სიყვარული ადამიანებს “აიძულებს”, ყველაფერი ლამაზი შექმნან და გარემო მათთვის შთამბეჭდავი გახადონ. ასევეა მაშინაც, როდესაც საქმისადმი სიყვარულთან გვაქვს საქმე. მათ შორის, ხელოვანი ადამიანები, რომლებიც თვითნასწავლები არიან, სწორედაც რომ განწყობით ქმნიან თვალისმომჭრელ ნამუშევრებს.
მერიემ ჩოლაკი ნამუშევრებს პოლიმერული თიხისგან ქმნის. ამ მხრივ, ის მოყვარული ხელოვანია. დეტალები მან ინტერნეტის საშუალებით შეისწავლა და, შეიძლება ითქვას, იქცა პროფესიონალად, რომლის ნივთებიც აუცილებლად იქცევს ყურადღებას. დეტალებზე ის “თბილისი თაიმსს” ესაუბრა.
“თავიდან მეგობარმა ამიხსნა, დანარჩენი კი ინტერნეტის საშუალებით შევისწავლე. ვუყურებდი ვიდეოგაკვეთილებს, სადაც დეტალურად ხსნიდნენ ყველაფერს.
ვუყურებდი და ვსწავლობდი. შემდეგ ვაკეთებდი ჩემი ინტერპრეტაციით”, – ამბობს მერიემი.
ხელოვანი პროცესთან დაკავშირებულ სირთულეებს უსვამს ხაზს და განმარტავს, რომ ამ დროს სირთულე მხოლოდ დროა, რადგან ნამუშევრის მზადება ხანგრძლივი მოვლენაა.
“სირთულე მხოლოდ დროა, ძალიან დიდ დროს და შრომას მოითხოვს. თუმცა, იმდენად საინტერესო პროცესია და შემდეგ შედეგიც ისეთია, რომ ნამდვილად ღირს ის დრო და ძალისხმევა, რაც იდება.
ძალიან შემიყვარდა ეს პროცესი და პერიოდულად სხვადასხვა ყვავილს, მცენარეებს ან ხილს ვძერწავ.
თავისუფალ დროს ვქარგავ საბავშვო საბნებს, კედელზე ჩამოსაკიდ პეიზაჟებს ან ყვავილებს. ზოგი ნაქარგი ლენტით მაქვს შესრულებული”, – ამბობს მერიემ ჩოლაკი.