„კუთხე-კუნჭული“ 60 - 2023

მიტოვებული ცხენები

2055210
„კუთხე-კუნჭული“ 60 - 2023

„კუთხე-კუნჭული“ 60 - 2022-2023

გადაცემის ავტორია მარიამ გაფრინდაშვილი

მიტოვებული ცხენები

კაბადოკია - „ლამაზი ცხენების სამშობლო“, ხშირად გვსმენია ეს განმარტება. შიდა ანატოლია ოდითგანვე იყო ცნობილი ველების გაუხედნავი, თავისუფალი ფერად-ფერადი და ტანადი, ჯანმრთელი ცხენებით. კაბადოკიის მხარეში ბევრმა საუკუნემ განვლო, ვულკანური წარმონაქმნები კი ისევ დგანან ამაყად და ღამით ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ შემზარავადაც კი, რადგანაც მთვარის შუქზე ზოგს ვეებერთელა ადამიანის ფორმა აქვს, ზოგს კი ცხენის.

კაბადოკიის მხარეში იმ ადგილებში, სადაც თვალუწვდენელი ველები ისევ შემორჩენილია თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მორბენალი ფაფარაშლილი ცხენები და მათ გვერდით მოკუნტრუშე კვიცები. თუმცა დაკვირვებული თვალი შორიდანვე შეამჩნევს რემის თავში ან ბოლოში ერთ-ერთ ცხენზე ამხედრებულ მწყემსს, რომელიც აკონტროლებს ცხენების ტრაექტორიას. ასევე ძაღლსაც, რომლის სირბილის ტემპიდან გამომდინარე ადვილად მიხვდებით, რომ სწორედ ამ ცხენებთან ერთადაა შეზრდილი.

ტურისტების მხრიდან დიდი დაინტერესების გამო ცხენების დიდი ფერმები შეიქმნა არა მარტო კაბადოკიაში, არამედ შიდა ანატოლიის სხვადასხვა რეგიონებშიც. გარკვეული ტერიტორიის ფარგლებში მოქცეული რემის ჰქროლვა, ფლოქვებიდან აყრილი მიწის მტვერი ნისლის შთაბეჭდილებას ტოვებს და ეს პეიზაჟი გულგრილს არ ტოვებს ფოტოგრაფებს, სოციალური მედიის ბლოგერებს და ა.შ. სწორედ ამიტომ ეს ცხენები ბიზნესის ობიექტად იქცა. მათ განსაკუთრებულად უვლიან კიდეც.

თუმცა საინტერესოა რა ხდება მას შემდეგ როცა ეს ცხენები ბერდებიან და ფოტოობიექტივში მათი რბენა იმდენად ესთეტიური აღარ ჩანს. რა თქმა უნდა, ასეთ ცხენებს ველად უშვებენ, ათავისუფლებენ „სამსახურიდან“, რასაც ისინი წლები ემსახურნენ. ამიტომაც კაბაოდიკიის მხარეში თუკი ველოსიპედით ან ფეხით იმოგზაურებთ, ნახავთ ცხენთა სრულიად განსხვავებულ რემას, რომელიც დაუძლურებულია, ხანში შესულია, მაგრამ თავისუფალია.

თურქულ ენაში ბევრი სიტყვა არსებობს ცხენთან და მის ფერებთან დაკავშირებით. ეს გასაკვირი არცაა, რადგანაც თურქული ტომები ოდითგანვე ცხენოსნობით იყვნენ დაკავებულნი და მაშინაც კი როცა შუა აზიიდან ცხენებით ანატოლიის ნახევარკუნძულზე მოვიდნენ და დასახლდნენ, ცხენის ყოლის ტრადიცია განაგრძეს. ცხენებთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიაში კი არსებობს ერთი სიტყვა “ılkı atlar” (ილქი ათლარი), რაც ძველი თურქულიდან ერთ წელს დაბადებულებს იგივე ტოლებს აღნიშნავდა, თუმცა სიტყვამ შემდგომში სხვა მნიშვნელობა შეიძინა და ის სწორედ ბუნებაში თავისუფლად გაშვებულ, მიტოვებულ ცხენებს აღნიშნავს.

ანატოლიაში მანისას მთა სფილისა და იუნთის, ასევე ქაისერის ერჯიესის მთის კალთებზე, მუშის, ქარადაღის, აფიონის მიდამოებშიც  ილქი ცხენებს შეხვდებით. მათ მიერ შექმნილი ულამაზესი პეიზაჟები არაერთი ფილმისა და ფოტოპროექტის მთავარი ობიექტი გამხდარა. ეს ცხენები ნებისმიერ კლიმატურ პირობებს არიან შეჩვეულნი. ისინი სხვადასხვა მიზეზით მოხვდენ ბუნებაში. პატარა კუნძულებზე ფაიტონებში შებმული ცხენების გასათავისუფლებლად წამოწყებული კამპანიის შედეგად ცხენები მტანჯველი მოვალეობდიან გაათავისუფლეს, მაგრამ ისინი ბუნებაში მიატოვეს. ასევე ოჯახში მისი შენახვის საშუალება ვერ გამონახეს და ის ბუნებაში გაუშვეს. მათ კი ბუნებაში თვითგადარჩენის მიზნით ერთმანეთი იპოვეს და რემის შექმნით, ერთად ყოფნით და ერთგვარი ლიდერის შერჩევით ახალი ცხოვრების წესით განაგრძეს არსებობა. მეტიც, უკვე დაბერებულ და დაუძლურებულ ცხენებს გამრავლების უნარი ისევ გააჩნიათ, ამიტომაც მათ ახალი თაობები წარმოშვეს, რომელთაც მოშინაურების „ცუდი“ გემო არ გაუსინჯავთ, ამიტომაც ისინი შორეული წინაპრის „ველურ“ ცხოვრების წესს დაუბრუნდნენ. მათ საფრთხის მოახლოების შეგრძნება ათჯერ უფრო განვითარებული აქვთ, ვიდრე მოშინაურებულ ცხენებს. თუმცა სამწუხაროდ მათი უმეტესობა ისევ და ისევ გარემო პირობების მიერ შექმნილ დაბრკოლებებს ვერ უძლებს და იღუპება, ზოგს მანქანა ეჯახება და ზოგიც ზამთრის ყინვებს ვერ უძლებს.

თურქეთში გარემოს დაცვის აქტივისტები სპეციალურად დადიან ისეთ ადგილებში, სადაც ვარაუდით იციან რომ იქ ეს ცხენები ცხოვრობენ, მათ ყინვიან დღეებში საკვებს უტოვებენ, რომ სწორედ საკვების გამო საძოვრად არ წავიდნენ, მგლებისგან შორს დაიჭირონ თავი და თავიანთ შექმნილ უსაფრთხო სადგომს არ გასცილდნენ.

სამწუხაროა, მაგრამ მათი რიცხვი ყოველ წელს იკლებს, თუმცა როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ისინი მაინც აგრძელებენ ცხოვრების ასეთი წესით არსებობას და როგორც ჩანს მათ გადაშენება არც უწერიათ.



მსგავსი ინფორმაციები