საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის საზეიმო ღონისძიება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის მე-15 ნაკადის გამოშვება, ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამების პირველი კურსდამთავრებულების გამოშვება, ასევე, დოქტორანტის მიერ დისერტაციის ინგლისურ ენაზე დაცვა და ჟან მონეს ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის პირველი ნაკადის მიღება აღინიშნა.
 

„თსუ-ში ევროპული კვლევების ინსტიტუტი (IES) დაფუძნდა, როგორც ინტერფაკულტეტური ერთეული, რომელიც 16 წლის განმავლობაში ევროკავშირს, ასევე, მის სამეზობლოს, იკვლევს და ასწავლის ეკონომიკის, სამართლის, პოლიტიკისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა პრიზმიდან. თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტს საუნივერსიტეტო სივრცეში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ე.წ. მესამე მისიის შესრულებაშიც, რაც უპირველეს ყოვლისა ევროპული  ღირებულებების დამკვიდრებასა და გავრცელებას გულისხმობს, ასევე, ჩვენი ტრადიციისა და ღირებულებების საერთაშორისო საზოგადოებისთვის გაცნობას, რაც მაღალი დონის ინტერნაციონალიზაციაში გამოიხატება, - განაცხადა თსუ რექტორის მოადგილემ ნინო გვენეტაძემ.
 

„ჩვენ ვამაყობთ, რომ ევროკავშირმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დაარსებაში. ამ ხნის განმავლობაში ინსტიტუტმა გააფართოვა ურთიერთობა სხვადასხვა ევროპულ სტრუქტურებთან, მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის მრავალ მნიშვნელოვან პროექტში. დღეს, ევროპისმცოდნეობის ინსტიტუტის პროგრამების წარმატება არის უფრო სრულფასოვანი, ვიდრე ოდესმე. ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასე მჭიდრო და ევროკავშირის კარი არასდროს ყოფილა ასე ფართოდ ღია, ვიდრე ახლა,“- აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ საზეიმო ღონისძიებაზე.
 

„17 წლის წინ ევროკომისიამ ხელი შეუწყო რეგიონის უძველეს და უდიდეს უმაღლეს სასწავლებელში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპული კვლევების ფაკულტეტთაშორისი ინსტიტუტის შექმნას, რომლის მიზანი იყო ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლება, საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ევროპული ღირებულებების გავრცელების ხელშეწყობა უმაღლესი განათლების საშუალებით. IES ამოქმედდა ერთი ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამით. ახლა, როდესაც ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა ოფიციალურად გავრცელდა საქართველოზე, ჩვენთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით, IES-მა ეს ისტორიული იმპულსი უფრო გაძლიერებული პოზიციით დააკმაყოფილა - ჩვენ გვაქვს 6 პროგრამა განათლების სამივე საფეხურზე,“- განაცხადა თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ნინო ლაპიაშვილმა.
 

ღონისძიებაზე თსუ პროფესორების ვასილ კაჭარავასა და მერაბ აბდალაძის სახელობის სტიპენდიები IES -ის საბაკალავრო პროგრამის წარჩინებულ სტუდენტებს ლიზი ცაავასა და ლამარა ქიშმარეიშვილს ვასილ კაჭარავას შვილმა გადასცა.
 

თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტში ქართველ სტუდენტებთან ერთად სწავლობენ სტუდენტები უკრაინიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვადან, თურქეთიდან, ჩინეთიდან, კამერუნიდან.
 

ღონისძიებას ესწრებოდნენ თსუ სტუდენტები, პროფესორები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათ შორის, კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელი შტეფან მალერიუსი, ლატვიის ვიძემის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი აგნესა დავიდსონი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის განყოფილების გენერალური დირექტორი არჩილ ყარაულაშვილი და საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი.

თარიღი: 31/10/2023