმაო.
ხრჭიალი ჰაერს კვეთს და ყურს სჭრის, მაგრამ ადამიანებისთვის მიყენებული ბოროტების გამო
სინდისის ქენჯნას კი არ იწვევს მასში, პირიქით, მხოლოდ იმ წყენას ახსენებს, რაც მისთვის
სხვებს მიუყენებიათ.
მისი გაღიზიანება აპოგეას რომ აღწევს, უეცრად ფიქრს წყვეტს და წუთიერად ირინდება. ფორანი
ლონგატანის ბოლომდე მიჩაქჩაქდა, მაგრამ მოედანზე არ შეუხვევია. ქვაფენილზე ფლოქვების
თქარუნიც შეწყდა, ახლა მხოლოდ ქვიშამოყრილ ბილიკზე ისმის ბაკაბუკი. ეს ხმაური მას
უახლოვდება. ეკლესიის ეზოშიც შეაღწია.
გაუხარდა, ახლა მაინც მომხედავს ვინმეო და წამოდგომა სცადა. მაგრამ ისევ ამაოდ. მასში
მხოლოდ აზრები ამოძრავდნენ.
სამაგიეროდ, კარგად ესმის თუ როგორ უახლოვდება ძველი ფორანი. დამპალი ხე რახუნობს,
აღკაზმულობა ჟღარუნებს, შეუზეთავი ბორბლები კი ისე საცოდავად ჭრიალებენ, რომ ფორანი
ლამისაა დაიშალოს, სანამ ადგილამდე მივიდოდეს.
ფორანი ისეთი ტაატით მიჩაქჩაქებს, რომ მისი მომლოდინე დაღლილი, მარტოხელა კაცი
იფიქრებს, ჩემამდე ვერასოდეს მოაღწევსო. ვერაფრით ხვდება, რა ფორანია ასეთი, რომ ახალი
წლის ღამეს ეკლესიის ეზოში შეუხვია. იქნებ მეფორნე მთვრალია და შემთხვევით შეუხვია? აბა,
ის რაში გამოადგება.
„ამ ხრჭიალმა გუნება გაგიფუჭა, დავით, – ფიქრობს თავისთვის. – ნუ ღელავ, რაკი ამ ოთხთვალამ
სხვა ხეივნით არ გასწია და აქ შემოუხვია, ესე იგი, შენამდეც მოაღწევს“.
რამდენიმე წამი და ფორანიც მიადგება, ამ აუტანელმა ჭრიალმა კი სულიერად დასცა. „ამაღამ არ
გიმართლებს, დავით, – ფიქრობს ისევ. – აი, ნახავ, ახალი უბედურება გიახლოვდება. ან მძიმე
სატკეპნი გადაგივლის და გაგსრესს, ან რამე უფრო უარესი დაგატყდება თავს“.
ერთი წამიც და იმას ხედავს, რასაც ასე ელოდა. მართალია, სატკეპნი სულაც არ მისდგომია

11
გასასრესად, მაგრამ მაინც გული უსკდება.
თავს ვერ აბრუნებს, ამიტომ მხოლოდ იმას ხედავს, რაც მის წინაა. გვერდზე წევს, სახით გზისკენ,
ამდენად ფორანი მის წინ ნაწილობრივ ჩანს. პირველი, რაც დაინახა, ჯაგლაგის თავია, –
რუხფაფრიანი თავი ბრმა თვალით მისჩერებია, მერე მის ფეხსა და დაძენძილი კანაფით შეკრულ
აღკაზმულობას ამჩნევს. აი, უკვე ხედავს ბებერ ჯაგლაგსა და ჯაბახანა ფორანს, რომელსაც
ჭანჭიკებმომძვრალი ბორბლები ლამისაა გამოსძვრეს. ის ხედავს ჩვეულებრივ, გლეხის ფორანს,
ოღონდ ისეთ დაშლილსა და დაფახფახებულს, რომ მასზე ტვირთის დადება ყოვლად
შეუძლებელია.
კოფოზე მჯდომი მეფორნე კი წააგავდა ზუსტად იმას, ვის შესახებაც ცოტა ხნის წინ თავადვე
უყვებოდა თანამეინახეებს. ხელში დაწყვეტილი და არაერთხელ გადაკვანძული აღვირი უკავია,
კაპიუშონი თვალებზე ჩამოუფხატავს, თავად კი მარადიული დაღლილობისგან წელში მოხრილა.
როდესაც სისხლი სდიოდა, დავითი გრძნობდა, რომ გული ჩაქრობის პირას მყოფი ალივით
უცახცახებდა. ახლა კი ეჩვენება, რომ გულს ისე უგრეხენ, უბურღავენ და უკორტნიან, რომ,
ალბათ, საგულეს ვეღარ ჩაუდგება. მართალია, ფიქრებისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია,
მაგრამ ზღაპარში ნახსენები პერსონაჟის პირისპირ ხილვა უკვე მეტისმეტი იყო.
„ეჰ, სულ მთლად გაგიჟდი, დავით – სასოწარკვეთილი ფიქრობს. – თითქოს სხეულის მოშლა არ
გეყოფოდა, რომ ახლა ტვინიც გეღრძო“.
უცებ მეფორნის სახის დანახვამ გამოიყვანა ამ ფიქრებიდან. დავითს მიახლოებული ცხენი შედგა
და მეფორნეც წელში ისე გაიმართა, თითქოს გაეღვიძაო. დაღლილი ხელით კაპიუშონი გადაიგდო
და მიმოიხედა. სწორედ ამ დროს შეხედეს მჯდომარემ და მწოლიარემ ერთმანეთს და ამ
უკანასკნელმა მეფორნეში ძველი ნაცნობი ამოიცნო.
„მაშ, ეს შენ ყოფილხარ, გეორგ, – განაგრძო ფიქრი, – უცნაურად კი გამოწყობილხარ, მაგრამ მაინც
გიცანი“.
„ერთი მითხარი, დავით, სად იყო ამდენი ხანი? – განაგრძობს თავისთვის ფიქრს. – ლამის წელი
იქნება ერთმანეთისთვის თვალი აღარ მოგვიკრავს. მაგრამ გეორგი ხომ თავისუფალი კაცია და
შენსავით ცოლ-შვილით არ არის შებორკილი. იქნებ სადმე იყო წასული, იქნებ ჩრდილოეთ
პოლუსიდან ბრუნდება. რაღაც ფერმკრთალი და გათოშილი ჩანს“.
მეფორნეს მიშტერებია, რადგან მის სახეზე რაღაც უცნობს ჭვრეტს. მაგრამ ეს ხომ გეორგია, მისი
ძველი ამხანაგი და თანამესუფრე. მისი მოზრდილი თავი იცნო, მისი არწივის ცხვირი და შავი
წვერ-ულვაში. ასეთი გარეგნობით ნებისმიერი სერჟანტი იამაყებდა, მეტიც, ნებისმიერ გენერალს
დაეუფლებოდა სიდიადის განცდა, მაგრამ დახეთ, ძველი ამხანაგი ვეღარ ცნობს მას.
„აბა, რას ამბობ, დავით, – ისევ განაგრძობს ფიქრს. – განა აღარ გახსოვს, რომ გეორგი შარშან,
ზუსტად ახალი წლის ღამეს, სტოკჰოლმის საავადმყოფოში გარდაიცვალა? ეჰ, კი მახსოვს, მაგრამ
იმდენჯერ შეგვშლია, რომ... მაგრამ ეს მაინც გეორგია, თან ცოცხალი. ნახე ერთი, დგება კიდეც!
განა ის არ არის? რაღაც მჭლე აღნაგობა აქვს, სულ ვამბობდი, სერჟანტის თავს არ უხდება-მეთქი.
აბა, ახლა რაღას იტყვი, დავით? ფორნიდან რომ ჩამოხტა, ლაბადა გადაეწია და ნათლად გამოჩნდა,
რომ შიგნიდან გრძელი, ყელამდე შეკრული, გაქუცული სერთუკი აცვია, რომელიც სულ
ქუსლებამდე სცემდა ხოლმე. ყელზე დიდი წითელი შარფი აქვს მოხვეული, მაგრამ ჟილეტის ან
პერანგის კვალიც კი არსად ჩანს“.
უძრავად მწოლიარე ადამიანი გამხნევდა. ახარხარდებოდა კიდეც, ამის თავი რომ ჰქონოდა.
„ოდესმე თუ დაგიბრუნდება ხელ-ფეხში ძალა, დავით, ამ წარმოდგენის გამო პასუხს მოსთხოვ.
ასე გამოპრანჭვა გაგონილა? კინაღამ ტვინი გამებურღა მისი ყურებით. გეორგის მეტი ასეთ
ჯაგლაგსა და ფორანს ვინ იპოვიდა და ეკლესიის ეზოში ვინ შემოეხეტებოდა?! შენც კი, ჩემო თავო,
ამდაგვარ სანახაობას ვერ მოიფიქრებდი. მაგისი გამჭრიახობა რომ მქონოდა ცხოვრებაში...“
მეფორნე მწოლიარეს უახლოვდება, ჩერდება და დასცქერის. სახე გაყინული და სერიოზული აქვს.
აშკარაა, რომ ძირს გაწოლილი ვერ იცნო.
„ერთი რამე ვერ გავიგე ამ დავიდარაბაში, – განაგრძობს დავითი ფიქრს. – როგორ გაიგო ნეტავ,
რომ ამხანაგებთან ერთად ვიჯექი და ჩვენი შეშინება რა ჯანდაბად მოუნდა. და მეორეც:
სიკვდილის მეფორნედ გამოწყობა რაღამ მოაფიქრებინა, როცა მუდამ ეშინოდა მისი?“
მეფორნე დაიხარა, მაგრამ სახიდან უცნაური, უცხო გამომეტყველება არ სცილდება.
– ეს უბედური რომ გაიგებს, მე რომ უნდა შემცვალოს, – ბუტბუტებს მეფორნე, – გულზე არ
მოეფონება.

12
მიწაზე გართხმულ ადამიანს მისი სიტყვები ესმის.
მეფორნე უფრო დაბლა იხრება და უეცრად ძველ ამხანაგს იცნობს. სახეს მთლად სახესთან
მიუტანს, თვალებზე ჩამოფხატულ კაპიუშონს ისევ უკან გადაიგდებს და თვალებში ჩახედავს.
– ვაი! – გულგახეთქილი ამოიკვნესებს, – ეს ხომ დავით ჰოლმია! ყველაზე მეტად ამისი მეშინოდა.
– მაშ, ეს შენ ხარ, დავით? ეს შენ ხარ? – იმეორებს მეფორნე და მუხლებზე ეცემა დავითის თავთან.
– მთელი წელი... – მწარედ განაგრძობს აღელვებული, – ერთი სიტყვა უნდა გითხრა, სანამ გვიან
არ არის. ერთხელ დავაპირე მეთქვა, მაგრამ ისეთი წინააღმდეგობა გამიწიე, რომ ვერაფრით ვეღარ
მოგიდექი. ვფიქრობდი, რომ გამათავისუფლებენ, მაშინვე მოვასწრებ-მეთქი თქმას, მაგრამ შენ
უკვე აქ გდიხარ. ახლა უკვე გვიანია, რომ გითხრა „ფრთხილად იყავი!“
დავით ჰოლმი უსმენს მას და უზომოდ გაოცებულია. „ნეტავ რისი თქმა უნდა? – ეკითხება
საკუთარ თავს. – ისე ლაპარაკობს, თითქოს ამქვეყნად არ იყოს. ან როდის ცდილობდა
მოახლოებას და როდის შევუშალე ხელი? თუმცა, ასეც უნდა იყოს, – თავს ინუგეშებს. – გული რომ
გამიხეთქოს, ასე იმიტომაა გამოწყობილი“.
– ასეთი ბედი რომ გეწია, ჩემი ბრალია, – აკანკალებული ხმით განაგრძობს მეფორნე. – გგონია, არ
ვიცი? მე რომ არ დამკავშირებოდი, ახლაც მშვიდი და წესიერი ცხოვრება გექნებოდა. ორივენი
ახალგაზრდები და გონიერები ხართ, რას უნდა შეეშალა თქვენთვის ხელი. იცოდე, დავით, ამ
უსასრულო წელიწადში ერთი დღეც არ ყოფილა, რომ შენ გზიდან აცდენასა და გალოთებას სული
არ მოეწამლა ჩემთვის! ეჰ, – განაგრძობს და მეგობარს სახეზე ეფერება, – ვშიშობ, იმდენ
საძაგლობას ჩაიდენდი, რომ მე წარმოდგენაც კი გამიჭირდება! თვალებისა და პირის ირგვლივ ეს
საშინელი ნიშნები ტყუილად კი არ გემჩნევა!
დავით ჰოლმის კარგი განწყობა გაღიზიანებით იცვლება. „კმარა ხუმრობა, გეორგ! – ფიქრით
შეუტია. – მოიყვანე ვინმე, რომ შენს ფორანზე შემსვან და საავადმყოფოში წამიყვანონ!“
– ალბათ, გეცოდინება, დავით, რას ვსაქმიანობდი მთელი წელი და რა ფორანმა და ჯაგლაგმაც
მომიყვანეს აქ. ამიერიდან მთელი წელი ვის უნდა ეჭიროს ეს აღვირი, ამასაც მიხვდებოდი. მაგრამ
იცოდე, ეს ბედი მე არ მომიმზადებია შენთვის. ამ საშინელ ღამეს შენთან შეხვედრას ვერაფრით
ავცდებოდი! გახსოვდეს, რომ მცოდნოდა, ეს რომ მცოდნოდა, ყველაფერს ვიზამდი, რომ შენ არ
შეგხვედროდი ამ ღამეს!“
„ამ გეორგმა მართლა ხომ არ გააფრინა? – გაუელვა დავითს. – რას აყოვნებს, განა ვერ ხვდება, რომ
საქმე სიკვდილ-სიცოცხლეს ეხება?!“
ამწუთას მეფორნემ გულისტკივილით აღსავსე მზერა ესროლა.
– დავით, არ იღელვო იმაზე, საავადმყოფოში რომ არ მიმყავხარ; როცა ავადმყოფს ვეახლები,
ექიმის საჭიროება უკვე აღარ არის ხოლმე.
„ამ ღამეს, ალბათ, ყველა ტროლი და კუდიანი ერთობა და სანახაობას აწყობს, – ფიქრობს დავითი.
– როგორც იქნა ადამიანი გამოჩნდა და ხელს მაინც არ ანძრევს, ეტყობა, ჩემი დაღუპვა უნდა ან
ჭკუიდან არის გადასული!“
– უნდა შეგახსენო, დავით, რა შეგემთხვა შარშან ზაფხულს, – ეუბნება მეფორნე. – კვირადღე იყო,
გზა, რომელსაც მიუყვებოდი, ფართო ველზე გადიოდა ნახნავებთან, ლამაზ, ყვავილნარში
ჩაფლულ სახლებთან ახლოს. ნაშუადღევის ხვატი იდგა, რაც ზაფხულის დამდეგს არცთუ იშვიათი
მოვლენაა. მგონი, შეამჩნევდი, რომ შენ ირგვლივ კაციშვილი არ ჭაჭანებდა. ნახირიც კი ჩრდილს
ეტანებოდა და ხეების ქვეშ შექუჩებულიყო. ადამიანის ხსენება არ იყო კილომეტრში. ალბათ,
ყველა შინ იჯდა და სიცხეს ემალებოდა. ხომ გახსოვს ეგ დღე, დავით?
„იქნებ ასეც იყო, – ფიქრით პასუხობს, – იმდენი მიხეტიალია ხვატშიც და ავდარშიც, რომ რაღა
უნდა მახსოვდეს“.
– ჰოდა, სრულმა სიმშვიდემ რომ დაისადგურა, უკნიდან ჭრიალის ხმა მოგესმა. შენ
შემოტრიალდი, იფიქრე, ვინმეს დავინახავო, მაგრამ არავინ ჩანდა. რამდენჯერმე მოიხედე და
გაიფიქრე, ასეთ სასწაულს აქამდე არ მოვსწრებივარო. ხრჭიალი კარგად ისმოდა, მაგრამ საიდან?
საიდან შეიძლებოდა ეს ხმა მოსულიყო დღისით, მზისით, გაშლილ ველზე? ვერც კი მიხვდი, რომ
ეს ბორბლების ხმა იყო, მაგრამ ფორანი არსად ჩანდა. ამას რომ მიხვედრილიყავი, დაგენახვებოდი
კიდეც და ყველაფერს ეშველებოდა.
დავით ჰოლმს კარგად ახსოვდა ეს შემთხვევა. ისიც ახსოვდა, ბოსტნებში რომ იყურებოდა და
ღარებს უკვირდებოდა, ნეტავ ეს ხმები საიდან მოდისო. ბოლოს ისე შეშინდა, რომ ვიღაცის ეზოში
შევიდა, იქნებ ეს ხრჭიალი აღარ გავიგონოო. ხელახლა რომ გამოვიდა გზაზე, უკვე ყველაფერი

13
მიჩუმებულიყო.
– ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა მაგ წელს გნახე, – განაგრძობდა მეფორნე. – მე ყველაფერი
ვიღონე, რომ დაგენახე, ბორბლების ხრჭიალიც კი მოგასმენინე, მეტი რაღა მექნა? შენ კი
ბრმასავით ჩამიარე გვერდით.
„არადა, ეს ხმაური კარგად მესმოდა, – გონებაში დაეთანხმა დავითი, – მაგრამ ეს რას ამტკიცებს?
იმის თქმა ხომ არ უნდა, რომ უკან მომყვებოდა? ხომ შემეძლო, ეს ამბავი ვინმესთვის მომეყოლა,
მას კი გეორგისთვის ეამბნა“.
მეფორნე ისევ იხრება და ისეთი ტონით ესაუბრება, თითქოს ავადმყოფ ბავშვს აწყნარებსო:
– რაღა სალაპარაკოა, დავით. რა დიდი ბედენაა იმის გაგება, თუ რა დაგემართა, ისედაც კარგად
უნდა ხვდებოდე, რომ ვინც შენ ახლა გელაპარაკება, ცოცხლებში აღარ წერია. ისედაც იცი, მკვდარი
რომ ვარ, მაგრამ ამის აღიარება არ გსურს. ეს რომც არ იცოდე, ის ხომ მაინც იხილე, რომელი
ფორნით მოვედი შენამდე. ამ ფორნით, ჩემო დავით, ცოცხლები არ გადაადგილდებიან.
მან ხეივანში გაჩერებული ფორნისკენ გაიშვირა ხელი.
– მარტო ფორანს კი ნუ შეხედავ, დავით, მის უკან ხეებსაც დაუკვირდი! – დავით ჰოლმი
ემორჩილება მას და პირველად აღიარებს, რომ ამოუცნობ მოვლენას შეეჩეხა. ხეივნის მეორე
ბოლოში ფორნის იქით ხეებს არჩევს.
– მშვენივრად გესმის ჩემი ხმა, – ეუბნება მეფორნე. – შეუძლებელია, ვერ ამჩნევდე, რომ
წინანდებურად აღარ ვლაპარაკობ.
დავით ჰოლმი იძულებულია, დაეთანხმოს. გეორგს ყოველთვის სასიამოვნო ხმა ჰქონდა...
თითქოს არც მეფორნის ხმაა ურიგო, მაგრამ მეტყველების მანერა გახდომია სხვაგვარი. ახლა მისი
ხმა რაღაც მჟღერი და რბილია, მაგრამ მაინც რთულია მოსასმენად. თითქოს იგივე მუსიკოსი
უკრავს, მაგრამ უკვე სხვა ინსტრუმენტზე.
მეფორნე ხელს გაუწვდის, დავითი კი დაინახავს, რომ ხიდან წვეთი ვარდება და მეფორნეს უნდა
დაეწვეთოს ხელზე, მაგრამ, ჰოი, საკვირველებავ, ხელმა წვეთი გაატარა და ძირს დაეცა.
მოხრეშილ გზაზე ჩამოვარდნილი ტოტი გდია. მეფორნე მას ცელს ამოსდებს და ძვრას ვერ უზამს,
უბრალოდ ცელს ასწევს ტოტის გამჭოლ, რომელიც არც კი შეირხევა. ცელი თითქოს ტოტში
გაივლის...
– ამის განმარტებაზე ტყუილად ნუ იწვალებ, – განაგრძობს მეფორნე, – უბრალოდ, გაიგე! მიყურებ
და ფიქრობ, რომ ადრეც ასეთივე ვიყავი, მაგრამ ჩემი დანახვა მხოლოდ სასიკვდილო სარეცელზე
მყოფს ან უკვე გარდაცვლილს შეუძლია. მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ჩემი სხეული
სიცარიელეა. ეს სულის სავანეა, როგორც შენი სხეული ან ნებისმიერი სხვისა. ოღონდ ხორცსავსე,
მძიმე და ძლიერი ნუ გეგონება. წარმოიდგინე თითქოს სარკისებური გამოსახულებაა, ოღონდ
სარკისგან გამოყოფილი, რომელსაც ლაპარაკის, მხედველობისა და მოძრაობის უნარი აქვს.
დავით ჰოლმი წინააღმდეგობის გაწევას აღარ ცდილობს. სიმართლეს უკვე თვალებში უყურებს
და თავს აღარ არიდებს. მას ლანდი ესაუბრება, თვითონ კი – მკვდარია! ამავდროულად, განცდა
ეუფლება, რომ სადაცაა მრისხანება შეიპყრობს. „არ მინდა, მკვდარი ვიყო, – ფიქრობს. – არ მინდა
ანარეკლი და სიცარიელე ვიყო. მინდა, მუშტი მქონდეს, რომელსაც მოვიქნევ, პირი მქონდეს,
რომლითაც შევჭამ.“ მრისხანება უფრო მქისე და ძლიერი ხდება მასში და ერთ ლეგა ღრუბლად
იქცევა, რომელიც ახრჩობს და ზიზღს ჰგვრის. ეს მრისხანება ჯერ მხოლოდ მას აწვალებს, მაგრამ
წკიპზეა, ცოტაც და გადმოინთხევა!
– ერთი რამ მინდა, გთხოვო, დავით, – მიმართავს მეფორნე. – მე და შენ ხომ მეგობრები ვიყავით
სააქაოში. ორივემ ვიცით, რომ ყოველი ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა მისი სხეული
ნადგურდება ან ისე იფიტება და ბერდება, რომ მასში მობინადრე სულს მისი დატოვება უწევს. და
სანამ უხილავ სამყაროში შეაღწევდეს, სული შიშისგან თრთის. ისე დგას, როგორც ბავშვი ზღვის
ნაპირზე, წყალში ფეხის შედგმა რომ ვერ გაუბედავს. გზას რომ გაუდგეს, ამისთვის სიმამაცის
მოკრება სჭირდება, ამიტომ ვიღაცის ხმა უნდა ჩაესმას უსასრულო სამყაროდან. მხოლოდ ამის
შემდეგ შეუდგება გზას უშიშრად. სწორედ ეს ხმა ვიყავი შარშან და სწორედ ამ ხმად ქცევა
მოგიწევს წელს. მხოლოდ ერთს გთხოვ, ბედს ნუ ეურჩები, უბრალოდ, დაემორჩილე მას, თორემ
შენც გაწვალდები და მეც.
ამის თქმაზე მეფორნემ თავი დახარა, რათა დავითისთვის თვალებში ჩაეხედა. მას თითქოს
მეგობრის მზერაში სიჯიუტისა და პროტესტის ეშინია.
– გაიგე, დავით, – უფრო მტკიცედ ეუბნება. – ამას ვერ გაექცევი. მეც კი ვერ გამიგია, სამყაროს ამ

14
მხარეს რა ხდება. მე, კაცმა რომ თქვას, სამყაროთა მიჯნაზე ვიმყოფებოდი, მაგრამ რაც ვიხილე,
შემიძლია დავასკვნა, რომ აქ დანდობას არ უნდა ელოდო. ის უნდა აკეთო, რაც გიწერია, გინდა თუ
არა!
ისევ დავითს ჩასცქერის თვალებში, მაგრამ შავბნელი მრისხანების მეტს ვერაფერს არჩევს.
– სიმართლე გითხრა, ნამდვილად ვერ უარვყოფ, რომ ამ ფორანში ჯდომა და კარდაკარ სიარული
ვერაფერი გასართობია, ალბათ, ადამიანისთვის უარესს ვერც მოიფიქრებდნენ. სადაც უნდა
მივიდეს მეფორნე, ყველგან წვალებას ხედავს, მისი ხვედრი ოდენ ტკივილის, წამების,
ჭრილობების, სისხლისა და კოშმარის ყურებაა. ყველაზე უარესი კი იმ შინაგანის ხილვაა, რაც
მოსალოდნელი უბედურების წინაშე თრთის და ცახცახებს. მეტსაც გეტყვი: უკვე გაიგე, რომ
მეფორნე სამყაროთა მიჯნაზე დგას. ისიც, ცოცხალი ადამიანებისა არ იყოს, მხოლოდ
უსამართლობას, იმედგაცრუებას, სიკეთის უთანასწორო განაწილებას, ამაო მისწრაფებებსა და
უწესრიგობას ჭვრეტს. მას არ ძალუძს საიქიოს გადაავლოს თვალი, რომ გაიგოს, მთელ ამ
უბედურებაში რაიმე წინასწარგანზრახული და დაგეგმილი თუ არის, რაიმე აზრი თუ დევს ამ
ყველაფერში. ზოგჯერ თითქოს რაღაც გაუელვებსო გონებაში, მაგრამ უკუნეთში აქვს გზა
გასავლელი ეჭვებით დატვირთულს. იმაზეც დაფიქრდი, დავით, რომ მართალია, მეფორნეს ამ
ოხერი ფორნის – სიკვდილის ფორნის – ერთი წლით ტარება აქვს მისჯილი, მაგრამ აქაური
წელიწადი მიწიერი წუთებითა და წამებით როდი იზომება. იმის გამო, რომ ყველგან უნდა
მოასწროს მისვლა, სადაც უბრძანებენ, ეს ერთი წელიწადი ხან ას, ხანაც ათას წლად იქცევა ხოლმე.
თანაც მეფორნემ კარგად იცის, რომ ამის გამო ის ყველას ეზიზღება. მაგრამ ყველაზე უარესი მაინც
ის არის, დავით, რომ ამ მოგზაურობებისას მეფორნე იმ ბოროტებას აწყდება, რაც კი ჩაუდენია
დედამიწაზე ცხოვრების ჟამს და ამას გვერდს ვერაფრით აუვლის!..
მეფორნე თანდათან ყვირილს იწყებს, სასოწარკვეთილი მუშტებს იქნევს. წამიც არ გასულა, რომ
ამხანაგის თვალებში ზიზღს ხედავს. უფრო მჭიდროდ შემოიხვევს ლაბადას, თითქოს გათბობა
უნდა.
– მისმინე, დავით, – მტკიცედ განაგრძობს. – რაოდენ რთულიც უნდა გეჩვენებოდეს შენი სამუშაო,
არ უნდა ეწინააღმდეგებოდე, თორემ შენც და მეც უარესი დღე დაგვადგება. მე ხომ შენ ჩემ
თავთან ვერ წარგადგენ, სანამ ამ საქმეს არ შეგასწავლი, თუმცა კი ვშიშობ, რადგან ეს ყველაზე
რთული რამ იქნება, რაც კი მაკისრია. წინააღმდეგობა კი იმდენი ხანი გამიწიე, რამდენიც
გაგიხარდეს. შეგიძლია, მაიძულო და ეს ცელი ხელიდან ერთი კვირა, ერთი თვე, ერთი წელი არ
გამაგდებინო. ჩემი წელი დასრულდა, მაგრამ თავისუფლებას მანამ ვერ მოვიპოვებ, სანამ
ნებაყოფლობით არ ჩამენაცვლები.
მეფორნე ამ ყოველივეს დავითის წინ მუხლზე დაჩოქილი ამბობს, მისი ხმა კი უფრო
დამაჯერებლობასა და გულწრფელობას იძენს. წამით შეყოვნდება, რათა საკუთარი თვალით
დაინახოს, რომ მისმა ნათქვამმა გავლენა მოახდინა. მაგრამ მისი ამხანაგი ფარ-ხმლის დაყრას არ
აპირებს. „იქნებ მართლაც მოვკვდი, – ფიქრობს თავისთვის. – აბა, რაღა ვქნა. მაგრამ სიკვდილის
ფორანთან და ჯაგლაგთან საქმის დაჭერას ვერავინ და ვერაფერი მაიძულებს. დაე, სხვა საქმე
გამომინახონ, ამ საქმეს კი ხელს არ მოვკიდებ“.
ის იყო, მეფორნემ წამოდგომა დააპირა, რომ გაახსენდა, მნიშვნელოვანი არ მითქვამსო:
– გახსოვდეს, დავით, რომ ამ წუთამდე გეორგი გელაპარაკებოდა! მაგრამ ამიერიდან საქმე
მეფორნესთან გექნება! ალბათ, უკვე მიხვდებოდი, ვისაც ეხება საქმე, – ის ულმობელია და
შებრალება არ სჩვევია!
წამიც და, უკვე ზეზეა, ხელში ცელი უჭირავს. კაპიუშონი თვალებზე ჩამოუფხატავს.
– ტყვე ხარ, გამოდი მაგ სამალავიდან! – მთელი ხმით უყვირის დავითს. და უეცრად დავით ჰოლმი
მიწიდან დგება. არ იცის, ეს როგორ მოხდა, მაგრამ უკვე წელგამართულია. ოდნავ შებარბაცდა,
ირგვლივ ყველაფერი დატრიალდა: კედლებიც, ეკლესიის კედელიც, მაგრამ წონასწორობა ისევ
დაიბრუნა.
– მიმოიხედე, დავით ჰოლმ! – უბრძანებს მჭექარე ხმა!
დაბნეულად ემორჩილება. მის წინ, მიწაზე, ტანმაღალი, ძონძმანძებში ჩაცმული, მოკუნტული
კაცი გდია. ის სისხლსა და ტალახშია მოსვრილი; იქვე ბოთლებიც ყრია. სახე დასივებული აქვს,
წითლად დაზოლილი, ძნელი მისახვედრია, როგორი ნაკვთები უნდა ჰქონოდა სახეზე. შორეული
ლამპიონებიდან მოღწეული სინათლე ოდნავ გახელილ თვალებში ჩამდგარ სიბოროტითა და
სიძულვილით აღსავსე მზერას უნათებს.
ამ განრთხმულ ფიგურას ზედ დაჰყურებს, თვითონაც მაღალი და აღნაგია. მასაც იგივე დახეული

15
ძონძები მოსავს, რაც მიცვალებულს. ის თავისი ორეულის თავთან დგას.
მაგრამ არც მთლად ორეულია, რადგან თვითონ სიცარიელეა. უფრო სწორად, სიცარიელე კი არა –
სარკის ანარეკლი, რომელმაც სარკე დატოვა და ასე განაგრძო ცხოვრება და მოძრაობა.
მკვეთრად შემობრუნდება. იქ გეორგი დგას, მაგრამ უკვე არჩევს, რომ მისი ყოფილი მეგობარიც,
მისი არ იყოს, სიცარიელეა, ოდესღაც მისი კუთვნილი სხეულის განსახიერებაა.
– მისმინე, ახალი წლის ღამეს საკუთარ სხეულზე კონტროლდაკარგულო სულო, – ეუბნება
გეორგი. – ამ პოსტზე შენ შემცვლი. ამიერიდან, ერთი წლის განმავლობაში სულებს მიწიერი
საზრუნავისგან შენ იხსნი ხოლმე.
ამ სიტყვებზე დავით ჰოლმი გონს მოდის, განრისხებული ეძგერება მეფორნეს, მის ცელს ხელს
დასტაცებს, რომ ნამსხვრევებად აქციოს, ცდილობს, კაპიუშონი შემოახიოს.
მაგრამ უეცრად გრძნობს, რომ ვიღაცამ ხელი დაავლო და მოცელა. მერე ხელ-ფეხი შეუკრეს
მაჯებთან და კოჭებთან.
შემდეგ უხეშად მოისვრიან ფორანზე, თითქოს საქონელი იყოს, თან არავის აღელვებს, იტკინა თუ
არა რამე.
წამიც და, ფორანი ადგილიდან იძვრის.

თავი V
ვიწრო, გრძელი, მაგრამ საკმაო სივრცის მქონე ოთახი ქალაქის განაპირას მდებარე სახლში. სახლი
იმდენად პატარაა, რომ თითქმის მხოლოდ ამ ოთახისგან შედგება, მცირე ზომის სამზარეულოს
თუ არ ჩავთვლით. ოთახს ჭერზე ჩამოკიდებული ჭრაქი ანათებს, მაგრამ მაინც კარგად ჩანს, რომ
სისუფთავე და სიმყუდროვეა. გარდა ამისა, ოთახს ერთი თავისებურებაც აქვს, რაც ყველა
შემსვლელს ღიმილს ჰგვრის. პირველივე თვალის შევლებით ცხადი ხდება, რომ აქ მცხოვრებთ ეს
ოთახი ისე მოუწყვიათ, მთლიანი ბინისთვის დაუმსგავსებიათ. ოთახს შესასვლელი საფასადე
კედლიდან აქვს, მის კართან კი ქურა დაუდგამთ. ეტყობა, ეს სამზადი ნაწილია და სამზარეულოს
მთელ ავლადიდებას აქ მოუყრია თავი. ოთახის შუაგულში სასადილოა მრგვალი მაგიდით, მუხის
სკამებით, კედლის საათითა და მცირე ზომის ბუფეტით, სადაც ფაიფური და ბროლია
შელაგებული. ჭრაქი კი, ცხადია, პირდაპირ მაგიდის თავზე კიდია. იგი ოთახის მოშორებულ
ნაწილს – სასტუმრო კუთხესაც ანათებს, სადაც ფერად ხალიჩაზე წითელი ხისგან დამზადებული
დივანი და ფაიფურისლარნაკიანი პალმა მოუთავსებიათ, ხოლო კედელს ფოტოები ამშვენებს.
აქ შემოსული, ჩვეულებრივ, იმაზე იწყებს ფიქრს, თუ რაოდენ ხუმრობას იწვევს ოთახის ამგვარი
მოწყობა. თუკი ქუჩიდან შინაური შემოვა, სახლის პატრონი ხუმრობით სასტუმრო ნაწილში
შეუძღვება, მოუბოდიშებს, ცოტა ხნით უნდა დაგტოვო, სამზარეულოში საქმე მაქვსო. სასადილო
მაგიდა კი იმდენად ახლოს დგას სამზად ნაწილთან და სიცხე იმდენად იოლად აღწევს მაგიდის
გარშემო მსხდომებთან, რომ მასპინძლები უხერხულობის განსამუხტავად საზეიმოდ აცხადებენ:
– უნდა დავრეკოთ, რომ დამლაგებელმა თეფშები წაიღოს!
ხოლო თუკი რომელიმე ბავშვი სამზარეულოში ატირდება, ხუმრობით ეუბნებიან, ნუ ტირი,
თორემ მამიკო სასტუმრო ოთახშია და შენს ხმას გაიგონებსო. ბავშვიც ტირილს წყვეტს და იცინის.
ასეთი ფიქრები იმას უფრო მოუვა თავში, ვინც ამ ოთახში პირველად შემოდგა ფეხი, მაგრამ ამ
საახალწლო ღამეს მოსულ სტუმრებს – ორ ჩამოძონძილ მამაკაცს – სახუმაროდ არ სცხელათ.
ისინი ერთი შეხედვით, მათხოვრებს ჰგვანან, მაგრამ ერთ-ერთს შავი ლაბადა აცვია, ხელში კი
ჟანგიანი ცელი უკავია. ეს კი მაწანწალის ჩაცმულობას არაფრით ეხამება. კიდევ უფრო უცნაურია
მისი ამ ოთახში გამოჩენა. მას არც საკეტი გაუღია, არც სახელური ჩამოუწევია კარის გასაღებად, ის
უბრალოდ, გამჭოლ შემოვიდა დაკეტილ კარში. მეორეს ასეთი შიშის მომგვრელი სამოსი არ აცვია,
მაგრამ მის შემხედვარეს, ალბათ, მაინც გული გაუსკდება, რადგან საკუთარი ნებით არაფრით არ
შემოდის ოთახში; ამხანაგი ექაჩება, რომ ძალით შემოიყვანოს, შემდეგ კი მოწყვეტით დააგდო
ძირს, თან ხელ-ფეხიც შეკრული აქვს და ძონძების ნაკრაულს წააგავს, თუმცა, თვალებიდან მაინც
საზარელ მრისხანებას აკვესებს.
ოთახში მარტო ეს ორნი არ არიან. ისინი ხედავენ, რომ მრგვალ მაგიდასთან დახვეწილნაკვთიანი,
ბავშვური მზერის მქონე ახალგაზრდა კაცი და შედარებით ასაკოვანი, ტანმორჩილი, მაგრამ
გულკეთილი ქალი სხედან. მამაკაცს ბამბაზიის პერანგი აცვია, რომელზეც „ხსნის არმიაა“
ამოქარგული. ქალის შავ კაბაზე წარწერა არ შეინიშნება, მაგრამ მაგიდაზე მისი ქუდი დევს,

16
რომლითაც პატრონის ამ ორგანიზაციასთან კავშირი ირკვევა.
ორივენი ღრმად დამწუხრებულები არიან. ქალი ჩუმად ქვითინებს, თან დაკუჭული
ცხვირსახოცით ნერვიულად იწმენდს თვალებს. კაცი იფიქრებს, ცრემლები მნიშვნელოვან საქმეში
უშლის ხელსო. კაცსაც აცრემლებული აქვს თვალები, მაგრამ ქალის თანდასწრებით გრძნობებს
თავისუფლებას ვერ ანიჭებს.
დროდადრო ერთ-ორ სიტყვას თუ ეტყვიან ერთმანეთს, საიდანაც ჩანს, რომ მათი ფიქრები ახლა
მეზობელ ოთახში ტრიალებს. იქ ავადმყოფი ქალი წევს, რომელიც მცირე ხნით დატოვეს, რათა
დედამისისთვის ქალიშვილთან მარტო დარჩენის საშუალება მიეცათ. მათი გონება სასიკვდილო
სარეცელზე მწოლიარისკენ არის მიმართული და ოთახში უცნაურად შემოსულებს ვერც კი
ამჩნევენ. მართალია, ისინი ხმას არ იღებენ, ერთ-ერთი მათგანი კარის წირთხლს მიყრდნობილი
დგას, მეორე კი მის ფეხებთან გართხმულა, მაგრამ მაგიდასთან მყოფთ, წესით, უნდა დაენახათ
სტუმრები, რომლებიც შუაღამისას სახლში კარის გაუღებლად შემოვიდნენ.
ასეა თუ ისე, ძირს გართხმული გაურკვეველ მდგომარეობაშია – მართალია, მაგიდასთან
მსხდომნი მისკენ ხშირად იყურებიან, მაგრამ ვერაფერს ამჩნევენ. თვითონ კი, ქალაქში რომ
მოდიოდა ფორანზე დაგდებული, ყველას და ყველაფერს ხედავდა, თითქოს არაფერი
შეცვლილიყოს, თუმცა ის არავის შეუმჩნევია. გამწარებული იყო. უნდოდა, ძველი მტრისთვის
გული გაეხეთქა – სჩვენებოდა, ყველა შეეშინებინა, მაგრამ გააცნობიერა, რომ ამ მდგომარეობაში
მას ვერავინ შეამჩნევდა, რადგან ყველასთვის უხილავი იყო.
მართალია, ამ ოთახში წინათ არასდროს ყოფილა, მაგრამ დამხვდურებს კარგად იცნობს და
იოლად მიხვდა, თუ სად უნდა ყოფილიყო. ხოლო ის ფაქტი, რომ ძალით მოათრიეს აქ, სადაც
მთელი დღე ფეხი არ შემოუდგამს, სულ მთლად აცოფებს.
უეცრად ხსნის არმიის ჯარისკაცმა სკამი გასწია.
– უკვე შუაღამე გადავიდა, – ამბობს ხმადაბლა. – მის ცოლს კი ჰგონია, რომ სადაცაა შინ
დაბრუნდება. იქნებ კიდევ გეცადა მასთან მისვლა და აქ მოყვანა.
კაცი ნელა და უხალისოდ დგება, სკამის საზურგეზე გადაკიდებულ პალტოს იღებს და ჩაცმას
აპირებს.
– მესმის, გუსტავსონ, რომ მისი აქ მოყვანის იმედი არ გაქვს, – ეუბნება ახალგაზრდა ქალი და
ძლივს ყლაპავს ნერწყვს. – უბრალოდ, და ედითისთვის უკანასკნელად გაწეულ სამსახურად
მიგაჩნია იქ მისვლა.
ხსნის არმიის ჯარისკაცი უკვე ხელის გაყრას აპირებდა პალტოში, მაგრამ შეყოვნდა:
– იცი, დაო მარია, – პასუხობს ვაჟი, – შესაძლოა, ეს და ედითისადმი ჩემი უკანასკნელი
სამსახურია, მაგრამ მაინც გულით მინდა, რომ დავით ჰოლმი შინ აღმოჩნდეს და წამოყოლაზე
უარი არ მითხრას. დღეს რამდენჯერმე ვნახე და როგორც შენ და კაპიტანმა ანდერსონმა
დამავალეთ, მოსვლა ვთხოვე. მაგრამ მიხაროდა, რომ არც ერთი თხოვნა არ შეისმინა და არც ჩემს
და არც სხვის ნათქვამს არ დაჰყვა.
თავისი სახელის გაგონებაზე იატაკზე გართხმული შეინძრევა და საცოდავად გაეღიმება.
– ეტყობა, სხვა ცოტა უფრო ჭკვიანია. – ჩურჩულებს თავისთვის.
და მარია ხსნის არმიის ჯარისკაცს წარბშეკრული უყურებს და ნერწყვის გადაყლაპვაც აღარ
უჭირს.
– ეცადე, ამჯერად მაინც აუხსნა დავით ჰოლმს, რომ აქ მოვიდეს.
ყმაწვილი კაცი კარისკენ ისეთი სახით მიდის, თითქოს ბრძანებას კი ემორჩილება, მაგრამ
საკუთარი საქციელის სისწორეში დარწმუნებული არ არისო.
– გალეშილი რომ დამხვდეს, მაინც მოვიყვანო? – კართან მიახლოებულმა იკითხა.
– მოიყვანე, გუსტავსონ, მკვდარი იქნება თუ ცოცხალი! განა ვერ გაიგონე, რაც გითხარი? თუნდაც
აქ დასჭირდეს გამოძინება და გამოფხიზლება. მთავარია, აქ იყოს.
ის იყო, კარის სახელური უნდა დაეწია, რომ ყმაწვილი შემოტრიალდა და მაგიდასთან მივიდა.
– არ მინდა დავით ჰოლმისნაირი კაცი აქ მოვიდეს, – თქვა და ღელვისგან გაფითრდა. – შენ, დაო
მარია, ჩემზე უკეთ იცი, ვინც არის ეგ ვაჟბატონი. განა იმის ღირსი გგონია, რომ აქ შემოდგას ფეხი?
– იმპროვიზებული სასტუმრო ოთახის კარისკენ მიუთითა.

17
– მგონი თუ არა... – დაიწყო ქალმა, მაგრამ ვაჟმა არ დაამთავრებინა.
– განა ვერ ხვდები, რომ თუ აქ მოვა, ყველა აბუჩად უნდა აგვიგდოს? ტრაბახს დაიწყებს, ხსნის
არმიის და ისეა ჩემზე შეყვარებული, რომ დაუმშვიდობებლად ვერ წასულა იმ ქვეყნადო.
და მარიამ დაძაბული მზერა შეავლო ყმაწვილს და ის იყო, მკვახედ უნდა ეთქვა რაღაც, რომ უცებ
ტუჩი მოიკვნიტა და თავი შეიკავა.
– ასეთი ავყიაობა რომ დაიწყოს, ვერ მოვუთმენ! – წამოიძახა გუსტავსონმა.
– ვერ ხვდები, რომ მაგ სიტყვებში ტყუილი არაფერია? – მარიამ სერიოზულად ჰკითხა, თან
თითოეული სიტყვა მკვეთრად წარმოთქვა.
იატაკზე გართხმულს ამ სიტყვების გაგონებაზე სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა და შეაკანკალა.
საოცრად გაოგნებულმა გეორგს შეავლო თვალი, აინტერესებდა უყურებდა თუ არა მას. მეფორნე
კი უძრავად იდგა, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის მაინც გადაულაპარაკა, ვწუხვარ, სიცოცხლეში
ეს რომ არ ვიცოდიო. მაგარი სატრაბახო კი იქნებოდა.
ხსნის არმიის ჯარისკაცი იმდენად შეძრა მოსმენილმა, რომ სკამის საზურგესღა დაეყრდნო.
მთელი ოთახი დაუტრილდა თვალწინ.
– რას ამბობ, დაო მარია? ხომ არ გინდა, დავიჯერო, რომ...
მარიას უჩვეულო სულიერი მღელვარება იპყრობს. ცხვირსახოცს ჩაბღუჯავს, სიტყვები კი
ნიაღვარივით გადმოეღვარა პირიდან, თითქოს ყველაფრის თქმას ერთ ამოსუნთქვაზე
ცდილობდა, სანამ გონებიდან ბინდი გადაეცლებოდა:
– აბა, სხვა ვინ უნდა უყვარდეს? ჩვენ ხომ არა, ან ისინი, ვინც უკვე სწორ გზაზე დააყენა?
ბოლომდე ხომ ვერ აღვუდექით წინ. ჩვენ ხომ არც დავცინოდით მას და არც აბუჩად ვიგდებდით?
ჩვენ გამო ედითი სინდისის ქენჯნას არასდროს შეუწუხებია. არც შენ, გუსტავსონ, და არც მე,
ბრალი არ მიგვიძღვის იმაში, ახლა რომ სასიკვდილო სარეცელზე წევს.
თითქოს ამ გრძნობათა ამოფრქვევამ დაამშვიდა ყმაწვილკაცი.
– ვერ მივხვდი, დაო, რას მეუბნები ცოდვილთა მიმართ სიყვარულზე.
– ვერც სხვა რამეს მიხვდი.
ამ სიტყვებზე ერთ-ერთმა ლანდმა თავი ისევ ბედნიერად იგრძნო. მაგრამ იმის შიშით, რომ რისხვა
და წინააღმდეგობის მოთხოვნილება უფრო არ გამიძლიერდესო, სცადა, ეს გრძნობები ჩაეხშო.
მახეში გაბმულივით იყო, არადა, მორალის კითხვას უფრო ელოდა. ამიერიდან იფრთხილებს და
ყურადღებით იქნება.
და მარიამ ტუჩზე იკბინა მღელვარების დასაფარად. ეტყობა, გადაწყვეტილებას ნაადრევად იღებს.
– ჯერ სად ხარ, დაიცა, ბოლომდე მოგიყვე, – განაგრძობს მარია. – ახლა უკვე მნიშვნელობაც აღარ
აქვს, მაინც კვდება და... წუთით თუ ჩამოჯდები, ყველაფერი გეცოდინება.
ხსნის არმიის ჯარისკაცი პალტოს იხდის და პირვანდელ ადგილზე ჯდება. ჩუმად ზის და და
მარიას თავისი ლამაზი თვალებით მისჩერებია.
– ჯერ იმას გიამბობ, გუსტავსონ, თუ რას ვაკეთებდით მე და და ედითი შარშან, ახალი წლის წინა
ღამეს. შარშან, შემოდგომაზე, ჩვენმა მმართველობამ ამ ქალაქში თავშესაფრის დაარსება
გადაწყვიტა, სწორედ ამ მიზნით გამოგვგზავნეს აქ. სამუშაო კი ბლომად გვქონდა, მაგრამ დები
და ძმები გვედგნენ გვერდში, ძალები არ დაგვიზოგავს და უკვე ახალი წლის წინა ღამეს ამ
თავშესაფარში გადავედით. სამზარეულო და საძილე ოთახები დასრულებული იყო, ამიტომ
იმედი გვქონდა, საახალწლოდ გაგვეხსნა თავშესაფარი, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაგვივარდა,
რადგან არც სასტერილიზაციო ღუმელი გვქონდა მზად და არც სამრეცხაო.
თავიდან და მარიას ცრემლების შეკავება გაუჭირდა, მაგრამ რაც უფრო მეტს ჰყვებოდა და
რეალობას სწყდებოდა, ხმა უფრო მტკიცე უხდებოდა.
– შენ, გუსტავსონ, იმხანად ხსნის არმიაში არ ირიცხებოდი, თორემ ახალი წლის ღამეს ჩვენთან
ერთად იქნებოდი. რამდენიმე და და ძმა გვესტუმრა, ჩვენც ახალ თავშესაფარში ჩაით
გავუმასპინძლდით. ვერც კი წარმოიდგენ, როგორ ხარობდა და ედითი, რომ აქ, მის მშობლიურ
ქალაქში, სადაც ის ყველა ღატაკს იცნობდა და იცოდა, რითი უნდა დახმარებოდა, თავშესაფარი
გაიხსნა. ის დადიოდა და ლეიბებს, ახლად შეღებილ კედლებსა და ბზინვარებამდე გახეხილ
ქვაბებს ისე ათვალიერებდა, რომ სიცილს ვერ ვიკავებდით. რასაც ჰქვია, ბავშვივით ხარობდა.

18
არადა, ხომ იცი, გუსტავსონ, როცა და ედითს რამე უხარია, ირგვლივ ყველა ხალისობს.
– ალილუია! ეს მაინც ვიცი! – უპასუხა ხსნის არმიის ჯარისკაცმა.
– ბევრი იხალისა და მეგობრებიც გვიანობამდე შემორჩნენ ჩვენსას, ხოლო როცა სტუმრები
გაიკრიფნენ, ედითი რაღაც საზარელმა შიშმა აიტანა, თითქოს ყველა ავსულმა ერთად სცადა მისი
დაპატრონებაო. ჰოდა, მთხოვა, ერთად ვილოცოთ, რომ ბოროტმა ვერ გვძლიოსო. ჩვენ დავიჩოქეთ
და ლოცვა დავიწყეთ ჩვენი თავშესაფრისთვის, ჩვენივე თავისთვის და კიდევ მათთვის, ვინც
გვერდში დაგვიდგებოდა. და უეცრად კარზე ზარმა გაიწკრიალა. რაკი მეგობრები ახალი გასულები
იყვნენ, გვეგონა, ვინმეს რამე დარჩა და მობრუნდაო, მაგრამ კარისკენ მაინც ორივენი წავედით,
ყოველი შემთხვევისთვის. როცა გავაღეთ, ხელში რომელიმე ჩვენი მეგობარი კი არა, ერთ-ერთი
იმათგანი შეგვრჩა, ვისთვისაც ეს თავშესაფარი იყო გახსნილი.
სიმართლე მოგახსენო, გუსტავსონ, კარში რომ კონკებში ჩაცმული და სიმთვრალისგან ფეხზე
ძლივს მდგომი აყლაყუდა დავინახე, შემეშინდა და ვიფიქრე, თავშესაფარი ხომ ჯერ
ოფიციალურად არ არის გახსნილი, ჰოდა, ამ საბაბით არ შემოვუშვებ-მეთქი. მაგრამ ედითს
გაუხარდა, ღმერთმა სტუმარი გამოგვიგზავნაო. მისი აზრით, ეს გაწეული შრომისთვის უფლის
კეთილგანწყობილების გამოხატულება იყო, ამიტომ სტუმარი შინ შემოიპატიჟა. ვახშამიც კი
გაუწყო, მაგრამ მოსულმა გინება ატეხა და განაცხადა, მხოლოდ გამოძინება მინდაო. საძინებელში
რომ შევიყვანეთ, პალტო ძირს დააგდო, თვითონ კი საწოლზე მიეგდო და წუთში ძილს მისცა
თავი.
„უყურე ერთი, როგორ შეშინებია ჩემი! – ამოიბუტბუტა დავითმა იმ იმედით, რომ მისი
უკანმდგომის ხმას გაიგონებდა: – დავით ჰოლმი ისეთივე დარჩა, როგორიც იყო. – დასანანია, ახლა
რომ ვერ მხედავს როგორი ვარ, ალბათ, შიშისგან გული გაუსკდებოდა“.
– და ედითს თავშესაფრის პირველივე სტუმრისთვის განსაკუთრებული სიკეთის გამოჩენა
სურდა, – განაგრძობს და მარია. – მივხვდი, გული დასწყდა, ასე მალე რომ ჩაეძინა ახალმოსულს.
მაგრამ მისი პალტოს დანახვაზე ისევ ბედნიერების სხივი ჩაუდგა თვალებში. ასეთი ტურტლიანი
და დაძონძილი სამოსი მანამდე არ მენახა. არყისა და თამბაქოს სუნად ისე ყარდა, რომ მიკარებაც
კი მზარავდა. ედითმა პალტოს თვალიერება დაიწყო, მე კი შემეშინდა, რამე არ გადაედოს-მეთქი;
ჩვენ ხომ არც ღუმელი გვიმუშავებდა ჯერ და არც სამრეცხაო.
მაგრამ, ხომ გესმის, ედითისთვის ღამეული სტუმარი უფლის წარმოგზავნილს ჰგავდა; ოღონდ კი
ოდნავ მაინც მოეწესრიგებინა მისი ტანისამოსი და ამაში ხელს ვერაფერი შეუშლიდა. მეც აღარ
შევაჩერე. ხელს მაინც წაგიკრავ-მეთქი, ვუთხარი, მაგრამ იუარა. არაფერი გადაგედოს-მეთქი,
მაინც გავაფრთხილე. მოკლედ, ხელი არაფერზე მომაკიდებინა, მითხრა, შენ ჩემს
დაქვემდებარებაში ხარ და შენს ჯანმრთელობაზე ზრუნვა მე მევალებაო. ადგა და მთელი ახალი
წლის ღამე ამ პალტოს დაკერება-მიკერებაში გაატარა.
და მარიას წინ მჯდომი ხსნის არმიის ჯარისკაცი აღტაცებული ურტყამს მაგიდას ხელებს.
– ალილუია! – წამოიძახა ვაჟმა. – ღმერთმა კეთილ გზაზე ატაროს და ედითი.
– ამინ! ამინ! – პასუხობს და მარია და სახე უეცარი შთაგონებით უცისკროვნდება. – ღმერთმა
დალოცოს და ედითის სავალი გზები, ჭირშიც და ლხინშიც ამის მთქმელი ვარ. ღმერთს მადლი,
რომ მასთან შეგვახვედრა. წარმოიდგინე, მთელი ღამე ისე იჯდა და კემსავდა ამ პალტოს, თითქოს
მეფის მანტია იყო!
მას, ვინც წინათ დავით ჰოლმი იყო, რომ წარმოიდგინა, ახალგაზრდა გოგონა როგორ უკემსავდა
ღამის სიჩუმეში მათხოვრის სამოსს, საოცარი სიმშვიდისა და სისადავის გრძნობა დაეუფლა.
ამდენი გაღიზიანებისა და დამწუხრების შემდეგ, სიამის გრძნობამ თითქოს განკურნა და
გაალაღა. მოუნდა, ნეტავ ამ გრძნობამ დიდხანს არ დამტოვოსო. ეჰ, ეს გეორგი მაინც არ იდგეს მის
უკან ასეთი წყვდიადით მოსილი და უძრავი!
– დაილოცოს უფალი, ასეთი კეთილშობილი ქალი რომ შექმნა, შუაღამის ოთხ საათამდე იჯდა და
კემსავდა დაძონძილ პალტოს, არც კი დაუჩივლია ამაზე და არც ინფექციური ავადმყოფობისა
შეშინებია. არც იმაზე დაუწუწუნია, გაყინულ ოთახში რომ იჯდა მთელი ღამე და გამთენიისას
სულ გათოშილი ჩაწვა ლოგინში!
– ამინ, ამინ! – შეაშველა სიტყვა ყმაწვილმა.
– სამუშაო რომ დაასრულა, სულ გათოშილი იყო. მესმოდა, როგორ წრიალებდა საწოლში და ვერ
იძინებდა. ის იყო, ჩაძინება მოასწრო, რომ უკვე ადგომის დრომაც მოაწია, მაგრამ აქ უკვე მე
დავიყოლიე, რომ ცოტა კიდევ დაეძინა, სტუმრის გამასპინძლება კი ჩემთვის მოენდო, ისიც იმ
შემთხვევაში, თუ ის ლოთიბაში ედითს ადგომას დაასწრებდა.

19
– ყოველთვის მისი კეთილი მეგობარი იყავი, დაო მარია.
– ვიცი, და ედითს არ გაუხარდა ეს წინადადება, მაგრამ გული არ გამიტეხა, – ღიმილით განაგრძო
და მარიამ. – და დამთანხმდა. ცოტა ხნით წათვლიმა კიდევ. სტუმარმა ყავა რომ დალია, მკითხა,
პალტო შენ დამიკემსეო? ვუთხარი, მე არა-მეთქი. მან კი, მაშინ იმას დამიძახე, ვინც ეს გააკეთაო.
ფხიზლად იყო, მშვიდად და გასაგებად დამელაპარაკა, მაწანწალასავით კი არა. ჰოდა, რომ
ვიცოდი, რამხელა ბედნიერებას მიანიჭებდა მისი ხილვა და ედითს, მის გასაღვიძებლად წავედი.
ისიც მოვიდა, ღამენათევს სულ არ ჰგავდა. ლოყები შეფაკვლოდა და ისეთი თვალწარმტაცი იყო,
რომ სტუმარსაც მოსტაცა თვალი და ნაწილობრივ დააბნია კიდეც. კაცი კართან იდგა და
გაბოროტებული მზერით იცქირებოდა, ერთი პირობა შემეშინდა, ხელი არ დაარტყას-მეთქი.
მაგრამ შემოვიდა თუ არა ედითი, მოსულს სახე გაუბრწყინდა. „ნეტავ, რა მაშინებს-მეთქი, –
გავიფიქრე ჩემთვის. – რა უნდა დაუშავოს. განა ვინმეს შეუძლია, ხელი ახლოს ამისთანა ქალს?“
– ალილუია, ალილუია! – დაეთანხმა ხსნის არმიის ჯარისკაცი.
მაგრამ უცნობი უცებ მოიქუფრა, ქალის მოახლოებაზე პალტო შემოიგლიჯა და ღამით
მიკერებული ღილები აიწყვიტა. მერე ახლად მიკერებულ ჯიბეებში ჩაყო ხელები და სარჩული
ამოფხრიწა. ეს ძონძი პალტო უარესი შესახედავი გახდა.
„იცით, ფრეკენ, მე ასეთის ტარებას უფრო ნაჩვევი ვარ, – უთხრა მან. – ასე უფრო ხალვათად
ვგრძნობ თავს. დასანანია, ფრეკენი ტყუილად რომ გაისარჯა, მაგრამ აბა, რა ჩემი ბრალია?“
იატაკზე გართხმულის თვალწინ ბედნიერებისგან გაცისკროვნებული სახე წარმოდგება, რომელიც
უკვე იქუფრება და ის თითქმის მზადაა, აღიაროს, რომ ეს ავზნიანი გამოხტომა სისასტიკე და
უსინდისობა იყო, მაგრამ უცებ გეორგი გაახსენდა. „კარგია, გეორგს რომ ესმის ჩემი კაი კაცობა,
თუ, რასაკვირველია, აქამდე არ იცოდა, – ფიქრობს დავითი. – დავით ჰოლმის გატეხვა ასე იოლი არ
ეგონოს ვინმეს. ისევ ბოროტი და ავია, ალალმართლებს ისევ დასცინის – მასზე უკეთ ეს საქმე
სხვას ვის გამოუვა“.
– ამ წუთამდე, – განაგრძობს და მარია. – მისი გარეგნობისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. მაგრამ
ედითის დაკერილ პალტოს რომ ფხრეწდა, კარგად დავაკვირდი. საოცრად მაღალი და აღნაგი იყო,
თავიც ღირსეულად და თავისუფლად ეჭირა. დიდი თავი ჰქონდა, ლამაზი ფორმის. ალბათ,
ოდესღაც ლამაზი სახე, შეშუპებულ-შეწითლებული ჰქონდა, ამიტომ პირვანდელი პეწის
ბოლომდე ამოცნობა რთული იყო.
იმისდა მიუხედავად, რომ ხმამაღალი და ბოროტი სიცილით ფლეთდა პალტოს, ჩაწითლებული
ქუთუთოებიდან მომზირალი ჩაყვითლებული თვალები უბრწყინავდა. ჰოდა, მეც მომეჩვენა, რომ
და ედითი შეხვდა რაღაც ისეთ სილამაზეს, რომელიც დაღუპვის პირას იყო მისული. კარგად
გავარჩიე, როგორ შეკრთა ედითი, მაგრამ თვალები აუციმციმდა და მისკენ გადადგა ნაბიჯი.
გასვლისას სთხოვა, მომავალი ახალი წლის ღამესაც დაბრუნდიო. როდესაც კაცმა გაოცებით
შეხედა, ედითმა დაამატა:
„იცით, წუხელ ღმერთს ვთხოვე, ვინც ჩვენთან პირველი მოვა, ბედნიერი ახალი წელი დაებედოს-
მეთქი, ჰოდა, თუკი გაისად ამ დროს მოხვალთ, გავიგებ, შეისმინა თუ არა უფალმა ჩემი თხოვნა“.
ამის გაგონებაზე, მოსული ბილწად ამეტყველდა:
„კარგი ერთი, პირობას გაძლევთ, მოვალ და დაგიმტკიცებთ, რომ თქვენი ბავშვური ტიტინი არც კი
გაუგონია“.
საცოდავს, რომელსაც დავიწყებული, მაგრამ უნებლიეთ შესრულებული პირობა ამგვარად
შეახსენეს, წამიერად ეჩვენება, რომ ახლა წინააღმდეგობის გაწევას არავითარი აზრი აღარ ჰქონდა,
თუმცა დათმობას მაინც არ აპირებდა და ხავსს მოეჭიდა: „არას დიდებით არ დავნებდები, თუ
საჭიროა, წინააღმდეგობას განკითხვის დღემდე გავწევ“.
და მარიას მოსმენისას ხსნის არმიის ჯარისკაცს ღელვა იპყრობს. ჯდომის თავი აღარ აქვს და ზეზე
წამოხტება.
– მართალია, მაწანწალის სახელი არ გითქვამს, დაო მარია, მაგრამ ვხვდები, რომ დავით ჰოლმზე
საუბრობ.
და მარიამ თავი დაუქნია.
– ღმერთო მოწყალეო, ღმერთო დიდებულო, – შესძახა ყმაწვილმა და ხელები აღაპყრო. – მაშ, რად
მგზავნიდი მაგ კაცის მოსაყვანად? განა იმ დილას სინანული იგრძნო? რად გვინდა მისი მოყვანა,

20
რათა ედითმა დაინახოს, რომ ამაოდ ლოცულობდა? ასეთი ტკივილის მიყენება რად გვინდა
მისთვის?
და მარია მოუთმენლად უყურებს, განრისხების ზღვარზეა.
– ჯერ არ დამისრულებია...
მაგრამ ყმაწვილი არ აცლის:
– უნდა დავიოკოთ ბრაზი, სამაგიეროს გადახდის წყურვილმა არ უნდა დაგვჯაბნოს. მეც თავს
ძლივს ვიკავებ, რომ დავით ჰოლმი არ მოვიყვანო და არ ვუჩვენო სასიკვდილო სარეცელზე
მწოლიარე მარია, თან ვუთხრა, შენი ბრალია-მეთქი. ალბათ, იმის თქმა გინდა, რომ მის ძუნძგლიან
სამოსს რომ კემსავდა, სასიკვდილო დაავადება შეეყარა, მაგ ვიგინდარამ კი უსინდისოდ
დაფხრიწა. გავიგონე თქვენი საუბარი, და ედითი ხომ იმ ავბედითი ახალი წლის შემდეგ ერთი
დღეც აღარ ყოფილა ჯანმრთელად, მაგრამ უნდა ვიფრთხილოთ. არადა, რა კარგად ვიცნობდით
მაგ დღემოკლეს, ახლაც თვალწინ მიდგას მისი სახე, ამიტომ შურისძიების გრძნობა უნდა
ჩავიკლათ.
და მარიამ თავი მაგიდისკენ დახარა და წარმოთქვა, თითქოს სიტყვებით სუფრაზე ხატავსო:
– შურისძიების? – კითხულობს ჩუმად. – განა შურისძიებაა, ადამიანს გააგებინო რა განძი გააჩნდა
და რა დაკარგა? თუკი ჟანგიან რკინას გრდემლზე დავდებ და ხელახლა მივანიჭებ სიპრიალესა და
სიმტკიცეს, ნუთუ ეს შურისგებად ჩაითვლება?
– ასეც ვიცოდი, დაო მარია! – ხსნის არმიის ჯარისკაცი ფიცხად წამოიყვირებს. – დავითის ჭეშმარიტ
გზაზე დაყენება მისთვის ბრალის სიმძიმის დაკისრებით გინდა? იმაზე არ გიფიქრია, რომ ამ
საქციელით თავს კი ვიმშვიდებთ, მაგრამ სწორედ ამით ვიკლავთ შურისძიების სურვილს? ეს
საშიში ხაფანგია. შეცდომის დაშვებამდე ერთი ნაბიჯია.
ტანმორჩილი და ფერმკრთალი და მარია გულანთებულ ყმაწვილს უყურებს, თვალებში კი
განდგომის სურვილი უბრწყინავს. „დღეს ჩემს თავზე არ ვფიქრობ“, – მკაფიოდ ამბობს მისი
მზერა.
– ასეთ საქმეში არაერთი ხაფანგი გვემუქრება, – იმეორებს მარია და ხაზგასმით წარმოთქვამს
თითოეულ სიტყვას.
ხსნის არმიის ჯარისკაცს სახეზე ალმური მოედო. პასუხის გაცემას ცდილობს, მაგრამ სიტყვები
ვერ უპოვია. წამიც და, მაგიდაზე თავს ჩაქინდრავს, სახეზე ხელებს აიფარებს და ატირდება.
დიდხანს შეკავებული ცრემლი გამოსასვლელს პოულობს.
და მარია ხელს არ უშლის, მხოლოდ ჩუმად ლოცულობს:
– უფალო ჩვენო იესო, გადაგვატანინე ეს ღამე! მომეც ძალი მოყვასთა და საკუთარი თავის
დასახმარებლად, რამეთუ სხვაზე მეტად უგუნური ვარ!
ხელშებორკილი ადამიანი იოტისოდენა ყურადღებასაც არ აქცევს იმ ბრალდებას, თითქოს მან
გადასდო ედითს მომაკვდინებელი სენი. ხსნის არმიის ახალგაზრდა ჯარისკაცი კი აქვითინდა და
მკვეთრი მოძრაობა გააკეთა; ხოლო დავითმა ისეთი რამ აღმოაჩინა, რომ ახლა თავზარდაცემულია
და არც კი ცდილობს, მეფორნის წინაშე ეს დამალოს. დავითს ის ახარებს, რომ ედითმა ლამაზი
ჯარისკაცის გრძნობა უპასუხოდ დატოვა და გული მას მიუძღვნა.
როგორც კი ხსნის არმიის ჯარისკაცი დაშოშმინდა, და მარიამ ლოცვა შეწყვიტა და დაუყვავა:
– ალბათ, ახლა იმაზე ფიქრობ, რაც და ედითსა და დავით ჰოლმზე გითხარი, ხომ?
ყმაწვილის პირზე აფარებული ხელის მიღმა ყრუ „დიახ“ გაისმა, ტანში კი კრუნჩხვამ დაუარა.
– მესმის, რომ ეს ტკივილს გაყენებს, – ეუბნება ქალი. – ერთ ადამიანს ვიცნობ, ვისაც ედითი
მთელი გულით უყვარს, მან კი ეს შეამჩნია და გითხრა, არაფერი მესმის. ამის გაგება არ
შემიძლიაო. იცი, რას გულისხმობდა ამ სიტყვებში? იმას, რომ თუკი ვინმეს შევიყვარებ,
აუცილებლად ჩემზე მაღლა უნდა იდგესო. შენც ასევე მიგაჩნია, გუსტავსონ. ჩვენ შეგვიძლია
მთელი სიცოცხლე უბედურების თანალმობას მივუძღვნათ, მაგრამ ბუნებრივ სიყვარულს მათ ვერ
ვაჩუქებთ. როცა გეუბნები, და ედითი სხვაგვარად არის შექმნილი-მეთქი, ეს დამამცირებლად
გეჩვენება და განიცდი.
ხსნის არმიის ჯარისკაცს თავი ჩაქინდრული აქვს და არ ინძრევა. იქვე მყოფი უხილავი ფიგურა
ახლოს მიჩოჩებას ცდილობს, რომ უკეთ გაიგონოს მათი საუბარი, მაგრამ გეორგი გაუნძრევლად
წოლას უბრძანებს.

21
– ალილუია! – ამოიოხრავს და მარია, მისი სახე უკიდურეს ღელვას გამოხატავს. – ალილუია! რა
ჩვენი განსასჯელია? განა არ შეგიმჩნევია, რომ ამპარტავნობით აღვსილი გული სიყვარულს
მხოლოდ ძლიერთა ამა ქვეყნისათ სჩუქნის. აბა, სხვას ვის მისცემს მთელ სულიერ სითბოს გული,
რომელშიც ოდენ მორჩილებისთვის მოიძებნება ადგილი, თუ არა გამძვინვარებულს, დაცემულს,
გზაარეულს?
ამ სიტყვების შემდეგ დავით ჰოლმის ჯერი დგება, ტკივილი დაეუფლოს.
„ეს რა ხათაბალაში ვარ დღეს? – ეკითხება თავის თავს. – ნეტავ, რაში მანაღვლებს ამ ხალხის
ლაპარაკი? აბა, ქებას ხომ არ დამიწყებენ?“
ხსნის არმიის ჯარისკაცი თავს ასწევს და შიშის მომგვრელი მზერით შეხედავს და მარიას.
– ნეტავ, მარტო ეს იყოს პრობლემა.
– ვხვდები, რისი თქმაც გინდა. მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ და ედითმა არ იცოდა, დავით ჰოლმს
ცოლი თუ ჰყავდა. ყოველ შემთხვევაში, – განაგრძობს მცირედი ჭოჭმანის შემდეგ, – მთელი მისი
სიყვარული იმისკენ იყო მიმართული, რომ როგორმე გამოესწორებინა. სახრჩობელაზე მყოფ
დავითს ერთხელ მაინც რომ ეთქვა, გადარჩენილი ვარო, სრული ბედნიერება დაისადგურებდა.
ყმაწვილი და მარიას ხელზე ხელს ჰკიდებს, მის თითოეულ სიტყვას ისრუტავს. როგორც კი
საუბარი დასრულდა, შვებით ამოისუნთქა.
– მაგრამ ეს ის სიყვარული როდია, რომელზეც მე ვფიქრობ!
და მარია ოდნავ აიჩეჩავს მხრებს, ვაჟის დაჟინებამ ცოტა არ იყოს, მოქანცა.
– და ედითს თავის გრძნობებზე ჩემთვის არაფერი უთქვამს, – ეთანხმება ვაჟის სიტყვებს და
ოხრავს. – იქნებ ვცდები კიდეც.
– მაშ, თუკი თავად არაფერი აქვს ნათქვამი, უნდა ცდებოდე! – პასუხობს ხაზგასმული
სერიოზულობით.
კართან მწოლიარე ლანდი მოიქუფრება. არ სიამოვნებს, საუბარმა ასეთი სახე რომ შეიძინა.
– იმის თქმა კი არ მინდა, რომ და ედითის გულს თანაგრძნობის მეტი სხვა გრძნობა დაეუფლა,
როდესაც პირველად დაინახა დავითი. წესით, არც მერე უნდა შეჰყვარებოდა, რადგან არაერთხელ
გადაუღობა მაგ კაცმა გზა და ბევრი სატკივარიც გაუჩინა. ჩვენთან არაერთი ქალი მოსულა
საყვედურით, ჩვენმა ქმრებმა სამსახური მიატოვეს მას მერე, რაც დავით ჰოლმი ქალაქში
ჩამოვიდაო. უპოვართა დასახმარებლად რომ მივდიოდით, კარგად ვხედავდით, რომ ძალადობა
და მანკიერება დღითი დღე უფრო იკიდებდა ფეხს. კვალს კი ყოველთვის დავით ჰოლმთან
მივყავდით. ახლა ხომ ცხადია, რა ამოძრავებდა და ედითს, რომ ეგ ღვთისპირისგან გადავარდნილი
ისევ უფლის გზაზე დაებრუნებინა. მისთვის დავითი ის ნადირი იყო, რომელიც კარგად
დამიზნებული თოფით უნდა ედევნა, რაც უფრო შორს გაურბოდა ტიალი მხეცი, მით უფრო
მტკიცე გადაწყვეტილებით მისდევდა ედითი, რამეთუ სწამდა, რომ ბოლოს და ბოლოს
გაიმარჯვებდა, რადგან თავი უფრო ძლიერი ეგონა.
– ალილუია! – ამოიოხრა ჭაბუკმა. – იყო კიდეც უფრო ძლიერი! გახსოვს ერთ საღამოს მე და და
ედითი დუქანში რომ წავედით ახალი თავშესაფრის გახსნის შესახებ განცხადების გასაკრავად?
მან ერთ-ერთ მაგიდასთან მსხდომი დავითი და ვიღაც ყმაწვილკაცი დაინახა, ისიც გაიგონა,
როგორ დასცინოდნენ ხსნის არმიის დებს და ხარხარებდნენ. ის ბიჭი შეეცოდა და რამდენიმე
სიტყვით უთხრა, ნებას ნუ მისცემ, გაგრყვნასო. მან არც არაფერი უპასუხა და არც უკან გამოჰყვა.
იმავე მაგიდასთან კი დარჩა, მაგრამ ვეღარც ღიმილი მიიკარა ბაგეზე და ვერც ჭიქა მიიტანა
პირთან. დავით ჰოლმმა და სხვებმაც დაცინვა დაუწყეს, ხსნის არმიის დამ შეგაშინაო. თუმცა
შეშინებული სულაც არ იყო, უბრალოდ, ედითის სიტყვებმა ჩააფიქრა და უპოვრებისადმი
თანაგრძნობით განისმჭვალა, ამიტომაც მიატოვა თანამეინახენი და ედითთან მივიდა. შენ ხომ
მაინც იცი, დაო, რომ ეს სიმართლეა და ისიც იცი, ვისზე ვლაპარაკობ.
– ამინ, ამინ, რომ სიმართლეა! მაგ ადამიანსაც ვიცნობ და ისიც ვიცი, რომ იმ დღიდან ჩვენი
საუკეთესო მეგობარია, – ეუბნება და მარია და ღიმილით უკრავს თავს. – არ უარვყოფ, რომ ედითი
ზოგჯერ დავით ჰოლმზე გარკვეულ გავლენას ახდენდა, თუმცა მეტწილად მაინც ხელმოცარული
რჩებოდა. იმ ღამეს კი ისე გაცივდა, რომ ხველა ვერაფრით მოიშორა, დღემდეც კი! ავადმყოფობამ
ხელი რომ დარია, უკვე ვეღარც ბრძოლაში იკაფავდა გზას წინანდებურად.
– დაო მარია! – აწყვეტინებს ვაჟი, – შენი ნათქვამი არც ერთი სიტყვა დავითისადმი მის
სიყვარულს არ ამტკიცებს.

22
– მართალი ხარ, გუსტავსონ. თავიდან არც ეს მტკიცდებოდა არაფრით. გეტყვი, რამაც
დამარწმუნა. ერთ ღარიბ მკერავს ვიცნობდი, ქალი ჭლექით იყო ავად. მთელი ძალით ებრძოდა
ავადმყოფობას და ცდილობდა, ბავშვებისთვისაც არ გადაედო. მოგვიყვა, ერთხელ ქუჩაში ხველის
შეტევა დამეწყო, ვიღაც უცნობი მაწანწალა მომადგა და ლანძღვა ამიტეხა, ხალხისგან
ზურგშექცეული რატომ ახველებო.
მეც ჭლექიანი ვარო, – უთქვამს კაცს. – მეც სიფრთხილისკენ მომიწოდებს ექიმი, მაგრამ სულ
ფეხებზე მკიდიაო.
თურმე ყველას თვალწინ ახველებდა და იხრანტებოდა, რომ გარშემომყოფნიც დაესნებოვნებინა.
„ნეტავ, სხვები რითი მჯობიან?“ – უტიფრად უკითხავს.
მეტი აღარაფერი უთქვამს ქალისთვის, მაგრამ მკერავს მაინც მუხლები უკანკალებდა მთელი დღე.
მისი აღწერით, მაღალი და წარმოსადეგი, ოდესღაც ლამაზი მამაკაცი უნდა ყოფილიყო, თუმცა კი
დახეული ტანსაცმელი სცმია. სახეზე კარგად ვერ შეუთვალიერებია, მაგრამ ჩაწითლებულ-
ამოსიებული ქუთუთოებიდან ბოროტად მომზირალი ორი ქარვისფერი თვალი კი კარგად
ახსოვდა. თურმე ამ თვალებს დიდხანს ვეღარ იშორებდა მეხსიერებიდან. ყველაზე უარესი კი ის
იყო, – ამბობდა მკერავი, – რომ კაცი მთვრალი სულაც არ უნდა ყოფილიყო, უბრალოდ,
ხალხისადმი სიძულვილი ალაპარაკებდა ასეო.
რა გასაკვირია, რომ და ედითმა ამ აღწერილობაში მაშინვე დავით ჰოლმი ამოიცნო. მაგრამ იმან კი
არ გაგვაკვირვა, მის დაცვას რომ მოჰყვა, არამედ იმან, რომ ამ ქალის დარწმუნება დაიწყო, ეტყობა,
გაგეხუმრაო.
„უნდა გესმოდეთ, რომ ასეთ ძლიერ მამაკაცს ჭლექი ვერ ექნება, – ეუბნებოდა ედითი. – ცხადია,
ბოროტი კაცი იქნება, რაკი ასე შეგაშინათ, მაგრამ ავადაც რომ იყოს, მართლა განგებ ხომ არ
დააავადებდა ხალხს? კი მაგრამ, მტარვალი ხომ არ გგონიათ?“
არ დავეთანხმეთ, მტარვალი იყო, აბა, რა იყო, მაგრამ ედითი გაგვიწყრა, ასე ცუდად როგორ
ახსენებთო.
მეფორნემ ისევ ანიშნა, საუბარს ყურს ვუგდებო. დაიხარა და ამხანაგს თვალებში შეხედა:
– მე მგონი, და მარია მართალია, რადგან მხოლოდ ის ვერ დაინახავს შენს ავკაცობას, ვისაც
ნამდვილად უყვარხარ.
– შეიძლება, – განაგრძობს და მარია. – ეს ისევე არაფერს ნიშნავს, როგორც ის, რაც რამდენიმე დღის
შემდეგ მოხდა. მაგრამ ერთ საღამოს, როდესაც მე და და ედითი ჩვენი უპოვრების კაეშნით
დაზაფრულები შინ ვბრუნდებოდით, დავით ჰოლმი წინ გადაგვიდგა. გვითხრა, ქალაქიდან
მივდივარ და აწი ჩემ გამო ნაკლები თავსატეხი გექნებათო, სწორედ ამის სათქმელად
გაგაჩერეთო.
მეგონა, გაუხარდებოდა ეს ცნობა, მაგრამ მისმა პასუხმა მიმახვედრა, რომ გული დასწყდა.
„მირჩევნია, დარჩე, რადგან ასე უფრო იოლად განვაგრძობდი შენს გამოსწორებაზე ბრძოლას“, –
აი, ასე უპასუხა იმ ვიგინდარას.
დავითმა კი უპასუხა – „სამწუხაროდ, ვერ დავრჩები, რადგან მთელი შვედეთის შემოვლაც რომ
დამჭირდეს, ერთ კაცს უნდა მივაგნო, თორემ არც ძილი მექნება და არც მოსვენება“.
ჰოდა, იცი, და ედითმა ელდანაკრავივით ჰკითხა, ვინ არის ასეთიო? ის იყო, დავაპირე, თავს ნუ
იმცირებ-მეთქი, ედითისთვის მეჩურჩულა, რომ დავითმა, ალბათ, ვერ შემამჩნია, ძალზე
უბრალოდ უპასუხა, როცა ვიპოვი, უსათუოდ შეიტყობო. ვიფიქრე, იმედია, ედითს გაახარებს,
რაკი მთელ ქვეყანაზე მაწანწალასავით აღარ ივლის-მეთქი.
ეს რომ გვითხრა, წავიდა და როგორც ჩანს, სიტყვაც შეასრულა, რადგან მასზე აღარაფერი გვსმენია.
ვნატრობდი, ნეტავ, აღარასოდეს შეგვახვედრა-მეთქი, რადგან ყველგან და ყველასთვის
უბედურება მოჰქონდა, სადაც არ უნდა გამოჩენილიყო. მაგრამ ერთხელ ჩვენს სავანეში ერთი
ქალი მოვიდა და დავით ჰოლმი მოიკითხა. პირდაპირ გვითხრა, დავითის ცოლი ვარ, მაგრამ მისი
ლოთობა და უსაქციელობა რომ ვერ ავიტანე, მივატოვეო. ბავშვებისთვის ხელი მოუკიდია,
მათთან ერთად გამოპარულა და ამ ქალაქში ჩამოსულა იმ იმედით, რომ ამსიშორეზე ქმარი
ვერასგზით ვერ მიაგნებდა. ქალს ფაბრიკაში ეშოვა სამსახური და იმდენსაც უხდიდნენ, რომ
თავიც გამოეკვება და ბავშვებისთვისაც არ მოეკლო ლუკმა. კარგად ჩაცმული იყო და მნახველში
ნდობას იწვევდა. ფაბრიკაში მომუშავე გოგონების უფროსი გამხდარიყო და პატარა, მაგრამ
ნორმალური სახლის ყიდვაც მოეხერხებინა. ავეჯიც შეეძინა და სარჩო-საბადებელიც გააჩნდა.
ქმართან თანაცხოვრებისას კი არაფერი ებადათ თურმე და ბავშვებსაც მშიერი კუჭით
უხდებოდათ დაწოლა.

23
მერე გაეგო, რომ დავითი ქალაქში გამოჩენილა და რომ ხსნის არმიის დები იცნობდნენ მას,
ამიტომაც მოვიდა მისი ასავალ-დასავლის გასაგებად.
რომ გენახა და მოგესმინა, გუსტავსონ, ამასობაში როგორ იქცეოდა ედითი, მერწმუნე, ახლა მაგ
აზრზე აღარ იდგებოდი. როცა ეს ქალი მოვიდა და თავისი ვინაობა გვითხრა, ედითი გაფითრდა,
ისეთი ფერი დაედო, თითქოს სასიკვდილო ცოდვამ უწიაო, მაგრამ უცებ თავს მოერია და
თვალებში რაღაც არაამქვეყნიური შუქი ჩაუდგა. ემჩნეოდა, რომ ამქვეყნად საკუთარი თავისთვის
უკვე აღარაფერი სურდა. მის ცოლს კი ისეთი დაყვავებით და გულთბილად ესაუბრა, რომ ქალი
ცრემლებამდე მიიყვანა. მართალია, ერთხელაც არ უსაყვედურია მისთვის, მაგრამ ისე ელაპარაკა,
რომ ანანა, ქმარი რად მივატოვეო. მე მგონი, იმ ქალს ჩააგონა, რომ მხეცზე მეტი სისასტიკე
გამოგივლენიაო. მეტიც, ედითმა მასში იმდროინდელი სიყვარულის გაღვიძება მოახერხა,
როდესაც ქალი სულ ახალგაზრდა იყო და დავითთან ახალი შეუღლებული გახლდათ. ქალს მერე
ის მოაყოლა, როგორი იყო ახალდაქორწინებული დავითი და მასში ქმრის ნახვის სურვილი
გააღვიძა. არც ის დაუმალავს, რა დღეში იყო დავითი, მაგრამ საბრალო ქალი დაარწმუნა, ახლა
უფრო გმართებს მისი ნახვა და ისევ ისეთ დავითად ქცევა, როგორიც წინათ იყოო.
კართან მდგარი მეფორნე ისევ იხრება და თავის ტყვეს დასცქერის, თუმცა ამჯერად კრინტს არ
ძრავს, უხმოდ სწორდება. მის ამხანაგს კი გული ისე ექუფრება, რომ სულ მთლად აუტანელი
ხდება მისთვის იქ ყოფნა. მეფორნე კედელს ეყუდება და თვალებზე კაპიუშონს იფარებს, რომ
ძირს მყოფი ვეღარ დაინახოს.
– უეჭველია, დავით ჰოლმის ცოლს სინდისმა დაუწყო ქენჯნა, ნეტავ, არ მიმეტოვებინა, იქნებ
ბოროტება და მანკიერება ასე ძალიან ვეღარ დარევდა ხელსო, – განაგრძობს და მარია. – ამ
საუბრის დროს დაეუფლა, ალბათ, ეს გრძნობა. თუმცა, პირველი ვიზიტის შემდეგ ქმრისთვის
თავისი ადგილსამყოფლის შესახებ არაფერი შეუტყობინებია, ამ გადაწყვეტილებამდე მეორე,
უფრო ხანგრძლივი საუბრის მერე მივიდა. იმის თქმა კი არ მინდა, რომ ედითმა დაიყოლია და
ოცნების კოშკები ააგებინა, მაგრამ აშკარაა, რომ მას სურდა, ქალს ქმრისთვის ეპატიებინა და
სახლში შეეშვა. ალბათ, ეგონა, ამით ეშველებაო, ამიტომაც არ გადაათქმევინა ქალს შერიგების
გადაწყვეტილება. უნდა ვაღიარო, რომ ედითის წყალობით აღდგა მათი ოჯახი, რომელიც ასე
უსინდისოდ ჰქონდა დავითს დაქცეული. დიდხანს ვფიქრობდი და იმ დასკვნამდე მივედი, რომ
საკუთარ თავს ვერ დააკისრებდა ამხელა პასუხისმგებლობას, რომ არ ჰყვარებოდა.
და მარია ამ სიტყვებს თავდაჯერებულობით ამბობდა, ორი აღელვებული მამაკაცი კი გასუსული
ისმენდა ავადმყოფი გოგონას სიყვარულის ამბავს. ხსნის არმიის ჯარისკაცი თვალებზე
ხელებაფარებული იჯდა, კართან დაგდებულს კი სახეზე ისეთივე მრისხანება და ბოროტება
გადაეფინა, როგორიც ამ ოთახში შეყვანისას ჰქონდა.
– არავინ ვიცოდით, სად იყო დავით ჰოლმი წასული, – ისევ წამოიწყო მარიამ. – მაგრამ და ედითმა
სხვა მაწანწალებს დაავალა, დავითს უთხარით, ვიცი, სადაც არის შენი ცოლ-შვილიო. დავითმაც
მალევე დაგვიკრა აქ თავი. ედითმა ისიც კი მოახერხა, რომ დავითს ნორმალური სამოსი ჩაეცვა,
მშენებლობაზე სამუშაოც კი გამოუნახა, ამის მერე კი ცოლსაც შეახვედრა. თან არც პირობა
დაუდებინებია მისთვის და არც არაფერი დაუვალებია, მშვენივრად ესმოდა, რომ მისნაირებს
დადებული პირობა ვერ ანამუსებს; უბრალოდ, სარეველებსა და ეკლებს შორის გაფანტული
თესლის ნოყიერ ნიადაგზე დათესვა სურდა და სწამდა კიდეც, რომ გამოუვიდოდა.
ვინ იცის, იქნებ გამოსვლოდა კიდეც? მაგრამ უბედურება დაგვატყდა თავს. და ედითს
ფილტვების ანთება დაეწყო და რომ გვეგონა, სადაცაა უნდა მომჯობინდესო, სანთელივით
ჩამოდნა, ამიტომაც სანატორიუმში მოგვიწია მისი გაგზავნა.
ხოლო დავით ჰოლმი როგორ მოექცა ცოლს, ამაზე საუბარს რა აზრი აქვს. ჩვენზე არანაკლებად იცი
ეს ამბავი. გვინდოდა, მომხდარი დაგვემალა ედითისთვის, გვებრალებოდა. ვფიქრობდით, ისე
წავიდეს ამ ქვეყნიდან, რომ ვერ გაიგოს-მეთქი; მაგრამ ახლა, ალბათ, უკვე ყველაფერს მიხვდა.

– როგორ უნდა მიმხვდარიყო?


– იმდენად მჭიდროდ არის დავითთან დაკავშირებული, რომ მაინც მოახერხა ამის გაგება,
არაბუნებრივი გზით, მაგრამ მაინც... სწორედ ამიტომაც ითხოვდა მთელი დღე, დავითი
მომიყვანეთო. რამხელა უბედურება დაატეხა მის ცოლ-შვილს თავზე, არადა, სულ რამდენიმე
საათი თუ დარჩენია ყველაფრის გამოსასწორებლად. ჩვენ კი აქ დავყუდებულვართ და ისეთ
მცირედ სამსახურსაც კი ვერ ვუწევთ, როგორიც დავითის მოყვანაა!
– ნეტავ, მისი აქ მოყვანით რაღა ეშველება? – ჯიუტობს ახალგაზრდა, – დალაპარაკებასაც კი ვერ
მოახერხებენ, ისე სუსტად არის საბრალო.

24
– ედითის მაგივრად მე დაველაპარაკებოდი, – მტკიცედ აცხადებს მარია. – სასიკვდილო
სარეცელთან წარმოთქმულ სიტყვებს მაინც მოისმენდა დავითი.
– და რას ეტყვი, დაო მარია? ძალიან უყვარდიო?
ქალი სკამიდან წამოდგება. გულხელს დაიკრეფს და თვალდახუჭული ცად აღაპყრობს სახეს.
– ღმერთო მაღალო! – ევედრება უფალს. – ისე ჰქენი, რომ დავით ჰოლმმა ედითს ცოცხალს
მოუსწროს. მაცხოვარო, ინებე, რომ დაინახოს მისი სიყვარული, დაე, მისი სიყვარულის ალი
აუგიზგიზდეს სულში! მოწყალე უფალო, განა ეს სიყვარული მისი გულის გასალღობად არ ებოძა
ედითს? მომეც ძალა, უფალო, რომ ედითის სიყვარულის ცეცხლში ჩავაგდო დავითის სული, რათა
ზედვე ჩაუქრეს სიყვარულის ალი, როგორც მსუბუქი ნიავი, როგორც ანგელოზის ფრთისგან
წამოსული სიო, როგორც ის ალი, რომელიც ალიონზე ინთება და ღამის წყვდიადს ფანტავს.
ღმერთო, ნეტავ კი ის არ ეგონოს, რომ ამას შურისძიების გამო ვაკეთებ! გაუნათე გონება, რათა
მიხვდეს, რომ და ედითს მასში მხოლოდ ის სიწმინდე უყვარს, რის მოსპობასაც ასე შეუპოვრად
ესწრაფვის თავად! ღმერთო მოწყალეო...
და მარიას გააკანკალებს და თვალებს აახელს. ხსნის არმიის ჯარისკაცი დგას და პალტოს იცვამს.
– ვეცდები, მოვიყვანო, დაო მარია, – ხმაჩაწყვეტილი ამბობს. – მის გარეშე არ დავბრუნდები.
კართან გართხმული კაცი მეფორნეს ახედავს:
– ყელში ამომივიდა, გეორგ! თავიდან მათმა სიტყვებმა შემძრა კიდეც. იქნებ ჩემი სულის მოდრეკა
მოახერხე, მაგრამ უნდა დაგესწრო მათთვის. ჩემს ცოლზე არაფერი არ უნდა ეთქვათ.
პასუხის ნაცვლად მეფორნემ ოთახის შუაგულისკენ მსუბუქი ჟესტით მიანიშნა ვიღაცაზე.
სასტუმრო ოთახში შპალერმიკრული კარიდან ასაკიანი ქალი შემოვიდა. ის უახლოვდება
ქალიშვილის მეგობრებს, რომელთაც ასე ხანგრძლივად ისაუბრეს, და მღელვარებისგან
ათრთოლებული მკაცრად ეუბნება:
– იქ წოლა აღარ უნდა. აქ გადმოყვანას ითხოვს. აღსასრული უახლოვდება.

თავი VI
სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე ხსნის არმიის პატარა, საბრალო და გრძნობს, როგორ ეცლება
ღონე და უღონობა იპყრობს მის სხეულს. ახლა წევს, ტკივილი აღარ აწუხებს, და ისე ებრძვის
სიკვდილს, როგორც ავადმყოფებთან ჩამომჯდარი არაერთი ღამის განმავლობაში ფხიზლობდა და
ებრძოდა ძილს.
– რა ტკბილად მიხმობ! მაგრამ ჯერ ადრეა ჩემი დაუფლება, – ეუბნებოდა ხოლმე ძილს, ხოლო თუ
მაინც ჩათვლემდა, შეირხეოდა, გამოფხიზლდებოდა და თავის მოვალეობებს უბრუნდებოდა.
ახლა კი ჰგონია, რომ სადღაც ცივ ოთახში, სადაც ჰაერი სუფთა და გრილია, და სადაც ავადმყოფი
ფილტვებით უკეთ ისუნთქავს ჰაერს, ვიღაც დიდ და მოხერხებულ საწოლზე ლოგინს შლის და
ფუმფულა, ცომივით ამოფუებულ ბალიშებს აწყობს. იცის, რომ ეს ლოგინი მისთვის იშლება და
ერთი სული აქვს, დაწვეს და ძილს მისცეს თავი, რომ უძალობამ აღარ შეაღონოს, თუმცა კი სულის
სიღრმეში აცნობიერებს, რომ ვეღარასოდეს გაიღვიძებს. ცდილობს სიმშვიდის მაცდუნებელი
სურვილი უკუაგდოს. მისი დრო ჯერ არ დამდგარა.
ხსნის არმიის პატარა და ოთახს ათვალიერებს, მის თვალებში დედამისი საყვედურს კითხულობს.
ედითს ისეთი მკაცრი გამომეტყველება აქვს, ცხოვრებაში რომ არ ჰქონია.
„ასეთი სისასტიკე გამიგონია? რატომ არ შეისმინეთ ერთი ბეწო თხოვნა? – წუხან მისი თვალები. –
განა იმდენი ამაგი არა მაქვს თქვენზე, რომ უკანასკნელ სურვილსაც არ მისრულებთ? რა ჯაფა
დაგადგებათ, რომ ის ადამიანი მომიყვანოთ, ვისი ნახვაც ასე მსურს?“
მაგრამ მეტწილად თვალდახუჭული წევს და მოლოდინში ისე აქვს სმენა გამახვილებული, რომ
პატარა სახლში ყოველი გაფაჩუნებაც კი მის ყურამდე აღწევს. უეცრად ისეთი გრძნობა ეუფლება,
თითქოს მეზობელ ოთახში ვიღაც შევიდა, რომელიც დგას და იცდის, როდის მიიყვანენ
ავადმყოფამდე. თვალებს ახელს და დედამისს მავედრებელ მზერას ავლებს.
– სამზარეულოში დგას, კართან, დედა. იქნებ შემოიყვანო აქ.
ქალი დგება და შპალერაკრულ კარს აღებს, რომ ოთახი მოათვალიეროს. მერე ბრუნდება და თავს

25
გააქნევს.
– იქ არავინაა, შვილო, – ეუბნება ქალიშვილს. – და მარიასა და გუსტავსონის მეტი არავინაა.
ავადმყოფი ამოიოხრავს და ისევ თვალებს ხუჭავს. მაგრამ მაინც გრძნობს, რომ ის კართან დგას და
იცდის. ეჰ, ნეტავ, წინანდებურად დებულიყო სკამზე მისი ტანსაცმელი, ადგებოდა, ჩაიცვამდა და
გავიდოდა დასალაპარაკებლად. ტანსაცმელი არსად ჩანს, თან შიშობს, დედაჩემი ადგომის
უფლებას არ მომცემსო.
წევს და ცდილობს მოიფიქროს, მეზობელ ოთახში როგორ მოხვდეს. დარწმუნებულია, რომ ახლა
იქ დგას, უბრალოდ, დედამისი არ უშვებს მასთან. ეტყობა, იმდენად ცუდად გამოიყურება, რომ
ავადმყოფთან ასეთი შესახედაობის კაცს შესვლას არ ანებებენ. დედამისი ფიქრობს, ჩემს
ქალიშვილს ამისთანა კაცის დანახვა რაში არგიაო. არადა, ედითი კვდება და ამ დროს სულ ერთია,
როგორი სახით იხილავს მას.
ბოლოს ერთი აზრი მოუვიდა, რომელიც საკმაოდ გონებახვილურად მოეჩვენა. „ერთი, დედას
ვეტყვი, დიდ ოთახში მინდა-მეთქი დაწოლა, – ფიქრობს თავისთვის. – აბა, უარს როგორ მეტყვის?“
თავისი სურვილი დედას გააცნო, მან, თითქოს ქალიშვილს ეშმაკობას მიუხვდაო, უარის თქმა
დააპირა.
– აქ რა, ცუდად ხარ? სხვა დროს ხომ აქ გსურდა წოლა?
დედამისი არაფერს აკეთებს ქალიშვილის სურვილის ასასრულებლად, უძრავად ზის. და ედითი
თავს ისე გრძნობს, როგორც ბავშვი, როცა დედას რაღაცას სთხოვდა ხოლმე, ის კი არ უსრულებდა
თხოვნას. მაშინდელივით ახლაც აწუწუნდება და დედას უწვრილებს გულს ამ წუწუნით.
– დედიკო, დიდ ოთახში გადასვლა იცი როგორ მინდა? დაუძახე გუსტავსონსა და მარიას, უთხარი,
გადამიყვანონ. ჩემს საწოლს არც ისე დიდხანს მოუწევს იქ დგომა.
– აი, ნახავ, რომ არ მოგეწონება და მერე უკან გადმოყვანას მოითხოვ, – ეუბნება დედა, მაგრამ
მაინც გადის ოთახიდან და მეგობრებთან ერთად ბრუნდება.
კიდევ კარგი, პატარა, ხის საწოლზე წევს, იმაზე, ბავშვობაში რომ იწვა, ასე რომ, სამივეს,
დედამისს, მარიასა და გუსტავსონს, მისი აწევა არ უჭირთ.
როგორც კი გაიყვანეს, მაშინვე სამზარეულოს ნაწილს მოავლო თვალი და გაუკვირდა, რომ
ვერსად დაინახა. არადა, როგორი დარწმუნებული იყო.
იმდენად გულგაცრუებულია, რომ ამ სამად გაყოფილი ოთახის თვალიერების სურვილიც კი
დაკარგა, რომელიც ამდენ მოგონებას ინახავს. თვალებს ხუჭავს. და უცებ ისევ ის განცდა
ეუფლება, რომ კართან ვიღაც უცხო უნდა იყოს. „შეუძლებელია, ვცდებოდე, – ფიქრობს
თავისთვის. – აქ ვიღაცაა, ან ისაა, ან სხვა“.
ისევ გაახელს თვალს და ოთახს მიმოავლებს. კართან გაჭირვებით შენიშნავს, რომ რაღაც მუქდება.
რაღაც ბუნდოვანი და არამკაფიოა, როგორც აჩრდილი.
დედა დაიხრება და ჰკითხავს:
– ასე უკეთ ხარ? აქ გირჩევნია?
გოგონა თავს უკრავს და ჩურჩულით ეუბნება, მიხარიაო. მაგრამ ოთახი სულ არ ადარდებს,
თვალმოუხუჭავად კარისკენ იყურება. „ნეტავ, იქ რა უნდა იყოს?“ – უკვირს და ხვდება, რომ ამის
გაგება ცხოვრებაზე მეტად უღირს.
და მარია უეცრად წამოდგა და კარს გადაეფარა, ედითმა კი ძალა მოიკრიბა და სთხოვა, ცოტათი
გაიწიეო.
მათ საწოლი ოთახის ე.წ. სასტუმრო ნაწილში დადგეს, თან ისე, რომ საპირისპირო
მიმართულებით კარი ყოფილიყო. ცოტა ხანში დედას ეჩურჩულება:
– სასტუმრო ნაწილს უკვე თვალი შევავლე, ახლა სასადილო ნაწილის დათვალიერება მინდა.
ამჩნევს, რომ დედამისი და მეგობრები უკმაყოფილოდ შეხედავენ ერთიმეორეს და თავს
გადააქნევენ. მას ჰგონია, აჩრდილთან ჩემი მიახლოებისა ეშინიათო.
დედასა და მეგობრებს მავედრებელი თვალებით შეხედავს და ისინიც უსიტყვოდ უსრულებენ
სურვილს.

26
ახლა უკვე სასადილო ოთახშია, კართანაც გაცილებით ახლოს არის და კარგად ხედავს, რომ იქ
ბნელი ფიგურა დგას ხელში უცნაური ინსტრუმენტით. აშკარად ის არ არის, მაგრამ ვინც უნდა
იყოს, მასთან შეხვედრაც მნიშვნელოვანია.
უფრო ახლოს უნდა მისვლა და მსუბუქი ჟესტით ანიშნებს თავისიანებს, მიმწიეთო. ედითის
დედას ემჩნევა, რომ გული სტკივა, ამას თვითონაც ამჩნევს. დედას ცრემლები სცვივა. გოგონას
ჰგონია, რომ დედამისი ახლა მის ბავშვობას იხსენებს, როდესაც ქურის წინ იჯდა სიმხურვალისგან
ალმურავარდნილი და სკოლაში მომხდარ ამბებს უყვებოდა, დედამისი კი კერძს ამზადებდა.
კარგად ხვდება, რომ დედამისს ყველაფერი მის თავს ახსენებს, ნებისმიერ საგანთან თუ ნივთთან
მოგონებებია დაკავშირებული. ქალი თითქოს მოახლოებულმა მარტოობამ მოხარა წელში. მაგრამ
ახლა დედაზე ფიქრის დრო არ არის. არაფერზეც არ უნდა იფიქროს, გარდა იმისა, რომ დარჩენილ
დროში დაამთავროს დასამთავრებელი.
როგორც იქნა ოთახის საპირისპირო მხარეს გადაიყვანეს და უკვე მკაფიოდ ხედავს იმ უხილავს,
რაც კართან ატუზულა. ეს შავლაბადიანი და თვალებზე კაპიუშონჩამოფხატული კაცია. ხელში
გრძელი ცელი უჭირავს. ეჭვიც კი არ ეპარება, კარგად ხვდება, ვინც არის.
„სიკვდილი მოსულა“, – ფიქრობს ედითი. შიში იტანს, რომ ასე ნაადრევად სწვევია სიკვდილი.
თუმცა თავისთავად სიკვდილი შიშს სულაც არ ჰგვრის.
როდესაც საცოდავი ედითი კართან გადაიყვანეს, სიკვდილის ტყვე მოიკუნტა, რომ გოგონას ვერ
დაენახა. ამჩნევს, რომ ედითი კარს თვალს არ აცილებს, თითქოს რაღაც შენიშნაო. არ უნდა, რომ
მან დაინახოს. ამხელა დამცირება მისთვის აუტანელი იქნებოდა. ქალის მზერა კაცისას ვერ
ეჩეხება. მას სულაც არ უყურებს გოგონა, არამედ გეორგს, კართან მდგომს.
როდესაც ავადმყოფის საწოლი მთლად კართან მიაჩოჩეს, დავითმა დაინახა, რომ ედითმა თავით
უხმო გეორგს. გეორგი, თითქოს იყინებოდეს, ლაბადას მჭიდროდ შემოიხვევს და მიუახლოვდება.
ქალი საცოდავი, მავედრებელი თვალებით უმზერს.
– ხომ ხედავ, სულაც არ მეშინია შენი, – თითქმის უხმოდ ეჩურჩულება. – სიამოვნებით
გამოგყვებოდი, მაგრამ, გთხოვ, დილამდე მადროვე, რათა დიადი დავალება აღვასრულო, რის
გამოც ვყავარ უფალს ამქვეყნად მოვლინებული.
ედითი გეორგს ესაუბრება, დავითი კი თავს წამოყოფს, რომ კარგად დააცქერდეს. კარგად ხედავს,
რომ მისი სულის წმინდა სიმაღლე უნახავ სილამაზეს, რაღაც მედიდურს, მაღალს, მიუწვდომლად
მშვენიერს, დაუძლევლად მიმზიდველს სძენს, ამიტომაც ძალა აღარ შესწევს, თვალი აარიდოს.
– ეტყობა, ჩემი არ გესმის... – ეკითხება გეორგს. – ცოტა დაიხარე. ისე უნდა გაგესაუბრო, რომ
სხვებმა ვერ გაიგონონ.
გეორგი იმდენად ახლოს დაიხრება, რომ მისი კაპიუშონი ლამის ედითის სახეს შეეხოს.
– შეგიძლია, ჩურჩულით მითხრა, – ეუბნება ავადმყოფს. – მაინც გავიგონებ შენს ნათქვამს.
ედითი ისე ჩუმად იწყებს ჩურჩულს, რომ მის საწოლთან მჯდომი სამი ადამიანიდან არც ერთს არ
ესმის. მისი მხოლოდ მეფორნესა და იატაკზე გართხმულ ლანდს ეყურება.
– არ ვიცი, იცი თუ არა, რისი აღსრულება მავალია, და რატომ მინდა, დილამდე მივატანო სული.
ერთი ადამიანი მყავს სანახავი, რათა ყველაფერი მოვუმთავრო. ვერ წარმოიდგენ, რა ცუდად
მოვექეცი. მეტისმეტად თავდაჯერებული და გულადი ვიყავი. ამდენი ტკივილი მივაყენე მას და
ახლა უფლის წინაშე როგორ წარვდგე?
თვალები ლამის გადმოსცვივდეს, სულიც ეხუთება, მაგრამ პასუხის დაუცდელად განაგრძობს:
– მინდა, გითხრა, რომ იმ კაცს მოველი, ვინც მიყვარს. გესმის ჩემი? იმას ვუცდი, ვინც მიყვარს.
– მაგრამ დაო, ეს ადამიანი...
სიტყვას არ ამთავრებინებს მეფორნეს, სანამ თვითონ არ დაამთავრებს სათქმელს.
– ხომ ხედავ, რაც დამემართა, ამიტომაც გეუბნები. იოლი არ არის იმის აღიარება, რომ სწორედ ეგ
ადამიანი მიყვარს. ძალიან მრცხვენოდა იმის გამო, რომ ასე დავეცი და ცოლიანი კაცი შევიყვარე.
ვებრძოდი ამ გრძნობას, ვეწინააღმდეგებოდი. მეჩვენებოდა, რომ უკანასკნელ ღატაკზე, რომელთა
მშველელიც მეგონა თავი, უარესი გავხდი.
გეორგი ჩუმად ეფერება შუბლზე და სიტყვას არ აწყვეტინებს.
– თუმცა, ყველაზე უარესი ის როდია, რომ დაოჯახებული შემიყვარდა. ყველაზე უარესი ის არის,

27
რომ ეს ამაზრზენი და სასტიკი კაცია. თავადაც ვერ გამიგია, მაგისთანას გასათელი როგორ გავხდი.
მინდოდა, მასში დადებითი, კარგი ნაპერწკალი მაინც მეპოვა, მაგრამ ყოველთვის იმედი
მიცრუვდებოდა. ეტყობა, მეც ისეთივე საძაგელი ვარ, რაკი ჩემმა გულმა მაგისთანა შეიყვარა. ასე
რომ, ხომ ხედავ, მის უნახავად ვერ წავალ, რადგან საკუთარი თვალით უნდა დავინახო, რომ
ოდნავ მაინც აწუხებს სინანულის გრძნობა და სინდისი ქენჯნის.
– ისედაც ბევრი გაქვს მისთვის გაკეთებული, – მტკიცედ ეუბნება გეორგი.
ედითი თვალებს მინაბავს, ფიქრებში ჩაეფლობა, მაგრამ მყისვე ახელს და მტკიცე
გადაწყვეტილება ემჩნევა მზერაში.
– გგონია, მხოლოდ ჩემ გამო გთხოვ და მიგაჩნია, რომ სულერთი უნდა იყოს ჩემთვის ვის რა
მოუვა? მე ხომ ამ მოსაწყენ ცხოვრებას ვტოვებ. მოდი, მოგიყვები, იმ დღეს რაც მოხდა და
მიხვდები, რომ ეს მცირედი გადავადება სხვების დასახმარებლად მჭირდება.
ისევ თვალებს ხუჭავს და საუბარს განაგრძობს:
– ეს ამ დილას მოხდა. აღარ მახსოვს, სად მივდიოდი, კალათა კი მეჭირა ხელში და რომელიღაც
უსახლკაროსთვის საჭმელი მიმქონდა. უცებ უცნობ ეზოში აღმოვჩნდი. ირგვლივ მაღალი, ლამაზი
სახლები აღმართულა, ყველგან სისუფთავე და წესრიგია, ეტყობა, დალხენილად ცხოვრობს
ხალხი. არ ვიცოდი, აქ როგორ მოვხვდი, მაგრამ ერთ-ერთ სახლზე მიდგმული ხუხულა შევნიშნე,
საქათმეს ჰგავდა. თუმცა, როგორც ჩანს, ადამიანის საცხოვრისად მიუდგამთ სახლისთვის.
კედლები მუყაოსა და ფიცრისგან აქვს ამოყვანილი, ლამაზი სარკმლებიც მოუჩანს და სახურავზე
თუნუქის მილებიც.
ერთ-ერთი მილიდან კვამლი წვრილ ზოლად ამოდის. მივხვდი, რომ ამ საცხოვრისში ვიღაც
ბინადრობდა და ჩემს თავს ვუთხარი: სწორად მოვსულვარ-მეთქი.
ჩიტის ბუდეში მივძვრები-მეთქი, – ვფიქრობდი საბიჯელასავით დახლართულ ხის კიბეზე
ასვლისას. კარი არ ჩაერაზათ და შიგნიდან ხმები მომესმა, ამიტომაც დაუკაკუნებლად შევაღე.
იქ მყოფთაგან არავინ შემობრუნებულა და არავის შემოუხედავს ჩემთვის. მე კართან, კუთხეში
დავდექი და დაველოდე, იქნებ შემამჩნიონ-მეთქი. კარგად ვიცოდი, რომ აქ მნიშვნელოვან
საქმეზე ვიყავი მოსული.
მომეჩვენა, რომ ოთახში კი არა – ფარდულში შევედი. არანაირი ავეჯი არ დამინახავს, არც
საწოლები. ერთ კუთხეში რამდენიმე დახეული ლეიბი მიეგდოთ, ალბათ, ქვეშაგებად იყენებდნენ.
არავითარი სკამი, ყოველ შემთხვევაში, არც ერთი მთელი სკამი, მხოლოდ ერთი უხეში, შეუღებავი
მაგიდა იდგა.
უეცრად ჩემს თავს ვუთხარი, ვიცი, სადაც ვიმყოფები-მეთქი. ოთახის შუაგულში დავით ჰოლმის
ცოლი იდგა. სანატორიუმში რომ ვიყავი, მაშინ თუ გადმოვიდნენ აქ. მაგრამ ასე ღატაკურად და
უღმერთოდ რატომ გამოიყურება აქაურობა? ან ავეჯს რა უყვეს? სადაა მათი ლამაზი შიფონიერი
ან საკერავი მანქანა...
თვალიერებას მოვეშვი... ვერ ვიტყოდი, აქაურობას სახელდობრ რა აკლდა, უბრალოდ, არაფერი
იყო საერთოდ.
„რა გატანჯული სახე აქვს მის ცოლს, – ვფიქრობდი ჩემთვის. – თან ასე ღატაკურად ჩაუცვამს.
შარშან გაზაფხულიდან ასე რამ შეცვალა?!“
ვიფიქრე, მოვიკითხავ, გავიგებ როგორ არის-მეთქი, მაგრამ შევჩერდი, რადგან ოთახში კიდევ ორი
ქალბატონი იმყოფებოდა და მას ესაუბრებოდა.
ყველას სერიოზული გამომეტყველება მიეღო, ამან მიმახვედრა, რაც ხდებოდა. მათ ამ ქალის ორი
ბავშვის თავშესაფარში მოთავსება სურდათ, რომ მამისგან ჭლექი არ გადასდებოდათ.
საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდი! „წარმოუდგენელია, დავით ჰოლმს ტუბერკულოზი ჰქონდეს, –
ჩემთვის ვფიქრობდი. – ადრეც კი მოვკარი ყური, მაგრამ ვერ დავიჯერე“.
იმას კი ვერ ვხვდებოდი, რატომ საუბრობდნენ მხოლოდ ორ ბავშვზე. რამდენადაც მახსოვდა, მათ
სამი შვილი ჰყავდათ.
ტვინის ჭყლეტა დიდხანს არ დამჭირვებია. ერთ-ერთმა ქველმოქმედმა ქალბატონმა დედას
უთხრა, შენს შვილებს იქ მოვლა-პატრონობა არ მოაკლდებათო.
„ქალბატონო დოქტორო, ჩემს ცრემლებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ, – უპასუხა დედამ. – უფრო
მწარე იქნებოდა ჩემი ცრემლი, მათი თქვენთან გაგზავნა რომ ვერ მომეხერხებინა. უმცროსი

28
საავადმყოფოში მიწევს. მისი ტანჯვა რომ ვიხილე, ჩემს თავს ვუთხარი, თუკი ბავშვებს წაიყვანენ,
კი არ ვიტირებ და ვიწუწუნებ, პირიქით, მადლობას გადავუხდი-მეთქი“.
ამ სიტყვებზე გული შემეკუმშა. რა უქნა დავით ჰოლმმა თავის ცოლ-შვილს, სახლს? სულ ჩემი
ბრალია, მათ რომ მიაგნო.
კუთხეში ატუზულმა სლუკუნი დავიწყე. მივხვდი, რომ შემამჩნიეს, მაგრამ თავი ისე დაიჭირეს,
თითქოს ვერ მხედავდნენ. დავინახე, ცოლი კარისკენ წამოვიდა.
– ქუჩაში გავალ, ბავშვებს დავუძახებ, – თქვა ქალმა. – აქვე ახლოს უნდა იყვნენ.
ისე ახლოს ჩამიარა, რომ მისი გასაცოდავებული კაბა ჩემს ხელს შეეხო. მუხლებზე დავემხე, მისი
კაბის ბოლო ტუჩებთან მივიტანე და ვეამბორე. მწარედ ავტირდი. თუმცა, კრინტი ვერ დავძარი.
მის წინაშე ხომ ამხელა დანაშაული მქონდა.
გამიკვირდა, რატომ ვერ შემამჩნია-მეთქი, თუმცა იქნებ არც სურდა იმის დანახვა, ვინც ამ დღეში
ჩააგდო.
მაგრამ უბედური დედა ოთახიდან არ გასულა, რადგან ერთ-ერთმა ქალბატონმა უთხრა, სანამ
ბავშვები მოვიდოდნენ, მანამდე ერთი საქმე გვაქვს მოსაგვარებელიო. ჩანთიდან ქაღალდი
ამოიღო და ხმამაღლა დაიწყო კითხვა. ეს მინდობილობა იყო, რომელშიც ეწერა, რომ მშობლები ამ
ქალბატონს ანიჭებდნენ მომვლელის უფლებას, სანამ მათ სახლში ტუბერკულოზით
დასნებოვნების რისკი არსებობდა. ქაღალდზე ხელი ორივე მშობელს უნდა მოეწერა.
ოთახის მეორე ბოლოში კარი იყო დატანებული. ის გაიღო და დავით ჰოლმი შემოვიდა. უნებურად
ვიფიქრე, ალბათ, კარს მიღმა იდგა და აყურადებდა-მეთქი საუბარს, რათა საჭირო დროს
შემოსულიყო.
მას ძველი, ჭუჭყიანი ტანსაცმელი ეცვა. თვალებში ავი ცეცხლი უელავდა. მივხვდი, რომ
სიამოვნებას განიცდიდა, თითქოს თავისი უბედურება ბედნიერებას ანიჭებსო.
„ბავშვები მიყვარს, – მოჰყვა მტკიცებას, – მიმძიმს მათი გაშვება, მით უმეტეს, ერთ-ერთი უკვე
საავადმყოფოში გვიწევს“.
ქალბატონებს ემჩნეოდათ, რომ მისი მოსმენის სურვილი არ ჰქონდათ, თუმცა კი შენიშნეს, –
ამათაც იგივე ბედი ეწევათ, თუ არ გაგვატანთო.
ამ მომენტში მივბრუნდი და მის ცოლს შევხედე. კედელზე მიყუდებულიყო და ქმარს უყურებდა,
ისე უქცერდა, როგორც ნაცემ-ნაგვემი მსხვერპლი უყურებს ხოლმე თავის ჯალათს.
უფრო გავაცნობიერე, რომ იმაზე მეტი უბედურება შევყარე ამ ოჯახს, ვიდრე მეგონა. მომეჩვენა,
რომ დავით ჰოლმი ამ ქალისადმი სიძულვილს გრძნობდა. მივხვდი, რომ მას იმიტომ კი არ
ეძებდა, რომ ოჯახი აღედგინა და ბედნიერება ეპოვა, არამედ იმისთვის, რომ ეწვალებინა და
გაეუბედურებინა.
მესმოდა, წარმოსადეგ ქალბატონებს მამობრივ სიყვარულზე ზღაპრებით როგორ იქცევდა. ისინი
კი პასუხობდნენ, „ამ სიყვარულის დამტკიცებას ექიმის მოცემული დანიშნულების ზუსტი
დაცვით შეძლებთ, სნეულების გავრცელებით კი არა“. აბა, ასე რომ არა, ბავშვებს კი არ
წაიყვანდნენ.
ვერც ერთი ვერ მიმხვდარიყო, მის სულში რა ხდებოდა. მე კი იოლად მივხვდი. „ბავშვების გაშვება
არ სურს, – გავიფიქრე გულში. – არ ადარდებს, დაავადდებიან თუ არა“.
ეტყობა, ცოლიც მიუხვდა გულისნადებს. უეცრად, წყობიდან გამოსულმა იკივლა:
– მკვლელო! არ გინდა, რომ ბავშვები გავატანო, გინდა, რომ სახლში დავიტოვო, რათა დაავადდნენ
და დაიხოცონ! სამაგიეროს გადახდა ამ მეთოდით გინდა!
დავით ჰოლმმა მხრები აიჩეჩა და ზურგი შეაქცია.
– ჰო, მართალია, ამ საბუთზე ხელის მოწერა არ მინდა.
გაცხარებული კამათი ატყდა. ცოლმა ყველაფერი პირში მიახალა, უცხო ქალბატონებმაც კი ვერ
შეიკავეს თავი და მკვახედ უთხრეს სათქმელი.
ის კი გაუნძრევლად იდგა და ურცხვად აცხადებდა, ბავშვების გარეშე ვერ ვიცოცხლებო.
ამ ყოველივეს ენით აუწერელი შიშით ვისმენდი, მე ხომ ის კაცი მიყვარდა, რომელმაც მოყვასის
წინაშე ამხელა დანაშაული ჩაიდინა. იმედი მქონდა, რამე დამამშვიდებელს ეტყვიან-მეთქი.

29
მაგრამ რაღაც ძალა მბოჭავდა და კუთხიდან არ მიშვებდა. „რად უნდა ამდენი დავა და კამათი? –
ვფიქრობდი ჩემთვის. – ასეთ ადამიანს ტერორის ენით უნდა ელაპარაკო!“ არც ერთ ქალბატონს
მისთვის სიტყვა არ უთქვამს ღმერთზე. არც ერთი უფლის რისხვით არ დამუქრებია. ისე მეგონა,
თითქოს უფლის მეხი მეჭირა ხელში, მაგრამ ვერაფრით ვახერხებდი ეს მეხი მისთვის დამეცა.
ოთახში უცებ სიჩუმე ჩამოწვა. კეთილშობილი ქალბატონები წამოდგნენ და წასვლა დააპირეს.
არაფერი გამოუვიდათ. ვერც ცოლი გახდა ვერაფერს. ყვირილიც შეწყვიტა და უხმო
სასოწარკვეთას მიეცა.
არაადამიანურ ძალისხმევას მივმართე, რომ ან ხმა ამომეღო, ან გავნძრეულიყავი. სიტყვები ენას
მიწვავდნენ. „შე ფარისეველო! – მსურდა, მეთქვა. – გგონია, შენს განზრახვებს ვერ ვხედავ? მალე
მოვკვდები და უფლის სამსჯავროზე გინიშნავ პაემანს. საკუთარი შვილების მოკვლაში გდებ
ბრალს. შენ წინააღმდეგ მივცემ ჩვენებას-მეთქი!“
მაგრამ როგორც კი წამოვდექი, დავით ჰოლმის სახლში კი არა, უკვე აქ ვიყავი, ჩემს საწოლში. მას
მერე სულ ვეძებ და ვეძახი, მაგრამ კაციშვილი არ არის მისი მომყვანი.
ხსნის არმიის პატარა და მომაკვდავ და ედითს თვალები დახუჭული ჰქონდა, როცა ამ ამბავს
ჰყვებოდა. მორჩა თუ არა მოყოლას, თვალები გაახილა და გეორგს ენით აუწერელი შიშით შეხედა.
– დამპირდი, რომ სიკვდილის უფლებას არ მომცემ, სანამ არ დაველაპარაკები! – ეხვეწება გეორგს.
– მის ცოლ-შვილზე დაფიქრდი!
იატაკზე მწოლიარეს გეორგის ურჩობა უკვირს. ხომ შეუძლია, ერთი სიტყვით მოუღოს ქალის
ტანჯვას ბოლო და უთხრას, რომ დავითი თამაშიდან გავარდა და ამის მერე ცოლ-შვილს ზიანს
ვეღარ მიაყენებს. მაგრამ ამ ამბავს უმალავს, რითიც უფრო მეტად ამწარებს ედითს.
– რითი აიძულებ დავით ჰოლმს? – ეკითხება გეორგი. – მისი დარწმუნება ხომ შეუძლებელია. რაც
დღეს იხილე, წლობით ნაგროვები სიძულვილია მის გულში.
– აჰ, ნუ ამბობ ასე! ნუ ამბობ!
– შენზე უკეთ ვიცნობ, – ეუბნება მეფორნე, – და შემიძლია გითხრა, თუ რამ აქცია დავით ჰოლმი
ასეთად.
– მომიყევი, სიამოვნებით მოგისმენ. ოღონდ კი უკეთ გავუგებდე მაგ უბედურს!
– მაშინ სხვა ქალაქში მოგიწევს, გამომყვე. ციხის შენობასთან გავჩერდეთ. საღამოა. ლოთობის
გამო რვა თუ თოთხმეტი დღე ციხეში მყოფი კაცი ეს-ესაა გაათავისუფლეს. ციხის კართან არავინ
ელოდება, მაგრამ მაინც ჩერდება და აქეთ-იქით იყურება იმის იმედით, რომ ვინმე მიაკითხავს.
საქმე ის არის, რომ ახლახან ციხიდან გამოსულ კაცს ძლიერი დარტყმის გადატანა მოუხდა. სანამ
იჯდა, მის უმცროს ძმას უბედურება შეემთხვა. მთვრალს კაცი შემოაკვდა, რის გამოც
დააპატიმრეს. უფროსმა ძმამ არაფერი იცოდა ამის შესახებ, სანამ ციხის მღვდელმა მკვლელის
საკანში არ შეიყვანა, სადაც დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევის გამო ხუნდებდადებული
ახალგაზრდა იჯდა.
„აბა, ვინ ზის აქ?“ – ჰკითხა დავითს მღვდელმა.
საყვარელი ძმა რომ დაინახა, დავით ჰოლმს ელდა ეცა.
„ამიერიდან ამას მრავალი წელიწადი მოუწევს ციხეში ჯდომა, – უთხრა მღვდელმა. – მაგრამ,
სიმართლე ითქვას, ეს შენ უნდა იხდიდე მის მაგივრად სასჯელს, რადგან შენ გარყვენი და
აცდუნე, გაალოთე და გონება დაუბნელე“.
დავით ჰოლმმა იმ წუთებში თავის შეკავება კი მოახერხა, მაგრამ საკანში დაბრუნებული ისე
ატირდა, ბავშვობის მერე რომ აღარ უტირია. ამის შემდეგ თავის თავს უთხრა, მრუდე გზით აღარ
ვივლიო. მანამდე ხომ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რამხელა სიმწარეა, როცა იცი, რომ ადამიანს
უბედურება დაატეხე თავს. ძმიდან მისი ფიქრები ცოლ-შვილზე გადავიდა და წარმოიდგინა
როგორ უჭირდათ, ამიტომ საკუთარ თავს სიტყვა მისცა, აღარ ვატკენ გულსო. ჰოდა, ციხიდან
გამოსვლის საღამოსვე ერთი მიზანი ამოძრავებდა, რაც შეიძლება მალე ენახა ცოლი და ეთქვა,
ახალ ცხოვრებას ვიწყებო.
მაგრამ ცოლი ციხესთან არ დახვედრია, არც შინ მისულს გამოჰგებებია გზაზე. არც სახლის კარი
გაუღია და გადახვევია, ხანგრძლივი განშორების შემდეგ როგორც სჩვეოდა ხოლმე. რაღაც კი
იეჭვა, მაგრამ დაჯერება არ სურს. ოღონდ ახლა არა! ოღონდ ახლა არა, როდესაც სხვა კაცად ქცევა
გადაწყვიტა.

30
ცოლი, როდესაც სახლიდან გადიოდა, გასაღებს კართან, ფეხსაწმენდის ქვეშ ტოვებდა ხოლმე.
დაიხარა და გასაღები ძველ ადგილზე იპოვა. კარს აღებს, შიგნით შედის და ვერაფერს ხვდება:
ოთახი ცარიელია. არა, მთლად ცარიელიც არ ეთქმის, ავეჯის ნაწილი დაუტოვებიათ, მაგრამ
ოჯახის წევრებიდან არავინ ხვდება.
არც შეშაა, არც რამე კერძია მომზადებული, ფანჯრებზე ფარდებიც კი აღარ კიდია. ოთახი
მიტოვებულს ჰგავს, თითქოს აქ წლობით არავის უცხოვრია.
მეზობლებთან მიდის, რომ ჰკითხოს, ჩემი არყოფნისას ცოლი ავად ხომ არ გამხდომიაო. თავს
ირწმუნებს, საავადმყოფოში იქნება მოთავსებულიო.
– არა, მგონი ჯანმრთელად გამოიყურებოდა ბინის დაცლისას, – იყო პასუხი.
– კი მაგრამ, საით გაემგზავრა?
– ეგ არავინ იცის.
მეზობლების ცნობისმოყვარეობას და მათ ნიშნის მომგებ მზერას ამჩნევს, აბა, ან სხვას რას
ელოდა. ცხადია, ცოლმა დრო იხელთა და გაიქცა. ბავშვებიც თან წაუყვანია და საჭირო ნივთებიც
წაუღია, მაგრამ მისი გაფრთხილება და ცარიელი კერისთვის შემზადება აზრად არ მოსვლია. ის კი
როგორ ელოდა ცოლთან შეხვედრას! უსასრულოდ იმეორებდა, ამას და ამას ვეტყვიო. მთელი
გულით სურდა პატიების თხოვნა. კაცს ერთი მეგობარი ჰყავდა, რომელიც განათლებულთა,
მაგრამ დაცემულთა წრეს ეკუთვნოდა. დავითი ფიქრობდა, ცოლს დავპირდები, რომ იმ კაცს აღარ
გავეკარებიო, თუმცა მისი არა მხოლოდ მანკიერება, არამედ ცოდნა და გონებაც იზიდავდა. ის იყო
წელში გაწყვეტას აპირებდა, რომ მის ცოლ-შვილს არც საჭმელი მოჰკლებოდა და არც სასმელი,
სცმოდათ კიდეც და საზრუნავიც ნაკლები ჰქონოდათ. ახლა კი, როცა ასეთი გადაწყვეტილება
მიიღო, სახლში აღარც ცოლი დაუხვდა და აღარც შვილები! ამიტომ მეორე დღეს ისევ ძველ ჭკუის
მასწავლებელს ეახლა და განუცხადა, შენს განკარგულებაში მიგულეო.
ციებ-ცხელება დაემართა, ცოლის უგულობას ვერ ეგუებოდა. კიდევ გაუგებდა, პატიოსნად და
ღიად რომ წასულიყო. მერე სასაყვედუროც არაფერი ექნებოდა, რადგან ქალი მის ხელში ბედნიერი
ნამდვილად არ ყოფილა. მაგრამ ასე უსიტყვოდ დამცირება, მისთვის ცარიელი სახლის
დახვედრება – უგულობაა. ამას კი ნამდვილად ვერ აპატიებს მას.
ყველას წინაშე მოსჭრა თავი. ახლა, ალბათ, მთელი უბანი დასცინის. მაგრამ საკუთარ თავს
უთხრა, სიცილსაც ბოლო მოეღებაო. ცოლს ვიპოვი, ჩემსავით გავაუბედურებ, არა, ჩემზე ორმაგად
უბედურად ვაქცევ და ასე ვაზღვევინებო; გავაგებინებ, გულის გაცივება რას ნიშნავსო.
ერთადერთი შვება მისთვის ცოლის პოვნისა და სამაგალითოდ დასჯის სურვილი იყო. სამი წელი
ეძება ცოლი და მთელი ეს პერიოდი იმით იმძვინვარებდა გულს, რომ მეუღლის საქციელს
დანაშაულად რაცხდა. შარა-შარა დაეხეტებოდა და თავის რისხვას სამაგიეროს გადახდის მზარდი
მოთხოვნილებით კვებავდა. იმდენი ეძება, რომ ამასობაში კარგად მოიფიქრა, თუკი მათი გზები
ისევ გადაიკვეთებოდა, რა ფორმით დაესაჯა და ეწამებინა.
ხსნის არმიის პატარა და აქამდე დუმდა, მხოლოდ გამომეტყველებით გამოხატავდა, რომ
თანამოსაუბრეს უსმენდა. მაგრამ აქ ლანდს მოყოლა შეაწყვეტინა მწუხარე ამოკვნესებით:
– მორჩა! მეტი აღარაფერი გამაგონო! რა საშინელებაა. ჩემს ჩადენილზე როგორ ვაგო პასუხი?
ნეტავ, არ შემერიგებინა! მისი ცოდვაც ხომ ამხელა არ იქნებოდა, მე რომ არ....
– კეთილი, მეტს აღარაფერს გეტყვი, – პასუხობს მეფორნე. – მხოლოდ ის მინდა, გაიგო, რომ ვადის
გადაწევის თხოვნა უშედეგოა და მეტი არაფერი.
– კი მაგრამ, მე რომ მინდა... – შეეპასუხება ელდანაცემი. – ასე ვერ მოვკვდები, არ შემიძლია! სულ
ცოტა დრო მაინც მიბოძე! ის ხომ მაინც იცი, რომ მიყვარს. ისე ძლიერად არასდროს მყვარებია,
როგორც დღეს.
კართან მწოლიარე ლანდს გააჟრჟოლებს. სანამ და ედითი მეფორნეს ელაპარაკებოდა, მისთვის
თვალი არ მოუცილებია. თითოეულ სიტყვას ისრუტავდა და მისი სახის მეხსიერებაში სამუდამოდ
აღბეჭდვას ლამობდა. რასაც კი ედითი ამბობდა, თუნდაც ყველაზე სასტიკ სიტყვებს, მის სმენას
ტკბილად ეფინებოდა. როდესაც გეორგი ქალს მასზე უყვებოდა, ედითის შიში, მისი თანაგრძნობა
თითქოს კურნავდა მის სულს. ჯერ არც კი იცის, რა უწოდოს იმ გრძნობას, ახლახან რომ გაუჩნდა
მის მიმართ. მხოლოდ ის იცის, რომ ედითს ყველაფერს მოუთმენდა. ის, რომ ედითს ისეთი
უყვარს, როგორიცაა და რომ მისი სიკვდილის მიზეზი თვითონ გახდა, ზებუნებრივად მშვენიერი
ეჩვენება. ყოველ ჯერზე, როცა კი ედითმა ახსენა, მიყვარსო, აქამდე განუცდელი სიამე და
აღტაცება იგრძნო. ყველანაირად ცდილობს მეფორნის ყურადღების მიქცევას, მაგრამ ეს

31
უკანასკნელი სხვაგან იყურება. მერე წამოდგომას ლამობს, მაგრამ ტკივილი აწუხებს და ისევ
ძირს ეცემა.
ის ხედავს, როგორ წრიალებს ედითი საწოლში. ქალი გეორგისკენ იშვერს ხელებს, ევედრება
დაყოვნებას, მაგრამ გეორგის სახე მკაცრია და ულმობელი.
– კი დაგაცდიდი, რეალურად რომ დაგეხმარებოდეს რამეში, – ეუბნება ედითს. – მხოლოდ ის ვიცი,
რომ მასზე გავლენას უკვე ვეღარ მოახდენ.
მეფორნე მისკენ იხრება, რომ ის სიტყვები წარმოთქვას, რომლებიც სულს სხეულის გარსისგან
ათავისუფლებს.
და სწორედ ამ დროს ბნელი ფიგურა მომაკვდავთან მიცოცდა. ძალთა კოლოსალური დაძაბვითა
და ისეთი ტკივილით, რომელიც აქამდე არ განუცდია, ხუნდებს იშორებს და ედითამდე აღწევს.
ჰგონია, ამის გამო მარადი ტკივილით დაისჯება, მაგრამ ვერაფრით დაუშვებს, რომ და ედითმა
ამაოდ იცადოს, როცა თვითონაც ამავე ოთახშია. მის საწოლთან ისე მიჩოჩდა, რომ გეორგს – მტერს
– არ დაენახა, ედითისთვის კი ხელზე ხელი მოეკიდა.
მართალია, იმის თავიც არ აქვს, რომ ხელზე მოუჭიროს, მაგრამ ქალი მის სიახლოვეს იგრძნობს და
უცბად მისკენ შეტრიალდება. ედითი ხედავს, რომ ის მის საწოლთან ჩაჩოქილა, თავი
ჩაუქინდრავს და სახეზე შეხედვას ვერ უბედავს, მხოლოდ ხელი ხელზე უკიდია და ასე
გამოხატავს თავის მადლიერებასა და სიყვარულს.
და სწორედ ამ დროს ედითს სახეზე ბედნიერების ნათელი ეფინება. ის დედამისსა და თავის
მეგობრებს უყურებს, რომელთაც ადრე მოუცლელობის გამო ვერ უთხრა გამოსამშვიდობებელი
სიტყვები, რათა ისინი მისი ბედნიერების მომსწრენი გამხდარიყვნენ. თავისუფალი ხელით
იატაკზე უთითებს, რათა მის საწოლთან მუხლმოყრილი დავით ჰოლმის დანახვით მოგვრილი
ენით უთქმელი ბედნიერება მასთან ერთად გაიზიარონ. მაგრამ ამ დროს შავი კაცი მისკენ იხრება
და ეუბნება:
– ტყვე ქალო, ჩემი გულის მაამებელო, დატოვე საკუთარი ციხე!
წამიერად ბალიშზე მიესვენება და უკანასკნელ ამოსუნთქვასთან ერთად სულიც დატოვებს მას.
ამავე წამს დავით ჰოლმს უხილავი ბორკილებით შეებორკება ხელები, ფეხები კი თავისუფალი
რჩება. გეორგი რისხვით ჩასჩურჩულებს, ძველი მეგობრობა რომ არა, საუკუნო წამებას
შეგყრიდიო.
– წავიდეთ აქედან! – განაგრძობს გეორგი. – აქ აღარაფერი გვესაქმება. მისი აქედან წამყვანები
უკვე გამოჩნდნენ.
უხეშად სტაცებს დავით ჰოლმს ხელს და გარეთ მიათრევს. დავითს ეჩვენება, რომ ოთახს რაღაც
ნათელი არსებები ავსებენ. ისინი მას კიბეზეც ხვდებიან, ქუჩაშიც, მაგრამ უხილავი ძალა იმხელა
სისწრაფით მიაქროლებს, მათ შეთვალიერებას ვერ ასწრებს.

თავი VII
დავით ჰოლმი ისევ სიკვდილის ფორანზე გდია. ახლა სამყაროზე კი აღარ არის მარტო ნაწყენი,
არამედ საკუთარ თავზეც. ეს რა ეტაკა? ნუთუ გაუტია? ან და ედითს რატომ ჩაუვარდა ფეხებში
ცოდვების გამოსყიდვის მსურველი მონანიე ცოდვილივით? გეორგი, ალბათ, დასცინის კიდეც.
ნამდვილ მამაკაცს იმის ვაჟკაცობა უნდა ეყოს, რომ საკუთარ საქციელზე პასუხი აგოს.
თითოეული ნაბიჯის მიზეზიც უნდა იცოდეს. მარტო იმიტომ არ უნდა დაიოთხოს და საკუთარი
პრინციპების წინააღმდეგ აკრუსუნდეს, რომ გოგონა ამბობს, მიყვარსო.
ეს რა ჯანდაბა ეტაკა? ნუთუ შეუყვარდა. მაგრამ ხომ მკვდარია? თუმცა, ქალიც გარდაიცვალა. მაშ,
რაღა სიყვარული გამოდის?
კოჭლი ჯაგლაგი გზას გაუდგა. ახლა უკვე გარეუბნის ქუჩებში მიჩაქჩაქებს. დავითი ქალაქიდან
გაჰყავს. სახლები უფრო კანტიკუნტად მოჩანს, ლამპიონებიც გამეჩხერდა. აი, ქალაქის ბჭეც
გამოჩნდა, სადაცაა თვალს მიეფარება.
უკანასკნელ ბოძთან მიახლოებისას გულისტკივილი და გაურკვეველი შიში დაეუფლა, ქალაქი არ
ეთმობა.
სწორედ იმავე წუთში ფორნის საძაგელ ხრჭიალში ხმებს გაარჩევს. თავს ასწევს და ყურს

32
მიუგდებს.
ეს გეორგი ელაპარაკება ვიღაცას, ვინც მათთან ერთად მგზავრობს ფორნით, უცნობ მგზავრს,
რომელიც დავითს მანამდე არ უნახავს.
– ამაზე შორს ვეღარ გამოგყვებით, – ეუბნება ძლივსგასაგონი, ტკივილითა და სევდით აღსავსე,
ქალის თბილი ხმა. – იმდენი რამის თქმა მსურდა მისთვის, მაგრამ ისეთი გაბრაზებულია, რომ
ვერც მხედავს და არც ხმა ესმის ჩემი. მომიკითხე და უთხარი, რომ აქ მის სანახავად ვიყავი, მაგრამ
წამიწამზე აქედან წამიყვანენ და ისეთივე ვეღარ დავენახვები, როგორიც ახლა ვარ.
– რომ მოინანიოს და გამოსწორდეს? – ეკითხება გეორგი.
– შენ არ მითხარი, ვერ გამოსწორდებაო? – კითხვითვე უპასუხებს აკანკალებული და ნაღვლიანი
ხმა. – მომიკითხე და გადაეცი, რომ იმედი მქონდა, სულ ერთად ვიქნებოდით, მაგრამ ამიერიდან
ვეღარასოდეს მიხილავს.
– ცოდვა რომ გამოისყიდოს? – უმეორებს გეორგი.
– უთხარი, რომ ამის იქით ვეღარ გამოგყვებით, აკრძალულია. – წუხს ხმა. – და
გამოსამშვიდობებელი მოკითხვის გადაცემა არ დაგავიწყდეს.
– რომ შეიცვალოს და სხვა გახდეს? – დაიჟინა გეორგმა.
– გადაეცი, სამუდამოდ ეყვარებიო, – ხმა უფრო სევდიანად გაისმა. – სხვა იმედს ვერ მივცემ.
დავით ჰოლმი ფორანზე მუხლებზე დადგა. ამ სიტყვების გაგონებაზე ზეზე წამოდგა. ხელების
ცეცებით ცდილობს რაღაცას წაეპოტინოს, რაც ხელიდან უსხლტება. მაგრამ ვერ არჩევს რა არის,
მხოლოდ იმას ხვდება, რომ ციმციმა ნათელი ფერისაა და არნახულად ლამაზია.
მას სიყვარულის გრძნობა დაეუფლა, იგივე, რაც მომაკვდავის საწოლთან შეიგრძნო. მიწიერი
სიყვარული, მასთან შედარებით, მკრთალი ანარეკლია მხოლოდ. მის გულში ისე შეაღწია ამ
გრძნობამ, როგორც ცეცხლის ღვივი აღწევს ალმოდებულ შეშაში. მართალია, მისი სიძლიერე
კარგად არ ჩანს, მაგრამ აი, იფეთქებს და გააცისკროვნებს ყველაფერს. სწორედ ამ ცეცხლმა
გაურბინა ძარღვებში. ჯერ ბოლომდე არ გახურებულა, უბრალოდ, გამთბარია, მაგრამ საკმაოდ
განათდა და თავის გულის სწორსაც ხედავს. იმდენად ლამაზია ქალი, რომ დავითი
შებორკილივით გრძნობს თავს. ის აცნობიერებს, რომ ვერც გაბედავს და ვერც მიეკარება მას.

თავი VIII
ფორანი უკუნეთ სიბნელეში ხრჭიალით განაგრძობს გზას, რომელსაც ორივე მხრიდან უსიერი ტყე
ესაზღვრება. ეს ბილიკი იმდენად ვიწროა, რომ ცაც კი არ ჩანს. ამ ოღროჩოღრო გზაზე ჯაგლაგი
უფრო ნელა მიჩაქჩაქებს, ბორბლების ხრჭიალი კი ყურს უფრო მეტად ჭრის, გონება სულ არეული
აქვს, უიმედო ერთფეროვნება კი უფრო მეტად აუტანელი ხდება. გეორგმა აღვირი მოქაჩა,
წამიერად ხრჭიალიც შეწყდა, და მეფორნემ მაღალი და მჟღერი ხმით ამოიოხრა:
– ან განვლილი წამება რად მიღირს, ან – მომავალი! უმთავრესის შესახებ მაინც გავიგებ და ამ
გაურკვევლობაში ყოფნა აღარ მომიწევს. დიდება შენდა, ღმერთო, რომ მიწიერ უკუნს დავაღწიე
თავი. შენი საუკუნო მონა ვარ და გადიდებ, რამეთუ მიბოძე სიცოცხლე მარადი.
ცხენი ისევ გზას გაუდგა, ფორანი აჭრიალდა და შეინძრა, მაგრამ მეფორნის სიტყვები დავით
ჰოლმს გონებაში ჩაებეჭდა.
დიდი გზა ედოთ წინ, დასასრული არ უჩანდა თითქოს. პირველად შეეცოდასავით თავისი ძველი
ამხანაგი. „მამაცი კაცია, – გაიფიქრა დავითმა, – იმას მაინც არ ჩივის, რომ ამ საზარელ საქმეს არ
ტოვებს“.
იმდენ ხანს მგზავრობდნენ, რომ დავითს მოეჩვენა, ერთი დღე-ღამე მაინც ვიქნებოდით გზაშიო,
რომ ვაკობზე გავიდნენ, რომლის თავზეც ცა საკმაოდ მოწმენდილიყო. დიდი დათვისა და სამი
მოგვის[5] თანავარსკვლავედებს შორის ნამგალა მთვარე კიაფობდა.
კოჭლი ჯაგლაგი ვაკობზე მიკელანობდა. როგორც კი ეს ვაკიანი ადგილი უკან მოიტოვეს, დავით
ჰოლმმა გარემოზე დაკვირვება სცადა, რომ მიმხვდარიყო, რომელი თვე იყო, ხოლო ამით ის
განესაზღვრა, თუ რამდენი ხანი იმყოფებოდნენ გზაში. ჰოი, საკვირველებავ, თვე ადგილიდანაც კი
არ დაძრულიყო.

33
ფორანმა გზა განაგრძო. დავითი დროდადრო ისევ თვეზე ფიქრობდა, მაგრამ ნამგალა მთვარე
დიდი დათვისა და სამი მოგვის თანავარსკვლავედებს შორის გაჩხერილიყო და ფეხს არ იცვლიდა.
და უცებ მიხვდა, რომ თუნდაც დიდი გზა გამოევლოთ, თვე არ იცვლებოდა, დღე საღამოს არ
შეუცვლია, საღამო კი დილას, ერთი დაუსრულებელი ღამე იდგა.
საათი საათს მისდევდა, გზა კი არ სრულდებოდა, ცის ციფერბლატზეც ისრები არ იცვლებოდა.
ალბათ, ეგონებოდა, მთელ სამყაროში დრო გაჩერდაო, მანამდე რომ გეორგს არ ჰქონოდა
ნათქვამი, დრო განგებ იწელება, რათა ყველგან მოვასწრო შევლა, სადაც საჭირო ვარო. თავისდა
ჭირად გააცნობიერა, რომ რაც ადამიანს თავისი აღრიცხვით დღეებად და თვეებად ეჩვენება, ამ
სამყაროში, ალბათ, წამები და წუთები იყო.
ბავშვობაში მოსმენილი ამბავი გაახსენდა ერთ ადამიანზე, რომელიც ცათა სასუფეველში
წმინდანებთან იყო სტუმრად. შინ დაბრუნებულს უთქვამს, ზეციური დღე მიწიერ საუკუნეს
უდრისო.
ისევ შეეცოდა გეორგი: „რა გასაკვირია, რომ ერთი სული აქვს, სანამ ვინმე შეცვლიდეს, – გაიფიქრა.
– ეს წელიწადი, ალბათ, უსასრულობად მოეჩვენებოდა“.
ციცაბო ბორცვიდან დაშვებისას კუს ნაბიჯებით მიმავალი ადამიანი შენიშნეს, რომელსაც, ალბათ,
დაეწეოდნენ და გაუსწრებდნენ კიდეც.
მოხუცი ქალი იყო, წელში მოხრილი. ჯოხს კი ეყრდნობოდა, მაგრამ იმხელა აბგა მიჰქონდა, რომ
ცალ მხარეს იხრებოდა.
დედაკაცმა, ეტყობა, შეამჩნია სიკვდილის ფორანი, ნაპირზე გადავიდა და გზიდან ჩამოეცალა.
მერე ნაბიჯს აუჩქარა, ფორანს რომ დასწეოდა და შეეთვალიერებინა ეს უცნაური ურემი.
მთვარის თეთრ შუქზე არ გასჭირვებია იმის დანახვა, რომ ფორანში კოჭლი და ცალთვალა
ჯაგლაგი ება, აბჯარი გაქექილი ტყავისა და ტირიფის წნელებისა ჰქონდა, თავად ფორანი კი ისეთი
ძველი იყო, რომ სადაცაა ბორბლები დასძვრებოდა.
– დასწყევლოს ღმერთმა, – ჩაიდუდღუნა დედაკაცმა და არც უფიქრია, გამიგონებენო, – ნეტავ, ეს
ხალხი ამისთანა ფორნით ამხელა გზაზე რამ დააყენა. ვიფიქრე, ცოტაზე მაინც გამიყოლებენ-
მეთქი, მაგრამ ეს ტიალი ჯაგლაგი ძლივს მიჩაქჩაქებს, ზედ რომ შევჯდე, ეგ ჯაბახანა ფორანიც
დაიშლება.
მისი ნათქვამი რომ გაიგონა, გეორგი მაშინვე დაიხარა და თავისი ცხენ-ფორნის ქება დაიწყო.
– ეგრეც ნუ იტყვით, – შეეწინააღმდეგა, – არც ფორანს უჭირს რამე და არც ცხენს. მძვინვარე
ზღვებიც გადამივლია ამით, სახლისოდენა ზვირთებშიც გამივლია, დიდი გემები იძირებოდა,
ფორანი კი არც გადაბრუნებულა.
მოხუცმა ქალმა წარბი კი ასწია, მაგრამ იფიქრა, მეფორნე ხუმარა ყოფილაო და თვითონაც აჰყვა:
– იქნებ მძვინვარე ზღვებშიც გატარა, მაგრამ აქ კი საცოდავად მირახრახებს.
– რას ამბობ, ამით მაღაროშიც ჩავსულვარ და ცხენი არც კი წაბორძიკებულა, – განაგრძობდა
მეფორნე. – ცეცხლწაკიდებულ ქალაქებშიც გამივლია, სადაც ისეთი ჯოჯოხეთური სიცხე იდგა,
სადნობ ღუმელში გეგონებოდა თავი. ვერც ერთმა მეხანძრემ რომ ვერ შეყო ცხვირი, ჩემი ცხენი
პირდაპირ შეიჭრა და უვნებლად გაიარა.
– მეფორნევ, ბებერ ქალს დასცინი? – იწყინა დედაკაცმა.
– მაღალ მთაშიც ვყოფილვარ გაგზავნილი, სადაც არც გზებია და არც გაკვალული ბილიკები, ჩემს
ცხენს კი კლდეზეც გაუვლია და უფსკრულებსაც გადავლებია თავზე. ქვიან თხემზეც გადაუვლია.
ისეთი ჭაობები გადამიკვეთია, ბავშვის წონასაც რომ ვერ გაუძლებდა, ხელაღება თოვლსაც
გადავვლებივარ თავზე, მაგრამ არსად არც ჩაუმუხლია ჩემს ცხენს და არც ფორანს მოსვლია რამე,
ასე რომ, საწუწუნო ნაღდად არაფერი მაქვს.
– იქნებ მართალსაც ამბობდე, რაღა გიჭირს, – დაეთანხმა დედაკაცი, – მამაცი ყოფილხარ, რაკი
არაფერს უშინდები.
– იმხელა ძალა მაქვს ნაბოძები, რომ ადამიანის შვილები დამემორჩილონ, – სასტიკად და
ხმამაღლა უპასუხა მეფორნემ. – ყველას ვიპყრობ – გინდ სასახლეში ცხოვრობდნენ და გინდ
ქოხმახებში. მონებს თავისუფლებას ვანიჭებ და ტახტიდან მეფეებს ვყრი. ქვეყნად ისეთი სიმაგრე
არსად მოიპოვება, რომ მის კედლებში ვერ გავიდე. ქვეყნად არც რომელიმე ცბიერი მეცნიერება

34
არსებობს, ჩემს სტუმრობას რომ შეუშალოს ხელი. საკუთარ თავში დარწმუნებულებისთვისაც
მომიგრეხია კისერი, ბედნიერების სხივებში რომ ბანაობდნენ, სიმდიდრესა და მემკვიდრეობას კი
უპოვართ და უბედურთ ვჩუქნი.
– უყურე შენ, – გაიცინა მოხუცმა ქალმა, – რა მნიშვნელოვან ბატონს შევხვედრივარ! რაკი ასეთი
ძლიერი ხარ და ყველგანმავალი ფორანიც გაქვს, გამიყოლებდე გზად. ჩემს ქალიშვილებთან
საახალწლოდ მინდოდა მივსულიყავი, მაგრამ გზა ამებნა. ახლა კი, თუ ვერ გამიყოლებ, მთელი
ღამე ამ ბილიკით მომიწევს წოწიალი.
– არა, ამის თხოვნა კი ზედმეტი იყო, – უპასუხა მეფორნემ. – ამ ბილიკზე წოწიალი გერჩივნოს ჩემი
ფორნით მგზავრობას.
– მგონი, მართალი ხარ, – დაეთანხმა ბებერი. – მეც რომ დაგემატოთ, მაგ ცხენს სულიც გასძვრება.
მაგრამ ეს ჩემი ბარგი დამადებინე ფორანზე, ამაზე ხომ მაინც ვერ მეტყვი უარს.
ნებართვას არც კი დაუცადა, ისე ისროლა თავისი ნაკრაულა ფორანზე. მაგრამ ხელბარგი მაშინვე
ძირს დაეცა, თითქოს ფორანზე კი არა, კვამლზე ან ორთქლზე დაეგდო რამე.
იმავე წამს ქალმა ფორნის ხილვის უნარი დაკარგა, ამიტომ დაბნეული და აკანკალებული გზაზე
დარჩა; მას აღარც მეფორნესთან უცდია ხელახლა საუბრის გაბმა.
ამ საუბარმა დავით ჰოლმს კიდევ უფრო შეაცოდა გეორგი. „რამდენი რამე აქვს ამ უბედურს
გადატანილი, – გაიფიქრა თავისთვის. – რა გასაკვირია, რომ ასე იყოს შეცვლილი“.

თავი IX
მეფორნემ დავით ჰოლმი ოთახში შეიყვანა, რომელსაც მაღალი და გისოსებიანი სარკმლები, კიდევ
უფრო მაღალი და ცარიელი, გაუფორმებელი კედლები ჰქონდა. ერთ-ერთი კედლის გასწვრივ
საწოლებია ჩარიგებული, რომელთაგან მხოლოდ ერთია დაკავებული. ცხვირში წამლების
მსუბუქი სუნი ეცა. ერთ-ერთ საწოლთან ციხის ზედამხედველისფორმიანი კაცი ზის. დავითი
ხვდება, რომ ციხის ლაზარეთში ამოყო თავი.
ჭერზე პატარა ელნათურა კონწიალობს, მის სინათლეზე დავითი საწოლზე მიწოლილ ლამაზ,
მაგრამ დაღლილ ჭაბუკს ხედავს. ის იყო თვალი შეავლო ამ სანახაობას, რომ გაახსენდა, იგივე
თანაგრძნობა გეორგის მიმართაც დამეუფლაო. ახლა მზად არის, წინანდელი მრისხანებით
დაესხას თავს.
– აქ რა ჯანდაბას აკეთებ? – ხმის ჩახლეჩამდე უყვირის მეფორნეს. – თუკი მანდ მწოლიარეს
მიეკარები, მოსისხლე მტრად მომიკიდებ, ეჭვი არ შეგეპაროს.
მეფორნე უფრო თანაგრძნობით შეხედავს, ვიდრე მკაცრად.
– ახლა უკვე ვხვდები, დავით, ვინც წევს მანდ. აქ შემოსვლისას ეს ნამდვილად არ ვიცოდი.
– პრობლემა ის კი არ არის, იცოდი თუ არა, გეორგ! გამიგე...
მაგრამ გეორგის ხელის ერთი აქნევა და დავითი ფრაზასაც ვერ ამთავრებს, დაძაბული და შიშით
ნატორი დუმილი ეუფლება.
– ჩვენ მხოლოდ მორჩილება და მოსმენაღა დაგვრჩენია, – ეუბნება მეფორნე. – შენ არც უნდა
გსურდეს, არც უნდა მოითხოვდე, შენი საქმე მხოლოდ უბრად ჯდომაა.
გეორგი თვალებზე კაპიუშონს იფარებს, ამით ანიშნებს, შენთან მეტი ლაპარაკი აღარ მსურსო.
ჩამოვარდნილ მდუმარებაში დავითს ესმის, ავადმყოფი პატიმარი სერჟანტთან რომ იწყებს
ლაპარაკს.
– თქვენ გგონიათ, ადამიანად ქცევას ისევ შევძლებ? – არც გაბრაზებული და არც ნაწყენი, მაგრამ
სუსტი ხმით ეკითხება.
– ცხადია, შეძლებ, ჰოლმ, – უთხრა რბილად, მაგრამ თავდაჯერების გარეშე. – თუმცა ჯერ უნდა
მომჯობინდე, მთავარია, სიცხემ დაგიწიოს.
– ხომ იცით, სერჟანტო, ავადმყოფობაზე არ გეკითხებით. იმას ვამბობ, შევძლებ კი სხვა კაცად
ქცევას, რადგან ამის გაკეთება მკვლელობის გამო გასამართლებულისთვის არც თუ იოლი საქმე
იქნება.

35
– ყველაფერს მოევლება, ჰოლმ, როცა ადამიანი გყავს, ვინც გელის, – პასუხობს ზედამხედველი. –
ადგილი არსებობს, სადაც მიგიღებენ.
– ექიმმა რა თქვა ჩემზე, ამ საღამოს რომ გამსინჯა?
– საშიში არაფერიაო. სულ იმას ამბობს: ოღონდ ამ კედლებიდან გამაყვანინა და ორ დღეში ფეხზე
დავაყენებდიო.
ტუსაღის მკერდი მაღლა აიწია, ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი.
– ამ კედლებს იქით, – ბუტბუტებს თავისთვის, – ამ კედლებისგან შორს.
– მე მხოლოდ ექიმის ნათქვამი გავიმეორე, – განაგრძობს სერჟანტი. – მაგრამ თუ ისევ სიტყვებზე
გამომეკიდები, შესაძლოა, შარშანდელივით მოკურცხლო აქედან. მაგრამ ეს არ გიშველის, უფრო
მეტხანს მოგიწევს ჯდომა. გამიგე, ჰოლმ?
– ნუ გეშინიათ, სერჟანტო. უკვე დავჭკვიანდი. ახლა მარტო ის მადარდებს, რომ ჩემი მოსახდელი
მოვიხადო. მერე კი ახალ ცხოვრებას დავიწყებ.
– მაგაში კი მართალი ხარ, ამიერიდან ახალი ცხოვრება გექნება.
ზედამხედველის ხმაში მხიარული ბგერები გაისმის.
ამის მოსმენისას დავით ჰოლმი ავადმყოფზე მეტად განიცდის.
– ამ ციხეში დაასნებოვნეს, – ბუტბუტებს და საშინლად იგრიხება. – ახლა უკვე მის
ჯანმრთელობას ბოლო აქვს მოღებული. არადა, რა ლამაზი იყო, როგორი ძლიერი და მხიარული.
– იცით, სერჟანტო... – დაიწყო ავადმყოფმა, მაგრამ შეამჩნია თუ არა ზედამხედველის
მოუთმენელი ჟესტი, სწრაფად ჰკითხა: – იქნებ თქვენთან ლაპარაკის უფლება არ მაქვს.
– არა, ამაღამ შეგიძლია იმდენი მელაპარაკო, რამდენიც გაგიხარდება.
– ამაღამ... – დაფიქრებით იმეორებს ავადმყოფი. – იმიტომ ხომ არა, რომ ახალი წლის ღამეა?
– დიახ, – პასუხობს სერჟანტი. – რადგანაც შენთვის ბედნიერი ახალი წელიწადი იწყება.
– ამ ადამიანმა იცის, რომ ავადმყოფი ამაღამვე მოკვდება, – ტუსაღის ძმა უძალო სიშმაგით
ბრაზობს, – ამიტომ ელაპარაკება ასე თავაზიანად.
– ვერ შეამჩნიეთ, სერჟანტო, გაქცევის შემდეგ როგორ შევიცვალე? – განაგრძო ავადმყოფმა. –
აშკარად შეცვლილი ვარ.
– შევამჩნიე, ჰოლმ, მას მერე მამა აბრამის ბატკანივით გახდი, შენზე სასაყვედუროც არაფერი
მაქვს. მაგრამ მაინც უნდა გითხრა: ამის ჩადენა აღარ გაბედო!
ავადმყოფს ჩაეღიმა.
– ის თუ იცით, სერჟანტო, ასე რამ გადამასხვაფერა? მიზეზი ის ხომ არ გგონიათ, გაქცევის შემდეგ
ავადმყოფობამ უარესად რომ დამრია ხელი?
– სიმართლე გითხრა, ყველას ეგ გვგონია.
– ამ დროს სულ სხვა მიზეზია. – შეეწინააღმდეგა ტუსაღი. – სულ სხვა რამეა! ადრე ამაზე ხმას ვერ
ვიღებდი, მაგრამ დღეს მოგიყვებით... რატომღაც ასე მინდა.
– ცოტა არ იყოს, მეშინია ასე ბევრს რომ ლაპარაკობ, – ეუბნება სერჟანტი.
ავადმყოფი იღუშება, მაგრამ სერჟანტი ამას ვერ ამჩნევს და განაგრძობს:
– არ გეგონოს, რომ შენი საუბარი მომწყინდა, უბრალოდ, ხომ გიფრთხილდები კიდეც...
– კი მაგრამ, აქ, ციხეში, უცნაურად არ გეჩვენათ, ნებაყოფლობით რომ დავბრუნდი უკან?
კაციშვილმა არ იცოდა ჩემი ადგილსამყოფელი, მე კი ავდექი, ჩემი ნებით მივადექი ლენსმანს და
ჩავბარდი. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე, უცნაურიაო, არ ფიქრობთ?
– ცხადია, გვეუცნაურა. ვიფიქრეთ, ეტყობა, ქანცი გაუწყდა და ამიტომ დაბრუნდა.
– არც უმაგისობა იყო, განსაკუთრებით თავიდან. მაგრამ ნუთუ ის გეგონათ, რომ მთელი სამი
კვირა უსიერ ტყეში ვიჯექი და კბილს კბილზე მაცემინებდა?
– აბა, სხვა რა გვეფიქრა, შენც ამასვე არ ამბობ?

36
ზედამხედველის სიტყვებმა ავადმყოფი გაახალისა.
– ისევ უფროსობის მოტყუება მიწევს, რომ სიკეთის მყოფელი ნება-უნებლიეთ არ გავაწბილო.
მეტი რა გზა მქონდა, სერჟანტო, გესმით ჩემი? ვინც დევნილი ტუსაღი მიიღო, შეიფარა, სიკეთით
ხომ უნდა მიეზღოს? განა თქვენ კი არ ფიქრობთ ასე?
– ისეთ კითხვას მისვამ, რაზეც პასუხს ვერ გაგცემ, – მოთმინებით პასუხობს ზედამხედველი.
ახალგაზრდა პატიმარმა მძიმედ ამოიოხრა:
– ნეტავ, იქამდე მაცოცხლა, რომ აქედან გამიშვებდნენ და ტყისპირა სახლში დავბრუნდებოდე!
დაყუჩდება და წევს, სუნთქვა ეკვრის. ზედამხედველი აღელვებული უყურებს. უცებ წყლის
ბოთლს აიღებს, მაგრამ ცარიელი შერჩება ხელში. წამოხტება.
– მოიცა, წამალს მოგიტან, – ეუბნება და ოთახიდან გადის.
მეფორნე მაშინვე მის ადგილზე ჩამოჯდა საწოლთან. ცელი ისე დადო, რომ ყმაწვილს ვერ დაენახა
და კაპიუშონი გადაიგდო.
თავისი ძმის სიახლოვეს მჯდომი ამ საზარელი ფიგურის დანახვაზე დავით ჰოლმი შეიშმუშნა და
სახე დაეჯღანა, მაგრამ თავად ყმაწვილკაცს მცირეოდენი უკმაყოფილებაც არ დასტყობია.
სიცხიანი წევს და იქვე მყოფ უცხო კაცს ვერ ამჩნევს; ან იქნებ, ისევ ის სერჟანტი ჰგონია.
– ერთი ბეწო სახლია, – ამბობს და ისევ სუნთქვა ეკვრის.
– ჯობია, ჩუმად იყო, ნუ დაიძაბები, – აწყნარებს მეფორნე. – უფროსობამ ყველაფერი კარგად იცის,
უბრალოდ, თავი უჭირავთ სხვანაირად.
ავადმყოფმა გაოცებით შეხედა.
– რა იყო, ჰოლმ, რა თვალები გაიფართოვე? – განაგრძობს მეფორნე. – ცოტა მაცადე, მე თვითონ
მოგიყვები ყველაფერს! გგონია, არ ვიცით, რომ ერთ დილას ტყისპირა პატარა სახლში ერთი კაცი
შეიპარა, ეგონა, შინ არავინ იქნებაო? ციხეში რა, ხალხი არა ვართ? მეტსაც გეტყვი: სახლში რომ
შებრძანდა ეს კაცი, ლამის გული გაუსკდა, რადგან სახლი სულაც არ იყო ცარიელი. კედელთან
მიდგმულ ფართო საწოლზე ავადმყოფი ბიჭუნა იწვა და პირდაპირ მას უყურებდა. კაცი
ფეხაკრეფით მიუახლოვდა, მაგრამ ბიჭმა თვალები დახუჭა და სუნთქვაც კი შეიკრა.
„დღისით წოლა ვის გაუგონია? – ჰკითხა ბიჭუნას. – ავად ხომ არ ხარ?“
ბავშვი არ განძრეულა.
„ნუ გეშინია ჩემი, – განაგრძო კაცმა. – მარტო ის მითხარი, საჭმელი სად გაქვთ? ცოტას შევჭამ და
მაშინვე წავალ!“
ბიჭი კი გაუნძრევლად იწვა. უცნობმა საწოლიდან ჩალა გამოაძვრინა და ცხვირზე მოუღუტუნა.
ბიჭმა დააცემინა, კაცს გაეცინა. ბიჭმა ჯერ გაკვირვებით შეხედა, მერე კი სიცილი აუტყდა.
„ვიფიქრე, მკვდრად მოვაჩვენებ-მეთქი თავს, – უთხრა უფროსს. – შენ, ალბათ, გაგიგია, ტყეში თუ
დათვი შეგხვდეს, თავი მკვდრად მოაჩვენეო. მერე დათვიც ადგება და წავა, რომ სამარე
გაგითხაროს. შენ კი ამასობაში აითესები“.
უცნობი კაცი გაწითლდა:
„და შენც გეგონა, რომ სამარეს გაგითხრიდი, შიგ რომ ჩამეგდე?“
„არა, ისე გითხარი, სისულელე მომივიდა... მაინც ვერსად გავიქცევი. თეძო მტკივა. სიარულიც კი
არ შემიძლია“.
ავადმყოფ პატიმარს გაუკვირდა.
– იქნებ აღარ განვაგრძო მოყოლა, ჰოლმ?
– არა, განაგრძეთ, მსიამოვნებს ამისი გახსენება. მაგრამ ერთი რამ მაინც ვერ გამიგია...
– ამაში არაფერია გასაკვირი. ერთი მაწანწალა იყო, გეორგი ერქვა. ალბათ, გაგონილი გექნება. ამ
ამბავს გზათა შუა წანწალისას მოჰკრა ყური და მეორე მაწანწალას მოუყვა. ამბავმა კი იარა, იარა
და ციხემდეც მოაღწია.
მცირე დუმილი ჩამოვარდა, მაგრამ ისევ ავადმყოფმა ამოიღო ხმა და მისუსტებული ხმით იკითხა:

37
– მერე რა ბედი ეწიათ ამ კაცსა და ბავშვს?
– ჰოდა, ამ კაცმა ისევ ითხოვა საჭმელი.
„თქვენთან რა, სულ ასე შემოდიან მათხოვრები და საჭმელს ითხოვენ?“
„ხანდახან“, – მიუგო ბიჭმა.
„დედაშენიც ყველას დააპურებს ხოლმე?“
„თუკი საჭმელი გვაქვს, ცხადია, უმასპინძლდება“.
„მაშინ, ჩათვალე, რომ მეც ღატაკი ვარ და შემწეობის სათხოვნელად მოვედი. მითხარი, სად გაქვთ
რამე, რომ კბილი გავკრა? ბევრს არ შევჭამ, უბრალოდ, შიმშილი მინდა, მოვიკლა“.
ბავშვმა კადნიერად, მაგრამ თანაგრძნობით შეხედა:
„დედამ მითხრა, ჩვენს მხარეში ვიღაც დევნილი დაიარებაო, ამიტომ მთელი საკვები კარადაში
შემალა და ჩაკეტა“.
„მაშ, ისიც გეცოდინება, გასაღები სად დადო, ჰოდა, მითხარი. თორემ კარადის გატეხა მომიწევს“.
„ეგ არც ისე იოლია, მყარი საკეტები გვაქვს“.
კაცმა სახლი დაიარა გასაღების ძებნაში. სამზარეულოში კუთხე-კუნჭული არ დატოვა, მაგიდის
უჯრაშიც კი იქექა, მაგრამ ვერსად მიაგნო. ბიჭი კი ამასობაში ფანჯრიდან იყურებოდა.
„ნახე, დედაჩემი მოდის, თან რამდენი ხალხი მოჰყავს“, – წამოიძახა მან.
დევნილი უცებ კარს ეცა.
„ასე თუ გაიქცევი, პირდაპირ მათ ხელში ამოყოფ თავს, – უთხრა ბიჭმა. – ჯობია, კარადაში
შეიმალო“.
კაცმა კართან დააყოვნა.
„მე ხომ გასაღები არ მაქვს“, – დაიწუწუნა მან.
„აჰა!“
ბავშვმა დიდი გასაღები გაუწოდა.
დევნილმა გასაღები გამოსტაცა, კარადასთან მიირბინა და გამოაღო.
„გადმომიგდე გასაღები! – უყვირა ბიჭმა. – და კარადაც მიიხურე!“
კაცი დაემორჩილა და ერთ წამში უკვე კარადაში იჯდა. ყველაფერი ესმოდა, რასაც მისი მდევრები
აკეთებდნენ. გული ლამის საგულედან ამოუვარდა. კარგად გაიგონა, კარი როგორ გაიღო და
ოთახი ხალხით აივსო.
„იყო აქ ვინმე?“ – ხმამაღლა იკითხა ქალის გამჭოლმა ხმამ.
„კი, დედიკო – იყო პასუხი. – შენ როგორც კი გახვედი, ვიღაც კაცი შემოვიდა“.
„ღმერთო კი მომკალი! – შეიცხადა ქალმა. – ეტყობა, მაგაზე მითხრა ხალხმა, ტყიდან გავიდა და
შენი სახლისკენ წავიდაო“.
დევნილს ბიჭის ხმა ესმოდა და ფიქრობდა, გამცაო. ცბიერმა ბიჭუნამ ხაფანგში შემიტყუაო. ის
იყო, კარი უნდა გამოეღო და გამოვარდნილიყო, რომ უცებ მოესმა:
„მერე საით წავიდა ეგ კაცი?“
„აქედან კი გავიდა და საით წავიდოდა, არ დაუბარებია, – გაისმა ბიჭუნას წკრიალა ხმა. – თქვენ
რომ დაგინახათ, ეგრევე მოკურცხლა“.
„რამე ხომ არ გააყოლა ხელს?“ – იკითხა დედამ.
„არა, მხოლოდ საჭმელი ითხოვა, მაგრამ, აბა, რას მივცემდი...“
„ხომ არაფერი დაგიშავა?“
„ცხვირზე ჩალის ღეროთი მომიღუტუნა“.
დევნილმა ხალხის გადახარხარება გაიგონა.

38
„მართლა?“ – შვებით იკითხა დედამ და დანარჩენებს სიცილში აჰყვა.
„აქ აღარაფერი გვესაქმება, ბუზებს ხომ არ დავითვლით“, – გაისმა კაცის ხმა და დევნილმა
გაიგონა, ხალხი როგორ გადიოდა ოთახიდან.
„რას იზამ, ლისა, სახლში დარჩები?“ – ჰკითხა ვიღაცამ
„ჰო, აღარ მინდა, ბერნჰარდი დღეს ისევ მარტო დავტოვო“, – უპასუხა დედის ხმამ.
დევნილმა გასასვლელი კარის ჩარაზვის ხმა გაიგონა და მიხვდა, რომ სახლში მხოლოდ დედა-
შვილი დარჩა. „ახლა რა მომელის? – გაიფიქრა თავისთვის. – დავრჩე თუ გასვლა ვცადო?“ უეცრად
ფეხის ხმა გაიგონა, ნაბიჯები კარადისკენ მოდიოდა.
„ნუ გეშინია, – უთხრა დედის ხმამ. – გამოდი, დაგელაპარაკო“.
გასაღები გადატრიალდა საკეტში და კარი გაიღო. კაცი აბუზული გამოვიდა გარეთ.
„ბიჭმა მითხრა, მანდ დაიმალეო“, – უთხრა უცხომ და ბიჭისკენ გაიშვირა ხელი.
ამ თავგადასავლით კმაყოფილმა ბიჭუნამ ტაში შემოჰკრა და გადაიკისკისა.
„ისე მოსწყინდა მარტო ყოფნა, რომ რაღაცას მოიწევს მგონი!“ – უთხრა დედამ.
დევნილი მიხვდა, ქალი არ გამთქვამსო, რაკი ბიჭუნა ეგულებოდა ქომაგად.
„რაღა დაგიმალოთ და, – უპასუხა პატიმარმა, – აქ იმიტომ შემოვედი, რომ ცოტაოდენი საკვები
მეთხოვა, მაგრამ ვერაფერს მივაგენი. თქვენმა ვაჟმა კი გასაღები არ მომცა. იმათზე უფრო ჭკვიანი
გყავთ, ვისაც ჯანმრთელი ფეხები აქვს“.
ქალი პირფერობას მიუხვდა, მაგრამ მაინც კმაყოფილი დარჩა.
„ჯერ გაგიმასპინძლდები“, – მიუგო პასუხად.
სანამ დამშეული დევნილი გემრიელად შეექცეოდა, ბიჭუნამ დაწვრილებით გამოჰკითხა გაქცევის
ამბები, მანაც, ლუკმების ღეჭვა-ღეჭვით, გულღიად უამბო ყველაფერი. თურმე, გაქცევა არც
ჰქონოდა დაგეგმილი, უბრალოდ, „შემთხვევამ შემიწყო ხელი“. ციხის ეზოში ყოფილიყო
სამუშაოდ, როცა კარიბჭე გაუხსნიათ და დაუტოვებიათ, რათა ნახშირი მიეღოთ. ბიჭი იმით უფრო
დაინტერესდა, ქალაქიდან ტყემდე როგორ მოაღწიეო. კაცი რამდენჯერმე წამოიწია წასასვლელად,
მაგრამ ბიჭმა არ დაანება.
„შეგიძლიათ თუნდაც მთელი საღამო ეჯდეთ ბერნჰარდს და ემუსაიფოთ, – როგორც იქნა უთხრა
დიასახლისმა. – იმდენი ხალხი გეძებთ, რომ გაქცევა უფრო სარისკო იქნებოდა თქვენი მხრიდან,
ვიდრე დარჩენა“.
დევნილი ისევ იჯდა და თავის ამბავს ჰყვებოდა, როდესაც სახლის პატრონი შემოვიდა. ოთახში
ნახევრად ბნელოდა, ამიტომ კაცმა იფიქრა, ბავშვი, ალბათ, მეზობელს ელაპარაკებაო. „ვერ
დავიჯერებ, პიტერ, რომ ჩემს ბავშვს ზღაპარს უყვები“.
ბავშვმა მხიარულად გაიცინა.
„არა, მამა, რა პიტერი. აქ უფრო საინტერესო მოსაუბრეა, ჩამოჯექი, მოუსმინე“.
მამამისი საწოლს კი მიუახლოვდა, მაგრამ მანამ ვერ მიხვდა ვერაფერს, სანამ ბიჭმა არ
უჩურჩულა:
„ეს კაცი გაქცეულია“.
„ღმერთო, შენ მიშველე! რას ჩმახავ, ბერნჰარდ?!“ – შეიცხადა მამამ.
„მართალს გეუბნები, – მიუგო ვაჟმა. – თავად მომიყვა როგორ გამოიპარა ციხის კარიბჭიდან, სამ
დღეს კი თურმე ტყეში მიტოვებულ ქოხში ათევდა. ახლა უკვე ყველაფერი ვიცი“.
დედამ სწრაფად აანთო ლამფა და ტორპარმაც კართან ატუზულ გამოქცეულს თვალი შეავლო.
„იქნებ გამაგებინოთ, აქ რა ჯანდაბა ხდება?“ – იკითხა სახლის უფროსმა.
დედა-შვილი ერთმანეთს არ აცდიდა საქმის არსის ახსნას. ტორპარი არცთუ ახალგაზრდა იყო და
გონებაც უჭრიდა. სანამ ცოლ-შვილი უყვებოდა, ის დევნილს ათვალიერებდა. „ეს საცოდავი მძიმე
ავადმყოფს ჰგავს, – გაიფიქრა კაცმა. – ტყის ქოხში კიდევ ერთი ღამე და ბოლოც მოეღებოდა ამ
უბედურს“.

39
როდესაც ყველა გაჩუმდა, ხმა ამოიღო:
„შენზე უფრო საშიში ხალხიც დაძრწის გზებზე, მაგრამ ჯერ არავინ აუყვანიათ“.
„რა მაქვს საშიში? უბრალოდ, მთვრალი ვიყავი და ვიღაც ოხერი მაინცდამაინც მაშინ ამეკიდა“.
ტორპარს არ სურდა, რომ ბიჭს ეს გაეგონა, ამიტომ გააწყვეტინა:
„ალბათ, ასეც იქნებოდა“.
სახლში დუმილი ჩამოწვა. ტორპარი ჩაფიქრდა, სხვებმა კი შიშით დაუწყეს ყურება. კრინტის
დაძვრას ვერავინ ბედავდა, არ გავანაწყენოთო. ბოლოს ცოლს მიუბრუნდა:
„არ ვიცი, რამდენად სწორად ვიქცევი, მაგრამ მეც, შენი არ იყოს, მგონია, რომ თუკი ჩვენმა
ვაჟკაცმა შეიფარა, არც ჩვენგან იმსახურებს ეს კაცი გაგდებას“.
მაშ ასე, გადაწყდა, რომ დევნილი ღამეს გაათევდა და სისხამ დილით გაუდგებოდა თავის გზას.
მაგრამ მეორე დილით ისე აუწია სიცხემ, ფეხზე ძლივს დგებოდა. რამდენიმე კვირით მოუწიათ
სახლში დატოვება.
უცნაური სანახავი იყო ამ ამბის მსმენელი ორი ძმა. როდესაც მეფორნემ თქვა, დევნილი
რამდენიმე კვირით დარჩა პატარა სახლშიო, ავადმყოფი მშვიდად იწვა საწოლზე გაჭიმული.
თითქოს ტკივილები დაუყუჩდა და ტკბილ მოგონებებში ჩაეფლოო. მეორე ძმა კი ეჭვით უცქერის
მეფორნეს, ჰგონია, რომ ამ ამბის მიღმა რაღაც იმალება. დროდადრო ძმას ანიშნებს, მაინცდამაინც
ნუ ენდობიო, მაგრამ მის ყურადღებას ვერაფრით იქცევს.
– ექიმის მოხმობა ვერ გაბედეს, – განაგრძო მეფორნემ. – აფთიაქში წამალზე წასვლასაც
ერიდებოდნენ. ავადმყოფს უწამლოდ მოუხდა გაძლება. თუკი ვინმე დააპირებდა მათთან
შესვლას, დიასახლისი წინკარში გადიოდა და ეუბნებოდა, ბერნჰარდს ტანზე რაღაც უცნაური
გამონაყარი აქვსო. მეშინია, ქუნთრუშა არ იყოს, ამიტომაც ვერ შემოგიპატიჟებო.
რამდენიმე კვირაში გაქცეული მომჯობინდა, ახლა უკვე კეთილი მასპინძლების მეტად შეწუხება
აღარ ეგებოდა, ამიტომ წასვლა გადაწყვიტა. ისედაც ღარიბები იყვნენ და მძიმე ტვირთად ვეღარ
დააწვებოდა.
ამ დროს მასპინძლებმა მისთვის პრობლემურ საკითხზე ჩამოაგდეს სიტყვა. ერთ საღამოს
ბერნჰარდმა ჰკითხა, სად წახვალ აქედანო.
„ისევ ტყეში, აბა, სხვაგან არსად დამედგომება“, – მიუგო სტუმარმა.
„იცით, რას გეტყვით? – უთხრა ტორპარის ცოლმა. – კარგი დღე არ დაგადგებათ, თუნდაც ქვეყნის
დასალიერამდე მიხვიდეთ. თქვენს ადგილზე რომ ვიყო, მართლმსაჯულებას შევურიგდებოდი.
აბა, ხალხისგან მუდმივად მიმალულის ცხოვრებას რა აზრი აქვს?“
„არც ციხეში ჯდომაა დიდი ბედენა“.
„ჯობია სასჯელი მოიხადოს კაცმა და უარეს უბედურებას აარიდოს თავი“.
„კი მაგრამ, რომ არ გავქცეულიყავი, ცოტაღა მქონდა მოსახდელი, ახლა კი, ალბათ, წლებსაც
დამიმატებენ“.
„ვაის გავეყარე, უის შევეყარეო!“
„ვერ დაგეთანხმებით, – ფიცხად შეეწინააღმდეგა. – ამაზე უკეთესი ნაბიჯი ცხოვრებაში არ
გადამიდგამს!“
ამის თქმაზე ბიჭუნას შეხედა და გაიღიმა, მანაც მხიარულად დაუკრა თავი. გაქცეულს ეს ბიჭი
თვალში მოუვიდა. ძალიან უნდა, საწოლიდან წამოახტუნოს, მხრებზე შეისვას და გარეთ
გაანავარდოს.
„სულ ასეთ დღეში თუ იქნებით, ბერნჰარდის ნახვაც გაგიჭირდებათ“.
„ციხეში თუ გამომკეტავენ, ეგ უარესი არ იქნება?“
ცეცხლთან მჯდომი ტორპარი ჩაერევა:
„მართალია, მიგეჩვიეთ, მაგრამ ფეხზე დგახართ უკვე და როგორღა დაგმალოთ მეზობლებისგან?
სხვა საქმეა, თუკი თავაწეული და სასჯელმოხდილი გამოხვიდოდით ციხიდან!“
დევნილს ერთი აზრი მოუვიდა თავში: „იქნებ ის უნდათ, რომ ჩემი ნებით ჩავბარდე, რადგან

40
მართლმსაჯულებისა ეშინიათ?“
„უკვე ჯანზე ვარ და შემიძლია, ხვალვე წავიდე“, – პასუხობს ამაყად.
„ეგ რა შუაშია, – უთხრა მასპინძელმა. – უბრალოდ, მოხდილი რომ გქონდეთ სასჯელი, ჩვენსას
დასახლდებოდით და საქმეში წაგვაშველებდით ხელს“.
დევნილმა კარგად იცოდა, რომ ციხიდან გამოსულს სამსახურის ნახვა გაუჭირდებოდა, ამიტომაც
გულმა რეჩხი უყო. მაგრამ არც ციხეში დაბრუნება ეიოლებოდა და დადუმდა.
ამ საღამოს ბერნჰარდი უჩვეულოდ ცუდად გრძნობდა თავს.
„ნუთუ სადმე საავადმყოფოში სამკურნალოდ გაგზავნა არ შეიძლება?“ – კითხულობს გაქცეული.
„არაერთხელ წოლილა საავადმყოფოში, თუმცა უშედეგოდ. ამბობენ, ზღვის მარილიანი
აბაზანების მეტი არაფერი უშველისო, მაგრამ ამისთვის საიდან მოვიტანოთ ფული?“
„ისე, შორი გზაა იქამდე?“
„ფული მარტო გზაში კი არა, საკვებში სჭირდება ადამიანს, საცხოვრებელშიც. არა, ამას, აშკარაა,
ვერ შევძლებთ“.
დევნილი უბრად ზის და ფიქრობს, რა ქნას, რომ ბიჭისთვის ზღვაზე გასაგზავნი ფული იშოვოს.
ტორპარს მიუბრუნდა და ეკითხება:
„ყოფილი პატიმრის სამუშაოზე აყვანა რომ რთულია?“
„მაინც სიამოვნებით აგიყვანდით, – პასუხობს ტორპარი, – თუმცა, იქნებ არც გიყვართ სოფელი და
ქალაქში ამჯობინებთ ცხოვრებას?“
„საკანში რომ ვიჯექი, ქალაქი არც კი გამხსენებია, თვალწინ სულ მწვანე ველები და ტყეები
მედგა“.
„თუკი სასჯელს მოიხდით, ტვირთიც მოგეხსნებათ“.
„მეც მაგას არ ვამბობდი?!“ – ჩაერია ცოლი.
„ბერნჰარდ, არ გინდა, რამე გვიმღერო? თუ შეუძლოდ ხარ, გვითხარი“.
„არა მიჭირს“, – პასუხობს ბიჭი.
„მე მგონი, შენს მეგობარს მოეწონება“, – ეუბნება დედა.
პატიმარს შიშის ქარმა დაუბერა, რაღაც უბედურების სურნელი იგრძნო. უნდოდა, ბიჭისთვის
ეთქვა, არ გინდა, ნუ იმღერებო, მაგრამ ბიჭი უკვე ამღერდა. ბერნჰარდი წმინდა, წკრიალა ხმით
მღეროდა და პატიმარმაც თავი იმაზე უარესად იგრძნო, ვიდრე საკანში. განცდა დაეუფლა, რომ
სამუდამო პატიმარი იყო, რომელსაც თავისუფლება სწყუროდა, სურდა, ემოძრავა და ესუნთქა.
პატიმარმა სახეზე ხელები აიფარა, მაგრამ ცრემლები მაინც წამოუვიდა და კურცხალ-კურცხალ
გადმოუცვივდა ძირს. „ჩემგან აღარაფერი გამოვა, – ფიქრობდა თავისთვის. – მაგრამ მაინც უნდა
ვცადო და თავისუფლება დავუბრუნო ამ ბავშვს“.
მეორე დღეს ოჯახს დაემშვიდობა და გზას გაუდგა. სად მიდიხარო, არავის უკითხავს. უბრალოდ,
სამივემ სთხოვა: დაგვიბრუნდიო!
– ჰო, ასე მითხრეს, – გააწყვეტინა ავადმყოფმა მეფორნეს. – იცით, სერჟანტო, ჩემი ცხოვრებიდან
ამაზე უკეთესი არაფერი მახსენდება.
ერთხანს უხმოდ წევს, ორი ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე.
– მიხარია, ეს რომ გცოდნიათ, – განაგრძობს ავადმყოფი. – ახლა ბერნჰარდზეც შემიძლია, ორიოდე
სიტყვა გითხრათ, სერჟანტო... მეჩვენებოდა, რომ უკვე თავისუფალი ვიყავი.... როცა მასთან
ვიყავი... იმას როგორ წარმოვიდგენდი, რომ ამაღამ ასეთი ბედნიერი ვიქნებოდი...
მეფორნე უფრო მეტად დაიხარა ავადმყოფისკენ.
– მისმინე, ჰოლმ! – ეუბნება მეფორნე. – რას იტყოდი, დიდი ხნის უნახავი მეგობრები რომ გენახა
ამ წუთში, თუნდაც სახეცვლილი, არა ისეთი, როგორიც წარმოგიდგენია? რას იტყოდი, წლები რომ
არ იწვალო და ახლავე შემოგთავაზო თავისუფლება? თუნდაც ამაღამვე! აბა, რას იტყვი ამაზე?
ამ სიტყვებზე მეფორნემ კაპიუშონი გადაიგდო და ცელს მოუჭირა ხელი.

41
ავადმყოფი წევს და დაჭყეტილი, იმედჩამდგარი თვალებით უყურებს.
– თუ ხვდები, ჰოლმ, რაზე გელაპარაკები? – ეკითხება მეფორნე. – გესმის მაინც, რომ მე ის ვარ,
ვისაც ნებისმიერი ციხის კარის გატეხა ძალუძს, მე ძალა შემწევს იქ გაგაქციო, სადაც ვერც ერთი
მდევარი ვერ დაგეწევა?
– არ მესმის, რას მეუბნები, – ბუტბუტებს ტუსაღი. – მერე ბერნჰარდი? ხომ იცი, აქ რატომაც
დავბრუნდი? რათა პატიოსნად მოვიხადო სასჯელი და გავიდე, რომ როგორმე დავეხმარო.
– შენ მისთვის ისედაც იმხელა მსხვერპლი გაქვს შეწირული, რომ მეტი არ შეიძლება, ჯილდოდ კი
პატიმრობის ვადის შემცირებას და ნანატრ თავისუფლებას მიიღებ, რომელიც გელის... ბავშვზე კი
ნუღარ იფიქრებ.
– მე ხომ დავპირდი, ზღვაზე წაგიყვან-მეთქი, – ამბობს ავადმყოფი. – გამოთხოვებისას დავპირდი,
როცა დავბრუნდები, ზღვაზე წაგიყვან-მეთქი. სიტყვას, მით უმეტეს, ბავშვისთვის მიცემულს,
შესრულება უნდა.
– ესე იგი, ის თავისუფლება, რასაც მე გთავაზობ, არ გჭირდება? – ეკითხება მეფორნე და სკამიდან
დგება.
– არა, არა! – შეიცხადა ყმაწვილმა და მეფორნის ლაბადის ბოლოს ჩაეჭიდა. – არ წახვიდე! ხომ იცი,
როგორ ვწვალობ! ნეტავ, ვინმე დაეხმარებოდეს! კაციშვილი მის გვერდში დამდგომი არ არის! მას
კი ჩემ მეტი არავინ გააჩნია.
უეცრად ბედნიერად წამოიძახა:
– აქ ხომ ჩემი ძმა დავითიც ზის! კიდევ კარგი! მას მაინც ვთხოვ ბერნჰარდის დახმარებას.
– შენი ძმა დავითი! – ზიზღით წარმოთქვამს მეფორნე. – არა, მას კი ნაღდად ვერ სთხოვ ბავშვის
დახმარებას. საკუთარი შვილები ისეთ დღეში ჩაყარა და, სხვისი ბავშვი მას როგორ ენდობა!
უცებ ჩუმდება, რადგან საწოლის მეორე მხარეს ჩამომჯდარ დავითს დაინახავს, რომელიც მზადაა
ძმის დასახმარებლად.
– დავით, – ამბობს ავადმყოფი, – თვალწინ მწვანე ტბორები და ღია ზღვა მიდგას. იცი, დავით, აქ
იმდენი ხანი ვიჯექი, რომ ასეთ წინადადებაზე უარს ვერ ვიტყვი; თან პატიოსან თავისუფლებას
მთავაზობენ. ხომ იცი, რომ შევპირდი.
– ნუ ღელავ, – აკანკალებული ხმით ეუბნება დავითი, – გპირდები, მაგ ბავშვს მარტოდ არ
დაგიტოვებ, რაკი მისმა მშობლებმა ასე გიპატრონეს და რაკი სიტყვაც მიგიცია. გათავისუფლდი!
სადაც გინდა, წადი! მათზე მე ვიზრუნებ. გულმშვიდად გადი ამ საკნიდან!
ამ სიტყვების შემდეგ ავადმყოფი ბალიშზე მიესვენება.
– სიკვდილის სიტყვები უთხარი, დავით? – ეუბნება მეფორნე. – მაშ, გავწიოთ აქედან! ჩვენი
წასვლის დროა. გათავისუფლებული ჩვენ, მონობასა და სიბნელეში მცხოვრებთ, არ უნდა
შეგვხვდეს.

თავი X
„გეორგს რომ ჩემი სიტყვები ესმოდეს ამ ხრჭიალსა და გრუხუნში, – ფიქრობს დავითი, –
მადლობას მაინც ვეტყოდი, ჩემს ძმასა და ედითს რომ დაეხმარა. სულაც არ მინდა, მის სამუშაოს
მოვკიდო ხელი, მაგრამ რაღაცით ხომ უნდა გავაგებინო, რომ მისი მადლობელი ვარ“.
ამის გაფიქრება იყო და, მეფორნემაც, თითქოს გაიგონაო, აღვირი მოსწია და ცხენი შეაყენა.
– ერთი უბედური და უგერგილო მეფორნე ვარ, – ეუბნება დავითს. – ხან ვახერხებ ვინმეს
დახმარებას, ხან – ვერა. ამ ორის საზღვარზე გადაყვანა არ გამჭირვებია. ერთ-ერთ მათგანს
ღმერთთან მიეჩქარებოდა, მეორეს კი დედამიწაზე აღარაფერი აკავებდა. იცი, დავით, – განაგრძობს
მეფორნე და წინანდებურად ამხანაგურ ტონს იბრუნებს. – ამ ფორანზე ჯდომისას ვფიქრობ
ხოლმე, შეტყობინების გაგზავნა რომ შემეძლოს ხალხისთვის, დარიგებას დავუგზავნიდი-მეთქი.
– ამის გაგება შემიძლია, – ამბობს დავით ჰოლმი.
– ის თუ იცი, რომ პურის სიმწიფისას მინდორში მეცელედ ყოფნა არც ისეთი უბედურებაა. მაგრამ
ზრდადაუსრულებელი თავთავების მოცელვა უსიამოვნო და უმადური საქმეა. ჩემი ქალბატონი,

42
რომელსაც ვემსახურები, ამ საქმეს მისთვის შეუფერებლად მიიჩნევს, და მე, უბედურ მეფორნეს,
მაკისრებს.
– ამას უკვე მივხვდი, – პასუხობს დავით ჰოლმი.
– ნეტავ ხალხმა იცოდეს, რა იოლია საზღვარზე იმის გადაყვანა, ვისაც თავისი საქმეც მოლეული
აქვს და სააქაოსთანაც თითქმის გაწყვეტილი აქვს კავშირი, ხოლო ვინც ჯერ ვერაფერი მოასწრო
და ყველა ახლობელს დედამიწაზე ტოვებს, ძნელზე ძნელი გადასაყვანია. ნეტავ, ვინმე
გაუიოლებდეს მეფორნეს მათ გადაყვანას.
– რაღაც არ მესმის შენი, გეორგ.
– აბა, დაფიქრდი, დავით, რაც ჩემთან ხარ, მხოლოდ ერთი დაავადება გაიგე, მე კი მთელი წელია ამ
დღეში ვარ. ეს კი იმიტომ, რომ ეს დაავადება უმწიფარ თავთავებს ცელავს, მე კი მათი წამოკრეფა
მიწევს. ამ ფორანზე რომ დავჯექი, პირველ ხანებში, სულ იმას ვფიქრობდი: ეს დაავადება რომ არა,
არც ჩემი სამუშაო იქნებოდა-მეთქი ასეთი მძიმე.
– მერე, ამას ხალხს ეტყოდი?
– არა, დავით. წინანდელზე უკეთ ახლა ვიცი, ხალხი რისი მაქნისიცაა. ადამიანები ამ მტერს
იარაღითა და სიჯიუტით მაინც სძლევენ. არ მოისვენებენ, სანამ ამ, ან სხვა მძიმე დაავადებისგან
განკურნების მეთოდებს არ მიაგნებენ, ხალხს რომ ასე უმოწყალოდ სცელავს. თუმცა არც ესაა
მთავარი.
– მაშ, როგორღა უნდა გაუადვილონ მეფორნეს მუშაობა?
– ხალხი ისე გულმოდგინედ ცდილობს ცხოვრების შემსუბუქებას, რომ დადგება დღე და
სიღარიბე, ლოთობა და სხვა ამდაგვარი ბოროტება წარსულს ჩაბარდება. თუმცა ეს იმას როდი
ნიშნავს, რომ ამით მეფორნის შრომა შემსუბუქდება.
– აბა, რისი თქმა გინდა ხალხისთვის?
– მალე ახალი წლის დილა გათენდება. ახალგამოღვიძებული ხალხი კი ისევ სიკეთესა და
ოცნებებზე იფიქრებს, ისევ მომავალზე დაამყარებს იმედს. ჰოდა, ზუსტად ამ დროს მინდა,
ყველას ვუთხრა, რომ ნურც სიმდიდრეს ისურვებენ და ნურც სიყვარულს, ნურც წარმატებასა და
სიყვარულს მოიწადინებენ, არც სიმდიდრე და ძალაუფლებაა სანატრელი. ან დღეგრძელი
სიცოცხლე და ჯანმრთელობა რა ბედენაა? მხოლოდ ერთს ვეტყოდი – გულზე დაიდონ ხელი და
ისე შესთხოვონ უფალს: „ღმერთო, იქამდე მოამწიფე სული ჩემი, სანამ მომკის დრო
დადგებოდეს“.

თავი XI
ორი ქალი ზის და იღიმის; თან უკვე რამდენიმე საათია, რაც საუბრობენ. ლაპარაკი მხოლოდ მაშინ
შეწყვიტეს, როდესაც ხსნის არმიის შენობაში სადილის შემდგომი მესა დაიწყო, შემდეგ კი ისევ
განაგრძეს. ერთ-ერთი ქალი ცდილობს, მეორის სულში სიმხნევე და სიმშვიდე გააღვიძოს, თუმცა,
როგორც ჩანს, ეს ცუდად გამოსდის.
– იცით, ფრაუ ჰოლმ, – წამოიწყო მან, რომელიც მეორის გამხნევებასა და გამოცოცხლებას ფრიად
უცნაური ხერხით ცდილობს, – მე მგონი, რომ ამიერიდან უკეთ იცხოვრებთ. მან ხომ ყველა ის
სისაძაგლე ჩაიდინა, რაც კი შეეძლო. შერიგების შემდეგ სულ სამაგიეროს გადახდით
გემუქრებოდათ, აი, შეასრულა კიდეც სიტყვა. მაგრამ ერთია, თავს აიძულო სისასტიკე და
ბავშვები წაიყვანო მისგან, მეორე კი – გონებაში გაივლო მკვლელობა და მერე მართლა ჩაიდინო.
ამას კი, მგონი, ყველა ვერ აიტანდა.
– მადლობას მოგახსენებთ, კაპიტანო, სიკეთისა და ნუგეშისათვის, – პასუხობს ცოლი.
როგორც ჩანს, ქალი თავისთვის ფიქრობს: თუკი ხსნის არმიის და ვერ ხვდება, ვინ აიტანდა ამას,
სამაგიეროდ, მე ვიცი კარგად, ვისაც ეს არ გაუჭირდებოდაო.
აშკარაა, რომ ხსნის არმიის კაპიტანს უკვე სასო წარეკვეთა, მაგრამ უკანასკნელად ცდილობს
უბედურის გადარწმუნებას.
– ფრაუ ჰოლმ, მხედველობაში ერთი გარემოებაც უნდა მიიღოთ. არ ვიცი, რამდენად მართებული
იქნება, ცოდვა ვუწოდო იმ ფაქტს, რომ რამდენიმე წლის წინ ქმარი მიატოვეთ, თუმცა კარგი
საქციელი ჩაგიდენიათ-მეთქი, ვერ გეტყვით. ბედის ანაბარა მიატოვეთ და სამწუხარო ამბებმაც არ

43
დაახანა. მაგრამ წელს ყველაფრის გამოსწორება სცადეთ. თქვენ უფლის ნებისამებრ მოიქეცით,
ამიტომ უკეთესობას უნდა ელოდოთ. მთა და ბარი კი არ გასწორდება, მაგრამ ჩადენილმა სიკეთემ
სასარგებლო ნაყოფი უნდა გამოიღოს.
ხსნის არმიის კაპიტნის სიტყვები მხოლოდ დავით ჰოლმის ცოლს კი არ ესმის. საუბრის დროს
ოთახში თავად დავითი და მისი მეგობარი გეორგი გაჩნდნენ. ორივე აჩრდილი კართან აიტუზა.
დავითს ხელ-ფეხი აღარ აქვს შეკრული. მეფორნესაც ძალდატანების გარეშე მიჰყვება. მაგრამ როცა
შეამჩნია სადაც იყო, მღელვარებამ მოიცვა. აქ ხომ სიკვდილს არავინ აპირებს. მაშ, ცოლისა და
სახლის ხელახლა ნახვას რაღატომ აიძულებენ?
ის იყო, გეორგისკენ შეტრიალდა, რომ ეკითხა აქ რა გვინდაო, მაგრამ ამ უკანასკნელმა ხელით
ანიშნა, კრინტი არ დაძრაო.
დავითის ცოლი ჩაქინდრულ თავს მაღლა სწევს, ეტყობა, თანამოსაუბრის მტკიცე რწმენამ მასზე
გავლენა იქონია.
– ეჰ, ამის დაჯერება რომ შემეძლოს! – ამოიოხრავს ქალი.
– უნდა დაიჯერო, – ეუბნება სტუმარი და უღიმის. – ხვალინდელი დღე უკვე ცვლილებებს
მოიტანს. აი, ნახავთ, რომ ახალ წელს დახმარებაც მოჰყვება.
– ახალ წელს? – იმეორებს დავითის ცოლი. – უი, დღეს ხომ ახალი წელია, სულ გადამივარდა
გულიდან. რომელი საათი იქნება ახლა, კაპიტანო ანდერსონ?
– თორმეტმა დიდი ხანია ჩამოჰკრა, – პასუხობს კაპიტანი და საათზე იყურება. – ორს თხუთმეტი
უკლია უკვე.
– ასე გვიან აქ რას იტანჯავთ თავს, წაბრძანდით შინ და მოისვენეთ. მე უკვე უკეთ ვარ, ხომ
ხედავთ.
ქალი გამომცდელი მზერით უყურებს.
– მეეჭვება, რომ მთლად კარგად იყოთ.
– ჩემზე ნუ იღელვებთ, კაპიტანო. ვიცი, რომ ბევრი რამ წამოვროშე, მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი
ჩავლილია.
– იმის თუ გჯერათ, ფრაუ ჰოლმ, რომ თავისუფლად შეგიძლიათ, ღმერთს მიენდოთ, მის წმინდა
ნებას დაჰყვეთ და რომ ამისთვის უფალი სიკეთით მოგიზღავთ?
– კი, – პასუხობს კაპიტანს, – მჯერა.
– სიამოვნებით დავრჩებოდი დილამდეც, მაგრამ ვხედავ, რომ გირჩევნიათ წავიდე.
– თქვენთან საუბარი ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ სადაცაა მოვა და ჯობია, შინ მარტო
დავხვდე.
ორიოდე სიტყვაც და, ორივე ქალი ოთახს ტოვებს. დავით ჰოლმი ხედავს, რომ მისი ცოლი კარის
გასაღებად დაწინაურდა.
– დავით, გაიგონე, რა თქვა? – ეკითხება მეფორნე. – ხომ ხვდები, რომ ხალხმა ყველაფერი იცის, რაც
უნდა იცოდეს. მათ მხოლოდ დახმარება სჭირდებათ, რომ დიდხანს და ბედნიერად ცხოვრების
სურვილი არ დაკარგონ.
ამ სიტყვების დასრულება და ცოლის დაბრუნება ერთი იყო. ეტყობა, სიტყვას არ გატეხს და
დაწვება. ჯერ სკამზე ჩამოჯდება და ფეხსაცმლის თასმის გახსნას იწყებს.
ქალი მოხრილი ზის, უეცრად კი ჭიშკარი მოჯახუნდება. დგება და ყურს მიუგდებს.
– დავითი იქნება! – ეუბნება თავის თავს. – აშკარად ეგ არის.
სარკმელთან მიირბენს და ბნელ ეზოს გახედავს. ორიოდე წუთს იქვე დგას და ეზოს მიშტერებია.
როდესაც უკან შემოტრიალდება და ფანჯარას მოსცილდება, ორივენი ხედავენ როგორ შესცვლია
სახე. სულ ნაცრისფერი დასდებია, თვალებსა და ტუჩებზე ფერფლისფერი დაჰკრავს. მოქნილობაც
დაუკარგავს, გაუბედავია და ტუჩები უკანკალებს.
– ამას ვერ ავიტან, – ჩურჩულებს თავისთვის. – ვერ ავიტან.
– ღმერთს უნდა მივენდო, – ამბობს ხმამაღლა და შუა ოთახში ჩერდება. – ხომ მითხრეს, ღმერთს

44
მიენდეო. განა არ ვევედრებოდი უფალს, არ ვეძახდი? რაღა ვქნა, როგორ მოვიქცე, რომ
დამეხმაროს?
ქალი არ ტირის, მაგრამ ხმა უკვნესის. ეტყობა, რომ სასოწარკვეთილია და არ უწყის რას სჩადის.
დავით ჰოლმი წინ წაიხრება, მიაშტერდება. უცებ რაღაც აზრი გაუელვებს და გააკანკალებს.
ქალი კი არ მიდის, ძლივს მიათრევს ფეხებს კედელთან მიდგმულ საწოლთან, სადაც მის ორ
ბავშვს სძინავს.
– ესენი არიან ცოდონი, – ამბობს და დაიხრება. – როგორი ლამაზები არიან.
მათთან ახლოს იატაკზე დაჯდება და ხან ერთს აშტერდება, ხან მეორეს.
– აქაურობას უნდა გავეცალო, მაგრამ ესენი როგორ დავტოვო?
ორივე მათგანს ცოტა მოუხერხებლად და უჩვეულოდ ეფერება თავზე.
– ამის გამო ნუ გამინაწყენდებით. ჩემი ბრალი არ არის.
ისევ იატაკზე ზის და ბავშვებს ეფერება, ჭიშკარი რომ მეორედ ჯახუნობს. შეხტება, მაგრამ არ
წამოდგება, იცდის, სანამ არ დარწმუნდება, რომ მართლა მისი ქმარია და სხვა არავინ. მერე ნელ-
ნელა წამოდგება.
– უნდა ვიჩქარო, – საიდუმლოდ ეჩურჩულება ბავშვებს. – სწრაფად მივხედავ ამ საქმეს, მთავარია,
მან არ შემიშალოს ხელი.
თუმცა არაფერს აკეთებს, მხოლოდ ოთახში სცემს ბოლთას.
– თითქოს რაღაც მეუბნება, რომ დილამდე უნდა მოვიცადო, – ჩუმად წარმოთქვამს. – ხვალემ
იცოდეს ხვალისაო, კი ამბობენ, მაგრამ განა ხვალინდელიც გუშინდელივით არ იქნება? ხვალ რა, ცა
გამეხსნება?
დავით ჰოლმი ეკლესიის ეზოში დატოვებულ ცხედარზე ფიქრობს, რომელსაც ისე ჩაფლავენ,
როგორც ყოვლად უმაქნისსა და გამოუსადეგარს. ძალიან უნდა, რომ ცოლმა გაიგოს ეს ამბავი და
მისი აღარ ეშინოდეს.
ისევ სუსტი ხმაური შემოესმა. სახლში რომელიღაც კარი ჯახუნობს, აღებენ და ხურავენ ეტყობა.
ქალს ისევ კანკალი იტანს, რადგან თავისი განზრახვა ახსენებს თავს. მუხლებაკანკალებული და
ხელებაცახცახებული ღუმელთან მიდის და გასახურებლად შეშას შეალაგებს.
– რა იქნება, რომ ღუმელი ავანთო, – ისე სვამს კითხვას, თითქოს ვიღაცის პასუხს მოელოდეს. –
მოვიდეს და ნახოს რა, ახალი წლის ღამეს მაინც ხომ შემიძლია, ღუმელი გავახურო და ერთი
ფინჯანი ყავა ავიდუღო? ასე ძილი მაინც ვერ წამართმევს თავს და მოსულსაც ზეზე დავხვდები.
ამ სიტყვების გაგონებაზე დავით ჰოლმი დიდ შვებას გრძნობს. მაინც ვერ ხვდება, რატომ
მოიყვანა აქ გეორგმა. აქ სიკვდილს არავინ აპირებს. ავადმყოფიც არავინაა.
მეფორნე თვალებზე კაპიუშონჩამოფარებული თავაუწევლად დგას. ისეა ფიქრებში ჩაფლული,
რომ ახლა მისთვის კითხვის დასმას აზრი არა აქვს.
„უნდა, რომ ჩემიანებს უკანასკნელად შევავლო თვალი, – ფიქრობს დავითი. – იქნებ მათი ხილვა
აღარც მიწერია“.
– ეს გუნებას ვერ გამიფუჭებს, – ჯერ ამას ამბობს, ჰგონია, რომ მის გულში მხოლოდ ერთისთვის
არის ადგილი, თუმცა მაინც უახლოვდება იატაკზე დაგებულ საწოლს და ბავშვებს დასცქერის.
დგას და დაჰყურებს თავის შვილებს. უეცრად ის ბიჭი გაახსენდება, მის ძმას რომ უყვარდა
ძალიან და ვის გამოც უკან დაბრუნდა ციხეში. გული ჩასწყდა, რადგან თავისი შვილების ასე
ძლიერად შეყვარება თვითონ ვერასდროს მოახერხა.
„ღმერთმა მაინც ბედნიერები მიმყოფოს ეს ღლაპები! – უეცრად სისუსტეშეპარული ფიქრობს. –
ხვალ როგორ გაიხარებენ, ჩემს სიკვდილს რომ გაიგებენ“.
„ნეტავ, როგორები გაიზრდებიან? – ისეთი ინტერესი დაეუფლა, მანამდე რომ არ უგრძნია
მათდამი. უცებ შიშმა შეიპყრო, ვაითუ, ჩემნიარები გამოვიდნენო. – მე ცხოვრებაში უიღბლო
ვიყავი!“
„არ ვიცი, – განაგრძობს ფიქრს. – არ მესმის, აქამდე რატომ არ მიფიქრია მათზე. რომ შემეძლოს,
დავბრუნდებოდი და წესიერ ადამიანებად აღვზრდიდი“.

45
დგას და გულისხმას უგდებს ყურს.
– უცნაურია, მაგრამ აღარ მეზიზღებიან, – ჩურჩულებს. – მინდა, რომ ჩემი ცოლიც ბედნიერი იყოს,
ამდენი რამის ატანა მოუხდა მაინც. რომ შემეძლოს, ავეჯსაც დავუბრუნებდი. ნეტავ, კვირაობით
ეკლესიაში მორთულ-მოკაზმულს შეაძლებინა სიარული. ახლა მაინც ამოისუნთქავენ, მე ხომ
ხელს აღარ შევუშლი. გეორგმა, ალბათ, იმიტომ მომიყვანა აქ, ფიქრობდა, გაუხარდება, მკვდარი
რომ არისო.
უეცრად შეკრთება. ფიქრებში გართულმა ცოლს ვეღარ მიადევნა თვალყური. ახლა კი ელდისგან
ლამის გული ამოუვარდეს.
ქალი თაროდან ყავის ქილას ჩამოიღებს და ყავადანში ცოტაოდენ დაფქულ ყავას ყრის. მერე
უბიდან თეთრი ფხვნილით სავსე პაკეტს იღებს და მასაც ჩაყრის.
დავით ჰოლმი თვალებდაჭყეტილი მიშტერებია, მაგრამ წარმოდგენაც არ უნდა, რის გაკეთებას
აპირებს ქალი.
– აი, დავით, ეს სრულიად საკმარისი იქნება, – ამბობს ის და კარისკენ ისე ბრუნდება, თითქოს
მართლა დავითს მიმართავდეს. – ეს ბავშვებსაც ეყოფა და მეც. ბავშვები დღითი დღე ხელში
მადნებიან და მე კი ვერაფრით ვშველი. თუკი ერთ საათსაც შეყოვნდები, შენ დაბრუნებამდე
ყველაფერი ისე იქნება, როგორც გსურს.
კაცი ამას ვეღარ უძლებს და მეფორნეს მივარდება.
– გეორგ! – ეხვეწება, – ღვთის გულისათვის, გეორგ, განა არ გესმის?
– მესმის, დავით, – პასუხობს მეფორნე. – ხომ ვდგავარ აქ. უნდა ვიდგე კიდეც. ეს ჩემი ვალია.
– როგორ არ გესმის, გეორგ, საქმე მხოლოდ მას კი არა, ბავშვებსაც ეხება. უნდა, რომ ბავშვებიც თან
გაიყოლოს.
– ჰო, დავით, შენი ბავშვების წაყვანაც უნდა.
– მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს! წარმოუდგენელია! ნუთუ ვერ გააგებინებ, რომ ამის ჩადენას აზრი
არა აქვს?
– შეუძლებელს მთხოვ, დავით! ცოცხლებს ვერაფერს ვაიძულებ!
მაგრამ დავით ჰოლმი არაფერს ერიდება და მეფორნის წინაშე მუხლებზე დაემხობა.
– გაიხსენე, შენ ხომ წინათ ჩემი ამხანაგი, მეგობარი იყავი, ნუ დაუშვებ ამ საშინელებას! ამ
უბედურებას მაინც ნუ დამატეხ თავზე! ნუ გამოასალმებ სიცოცხლეს ამ ღატაკებს და
უბედურებს!
გეორგს უყურებს მავედრებელი თვალებით, პასუხს ელის, მაგრამ გეორგი მხოლოდ თავს აქნევს.
– შენთვის, რაც შემიძლია, ყველაფერს გავაკეთებ, გეორგ. უარი გითხარი, მეფორნედ არ დავდგები-
მეთქი, მაგრამ ოღონდ ახლა ეს უბედურება ამარიდე და სიამოვნებით დავიკავებ შენს ადგილს.
ჯერ სულ ბავშვები არიან, ისიც კი ვინატრე, ნეტავ, ცოცხალი ვიყო, რომ კარგ ადამიანებად
აღმეზარდა-მეთქი. მან კი, მან... დღეს ეტყობა, ჭკუა დაკარგა, განსჯის უნარი წაერთვა. არ იცის,
რას სჩადის, შეიბრალე, გეორგ, რა იქნება?!
მაგრამ მეფორნე უძრავად, წარბშეუხრელად დგას. ოდნავ შეაქცევს ზურგს.
– სულ მარტო ვარ, ეული, არ ვიცი, ვის ვთხოვო შემწეობა. მამაღმერთს შევევედრო თუ იესოს? ამ
სამყაროში ახლახან შემოვდგი ფეხი. ვინ არის აქ არსთა განმრიგე? ვინ მეტყვის, ვის შევევედრო?
ვაი, მე უბედურს! იმას მაინც შევევედრო, ვინც სიკვდილ-სიცოცხლეს განაგებს. რა ღირსი ვარ,
თხოვნა შეგკადრო. მე ხომ შენი მცნებებიც დარღვეული მქონდა და კანონებიც. შენ ჩამაგდე მე
წყვდიადში! ნეტავ, სულ გამაქრობდე! მე, რაც გინდა, ის მიყავი, ოღონდ ისინი დაინდე!
პასუხის მოლოდინში დუმდება. მაგრამ მხოლოდ ცოლის სიტყვები ესმის, რომელიც თავისთვის
ბუტბუტებს:
– აი, გადნა, წყალიც წამოდუღდა, ცოტა შევაგრილო და...
უცებ გეორგი დაიხრება. კაპიუშონი გადაუგდია, სახეს ღიმილი უნათებს.
– დავით, – ეუბნება გეორგი. – თუკი მართლა მოინანიე, მგონი, მათი გადარჩენის შანსიც გაჩნდა.
თავად უნდა უთხრა ცოლს, რომ შენი აღარ ეშინოდეს.

46
– კი მაგრამ, როგორ გავაგებინო? ან იქნებ მართლა გამიგოს?
– არა, ამ მდგომარეობაში მყოფს ნამდვილად ვერ გაგიგებს. ისევ იმ დავითად უნდა იქცე,
ეკლესიის ბაღში რომ გდია ახლა. აბა, გაართმევ თავს?
დავით ჰოლმი შეკრთება. ადამიანური ყოფა რაღაც სულის შემხუთავად, მომაკვდინებლად
წარმოესახა. – ნუთუ თავისუფალი სული ისევ ადამიანის მარწუხებში უნდა მოექცეს? ბედნიერი
მე დედამიწაზე ვერ ვიქნები. – მაგრამ წამითაც არ დაიხევს უკან.
– თუკი მოვახერხებ, თუკი თავისუფალი ვარ... მეგონა, რომ...
– მართალი ხარ, – პასუხობს გეორგი და სახე უცისკროვნდება. – მთელი წლით სიკვდილის
მეფორნე უნდა გახდე, ცხადია, თუკი ვინმე ნებით არ შეგენაცვლება.
– ვინმე? – ეკითხება დავითი. – აბა, ვინ გაიღებს ამხელა მსხვერპლს ჩემნაირი არარაობის გამო?
– დავით, ერთი ადამიანი არსებობს, რომელსაც სინდისის ქენჯნა არ ასვენებს, რადგან თავის
დროს გზიდან გადაგაცდინა. იქნებ მან მაინც ისურვოს შენი შენაცვლება, თან გაიხარებს, შენზე
სადარდებელი რომ აღარ ექნება.
გონს მოსვლას არ აცლის დავითს და დახრილი თვალებში ჩასცქერის:
– ძველო მეგობარო, დავით ჰოლმ, მთელი ძალით სცადე! მე კი აქ დავრჩები და დაგიცდი. დრო
ცოტა გაქვს.
– მერე, შენ, გეორგ?
მეფორნე ხელის მბრძანებლური მოძრაობით აწყვეტინებს, როგორ გინდა, რომ არ დაემორჩილო?
იმავე წამს კაპიუშონს იფარებს თვალებზე და მჟღერი ხმით წარმოთქვამს:
– ტუსაღო, დაუბრუნდი ისევ შენს საკანს!

თავი XII
დავით ჰოლმმა ოდნავ წამოიწია და მიმოიხედა. ლამპიონები ჩაექროთ, მაგრამ მოწმენდილ ცაზე
მთვარე ანათებდა. იოლად მიხვდა, რომ ეკლესიის ეზოში იწვა შავი ცაცხვის ტოტებით მოფენილ
გამხმარ ბალახზე.
წამიც რომ არ დაუყოვნებია, ისე წამოხტა ზეზე. ძალიან სუსტად გრძნობდა თავს, თითქოს
დამბლა დასცემოდა; თავბრუ ესხმოდა, მაგრამ მაინც გაიმაგრა თავი. ბარბაცით გავიდა ხეივანში,
რამდენიმე ნაბიჯიც და, ხეს მიეყრდნო, რომ არ წაქცეულიყო.
„ვერ შევძლებ, – გაიფიქრა. – დროში ვერ ჩავეტევი, ძალა არ მყოფნის“. წამითაც არ გაუფიქრებია,
რომ რაც თავს გადახდა, მეტისმეტად არარეალური იყო. თუმცა წუხანდელი მოვლენები მკაფიოდ
და სრული სისავსით გაისიგრძეგანა.
„ჩემს სახლში ცელმომარჯვებული მეფორნე დგას, – ისევ გაიფიქრა. – უნდა ვიჩქარო!“
ხეს გაეცალა და კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, მაგრამ მუხლმა უმტყუნა და ჩაიკეცა.
სწორედ ამ დროს, ყველასგან მიტოვებულად რომ გრძნობდა თავს, შუბლზე შეხება იგრძნო.
ზუსტად ვერ იტყოდა, ხელი იყო, ბაგე თუ მსუბუქი სამოსის ბოლო, მაგრამ საკმარისი კი იყო, რომ
ნეტარება დაუფლებოდა.
– დამიბრუნდა! – გაიხარა დავითმა. – ისევ ჩემთან არის და დამიცავს.
ცად აღაპყრო ხელები, რადგან საყვარელ ქალს უყვარდა, რადგან ქალის სიყვარულით აევსო გული,
იმის მიუხედავად, რომ ისევ მიწიერ ცხოვრებას დაუბრუნდა.
ამ უკაცრიელ ღამეში ზურგს უკნიდან ფეხის ხმა გაიგონა. მომცრო ტანის გოგონა მოდიოდა,
თავზე ხსნის არმიის ქუდი ეხურა, რომელიც სახეს სანახევროდ უფარავდა.
– დაო მარია! – შესძახა დავითმა, როცა ქალი მიუახლოვდა. – დაო მარია, მიშველეთ რამე!
ეტყობა, ხმაზე იცნო, ამიტომაც ელდანაცემივით გაეცალა და გზა განაგრძო ისე, რომ მისი
სიტყვებისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია.
– დაო მარია, მთვრალი არ გეგონოთ. შეუძლოდ ვარ. სახლამდე მიმიყვანოთ ეგებ...

47
ალბათ, არც დაიჯერა მისი ნათქვამი, მაგრამ მაინც მივიდა, წამოაყენა და გზის განგრძობაში
შეეშველა.
მაშ ასე, სახლის გზას ადგა, მაგრამ როგორ ტაატით მიიზლაზნებოდა ეს დრო! უბედურება კი
ნებისმიერ წამს შეიძლებოდა მომხდარიყო. შეჩერდა.
– დაო მარია, დიდ სამსახურს გამიწევდით, ცოტა ფეხს რომ აუჩქარებდეთ და ჩემს სახლში
მიხვიდოდეთ დროულად. თან ჩემს მეუღლეს ეტყოდით, რომ...
– ვეტყოდი, რომ ქმარი ჩვეულებისამებრ მთვრალი დაგიბრუნდებათ-მეთქი, არა? ძალიან კი
გაუკვირდებოდა!
ტუჩზე იკბინა და წინ წასვლა სცადა, მაგრამ მოუმაგრებელი სხეული არ დაემორჩილა.
ისევ სცადა მარიას დაყოლიება.
– მესიზმრა, – ეუბნება ქალს. – თითქოს მომაკვდავ და ედითს ვუყურებდი, თქვენ კი მის ფეხთით
იჯექით... ჩემიანებიც მესიზმრა, ჩემს სახლში... ჩემი ცოლი დღეს რაღაც ვერ არის. თუ არ იჩქარებთ,
შეიძლება, თავს რამე აუტეხოს.
მშვიდად, მაგრამ უწესრიგოდ საუბრობს. და მარია არ პასუხობდა, ეგონა, მთვრალიაო.
თუმცა, მაინც განაგრძობდა დავითის წაყვანას. კაცი აცნობიერებდა, რომ ქალს ეს დიდი
მორალური ძალის ფასად უჯდებოდა, რადგან და ედითის სიკვდილს მას აბრალებდა.
სახლისკენ ძლივს მიბანცალებდა დავითი, რომ უეცრად შიშმა აიტანა. როგორ დაერწმუნებინა
ცოლი, რომელსაც მისი ასე ძალიან ეშინოდა, ჩემი ნუღარ შეგეშინდებაო, რაკი და ედითმაც კი...
როგორც იქნა, ეზოს კარს მიადგნენ, რომელიც და მარიამ გააღებინა.
– ახლა უკვე თვითონაც გაართმევთ თავს.
– უმორჩილესად გთხოვთ, ჩემს ცოლს გასძახეთ, უთხარით, რომ ჩამოვიდეს და დამეხმაროს.
და მარიამ მხრები აიჩეჩა.
– სხვა დროს იქნებ დაგხმარებოდით კიდეც, მაგრამ დღეს ნამდვილად არ გქონდეთ ჩემი იმედი.
იმდენი რამე ვაკეთე მთელი დღე, რომ ქანცი მაქვს გაწყვეტილი. ყელამდე ვარ!
ხმაში კვნესა გამოერია, ადგილიდან მოწყდა და ჩქარი ნაბიჯით გაეცალა იქაურობას.
ციცაბო კიბეზე ძლივს აბანცალდა, გული უსკდებოდა, დავიგვიანეო. ან როგორ დაერწმუნებინა
ცოლი?
ის იყო, კიბეზე უნდა ჩამომჯდარიყო სასოწარკვეთილი, რომ შუბლზე ისევ ვიღაცის შეხება
იგრძნო. „ისევ ჩემთან არის, არ მტოვებს, – ფიქრობს და სახე უმშვიდდება, – მიცავს“. ამ აზრმა
ძალები შემატა და კიდევ ერთი საფეხურით აიწია.
კარი რომ გააღო, ზღურბლთანვე შენიშნა – თითქოს ქალი კარის ჩარაზვას აპირებდა, რომ დავითი
ვერ შესულიყო. ხოლო როცა დაინახა, მომისწროო, უცებ ღუმლისკენ შებრუნდა და ზურგი
შეაქცია, რომ რაღაც დაემალა. სახეზე ისეთივე უგრძნობლობა ეხატა, როგორიც დავითის სახლიდან
გასვლისას. კაცმა უცებ გაიფიქრა: „კიდევ კარგი, მოვუსწარი და ვერაფერი ჩაიდინა“. შემდეგ
ბავშვებს შეავლო თვალი, რათა დარწმუნებულიყო, რომ არაფერი სჭირდათ. „ჯერ კიდევ სძინავთ.
ე.ი. ვერ მოასწრო“, – იმეორებს გულში.
იქით გაიშვირა ხელი, სადაც ამას წინათ გეორგი იდგა და იგრძნო, რომ ვიღაცის ხელმა ჩამოართვა
გაწვდილი ხელი.
– გმადლობ! – ჩუმად თქვა, ხმაში კანკალი შეეპარა, თვალზე კი ბინდი გადაეფარა.
ბარბაცით გადაჭრა ოთახი და სკამზე ჩამოჯდა. შეამჩნია, რომ ცოლი ისე უქცერდა, როგორც
სახლში შემოჭრილ მხეცს. „ამასაც მთვრალი ვგონივარ“, – გაიფიქრა დავითმა.
ისევ უიმედობამ მოიცვა. ძალა ჰქონდა გამოცლილი და დასვენება სჭირდებოდა. უკანა პატარა
ოთახში საწოლი კი იდგა, სადაც წამოწვებოდა კაცი, ასე დაყუდებული როდემდე ყოფილიყო.
მაგრამ მეორე ოთახში რა გაიყვანდა. ცოლს რომ მისი ზურგი დაენახა, თავს რამეს აუტეხდა. აქ
უნდა მჯდარიყო და ქალისთვის ედარაჯა.
– და ედითი გარდაიცვალა, – წამოიწყო საუბარი. – მასთან ვიყავი და... დავპირდი, რომ შენ და
ბავშვებს აღარაფერს გავნებდით; ხვალ თუ გინდა თავშესაფარშიც გაგზავნე.

48
– გეყო ტყუილი! – გააწყვეტინა ცოლმა. – გუსტავსონი იყო აქ და თქვა, ედითის სანახავად არ
მოვიდაო.
სკამზე მჯდომარე დავითმა ყურები ჩამოყარა და ცრემლები წამოსცვივდა. გაცრეცილი აზრებისა
და დახუჭული თვალების სამყაროში დაბრუნების უსარგებლობა თრგუნავდა. მუხლები
ეკვეთებოდა, რადგან ფიქრობდა, ჩემი უსაქციელობით აღმართულ წინაღობებს თავს ვერაფრით
დავაღწევო. ძლიერი წყურვილი, რომ აქვე მოფარფატე სულს შეერთებოდა და იმის შეგრძნება,
რომ ამას ვერ მოახერხებდა, ცხარე ცრემლს აღვრევინებდა.
ქვითინში ცოლის ხმა მოესმა:
– შენ ტირი, დავით? – ჰკითხა ცოლმა.
ცრემლებით დასველებული სახე ასწია.
– მინდა, უკეთესი გავხდე, – კბილებში რისხვასავით გამოსცრა. – მინდა, პატიოსანი კაცი გავხდე,
მაგრამ ჩემი არავის სჯერა. აბა, როგორ არ ვიტირო?
– ძნელია შენი დაჯერება, დავით, – ყოყმანით მიუგო ქალმა. – მაგრამ მე მჯერა, რაკი ტირი. ახლა
უკვე მჯერა შენი.
თითქოს თავისი სიტყვების დასტურადო, იქვე ჩამოჯდა იატაკზე და ქმრის მუხლებში შემალა
თავი.
ერთ წუთს ასე უძრავად იჯდა, მერე თვითონაც ასლუკუნდა.
დავითი შეკრთა:
– შენც ტირი?
– სხვა რა დამრჩენია. ბედნიერად ვერ ვიგრძნობ თავს, სანამ მთელ ტკივილს არ ამოვიტირებ.
ამ დროს დავით ჰოლმმა შუბლზე მსუბუქი სიგრილე იგრძნო. ცრემლის დენა შეუწყდა და
იდუმალი ღიმილით გაებადრა სახე.
პირველ მიზანს მან ამ ღამით უკვე მიაღწია. ახლა მისი ძმის საყვარელი ბავშვის დახმარება იყო
საჭირო. და მარიასნაირი ხალხისთვის უნდა დაემტკიცებინა, რომ და ედითი ტყუილად არ
მომკვდარა, რომ ტყუილად არ უჩუქნია მისთვის სიყვარული. საკუთარი კერა ჰქონდა
ფერფლისგან აღსადგენი. ხალხისთვის მეფორნის დანაბარები ჰქონდა გადასაცემი. როდესაც
ყველა მიზანს მიაღწევდა, აი, მაშინ შეძლებდა საყვარელ და სასურველ ქალთან გამგზავრებას.
გადაღრძუებულ მოხუცად გრძნობდა თავს. მოხუცივით მომთმენი და მორჩილი გახდა. მას არც
იმედი ჰქონდა და არც არაფერი სურდა თავისთვის, მხოლოდ ხელიხელგადაჭდობილი
ჩურჩულებდა მეფორნის საახალწლო ლოცვას:
– უფალო, იქამდე მოამწიფე სული ჩემი, სანამ მომკის დრო დადგებოდეს!

[1] ხსნის არმია – ქრისტიანული ორგანიზაცია, 1878 წელს დაარსდა ლონდონში. მისი მოღვაწეობის
საფუძველი ქალაქების ღარიბულ უბნებში, ბავშვთა სახლებში, თავშესაფრებსა და
საავადმყოფოებში ქველმოქმედება და აღმზრდელობითი საქმიანობაა.
[2] პირველი ასო სიტყვისა Fralsningsarmen (შვ.) – ხსნის არმია.
[3] უფსალა – უფსალის პროვინციის (ლენის) ცენტრი, შვედეთის ერთ-ერთი უმსხვილესი
სამეცნიერო და კულტურული კერა. აქვეა სკანდინავიაში უძველესი უნივერსიტეტი, რომელიც
1447 წელს დაარსდა.
[4] გრძელი ქუჩა (შვ.).
[5] იგულისხმება ეკვატორული ორიონის თანავარსკვლავედის სამი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი:
რიგელი, ბეთელჰაიზე და ბელატრიქსი. სკანდინავიის შუა განედებიდან თანავარსკვლავედი
შემოდგომითა და ზამთრობით მოჩანს.

49

You might also like