ბავშვზე სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლოატაციის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელება

სპეციალური ანგარიში

Child abuse report
UNICEF/GEO-2019/Khetaguri

შესახებ

წინამდებარე დოკუმენტი არის სპეციალური ანგარიში, რომელიც 2020 წლის ივლისიდან 2021 წლის მარტის ჩათვლით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის, „სახალხო დამცველის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვზე სექსუალური ძალადობის საქმეების მონიტორინგის მიზნით“, ფარგლებში, არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლოატაციის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელების კვლევისა და მონიტორინგის შედეგებს ასახავს.

სახალხო დამცველის აპარატი, წლებია, მიუთითებს, რომ ბავშვზე სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლოატაციის დანაშაულებზე სახელმწიფო უწყებების მხრიდან დროული, ეფექტიანი და კოორდინირებული რეაგირება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში შესაბამისი გადამზადების მქონე, ყველა საჭირო კადრის ჩართულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბავშვის მეორეული ვიქტიმიზაციისგან დასადაცვად და დადებითად აისახება მართლმსაჯულების განხორციელების ეფექტიანობაზე. თუმცა, ქვეყანაში ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მომუშავე კადრების რაოდენობა მკვეთრად ჩამოუვარდება ამ მხრივ არსებულ საჭიროებას. მაგალითად, 2014-2020 წლებში სულ 1,092 არასრულწლოვანი ცნეს დაზარალებულად სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლოატაციების დანაშაულებზე, აქედან 2018-2019 წლებში – 317 არასრულწლოვანი, თუმცა სახელმწიფო ზრუნვის ბაზაზე, ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ 13 ფსიქოლოგის კადრი არსებობს.1 პრობლემურია ასევე, შესაბამისი სპეციალისტების უშუალოდ ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულების სპეციფიკაზე კვალიფიკაციის ამაღლების საკითხი. კიდევ უფრო მწვავედ დგას სახელმწიფოში უშუალოდ სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლოატაციის დანაშაულების მსხვერპლ ბავშვებზე ორიენტირებული სარეაბილიტაციო სერვისების არარსებობა, ხოლო არსებული მწირი რესურსი ვერ უზრუნველყოფს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვისა და მისი ოჯახის რეაბილიტაციას და ვერ ქმნის მათ ეფექტიან მხარდაჭერაზე ორიენტირებულ გარემოს.