სულ ცოტა დრო რჩება, სანამ ჯადოსნური ახალი წელი დადგება. ფერადი, საოცარი და ზღაპრული, წინასაახალწლო დღეები უკვე ათვლილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები საკუთარ სადღესასწაული განწყობაზე ზრუნავენ. როგორც წესი, ამ ყველაფრისთვის ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი საცხოვრებელი გარემო ლამაზად და გამორჩეულად მოვრთოთ.
ერთერთი გამორჩეული დეტალი, რაც საახალწლო, მყუდრო გარემოსთან არის დაკავშირებული, არის ბუხარი. 27 წლის ქრისტინა მავროპულო სწორედაც რომ ხელნაკეთი ბუხრების არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. მისი ნამუშევრები, უბრალოდ, ჯადოსნურია. იმის შესახებ, თუ როგორ გაუჩნდა მას იდეა, რომ აღნიშნული დეკორაცია დაემზადებინა, ქრისტინა „თბილისი თაიმსს“ ესაუბრა.
„ბოლო რამდენიმე წელია, ყოველთვის ვცდილობ, რაღაც სიახლე შევიტანო ჩემს საქმიანობაში. სულ ვცდილობდი, შემექმნა საკუთარი ხელით. აქამდე დაკავებული ვიყავი საბავშვო თმის აქსესუარებისა და სადღესასწაულო სამოსის დამზადებით. 2018 წლის ერთ ჩვეულებრივ საღამოს (ახალი წლის დღეები ახლობდებოდა) ოჯახთან საუბრისას გამოვთქვი აზრი, რომ მინდოდა რაღაც ახლის შექმნა, რაც უკავშირდებოდა ახალ წელს – ის უნდა ყოფილიყო ლამაზიც, მოთხოვნადიც და, რასაკვირველია , ხალხისთვის ხელმისაწვდომი.
გადავხედე ბაზარს, თუ რას სთავაზობდნენ მეწარმეები, რადგან მე მათგან განსხვავებულის შექმნა მქონდა იდეაში. ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია, არავის არ ჰქონდა იმ პერიოდში შემოთავაზებული დეკორატიული ბუხარი, რაც, ალბათ დამეთანხმებით, ახალი წლის ერთ-ერთი ხიბლია, ყველას სახლში. ჩემი ჩანაფიქრი გავანდე ჩემს მეუღლეს, რომელმაც ძალიან მოიწონა იდეა“.
ქრისტინა იმის შესახებაც გვესაუბრა, თუ რა მასალისგან ამზადებს ბუხრებს.
„ბევრი ვიფიქრეთ მასალებზე, რით უფრო უმჯობესი იყო დამზადება. საბოლოოდ, დავამზადეთ ერთი ბუხარი და დავდეთ ერთ-ერთ ჯგუფში გამოკითხვისთვის, თუ რამდენად მოსწონდათ და რამდენად ჰქონდათ შეძენის სურვილი.
რამდენიმე წუთში იმხელა გამოხმაურება მოყვა ჩვენს განცახადებს, რომ მზად ვიყავით, უფრო და უფრო მეტი დაგვემზადებინა. იმ წელს, ზუსტად მახსოვს, 55 შეკვეთა დავამზადეთ. ეს იყო სასწაული შეგრძნენა, როცა შენს იდეას ასე ზუსტად ახორციელებ და ამდენი ხალხი იწონებს მას. ამ ყველაფერს კი უფრო შესანიშნავს ის ხდის, რომ ერთად ვამზადებთ მე და ჩემი მეუღლე, დიდი სიყვარულით. რაც კიდევ უფრო სასიამოვნო პროცესია. უკვე 5 წელია, ვახარებთ ჩვენს მომხმარებლებს. ბუხრის კარკასს ვამზადებთ პენოპლასტისგან, ხოლო მოპირკეთება დეკორატიული თაბაშირის ფილებით მიმდინარეობს. საბოლოოდ, იღებება და მზად არის ახალ ოჯახში გასამგზავრებლად“.
როგორც ქრისტინა ამბობს, მის ნამუშევრებს რეალური აგურებისგან აშენებული ბუხრის იმიტაცია აქვს, რაც მათ გამოარჩევს. ასევე, ისინი ძალიან თეთრია, რაც კიდევ უფრო მეტად ქმნის სადღესასწაულო განწყობას.
„ალბათ, იმით გამოირჩევა ჩემი ნამუშევრები, რომ აქვს იმიტაცია რეალური აგურებისგან აშენებული ბუხრის. არის ძალიან ქათქათა თეთრი შეფერილობის, რაც ძალიან უხდება ახალი წლის დეკორაციას.
უმეტესად, ჩვენი დამკვეთები, არიან ფოტოსტუდიები, სკოლები, ბაღები და უბრალოდ ისინი, ვისაც სურთ, აიმაღლონ საახალწლო განწყობა ჩვენი დეკორაციით. ამ ეტაპზე, ახალი იდეები მაქვს, რომელსაც სამომავლოდ აუცილებლად გაგიზიარებთ. აქვე ვიტყვი, რომ ბევრად მეტი შეუძლიათ მათ, ვინც იმედს საკუთარ თავზე ამყარებს. ყოველთვის ეცადეთ, თქვენი ჩანაფიქრი ბოლომდე განახორციელოთ“.