ექსკლუზივი: ქურდული სამყარო „საუკუნის სხადნიაკისთვის“ ემზადება

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რომელმა „კანონიერმა ქურდმა“ დაარტყა ტარიელ ონიანს და რას ედავებიან ლავას ოღლის 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა კრიმინალური ამბები თითქოს დაჩრდილა. არადა, იმავე უკრაინაში, კრიმინალური სამყარო თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში და ბიზნესმენების ტერორიც მთელი ძალით მიმდინარეობს. ბიზნესმენებს მარტივად უხსნიან, რომ ფულის გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში, უბრალოდ, მოკლავენ და ეს, როგორც სტატისტიკა, ისე გატარდება. უკრაინა არაერთმა ცნობილმა ბიზნესმენმა დატოვა (მაგალითად, ძმებმა გრიგორი და იგორ სურკისებმა, რომლებმაც თან 16 მილიონი დოლარი ქეშად წაიღეს), მაგრამ კრიმინალები მათ საზღვარგარეთაც პოულობენ და უკრაინაში არსებული ქონების განადგურებით ემუქრებიან. არანაკლებ საინტერესო სიტუაციაა რუსეთშიც. რუს სამართალდამცავებს ყველაზე ნაკლებად, ახლა, სწორედ „კანონიერი ქურდების“ სადევნად სცალიათ. ჰოდა, ქვეყანაში არსებული კანონის მიუხედავად, რუსეთის ტერიტორიაზე კრიმინალური სამყაროს „მამები“ კვლავ გამოჩდნენ და სამართალდამცავები მათ არ დევნიან.

 

ასეთი სიტუაცია მხოლოდ ამ ორ ქვეყანაში არ არის. ფაქტია: უკრაინა-რუსეთის ომმა პანდემიაც კი დაჩრდილა და იმის მიუხედავად, რომ ყოველდღიურად, ადამიანები კვლავ ავადდებიან კოვიდით და კვდებიან კიდეც, მსოფლიო მხოლოდ ომზე საუბრობს. ყველა ქვეყანა და, მათ შორის, საქართველოც, სწორედ ამ ომით ცხოვრობს და მთავარი საინფორმაციო გამოშვებები ომზე საუბრითა და იქ არსებული სიტუაციით იწყება. სამაგიეროდ, კრიმინალებს სცალიათ საკუთარი საქმეების მოსაგვარებლად და „კანონიერი ქურდები“ ცდილობენ, არა მარტო ძველი გავლენები დაიბრუნონ, არამედ, ახალი გავლენის სფეროებიც შეიძინონ. რაც მთავარია, ისინი ერთმანეთს კვლავ დაერივნენ, ახალი თაობა ძველების ჩანაცვლებასა და გაჩოჩებას ცდილობს. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი გასულ კვირას იყო, როცა... ტარიელ ონიანზე გაიწიეს.

როგორც გვიყვებიან, ესპანეთიდან დუბაიში წასვლისა და იქ ცხოვრების შემდეგ, ონიანი ევროპაში დაბრუნდა და ჩერნოგორიაში დასახლდა. რაღა თქმა უნდა, თავისუფლებაზე მყოფმა, 63 წლის ყველაზე გავლენიანმა „კანონიერმა ქურდმა“ საკუთარი გავლენის სფეროების გამაგრება-გაფართოება მოისურვა და მაშინვე ახალი თაობის ქურდების მხრიდან უდიდეს წინააღმდეგობას წააწყდა. მეტიც, როგორც გვიყვებიან, მას ხელჩართული ჩხუბიც კი გაუმართეს ანუ ონიანს გაუბედეს ის, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა. ყველაფერი კი ასე დაიწყო:

ტარიელს ვარლამ კუხიანიძე (მეტსახელად, „ვატია“) და მინდია გორაძე, იგივე ლავას ოღლი შეხვდნენ და „ვატიამ“ ონიანს პრეტენზიები წაუყენა, შემდეგ კი უთხრა, რომ მას ქურდად არ თვლიდა. გაბრაზებულმა ონიანმა კუხიანიძეს ისეთი დაარტყა, რომ თვითმხილველთა ნაწილი ამბობდა, რამდენიმე კბილი დააგდებინაო, ნაწილი კი ამტკიცებდა, ყბა მოსტეხაო. ასევე, ყვებიან, რომ ონიანზე ვატიამაც გაიწია და ხელის დარტყმა მოასწრო (სხვა ვერსიით, ვერ მოასწრო) და მოჩხუბრები გორაძემ გააშველა. გაშველების შემდეგ, გორაძემ ონიანს მიმართა და უთხრა, „კანონიერ ქურდს“, ასევე „კანონიერმა ქურდმა“ არაქურდი გიწოდა, ამიტომ ვალდებული ხარ, „სხადნიაკი“ შეკრიბო და იქ გაირკვეს მტყუან-მართალიო, რაზეც ონიანს უბრალოდ თავი დაუქნევია და წასულა. როგორც ევროპაში მყოფები ამბობენ, ტარიელი ისეა გაბრაზებული, რომ ცოფებს ყრის და ამბობს, ვატიას ჯოჯოხეთს მოვუწყობო.

ბოლო წლების ერთ-ერთი უდიდესი „სხოდკის“ დაანონსებას ყველა მალე მოელის და შედეგი ყველამ იცის - ამ „სხოდკაზე“, ტიტულის გარეშე ან ონიანი დარჩება, ან - კუხიანიძე.

საქმე იმდენად სერიოზულადაა, რომ მასში ყველა ცნობილი თუ უცნობი ქურდია ჩარეული, კონტაქტზე არიან ციხეში მყოფი შაქრო კალაშოვი და ლაშა შუშანაშვილი. როგორც გვიყვებიან, კალაშოვი და შუშანაშვილი ონიანის მხარეს არ დაიჭერენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტარიელი უმცირესობაში იქნება. მის გვერდით არის მერაბ ჯანგველაძე და ამ ინციდენტის შემდეგ, ონიანის მხარეს დადგა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი „მზარეულა“ - ქარდავას კლანი.

იმასაც გვიყვებიან, რომ ონიანი არა მარტო კუხიანიძის, არამედ ლავას ოღლის ტიტულსაც ეჭვქვეშ დააყენებს და მარტივადაც დაასაბუთებს. გორაძეს უკვე გაუხსენეს, რომ „კანონიერი ქურდის“ სტატუსის მიღებამდე, მოჭიდავე იყო, საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობდა, ჯილდოებს ჰიმნის ფონზე იკიდებდა გულზე და მსაჯის სასტვენზე ჩერდებოდა, რაც „ქურდული კარაბადინით“, აკრძალულია.

ვიღაცამ შეიძლება იკითხოს, აქამდე რატომ არ გაუხსენეს გორაძეს ეს ამბებიო და პასუხი მარტივია - არ სჭირდებოდათ და იმიტომ.

ამას გარდა, ყვებიან, ონიანს აქვს უტყუარი მტკიცებულება, რომ ლავას ოღლი პირადად რეკავდა უკრაინის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და პატიმრების ნაწილს ომში წასვლისკენ მოუწოდებდა, რაც პირდაპირ ნიშნავს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევას და რაც მთავარია, ომში წასვლა ფორმის ჩაცმას ნიშნავს, რაც „ქურდული კანონებით“, ასევე, სასტიკად აკრძალულია.

შედარებისთვის: როცა მეორე მსოფლიო ომის დროს, პატიმრებს ომში წასვლის სანაცვლოდ თავისუფლებას შეპირდნენ, იქიდან დაბრუნებულები კრიმინალურმა სამყარომ აღარ მიიღო, აქაოდა, ფორმა გეცვათ და მხარზე სამხრეები გეკეთათო.

სხვათა შორის, თუ დააკვირდებით, უკრაინა-რუსეთს შორის მიმდინარე ომმა გავლენა საქართველოზეც იქონია. უფრო ზუსტად კი, ქართულ კრიმინალზე. ბოლო დროს, გახშირდა „შავი სამყაროს“ წევრობისთვის ახალგაზრდების დაპატიმრებები და ასევე, საგრძნობლად მოიმატა ნარკოდანაშაულზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხილებამ.

საზღვრებს გარეთ, „კანონიერი ქურდების“ გალაღებამ საქართველოშიც გამოიწვია ამ „ინსტიტუტისადმი“ კეთილგანწყობილი პირების აღტყინება და ისინი ასპარეზზე თამამად გამოვიდნენ, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეები, სწორედ უკრაინასა და რუსეთს იყენებენ ნარკოტიკების მოსაპოვებლად და შემდეგ მათ შემოტანას საქართველოში ცდილობენ.

ასეა თუ ისე, უახლოეს კვირეებსა თუ თვეებში, გადანაწილება არა მარტო მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე მოხდება, არამედ, კრიმინალურ სამყაროშიც. რუბიკონი უკვე გადალახულია და ამ მხრივ, დათმობას არცერთი მხარე აპირებს.

ჰო, არც იმას გამორიცხავენ, რომ „სხადნიაკის“ მოწვევამდე და შეკრებამდე, რომელიმე გავლენიან კრიმინალზე თავდასხმა მოხდეს და მის მოკვლას შეეცადონ. ამიტომ, მომავალი „სხადნიაკის“ მთავარი მოქმედი პირები თავს განსაკუთრებულად უფრთხილდებიან.

ბათო ჯაფარიძე