დღის თემა
etaloni.ge
რას ავალდებულებს კანონი საბავშვო ბაღის პერსონალს, თუ აღსაზრდელს ალერგია აქვს
03.01.2023

სხვადასხვა საკვები პროდუქტის მიმართ ალერგია აღენიშნება ბავშვთა 4-8%-ს.

პროდუქტების მიმართ ალერგია, შესაძლოა, მძიმე და ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიში რეაქციით გამოვლინდეს. აქედან გამომდინარე, ოჯახს და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში პერსონალს უნდა შეეძლოს სიმპტომების გამოცნობა და შესაბამისად რეაგირება.

სურსათის მიმართ ალერგია ორგანიზმის სპეციფიკური იმუნური პასუხით გამოწვეული განმეორებადი რეაქციაა, რომელიც ვითარდება კონკრეტულ სურსათთან კონტაქტის შედეგად. ყველაზე გავრცელებული სიმპტომები მოიცავს კანზე სხვადასხვა ტიპის გამონაყარს, შეშუპებას, ეგზემას, ღებინებას,  მუცლის ტკივილს, ფაღარათს, ცხვირიდან გამონადენს, მსტვენავ სუნთქვას... ყველაზე მძიმე რეაქცია კი არის ანაფილაქსია, რამაც შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს.

სურსათის მიმართ ალერგია, როგორც წესი, ადრეულ ბავშვობაში ყალიბდება - დაახლოებით 6-დან 24 თვის ასაკამდე, თუმცა თევზისა და ზღვის პროდუქტების მიმართ ალერგია შესაძლოა მოზარდობის და მოზრდილობის პერიოდშიც ჩამოყალიბდეს. ბავშვებში კვებითი ალერგიების გამომწვევთა 75% მოდის ძროხის რძეზე, კვერცხსა და მიწის თხილზე. სხვა გავრცელებული ალერგენებია სოიო, ხორბალი, სეზამი, კივი, თევზი და ზღვის პროდუქტები.

ასაკის მატებასთან ერთად სურსათის უმეტესობაზე ალერგია ქრება. თუმცა თევზის და თხილის მიმართ ალერგია, როგორც წესი, გრძელდება მოზრდილობაშიც.

ალერგიის განკურნება შეუძლებელია, ამიტომ მისი მართვა გულისხმობს სიმპტომების პრევენციას სურსათის ალერგენებისთვის თავის არიდების გზით. ამ პროცესში აუცილებელია სამედიცინო პერსონალის, ოჯახის და მომვლელების ერთობლივი მონაწილეობა.

როგორ უნდა მოიქცეს საბავშვო ბაღის პერსონალი და მშობელი, როდესაც შენიშნავენ, რომ ბავშვს რაიმე პროდუქტზე ალერგია აქვს? აღნიშნულ საკითხს კანონი არეგულირებს და ის „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების“ ტექნიკურ რეგლამენტშია გაწერილი. კანონის მიხედვით:

თუ საბავშვო დაწესებულებაში ეჭვი გაჩნდა, რომ რომელიმე ბავშვს სურსათის მიმართ ალერგია აქვს, მის მშობელს უნდა ვურჩიოთ ექიმს მიმართოს. არ არის სასურველი ბავშვის კვების რაციონის შეზღუდვა სამედიცინო პერსონალის მიერ ზუსტი დიაგნოსტიკის გარეშე.

ოჯახმა უნდა მიაწოდოს საბავშვო დაწესებულებას ექიმის მიერ მომზადებული რეკომენდაციები დაშვებულ და აკრძალულ სურსათთან დაკავშირებით.

ძლიერი ალერგიის შემთხვევაში რეაქცია შეიძლება განვითარდეს სურსათის უმცირეს რაოდენობაზე, ამიტომ მნიშვნელოვანია სურსათის მომზადებისას არ მოხდეს მისი შემთხვევით კონტამინაცია/,,დაბინძურება“ ალერგენის მინარევებით. აუცილებელია სურსათის შემადგენლობის დაწვრილებით შესწავლა, ეტიკეტის წაკითხვა ალერგენის აღმოსაჩენად.

აუცილებელია, მძიმე ალერგიის რისკის მქონე ბავშვის თაობაზე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება ფლობდეს სრულ ინფორმაციას. იმ ბავშვებისთვის, რომელთაც წარსულში ჰქონიათ ანაფილაქსია ან სხვა მძიმე ალერგიული რეაქცია, საბავშვო დაწესებულებაში უნდა არსებობდეს გადაუდებელ შემთხვევებში ქმედების ზუსტი გეგმა.

ზოგიერთი სურსათის მიმართ ალერგიის შემთხვევაში, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ე.წ. ჯვარედინ რეაქციას. ასეთ დროს ალერგიული რეაქცია შეიძლება განვითარდეს არა კონკრეტულად ცნობილ ალერგენზე, არამედ მის ,,მონათესავე“ რომელიმე პროდუქტზე, რომელიც შეიძლება გამოიყენებოდეს ალერგიული ბავშვისთვის სურსათის შერჩევის და მომზადების პროცესში.

იხილეთ ასევე:

მარი მალაზონია: თუ ბავშვი ავად არის, არ აჭამოთ გოგლი-მოგლი

რა შემთხვევაში შეუძლია თაფლს ბოტულიზმის გამოწვევა

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი