Professional Documents
Culture Documents
1
მახსოვს ერთი, მეტად უმნიშვნელო შემთხვევა: მოსკოვის უმაღლეს სასცენარო
კურსებზე სწავლისას, ჩვენს საერთო საცხოვრებელში ბინადრობდა ერთი ლიტველი
ყმაწვილი. ის თავისუფალი მსმენელი იყო და სტიპენდიას არ იღებდა. ერთხელ, მას
შევხვდი საერთო საცხოვრებელის ერთობ მოუწყობელ სამზარეულოში, ყავას
ადუღებდა. გამოველაპარაკეთ ერთმანეთს.
სიტყვამ მოიტანა და მან თქვა: „სამზარეულოს ფული მაქვს გადასახდელი, ორი
მანეთიო”.
მე გამიკვირდა – არც კი ვიცოდი, რომ ამ დანგრეული სამზარეულოსთვის
არსებობდა გადასახადი. მან გაიცინა და მიპასუხა:
„ვისაც ვუხდი, იმათაც უკვირთ და, მე მგონი, დამცინიან კიდევაც. მე კი მაინც
ვიხდი. იქნებ ცოტა გამდიდრდნენ და მიხედონ ამ დანგრეულ სამზარეულოს. ისე კი,
რაც გადასახდელია, არ შემიძლია არ გადავიხადოო”.
ნუთუ, ლიტველი რუსეთის გამდიდრებისთვის იღვწოდა? ანდა, მას უფრო უყვარდა
რუსეთი, ვიდრე თუნდაც მე? არა, რა თქმა უნდა. ის აქ, რუსეთში თავის ეროვნულ
ღირსებას იცავდა. ეროვნული ღირსება! – ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ყოველი
ადამიანი უცხოობაში თავისი ერის წარმომადგენელია და როგორც შეუძლია, იცავს
საკუთარი ერის ღირსებას.
ეს უმნიშვნელო შემთხვევა დღემდე ცოცხლობს ჩემში, თუმც მას შემდეგ თითქმის
ოთხი ათეული წელი გავიდა და, განსაკუთრებით დღეს, მეტი სიცხოველით
მაგონებს თავს, როცა ჩემი უხილავი სასწორის მეორე მხარეს ვდებ იმ ადამიანთა, იმ
ქართველთა წუწუნსა და გოდებას, რომელნიც მისტირიან იმ დროს, როცა ცენტრში
ჩასულები, სულ უმნიშვნელო ძღვენითა და ქრთამით ახერხებდნენ „დიდი
საქმეების“ ჩაწყობას, გაწუწკებულ ჩინოვნიკებთან, თავისა და, თუნდაც, სამშობლოს
საკეთილდღეოდ.
ეს ის შემთხვევაა, როდესაც ორი მანეთი გაცილებით უფრო ღირებულია, ვიდრე
„დიდი საქმეების“ მთელი ფუთა.
ახლა, სასწორის ერთ პინაზე შევდგათ ირაკლი ციციშვილის ნაამბობი (რომელიც
პირადად მისგან არ მომისმენია და ამიტომ, წინასწარ ვიხდი ბოდიშს, თუ რაიმე
უზუსტობა მომივა): საბჭოთა არმიამ აიღო რომელიღაც გერმანული ქალაქი და მის
კომენდანტად დაინიშნა ირაკლი ციციშვილი. იმავე დღეს მას ეახლა ამ ქალაქის
რამდენიმე წარმომადგენელი. უპირველეს ყოვლისა, მათ გამარჯვება მიულოცეს
კომენდატს, ხოლო შემდეგ ნებართვა სთხოვეს, დაელაგებინათ და
დაესუფთავებინათ თავიანთი, ნაომარი ქალაქი…
ახლა კი, სასწორის მეორე პინაზე დავდოთ ჩვენი სიყვარული თბილისისადმი.
უამრავი ტკბილი სიმღერაა შექმნილი ამ სიყვარულზე, მაგრამ, საქმე საქმეზე რომ
მიდგა, სამოქალაქო ომის დროს, სადაც ჭურვი მიუწვდებოდათ, ქვა ქვაზე არ
დატოვეს დაპირისპირებულმა მხარეებმა. მათ შორის, არ დაინდეს და მიწასთან
გაასწორეს საკუთარი მშობლიური სკოლაც (თუმც, დღეს სკოლა აღდგენილია,
მაგრამ ის უკვე აღარ არის ის სკოლა, სადაც ტატო სწავლობდა).
ძალიან მიჭირს ამის მოგონება, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას: გიორგი
რევიშვილმა, ჩვენმა „რემკამ“, ჩემმა ყოფილმა სტუდენტმა, უნიჭიერესმა
ახალგაზრდამ, დიდი მომავლის მქონე მწერალმა და კინოდრამატურგმა, როგორც
რეჟისორმა მხოლოდ ერთი შესანიშნავი ფილმის გადაღება მოასწრო – „კვირა დღე“.
მას განუხორციელებელი დარჩა მრავალი უაღრესად საინტერესო ჩანაფიქრი.
მე აქ მინდა მოვიტანო ერთი პატარა ეპიზოდი ჩანაფიქრიდან, რომელსაც ის
2
„ავღანურ თემას“ ეძახდა: ერთი ქართველი ახალგაზრდა გაიწვიეს სამხედრო
სამსახურში. მოხვდა ავღანეთის ომში. მათი ბატარეა განლაგდა ერთ-ერთ
მაღლობზე. მომხდურთათვის ეს ადგილი კარგი საფარი იყო, რადგან მაღლობი
წმინდა ადგილად იყო მიჩნეული. ამის გამო ავღანელთა მხრიდან ამ
მიმართულებით არც ერთი ჭურვი არ გატყორცნილა…
ალბათ ყველას გვახსოვს ქვაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიის ტყვიით
დაცხრილული კედლები. ქრისტეს გულისთვის დიოკლეტიანესაგან ნაწარმოებში
წმინდა გიორგი, უკვე ჩვენი დროის წარმართებმაც არ დაინდეს…
ამავე, ნატყვიარი ეკლესიიდან, 1992 წლის 8 მარტს გაასვენეს ჩვენი რემკა და
სიცოცხლეშიც და სიკვდილშიც მისი განუყრელი მეგობარი კოტე ბიბილაური…”