You are on page 1of 54

ლექსები

გაგა ნახუცრიშვილი

(1990 - 1996)
ლორდო! მოდით

(ბაირონს)

ლორდო! მოდით, გავათენოთ ღამე.


შეშლილივით მოვარდება ლექსი.
მოვუსმინოთ ზმანებათა დრამებს,
ტყვიის ნაგლეჯს ორეულებს ვესვრით.

აღელვებით შეგვიწყნაროს ღმერთმა,


გადავრიოთ, ავატიროთ ქალი
და ადამის მომავალის შევსვათ,
მოკვდავების თლილი თავისქალით.

ანგელოზი ამ სტრიქონებს მირწევს


და რითმა ჰგავს ვარსკვლავების აკორდს.
მეც კოჭლობით მივუყვები სივრცეს,
ხეტიალით ვგავარ ჩაილდ ჰაროლდს.

ზღვის ხმაური ძახილია თქვენი,


აქვითინდა უკვე ბოლო ტალღა,
მეც თქვენსავით ყელსაბამი მშვენის,
ვიგრძენ, მთვარე ახარხარდა მაღლა.

ლორდო!... მოდით, გავათენოთ ღამე,


დავეკიდოთ სიყვარულის საწყისს,
სანადიმოდ ამზადებენ წამებს,
ქალებისთვის არ ვიშურებთ სასმისს.

ლორდო! მოდით, დავამსხვრიოთ ჟამი,


ვერ დაგვაფრთხობს სახრჩობელის ძელი,
დავისევდეთ, ვინუგეშოთ ამით,
ლორდო!... მენდეთ, მოუთმენლად გელით!

დავდიოდი მიუვალ და უგზო გზებზე,


ლექსით, თითქოს, შევებრძოლე დაიმონს,
მე ვიყავი ახალგაზრდა მეოცნებე,
ღამღამობით მოველოდი ბაირონს

დამიჯერეთ, MISS

დამიჯერეთ, მისს
ვარდისფერი გზის,
ოცნებების გვის
ვდგავარ მოწამე.
დამიჯერეთ, მისს
ქარბუქები მხრის
თვალებია ზღვის,
ფერი მომწვანო.
დამიჯერეთ, მისს
ფერმიხდილი თვის
კაბადონი თრთის,
თვალებს მიშტერებს.
დამიჯერეთ, მისს
მოგონება სხვის
აუტანლად მღლის,
მოდით, მიმღერეთ!

იყო

იდგა საღამო, როგორც ფერება


ქალის ხელების, ძვირფასი გვამის,
იყო სულელი ბედნიერება
და სულელურად ბოროტი ჟამი.

იყო სიბერე, ჩუმი სიშტერე,


გაყინულ ხეთა, ჩამომქრალ დღეთა
და უაზრობა ტიროდა მერე
სივრცეში გაჩრილ, დამტვერილ ზეკაცს.

იყო შენდობა და თვითმკვლელობა


და პოეტების უმიზნო დარდი,
ჭლექიან გიჟთა უსახელობა,
ბოშების ეშხით გაშლილი კარტი.

იდგა საღამო, როგორც ფერება


ქალის ხელების, ძვირფასი გვამის,
იყო სულელი ბედნიერება
და სულელურად ბოროტი ჟამი.

მოკლე კაბა

გაზაფხულდა, მოკლე კაბა ჩაიცვი,


სხვა რა გითხრა, შემიყვარდი, მოკლედ,
უიმედო არ მინახავს მაისი
და ნუ მეტყვი: იმედები მოკლეს.

საგიჟეთმა ოცნებები გარეკა,


იფანტება ოცნებების ჟინჟღლი,
შებმული მაქვს შენთვის ლექსის კარეტა,
თან დამყვება გადარევის შიში.

მოკლე კაბით მოდი, რამე მითხარი,


ავირჩიოთ უკაცური კაფე,
გავაღვიძოთ იმედები მიმფრთხალი,
ჩქარა, თორემ წყვეტენ შვების ძაფებს!

კაფეს კართან ჩამომჯდარი პოეტი


უყურებდა ფანჯრის შიშველ რაფას,
ერთობოდა თავის სიმარტოვეთი...
გაზაფხულდა, გაქრა მოკლე კაბა!

ჩუმად, ორკესტრო

ორკესტრი ეძებს გატეხილ კლავიშს,


კლავიში ალბათ შეჭამა ღამემ,
შეჭამა ღამემ აკორდი შავი,
ორკესტრი ეძებს დამსხვრეულ გამებს.

ორკესტრო, ჩუმად! ასუნთქე ღამე,


ასუნთქე ღამე და მთვარის ჭორი,
იქნებ მიამბოს სიბნელემ რამე,
იქნებ გადავრჩე მე - დირიჟორი.
იქნებ მუსიკა მივანდო პწკარებს,
ან იქნებ ცოლად შევირთო ქარი,
ან იქნებ სულაც გადავყვე ქარებს,
ჩუმად, ორკესტრო! ჯერ არ ვარ მკვდარი.

ვარ ნაპოლეონი

ვარ ნაპოლეონი!..
მომკალით, იცოდეთ, მსოფლიოს დავიპყრობ,
ვიწამე ლუდხანის და ვიღაც ავარას
ვნიშნავდი ჩემს რაზმში დიდ მხედართმთავარად,
სიკვდილიც შემთხოვდა: გრძნობები გავიყოთ,
მომკალით, იცოდეთ მსოფლიოს დავიპყრობ!

ვარ ნაპოლეონი!
მსოფლიოს ხმაურიც ფეხებში მედება,
მე არ მწამს ცრემლები, ხვეწნა თუ ვედრება,
არ მწამს ტრაგედია და მარცხი ცბიერი
უკან არ დაიხევს ავარა მშიერი,
მოვმადლე ავარას მეფური იერი!

ვარ ნაპოლეონი!..
ქარები, წვიმები არის სასაცილო,
მოდით, რომანტიზმი ერთად გავაცილოთ
და ჩემთან დადექით ფერმკრთალი ვარდებით,
რადგან სიფერადეც გახდა სასაცილო,
მოდით, სიყვარულიც ერთად გავაცილოთ.

ვარ ნაპოლეონი,
ვიღაცა ოხერი თუ იმპერატორი!..
თქვენ ჩემთან მოხვედით? რა გინდათ, ბატონო?
და რაკი მოხვედით, ხართ გიჟი ან პოეტი,
ბრძოლა ხომ დაიწყო, დგას საღამოეთი
და მაინც იბრძოლეთ, გწამთ იმპერატორის.

ვარ ნაპოლეონი!..
მსოფლიო ცახცახებს და ვიგრძენ დაღუპვა,
არ შეცდეთ, მე სისხლი სულაც არ მწყურია,
არ მინდა ოცნების ეჭვებით გალუმპვა
და ვიცი დიდების შიში და შურია.
უბრალოდ, სამყარომ დამღუპოს, მწყურია!

ვარ ნაპოლეონი!..
როცა დავიპყარი სამყაროს ნაწილი
და როცა შევიგრძნე ცრემლები ნამდვილი,
როცა დავიკარგე ცრემლების ქაოსში
და როცა ღრიალით საშინლად დავოსდი, -
არ მსურდა ეჭვებით ოცნების დაღუპვა.

ვარ ნაპოლეონი!..
ლამაზი სიკვდილიც არ არის ამქვეყნად,
მიქარავს ტოლსტოი, ვკვდები ვით ათასი,
ვარ იმპერატორი და თანაც ჯამბაზი!
ძნელია ოცნების, იდეის განდევნა.
ზამთარიც ჩამოდგა ვით ქამელეონი.

ვარ ნაპოლეონი!..
ზამთარი სიმღერებს და ფერებს შეიცვლის,
დავმარცხდი? არ მჯერა და ალბათ შემრისხეს,
მე უკვე დამღუპა სიყალბემ ზამთარის
და სადღაც ივსება უაზროდ დავთარი.
და მეც შევეწირე ფერებს, ქამელეონს,
წადი, ჯანდაბამდის გზა გაქვს, ნაპოლეონ!
მასხრობა ყოფილა ადამის გენია,
დახურეთ ფარდები, ფარდები, მრცხვენია!

ვარ ნაპოლეონი...

ელეგია

ღამის ფანჯარა, გატრუნული სახლის არია,


სიკვდილი მინდა და ცხოვრებაც საოცარია.
მე გთხოვდით, ჩუმად გამოგეღოთ ჩემი კარები,
შავ ტანსაცმელში გადაცმულან თეთრი ქალები.
მე ვიცხოვრებდი მარტოობით, მარტო, უქალოდ,
ღამის ფანჯარა და ამინდი მშვიდი, უქარო...
მე ვიცხოვრებდი ვით ქვემძრომი, ყვავილი, ძაღლი,
ჩემს სიკვდილზედაც იცინებდა სამყარო, ხალხი.
მოვქექავ კარტებს და შემხვდება მე ყვავის ტუზი.
სამგლოვიაროდ გაისმება ხმაურით ბლუზი.
თუთუნი ჩაქრა და თამაშსაც უეცრად მოვრჩით.
არა ჩანს მთვარე და ერთობა ღრუბლების კოცნით.
ცხოვრება მორჩა და რატომღაც ფანჯარას ვაღებ,
ფერები ღამის მოურგიათ მტირალა ბაღებს.
მაინტერესებს, როგორია სიკვდილის ფერი,
და ელეგია და განწყობა და ნოემბერი.

გიტარის ხმები

I
ოთახი, კვამლი,
გიტარის კვნესა,
ოცნება მოკვდა,
მარტო ვარ დღესაც,
ოთახი ღამით,
ვარ ღამის მწყემსი,
ოცნება მოკვდა

ვით გიჟი ზევსი.


შენ ხომ გამიგებ,
არ შემაგინებ,
დორბლებს არ დაყრი,
თავსაც არ დახრი,
იმედს არ მოკლავ,
წყლულსაც ალოკავ,
შენ ხომ გამიგებ
რატომ მივქარავ,
ნურარას მეტყვი,
ძველო გიტარავ...

II
მიდი, აკორდო,
მოჰყევი რამე,
გავტეხოთ ღამე,
მოჰყევი რამე
სხვა სიყვარულზე,
დამჭკნარ ფოთლებზე,
უშნო ლოთებზე...
მიდი, იყბედე,
მისპობ იმედებს...
მე ხომ ვცხოვრობდი,
წუთებს ვაქრობდი,
სულ არ ვდარდობდი,
მოჰყევი რამე,
დასცინე ღამეს,
ყველას დასცინე,
ნუ დამაძინებ!
არ მეშინია
მე მიყვარულის,
მე აცრილი ვარ
და დაცლილი ვარ
და სიხარული
ჩემთან არ მოვა...
მგონი მოთოვა,
მიდი იყვირე,
მე არ ვიტირებ,
არა მწამს ცრემლი,
ვერავინ შემშლის.
მოჰყევი რამე,
ისე გავერთოთ,
გავტეხოთ ღამე.

არა, მეგობარო

(გიო იოსელიანის ხსოვნას)

არა, მეგობარო, აქ უარესია,


აქ გაიფანტება იმედი, ნიჭი.
აქ ქრება ოცნება, ოცნება - მესია,
ღვინით და თუთუნით სიმშვიდეს ვიმკით.

არა, მეგობარო, არა ღირს ცხოვრება,


არა ღირს ცხოვრება, რომც იყო ქრისტე,
არა ღირს ნუგეში თუ ყულფის მორგება,
არა ღირს!.. არა ღირს!.. რა გითხრა კიდევ.

არა, მეგობარო, არა ღირს ღიმილი,


მე ვიცი, ღიმილსაც დაახრჩობს ბოღმა,
არა ღირს, იცხოვრო ღმერთივით, ვირივით,
არა ღირს, იცხოვრო ფხიზელმა, ლოთმა.

არა, მეგობარო, არა ღირს სიმშვიდე,


არა ღირს იყვირო, გაჩუმდე მორცხვად,
არა ღირს სიყვარულს, სიხარულს იმკიდე,
ტალახში გასვრიან სიწრფელეს როცა.

არსებობს წამება, წამების სიჩქარით


შენს ხსოვნას ვაჩუქე ერთ-ერთი წამი,
ტკივილით, უაზროდ რაღაცა გითხარი
უშენო, თოვლიან, ყინვიან ღამით.

***
არა, მეგობარო, აქ აღარ დაბრუნდე,
აქ გაგეფანტება ოცნების ნიჭი,
ოცნება დაალპეს, წაბილწეს, გაქურდეს,
ცრემლსაც კი დაკარგავ ლამაზი ბიჭი.

ჭორები ჩემზე

რა ბრძანებაა, რატომ ამბობთ, არ მჯერა ამის,


არც მონატრების და არც თეთრი, უძილო ღამის,
თეთრი ვარდების თუ რაღაცა უნიჭო დრამის,
რა ბრძანებაა, რატომ ამბობთ, არ მჯერა ამის.

ამბობთ: სიყვარულს მე ვასობდი ოდესღაც კლანჭებს,


არ გავიპრანჭე და სახალხოდ არ დავიმანჭე,
არ ვსდევდი მოდას და არასდროს მქონია ბლანჟე,
ამბობთ: სიყვარულს მე ვასობდი ოდესღაც კლანჭებს!

რა ბრძანებაა, ნუ მიყვირით, გამიგეთ სწორად.


მე არასოდეს არ ვიცვლიდი ნიღბებს და როლებს,
სიგარეტიდან არ ვუშვებდი საქვეყნოდ რგოლებს,
რა ბრძანებაა, ნუ მიყვირით, გამიგეთ სწორად.

რა ბრძანებაა, არ ვფიქრობდი სრულებით თქვენზე,


არ ვატარებდი რეიბანებს და არც ძველ პენსნეს,
ოტელის ნაცვლად მე მეძინა სამყაროს სხვენზე,
რა ბრძანებაა, არ ვფიქრობდი სრულებით თქვენზე!

და ესეც ვიცი ჩემზე ისევ ამბავი გასკდა,


ცდილობთ ტყუილად პიჟონური შემტენოთ მასკა,
ილაპარაკეთ: ლუდხანაში ისევე ჩასკდა...
და ესეც ვიცი, ჩემზე ისევ ამბავი გასკდა.

და ისიცა თქვეს: გათხოვდაო და დარჩი მარტო,


ნუ გეშინიათ, თქვენ რომ გინდათ, ისე არ ვდარდობ.
ვიღაც მეძახის, მეჩქარება, დროებით “პარდონ”
და ისიცა თქვეს: გათხოვდაო და დარჩი მარტო.

რა ბრძანებაა, რატომ ამბობთ, არ მჯერა ამის,


იცოდეთ, ვცოცხლობ, არ მოვმკვდარვარ ცხოვრების შხამით,
და ვიცი ისიც, რომ დადგება ასეთი წამი,
რა ბრძანებაა, ცოცხალივარ, არ მჯერა ამის!

შემთხვევით სიკვდილი

სისველე გზების,
დაღლილი ფრთები
უაზრო ფრენით,
ხვედრია ჩვენი,
წარსული დავწვი,
დავეხეტები,
სიგარის ნამწვი, -
გლოვის შედეგი.
და ღამის ცრემლი,
ქარით ნაცემი!..
დაიმსხვრა გემი,
ბედის ნაფცქვენი!
ყველაფერს ვამსხვრევ,
არ ჩანს ნაპირი,
ცხოვრების ასლებს,
აღარ დავსტირი.
როდესაც ტალღა
დატოვებს ქვიშებს,
მე წავალ მაღლა,
გავაგდებ შიშებს
და მერე, ალბათ,
იტირებს ვინმე;
ცრემლი თუ სწრაფად
მოიყვანს წვიმებს...
წვიმების ეტლი
ყველას გალუმპავს
და ყველას ეტყვის:
ჩემი დაღუპვა
არ იყო სულაც
ტალღების ბრალი
და ჩემი ვალი,
შემთხვევით მოვკვდი.

გრაფიკა

სინესტე. ოთახში ყვავილი.


ქოთანი.
სინესტე. ცრემლები. ბღავილი...
მოთქვამენ...
ფურცელი, სიმკრთალე, ხაზები,
ვიხრჩობი...
საღამო, შავ-თეთრი ვაზები,
„ბიჩოკი“...

ხულიგანას

მინდა ეს ლექსი დაღუპვას დავუწერო


და მერე მოვკვდე,
სიტყვა თქვენზეა, ბატონო მაუზერო,
იქუხე, მორჩეს...

ჩვენ გამოვეთხოვეთ ქალებს, დღესასწაულს


და დავრჩით მარტო,
სანამ მონატრებას გესლით შეწამლავენ
იქუხე, კარგო!

სანამ კიდევ ცოცხლობს რაღაც იმედებით


ყვავილი რტოზე,
სანამ საბოლოოდ მიწას მივედებით
იქუხე დროზე!

დროზე, მაუზერო, სანამ გათენდება,


დროზე მოასწარი,
გრძნობა დაბერდება, გრძნობა გათეთრდება,
გრძნობა მოსაკლავი...

რწმენა ცოცხალია? რაღაც არა მჯერა,


ვიღას შევეფარო...
ბოლო ტყვია დაგვრჩა, მოვკლათ ბედისწერა,
ჩქარა, მეგობარო!
მინდა ეს ლექსი დაღუპვას დავუწერო
და მერე მოვკვდე,
სიტყვა თქვენზეა, ბატონო მაუზერო,
იქუხე, მორჩეს!...

განმარტოება

განმარტოება ბოთლთან ანდა სულ უცნობ ქალთან,


იცი, არც ერთი, არც მეორე არ გეტყვის მართალს...
გადაიღალე ამ სიმართლით, ფიქრებმა მოგსპო,
რატომღაც გინდა, რომ გიყვარდეს ვიღაცა გოგო.
რატომღაც გინდა, რომ შეცვალო დღეების ფერი,
რატომღაც გინდა დაივიწყო სულ ყველაფერი.

ნაცნობი სურათი

საყვარლის ტანი,
შენგან წასული,
საყვარლის ტანი, უკვე წარსული...
და ფიროსმანის
ის მჭახე ღვინო
და პიანინო...
სიცივე ძვლებში,
წლები, ეს წლები...
და ვიღაც გოგო
შორი, ველური,
რაღაც ფერადი
და ფერწერული.
სახლები, ქუჩა
ძლიერ ნაცნობი
და მხოლოდ შენი
მერე დაცემა -
შედეგი ფრენის,
სულზე საცობი...
სადღაც გაქცევა:
სახლები, ქუჩა,
ქუჩა, სახლები...
ვიღაც ახლები,
ახალი ხალხი...
შენი ოთახი,
ბურუსი კვამლის,
სუნი სიგარის,
საყვარლის ტანი...
რაღაც მიჰქარე,
რატომ წავიდა?
იქნებ თავიდან...
ო, არა, მორჩი!..
წლები, ეს წლები,
სიცივე ძვლებში,
წარსულთან გაყრა
და მხოლოდ დაღლა,
სიცივით ძვლებში,
და მჭახე ღვინო
და პიანინო
და აკორდები...
ვის აგონდები,
წლები, ეს წლები...
ვის აგონდები,

გაშლილ ლოგინში
მარტო რომ წვები;
საყვარლის თმები
შენგან წასულის...
არ მოდის ძილი
და ვიღაც გოგო
ველური, შორი
და მაინც თბილი...

კითხვები

ნუ მაძლევ კითხვებს.
უპასუხოდ
დავტოვე ყველა...
ნუ მაძლევ კითხვებს,
მე ვუყურებ
ხეებს და ჩიტებს.
შევიგრძნობ, ვცხოვრობ,
ნუ დამიტოვებ
მხოლოდ კითხვებს
შენს სამახსოვროდ.
შენ ჩემთან დარჩი,
მანუგეშე,
რომ არ ვარ მხდალი!..
მთელი მსოფლიო,
ეს მსოფლიო
უჩემოდ ლაჩრობს.
შენ ჩემთან დარჩი,
გამისწორე
ცოტახნით თვალი,
დარჩი, გთხოვ, დარჩი,
ლეგენდისთვის
ნუ მწირავ მარტოს!...

დაბადება

ის დაიბადა, როცა ქარი ლეწავდა ფანჯრებს,


როცა გაჩენა და სიკვდილიც არაფერს ცვლიდა,
როცა სუფრაზე მიირთმევდნენ ღმერთების ნარჩენს,
როცა ღრუბლები ვარდებოდნენ უაზრო ციდან.
როცა ორჯესტრი ჯოჯოხეთურს აწყობდა გამებს,
როცა არ იყო აღარც ომი და აღარც ზავი,
როცა არ იყო აღარც დილა და აღარც ღამე,
როდესაც ერთი ცნება გახდა ღმერთი და ყვავი;
ის დაიბადა, როცა დადგა უსიტყვო ჟამი,
როცა არ იყო არსებობის მყვირალა ბგერა,
როცა ჩაიწვა გამართლების მბჟუტავი წამი,
როცა არ იღო აღარც რწმენა, აღარც ჰეტერა.
როდესაც მიწა შორდებოდა დალეწილ ფანჯრებს,
როცა უსივრცოდ იხრჩობოდა ცხოვრების გემი,
როცა არავინ დასტიროდა პლანეტის ნარჩენს,
როცა არავის აღარ სწამდა მისი მოვლენის.

აღსარება კალთაში

მე მინდა დარჩენა
აქ, თქვენთან, კალთაში
და მინდა მოგიყვეთ
თქვენ ჩემი ცხოვრება
და დანაშაული.?
დღეს ისე მარტო ვარ...
გარეთაც სიყვითლე,
სიყვითლე თარეშობს,
ხეებსაც შესცივდათ
და ცხარედ ტირიან
და მინდა მოგიყვეთ
დღეს ჩემი ცოდვები
თუ უცოდველობა.
თხოვნაა: ნუ მეტყვით,
რომ მე ვარ მართალი,
მე ვეღარ მოვისმენ
უნიჭო ტყუილებს...
ო, თქვენ მე არ მიცნობთ,
რა გარეწარი ვარ
და როგორ მიხდება
პოეტის ნიღაბი
და როგორ დამაფრთხო
ოქტომბრის სიყვითლემ
და თქვენთან მოვედი
ერთგული ძაღლივით.
თქვენ კიდევ არ მაგდებთ
ფეხების ბაკუნით,

რადგანაც არ მიცნობთ.
ვიცნობდი პლანეტის
ქალწულებმს, როსკიპებს,
მხიბლავდნენ მკერდები.
ფეხები, თვალები,
მაგრამ ჩემს წარსულზე
სიტყვა არ დამიძრავს.
ეს თქვენი კალთა კი
დღეს ჩემი სახლია
და ჩემი საფლავი.
იცით, მე არასდროს
მარტო არ ვყოფილვარ,
უბრალოდ, ამინდმა
რაღაცით დამაფრთხო,
რაღაცას ჩავდივარ,
რაღაცას ვასრულებ,
რაც ჯერ არ დავიწყე.
ვერაფერს ვერ ვამბობ,
უეცრად დავბლუვდი
და ენა მებმება,
ო, სულ არ მიყვარხართ,
ვიცი, არ შეცდებით,
უბრალოდ, მე მომწონს
თქვენი ღრმა დუმილი,
ლამაზი დუმილი,
ლამაზი სიცივე,
მხურვალე სხეული.
ეს თქვენი კალთა კი
ჩემს ნამუსს აძინებს,
როგორაც სიყვითლე,
ოქტომბრის სიყვითლე
აძინებს ბუნებას.

დაკარგული სინამდვილე

როცა სინამდვილეს ვკარგავ მირაჟებში,


როცა სინამდვილე ცხოვრებით შტერდება,
როცა ჩამქრალია ღამის ვერანდები,
როცა შემოდგომით არასდროს თენდება.

როცა დაღლილი ვარ მშვენებით უგზობის,


როცა დედამიწას რაღაცა აბრუნებს,
როცა ვიკარგები და ვხდები უცნობი,
მე ვხვდები, ჯობია, რომ აღარ დავბრუნდე.

ზამთრისფერი მარაო

ქვეყნად რომ ცოდვებსაც არავინ ფარავდეს,


შენ აიფარებდი ზამთრისფერ მარაოს,
იტყოდი, დავკარგოთ რწმენაც და სამოთხეც,
უბრალოდ ვიცხოვროთ, ცხოვრებით გავოცდეთ.

ქვეყნად რომ არ იყოს ვნება თუ დრამები,


ხომ მაინც დავრჩებით წვიმიან ღამეში,
ხომ მაინც ვისუნთქებთ ნესტიან დარჩენას,
ხომ მაინც შევხვდებით სიკვდილს თუ გაჩენას.

ქვეყნად რომ არ იყოს იგავი, ზღაპარი,


ხომ მაინ მოხდება უაზრო ამბავი,
ხომ მაინც ვიღაცა შეირთავს პრინცესას
და ფერად ფერებით მორთავენ სივრცესაც.
ქვეყნად რომ არ იყოს სიცივე, ზამთრები,
ხომ მაინც ხანდახან სითეთრით დავთვრებით,
ხომ მაინც თავისას მოიტანს სიბერე,
და მუნჯი საფლავი სიკვდილზე იმღერებს.

ქვეყნად რომ ცოდვებსაც არავინ ფარავდეს,


შენ აიფარებდი ზამთრისფერ მარაოს,
რატომღაც იტყოდი, რომ ძლიერ მარტო ხარ,
რატომღაც მოწყენას არჩევდი არყოფნას.

წარსული მუსიკა უსიტყვოდ

ედგარ პო, ყორანი,


მორალი -
წარსული მუსიკის
უსიტყვო
და ძველი ფორანი.
ცრემლები,
დრო შურისძიების,
გემების
დაღუპვა ქარებში,
მთვრალებში
სიმართლის ძიება.
დუელი
ქალების წყალობით,
სულელი,
სულელი აკორდი...
არ მოკვდე, გასწორდი!
შეხედე
ჩემს ფეხებს
და ისე დამშორდი.
სასახლე
უზომო დრამები,
სანაღვლე
ბუხარი, კალმები,
ბარათი, ცხენები,
ჭენება,
თუ ღამისთენება...
ცხენებში
ვცვლი მთლიან სამეფოს!..
სიჩუმე გამეფდეს!
ღამდება,
რაღაცა მთავრდება.

(***ღრიალი მანქანის)

ღრიალი მანქანის
მაქმანი
სიმკვეთრემ დახია,
ახია!
ბეტონი, ასფალტი,
გინება
და ხალხის დინება...
ქაღალდი,
გაზეთის ამბები...
რას ვშვრებით?
ქრონიკა, მოდები,
ბორდელი!..
და რბილი ავეჯი?,
დაჯექი!
ანათებს
ეკრანი:
ვერავინ
შეგამჩნევს ბინაში;
კატაა წვიმაში
გვიყვება
და სახლიც ირყევა,
კატაში?..-
ვცვლი მთლიან სამეფოს...
სიჩუმე გამეფდეს!
ღამდება,
რაღაცა მთავრდება.

თანამედროვე

ის კითხულობდა სიმბოლისტებს, ხან მოდერნისტებს,


ხან ნიჰილისტებს ემხრობოდა, ხან ოპტიმისტებს,
მისდევდა მოდის გემოვნებას და დროის პოზას,
პრინციპულობდა; პოლიტიკოსს ნათლავდა ბოზად,
ხან კი მესიად.
სწამდა ასეა, ასე ითხოვს მოდერნის ვალი.
ის იყო ხშირად დარბაზებით და ტაშით მთვრალი,
უმზერდა სურათს და ესმოდა მხოლოდ ჩარჩოსი,
უყვარდა ღმერთი, სჭირდებოდა ხანდახან ვერდი,
ხანდახან ღმერთსაც აშინებდა წკეპლით, გაროზგვით,
ხშირად შექსპირზე ლაქლაქებდა, უფრო კი სარტრზე,
მიაკითხავდა ხშირად თეატრს, უფრო კი პარტერს,
ცრემლიან თვალით უყურებდა, ცხოვრებას, სცენას
და მერე ყველას დასანახად იჭრიდა ვენას.
ცხელ გულზე სვამდა აგზნებული ჩაის და ყავას,
ლუდს და შამპანურს, ალკოჰოლურს, ეს თავისთავად.
იდეებს ნათელს გამოჩეკდა და ხანაც კლავდა,
ეგონა ქვეყნად სულიერი მას არა ჰგავდა,
ეგონა თავიც იდეებით მუდამ სავსეა,
სწამდა ასეა,
ასე ითხოვს მოდერნის ვალი.

დედოფალს რაღაც წერილივით

გრძნობებით, ცრემლებით ნურვის გააცინებთ.


ახლა დაიძინეთ.
სიზმრისგან მიიღეთ თქვენ ინფორმაცია.
ასეა,
გიძღვნიდნენ ბარათებს, ბალადებს, ყვავილებს.
თქვენ კი სინამდვილე ვერ გაიადვილეთ.
და მერე აღმოჩნდით საერთო ვაგონში,
ფხიზლობთ და არსებობთ ოდესღაც, ნამყოში,
სიცივის, სიჩუმის ჩამოდგა ეპოქა
და ერთხმად გაკურთხეს სიკვდილის დედოფლად.
და მე კი ამ ხმების არასდროს არ მწამდა,
უბრალოდ, სიმართლე საშინლად გამწარდა.
რომი და ათენი, ანტიკა, გრაცია,
ახლა კი მოვიდა სხვა ინფორმაცია.
ასეა...
გიძღვნიდნენ ტყუილებს, რითმებს და სასმისებს,
თქვენ კიდევ სამყარო ვერ გაითავისეთ.
და მერე ჩამოდგა ეჭვების სამყარო,
ახლაა გვიანი ეჭვები გაყაროთ.
და ახლა იგრძენით, ღამეა, მარტო ხართ,
და ზღაპრულ სასახლეს ღამეში ათოვდა.
ოღონდ მარტოობით ნურვის გააცინებთ...
ახლა დაიძინეთ!..
სულების სიცივე რადგანაც იცინის,
ვერავის აოცებთ ამ თქვენი გვირგვინით,
გჭირდებათ გვირგვინი მხოლოდღა ქიმერად,
ვით ღამის სიმღერა,
ლექსიდან ციტატა...
ინათა,
თუ თქვენმა თვალებმა დაკარგეს შუქები?!
წუხდებით...
თუ ხვდებით, მირაჟი წამით რომ ანათებს.
სიცხადის გეყოფათ სევდა და სიმართლე,
სიზმრისგან მიიღეთ თქვენ ინფორმაცია,
ასეა...

საუბარი გაცხადებულ სიზმარში

ის:
შუბლზე გახაზია
შენი ბედისწერა,
გეყო ფანტაზია,
მე ვარ შენი წერა,
ო, შენც გამომიჩნდი
გიჟი მაიაკოვსკი,
წითელ დროშას კოცნი?
თუ გწამს უდროშობის,
უფრო უდროობით.
ვიცი, თავს იმართლებ.
მე გაგასამართლებ.
მე:
გთხოვთ, ჯერ გამეცანით,
მე თქვენ ვერ გიცანით,
თქვენ მლანძღავთ გულღრძობით,
ბრძანდებით უცნობი.
ის:
მე შენი მტერი ვარ

და შენი მოყვარე.
ყველაზე მეტი ვარ,
უნდა შემიყვარო.
მე:
მე არ ველოდები,
ბედის მატარებელს,
თავი დამანებე.
ის:
ვარ შენი სინდისი.
მე:
სინდისი?
ის:
სინდისი (იცინის),
თუ გინდა ცხოვრება
მომყევი, მიმნებდი,
თუ არა, იქნები
ქალებში, ლიფებში,
იეროგლიფებში.
მე:
გეყოფა!..
ის:
შეწუხდი? აიღე ბებუთი,
თუ გჯერა ცხოვრების
და თუ ხარ ცოცხალი,
მომკალი.
მე:
ჩამოწვა სიბნელე,
ღამეა, შიშია,
მიცდიან?

***
შეხედე სიბნელეს,
სიბნელეს სახეში,
სიბნელეს ტყუილად,
ტყუილად უფრთხიან.

***
ეს მას არ უთქვია...
ის გაქრა ღამეში
წამებში.

იუმორესკა

თუ დამიჯერებთ, უკვე გაფრინდა


პირსისხლიანი, ის ანგელოსი,
დავდგეთ იქ, სადაც ლუდის ქაფი დგას,
„ჩვენ პოეტები საქართველოსი“.

ქალები

ქალები იცვლიდნენ თმის ფერს


და ბავშვის გაჩენას ნატრობდნენ,
პრინცებზე ხედავდნენ სიზმრებს,
დღისით კი არაფერს ამბობდნენ.

ქალები იცვლიდნენ თმის ფერს,


დღიურში ყვავილებს ახმობდნენ,
ეტრფოდნენ ლექსებს თუ ცის ფერს,
უბრალოდ, თავის თავს ართობდნენ.

შუქნიშანი

უკვე მოგონება მივეც ანათემას,


უკვე დავივიწყე შენი სუსტი ტანი.
ღამის მარტოობას ისევ ანათებდა
ქუჩის მოწყენილი, სველი შუქნიშანი.

დავთმე სიყვარული, მაინც არ მეძინა,


თითქოს მომყვებოდნენ ძველი აკორდები.
მერე ჩემს გრძნობებზე ცივად გამეცინა,
მივხვდი, აღარასდროს აღარ გავლოთდები.

ქუჩა სიბნელეში, თითქოს ნახაზია,


როგორ იცვლებიან სახლთა ფიგურები,
ყოფნა უშენოდაც ისე ლამაზია,
შენკენ, დამიჯერე, აღარ ვიყურები.

მორიგი დღის ელეგია

უკვე გავიზარდე და ცრემლის არ მჯერა,


დამთავრდა უნიჭოდ ფერადი რომანი,
არ ვიცი, ვიღაცა უსაქმომ დაწერა,
ვერ მიხვდა, ცხოვრება შავ-თეთრი რომ არი.

მე უკვე დავბრუნდი ჩემს მყუდრო ბინაში,


რადგანაც მომწყინდა ხალხი და პოზები,
აღარ მსურს გავიდე იმედით წვიმაში,
აღარ მსურს ვიცხოვრო ბავშვური ოცნებით.

მე ხომ არ ვიცხოვრე ჭუჭყებში ღორივით,


დღეს ასე მგონია და გარეთ დარია,
დღე არის უბრალო, დავარქვი მორიგი
და მე ვინც მიყვარდნენ აქ აღარ არიან.

უკვე გავიზარდე და ცრემლის არ მჯერა,


დამთავრდა უნიჭოდ ფერადი რომანი.
არ ვიცი, ვიღაცა უსაქმომ დაწერა,
ვერ მიხვდა, ცხოვრება შავ-თეთრი რომ არი.

შავი სანთებელა

(მეგობარს)

ისევ ვეწეოდი, საქმე რომ არ მქონდა,


დღე კი მიდიოდა ჩვეულებრივ ნელა,
ჩაქრა სიგარეტი და მე მომაგონდა,
შენი ნაჩუქარი შავი სანთებელა.

სიკვდილის ვალსი

გთხოვ, დაუკარი სიკვდილის ვალსი,


მე მეშინია მარტო დარჩენის,
არ გვინდა, მოდი, სიტყვები ფარსი,
გვიყურებს მთვარე - ღამის ნარჩენი.

გთხოვ, დაუკარი სიკვდილის ვალსი,


რადგან მომბეზრდა დღეების დათვლა,
იქნებ სამყარომ მოიძროს გარსი,
იქნებ რაღაცა შეიგრძნოს მართლა.

გთხოვ, დაუკარი სიკვდილის ვალსი,


მე მეშინია, მარტო დარჩენის,
თუ სახრჩობელაც გამოდგა ფარსი,
შენ მაინც გახდი ჩემი კარმენი.
ნათურა

როგორც დაღლილი მოგონება, ჩაქრა ნათურა,


შენი ცხოვრება მოგეჩვენა კარიკატურად.
ხან გაკლდა ქალი, ხანაც ბედი, ხანაც სიზუსტე,
ხან მარტოობას დააბრალე შენი სისუსტე.
როდესაც თავი მიუძღვენი გროტესკულ ტრაურს,
შენ თითქოს სადღაც გაასწარი პლანეტის ხმაურს;
გამოეკიდე იდეალებს, ფანტომებს, ფიქრებს,
გამოგრჩა ფილმი, ახლა მხოლოდ უყურებ ტიტრებს,
უყურებ ტიტრებს - ერთფეროვან წარსულის ნარჩენს.
ო, როგორ გინდა, ფილმის ბოლოს რაღაც გადარჩეს.
მოგინდა ახლა, უფრო მაღლა ვით მწვერვალს, ანდებს,
გინდა ცხოვრება განაახლო, ნათურას ანთებ.

უცნაური ზამთარი

უცნაურია,
ჩუმად მიდის შენი ზამთარი,
ვიღაც ამთქნარებს ბიბლიასთან - უცნაურ წიგნთან;
უცნაურია,
ცხოვრებას რომ ისე ამთავრებ,
სულ ყველაფერის ხელახალი დაწყება გინდა.
უცნაურია,
რატომ კვდება თავად ავდარიც
და ვერა ხვდები, რას დაარქვეს იმედი ყოვლის.
უცნაურია,
ისე მიდის შენი ზამთარი,
ერთხელაც კი ვერ შეიგრძენი სიწმინდე თოვლის.

ნოსტალგია

მტვრიანი სახლი, ბებერი ბაღი,

ხმელი ხეები...
ზიზღია ახლის, როდესაც დაგღლის
ასე დღეები.

სიზმრების წყება, როდესაც ჰყვება


თითქოს აბსურდებს,
მირაჟი გმართავს და გინდა სადღაც
უკან დაბრუნდე.

(1996 - 2000)
სიმარტივე

ალბათ, სიყვარული ვირუსია,


ბოლოს შემომრჩება სიმარტივე,
ასე დამთავრდება ილუზია,
ასე დამთავრდება სინამდვილე.

რაღაც ბუნდოვანი სიზმრებია,


ვეღარ გამიგია, რა დრო არის,
დღენი სიცხადეში იბნევიან,
ასე მარტივნი და საოცარნი.

მთვარის რიტმი

მთვარე ანათებს -
თეთრი ნაჭერი, მოდით დაჭერით
ყვითელი დანით...
მოაქვთ ჯალათებს
უძლური ტანი,
და სულს კაფავენ
ყვითელი დანით.
ფანჯრის რაფაზე
ყვავილი ქოთნით,
ქუჩას აბზრაზებს
ბებერი ლოთი,
ჩანს სილუეტი
და სიუჟეტი,
გვინდოდა მეტი,
რატომღაც მეტი...
მალე დაჭერით,
მოწმინდეთ სისხლი
თეთრი ნაჭერით
ფიქრები შენზე,
ო, როგორ მძულდი
უცნაურ გემზე
ვიყავი ქურდი,
სიჩუმის ქურდი
ვპარავდი აკორდს,
ვიყავი მარტო,
უაზროდ მარტო
და მაინც მარტო...
მალე დაჭერით
მთვარე მაგონებს
ღამის ვაგონებს
და ფიქრებს შენზე,
უცნაურ გემზე,
ო, როგორ მძულდი...

ისტორიკოსის ჩანაწერი

ყველაფერი მორჩა,
რა აზრი აქვს წუწუნს,
მაგრამ იგი მოთქვამს:
ეჰ, შენც? რატომ, ბრუტუს?!
დაყივლება მამლის,
ოცდაათი ვერცხლი,
ის მაინც ხომ ბრუნავს,
რომც დაანთოთ ცეცხლი!
მოკვეთილი თავი,
გზები - სისხლის შხეფებს!
მოკვდა მეფე, მაგრამ
გაუმარჯოს მეფეს!
უნდათ უფრო მაღლა
ისტორიის ურნებს,
ასე სჯერათ ახლა,
ასე სწერენ თურმე.
რაღაც იყო კარგი,
რაღაც - ძლიერ ცუდი,
მოიხადოს ყველამ
ბოდიში და ქუდი.

გამგზავრება

დატოვე ბარგი?
კიდევ კარგი,
წადი,
მერე რა მოხდა, რომ ისევე
მარტო დაგტოვეს,
ახლა გიშველის შენ
სიმარტოვე,
წადი, დასტოვე,
ძველი საგნების მტვრიანი სუნი,
ბევრი შეცდომა და ბევრი წუნი,
გააღე კარი,
ქვეყნად არ არის ჯებირი, ზღვარი,
მაგრამ მაინც იცი, წასვლამდის,
გაიღიმე და სთქვი, ნახვამდის.

მერე

იღვიძებს ქუჩა
და ღრიალებს: დილა მშვიდობის!
მე ხომ ვიცოდი,
დაბრუნებას არა აქვს ფასი,
მაშინ მშვიდობით,
მეათასედ ვამბობ:
მშვიდობით!
„ისევ მოხვალ“, - იღიმის ქალი,
არა, კარგო,
უკვე მინდა მივაკითხო
სიმშვიდის ველებს,
აღარ ვთქვა - „მერე“.
მე ბევრი ვწერე,
სათქმელი კი მქონდა
სულ ცოტა,
ახლა, როცა
დუმილის დროა.

(***სიზმარია მარტო)

სიზმარია მარტო
ან ოცნება უმი,
მამის შავი პალტო
და ნაცნობი სუნი.
ფარდა, ისევ ფარდა,
რადგან სცენას სძინავს,
კიდევ, ამის გარდა...
წამოვიდა წვიმა.

უშადრევნო ბაღი,
მოგონების ფერის,
ალბათ უფრო ბახი
და სიტყვები მერე.

აივანთან ფიჭვი,
მგონი, წვიმას უფრთხის,
ალბათ უფრო მიწა,
არა, ჭრელი ბურთი.

ფოთლები

შეხედე ფოთლებს შემოდგომის,


შეხედე ფოთლებს,
როგორ ელიან ზამთრის ღამეს, სიკვდილის ღამეს,
თითქოს სიკვდილი მისჯილი ჰქონდეთ,
არ შეუძლიათ შესცვალონ რამე.

შეხედე ფოთლებს შემოდგომის,


შეხედე ფოთლებს,
როგორ ელიან,
როგორ ჩუმად,
ერთი კი სწყდება
და მას უყურებს ყველა ერთად
და ყველა ხვდება,
იმედი მართლა არასოდეს,
ან ბოლოს კვდება.

პორტრეტი

აი, აქ და ამ წამს
შენ ღმერთის არ გწამს,
შენ ცხოვრობ ისე,
არაფერს მისდევ,
მყუდრო გაქვს ბინა
და თბილად გძინავს...
არ გინდა ქარი,
შეცვალო დარი,
ატარებ ნიღაბს,
რომ ხალხი გიყვარს,
ზამთარში პალტოს...
დადიხარ მარტო.
თან დაგდევს შიში,
ვიღაც ხელს გიშლის,
რომ გინგრევს კარებს
და გაგდებს გარეთ!
უყურებ ასე,
ეჭვებით სავსე,
დღის შუქს და ღამეს,
კიდევ... ბევრ რამეს.
სარკესთან დგახარ,
წვიმაა დღესაც,
ასველებს სახლებს,
ჰხედავ შენს სახეს,
რომელიც მორცხვობს,
რომ ისევ ცოცხლობს.

(***ამინდი მშვიდია, უქარო)

ამინდი მშვიდია, უქარო,


ქარს თავი მოაჭრეს ცულით,
ვიცხოვროთ უჩუმრად, უბრალოდ,
არავის გავუხსნათ გული.
რად გვინდა, რაღაზე დავწეროთ,
რად გვინდა განცდები, გლოვა,
დღეების ტრიალი გავწელოთ,

შევიგრძნოთ ცოცხლები რომ ვართ.


რად გვინდა ტკივილით ვიწვოდეთ,
ისედაც მოვიხსნითვალებს,
ხო, ასე სჯობია იცოდე,
ასე არ დაგვთხრიან თვალებს.
ამინდი მშვიდია, უქარო,
მოეშვი განწყობა ლოკოს,
მე ისე შემცივდა, უბრალოდ,
შენ რატომ შეგცივდა, გოგოვ?

დაკარგული დრო

მე ისევ ვკარგავ
დროს, ფულს და ქალებს
მზე ჩადის სადღაც,
ჩემგან შორს, გარეთ.
სიბნელე მოდის
სახლში თუ ცაზე,
ვერ ვუძლებ ლოდინს,
არ ვიცი რაზე.
ვუყურებ ტრამალს,
დაღლას რომ მოშლის
და მე შორს წავალ,
დაკარგულ დროში.

ქალაქი

ახლა სიჩუმე თითქოს ხელს მიშლის,


სიბნელე ქალაქს სიზმრით აფეთებს,
ისევე მოაქვთ ძრწოლვა და შიში,
ნეკროლოგებით სავსე გაზეთებს.

ვკითხულობ ზღაპარს - ეძია, ჰპოვა,


იმედის ბაღი, სამოთხის ვაშლი,
ქუჩაში მოთქვამს ხეების გროვა,
ქუჩაში ტირის პატარა ბავშვი.

მე გამახსენდა მოძღვრება წმინდა,


კარებთან დგახარ და სცადე ბარემ
და აკაკუნე რამდენიც გინდა
მაინც არავინ გაგიღებს კარებს.

ვერ ვნახავ პასუხს, დავხურავ წიგნებს,


სიჩუმე, რადგან ასე მაწვალებს,
პასუხი სადმე ვიპოვო იქნებ,
გავყვები სადმე შორს მაწანწალებს.

რომ მივატოვო ეჭვები, შიში,


რომ ჩემი იყოს სივრცე და გზები,
რადგან ქალაქი უკვე ხელს მიშლის,
რადგან ქალაქთან ერთად მეც ვკვდები.

სიარულის გაკვეთილი

მზე დაინახეთ,
გაიარეთ
უფრო თამამად,
ერთი, ორი...
ცხოვრება მართლა შეიძლება
უფრო ლამაზად,
გზა არის სწორი,
თქვენ კიდევ უცებ
სადღაც უხვევთ
და იკარგებით.

ეჭვი

სინოტივე ღამეების დამდევს,


ნუღარ მეტყვი, რომ დაეძებ ჰამლეტს,
რომ სიმართლის ისევ ისე გჯერა,
რომ ოცნება ცოცხალია ჯერაც.
სინოტივე ღამეებში იწვის,
ალბათ იყო ის რაინდი, პრინცი,
შესაძლოა თავად ღმერთსაც ჰგავდა.
ალბათ იყო, ან არ იყო ალბათ.
დამთავრდება იდეალი ახლის,
რომ მოკვდები, გაიცინებს ხალხი,
პასუხს ჰპოვებს, იტყვის: იყო გიჟი!..
ცხოვრება კი გაგრძელდება შიშით.
საკუთარ თავს ასე რატომ ებრძვი,

როცა ბოლოს გაიმარჯვებს ეჭვი,


ბოლოს ყველა გამოდგება მხდალი,
ვალს მოიხდის, დაგიტირებს ქალი.
სინამდვილე რომ დაჰკარგავს ფერებს,
ნათელია, რა მოხდება მერე...
მერე ვინღა მოიკითხავს სინდისს,
გინდა მონის, გინდა დიდი პრინცის,
გაცვეთილა დედამიწის კალთა,
ის არ იყო, უფრო იყო ალბათ.

ზაფხულის ვარდი

შეცდომას უშვებ, ამართლებ დაღლით,


მაგრამ მხოლოდ შენ არ ხარ დაღლილი,
მოკვდება ბაღში ზაფხულის ვარდი,
რა ვქნათ, დრო გარბის კინოკადრივით.
არ გინდა სწერო წარსულის ვალზე,
არ გინდა... ფურცელს დასტოვებ სუფთად,
შენ სწერდი ლექსებს ვიღაცა ქალზე,
ქალზე, რომელიც არც ისე გძულდა.

ხან აღტაცებით იყავი მთვრალი,


ხან სისულელეც მიგქონდა გულთან,
ცხოვრება უფრო მარტივი არის,
თუ ცხოვრობ, მართლა იცხოვრო უნდა.

დინება

მახსოვხარ,
ახლა ხსოვნა მაწვალებს,
შენს ნაწნავებს კი
აწვალებს ქარი
მე ერთხელ ღამით ვკითხე ვარსკვლავებს,
რატომ იცვლება ხალხი და დარი.
ტალღას სცვლის ტალღა, მზეს კიდევ - მთვარე
გაივლის დრო და ჩაივლის წყალი,
ქალები კიდევ შესცვლიან ქალებს,
არაფერია ამქვეყნად მყარი.

მოლოდინი

ფანჯარა, სახე, ქალი,


გადაწეული ფარდა,
სხვა არაფერი არის
სიცარიელის გარდა.
შეჩერებული თოვა
შეციებული ბზები,
ალბათ ოდესმე მოვა,
მივიწყებული გზებით.

ქალი სინათლეს ანთებს


(ოთახში მაინც ბნელა),
ჩამოაფარებს ფარდებს,
კარებს მიხურავს ნელა.

და აღარ არის გლოვა


და აღარ არის ბრაზი,
ის, რა თქმა, უნდა მოვა,
მოსვლას თუკი აქვს აზრი.

უცნაური დღესასწაული

თვალებში ბზარი,
გგონია, რომ
დრო მოგერია,
ახლაა ქარი,
ნუ შეშინდი,
არაფერია!
ჩადგება ღელვა,
ჩავარდება
ვარსკვლავი ზღვაში
და სასწაული
მოხდება მაშინ,
მოხდება, რისაც აღარ გჯერა
და მაინც ელი,
მიენდე სურვილს,
უფრო მაგრად ჩასჭიდე ხელი!
ახლაა ქარი
მეზღვაური ამზადებს აფრებს,
ჩვენ გვინდა ბევრი,
მაგრამ რაღაც
ხომ უნდა ახდეს.

(***მე მივატოვე წარსულზე დარდი)


მე მივატოვე წარსულზე დარდი,
მაგრამ მინდა, რომ ეს მაინც გითხრა,
აღარ ჩანს რემბოს მთვრალი ხომალდი,
უბრალოდ, ზღვაში მივცურავთ ფხიზლად.

უბრალოდ, ფხიზლად მივყვებით ტალღებს,


ამას სახელად რწმენა დავარქვით,
არ ვეძებთ ნაპირს, არ ვეძებთ კარებს,
რადგან არა გვაქვს ჩვენ მისამართი.

რადგან ვერა ვგრძნობთ მიზანის სიტკბოს,


გაქრა ოცნების დაღუპვის შიში.
ყველა ჭკვიანი შეიქმნა ვითომ
და აღარავინ არ არის გიჟი.

და დაგვავიწყდა, რა არის მაღლა,


ისევ ანათებს თუ ჩაქრა მთვარე,
ფხიზლად მივყვებით ჩვენ მორიგ ტალღას,
მე მომენატრა, წამით სიმთვრალე!

(***დაშორდებიან მგზავრები მგზავრებს)

დაშორდებიან მგზავრები მგზავრებს,


მატარებელი თავის გზით წავა,
თვან გაიყოლებს სიხარულს, ჯავრებს,
დილას, მოწყენას და ფინჯან ყავას.

დაშორდებიან ღრუბლები ღრუბლებს,


მოგვეჩვენება ცა ისევ შორი,
მოგვეჩვენება, ოდესღაც თურმე,
მრგვალი პლანეტა ყოფილა სწორი.

დაშორდებიან ფიქრები ფიქრებს,


სტოვებენ დაღლას, ყურებში შუილს,
იმედს, რომ ისევ ვიქნებით იქნებ...
მახინჯ სიმართლეს და ლამაზ ტყუილს.

პირველი წუთი

ასე უბრალოდ, შეცდომით, სადღაც,


გზას ავცდით, მაგრამ მივდივართ გზაზე,
აღარც ჟინია და აღარც დაღლა,
კარი გაგვიღეს, თან ჩაგვირაზეს.

არც სინამდვილე, აღარც მირაჟი,


ჩვენ ვცხოვრობთ, რადგან გვასწავლეს ისე,
რომ დაგვიხრია თავი მიწაზე
და ერთმანეთის ნაკვალევს მივსდევთ.

თან გვინდა სივრცე და თანაც ყუთი,


თან რაღაც გვინდა და თანაც არ გვსურს
თუკი დავკარგეთ პირველი წუთი,
მაშინ ვერასდროს ვიპოვით პასუხს.

(***ხანდახან უნდა იწამო სროლის)

ხანდახან უნდა იწამო სროლის,


რომ გაიფანტოს ცხოვრების ბოლი,
წაიღოს ყველა უნიჭო როლი,
წაიღოს ცრემლი...
ცრემლები დაღლის, გაურკვევლობის,
შეცდომების თუ დაუდევრობის,
ხანდახან მაინც იწამე სროლის.

ფერები

ჩემი მისტერია მშვიდი ზღვისფერია,


შენი თმისფერია უხილავი ბგერა,
შენთვის მომიძღვნია ფერთა იმპერია,
გთხოვ, რომ ჩაიბარო ჩემი ბედისწერა.

ვწერო აღარ მინდა, სიტყვით დავიღალე,


ამ ლექსს იმიტომ ვწერ, რომ შენ გელოდები,

სადაც ჰაერია რბილი, გამჭვირვალე,


სადაც სიჩუმეა ფერად მდელოების.

სელინჯერს

რას ეუბნება კედელი კედელს?


- რასა და ვდგავარ უძრავად ასე,
კუთხეში ალბათ შევხვდებით შემდეგ,
ასეა, ნუღარ იკითხავ რაზე.

რას ეუბნება კედელი კედელს?


რასა და, ძმაო, შენთან ვარ თითქმის,
გიპოვნე მგონი და მაინც გეძებ...
ტბა გაიყინა, გაფრინდა იხვი...

კარტი და წვიმა

ქალები, ტუზი
და ისევ ტუზი,
სამწუხაროა
გაქცევა მუზის,
როცა გარეთ წვიმს...
ნუ გაშლი ქოლგას,
მოუსმინე, რას ამბობს წვეთი,
წვიმის წვეთი,
და ნურაფერი
ნუ გინდა მეტი.

(***თოვლი ბაღი ხეები)

თოვლი ბაღი ხეები


სითეთრე ჩრდილი გზა
წამი ეჭვი დღეები
უცნობი სახე სხვა
ფანჯარა ქალი ლოდინი
საათი ბოლი ფერფლი
ჭერი კედელი ლოგინი
ზეცა ღრუბელი ღმერთი.

(***ახედე ვარსკვლავებს, რომელნიც არ ჩანან)

ახედე ვარსკვლავებს, რომელნიც არ ჩანან,


ოცნება გეყოფა!
ჩადიხარ კიბეზე, ჰაერი ცივია
სხვა დადგა ეპოქა.
გამქრალი სიზმრები და ღამე შიშველი
ეძახის ფანტომებს,
დაცლილი ბოთლები და შარვლის ტოტები
არაფერს გაგონებს.

უსიზმრო სიზმრებში დამდნარი იმედი


ისევე აბოდებს,
და ითვლის დღეებსაც და ითვლის წამებსაც
და ითვლის ნაფოტებს,

რომელნიც მდინარემ, თითქოსდა მძინარემ,


ძლიერ შორს გარიყა,
არ იცი, ვინ ელის, არ იცი, ვინა დგას
მეორე ნაპირთან.

ახედე ვარსკვლავებს, რომელნიც არ სჩანან,


რადგან ცა დიდია.
ახედე ვარსკვლავებს, უსიტყვოდ, უჩუმრად
ჩვენგან რომ მიდიან!

სიცარიელე

მე მინდა ქარი, კიდევ ქარი, უფრო ქარი...


სიცარიელე,
კიდევ თვალი,
ათვალიერებს
სამყაროს ვინაც...
მერე წვიმა,
წაშლა, წაშლა... სირცხვილის, დაღლის,
ანუ სურვილი რაღაც ახლის,
პატარა სახლის,
რომლის ირგვლივ არაფერია.

(***მე მომენატრა შენი ხელები)

მე მომენატრა შენი ხელები,


საღამოს ბინდი,
მე მომენატრა... მერე თითქოს
ცისკენ გავფრინდი
და მარტოობა ქვემოთ დარჩა,
მწარე ხველებით დამიძახა:
დამიბრუნდი, ჩაიჩეხები!
ვინ მოგცა ნება, სივრცეებს,

რომ ასე ეხები.


მე მომენატრა შენი ხელები,
საღამოს ბინდი...

(***უძლური სინათლის ქალაქი)

უძლური სინათლის ქალაქი


ქუჩები უფერო ფერის,
სულ ყველა სულ ყველას ძმაკაცი,
სულ ყველა სულ ყველას მტერი.

იქ, სადაც არ ხდება სიახლე,


არავის არა აქვს ბედი.
იქ სადაც იციან სიმართლე,
მაგრამ არ იციან მეტი.

იქ, სადაც ცვლილების სურვილი,


არავინ გაივლო თავში,
არა აქვთ სიცოცხლის წყურვილი,
მაგრამ აქვთ სამოთხის საშვი.

და თითქოს ჩრდილები დადიან,


უაზრო წრეწირებს ჰკრავენ,
იქ, სადაც არაფერს სჩადიან,
უბრალოდ ცხოვრებას ჰკლავენ,

იქ, სადაც თენდება არასდროს,


ღამეში ეძებენ გროშებს,
ჰაერი მაინც არ ჩარაზოთ,
ჰაერი, ჰაერი დროზე!

შეხვედრა

თუ ზღვების იქით ისევ ზღვა არის,


თუ კატა მზეზე მზეს აშტერდება,
მაშინ ვინ იტყვის: აბა რა არის,
ან განშორება, ანდა შეხვედრა.

უცნობ ქალბატონს

ყოველდღიურად თქვენ მიირთმევთ


100 ფინჯან ყავას,
მზე რომ ჩავა,
ვეჭვობ, მგონი კითხულობთ მარკესს,
დილით კი დიდხანს უყურებთ სარკეს,
არ ამხელთ, მაგრამ ალბათ გჯერათ
მაღალი მოდის,
განიცდით, როცა ყვავილებით
არავინ მოდის.
თქვენ გეყვარებათ სიგარეტი,
კაფე და პოზა,
რასაც დაარქვით პოეზია,
უფროა პროზა.
თვეში ერთხელ დაანთებთ სანთელს,
ლოცულობთ, გახდეთ
და თქვენს ასაკს გაამხელთ ღმერთთან,
დაიჩურჩულებთ:
ღმერთი არს ჩვენთან.
მთავარი კიდევ...
ო, არ გინდათ ვინმემ გაგიგოთ,
ნუ გეშინიათ, მე არ გაგცემთ,
რადგან არ გიცნობთ!

(***სად ეჩქარებათ უფორმო ღრუბლებს)

სად ეჩქარებათ უფორმო ღრუბლებს,


ცა დაემსგავსა ჭადრაკის დაფას,
ღრუბლებს გაქცევა მოუნდათ უცებ,
მზე გამოვიდა და ისევ გაქრა.

და უცებ გაქრა მთავარი რაღაც,


როგორც ცხოვრება, ცხოვრების ვნება,
ვეღარ წავიდა ის უფრო მაღლა
და სიმაღლეებს იგი დანებდა.
მეც უკვე მინდა დავსვა წერტილი,
რომ კარგად მორჩეს ყოველი ბოლოს,
მოგონებების უღელტეხილი
ბუნდოვნად ჩანდა სიზმარში მხოლოდ.

გზის ბოლოს

გზის ბოლოს, სადაც არაფერს ითხოვ,


ისე, უბრალოდ არაფერს მისდევ,
სადაც ცხოვრება მთავრდება თითქოს,
მთავრდება, მაგრამ იწყება ისევ.

სადაც მიაგენ, იწამე ვითომ,


სადაც სიცხადეს მირაჟით სცვლიდი,
სადაც ელოდი სულ ცოტა სითბოს,
მატარებელი ღრუბლებში მიდის.

(***როცა დასტოვებ მიწას და დაღლას)

როცა დასტოვებ მიწას და დაღლას,


როცა მიდიხარ ღრუბლებში მაღლა,
როდესაც გესმის მთების და ბარის,
როდესაც იცი, ვის უხმობს ზარი...

(2000 - 2002)
გამოდით გარეთ

ქალია ალბათ, ქალია ზღვარი


და მარტოობა - უზღვრობა უფრო,
ეს ყველაფერი ან მართლა არის,
ან მოვიგონეთ, რომ დავეუფლოთ.
გამოვიარეთ რამდენი კარი,
რამდენი ხვრელი, ძველი წიგნები.
ტალღა ზღვის არის - ხმა, საუბარი,
სიჩუმე კიდევ - თეთრი მინდვრები.
ნეტავი რისი თქმა უნდათ ზარებს,
რომ რეკენ ასე, ასე დილიდან,
ალბათ, ამბობენ, გამოდით გარეთ,
თქვენი ჩარჩოდან, თქვენი ბინიდან.
გამოდით გარეთ, წაშალეთ ზღვარი,
იპოვეთ ქალი, ბგერა და ფერი,
ეს ყველაფერი ან მართლა არის,
ან ფერადდება სულ არაფერი.

ლურჯი ტბა

კუნაპეტი...
გაფიქრება უცაბედი
სიზმარივით,
შეყვარება,
დამუნჯება,
როდესაც ტბა გალურჯდება...
ჩვენ ვარსკვლავებს ვთხოვოთ შუქი,
რომ სამყაროს მოვხსნათ ლუქი,
მაშინ ახლოს მოვა ღმერთი
და სიზმარი თეთრზე თეთრი.

სიტყვებთან თამაში

ღამე
შუქი მწვანე
მოგონების
ოკეანე
კაბა
ფანჯრის რაფა
ვარდი
ვითამაშოთ
კარტი
ერთი ორი
ბოლი
არასწორი
გრძნობის
მოდი სიტყვას
დავანებოთ
თავი
დავი
ღამე
მოგონების
ოკეანე.

მარკესის წვიმა

ახლა ღამეა, წვიმს, თითქოს ცივა,


სარკეში ვეღარ პოულობ სახეს,
ხეებს დამზრალი ფოთლები სცვივა
და შენც რატომღაც კითხულობ მარკესს.

უწყვეტად გაწვიმს... ოქტომბერია


და წიგნი მხოლოდ შეკითხვებს ბადებს,
მარტოობაში ძლიერ ძნელია
გაუძლო ლოდინს და ორშაბათებს.

ყოველთვის უნდა დაკარგო მეტი,


რომ ამოიცნო ცხოვრების არსი
და რომ იპოვო შენ შენი ბედი,
არ გყოფნის წელი, თუ გინდა ასი...

დედამიწაზე ვერ ნახა სითბო,


ამიტომ ცაში გაფრინდა ქალი,
რად გეშინია, რომ წაიკითხო
ძველ პერგამენტზე შენი იღბალი?!

ფიქრები უცნაურ მოხუცზე

ცხოვრობდა, ალბათ, მომცრო, წყნარ სახლში


ის, როგორც ბავშვი.
ცელქი იყო და ხანაც ზანტი,
ის კითხულობდა საბავშვო წიგნებს,
უყვარდა, ალბათ, კაპიტან გრანტის
ორივე შვილი
იყო გულჩვილი.
ერიდებოდა მისტიურ ფიქრებს
და სძულდა კანტი!
ის იხსენებდა ბავშვობის სიზმრებს,
ისე, უბრალოდ, გულწრფელი დარდით.

ის მოდის
ის მოდის ჩუმად,
როგორც ქურდი ან საყვარელი,
ან ნამთვრალევი
გრძნობების ჩქამი,
ის მოდის ჩუმად,
უფრო ხშირად
ის მოდის ღამით,
და რომ იცოდეს, -
როგორ გავსვრით,
აქ აღარ მოვა!..
და იქნება
ცამდე მართალი
ის -
მარტოობის თეთრი სარდალი,
სახელად თოვა!..

უსასრულობის ძიებაში

დასასრულის უსაზღვრო შიში


ხელს ვეღარ გვიშლის,
დროა გავფრინდეთ!
დედამიწა ხალხით გაივსო
და ვერ გაიყო
ნაჭერი მიწის,
დროა გავფრინდეთ,
განვერიდოთ
ჟესტებს,
ცრემლებს
და ძალად სიცილს!
ნუ ველოდებით
მომავალს, შედეგს!
მე ვეძახი მაღლა მნათობებს
ყოველ ღამე, როცა ელავენ,
დროა მოვფრინავთ!
ასე აჯობებს,
სინანულში ვცურავთ ყელამდე.
ისინიც სდუმან თანხმობის ნიშნად,
გზავნიან რიჟრაჟს
გვიადვილებენ
დატოვებას მიწაზე სევდის,
სხვა სამყაროში ვეძიოთ ბედი,
დროა გავფრინდეთ!..

სიმსუბუქე

„ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე“


მილან კუნდერა

სიცხადეს და სიზმარს შორის,


დრო გაქრება, როგორც ნისლი
და მსუბუქი ჩნდება ფიქრი,
სასწაული ხდება თითქმის,
მაგრამ მიქრის, მიქრის, მიქრის...
სიცხადეს და სიზმარს შორის,
ბუნდოვანი რაღაც გრძნობით,
უცნაური მარტოობით,
მოდის ჩვენთან თურმე უკვე
ყოფის მძიმე სიმსუბუქე.

სიშორე

დავიწყებულ დროთა სიშორე,


პირამიდები,
გაზმორება უცხო წარსულის,
ვერ დაგპირდები
დაბრუნებას ლამაზი მითის,
იყო, ალბათ, რაღც ზღაპრულიც,
მერე გაჩნდა სიცხადის რიდი,

სასაცილო გახდა გმირობა,


მაგრამ მაინც ეძებდნენ გმირებს,
დებდენენ პირობას,
შესთხოვდნენ ღმერთებს,
ბევრიც იტირეს!
შემდეგ...
ცხვრობდნენ მშვიდობაში ისევ მტრობამდე,
მარტოობაში ალბათ ისევ მარტოობამდე,
და შიგადაშიგ ღრიალებდნენ:
მოდით შევერთდეთ!
მერე დადგა ოცდამეერთეც.
ახლა ვარ გარეთ,
ვუყურებ ქუჩას, სახლებს, "ვიტრინებს",
ვწუხვარ, ღამით ვერ გამოვიძინე,
სიზმრად ვხედავდი
დავიწყებულ დროთა სიშორეს.

დავა

ბევრი ვიდავეთ,
სისადავე
გაქრა დავაში
და გვეგონა
ომი-თამაში,
რწმენა -
გართობა,
ეს იყო ჩემი
ახალგაზრდობა.

ფირენცე

აქ თითქოს ღამით შეუყვარდათ ხიდებს ხიდები,


ხიდიდან ხიდზე გადავიდა და გზიდან გზაზე,
და მოეჩვენა, პატარაა პირამიდები,
და მოერია აურაცხელ ტკივილს თუ ბრაზებს,
იგი ავლებდა ხაზებს, ხაზებს
მღვრიე სიზმრებით -
ჩვენ არ ვიქნებით,
და მალავდა ქვეყნისგან სახეს,
იქ, სადაც ხიდებს შეუყვარდათ
მხოლოდ ხიდები,
სადაც ხიდები
გვიამბობენ,
რომ იყო ასე,
ოცნებით სავსე,
იდგა ფირენცე,
სად იმედები შეხვდებიან
ისევ იმედებს.

იტალიური დღიურიდან
სინათლე, ჩრდილი,
საღამო თბილი,
ქუჩა - ვირაჟი,
გზა და მირაჟი,
დაუწერელი
წიგნის ტირაჟი,
ლექსების ტომი,
გამოჩნდა რომი.

(***მე ვეკითხები)

მე ვეკითხები
წარმავალ დღეებს,
არყის ხეებს,
შემოდგომის დამჭკნარ ფოთლებს,
არყის ბოთლებს,
დაცლილს თუ სავსეს,
ასე ყოველთვის.
მე ვეკითხები
სახლის ავეჯს,
მაღლა მწვერვალებს,
ღამის დარაჯს,
ცაზე ვარსკვლავებს,
მე ვეკითხები,
ისე უბრალოდ...
პასუხს არ ველი,
გიჟი არა ვარ.

გაქრობა

მთაშია ნისლი, ცაზე - ღრუბლები,


ახლა გაქრობა არის ადვილი,
ბევრი რამეა ქვეყნად უთქმელი,
მაგრამ ცოტაა მართლა ნამდვილი.
ბევრია სითბო, ბევრია ბრაზი
და უცნაური ბაღი ვარდებით,
მინდა გავავლო ბავშვივით ხაზი,
მერე? რა მერე, წავალ, გავქრები.
(***ნაწყვეტი სიზმრის)

ნაწყვეტი სიზმრის,
თითქმის
გამქრალი,

არის მართალი,
მაგრამ მე მგვრის შიშს
ის, რომ ყოველ გიჟსცხოვრების ბოლოს
უნდოდა ქალი,
ეს იყო მხოლოდ.

(***შენ და შემოდგომის მთვარე)

შენ და შემოდგომის მთვარე,


ღამის სამის ნახევარი,
ისევ ხეტიალი გარეთ,
უძილობა ასე არის.

მერე ბინა, მერე წიგნი,


შორს კი მთები, ისევ მთები,
გახსენება რაღაც წმინდის,
რითაც ცოცხლობ, რითაც თბები.

შენ და შემოდგომის მთვარე,


რიჟრაჟს უცდის ფანჯრის მინა,
ალბათ ისევ გავალ გარეთ,
უშენობა მომეწყინა.

(***რა დროა)

რა დროა,
სხვა დროა,
რითმებით ვიტყუებ,
რომ არ ვთქვა
სიცრუე,
მჭირდება თამაში,
ჩვენ ვცხოვრობთ დრამაში,
კომიკურ დრამაში
გრიმით და ნიღბებით,
ჩვენ ვიფიქრობთ,
რომ მუდამ,
სულ ასე ვიქნებით,
ვიპოვეთ სიწმინდე,
ჩვენია კარები
და გამყინვარება
თითქოსდა შორია -
ქუჩური ჭორია,
ჩვენ ბინა არა გვაქვს
და არ გვაქვს სახელი
და ნაცვალსახელით
ერთმანეთს მივმართავთ,
დავკარგავთ მისამართს,
რომ ერთი სიტყვა
ვთქვათ:
მიყვარხარ!
რადგან არაფერი
სხვა არ გვაქვს
სათქმელი
და მარტოობაში
წამიც ვერ გავძელით.

გამგზავრება და მოლოდინი

მეგობრებთან არ დალია გრამი,


მოენატრა მარტოობის წამი,
კარი გახსნა, დაიხურა ქუდი,
იყო დილის ოთხის ათი წუთი.
გამგზავრება დაისახა მიზნად,
უცებ თავის ნაბიჯს გაემიჯნა;
მიაკითხა მატარებლის სადგურს,
წასვლა უნდა, რადგან წასვლა არ სურს;
ის ყოველთვის უწოდებდა პროტესტს
სასაცილოდ შექმნილ ავტოპორტრეტს.
დაინახა მატარებლის თვლები,
შეიყვარა ცარიელი გზები.
გზაში შუბლი მიაბჯინა მინას,
როცა წვრილი წამოვიდა წვიმა.
მოგონება შეეხიზნა ლოდინს,
იხსენებდა ის ცარიელ ლოგინს.
გაიხსენა ძველი, მყუდრო ბინა,
შეიყვარა, მერე მოიწყინა.
დაბრუნებას ვერ დაარქმევს სახელს
თვლემს და თვალებს უცაბედად ახელს.
გააწვალებს დაბრუნების ჟინი,
მერე ისევ გზა და მოლოდინი.

აღარ

მორჩა! აღარ მინდა სიმბოლო


და ქვეცნობიერი გზები,
უკვე დრო მოვიდა ვიცხოვრო,
მკვდრებმა წაიყვანონ მკვდრები!

მე მიწაზე ყოფნა მომინდა,


თურმე არაფერი ვიცოდი,
აღარ მეშინია ომის და
აღარ მაშინია მშვიდობის!...

აღარ ვემართლები დროებას,


აღარ გავიკვირვებ დროების,
უკვე სხვანაირი დრო დგება,
ამიტომაც ვამბობ: დროებით!

(***რატომ შესცივდათ ზღვაში იალქნებს)

„სინათლე, მეტი სინათლე“


გოეთე

რატომ შესცივდათ ზღვაში იალქნებს,


ნაადრევად თუ მოვარდა ქარი.
არა, ჩვენ მოსვლა დავაგვიანეთ,
ვერ შევამჩნიეთ ლაჟვარდზე ბზარი.

ქარი არასდროს მოდის უდროოდ,


და უბოდიშოდ ხელს არვის ახლებს,
უბრალოდ, ჩვენ ვართ ასე უგზოოდ,
და ქარწაღებულს ჩვენ ვგავართ მგზავრებს.

სინათლე მეტი, მეტი სინათლე!


რატომ, მაესტრო, გვითხარით რატომ?!
ჩვენ სინათლეში თავს ვერ ვიმართლებთ,
სიბნელე კიდევ გვთრგუნავს და გვაფრთხობს.

რატომ, არ ვიცი, ბედს ვერ მივაგნეთ


და ჩვენს სიარულს ჰქვია ძუნძული,
ვერაფრით ვერ ვხსნით ზღვაში იალქნებს
და დროს მივყვებით თვალდახუჭული.

(***მე შემეყარა სევდა ვით სურდო)

მე შემეყარა სევდა ვით სურდო,


არ მინდა ვწერო, მინდა ხაზები,
ღამეს სიჩუმე მოუნდა უფრო,
ღამეს სიტყვები გააბრაზებენ.

დროიდან დროში, ახლა თუ შემდეგ,


სინამდვილეში, თუნდაც აბსურდში,
უნდა იცხოვრო ამქვეყნად ერთხელ,
რომ მეორედაც უკან დაბრუნდე.

მაწანწალა

სახლების სიჩუმეს ნაბიჯის ხმა მოშლის,


მკრთალი ლამპიონი, სველი ქვაფენილი,
იყო სიყვარული, დაკარგული დროში,
ქუჩა, ჩრდილებით და ფოთლით დაფენილი.
მაწანწალას კვალი მიდიოდა ცისკენ,
სადაც მთავრდებოდა მიწის ცრუ სიმხდალე,
მას უყვარდა ქალი და არ იყო მისკენ,
არც ოცნების შუქი და აღარც იღბალი.
ის ხედავდა სიზმრებს, ხშირს და აბდაუბდას,
და, როცა ფხიზლობდა, თითქოს მკითხაობდა,
თუმცა ქარტეხილებს უკვე გადაურჩა,
მაინც არ ამხელდა თავის ვინაობას.
იგრძნო, სხვა ჟამია, მაგრამ ესეც წავა,
ხალხიც შეიცვლება მოდის სიმრავლეში
და აღარ ისურვა, ისევ ემოძრავა,
ჩვენი დედამიწის სიბრტყე-სიმრგვალეში.
ვეღარ აიტანა ერთ ადგილას მარში,
სულ არ დაეძებდა ჩივილს, საყვედურებს,
რადგან მიდიოდა, მაღლა, შუაცაში,
მიდიოდა, ჰქმნიდა ახალ საფეხურებს.

ფრაგმენტები უცნობი

კაცის სიზმრიდან

I
შეხვედრა. ქალი. ღამე. სიგარა.
სიტყვები ისე. სიჩუმის გამო.
ფანჯარა. ნაძვი. წამი. გიტარა.
ქალი უკრავს და კვდება საღამო.

სუნთქვა. ნიავი. სურვილი სივრცის.


აღარ ეძებენ ხელები კედლებს,
სურვილი ღამის და შიში ცისკრის,
რომელიც მხოლოდ დატოვებს შედეგს.

ქალი. მუსიკა რატომღაც წყდება.


ფერება. დაღლა. ცოტა სასმელი.
და ამოუხსნელ იბნევა გზებად
შეხვედრა. ქრება ქალის სახელი.

II
სიფერმკრთალე,
შეიცვალნენ
პლანეტები
გამეტებით,
ახელებენ
სინამდვილეს
როგორც უხეშ
სიმარტივეს
და ოცნებით
საზრდოობას,
ჰქვია მაინც
მარტოობა,
მარტოობა,
მარტოობა.
III
ბარათი,
ხელზე საათი,
დრო მიდის ალბათ
ტაატით,
ის მიდის უცნობ ქალთან.
ღალატი.
ქუჩა.
ცა დაუხატავთ ლურჯად.
უსაქმობით ისე.
ხალხი. ნაბიჯები. მარში.
მათხოვარი ბავშვი.
ხურდა.
ქრისტე.

IV
ნარინჯისფერი ველი, იწვიმა,
წვიმას ელოდა ცხოვრება მთელი,
ქალს უხერხულად მოხვია ხელი
და მერე წასვლა აღარ იმძიმა.

იგი ეძებდა ცაში სართულებს,


იგი ეძებდა დასაწყისს, ბოლოს,
და ერთი რამე გაიგო მხოლოდ,
რომ სინამდვილეს არ გაართულებს.

მსუბუქი იყო მიწის სიმძიმე,


ის უყურებდა დაფერილ ღრუბლებს.
თურმე რაღაცა დამთავრდა უკვე
იწვიმა, მაგრამ ისევ იწვიმებს.

თავისი ქალის თითები სველი,


სამყაროს კარებს ოდესმე გახსნის,
და საიდუმლოს ასეთი ახსნით,
აღარ იქნება სიკვდილი ძნელი.

V
მირაჟი,
დედამიწა ყირაზე
შემთხვევით
არარსებულს ვემთხვევით,
როცა ცხადის უაზრობას
ვუმიზნებთ.
როცა ნამდვილ სცენად ვაქცევთ
კულისებს,
როცა მოსაწყენი ხდება
სიფხიზლე,
როცა თანახმა ვართ
სიკვდილზე,
მხოლოდ ცა მოჩანს,

მიწა კი გაქრა
და უდროობის
დროება დადგა.
და სასაცილო
შეიქმნა დაღლა,
ახლა.
მას გული სტკივა,
ცხენს - კი ჩლიქები,
არც ერთს არ სჯერა
თავდავიწყების.
და ბედისწერა
თავადვე შექმნეს,
გადააბრალეს
სიმხდალე ღმერთებს,
ბევრი იწვალეს.
რწმენით სიმთვრალე
არ გაიკარეს,
თითქოს მოსდევდნენ,
ჰყრიდნენ ოცნებებს,
სტოვებდნენ გზაში,
ილტვოდნენ ასე
უდროო დროში,
თითქოს ამ ლტოლვით,
იხდიდნენ ბოდიშს.
მაშინ ვხდებით
სასაცილოდ მარტვილნი,
მაგრამ ალბათ
ამ დროსა ვართ ნამდვილნი.

VI
ღმერთო ჩემო, როგორ უნდა ძილი, რომ სამყაროს არ დასწამოს ცილი,
როგორ უნდა დავიწყება ვნების
და სურნელი გადამხმარი ბზების.
როგორ უნდა, რომ მიაგნოს სარკეს,
რადგან მხოლოდ საკუთარ თავს ჰგავდეს.
სიფერმკრთალე ფერებს თუკი კენკავს,
შეიყვარებსვინმეს, თუგინდ კენტავრს.
ოღონდ კენტავრს ჰქონდეს ქალის თავი,
ოღონდ ჩანდეს ალისფერი მთვარე,
თუნდაც შორი, თუნდაც ძლიერ მკრთალი,
ოღონდ ბნელში დაამჩნიოს კვალი,
რომ ზმანება გადაიქცეს ცხადად,
როგორ უნდა დაინახოს კარგად,
სიფერმკრთალის ერთადერთი ფერი -
არაფერი, მაგრამ ყველაფერი.

VII
მხდალი მხედარი,
საით ნეტავი
მიილტვის, როცა

VIII
მაინც დაბრუნდა, დრო რომ გახუნდა,
ჭერი, კედელზე ძვირფასი ფოტო,
მიხვდა, არასდროს არ იყო ცოდო.

ფანჯრიდან ისევ ნაცნობი ხედი,


წიგნების თარო. მუსიკა ნელი,
ცხოვრება ძველი რომ შეიყვაროს

არ თქვას: არასდროს მქონია ბედი.


სიახლეს ისევ არ ემონება
სურათის მტვერი და მოგონება.

რაფაზე ჯდება. იხსენებს. მოსწევს.


ის მარტოობის დაეძებს მოწმეს,
მაგრამ არავინ არ არის მეტი.
არ თქვა: არასდროს მქონია ბედი.

IX
სადგური. პორტი.
ის კი არ მოდის,
სულ სხვა ადგილი
უნდა ნამდვილი.
ანდა მგზავრობა,
დაარქვა რასაც
ახალგაზრდობა,
შესთხოვდა ახსნას
მიწასაც, ცასაც.

სადგური. პორტი.
მოიცდის ცოტას,
მოლოდინს ლოკავს,
მოდის? არ მოდის?
უბრალო ხდება
ლოდინი როცა,
კითხვების კრება,

სიჩუმე, ლოცვა,
იწყება, წყდება.

სადგური. პორტი.
ის იყო ლოთი,
ან სულაც ლორდი,
ან მაწანწალა.
ან საკუთარ თავს
არ დააცალა
ცხოვრება, ძილი,
სივრცე გახსნილი,
ასე ნამდვილი.

X
მიუსაფრები. ზღვაში აფრები
არ დაიდევენ სურვილს თუ წადილს,
ქალები, როგორც ღამის ზღაპრები,
იცვლიან ნიღაბს, იცვლიან ადგილს.

ქაოსი. ღელვა. დინება ჩქარი.


ალბათ აჯობებს, აჯობებს ასე,
ვიდრე მარადი იდგეს ზამთარი.
მარტოობით და სითეთრით სავსე.

სადაც ხვდებიან ფერები ფერებს,


ერწყმიან. სცვლიან. ჰქმნიან ცვლილებას.
მერე და მერე, მერე და მერე
დარჩება მხოლოდ თავდავიწყება.

You might also like