Professional Documents
Culture Documents
პირველი სიმღერა
ჭირი, რისხვა
მაშინ ყველა აქაველმა მოწონების ყიჟინა დასცა, პატივი ვცეთ ქურუმს და ბრწყინვალე გამოსასყიდი
მივიღოთო, მაგრამ ატრევსის ძის, აგამემნონის, გული ვერ მოიგო ქურუმმა, უხეშად მოიცილა და
მკაცრი სიტყვაც მიაყოლა: „არ გადამეყარო, ბერიკაცო, ფართომუცლიან ხომალდებთან, არც ახლა
დაყოვნდე და არც შემდგომში დაბრუნდე, თორემ ღმერთის კვერთხი და გვირგვინი ვერ გიშველის!
ქალიშვილს არ მოგცემ, ჩემს სახლში, არგოსში,[12] სამშობლოს მოშორებული, დაბერდება იგი ქსლის
მბეჭველად და ჩემი სარეცლის გამზიარებლად. ახლა კი წადი, არ გამაბრაზო და ცოცხალმა გამასწარი!“
ასე თქვა, შედრკა მოხუცი და დაემორჩილა სიტყვას: ჩუმად გაუყვა მოგრიალე ზღვის ქვიშიან ნაპირს.
კარგად რომ გასცდა იქაურობას, შეევედრა მეუფე აპოლონს, რომელიც მშვენიერთმიანმა ლეტომ შვა:
„მისმინე, ვერცხლის მშვილდიანო, რომელიც გარს უვლი ქრისესა[13] და წმინდა კილას[14] და
მძლავრად მეფობ ტენედოსში[15]; სმინთევსო[16], თუკი ოდესმე შენი ტაძარი გამიმშვენიერებია, ან
თუკი ოდესმე ხარისა და თხის მსუქანი ბარკლები დამიწვავს შენთვის, ეს სურვილი ამისრულე:
აზღვევინე დანაელებს ჩემი ცრემლები შენი ისრებით.“
ასე თქვა მავედრებელმა, მას უსმინა სხივოსანმა აპოლონმა, ოლიმპოსის მწვერვალებიდან სწრაფად
დაეშვა განრისხებული, მშვილდი ჰქონდა და ორმხრივ დახურული კაპარჭი; ხმას გამოსცემდა ისრები
მრისხანე ღმერთის ზურგზე და მოდიოდა იგი ღამესავით პირქუში იერით. ჩამოჯდა ხომალდებთან
და გაუშვა ისარი: საშინელი ხმა გამოსცა ვერცხლის მშვილდმა: ჯერ ჯორები და მკვირცხლი ძაღლები
გაწყვიტა, ბოლოს კი ბასრი ისარი ხალხსაც მიაწვდინა: მთელი დღეები მრავალ კოცონზე იწვოდა
გვამები.
ცხრა დღეს მუსრავდა მხედრობას ღმერთის ისრები, მეათე დღეს კი კრებაზე მოუხმო ხალხს
აქილევსმა: ეს მას თეთრხელება ქალღმერთმა ჰერამ[17] უკარნახა — გული უკვდებოდა,
დანაელების[18] ამოწყვეტას რომ უმზერდა; როდესაც ხალხმა თავი მოიყარა, წამოდგა ფეხმარდი
აქილევსი და ბრძანა: „ატრევსის ძეო, როგორც ვხედავ, უკან უნდა გავცუროთ და შინ დავბრუნდეთ,
სიკვდილს რომ გავექცეთ, რადგან ომი და შავი ჭირი ერთად დაერია აქაველებს. მოდი, ვკითხოთ
მისანს, ქურუმს ან სიზმრის ამხსნელს, — სიზმარიც ხომ ზევსისგანაა; დაე, გვითხრას, რაზეა
განრისხებული სხივოსანი აპოლონი, აღთქმა დავურღვიეთ, ასი ხარის შეწირვას არ დავპირდით, თუ
ცხვრებისა და ნარჩევი თხების ოხშივარს ელის, რომ ჭირი აგვაცილოს თავიდან?“
ეს თქვა და დაჯდა; მაშინ წამოდგა კალქას თესტორის ძე, ფრინველთმისანი უპირველესი, რომელმაც
იცოდა, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება; თავისი მისნობის ნიჭით, რომლითაც სხივოსანმა აპოლონმა
დააჯილდოვა, მან ჩაიყვანა აქაველები ხომალდებით ილიონში[19]. კეთილი ნებით ილაპარაკა და ასე
მიმართა მათ: „ო, აქილევს, ზევსის რჩეულო, ითხოვ, აგიხსნა შორსმიმწვდომი[20] მეუფე აპოლონის
რისხვა; ამას აგიხსნი, მაგრამ შენც დამეთანხმე და შემომფიცე, რომ სიტყვებითაც დამიცავ და
ხელებითაც. ვიცი, რომ განვარისხებ კაცს, რომელიც ყველა არგოსელზე მბრძანებლობს და რომელსაც
ემორჩილებიან აქაველები. მეტად მძლავრია მეფე, როდესაც განურისხდება ქვეშევრდომ კაცს. მან
შეიძლება წყენა გადაყლაპოს დღეს, მაგრამ არ დაივიწყებს და სანამ შურს არ იძიებს, გულში ექნება.
ახლა კი მითხარი, დამიცავ თუ არა?“
მიუგო ფეხმარდმა აქილევსმა: „გაბედე და თქვი მისნობა, რაც კი იცი: ვფიცავ ზევსის საყვარელ
აპოლონს, რომელზეც ლოცულობ შენ, კალქას, და დანაელებს მისნობას უმჟღავნებ, სანამ ცოცხალი ვარ
და თვალში სინათლე მიდგას, ღრმამუცლიან ხომალდებთან დანაელთაგან ვერავინ აღმართავს მძიმე
ხელს შენზე, თუნდაც იყოს აგამემნონი, რომელიც ახლა აქაველთაგან უპირველესად მიიჩნევა. მაშინ
გათამამდა და ბრძანა უზადო მისანმა: „აღთქმის დარღვევისთვის ან ასი ხარის გამო კი არ არის
განრისხებული ღმერთი, არამედ ქურუმის გამო, რომელიც შეურაცხყო აგამემნონმა, როდესაც არც ასუ-
ლი მისცა და არც გამოსასყიდი გამოართვა; მის გამო დაგვატეხა თავს ჭირი მიზანს აუცდენელმა და
კიდევ დაგვატეხს: დანაელებს საშინელი ჭირი არ ასცდებათ, სანამ საყვარელ მამას გამოსასყიდის
გარეშე არ დავუბრუნებთ თვალმოელვარე ასულს და წმინდა ას ხარს არ შევწირავთ ქრისეში: მხოლოდ
მაშინ შევძლებთ მის დაწყნარებას,“ — ეს ბრძანა და დაჯდა, უმალვე წამოდგა ატრევსის გმირი ძე, დიდ
სივრცეთა მბრძანებელი, აღელვებული აგამემნონი — სასტიკი მრისხანებით აღევსო ჩაშავებული
გული, თვალებში კი ცეცხლი აენთო. ავად შეავლო თვალი კალქასს და ასე ბრძანა: „მარად ცუდის
მისანო, კარგი არასდროს გითქვამს ჩემთვის! აშკარად გიხარია, მუდამ უბედურებას რომ
წინასწარმეტყველებ, კარგი სიტყვა კი არც გითქვამს და არც აგისრულებია. ახლაც დანაელებში მისნობ
და ამბობ, თითქოს იმიტომ მოგვახვია თავს ეს უბედურება მიზანს აუცდენელმა, რომ ქალიშვილი
ქრისეისისთვის დიდი გამოსასყიდის მიღება არ ვისურვე, რადგან მომინდა, სახლში მყოლოდა იგი:
კანონიერ მეუღლეს, კლიტემნესტრასაც[21] კი ვამჯობინებდი მას, არაფრით ჩამოუვარდებოდა არც
აღნაგობით, არც სიმაღლით, არც გონებით და არც საქმით; თუმცა ახლა მსურს, დავაბრუნო, რაკი ასე
ყოფილა საჭირო: ოღონდ კი გადარჩეს ხალხი და არ ამოწყდეს; მაგრამ თქვენ ახლავე უნდა
მომიმზადოთ სანაცვლო ჯილდო, რათა მარტო არ დავრჩე უსაჩუქროდ არგოსელთა შორის; ეს არ
შეიძლება: ხომ ხედავთ ყველანი, სხვაგან მიდის ჩემი საბოძვარი.“
მიუგო მბრძანებელმა აგამემნონმა: „რაგინდ კარგიც უნდა იყო, ღვთისდარო აქილევსო, მე ვერ
მომატყუებ გონებამახვილობით, ვერც გამაცურებ და ვერც დამარწმუნებ. გინდა, რომ თავად ფლობდე
ჯილდოს, ხოლო მე არაფერი მქონდეს და ასე ვიჯდე; თანაც მიბრძანებ, რომ ქალიშვილი დავაბრუნო?
მაგრამ, დაე, დიდსულოვანმა აქაველებმა მომცენ გულისთვის საამო ჯილდო, რომელიც პირველის
თანაბარი ღირსებისა იქნება, ხოლო თუ არ მომცემენ, მე თვითონ მოვიტაცებ ან შენს ჯილდოს, ან
აიასისას[22], ან ოდისევსისას[23], თვითონ წავართმევ და ვაი იმას, ვისაც მივადგები! თუმცა ამაზე
შემდეგაც შეგვიძლია ვისაუბროთ. ახლა კი შავი ხომალდი წმინდა ზღვაში ჩავუშვათ, მძლავრი
მენიჩბეები შევარჩიოთ, ჰეკატომბე[24] ავიყვანოთ გემზე, ასევე დავსვათ გემზე თავად ღაწვმშვენიერი
ქრისეისი; ერთ-ერთი მრჩეველი კაცი დავუყენოთ მეთაურად: ან აიასი, ან იდომენევსი[25], ან
ღვთაებრივი ოდისევსი, ან შენ, პელევსის ძეო, კაცთაგან უსასტიკესო, რომ მსხვერპლშეწირვა აღუთქვა
შორსმიმწვდომს და დაუცხრო რისხვა.“
მაშინ მას მიუგო კაცთა მეუფე აგამემნონმა: „გაიქეცი, თუ გული ამას გეუბნება! მე არ შეგევედრები,
რომ ჩემთან დარჩე: ჩემთან არიან სხვები, ვინც პატივს მცემს, განსაკუთრებით კი ბრძენი ზევსი.
ყველაზე საძულველი ხარ ჩემთვის ზევსის აღზრდილ[26] მეფეთა შორის. შენ მუდამ მხოლოდ შეხლა-
შემოხლა, ბრძოლა და ომი გიზიდავს. დიდი ვაჟკაცი თუ ხარ, ეს ნიჭი ხომ ღმერთმა გაჩუქა! სახლში
წადი შენი ხომალდებით და შენი მეგობრებით, იმბრძანებლე მირმიდონელებზე![27] შენ მე არ
მადარდებ, შენი რისხვაც არაფრად მიმაჩნია! პირიქით გემუქრები: რადგან ჩემგან მიჰყავს ქრისეისი
სხივოსან აპოლონს, მას ჩემი ხომალდითა და ჩემივე მეგობრებით უკან დავაბრუნებ, მაგრამ მე
თვითონ მოვალ შენს კარავში და ლამაზღაწვიან ბრისეისს, შენს ჯილდოს, წამოვიყვან, რათა კარგად
გაიგო, რამდენად უფრო მძლავრი ვარ შენზე და სხვა ვინმეც მოერიდება, თავი ჩემ სწორად
გამოაცხადოს და გამიტოლდეს.
ასე ბრძანა. დამწუხრდა აქილევსი და თმიან მკერდში ორად გაყოფილი გული აუღელდა: ან უნდა
ეშიშვლა ბასრი ხმალი თეძოს გვერდიდან, გაეფანტა ხალხი და მოეკლა ატრევსის ძე, ან დაეცხრო
რისხვა და მოეთოკა სული; როდესაც ეს ფიქრი ბობოქრობდა გულის სიღრმეში და ქარქაშიდან იღებდა
თავის დიდ ხმალს, ჩამოფრინდა ათენა[28] ზეციდან. თეთრხელება ქალღმერთმა ჰერამ გამოაგზავნა
იგი, რადგან ერთნაირად უყვარდა და ზრუნავდა ორივე ვაჟკაცზე. უკან დაუდგა და ოქროსფერ თმებში
ჩაავლო ხელი პელევსის ძეს — მხოლოდ მას გამოეცხადა, სხვა ვერავინ ხედავდა მას. გაოგნდა
აქილევსი, შემობრუნდა და მაშინვე იცნო ათენა პალასი[29]: საშინლად უელავდა თვალები. მას
მიუბრუნდა და მიმართა ფრთოსანი სიტყვით: „რისთვის მოსულხარ, ეგიდისმპყრობელი[30] ზევსის
ასულო? იმისთვის ხომ არ, რომ გეხილა ატრევსის ძე აგამემნონის ამპარტავნება?! მაგრამ ერთს გეტყვი
და, მგონი, ეს მალე ასრულდება — ეს თავხედობა მას მალე თავს დააკარგვინებს“.
მას მიუგო თვალსხივოსანმა ქალღმერთმა ათენამ: „ზეციდან მოვედი, რომ დაგარწმუნო და დავაცხრო
შენი მრისხანება; გამომაგზავნა თეთრხელება ქალღმერთმა ჰერამ, რადგან ერთნაირად უყვარხართ და
ზრუნავს ორივე თქვენგანზე. დაიცხრე შუღლი, ხმალს ხელი უშვი, ლანძღე სიტყვებით, რაც ენაზე
მოგდგება. გეუბნები და ეს მალე აგისრულდება: სამგზის მეტ საჩუქარს მოგიძღვნიან მისი ამ
თავხედობის გამო, ოღონდ ახლა დამშვიდდი და დაგვიჯერე.“
პელევსის ძემ კი კიდევ ერთხელ სასტიკი სიტყვებით მიმართა ატრევსის ძეს და არ დაიცხრო რისხვა:
„ღვინით გალეშილო, ძაღლის სიფათიანო და ირმის გულიანო! შენ ხომ ერთხელაც არ აგისხამს აბჯარი
ხალხის წინ საბრძოლველად, არც დაზვერვაში წასვლა გაგიბედავს აქაველ ვაჟკაცებთან ერთად: ეს ხომ
სიკვდილად მიგაჩნდა! ბევრად გირჩევნია, აქაველთა ვრცელ ბანაკში ჯილდო წაართვა იმ კაცს,
რომელიც შენ წინააღმდეგ ხმას ამოიღებს. ხალხის მძარცველი მეფე ხარ, რაკი არარაობებზე მეფობ; ასე
რომ არ იყოს, ეს შენი უკანასკნელი თავხედობა იქნებოდა. შენ გეუბნები და დიდი ფიცით გეფიცები, ამ
კვერთხს გეფიცები, რომელიც ფოთლებსა და ტოტებს ვეღარ გამოისხამს, მას შემდეგ რაც მთებში
დატოვა თავისი ძირი, ხელახლა ვეღარ გამწვანდება, რადგან სპილენძის ცულმა მოასხიპა ფოთოლი და
კანი; ახლაც ხელთ უპყრიათ იგი აქაველთა შვილებს — ზევსისგან მომდინარე ადათების მცველებს.
დაე ეს იყოს თქვენთვის უდიდესი ფიცი! ჭეშმარიტად მოვა ის დღე, როდესაც აქილევსს ერთად
მოადგებიან აქაველთა შვილები; იმ დღეს შენ, გამწარებული, ვერაფრით დაეხმარები მათ და უამრავ
მათგანს მზეს დაუბნელებს კაცთამომწყვეტი ჰექტორი[31]. შენ კი გული გაგისკდება და მწარედ
ინანებ, რომ აქაველთაგან საუკეთესო შეურაცხჰყავი.“
ეს თქვა პელევსის ძემ და მიწაზე დააგდო კვერთხი, ოქროს ლურსმნებით მოჭედილი, თავად კი
დაბრძანდა. მეორე მხარეს ატრიდი მძვინვარებდა. უმალ ტკბილმოუბარი ნესტორი წამოიმართა,
პილოსელთა მჭექარე ორატორი[32], რომლის ენიდან მოედინებოდა თაფლზე უტკბესი სიტყვა. მის
სიცოცხლეში უკვე წავიდა მოკვდავ კაცთა ორი თაობა, რომელიც დაიბადა და მასთან ერთად
ცხოვრობდა ღმერთს შეწირულ პილოსში და ახლა მესამე თაობაზე მეფობდა. კეთილი განზრახვით
მიმართა შეკრებილთ და ბრძანა: „ოჰ, დიდი მწუხარება მოდის აქაველთა მიწაზე! რას გაიხარებენ
პრიამოსი და პრიამოსის შვილები! სხვა ტროელებსაც ხომ სიხარულით აევსებათ სული, როდესაც
გაიგებენ თქვენ ორის დაპირისპირების ამბავს, რომლებიც პირველები ხართ დანაელთა შორის საბჭოსა
და ბრძოლაშიც. ყური დამიგდეთ, ორივენი ხომ ჩემზე უმცროსები ხართ, დიდი ხნის წინ თქვენზე
უკეთეს ვაჟკაცებთანაც მქონია საქმე და ყოველთვის მოუსმენიათ ჩემთვის. მეტი არც მინახავს და
ვეღარც ვნახავ ისეთ ვაჟკაცებს, როგორებიც იყვნენ პეირითოოსი[33] და ხალხთა მწყემსი დრიასი[34],
კაინევსი[35], ექსადიოსი[36] და ღვთისდარი პოლიფემოსი[37] ან ეგევსის[38] უკვდავთა მსგავსი ძე
თესევსი[39]. უმძლავრესი იყვნენ მათ შორის, ვინც კი დედამიწაზე აღზრდილა. უმძლავრესნი იყვნენ
და უმძლავრესებს ებრძოდნენ, მთიელ კენტავრებს ეკვეთნენ და სასტიკად ამოწყვიტეს. მათთან
ვმეგობრობდი მეც პილოსიდან, შორეული მიწიდან, ჩასული, რადგან მათ თავად მომიხმეს და მეც
ვიბრძოდი ჩემდათავად, იმათ კი დღეს მიწაზე მცხოვრებთაგან ვინ შეებრძოლებოდა?! ისინიც
ისმენდნენ ჩემს რჩევას და იჯერებდნენ ნათქვამს. თქვენც უნდა დამიჯეროთ, ასე აჯობებს. შენ ძალიან
მძლავრი ხარ, მაგრამ ნუ წაართმევ ქალს, რომელიც ჯილდოდ მისცეს აქაველთა შვილებმა. შენც,
პელევსის ძეო, ნუ ეწინააღმდეგები მეფეს, რადგან არა ხარ ზევსის მიერ დიდებამინიჭებული,
კვერთხისმპყრობელი მეფის თანასწორი. შენ უფრო დიდი ვაჟკაცი ხარ, შენ ქალღმერთმა დედამ გშობა,
მაგრამ აგამემნონი უფრო მძლავრია და უთვალავ ხალხზე მბრძანებლობს. ატრევსის ძეო, დაიოკე
რისხვა, მე ვევედრები აქილევსსაც, დაივიწყოს წყენა, ის ხომ აქაველთათვის ზღუდედ აღიმართა ამ
ბოროტ ომში.“
მიუგო მძლავრმა აგამემნონმა: „დიახ, ეს ყველაფერი, მოხუცო, სწორად ბრძანე, მაგრამ ამ კაცს სურს,
ყველაზე მაღლა დადგეს, უნდა, ყველას მართავდეს და ყველაზე მეფობდეს, უნდა რომ ყველაზე
მბრძანებლობდეს, მაგრამ მე არ ვფიქრობ დამორჩილებას. ნუთუ ის ამბავი, დიდ მეომრად რომ შექმნეს
იგი მარადიულმა ღმერთებმა, ნებას აძლევს, შეურაცხმყოს?!“
ასე თქვა ცრემლის მფრქვეველმა, მას უსმინა მბრძანებელმა დედამ, იჯდა ზღვის სიღრმეში მოხუც
მამასთან: უმალვე ამოიჭრა ნისლივით ჭაღარა ზღვიდან და წინ დაუჯდა ცრემლის მფრქვეველ შვილს,
ხელი გადაუსვა, სახელით მიმართა და სიტყვა უთხრა: „რად ტირი, შვილო? რა დარდი მოდის შენი
გულიდან? მითხარი, ნუ დამიმალავ, რომ ორივემ ვიცოდეთ.“
მძიმედ ამოიოხრა და მიუგო ფეხმარდმა აქილევსმა: „იცი შენ! რა უნდა გითხრა, როცა ყველაფერი
იცი?! წავედით ეეტიონის წმინდა ქალაქ თებეში[45], იგი დავამხეთ და იქიდან მთელი ნადავლი
ჩამოვიტანეთ: ეს ყველაფერი ერთმანეთში გაიყვეს აქაველთა შვილებმა, ატრევსის ძისთვის კი არჩიეს
ქრისესის ლამაზღაწვიანი ასული. მიზანს აუცდენელი აპოლონის ქურუმი ქრისესი მოვიდა
სპილენძშემოსილ აქაველთა სწრაფ ხომალდებთან ქალიშვილის გამოსახსნელად უზარმაზარი
გამოსასყიდით, ხელთ ეპყრა მიზანს აუცდენელი აპოლონის გვირგვინი და ოქროს კვერთხი;
ევედრებოდა ყველა აქაველს, განსაკუთრებით კი ატრევსის ორ ძეს, ხალხთა მხედართმთავრებს. მაშინ
ყველა აქაველმა მოწონების ყიჟინა დასცა, პატივი ვცეთ ქურუმს და ბრწყინვალე გამოსასყიდი
მივიღოთო, მაგრამ ატრევსის ძე აგამემნონის გული ვერ მოიგო ქურუმმა, უხეშად მოიცილა და მკაცრი
სიტყვაც მიაყოლა. გამწარებული მოხუცი უკან გაბრუნდა, მის ვედრებას კი უსმინა აპოლონმა, რადგან
იგი ძვირფასი იყო მისთვის და არგოსელებს ავი ისარი სტყორცნა: ხალხი წყდებოდა მიყოლებით,
ხოლო ღმერთის ისრები აქაველთა ვრცელ ბანაკს სრულად მისწვდა, მაშინ მისანმა, რომელიც კარგად
ხედავდა, გვამცნო შორს მიმწვდომი ღმერთის წინასწარმეტყველება. მაშინ მე პირველმა ვურჩიე,
ღმერთის გული მოგვეგო, მაგრამ ატრევსის ძე რისხვამ შეიპყრო, უმალ წამოიჭრა, მუქარის სიტყვები
წარმოთქვა, რაც ახლა აღასრულა კიდევაც. სწრაფი ხომალდებით თვალმოელვარე აქაველებმა ქალი
ქრისეში გააგზავნეს და უკვდავს საჩუქრები მიართვეს. ახლა კი ჩემი კარვიდან ახალი ქალი წაიყვანეს
ჩამოსულმა შიკრიკებმა, ბრისევსის ასული, რომელიც აქაველთა შვილებმა საჩუქრად მომართვეს. თუ
რამე ძალა გაქვს, დაიცავი შენი სახელოვანი შვილი! წადი ოლიმპოსზე და ზევსს შეევედრე, თუკი
ოდესმე მისი გული მოგიგია სიტყვით ან საქმით. ხშირად მსმენია, მამისეულ სახლში თავს როგორ
იქებდი, როცა ამბობდი, რომ კრონოსის შავღრუბლიანი ძე უკვდავთაგან მხოლოდ შენ იხსენი
სამარცხვინო დაღუპვისგან, როდესაც მისი შებოჭვა სურდათ სხვა ოლიმპოსელებს — ჰერას,
პოსეიდონსა[46] და პალას ათენას; მაშინ შენ მიხვედი, ქალღმერთო, და იხსენი ბორკილთაგან, უმალ
მოუხმე დიდ ოლიმპოსზე ასხელას[47], რომელსაც ღმერთები ბრიარევსს ეძახიან და ადამიანები —
აიგაიონს, იგი ძალით მამამისსაც კი აღემატება. იგი დაჯდა კრონიონთან[48] დიდებით ამაყი, ნეტარი
ღმერთები შეშინდნენ და ვეღარ შეკრეს ზევსი. ახლა ეს შეახსენე, გვერდით დაუჯექ, მუხლზე მოხვიე
ხელი, რომ ისურვოს ტროელების დახმარება, ხოლო გემების კიჩოებთან და ზღვასთან მიჭყლეტილი
აქაველების ამოხოცვა, რათა კარგად დატკბნენ თავიანთი მეფით და ატრევსის ძეც, ვრცლად-
მმართველი და მძლავრი აგამემნონიც მიხვდეს, რა ბრმა ბრძანდებოდა, როდესაც აქაველთაგან
საუკეთესო კაცს არ აფასებდა.“
შემდეგ მას უპასუხა თეტისმა, ცრემლის მფრქვეველმა: „შვილო ჩემო, რისთვის გაგზარდე
უბედობისთვის შობილი? ღმერთმა გამყოფოს შენს ხომალდებთან ცრემლებისა და მწუხარების გარეშე,
ისედაც ხანმოკლეა შენი სიცოცხლე და სულ ცოტაა უკვე დარჩენილი. ახლა კი სწრაფადაც კვდები და
ყველაზე უიღბლოც ხარ. უბედურ დღეზე გაგაჩინე მშობლიურ სახლში! ამ სიტყვის სათქმელად
ელვისმტყორცნელ ზევსთან მივალ თოვლიან ოლიმპოსზე, იქნებ დავარწმუნო. შენ კი დარჩი
სწრაფმავალ გემებთან, აქაველებზე რისხვა არ დაიოკო, ხოლო ომს მთლიანად გამოეთიშე; ზევსი
ოკეანოსთან[49], უზადო ეთიოპელებთან[50] წავიდა გუშინ ნადიმზე და მას გაჰყვა ყველა ღმერთი.
მეთორმეტე დღეს კვლავ დაბრუნდება ოლიმპოსზე და მაშინ მივალ მის სპილენძით ნაგებ სასახლეში,
მუხლებზე მოვეხვევი და მგონი, დავარწმუნებ.“
ეს თქვა და წავიდა, შვილი კი დარჩა, გული უწუხდა იმ ლამაზსარტყლიან ქალზე ფიქრით, რომელიც,
საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, წაიყვანეს; ამ დროს ოდისევსი ქრისეში ჩავიდა და ჩაიტანა წმინდა
ჰეკატომბე. შევიდნენ ძალიან ღრმა ნავსადგურში, აფრები ჩამოუშვეს და დააწყვეს შავ ხომალდზე, ანძა
ბუდეში ჩასვეს, ბაგირებით დაუშვეს სასწრაფოდ, ნიჩბებს დააწვნენ და გემი ნავსაყუდელთან
მიაცურეს. შემდეგ ღუზა ჩაუშვეს, ხომალდი თოკებით დაამაგრეს, თავადაც ჩავიდნენ ზღვის კლდოვან
ნაპირზე, ჰეკატომბე ჩაუყვანეს მიზანს აუცდენელ აპოლონს, ბოლოს კი ქრისეისიც ჩამოვიდა ზღვაზე
მცურავი გემიდან. მაშინ იგი საკურთხევლისკენ წაიყვანა გონებაუხვმა ოდისევსმა, საყვარელ მამას
მიუყვანა და ასე მიმართა: „ო, ქრისეს, მე გამომგზავნა ხალხთა ბელადმა აგამემნონმა, შენ ქალიშვილი
ჩამოგიყვანე, სხივოსანს კი — წმინდა ჰეკატომბე დანაელთა სახელით, რათა გული მოვუგოთ უფალს,
რომელმაც ახლა არგოსელებს დამღუპველი უბედურება მოუვლინა.“
ეს თქვა და ხელში ჩააბარა, მანაც სიხარულით მიიღო საყვარელი შვილი; აქაველებმა კი წმინდა
ჰეკატომბე სწრაფად, წესისამებრ, განალაგეს კეთილნაგებ საკურთხეველთან, ხელი დაიბანეს
ნაკურთხი წყლით და შემდეგ სამსხვერპლო ქერის მარცვლები აიღეს. ბოლოს ქრისესმა ხელები გაშალა
და ხმამაღლა შეჰღაღადა: „მისმინე, ვერცხლის მშვილდიანო, რომელიც გარს უვლი ქრისეს, წმინდა
კილას და მძლავრად მეფობ ტენედოსში, შენ ადრე ისმინე ჩემი ვედრება, პატივი დამდე და სასტიკად
დასაჯე აქაველი ხალხი; კიდევ შემისრულე სურვილი: ახლა დანაელებს ააცილე სამარცხვინო
დაღუპვა.“
ეს თქვა მავედრებელმა და უსმინა სხივოსანმა აპოლონმა. მას შემდეგ, რაც ილოცეს, ქერის მარცვლები
დააყარეს, ჯერ თავები გადაუწიეს ხარებს, ყელი გამოღადრეს და გაატყავეს, ბარკლები მოაჭრეს, ორ
წყება ქონში შეახვიეს და ზემოდან უმი ხორცი დააწყვეს. შეშაზე წვავდა მათ მოხუცი, ზედ მჩქეფარე
ღვინოს ასხამდა, მის გვერდით კი ყმაწვილებს ხუთკბილა ჩანგლები ეჭირათ ხელში; როდესაც
ბარკლები შეიწვა და შიგნეულობა გასინჯეს, დარჩენილი ხორცის ნაჭრები შამფურებზე წამოაცვეს,
ოსტატურად შეწვეს და შამფურებიდან ჩამოყარეს; როგორც კი მორჩნენ საქმეს და მოამზადეს სადილი,
დასხდნენ სანადიმოდ და ამ საერთო ნადიმზე არავის დასწყვეტია გული. როცა კი სმით და ჭამით
გული იჯერეს, ყმაწვილებმა ღვინის და წყლით გასაზავებელი ჭურჭელი გაავსეს სასმელით,
გაუნაწილეს ყველას და საზედაშედ შეუვსეს თასები. მთელი დღე სიმღერით გულს ულბობდნენ
ღმერთს, მშვენიერ პეანს[51] უმღეროდნენ აქაველი ყმაწვილები და განადიდებდნენ შორს მიმწვდომს;
ისიც ისმენდა და ილხენდა სულით.
როდესაც მზე ჩაესვენა და წყვდიადი ჩამოწვა, ისინი წამოწვნენ ხომალდის კიჩოსთან; როდესაც
გამოჩნდა ადრიანი ვარდისფერთითებიანი ეოსი[52], მაშინვე გასცურეს აქაველთა ფართო ბანაკისაკენ;
მათ ზურგის ქარი დაადევნა შორს მიმწვდომმა აპოლონმა; ანძა აღმართეს და თეთრი აფრები გაშალეს,
ქარმა გაბერა შუა აფრა, ხოლო მუქი ტალღები კიჩოსთან ახმაურდა, გემი დაიძრა, ტალღები გააპო და
გზა გაიკვლია; როგორც კი ჩავიდნენ აქაველთა ფართო ბანაკში, შავი ხომალდი ხმელეთზე აათრიეს
ქვიშიან ნაპირზე მაღლა, დიდი საყრდენები დაუყენეს, თავად კი განაწილდნენ კარვებსა და
ხომალდებში.
ასე თქვა და მას არაფერი უთხრა ღრუბელთშემკრებმა ზევსმა, არამედ დიდხანს იჯდა მდუმარედ.
თეტისს კი კვლავ მოხვეული ჰქონდა ხელი მუხლზე და მეორეჯერაც მიმართა: „შეუმცდარი დაპირება
მომეცი, თავი დამიკარი ან უარი მითხარი, შენ ხომ არაფრის შიში არა გაქვს; მითხარი, კარგად რომ
გავიგო, რამდენად უღირსი ვარ ყველა ღმერთს შორის!“
ამ ორმა ბჭობა დაამთავრა და გაიყარა: ქალი ღრმა ზღვისკენ გაიჭრა ბრწყინვალე ოლიმპოსიდან,
ზევსმა კი საკუთარ სასახლეს მიაშურა. სავარძლებიდან ყველა ღმერთი წამოუდგა მამას, ვერც ერთმა
ვერ გაბედა დამჯდარი დახვედროდა, წამოიშალა ყველა. ასე მივიდა და დაბრძანდა თავის ტახტზე;
მაგრამ ჰერას არ გამოჰპარვია მისი და თეტისის, ზღვის მოხუცის ვერცხლისფეხება ასულის, თათბირი.
იმავწამს დამცინავად მიმართა ზევსს, კრონოსის ძეს: „რომელ ღმერთს ეთათბირებოდი, ცბიერო?
მუდამ გიყვარს ჩემგან უჩუმრად განსაჯო დაფარული ამბები, შენს განზრახვაზე ჩემთვის საკუთარი
ნებით სიტყვაც არ გითქვამს არასოდეს.“
მას საპასუხოდ უთხრა ადამიანთა და ღმერთთა მამამ: „ჰერა, იმედი ნუ გაქვს, რომ გეცოდინება ჩემი
ყველა სიტყვა; მძიმე იქნებოდა შენთვის, თუმცა მეუღლე ხარ; რისი ცოდნაც შეიძლება, ვერც
რომელიმე ღმერთს და ვერც რომელიმე ადამიანს ეცოდინება შენზე ადრე; მაგრამ თუ მსურს,
ღმერთების გარეშე ჩავიფიქრო რამე, არც მკითხო და არც სცადო, გაიგო.“
მის საპასუხოდ ბრძანა ხარისთვალა დედოფალმა ჰერამ: „კრონოსის უსაშინლესო შვილო, რა სიტყვას
მეუბნები? ადრე ხომ არც მიკითხავს და არც გამომიძიებია, ხომ მშვიდად წყვეტ, რასაც ისურვებ. ახლა
საშინლად მეშინია, არ დაგიყოლიოს ზღვის მოხუცის ქალიშვილმა, ვერცხლისფეხება თეტისმა.
უთენია ხომ დაგიჯდა და მუხლზე მოგხვია ხელი! ასე მგონია, თავი დაუკარი, რომ პატივს მიაგებ
აქილევსს და მრავალ ვაჟკაცს დაღუპავ აქაველთა ხომალდებთან.“
ასე თქვა და შეშინდა ხარისთვალა დედოფალი ჰერა; უსიტყვოდ დაჯდა გულით დამორჩილებული.
დამწუხრდნენ ზევსის სასახლეში ზეციური ღმერთები, მათ შორის პირველმა თავისი ხელოვნებით
სახელგანთქმულმა ჰეფესტოსმა[53] ამოიღო ხმა — საყვარელ დედას, თეთრხელება ჰერას ასიამოვნა:
„დამღუპველი საქმე იქნება და აუტანელი, თუკი თქვენ ორნი, მოკვდავთა გამო, წაეკიდებით
ერთმანეთს და ღმერთებში განხეთქილებას შემოიტანთ. ბრწყინვალე ნადიმში სიხარული არ იქნება,
თუკი უარესი ამბები გაიმარჯვებს. დედას კი ვურჩევ, თუმცა ისედაც ბრძენია იგი, საყვარელ მამას,
ზევსს ასიამოვნოს, რათა არ განრისხდეს მამა და არ ჩაგვიშალოს ქეიფი. თუ მოისურვებს
ელვისმტყორცნელი ოლიმპოსელი, ყველას ამოგვყრის სავარძლებიდან, ის ხომ ყველას აღემატება
ძალით! შენაც მიმართე მას ალერსიანი სიტყვით, უმალ მოწყალე შეიქნება ჩვენდამი ოლიმპოსელი.“
ასე თქვა, წამოდგა და ორმაგი თასი საყვარელ დედას მიართვა და უთხრა: „მოითმინე, დედაჩემო, და
აიტანე ეს წყენა, ძვირფასი ხარ ჩემთვის და არ მინდა, ჩემი თვალებით ვიხილო, რომ იტანჯები, რადგან
არ შემიძლია, დაგიცვა; ძნელია, დაუპირისპირდე ოლიმპოსელს. აქამდე ერთხელ უკვე ვცადე შენი
დაცვა, ფეხში ჩამავლო ხელი და ზეციური სამყოფლიდან მომისროლა, მთელი დღე მივფრინავდი და
როდესაც მზე ჩაესვენა, ლემნოსზე[54] დავეცი, სული ძლივსღა მქონდა შერჩენილი. იქ სინტიელმა
ხალხმა[55] უმალ მომიარა დაცემულს.“
ასე თქვა, გაიღიმა თეთრხელება ქალღმერთმა ჰერამ და გამოართვა შვილს ხელიდან თასი; შემდეგ სხვა
ღმერთებსაც, მარცხნიდან მარჯვნივ, ჩამოუსხა ტკბილი ნექტარი გასაზავებელი ჭურჭლიდან.
გაუთავებელი ხარხარი აუტყდათ ნეტარ ღმერთებს, როცა დაინახეს, როგორ აწრიალდა სასახლეში
ჰეფესტოსი.
ასე, მთელი დღე, მზის ჩასვლამდე, ქეიფობდნენ, სულს არაფერი აკლდა საერთო ნადიმზე, ბრწყინვალე
ფორმინქსს[56] აჟღერებდა აპოლონი და მუზები საამურ ხმას აყოლებდნენ.
მეორე სიმღერა
ღმერთებსა და ეტლის მფლობელ ვაჟკაცებს ეძინათ მთელი ღამე, ზევსს კი არ ჰქონდა ტკბილი ძილი,
გული იმაზე ზრუნვით ჰქონდა სავსე, თუ როგორ უნდა მიეგო პატივი აქილევსისთვის და მრავალი
დაეღუპა აქაველთა ხომალდებთან. და ეს გეგმა მოეჩვენა საუკეთესოდ: გაეგზავნა ატრევსის ძე
აგამემნონისთვის საბედისწერო სიზმარი; ამოიღო ხმა და ფრთოსანი სიტყვით მიმართა: „სწრაფად
წადი, საბედისწერო სიზმარო[57], აქაველთა ხომალდებთან, მიდი ატრევსის ძის, აგამემნონის კარავში
და ყველაფერი ზუსტად ისე უთხარი, როგორც მე გიბრძანებ. დაარწმუნე, აბჯარი აასხმევინოს
გრძელთმიან აქაველებს უსწრაფესად, რადგან ახლა შეუძლია აიღოს ტროელთა ფართოქუჩებიანი
ქალაქი: ოლიმპოსზე სასახლეთა მქონე უკვდავებს შორის დავა შეწყდა, რადგან ყველას შეევედრა და
დაითანხმა ჰერამ, ტროელებს დაღუპვა მოუმზადდათ.“
ასე ბრძანა და სიზმარი წავიდა, როგორც კი სიტყვა ისმინა. უმალ მიადგა აქაველთა სწრაფმავალ
ხომალდებს, მივიდა ატრევსის ძე აგამემნონთან; ნახა, რომ მას კარავში ეძინა და მასზე დაღვრილი იყო
უკვთავთაგან მოვლენილი ძილი. თავთან დაუდგა და მიემსგავსა ნესტორს[58], ნელევსის ძეს,
რომელსაც უფროსთაგან განსაკუთრებით სცემდა პატივს აგამემნონი: მისი სახე მიიღო და ბრძანა
ღვთის მიერ მოვლენილმა სიზმარმა: „გძინავს, მამაცი ცხენთამხედნელი ატრევსის ძეო. არ შეიძლება
მთელი ღამე ეძინოს საბჭოს წევრ კაცს, რომელსაც ხალხი აბარია და ამდენი საზრუნავი აქვს. ახლა კი
სწრაფად მისმინე: ზევსის მაცნე ვარ შენთან, რომელიც შორიდან ზრუნავს შენზე და გწყალობს.
გიბრძანებს, აბჯარი აასხმევინო გრძელთმიან აქაველებს უსწრაფესად, რადგან ახლა შეგიძლია აიღო
ტროელთა ფართოქუჩებიანი ქალაქი: ოლიმპოსზე სასახლეთა მქონე უკვდავებს შორის დავა შეწყდა,
რადგან ყველას შეევედრა და დაითანხმა ჰერამ, ტროელებს დაღუპვა მოუმზადდათ ზევსისაგან, შენ ეს
გულში შეინახე და არ დაივიწყო, დაიმახსოვრე, როდესაც სულის დამატკბობელი ძილი მიგატოვებს.“
ასე თქვა, წავიდა და იგი დატოვა გულში იმ ფიქრით, რომელსაც ასრულება არ ეწერა — მას ხომ ეგონა,
რომ იმავე დღეს აიღებდა პრიამოსის ქალაქს. უგუნურმა არც კი იცოდა, თუ რა ჩაიფიქრა ზევსმა,
რომელმაც კვლავ გადაწყვიტა, ტკივილი და კვნესა მოეტანა ტროელებისა და დანაელებისათვის და
დაუნდობელ ბრძოლებში ჩაერთო ისინი. შემდეგ გაიღვიძა, ღვთაებრივი ხმა კი ყურში კიდევ ჟღერდა.
საწოლიდან წამოდგა და დაჯდა, რბილი ქიტონი[59] ჩაიცვა, ლამაზი და ახალი, ზემოდან კი დიდი
მოსასხამი მოიხურა, მაგარი ფეხები შეიმოსა ლამაზი სანდლებით, მხრებზე კი გადაიკიდა ვერცხლით
მოჭედილი ხმალი, აიღო მამისეული მარად უხრწნელი კვერთხი და კვერთხით ხელში დაიძრა
სპილენძის სამოსში გამოწყობილ აქაველთა ხომალდებისკენ.
ქალღმერთი ეოსი ამოვიდა დიად ოლიმპოსზე, სინათლის დადგომა ამცნო ზევსსა და სხვა უკვდავებს;
აგამემნონმა კი უბრძანა ომახიან მაცნეებს, კრებაზე მოეხმოთ გრძელთმიანი აქაველებისთვის. ამცნეს
მაცნეებმა და უმალ შეიკრიბა ხალხი.
თავდაპირველად უხმო დიდგულოვან მოხუცთა საბჭოს, პილოსს შობილი მეფის, ნესტორის გემთან.
საბჭოზე მოხმობილთ კეთილგონიერი რჩევა მისცა: „მისმინეთ, მეგობრებო! ძილში ღვთისგან
მოვლენილი სიზმარი მეწვია ღვთაებრივ ღამით: ღვთაებრივ ნესტორს მიუგავდა იერი, სიმაღლე და
აღნაგობა; თავთან დამიდგა და ასეთი სიტყვა მითხრა: „გძინავს, მამაცი ცხენთამხედნელი ატრევსის
ძეო. არ შეიძლება მთელი ღამე ეძინოს საბჭოს წევრ კაცს, რომელსაც ხალხი აბარია და ამდენი
საზრუნავი აქვს. ახლა კი სწრაფად მისმინე: ზევსის მაცნე ვარ შენთან, რომელიც შორიდან ზრუნავს
შენზე და გწყალობს. გიბრძანებს, აბჯარი აასხმევინო გრძელთმიან აქაველებს უსწრაფესად, რადგან
ახლა შეგიძლია აიღო ტროელთა ფართოქუჩებიანი ქალაქი: ოლიმპოსზე სასახლეთა მქონე უკვდავებს
შორის დავა შეწყდა, რადგან ყველას შეევედრა და დაითანხმა ჰერამ, ტროელებს დაღუპვა
მოუმზადდათ ზევსისაგან, შენ ეს გულში შეინახე და არ დაივიწყო, დაიმახსოვრე, როდესაც სულის
დამატკბობელი ძილი მიგატოვებს,“ — ეს მითხრა და გაფრინდა, მე კი ტკბილი ძილიდან
გამოვფხიზლდი. მოდით, ვთქვათ, როგორ აისხან აბჯარი აქაველთა შვილებმა: ჯერ მე სიტყვებით
გამოვცდი, როგორც წესია და მრავალნიჩბიანი ხომალდებით გაქცევას ვუბრძანებ; თქვენ კი ყოველი
მხრიდან სიტყვებით მოაბრუნეთ.
ეს თქვა და დაჯდა, მათგან კი წამოდგა ნესტორი, რომელიც იყო ქვიშიანი პილოსის მეფე; კეთილი
განზრახვით ილაპარაკა და ეს ბრძანა: „მეგობრებო, არგიველთა მეთაურებო და მბრძანებლებო,
აქაველთაგან ვინმე სხვას რომ მოეთხრო სიზმარი, სიცრუედ ჩავთვლიდით და უმალ უარვყოფდით.
ახლა კი ნახა იმან, ვისაც თავი აქაველთაგან უმძლავრესად მიაჩნია. მოდით, ვთქვათ, როგორ აისხან
აბჯარი აქაველებმა.“
ეს თქვა და პირველი გამოვიდა საბჭოდან, სხვებიც წამოდგნენ, ერწმუნენ ხალხთა მწყემსს კვერთხის
მპყრობელი მეფეები, ხალხი კი შაშს თამაშობდა. როგორც ფუტკართა მჭიდრო გუნდი
გამოქვაბულიდან გამოდის ახალ-ახალი და მტევნისებურად დააცხრება გაზაფხულის ყვავილებს,
ზოგი აქ მოფრინდება გუნდად და ზოგიც — იქ, ასე ხომალდებიდან და კარვებიდან მთელ ვრცელ
სანაპიროზე გუნდ-გუნდად მოდიოდა კრებისკენ, მათ შორის ზევსის შიკრიკი, ღვთაებრივი
ხმა[60] დადიოდა, აღაგზნებდა და ისინიც თავს იყრიდნენ. ღელავდა კრება, აკვნესდა მიწა მსხდომარე
ხალხისგან, ხმაური დადგა; ცხრა მაცნე ყვიროდა, მათ აკავებდა და არწმუნებდა, ესმინათ ზევსის
აღზრდილი მეფეებისთვის. სწრაფად დასხდა ხალხი, დაწყნარდა თავის ადგილებზე და შეწყვიტა
ხმაური. წამოდგა მბრძანებელი აგამემნონი, ეჭირა კვერთხი, ჰეფესტოსის შრომის ნაყოფი. ჰეფესტოსმა
მისცა მეუფე ზევსს, კრონოსის ძეს, შემდეგ კი ზევსმა მისცა არგუსის მკვლელ მაცნეს, ხოლო მეუფე
ჰერმესმა[61] მისცა ცხენოსან პელოფსს[62], ხოლო პელოფსმა იგი მისცა ხალხთა მწყემს ატრევსს,
ატრევსმა, სიკვდილის წინ, დაუტოვა იგი ფარამრავალ თიესტეს[63], ხოლო თიესტემ აგამემნონს
დაუტოვა სატარებლად, მრავალი კუნძულისა და მთელი არგოსის საბრძანებლად. ამ კვერთხს
დაეყრდნო და არგიველებს სიტყვით მიმართა: „მეგობრებო, დანაელო გმირებო, არესის მსახურებო!
[64] დიდმა ზევსმა, კრონოსის ძემ, მძიმე უბედურება დამმართა; დაუნდობელია იგი, ჯერ დამპირდა
და ნიშანი მომცა, რომ ილიონს დავაქცევდი კეთილგალავნიანს, თუკი მოვბრუნდებოდი. ახლა კი ავი
მუხთლობა განიზრახა და მიბრძანებს, უსახელოდ წავიდე არგოსს, როცა უკვე ამდენი ხალხი დავღუპე.
უეჭველია, ასე სურს მძლავრ ზევსს, მან მრავალი ქალაქი დააქცია და კიდევ დააქცევს, იგი ხომ
უდიდესი ძალის მქონეა. სამარცხვინოა ეს მათთვის, ვინც შემდგომ მოვა, რომ სულ ამაოდ აქაველებმა,
ამდენმა ხალხმა, უსარგებლო ომით ვიომეთ და კიდევ ვებრძვით ჩვენზე ნაკლებ მტერს და ამ ომს
ბოლო არ უჩანს. რომ მოგვენდომებინა აქაველებს და ტროელებს სანდო ზავი დაგვედო და ერთმანეთი
დაგვეთვალა, ტროელებს კი შევკრებდით, რამდენიც კი ცხოვრობს იქ, ხოლო ჩვენ, აქაველები,
ათეულებად დავეწყობოდით, ხოლო ტროელთაგან თითო კაცს ავირჩევდით მერიქიფედ, მრავალი
ათეული დაგვრჩებოდა მერიქიფეთა გარეშე. ამდენად, როგორც გეუბნებით, აღვემატებით აქაველთა
შვილები ტროელებს, რომლებიც ქალაქში ცხოვრობენ, მაგრამ მოკავშირეებად მრავალი ქალაქიდან
შუბისმრხეველი კაცები ჰყავთ, ისინი კი ყველანაირად მაკავებენ და მიუხედავად ჩემი დაუოკებელი
მისწრაფებისა, ხელს მიშლიან ხალხმრავალი, გამაგრებული ილიონი დავაქციო. დიდი ზევსის ცხრა
წელიწადმა გაიარა, გემებზე ძელები დალპა და ბაგირები მოეშვა; ამასობაში ჩვენი ცოლები და პატარა
ბავშვები სახლებში სხედან და გველიან: ჩვენ კი თავი ვერ დავადგით იმ საქმეს, რისთვისაც აქ ვართ
მოსული. ახლა კი დამიჯერეთ ყველამ, რასაც გეუბნებით: გემებით გავიქცეთ სამშობლოს ძვირფასი
მიწისკენ! ფართოქუჩებიან ტროას ვეღარ ავიღებთ!“
ასე ბრძანა, მკერდში გული აუღელვა უმრავლესობას, რადგან მათ არ გაუგონიათ, რა ითქვა საბჭოს
სხდომაზე. დაიძრა კრება, როგორც დიდი ტალღები იკაროსის ზღვისა[65], როდესაც მამა ზევსის
ღრუბლებიდან დაუბერავენ ევროსი[66] და ნოტოსი[67]; ან როგორც ძეფიროსი[68] არხევს ღრმა ყანას,
როდესაც მძაფრად თავს დაეცემა და თავთავებს დაახრევინებს, ასე აღიძრა მთელი კრება: ყიჟინით
მისცვივდნენ ხომალდებს, ფეხებიდან ავარდა და სვეტად დადგა მტვერი; ერთმანეთს არწმუნებდნენ,
დაეპყროთ ხომალდები და ჩაეშვათ ღვთაებრივ ზღვაში; უკვე გაწმინდეს თხრილები[69], სახლში
მიმავალთა ყიჟინა ცას მისწვდა, როცა ხომალდებს საყრდენები გამოაცალეს.
ასე თქვა, ერწმუნა მას თვალსხივოსანი ქალღმერთი ათენა, გაეშურა ოლიმპოსის მწვერვალებიდან და
უმალ მიადგა აქაველთა სწრაფმავალ ხომალდებს. იქ იპოვა ოდისევსი, სიბრძნით ზევსის თანასწორი,
რომელიც იდგა. ხელით არ ეხებოდა კეთილგემბანიან შავ ხომალდს, გულსა და სულში დავანებული
ჰქონდა მწუხარება. ახლოს დაუდგა მას და უთხრა თვალსხივოსანმა ათენამ: „ლაერტეს ძეო, ზევსის
შობილო, გამომგონებელო ოდისევსო, ასე სახლში, სამშობლოს ძვირფასი მიწისკენ უნდა გაიქცნენ
მრავალნიჩბიანი ხომალდებით, პრიამოსისა და ტროელების საამებლად უნდა დავტოვოთ არგოსელი
ჰელენე, რომლისთვისაც მრავალი აქაველი დაიღუპა ტროაში საყვარელი სამშობლოდან ასე შორს?
ახლავე წადი აქაველ ხალხთან, ნუ აჩქარდებიან, შენი ალერსიანი სიტყვით დააკავე თითოეული კაცი,
არ ჩაუშვან ზღვაში ორივე ბოლოში მოხრილი ხომალდები.“
ასე თქვა და მან შეიცნო ქალღმერთის მჟღერი ხმა; გაიქცა, მოსასხამი დააგდო, რომელიც აიღო
ითაკელმა მაცნე ევრიბატესმა, რომელიც მას ახლდა. თავად კი პირდაპირ მივიდა ატრევსის ძე
აგამემნონთან, გამოართვა მამისეული მარად უხრწნელი კვერთხი და კვერთხით ხელში დაიძრა
სპილენძშემოსილ აქაველთა ხომალდებისკენ.
ასე თქვა, ხოლო კვერთხი ზურგსა და მხრებზე ჩასცა, ის ჩაიკეცა და ხშირი ცრემლი წასკდა;
სისხლისფერ ზოლად დააჩნდა ზურგზე ოქროს კვერთხის დარტყმის კვალი, დაჯდა, შეშინებულმა და
ტკივილისგან გასაცოდავებულმა ცრემლი მოიწმინდა. თუმცა შეწუხებული იყვნენ, მაინც გულიანად
გაეცინათ მასზე, ვიღაცამ გვერდით მყოფს გადაულაპარაკა: „მართლაც, უამრავი სიკეთე გაუკეთებია
ოდისევსს როგორც საბჭოში, ისე ბრძოლის ველზე აბჯარასხმულს, მაგრამ ახლა საუკეთესო გმირობა
ჩაიდინა არგიველთათვის, როცა ამ მლანძღავ-მაწყევარს ჩააკმედინა ენა. აწი ვაჟკაცური გულით ვეღარ
გაბედავს, მოიხსენიოს მეფეები სალანძღავი სიტყვებით.“ ასე ამბობდა ბევრი, ხოლო
ქალაქთმმუსვრელი ოდისევსი წამოდგა კვერთხით ხელში, მის გვერდით თვალსხივოსანმა ათენამ,
მაცნეს მიმსგავსებულმა, ხალხს გაჩუმება უბრძანა, რომ აქაველთა შვილებს პირველ რიგებშიც და
უკანასკნელებშიც გაეგონათ ნათქვამი და გულთან მიეტანათ რჩევა. მან კეთილგანწყობით მიმართა
შეკრებილთ და ბრძანა: „ატრევსის ძეო, ახლა, უფალო, აქაველებს სურვილი აქვთ მეტყველ მოკვდავთა
შორის ყველაზე უფრო უსინდისოდ გამოგაცხადონ, აღარ ფიქრობენ, შეასრულონ შენთვის მოცემული
პირობა, რომ აქ წამოვიდოდნენ ცხენებით მდიდარი არგოსიდან კეთილგალავნიანი ილიონის
დასაქცევად და შინ დასაბრუნებლად. ახლა ხომ პატარა ბავშვებივით და ქვრივი ქალებივით
ერთმანეთს შესტირიან და შინ დაბრუნება უნდათ, თუმცა კი მწარეა ასე გულგატეხილი კაცის
დაბრუნება. როდესაც ვინმე, თუნდაც ერთი თვეა, მოშორებულია ცოლს, იგი გაღიზიანებულია
მოლოდინით, რადგან მის მრავალნიჩბიან ხომალდს ზამთრის ქარიშხალი და ადიდებული ზღვა
აკავებს; ჩვენთვის კი მეცხრე წელიწადი ასრულებს თავის წრებრუნვას და აქ ვდგავართ! ვერ
გავუწყრები აქაველებს, რომ მოხრილკიჩოიან ხომალდებთან ბრაზობენ, მაგრამ მაინც სამარცხვინოა, აქ
ამდენი ხნის დაყოვნების შემდეგ, შინ ხელცარიელი დაბრუნებაც. მოითმინეთ, მეგობრებო, კიდევ
ცოტა, რათა გავიგოთ, კალქასმა სწორად გვიწინასწარმეტყველა თუ არა. ჩვენ ეს კარგად ვიცით,
ყველანი მოწმეები ხართ, რომლებიც სიკვდილის ქალღმერთ კერებს ჯერ არ წაუყვანიხართ. თითქოს,
გუშინ ან გუშინწინ იყო, აქვაველთა ხომალდებმა ავლისში[71] მოიყარა თავი, რომ უბედურება
მოეტანათ პრიამოსისა და ტროისათვის. წყაროს ირგვლივ, წმინდა საკურთხეველზე, უკვდავებს
სრულყოფილ ჰეკატომბეს ვწირავდით ლამაზი ჭადრის ჩრდილში, იქ მოედინებოდა ელვარე წყალი. იქ
გამოჩნდა დიდი ნიშანი: სისხლისფერზურგიანი, საზარელი გველეშაპი, რომელიც თავად
ოლიმპოსელმა გამოუშვა დღის სინათლეზე, გამოძვრა საკურთხევლიდან და გაიჭრა ჭადრისაკენ. იქ
ბეღურის ბარტყები, სულ პატარები, ყველაზე მაღალ შტოზე ფოთლებში იყვნენ შეყუჟულნი, რიცხვით
რვა და მათი მშობელი დედა იყო მეცხრე; საცოდავად წიოდნენ; ყველა ჩაყლაპა; ფრენით ირგვლივ
უვლიდა დედა და საყვარელ შვილებს დასტიროდა, დაიკლაკნა და მკვნესარე დედას ფრთაში
დასწვდა. როდესაც ბარტყებთან ერთად თავად ბეღურაც შესანსლა, ცხადი გახადა ღმერთმა,
რისთვისაც გამოაჩინა: ქვად აქცია იგი გონებამახვილი კრონოსის შვილმა. ჩვენ ვიდექით და
გაოგნებული ვუყურებდით, რაც ხდებოდა. ასეთი საშინელი სასწაული გვეწვია ღმერთების
ჰეკატომბეზე, კალქასმა კი მაშინვე იწინასწარმეტყველა და ბრძანა: „რამ დაგამუნჯათ, გრძელთმიანო
აქაველებო? ეს დიდი საოცრება გვაჩვენა ბრძენმა ზევსმა. ხანგრძლივია და გვიან ასრულდება, მაგრამ
რაც ასრულდება, მისი დიდება არასოდეს წაიშლება. როგორც გველეშაპმა ჩაყლაპა ბეღურის რვა
ბარტყი და მეცხრე დედა იყო, მათი მშობელი, ასევე ჩვენაც: ამდენივე წელი ვიბრძოლებთ და მეათე
წელს ავიღებთ ფართოქუჩებიან ქალაქს. ეს ილაპარაკა მაშინ და ახლა ყველაფერი სრულდება. მაშ,
დარჩით ყველანი, ლამაზსაბარკულიანო აქაველებო, სანამ არ ავიღებთ პრიამოსის დიდ ქალაქს.“
ასე თქვა, არგიველებმა დიდი ყიჟინა დასცეს, ხომალდები ირგვლივ კი აგუგუნდა აქაველთა
საპასუხოდ: აქებდნენ ღვთაებრივი ოდისევსის ნათქვამს.
მას საპასუხოდ მიუგო მეუფე აგამემნონმა: „მოხუცო, საბჭოზე აქაველთა შვილებს ყველას ამარცხებ.
ზევსო მამაო, ათენა და აპოლონ, აქაველთაგან ასეთი ათი მრჩეველი რომ მყოლოდა, უმალ დაეცემოდა
უფალი პრიამოსის ქალაქი, ჩვენების ხელით აღებული და გაცამტვერებული, მაგრამ ეგიდისმპყრობელ
ზევსს, კრონოსის ძეს, ჩემთვის მხოლოდ ტკივილი მოაქვს, უაზრო ბრძოლასა და კამათში მხვევს.
აქილევსსაც შევეტაკე ქალიშვილის გულისთვის მტრული სიტყვებით და მე პირველს მომერია ბრაზი.
თუკი ოდესმე გავერთიანდით, მაშინ ტროას დაღუპვა არ ასცდება ერთი წამითაც. ახლა კი წადით,
ისადილეთ, რათა შევუერთდეთ არესს[74]. ყველამ კარგად წამახოს შუბი და ფარი კარგად გაამზადოს,
ფეხმარდ ცხენებს ბლომად მისცეს საკვები[75], ეტლი კარგად შეამოწმოს ყოველი მხრიდან და
ბრძოლისთვის მოემზადოს, რადგან მთელი დღე საშინელ არესს უნდა მივუძღვნათ. სულ მცირე
შესვენებაც კი არ იქნება, სანამ ღამე არ დადგება და არ გაყრის განრისხებულ ხალხს. ოფლით
გაიჟღინთება კაცის ყოველმხრივ მცველი ფარის ღვედი მკერდზე, ხელი დაიღლება შუბზე, ოფლში
გაიწურება გაპრიალებული ეტლის მზიდველი ცხენი. თუკი ვინმეს წავაწყდები, ვისაც სურს, ბრძოლას
დაემალოს და მოხრილკიჩოიან ხომალდებთან დარჩეს, ვერ გაექცევა იგი ძაღლებსა და ფრინველებს.“
ასე თქვა და არგიველებმა ყიჟინა დასცეს ისეთი ხმით, როგორსაც ზღვა გამოსცემს, როდესაც ნოტოსი
აღძრავს და მაღალ ნაპირთან კბოდეს შეახეთქებს, რომელსაც ტალღას არასდროს აშორებს ყოველი
მხრიდან ამოვარდნილი ქარი. წამოიშალნენ და გაეშურნენ თავიანთი ხომალდებისკენ, კვამლი ავარდა
კარვებიდან, სადილს შეუდგნენ. ყოველი მათგანი მსხვერპლს სწირავდა მარადმყოფი ღმერთებისგან
ერთ-ერთს[76] და ევედრებოდა, გადაერჩინა არესის ხელით სიკვდილისაგან. კაცთა ბელადმა
აგამემნონმა ხუთი წლის მსუქანი ხარი დაუკლა კრონოსის მძლავრ ძეს, უხმო აქაველთაგან
საუკეთესოებს, უპირველესად ნესტორსა და მეუფე იდომენევსს, ასევე ორ აიასსა და ტიდევსის ძეს,
მეექვსე კი იყო ოდისევსი, სიბრძნით ზევსის თანასწორი. თავისით მოვიდა საბრძოლო ყიჟინის
დიდოსატი მენელაოსი, გულით იცოდა, მის ძმას რაც აწუხებდა. ხარს გარს შემოერტყნენ და ქერის
მარცვლები აიღეს და ლოცვით ეს უთხრა მბრძანებელმა აგამემნონმა: „ზევს, უსახელოვნესო,
უდიდესო, შავი ღრუბლებით მოცულო, ეთერის მცხოვრებო, არ ჩაიყვანო მზე და არ დააყენო
წყვდიადი მანამ, სანამ არ დაემხობა პრიამოსის ჭვარტლით გამურული სასახლე, სანამ ცეცხლში არ
დაიწვება ჩამოქცეული კარიბჭე, სანამ ჰექტორის ქიტონს არ გაგლეჯს და არ დაფლეთს სპილენძი;
სანამ მის ირგვლივ მრავალი მისი მეგობარი პირჩაღმა მტვერში არ ამოიგანგლება და კბილებს არ
ჩაავლებს მიწას!“
ასე თქვა, მაგრამ სრულიად არ შეუსრულა კრონოსის ძემ, მსხვერპლი კი მიიღო, მაგრამ სატანჯველი
კიდევ უფრო გაუზარდა. მას შემდეგ, რაც ილოცეს, ქერის მარცვლები დააყარეს, მსხვერპლს თავი
გადაუწიეს, ყელი გამოღადრეს და გაატყავეს, ბარკლები მოაჭრეს, ორ წყება ქონში შეახვიეს და
ზემოდან უმი ხორცი დააწყვეს. ყველაფერი შეშაზე შეწვეს, შეშად კი ფოთოლგაცლილი რტოები
იხმარეს, შამფურებზე წამოცმული შიგნეულობა კი პირდაპირ ჰეფესტოსის ალზე შებრაწეს. როდესაც
ბარკლები შეიწვა და შიგნეულობა გასინჯეს, დარჩენილი ხორცის ნაჭრები შამფურებზე წამოაცვეს,
ოსტატურად შეწვეს და შამფურებიდან ჩამოყარეს. როგორც კი მორჩნენ საქმეს და მოამზადეს სადილი,
დასხდნენ სანადიმოდ და ამ საერთო ნადიმზე არავის დასწყვეტია გული. როგორც კი სმითა და ჭამით
გული იჯერეს, სიტყვა წარმოთქვა გერენონელმა მხედარმა ნესტორმა: „ატრევსის სახელოვანო ძეო,
ხალხთა ბელადო აგამემნონ! უქმად ნუ დავრჩებით აქ შეგროვილნი და მეტად ნუღარ გადავდებთ იმ
საქმეს, რომელიც ღმერთმა დაგვაკისრა. ბრძანე, რომ მაცნეებმა სპილენძშემოსილ აქაველ ვაჟკაცებს
ხომალდებთან შეკრებისკენ მოუხმონ, ჩვენ კი, ყველამ ერთად, აქაველთა ვრცელი ლაშქრობა
დავიაროთ და უსწრაფესად აღვძრათ მძაფრი ომი.“
ასე თქვა და არ უარყო ხალხთა ბელადმა აგამემნონმა. უმალ უბრძანა ომახიან მაცნეებს, ომში მოეხმოთ
გრძელთმიანი აქაველები. ამცნეს მაცნეებმა და უმალ შეიკრიბა ხალხი. და ატრევსის ძის ირგვლივ
ზევსის აღზრდილი მეფეები დაიძრნენ ლაშქრის გასაწყობად და მათ შორის იყო თვალსხივოსანი
ათენა ძვირფასი, უხრწნელი და უკვდავი ეგიდისმპყრობელი; ირხეოდა ეგიდის ასი ოქროს საკიდი,
კარგად დაწნული, თითოეული მთელი ჰეკატომბეს ფასი. მასთან ერთად ხან იქ, ხან აქ გამოჩნდა და
შემოირბინა აქაველი ვაჟკაცები, ყველას ბრძოლისკენ მოუწოდებდა, თითოეულს გულში ჩაუდო ძალა
და დაუოკებელი სიმამაცე ომისა და ბრძოლისათვის. და მათთვის იმავწამს ომი უფრო ტკბილი გახდა,
ვიდრე ღრმამუცლიანი ხომალდებით სამშობლოს ძვირფასი მიწისკენ გამგზავრება.
როგორც დამღუპველი ცეცხლი წვავს უზარმაზარ ტყეს მთის მწვერვალზე და შორიდან ჩანს მისი
ნათება, ასევე ლაშქრის მოძრაობისას მბრწყინავი სპილენძის ანარეკლი ზეცას სწვდებოდა. როგორც
გადამფრენი ფრინველების მრავალი ტომი — გარეული ბატების, წეროებისა და გრძელყელიანი
გედებისა აზიის ველზე, კაისტროსის წყლებთან აქეთ-იქით დაფრინავს და თავს იწონებს ფრთებით,
ხმაურით ჯდება და გუგუნებს ველზე, ასე მრავალი ტომი ხომალდებიდან და კარვებიდან
სკამანდროსის[77] ველზე გაეშურა და მიწამ მათი და მათი ცხენების ნაბიჯების საშინელი ხმა გამოსცა.
დადგნენ სკამანდროსის აყვავებულ ველზე ათასობით, როგორც ფოთლები და ყვავილები იცის
გაზაფხულზე.
როგორც უთვალავი ბუზისაგან შემდგარი მჭიდრო გუნდი, რომელიც ჯოგის ბაგასთან დაფრინავს
გაზაფხულზე, როცა საზაფხულო რძე იღვრება დოქებში, სწორედ ასევე აურაცხელი გრძელთმიანი
აქაველი იდგა მინდორში ტროელთა წინააღმდეგ, მათი გაცამტვერების სურვილით აღძრული.
როგორც მწყემსები თხის ჯოგში იოლად არჩევენ თავისას და სხვისას, რომელიც შემოერევათ ხოლმე,
ასევე მეთაურები ხან იქ, ხან აქ აწესრიგენდნენ საბრძოლო რიგებს, მათ შორის იყო უფალი აგამემნონი,
თვალებით და თავით ზევსს, ელვისმტყორცნელს, მიმსგავსებული, აღნაგობით — არესსა და მკერდით
— პოსეიდონს. როგორც ხარი დგას ჯოგში, ყველასგან გამორჩეული, ხარი, რომელიც კრებულიდან
გამოიყოფოდა, ასეთად აქცია იმ დღეს ზევსმა ატრევსის ძე, გამოარჩია მრავალთაგან და აამაღლა სხვა
გმირებზე.
ახლა გვამცნეთ, მუზებო, რომელთაც ოლიმპოსზე გაქვთ სასახლეები, თქვენ ხართ ქალღმერთები,
რომლებიც ყველგან ხართ და რომლებმაც ყველაფერი იცით, — ჩვენ მხოლოდ მითქმა-მოთქმა გვესმის,
ჩვენ არაფერი ვიცით, — გვამცნეთ, თუ ვინ არიან დანაელთა მეთაურები და მეფეები, მთელ სიმრავლეს
მე ვერც ვიტყოდი და ვერც დავასახელებდი, თუნდაც ათი ენა მქონოდა და ათი პირი, რომ მქონოდა
დაუცხრომელი ხმა და სპილენძის მკერდი, ოლიმპოსელ მუზებს, ეგიდისმპყრობელი ზევსის ასულებს
რომ არ შეეხსენებინათ, ილიონში ვინც ჩამოვიდა. ხომალდების მეთაურებს და ყველა ხომალდს
ჩამოვთვლი.
მათზე, ვინც ცხოვრობს ასპლედონსა და მინიეს ორქომენოსში, ბატონობენ არესის ვაჟები ასკალაფოსი
და იალმენოსი, რომლებიც შობა აძევსის ძე აქტორის სასახლეში ასტიოქემ, მოკრძალებულმა
ქალიშვილმა, ზემო სართულზე ასულმა, მძლავრი არესისგან, იგი ხომ მას საიდუმლოდ დაუწვა. მათ
მოჰყვა ოცდაათი ღრმამუცლიანი ხომალდი.
ლოკრისელებს ხელმძღვანელობდა ოილევსის ძე, სწრაფი აიას მცირე, არა იმოდენა, რამოდენაც აიას
ტელამონის ძე იყო, არამედ გაცილებით ნაკლები: ტანად პატარა იყო და სელის აბჯარი ჰქონდა
ასხმული, მაგრამ შუბის ფლობაში აღემატებოდა ელადის მკვიდრებსა და აქაველებს; იგი
მბრძანებლობდა მათზე, ვინც ცხოვრობდა კინოსში, ოპუსსა და კალიაროსში, ბესასა და სკარფეში,
საყვარელ ავგეიაში, ტარფეში, თრონიონში, მდინარე ბოაგრიოსის ირგვლივ; მას ჩამოჰყვა ორმოცი შავი
ხომალდი ლოკრისელებისა, რომლებიც ცხოვრობენ წმინდა ევბეას მოპირდაპირედ.
საბრძოლო სულით აღვსილი აბანტები, რომლებიც ფლობდნენ ევბეასა და ქალკისს, ეირეტრიას,
ყურძენმრავალ ისტიაიას, ზღვისპირა კერინთოსს, დიოსის მაღალ ციხესიმაგრეს, რომელთაც ეკავათ
კარისტოსი და სტირაში სახლობდნენ, მათ ხელმძღვანელობდა ელეფენორი, არესის შთამომავალი,
ქალკოდონის ძე; იგი იყო დიდგულოვანი აბანტების მმართველი. მას მოჰყვნენ სწრაფი აბანტები,
რომელიც მხოლოდ კეფაზე იზრდიდნენ თმას, შუბის მტყორცნელები, იფნის შუბებით მტრის
მკერდზე აბჯრის შელეწვის მძაფრი მსურველები; მათთან ერთად ჩამოვიდა ორმოცი შავი ხომალდი.
აიასმა სალამინიდან ჩამოიყვანა თორმეტი ხომალდი და იქ დააყენა, სადაც ათენელთა საბრძოლო ხაზი
იდგა.
და მათ, ვინც სახლობდა მიკენეში, კეთილად ნაგებ ციხესიმაგრეში, მდიდარ კორინთოსში, კეთილად
ნაგებ კლეონეში; ვინც ცხოვრობდა ორნეიეში, საყვარელ არეთირეესა და სიკიონში, სადაც ოდესღაც
ადრასტოსს უმეფია; და ვინც სახლობს ჰიპერესიაში, მაღალ გონოესასა და პელენეში, აიგიოსში და
მთელი აიგიალოსისა და ვრცელი ჰელიკეს ირგვლივ, — ამათზე ასი ხომალდით ბრძანებლობდა
ატრევსის ძე, მეუფე აგამემნონი: მასთან ერთად ჩამოვიდა მრავალი სახელგანთქმული და საუკეთესო
ვაჟკაცი. და იგი ელვარე სპილენძის აბჯარასხმული, ამაყობდა, რომ ყველა გმირს შორის გამოირჩეოდა,
რომ თავადაც საუკეთესო იყო და რომ ყველაზე მეტ ვაჟკაცსაც მოუძღოდა.
მათ, ვინც სახლობდა არკადიაში, კილენეს მაღალი მთის ქვეშ, აიპიტოსის საფლავთან, ხელჩართული
ბრძოლის ვაჟკაცებს, რომლებიც ფენეოსში და ფარებით მდიდარ ორქომენოსში, რიპეში, სტრატიეში და
ქარიან ენისპეში, ტეგეასა და საყვარელ მანტინეაში, სტიმფელოსსა და პარასიაში სახლობენ; — მათ
მეთაურობდა ანკაიოსის ძე, მეუფე აგაპენორი სამოცი ხომალდით და თითოეულმა ხომალდმა ომის
მცოდნე მრავალი არკადიელი ვაჟკაცი ჩამოიყვანა. მათ თავად ხალხთა ბელადმა აგამემნონმა, ატრევსის
ძემ, მისცა კეთილგემბანიანი ხომალდები, რომ გადაეკვეთათ ღვინისფერი ზღვა, რადგან არ
ზრუნავდნენ საზღვაო საქმეებზე.
მათ, ვინც სახლობდა ბუპრასიონსა და ღვთაებრივ ელისში, იმ მიწაზე მცხოვრებთ, რასაც მოიცავს
ჰირმინე და ზღვისპირა მირსინოსი ოლენის კლდემდე და ალესიონამდე, აი, მათ ოთხი მმართველი
ჰყავდათ და თითოეულს მოჰყვებოდა ათი სწრაფმავალი ხომალდი უამრავი ეპეიელით. მათ ნაწილს
მოუძღოდათ ამფიმაქოსი და თალპიოსი, ერთი კრეატოსისა და მეორე ევრიტოსის ძე, აქტორის
მოდგმა; სხვებს ხელმძღვანელობდა ამარინკევსის ძე, მძლავრი დიორესი და მეოთხეებს — ღვთისდარი
პოლიქსეინოსი, ავგეიასის ძის, აგასთენევსის ძე.
მათ კი, ვინც იყვნენ დულიქიონიდან და ექინეს წმინდა კუნძულებიდან, რომლებიც ელისის
მოპირდაპირე მხარეს არიან განლაგებული ზღვაში, მათ მოუძღოდათ არესის თანასწორი მეგესი,
ზევსის საყვარელი მხედრის, ფილევსის ვაჟი, რომელიც ოდესღაც დულიქიონზე გადასახლდა, მამაზე
განრისხებული. და მასთან ერთად ჩამოვიდა ორმოცი შავი ხომალდი.
ნირევსმა სიმედან ჩამოიყვანა სამი კოხტა ხომალდი; ნირევსი იყო აგლაიასა და მეუფე ქაროპოსის ძე;
ნირევსი იყო ყველაზე ლამაზი კაცი, ვინც კი დანაელთაგან ტროაში ჩავიდა, პელევსის უნაკლო ძის
შემდეგ, მაგრამ სუსტი იყო და ხალხიც ცოტა ჰყავდა.
მათ, ვისაც ნისიროსი, კრაპათოსი, კასოსი და ევრიპილოსის ქალაქი კოსი და კალიდნის კუნძულები
ეკავათ, წინ მოუძღოდათ ფეიდიპოსი და ანტიფოსი, ჰერაკლეს ძის, მეუფე თესალოსის ორი ვაჟი; მათ
მწყობრად მოჰყვებოდა ოცდაათი ღრმამუცლიანი ხომალდი.
ახლა ყველას, ვინც კი ცხოვრობდა პელასგურ არგოსში, ვინც ალოსში, ალოპეში და ტრაქისში
ცხოვრობდნენ, რომელთაც უკავიათ ფთია და ლამაზქალებიანი ჰელასი, რომელთაც ჰქვიათ
მირმიდონები, ჰელენები და აქაველები, მათ და მათს ორმოცდაათ ხომალდს მეთაურობდა აქილევსი;
მაგრამ მათ აღარ ადარდებდათ ომის ყიჟინა, რადგან არ იყო ის, ვინც მათ მწყობრს წინ გაუძღვებოდა,
რადგან ხომალდებთან იწვა ფეხმარდი ღვთაებრივი აქილევსი, განრისხებული ლამაზთმიანი
ბრისეისის გამო, რომელიც ლირნესოსიდან წამოიყვანა, როდესაც დიდი ბრძოლით ლირნესოსი და
თებეს გალავანი გააცამტვერა, დასცა მინესი და შუბით მოასპარეზე ეპისტროფოსი, — სელეპიოსის ძის,
მეუფე ევენოსის ვაჟები; იგი იწვა გულგატეხილი, მაგრამ მალე კვლავ წამოდგომა ეწერა.
მათ, ვისაც ეკავა ფილაკე და ყვავილოვანი პირასოსი — დემეტრეს სამფლობელო და იტონი, ცხვრების
დედა, ზღვისპირა ანტრონა და მწვანეში ჩაფლული პტელეოსი, მათ მეთაურობდა მეომარი
პროტესიალაოსი, სანამ ცოცხალი იყო, მაგრამ იგი მალე მიიღო შავმა მიწამ. ფილაკეში დატოვა
ღაწვებდახოკილი მეუღლე და დაუმთავრებელი სახლი: დარდანელმა კაცმა მოკლა, როდესაც
აქაველთაგან სულ პირველი გადახტა გემიდან. ხელმძღვანელის გარეშე არ დარჩენილან, თუმცა ძველ
წინამძღოლს დასტიროდნენ; მათ წინამძღოლობდა არესის შთამომავალი პოდარკესი, ფილაკოსის ძის,
იფიკლოსის ვაჟი, დიდსულოვანი პროტესილაოსის ღვიძლი ძმა; უმცროსი ძმა იყო. გმირი მეომარი
პროტესილაოსი უფროსიც იყო და უკეთესიც; ასე რომ, ხალხს პატრონი არ აკლდა, მაგრამ ყოფილს
მაინც მისტიროდა; ისინი ჩამოვიდნენ ორმოცი შავი ხომალდით.
მათ, ვისაც ეპყრა ორმენიოსი და ჰიპერეიის წყარო, ევრიპილოსი, ევაიმონის სახელგანთქმული ძე. მას
ჩამოჰყვა ორმოცი შავი ხომალდი.
მათ, ვინც ცხოვრობდა არგისასა და გირტონეში, ორთეში, ელონეში, ოლოოსონის თეთრ ქალაქში, მათ
მოუძღოდა ბრძოლაში უკანდაუხეველი პოლიპოიეტესი, ძე პეირითოოსისა, რომელიც უკვდავმა
ზევსმა შვა; იგი პეირითოოსს უშვა სახელგანთქმულმა ჰიპოდამეიამ სწორედ იმ დღეს, როდესაც
გმირმა დაამარცხა გრძელთმიანი კენტავრები, მან ისინი პელიონიდან გაყარა აითიკებთან; მარტო არ
იყო, მასთან ერთად იყო ლეონტევსი, არესის შთამომავალი, კაინოსის ძის, გულოვანი კორონოსის ვაჟი.
მათ ორმოცი შავი ხომალდი ჩამოჰყვა.
საუკეთესო ცხენები ჰყავდა ფერესის ძეს, რომლებიც ევმელოსმა ჩამოიყვანა; ისინი იყვნენ ჩიტივით
სწრაფები, ერთი ფერისანი, ერთი ხნისანი და ზუსტად ერთი სიმაღლისანი; ისინი პერეიაზე აღზარდა
ვერცხლისმშვილდიანმა აპოლონმა, ორივე ჭაკი იყო და არესის ძრწოლა მოჰქონდათ. ვაჟკაცთაგან
საუკეთესო იყო აიას ტელამონის ძე, სანამ აქილევსი მრისხანებდა; რადგან იგი ბევრად უფრო ძლიერი
იყო და ცხენებიც უკეთესი ჰყავდა პელევსის ბრწყინვალე ძეს; მაგრამ იგი მოხრილკიჩოიან საზღვაო
ხომალდებთან იწვა განრისხებული ხალხთა მწყემს აგამემნონზე, ატრევსის ძეზე, მისი ხალხი კი
ზღვის კლდოვან ნაპირთან ბადროს ტყორცნით, შუბის სროლითა და მშვილდოსნობით ერთობოდა,
მათი ცხენები კი საკუთარ ეტლებთან იდგნენ, ლოტოსს ძოვდნენ და ჭაობში გაზრდილ ნიახურს
ცოხნიდნენ; კარგად გაწყობილი ეტლები მეუფეთა კარვებში იდგა, ხოლო ისინი არესის საყვარელ
წინამძღოლს მოისაკლისებდნენ და აქეთ-იქით დადიოდნენ მინდორზე და აღარ იბრძოდნენ.
ასე დაიძრნენ ისინი და თითქოს მთელი მიწა შთანთქა ცეცხლმა; მიწამ ყრუდ ამოიოხრა, როგორც
მაშინ, როდესაც ელვისმტყორცნელი ზევსი ტიფონის[79] ირგვლივ მიწას მეხს ატეხდა არიმეში, სადაც,
როგორც ამბობენ, ტიფონის სამყოფელი იყო. ასევე აქაველთა ფეხებქვეშ ამოიოხრა მიწამ, როდესაც
ისინი დაიძრნენ და ძალიან სწრაფად გაიარეს მინდორი.
ასე თქვა, ჰექტორი კი ჩასწვდა ქალღმერთის სიტყვას, კრება სწრაფად დაშალა და ყველამ იარაღს
მიაშურა. ყველა კარიბჭე გაიღო და გამოვიდა ხალხი — ქვეითი და მხედრობა — და უზარმაზარი
ხმაური დადგა.
არის ქალაქის წინ მაღალი ბორცვი, ველზეა აღმართული, ყოველი მხრიდან შეგიძლია შემოუარო, მას
ხალხი ბატეიას უწოდებს, უკვდავნი კი მსუბუქნაბიჯიანი მირინეს ყორღანად მიიჩნევენ, სწორედ იქ
გაიყვნენ ტროელები და მოკავშირენი.
დარდანელებს მართავდა ანქისესის მამაცი ძე ენეასი, რომელიც ანქისესს უშვა აფროდიტემ, როდესაც
იდის ფერდობზე ქალღმერთი მოკვდავს დანებდა; მარტო არ იყო, მასთან ერთად იყო ანტენორის ორი
ვაჟი, არქელოქოსი და აკამასი, ყველანაირი ბრძოლის უბადლო მცოდნენი.
მათ, ვინც ზელეიაში ცხოვრობდნენ, იდის ძირას, მდიდარი ტროელები, რომლებიც აისეპოსის შავ
წყალს სვამდნენ, მათ სათავეში ედგათ ლიკაონის სახელოვანი ვაჟი პანდაროსი, რომელსაც თავად
აპოლონმა მისცა მშვილდი.
ხოლო ვისაც ადრასტეია ეკავა და აპესოსის მხარე, პიტიეია ჰქონდა და ტერეიის მაღალი მთა, მათ
მართავდნენ სელისაბჯრიანი ადრასტოსი და ამფიოსი, მეროფს პერკოტელის ორი ვაჟი, რომელიც
ყველას აღემატებოდა მისნობაში და ნებას არ რთავდა შვილებს, ხალხთამმუსვრელ ომში
ჩართულიყვნენ; მათ კი არ დაუჯერეს, რადგან შავი სიკვდილის ბედი ეწერათ.
ხოლო ვინც პერკოტეში და პრაქტიონის ირგვლივ ცხოვრობდნენ, ვისაც ეპყრა სესტოსი და აბიდოსი და
ღმერთს შეწირული არისბე, მათ მოუძღოდათ ჰირტაკოსის ძე ასიოსი, კაცთა ბელადი, ამ ასიოს
ჰირტაკოსის ძემ ჩამოიყვანა ცეცხლისფერი და მაღალი ცხენები სელეისის მდინარის ნაპირებიდან.
შუბოსან კიკონებს მოუძღოდა ევფემოსი, ზევსის აღზრდილი კეასის ძის, ტროიძენოსის ვაჟი.
მეონიელებს მოუძღოდნენ მესთლესი და ანტიფოსი, ტელაიმენესის ორი ძე, რომლებიც ტბის ნიმფა
გიგეამ შვა და ისინი მოუძღოდნენ ტმოლოსის ძირას შობილ მეონიელებს.
© “არილი”
[8]ლეტოსა და ზევსის ძე — ღმერთი აპოლონი, არტემისის ძმა, ლინოსისა და ასკლეპიოსის მამა.
სინათლის, ხელოვნებისა და მისნობის ღმერთი. განაგებდა ეპიდემიებსა და მკურნალობასაც.
[16]სმინთევსი — აპოლონის ერთ-ერთი წმინდა სახელი, „თაგვი“, რომელიც მიუთითებს მის უძველეს
კულტზე, როდესაც მას, როგორც ეპიდემიის ბატონ-პატრონ თაგვს ან ვირთხას სცემდნენ პატივს.
[38] ეგევსი — ათენის მეფე, „თხა-კაცი“, თესევსის მამა; მისი სახელი ეწოდა ეგევსის (ეგეოსის) ზღვას.
[39] თესევსი — ათენის ფუძემდებელი მეფე, ეთრას ძე ერთდროულად ორი მამისგან: ეგევსისა და
პოსეიდონისგან.
[45] თებე — კილიკიელთა ქალაქი მისიაში, იდის მთის აღმოსავლეთი განშტოების, პლაკოსის მთის
ძირას; იქ მეფობდა ეეტიონი, ანდრომაქეს, ჰექტორის მეუღლის, მამა.
[47]ასხელები — სამი ძმა: კოტოსი, ბრიარევსი (იგივე აიგაიონი) და გიგესი; გოლიათები, რომლებიც
შვა დედამიწამ და რომლებიც ზევსის მხარეს იბრძოდნენ ტიტანებთან ომში.
[53]ჰეფესტოსი — მჭედლობის ღმერთი, დიდოსტატი, ზევსისა და ჰერას ძე, ორივე ფეხით კოჭლობდა.
[58] მიემსგავსა ნესტორს — სიზმარმა მიიღო ნესტორის, ნელევსის ძის, სახე, რადგან ღმერთები
არასოდეს ევლინებიან ადამიანებს თავისი ნამდვილი სახით.
[62] პელოფსი — გმირი, მეფე ტანტალოსის ძე, ნიობეს ძმა, ზევსის შვილიშვილი, პელოპონესის
ეპონიმი.
[64] არესის მსახურები — მეომრები ანუ ადამიანები, რომელთაც თავი ომის ღმერთ არესს მიუძღვნეს.
[65] იკაროსის ზღვა — ხმელთაშუა ზღვის ნაწილი კიკლადების კუნძულებსა და მცირე აზიას შორის;
ადგილი, რომელშიც ჩავარდა იკაროსი, დიდი ოსტატისა და გამომგონებლის, დედალოსის ძე.
[78] სტიქსი — მიწისქვეშეთის მდინარე; მის წყალს იფიცებენ ღმერთები, ამიტომ უწოდებს მას
ჰომეროსი „საშინელი ფიცის მოწმეს“.