ჯესიკა ბილი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯესიკა კლერ ბილი (ინგლ. Jessica Biel; დ. 3 მარტი, 1982) — ამერიკელი მსახიობი, მოდელი და მომღერალი. ცნობილი გახდა ტელესერიალ „მეშვიდე ცა“-ში შესრულებული როლის შემდეგ. არაერთ ცნობილ ფილმში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან აღსანიშნავია: „ტეხასური ხოცვა ბენზოხერხით“ (2003), „ბლეიდი 3“ (2004), „ჩაკი და ლარი: სახანძრო ქორწილი“ (2007), „გუნდი „ა“ (2010), „ახალი წლის წინა დღე“ (2011), „ყველაფრის გახსენება“ (2012).
ჯესიკა ბილი | |
---|---|
ჯესიკა ბილი 2013 წელს | |
დაბადების სახელი | ჯესიკა კლერ ბილი |
დაბადების თარიღი |
3 მარტი, 1982 ილი, მინესოტა, აშშ |
საქმიანობა |
მსახიობი მოდელი მომღერალი |
აქტიური | 1996–დღემდე |
მეუღლე(ები) | ჯასტინ ტიმბერლეიკი |
ჯესიკა ბილი დაიბადა აშშ-ის მინესოტის შტატის ქალაქ ილში, დედამისის — დიასახლისისა და სულიერი მკურნალის კიმბერლის და მამამისის — „General Electric“-ის მუშაკის, მეწარმისა და ბიზნეს-კონსულტანტის ჯონათან ბილის ოჯახში.[1][2] ჯესიკა ბილი გერმანული, ფრანგული, ინგლისური, ირლანდიური და ჩოქტო წარმოშობისაა.[3][4] ჰყავს უმცროსი ძმა ჯასტინი (დ. 1985).[5] ბილის ოჯახი საცხოვრებელ ადგილს ხშირად იცვლიდა; ცხოვრობდნენ ტეხასში, კონექტიკუტში, ილინოისში. საბოლოოდ დასახლდნენ კოლორადოს შტატის ქალაქ ბოულდერში. ბილი მოზარდის ასაკში ფეხბურთს თამაშობდა,[6] აგრეთვე ემზადებოდა ტანმოვარჯიშეზე.[2]
თავდაპირველად ბილი ვოკალზე სწავლობდა. 9 წლის ასაკში გამოჩნდა რამდენიმე მუსიკალურ დადგმაში, სადაც სპექტაკლში მთავარ როლებს ასრულებდა. მოგვიანებით სამოდელო საქმით დაკავდა, იღებდნენ სარეკლამო რგოლებში. 14 წლის ასაკში მიიღო მერი კედმენის როლი სატელევიზიო სერიალში „მეშვიდე ცა“, რომელსაც მრავალი წელი უჩვენებდნენ WB სატელევიზიო არხზე. კინოში პირველი როლი მიიღო 1997 წელს ფილმში „ულის ოქრო“, სადაც თამაში მოუწია პიტერ ფონდასთან. მას შემდეგ რეგულარულად იღებს როლებს ჰოლივუდის ფილმებში.
2007 წლის იანვრიდან ურთიერთობაში იმყოფება ცნობილ ამერიკელ მომღერალთან და მსახიობთან — ჯასტინ ტიმბერლეიკთან, თუმცა 2011 წლის მარტში ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. იმავე წლის შემოდგომაზე შერიგდნენ, ხოლო დეკემბრის ბოლოს ტიმბერლეიკმა ჯესიკას ხელი სთხოვა. 2012 წლის 19 ოქტომბერს წყვილი დაქორწინდა.[7]